ერთხანს ეჭირა ასე მუჭში მაგრად მოქცეული ტელეფონი და ელოდა, როდის დაშოშმინდებოდა, რომ შემდგომ, უფრო მშვიდი ხმით ესაუბრა მერაბთან. მერე კი თანდათან, ის სიფიცხეც გაუქრა და უდარდელი სახით, უკავე ჩანთაში ჩაუძახა ტელეფონს. მაკამ ერთი ღრმად ამოისუნთქა და მშობიარობის მისაღებად,ზედა სართულზე ავიდა.
ჯანდაბამდე გზა ჰქონიაო მერაბს, ფიქრობდა მაკა და ახლა სასწრაფოდ, თეთრი ფუმფულა გოგონას მსურველი უნდა მოეძებნა, რომ დროულად გაეშვილებინა, სანამ მართლა არ წამოიზრდებოდა.
- აბა, რა ხდება ახალი და კარგი? - მაკამ სამშობიარო ბლოკს თვალი მოავლო.
- სიხარული და სიყცარული! - ყველას მაგივრად მიახალა ელზამ.
- ვის ველოდებით? - მაკამ თავის პაციენტს თბილად მიმართა.
- არ ვიცი, მაკა ექიმო. - ამოიკვნესა მშობიარე ქალმა.
- ექოსკოპიაზე საერთოდ არ ყოფილხარ? - ინტერესით ჩააკვირდა მაკა და გულში სიხარულმაც გაჰკრა.
- სად მეცალა, აბა. - ქალმა ღრმად ამოისუნთქა.
- პირველი მშობიარობაა? - იკითხა მაკამ.
- არა, რა პირველი. - ბედნიერი ხმით გაეცინა ქალს, მაგრამ კვლავ მოვლენილმა ტკივილმა, ისევ დაუმანჭა სახე.
- სახლშიც კიდევ გყავს? - ღიმილით ჩაეკითხა მაკა და ელზას ჩუმად გახედა.
ელზამაც დასტურის ნიშნად თავი ოდნავ დაუქნია.
- მაგათ შემოვევლე, მაგათი გულისთვის ვსუნთქავ. - მიუგო ქალმა.
- უნდა ისუნთქო კიდევაც და ბედნიერადაც უნდა იცხოვრო! - ჩაურთო ელზამ.
- და ახლა ვინ გვინდა რომ მოევლინოს დედის გასახარად? - კვლავ გაბადრული სახით მიმართა მაკამ. თუმცა ახლა ბავშვის სქესი, სულაც არ აინტერესებდა, მაგრამ რაც შეიძლებოდა მეტ სითბოსა და სიყვარულს ღვრიდა მშობიარე ქალის მიმართ, რომელიც უკვე პოტენციურად, ჯიბესაც უვსებდა.
„შვილებიო, რომ ახსენებს, მინიმუმ ორი მაინც ხომ ეყოლება.“
ფიქრობდა მაკა. ელზასგან კი მხოლოდ ის იცოდა, როცა მსუბუქად მიანიშნა, შესაძლო ვარიანტი გვესახებაო.
„ესე იგი, მესამეს აჩენს, ძალიან კარგი.“
- სახლში ბიჭები გყავს თუ გოგონები? - შეეკითხა გვერდითა საწოლიდან მეორე მშობიარე და მაკამაც ყურები ცქვიტა.
- სამი ბიჭი და ოთხი გოგო. - მიუგო მრავალშვილიანმა.
- ოჰო! - გაიბადრა მაკა. - ყოჩაღ შენ!
- ვაიმე, უკვე შვიდჯერ იმშობიარე? - გაოცებული სახით წამოსწია თავი, მეორე მშობიარემ. - მე ძლივს ვაჩენ ამ ერთს და მეტზე აღარც ვიფიქრებ.
- შვიდჯერ არა, მაგრამ აი ხუთჯერ კი. - ღიმილით მიუგო მრავალშვილიანმა.
- ხუთჯერ? ეს როგორ? - გაკვირვებით იკითხა მეორე მშობიარემ.
- ორჯერ გააჩინა ტყუპები. - აუხსნა ელზამ.
- ორჯერ შერეული ტყუპები მეყოლა ზედიზედ და მანამდე კი, ორი გოგო მყავდა და მერე კიდევ ნაბოლარა ბიჭი. - ქალმა მძიმედ ამოისუნთქა. - ახლა ვის ვაჩენ, არც კი ვიცი.
- ვინც გააკეთეთ შენ და შენმა ქმარმა, ის გაჩნდება! - სიცილით დაურთო ელზამ და სხვებსაც გაეცინა.
- სულ ერთია. - ამოიკვნესა მრავალშვილიანმა. - შვილი, მაინც შვილია.
- აბა რაა, ჩემო კარგებო, აბა რაა! - მიესიყვარულე მომლოგინე ქალებს მაკა.
- კიდევ ტყუპებს ხომ არ ვაჩენ, ნეტა? - მდარედ გაეღიმა მრავალშვილიანს.
- ასე ერთი შეხედვით, ნამდვილად არ გემჩნევა. - მიუგო მაკამ. - თუ ტყუპებია, მაშინ სავარაუდოდ, მცირე წონის უნდა იყვნენ, თუმცა ვინ იცის?
- ჰო, რა ვიცი... - ამოიკვნესა ქალმა. - ნაბოლარა ბიჭზე იმხელა მუცელი მქონდა, ყველას ტყუპები ეგონა.
- მერე ექოსკოპია? - ჩაეკითხა მეორე მშობიარე.
- თავიდან კი ვიყავი ექოზე, მაშინ არც კი ჩანდა, მერე აღარც ვყოფილვარ, სად მეცალა ამდენი. - მიუგო მრავალშვილიანმა. - ისე, ჯიში კი გვაქვს ტყუპების მეც და ჩემს ქმარსაც. - ქალი წამით შეყოვნდა. - აკი, ორჯერ გავაჩინე კიდევაც!
- ჰოდა, ვნახოთ აბა, დღეს რა სიურპრიზი იქნება. - ჩაურთო ელზამ და კმაყოფილი ღიმილით შეავლო თვალი მაკას.
მაკა კი, ვითომ ვერც ხვდებოდა ელზას არაერთ მინიშნებას, ისე ცვლიდა საუბარს, თავის სასარგებლოდ. ელზა კი, პირიქით, ცდილობდა უფრო მეტად ენიშნებინა მაკასთვის, რომ საკმაოდ სარფიანი საქმე იქნებოდა ტყუპების აწაპვნა, მაგრამ რატომღაც მაკა ვერც ერთხელ „ვერ მიუხვდა“ ამდენ მინიშნებას და ელზა, კი ჯიუტად არ იხევდა უკან.
„რაც უფრო დრო გადის, მით უფრო გაურბის ჭკუა ამ ქენქერა ელზას.“
ფიქრობდა მაკა.
„წამდაუწუმ, რას მიპაჭუნებს ამ თვალებს, სანამ მართლა ვიღაც არ შეამჩნევს, მანამდე არ გაჩერდება, ნეტა?“
ბრაზდებოდა მაკა, მაგრამ კვლავ არაფერს იმჩნევდა.
- ისიც კი არ ვიცი, ზუსტად რამდენის ვარ, მაგრამ წყლების დაღვრა უკვე რომ დამეწყო, მაშინვე აქ გამომაქანეს. - წაიკრუსუნა მრავალშვილიანმა.
- შეიძლება, დღენაკლულიც იყოს, მაგრამ ეგ არაფერი! - შეაგულიანა მაკამ თან გულში გაივლო, ჩემთვის უფრო უკეთესიო.
- ჰოდა, ახლა საიმედო ხელში ხარ და აბა, შენ იცი! - ახლა ელზამ შეაგულიანა და მაკას ნიშნის მოგებით გადახედა.
მრავალშვილიანმა ტყუპები გააჩინა, მაგრამ ისე ოსტატურად დაუმალეს მეორე ტყუპის ცალის არსებობა, რომ გვერდით მშობიარემაც კი ვერაფერი შენიშნა, ანდა მას, რა უნდა გაეგო, როცა თავადაც სწორედ იმ პერიოდში აჩენდა ბავშვს.
ერთი ტყუპისცალი, რომელიც გამოუჩინეს, უდღეური და ძალიან სუსტი დაიბადა. სულს ძლივს ღაფავდა და ყოველ წუთს იყო მოსალოდნელი მისი გარდაცვალება.
სინამდვილეში კი ახალშობილი ჩვილი, ისევე როგორც მისი გადამალული ტყუპისცალი, თავს მშვენივრად გრძნობდა და არც დღენაკლული იყო და არც მეტისმეტად სუსტი.
დღის ბოლოს, უკვე რამდენიმე მშობიარობის მიღების შემდეგ, გადაღლილმა მაკამ ყავა მოითხოვა და მის მოლოდინში სავარძელში ჩაესვენა.
- ვაიმე, მაკა ექიმო! - გაბადრული სახით შემოაცუნცულა ელზამ ყავა. - რა ბავშვებია! ანგელოზებივით ბავშვებია!
რაოდენობას ხაზი გაუსვა ელზამ. მაკამ არაფერი შეიმჩნია.
- ორივე ერთმანეთზე უკეთესი! - განაგრძო ელზამ.
მაკამ არაფერი უპასუხა. სიგარეტი ღრმად მოქაჩა და თამბაქოს ამონაბოლქვს, ყავაც
მიაყოლა. მშვენივრად ხვდებოდა ელზას რაზეც ეწვოდა გული. დარწმუნებული იყო, ელზა იმაზე
დარდობდა, რომ თამაშგარე არ დავრჩეო, რადგან მაკას მისთვის ჯერ არაფერი დაუვალებია.
ერთი ტყუპისცალი უკვე ჩანთაში ჩამალული გაიყვანეს სამშობიაროდან, ახლა მეორეს ჯერ იყო
და ელზა კვლავ „უსაქმოდ“ რჩებოდა. მგონი ამ ტყუპებიდან არაფერი შემხვდებაო ფიქრობდა
გულში ელზა და მაქსიმალურად ცდილობდა საქმეში თავისი ჩართულობა კარგად გამოეჩინა.
- ახლობლები აქ არიან? - მოულოდნელად ჰკითხა მაკამ და ელზაც მორჩა ქაქანს. - იმ ქალის ქმარი, წელში წყდება. - დაბალი ხმით დაიწყო ელზამ. - აბა ამდენ შვილებს, რჩენა ხომ უნდა? ისედაც დიდად არ ულხინთ. ცალკე დედამთილიც ჯავრობს, დაიტანჯა ჩემი შვილი ამდენი შრომითა და ჯაფითო, მის ცოლს კი რა ენაღვლება, ყრის და ყრის გოჭებივით ამ ბავშვებსო.
- ესე იგი, დიდად არ აღელვებთ არა, ჩვილის მდგომარეობა? - ჩაფიქრებული ხმით ჩაურთო მაკამ.
- როგორც ჩანს, არც იმდენად, თუმცა...
- რა თუმცა? - ჩაეკითხა მაკა.
- დედამთილს და მულს უნდა თქვენი ნახვა, პირადად.
- მერე? - თვალები აენთო მაკას. - ამოიყვანე, რაღას უცდი? ლამისაა დაღამდა და სახლში მშიერი ბავშვი მიცდის.
- ვაიმე კუსუ, რა სიცოცხლე ბიჭია. - დაიმანჭა ელზა.
- ჰოდა, მიდი აბა და დროზე დატრიალდი! - შეუძახა მაკამ. - შენ რომ იცი, ისე!
ელზა გაბადრული სახით გავარდა, ახლა უკვე ნამდვილად დარწმუნდა, რომ მაკა ბონუსის გარეშე არ დატოვებდა, მაგრამ იმ ერთ ბავშვზე და მეორეზეც ნეტა, თუ შემხვდებაო, ახლა ამაზე დარდობდა.
ელზას გასვლიდან რამდენიმე წუთიც კი არ იყო გასული და მაკა ექიმი, საშინლად დამწუხრებული სახით უხსნიდა ჩვილების ახლობლებს, თუ როგორ ძლიერ შესტკიოდა გული, როცა ასეთ უმწეო პატარას შეჰყურებდა და თანაც, ვერც ვერაფერს შველოდა. დარწმუნებული იყო, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ჩვილის პატრონებიც, მაკას მსგავსად, ასევე ძლიერ შეწუხდებოდნენ ბავშვის ასეთი უმძიმესი მდგომარეობის შესახებ, მაგრამ მისდა გასაკვირად, სრულიად პირიქით მოხდა.
- ღმერთის ბოძებულია და ღმერთმავე წაიყვანოს! - მოულოდნელად დაახეთქა დედამთილმა, მაგრამ მაშინვე მოლბა და უფრო სევდიანი ხმით განაგრძო. - აბა, განგებას ვინ გადაუდგება წინ... ეჰ...
მაკამაც სევდიანად ამოიხვნეშა.
- და რამდენი ხანი დარჩა საცოდავს? - ასევე სევდიანად იკითხა მულმა.
- ასე ზუსტად ვერავინ იტყვის. - მიუგო მაკამ. - ისიც კი სათუო, მკურნალობა რამდენად გაამართლებს.
- ესე იგი, შეიძლება მკურნალობამ უშველოს? - ისეთი მოწკურული თვალებით ჩაეკითხა მული, რომ თვის გაქნილ მაკასთვისაც კი გაუგებარი გახდა, სწყინდა თუ უხაროდა ჩვილის ასეთი მდგომარეობა.
- ამ წუთას ხომ გითხარით, რომ ან უშველის და ან არა და თუ გადარჩა, შემდგომ მაინც სირთულეებთან გექნებათ საქმე, რადგან ბავშვი საკმაოდ დიდი დეფექტით დაიბადა და სავარაუდოდ, სიცოცხლის ბოლომდე მკურნალი ექიმის ყურადღების ქვეშ უნდა იყოს.
- ღმერთო ჩემო! - ამოიგმინა დედამთილმა.
- ახლა ასე, ჩემს დიაგნოზსაც ნუ დაეყრდნობით. - მიმართა მაკამ. - ჯერ ვაცალოთ, იქნებ, მართლა გადარჩეს და მერე შეიძლება უცხოეთშიც გადაწყვიტოთ მისი მკურნალობა.
- რას ამბობთ?! რა უცხოეთი?! - შეიცხადა დედამთილმა. - ისედაც ამდენი ბავშვებია სარჩენი და ჩვენ აბა, სადღა გვაქვს ახლა, კიდევ ახალი და თანაც, ასეთი ავადმყოფი ბავშვის მკურნალობის ფული!
- ნუ, თქვენი საქმისა, თქვენ იცით. - მოწყენილად მიუგო მაკამ. გულში კი ჩაეღიმა, მშვენივრად იცოდა მათი ეკონომიური მდგომარება და უცხოეთში მკურნალობაც სპეციალურად უხსნა.
- ამ უცხოეთში მკურნალობას, ჯერ ერთი, ფინანსურად ვერც გავწვდებით. - დაიწყო მულმა. - და თუ მაინც მოხერხდა, სავარაუდოდ დედა ხომ უნდა გაჰყვეს და აქ ამდენი ბავშვების მოვლა, აბა ვის შეუძლია?
- ჩვენ ყველანი, დილიდან საღამომდე ვმუშაობთ, რომ ბავშვები ელემენტარულად მაინც გამოვკვებოთ. - ჩაურთო დედამთილმა.
- მერე, რამდენიმე რამე ჭირდებათ. - შეშველა მული.
- ჩემი რძალი, ახლა დეკრეტულ შვებულებაშია. - განაგრძო დედამთილმა. - თორემ მასაც ისეთი სამსახური აქვს, მთელი დღე გასულია და მაინც თავი ძლივს გაგვაქვს და ახლა კიდევ უცხოეთი? საერთოდ გამორიცხულია!
- სახლიც რომ გავყიდოთ... - ჩაერია მული.
- რას ამბობ, შვილო! - შეუტია დედამ ქალიშვილს და მწველი მზერა სტყორცნა.
- მესმის თქვენი. - შეეშველა მაკაც. - დღეს ქუჩაში დარჩენა და თანაც, ამდენი ბავშვებით. - მაკა წამით შეყოვნდა. - მომიტევეთ ამას რომ ვამბობს, მაგრამ ისევ სჯობს ერთი, ჯერ კიდევ უცნობი შვილი, ასე ვთქვათ, შეეწიროს.
დედამთილმა და მულმაც, უხმოდ დაუქნიეს თავები. აშკარად ეთანხმებოდნენ მაკას, მაგრამ თითქოს მართლაც ვითომდა სინდისი ჰქენჯნიდათ და ძალიან წუხდნენ მომაკვდავ ჩვილზე, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ და უარი უნდა ეთქვათ ბავშვზე.
- ასეთ შემთხვევაში, რას გვთავაზობთ? - საქმიანი იერით იკითხა მულმა. - სახლში გავიყვანოთ და იქ დაველოდოთ მის სიკვდილს, ამის შემხედვარე უფროსი ბავშვებიც გადაირევიან და ასეთი ტრავმაც...
- არა, სახლში გაყვანა ჯერ მაინც არ შეიძლება. - მიუგო მაკამ. - მკურნალობაც მისი დაბადებისთანავე დავიწყეთ. თუმცა, როგორც იცით, აქ სამშობიაროა და მხოლოდ პირველადი დახმარება თუ შეიძლება გავუწიოთ. მისი დროულად საავადმყოფოში გადაყვანაც უნდა მოხდეს, რაც შეიძლება მალე.
- და იქ უმკურნალებენ? - იკითხა დედამთილმა.
- მკურნალობით, როგორ არ უმკურნალებენ. - მიუგო მაკამ. - მაგრამ რამდენად გაამართლებს, ამას ჯერ ვერავინ გეტყვით, თუმცა ცდა, მაინც შეიძლება.
- ასე ცდები ჩავუტაროთ, ბავშვიც ტყუილად გავტანჯოთ, თუკი შედეგიც არ გვეცოდინება რა აზრი აქვს? - ამოიხვნეშა დედამთილმა.
- და თან ამხელა ხარჯებიც არის გასაწევი. - უკმაყოფილოდ დაურთო მულმა.
- მესმის თქვენი. - მშვიდად მიუგო მაკამ. - აქაური ხარჯებიც საკმაოდ ბევრი იქნება და უცხოეთშიც ხომ ბევრად უფრო ძვირი, შედარებაც კი არ შეიძლება, თანაც ბავშვს ისეთი პრობლემა აქვს, რომ სავარაუდოდ მთელი ცხოვრება ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული დარჩება.
დედაშვილმა ერთმანეთს რაღაცნაირი მზერა მიაპყრეს, რაც მაკას არ გამოჰპარვია, მაშინვე მიხვდა რომ სწორ გზაზე იდგა. მშვენივრად ჩანდა, ისედაც აღარ უნდოდათ ოჯახში კიდევ ერთი წევრის დამატება და ისიც თუ მართლა მთელი ცხოვრება ხელით სატარებელი და გამუდმებით სამკურნალო გახდებოდა, ამას უკვე ვეღარ შეეგუებოდნენ.
წუთით დუმილიც კი ჩამოვარდა და მერე ისევ მაკამ დაიწყო:
- ხშირად ხდება, რომ ასეთ და მსგავს პრობლემურ ბავშვებზე, საქველმოქმედო ორგანიზაციები ზრუნავენ და რაც უფრო ხელმომჭირნე ოჯახებია, მით უფრო მეტად ეხმარებიან, თუმცა პირველ რიგში მაინც ცდილობენ, რომ მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს გაუწიონ დახმარება, დაუფინანსონ ოპერაციები, მკურნალობის საზღაურიც დაფარონ, ზოგჯერ კი ისე ეჩვევიან ხოლმე ბავშვებს, რომ შვილადაც კი აჰყავთ...
- თუკი გამოჩნდება ვინმე ღვთისნიერი და უპატრონებს ამ ბავშვს! - არ აცალა სიტყვის დამთავრება დედამთილმა, ისეთი ომახიანი ხმით შესძახა და მაკას მზერა ისე გაუსწორა, რომ უკვე გასაგებიც იყო, თუ რასაც გულისხმობდა.
- სპეციალური პროგრამები აქვთ და ეძებენ ასეთ ბავშვებს. - კვლავ ჩააწვეთა მაკამ.
- აიყვანოს, იშვილოს! - ჩაურთო მულმა. - არანაირი პრეტენზია არ გვექნება!
- მხოლოდ... - დედამთილი გაჩუმდა და მაკას თვალი აარიდა. თითქოს, ერიდებოდა კიდევაც სიტყვის გაგრძელება.
- გისმენთ. - თბილად გაუღიმა მაკამ.
- ნუ, ასე ბავშვი მოვიწყვიტოთ და მოვიშოროთ... - დედამთილი კვლავ მწველი მზერით შეჰყურებდა მაკას და ისიც ადვილად მიუხვდა.
ბებია საკუთარი შვილიშვილის მიტოვებაში, აქეთ ითხოვდა გასამრჯელოს.
- თუკი ვინმე იშვილებს და უმკურნალებს, ჩვენ მადლობის მეტი, არაფერი გვეთქმის. - სიტყვის დამთავრება ძლივს მოასწრო მულმა, რომ დედისგან მსუბუქი მუჯლუგუნიც იგრძნო, რაც საკმაოდ გაქნილ და ცბიერ მაკას არ გამოჰპარვია.
გულში ჩაეღიმა მაკა ექიმს, ასეთ ჯანმრთელ ბავშვს, ასე ადვილად მაინც არ დათმობდა და თანაც მისი ტყუპისცალი უკვე გამწესებულიც ჰყავდა, ახლა ამ ჩვილის ჯერი იყო და როგორც ჩანდა, ოჯახში არასასურველი ბავშვის გამოჩენა ნაკლებად უხაროდათ, მხოლოდ დედა ჩანდა ბედნიერი, მაგრამ აშკარა იყო, მის სიტყვას ნაკლები წონა ჰქონდა. ყველაფერს ოჯახში დედამთილი წყვეტდა, რომელსაც აქტიურად უბამდა მული მხარს, სავარაუდოდ ქმარიც მათ ეთანხმებოდა, აბა რას წარმოიდგენდა, რომ საკუთარი დედა და უფროსი ჯერ კიდევ გაუთხოვარი დაიკო, ახალშობილი ჩვილის გაყიდვას ლამობდნენ და თანაც, საკუთარი სისხლისა და ხორცის.
- მოკლედ, რა გადაწყვიტეთ? - მაკამ საკმაოდ სერიოზული ხმით მიმართა, თან საათსაც დახედა. ამით აგრძნობინა, რომ ბევრი დრო სულაც არ ჰქონდა.
ქალებმა ერთმანეთს გადახედეს.
- და თქვენ, რას გვირჩევდით? - დედამთილმა მაკას თვალი გაუსწორა.
მაკამ უხმოდ აიჩეჩა მხრები.
- აი, თქვენი შვილი რომ იყოს?.. - ჩაურთო მულმა.
მაკამ თავი გააქნია, ამოიხვნეშა კიდევაც და მერე დაბალი ხმით დაიწყო:
- მე რომ რამე გირჩიოთ, მერე შეიძლება ისე არ განვითარდეს მოვლენები, როგორც თქვენ გაწყობთ, ან მოგეწონებათ და ამას მოჰყვება ის ამბავი, რომ მაკა ექიმმა გვირჩია ასეო. - მაკა წამით შეყოვნდა. - ასეთი პრობლემური ჩვილის მკურნალობას კი დიდი დროც უნდა, ბევრი ნერვები და საკმაოდ დიდი ფინანსებიც! შეიძლება სახლიც გაყიდოთ, ქუჩაშიც დარჩეთ და ბავშვს მაინც ვერ უშველოთ და მერე მომივარდნენ აქ ბავშვის მშობლები და აი თქვენი რჩევა გავითვალისწინეთო და მოკლედ, მე ვერაფერს ვერ გირჩევთ! მხოლოდ... - მაკა კვლავ წამით შეყოვნდა და დაღლილი თვალები მიანათა დედამთილს. - ამ ბავშვის გადასარჩენად, მხოლოდ რამდენიმე ვარიანტს გთავაზობთ.
- და კიდევ საკითხავია, გადარჩება თუ არა. - მკვახე ხმით ჩაურთო მულმა.
- ეს თავიდანვე გითხარით. - კვერი დაუკრა მაკამ. - და ისიც დავუმატე, რომ თუ გადარჩა, რამდენად ჯანმრთელი ცხოვრებით იცხოვრებს, ესეც სათუოა.
- და ვარიანტები? - იკითხა დედამთილმა.
- არჩევანიც არც იმდენად ბევრი, მაგრამ მაინც თქვენი გადასაწყვეტია. - მიუგო მაკამ. – რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოთ საკმაოდ სერიოზული მკურნალობა და მალევე უცხოეთში მოგიწევთ მისი გაგრძელება. შედეგზე კი ვერაფერს გეტყვით
- და მეორე ვარიანტი? - იკითხა მულმა.
- თუ დატოვებთ, ბავშვი ჩაჯდება მზრუნველობას მოკლებულთა პროგრამაში და ავტომატურად იმ სიაში მოხვდება, რომელსაც სასწრაფოთ საზღვარგარეთ ესაჭიროება მკურნალობა. ამის მერე, მასზე უკვე შესაბამისი ორგანიზაციები იწყებს ზრუნვას, თუმცა რამდენად შედეგიანი იქნება, ამას ახლა ნამდვილად ვერც მე და ვერც ვერავინ გეტყვით! - ჩამოურაკრაკა მაკამ.
- და აბა, შვილად აყვანაო? - კვლავ იკითხა მულმა.
- ეს უკვე წლების მერეა უფრო შესაძლებელი. - მიუგო მაკამ. - ხშირად რომელიმე ექთანი ან ექიმი ისე ეჩვევა ბავშვს, რომ შვილადაც კი აჰყავს, ან ასევე შეიძლება, საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრებიდან გამოჩნდეს ვინმეც.
- ჰო, რა ვიცი... - უკმაყოფილოდ აიჩეჩა მხრები დედამთილმა. - ვიფიქრე ვინმე იშვილებდა და ჩვენც არ გვექნებოდა პრეტენზია.
- არადა, რამდენი უშვილო ოჯახია. - დაუმატა მულმა. - შვილს დანატრებული.
მაკამ უკმაყოფილოდ გააქნია თავი და მშვიდი ხმით მიუგო:
- აბა, ავადმყოფი ბავშვის აყვანა ვის უნდა შევთავაზო? მართლაც რომ შვილს დანატრებულ ოჯახს?
დედამთილმა და მულმა უსიამოვნოდ აიჩეჩეს მხრები.
მაკამ ისევ საათს დახედა. კიდევ ერთხელ აგრძნობინა, რომ ძალიან დაკავებული იყო. ქალები ყოყმანობდნენ, ვერ გადაეწყვიტათ, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. თავიდან მაკასთან, იმ იდეით მოვიდნენ, რომ ჩვილის გაყიდვა უნდოდათ, მაგრამ მერე მაკამ აქეთ ისეთნაირად მოატრიალა საქმე, არათუ გაყიდვა, არამედ პირიქით უხდებოდათ ჩვილის დატოვებაში მადლობების მოხდა. ბოლოს როგორც იქნა, ჩვილის მშობლების ნაცვლად, თავად მოაწერეს ხელი ყველა საბუთს და მაკას იმის პირობაც კი ჩამოართვეს, რომ ვითომ ჩვილი უკვე დაბადებიდან მალევე გარდაიცვალა და მისი დაკრძალვაც, ისევე როგორც ტყუპისცალის, სამშობიარომ ითავა და თანაც, სრულიად უსასყიდლოდ, რადგან მრავალშვილიანი ოჯახიდან იყო. მაკამ ამასაც გაუსვა ხაზი და აქეთ ახდევინა მადლობები.
ყველაფერი მაკას სასარგებლოდ წარიმართა და კიდევ ერთი თვალცრემლიანი ქალი გაუშვა სამშობიაროდან. მისი ტყუპების ბედიც კი მშვენივრად გადაწყვიტა. ჩვილები სულ მალე, სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში გააგრძელებდნენ უდარდელ ცხოვრებას და ალბათ ვერც კი წარმოიდგენდნენ, თუ სადღაც ქვეყნის სულ სხვა კუთხეში, მათი დამწუხრებული მშობლები, მთელი ცხოვრება ცოცხალ შვილებს დაიტირებდნენ.
მაკას კი სულაც არ ადარდებდა ეს. პირიქით, ამაყობდა კიდეც, რომ რამდენი ბავშვი გამოსტაცა სიღარიბეს, რამდენ ბავშვს მოუწყო კარგი მომავალი, უზრუნველი ცხოვრება.
- თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რამხელა სიკეთე გავაკეთეთ ახლა, მაკა ექიმო!
კაბინეტში აქოშინებული ელზა ექიმის შემოჭრამ, მაკას ფიქრი გააწყვეტინა. თუმცა მისი ფიქრები არც იმდენად შორს იყო ელზას სიტყვებიდან.
პასუხად მაკამ მდარე ღიმილი შეაგება. ელზამ კი განაგრძო:
- ეს ამდენი ბავშვი, ასეთ გაჭირვებულ ოჯახში. - დანანებით გააქნია თავი ელზამ. - მერე ჭამა უნდა! ჩაცმა უნდა! სწავლა უნდა...
- ჰო, კარგი. კარგი. - შეაჩერა მაკამ აქაქანებული ელზა. - ისედაც დილიდან თავი მისკდება. კარგი საქმე, კარგადაც დაფასდება და მეტი რა ვქნათ ახლა?
ამით მაკამ მიანიშნა, რომ არ დარჩები ანაზღაურების გარეშეო, მაგრამ ელზას მაინც ეჭვი ღრღნიდა, ორი ბავშვის საფასურს აიღებდა თუ მხოლოდ ერთის. თუმცა, რა გააკეთა? არც არაფერი. მარტო ენები მიქონ-მოქონდა. ერთი ტყუპისცალი დაბადებისთანავე დინამ ფარულად გაიყვანა სააგარაკო სახლში. მეორეს კი ოფიციალურად რეანომობილით გადაიყვანდნენ კლინიკაში და იქაც მაკას „მეწყვილე“ რეანიმაციის მთავარი ექიმი მიხედავდა საქმეს.
მაკა კი მშვენივრად ხვდებოდა ელზას რაც აწუხებდა და განგებ არ იმჩნევდა. უნდოდა, ელზას თავად წამოეწყო ამაზე საუბარი და მერე მაკა პირდაპირ და უფრო გარკვევით აუხსნიდა, რომ აქ მის გარდა, სხვა მედ.პერსონალიც არის და სხვებსაც უნდა შეხვდეთ გარკვეული ლუკმა და არც ასე ზედმეტად აქტიურობა და გამოჩენა იყო საჭირო.
- მომისმინე ჩემო კარგო. - დაუყვავა მაკამ მოღუშულ ელზას. - სად გეჩქარება? ნახოს ყველამ თავის გზა და მერე ჩვენც მივხედავთ ჩვენს თავს. რა განერვიულებს? ყველაფერი ასე ერთბაშად ხომ არ ხდება?
- ჰო. ჰო. - გაიბადრა ელზა და როგორც იქნა მიხვდა, სანამ ის მეორე ტყუპისცალი არ გაშვილდებოდა, მანამდე მხოლოდ მარტო ერთ ჩვილზე უნდა დაჯერებოდა ანაზღაურებას.
- ჰოდა, ახლა ან კიდევ ერთი ყავა შემომიტანე, ან თუნდაც, მარტო ცივი წყალი, მხოლოდ რამდენიმე წუთს არავინ შემოუშვა. ცოტა ხნით, თვალი თუ არ მოვხუჭე, გამისკდება ეს თავი და მერე აღარ გეყოლებით!
- რას ამბობთ, მაკა ექიმო?! - უმალ შეიცხადა ელზამ. - თქვენ რომ რამე...
- ჰოდა, წადი ახლა წადი! - სიცილით მიუგო მაკამ და ელზამაც, როგორც იქნა დატოვა კაბინეტი.
- კრეტინი. - ჩაილაპარაკა მაკამ და ტელეფონს დასწვდა.
არავინ უპასუხა. მაკამ კიდევ ერთხელ დარეკა. კვლავაც იგივე განმეორდა. მაკამ ისიც კი გაიფიქრა, იქნებ სააბაზანოშია მერაბი და ამიტომ არ იღებსო, ან იქნებ ადრეც დაიძინაო და რამდენიმე წუთს დაიცადა, მერე კი ისევ დარეკა. არც ამჯერად უპასუხეს.
მაკა ხელში მობილურ ჩაბღუჯული ჩაფიქრებული იჯდა თავის კაბინეტში. თავში ათასი რამ უტრიალებდა. ისიც კი გაიფიქრა, ხომ არ დაიჭირეს ის იდიოტი კაციო, მაგრამ მოულოდნელად მაკას იმ სათადარიგო ტელეფონში, რომლითაც უშუალოდ მერაბს ეკონტაქტებოდა ზარი გაისმა.
- როგორც იქნა. - ამოისუნთქა მაკამ, როგორც კი მობილურის ეკრანზე მერაბის ნომერი აისახა. უნდოდა მაშინვე ეპასუხა, მაგრამ თავი შეიკავა. ზარი მიწყდა და ორიოდ წუთში კვლავ განმეორდა. ამჯერად უკვე იკადრა მაკამ პასუხი.
- აბა, გისმენ, ჩემო მერაბ. - ცინიკური ხმით მიმართა მაკამ, მაგრამ მისდა გასაოცრად ტელეფონში მერაბის მაგივრად, ქალის ცივმა ხმამ უპასუხა:
- შენი მერაბი კი არა, ჩემი მერაბია!
- შენი იყოს, შემოგევლე. - ჩაეცინა მაკას. გასაგებიც იყო, მერაბის მეუღლემ იეჭვიანა და ჩაუსაფრდა კიდეც მაკას ნომერს.
- ჩემი იყოს, კი არა - ჩემია და შენ, ვინ ხარ? ნახვა მინდა სასწრაფოდ!
- კარგი, გენაცვალე მობრძანდი. - სიცილით მიუგო მაკამ. სამშობიაროს მისამართი უკარნახა თუ არა, მაშინვე გათიშა ტელეფონი.
მერაბის მეუღლე გაკვირვებული დარჩა. თუმცა, ისიც კი იფიქრა რომ მაკამ სპეციალურად იქ დაიბარა და სინამდვილეში კი, სადმე სასტუმროში ხვდებოდნენ ერთმანეთს.
„ან იქნებ, ამ ქალთან დადის სახლში?
ალბათ, მერაბმა უქირავა ბინა? ცალკე შეხვედრისთვის?
ჰმ! ამას უკვე, ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა, რადგან და ამ ყველაფერს, ახლავე მოვუღებს ბოლოს!
მერაბს კი, ცალკე დავუსვამ პირობას, ან ოჯახი - ან ის ვიღაც მაკა!“
თავის მხრივ, მაკაც ცოფებს ყრიდა. საშინლად გულმოსული იყო მერაბზე. ჯერ ის რომ იმ ერთი გოგონას დაბინავებას ვერ მოაბა თავი და მეორეც აღარც ტელეფონზე პასუხობდა და ახლა კიდევ მის ეჭვიან მეუღლესთან უნდა გაერჩია საქმე. სხვა სიტუაციაში, მაკა არც არავის ცოლს არ შეხვდებოდა და არც თავის მართლებას ახსნა-განმარტებებისთვის მოიცლიდა, მაგრამ ახლა აქ სულ სხვა სიტუაცი იყო, რადგან ზედმეტად ეჭვიან ცოლს, თავისი არაპროგნოზირებადი ქცევებით, შესაძლოა, სულ ჩაეშალა მერაბის და მაკას გარიგებები.
ამიტომაც, ისევ მასთან შეხვედრა და პირისპირ საუბარი ერჩია, თუმცა აქაც ისეც მაკამ იმარჯვა და მერაბის ცოლს ჯერ კაბინეტში ფეხიც კი არ ჰქონდა შედგმული, მაშინვე მიახალა.
- დაურეკეთ თქვენ მეუღლეს და სანამ მერაბი აქ არ მოვა, ჩემგან ერთ სიტყვასაც ვერ გაიგებთ! - მკვახე ხმით მიმართა მაკამ და მერე უფრო ხმას დაუწია. - თუ გინდათ, რომ საერთოდ უმუშევარი არ დარჩეს, ახლავე მოვიდეს აქ!
LEX. 2023 წლის 6 სექტემბერი, ოთხშაბათი.
No comments:
Post a Comment