Friday, June 30, 2023

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 150)

150. 
დილით მიმის ჩვეულებრივზე გვიან გაეღვიძა. საათს დახედა თუ არა, ძალიან გაუკვირდა, ასე ამდენ ხანს, როგორ მეძინაო, თუმცა როგორც კი წუხანდელი გადატანილი კოშმარი გაახსენდა, მაშინვე საწოლში წამოჯდა. წამით ჩაფიქრდა კიდეც, ეჭვიც შეეპარა. იქნებ ეს ყველაფერი, სულაც სიზმარი იყოო, რადგან აღარც დიმეოს ეძინა მის გვერდით და სხვა არც არავინ იყო ოთახში მის გარდა.
მიმიმ ფეხაკრეფით შეიხედა ბავშვის საძინებელში. ბიჭს ტკბილად ეძინა და არც მის ოთახში იყო სხვა არავინ. მერე მხატვართანაც შეიჭყიტა და იქაც იგივე, მხატვარს ღრმად ეძინა და არც მის ოთახში იყო ვინმე. 
„ნუთუ მართლა სიზმარი იყო? 
და ასე ცხადად?“ 
მიმის კვლავ ეჭვი შეეპარა და ახლა ქვემოთ ჩასვლისას, დღის ექთანმა, სიცილით აუწყა, ძლივს გავაღვიძე ჩემი შემცვლელიო და ამასვე ადასტურებდა, ასევე დილით მოსული დაცვის თანამშრომელი, რომ ძლივს გამოვაფხიზლე ღამის დაცვაო. 
- სავარაუდოდ, ღამე გვიან. - განაგრძობდა დღის დაცვა. - თქვენ რომ ყველას გეძინათ, ჩემმა შემცვლელმა და ექთანმაც ცოტა წაიქეიფეს, შეთვრნენ და... 
- რა დალიეს ასეთი? - კვლავ გაიკრიჭა ექთანი, მაგრამ მიმის ჩაფიქრებულ და ცივ სახეს რომ შეავლო თვალი, მაშინვე გაჩუმდა. 
- როგორც ჩანს, საკმაოდ ძლიერი ალკოჰოლი მიირთვეს და წესიერად ვერც აითვისეს. - მიუგო დაცვამ. - რადგან ორივეს თავი უსკდებოდა ამ დილით და გონზეც ძლივს მოვიდნენ დიდ ხანს.
„ჰო, რა თქმა უნდა!“ 
ფიქრობდა მიმი. 
„იმ გარეწარმა კაცმა ჩაუყარა რაღაც და ამიტომაც ასე გაგუდულებს ეძინათ წუხელ და დილით, თვალი ძლივს გაახილეს. 
ჰმ, საშინლად უსკდებოდათ თავიო და თანაც, ორივეს.“ 
- ამის ასე დატოვება ხომ იცით, რომ არ შეიძლება. - ფიქრებიდან მიმი, დაცვის მკაცრმა ხმამ გამოიყვანა. 
- რის?.. რის დატოვება?.. - ძლივს ამოილუღლუღა მიმიმ და კვლავ ჩაფიქრდა.
„კი, მაგრამ როგორ მოახერხა ეს ყველაფერი, ისე რომ ან დაცვამ ახლოს მიუშვა უცხო კაცი, ან ფიფოსთან როგორ შევიდა, რომ ექთანიც ასე გაეთიშა?“ 
- და რას აპირებთ? - კვლავ გაუმეორა კითხვა დაცვის ბიჭმა, თუმცა მიმის კვლავაც არ გაუგია, ისე იყო ფიქრებში ჩაძირული, სამაგიეროდ ექთანი გამოექომაგა.
- შენ რა გული დაგეწვა? - ცინიკურად მიახალა ექთანმა. - შენც ხომ არ მოგწონს ჩვენი ღამის ექთანი და მასთან ერთად მორიგეობის შანსი ერთხელაც ვერ მოგეცა! ჰა, ჰა! 
- ეგ რა შუაშია? - იწყინა დაცვამ და კვლავ მიმის მიუბრუნდა. - სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ფაქტია, რომ არც ერთი არ ყოფილა ფხიზელ მდგომარეობაში და თანაც იმდენად, რომ დილითაც ძლივს მოხდა მათი გონზე მოყვანა და გამოფხიზლება! 
- და გაათავისუფლებთ? - დაცვის მკაცრი ტონის გაგონებაზე, შეშფოთებული ხმით მიმართა ექთანმა მიმის. 
მიმიმ უხმოდ შეავლო ორივეს თვალი. 
დაცვა კვლავ თავის სიტყვაზე იდგა და მიმის მთელი შემართებით მოუწოდებდა, რომ ზომები მიეღო და მკაცრად დაესაჯა უპასუხისმგებლო თანამშრომლები. ექთანი კი პირიქით, მათ გამოსარჩლებას ცდილობდა. 
- ასე თუ გაგრძელდა... - განაგრძობდა დაცვა, მაგრამ მიმიმ შეაწყვეტინა. 
- ასე თუ გაგრძელდა. - მშვიდი ტონით მიუგო მიმიმ. - საერთოდ დავითხოვ! ყველას დაგითხოვთ! 
მიმიმ ზურგი შეაქცია და საშინლად გაშმაგებული საძინებლისკენ ავიდა. 
„ის არ იკმარა თავის დროზე, რომ ცხოვრება დამიმახინჯა და ახლა ჩემს ოჯახშიც შემოიჭრა და ბავშვიც აიყოლია! 
ცხადია, დიმეოს მოიშველიებდა და ბავშვის ხელით შესძლებდა ისე გაეთიშა და დაეძინა დაცვასაც და ექთანსაც, თავად კი ჩემს სახლში მყუდროდ მოკალათდა და ახლა უკვე, ფიფოს აპარატიდან გამორთვასაც ითხოვს!“ 
მიმის ბოღმა ახრჩობდა, მაგრამ ახლა ამ წუთებში რა უნდა ექნა, სანამ დიმეო არ გაიღვიძებდა, მანამდე აბა პასუხი, ვისთვის უნდა მოეთხოვა? 
სიმშვიდის შენარჩუნების გარდა ამ ეტაპზე, ვერაფერს იზამდა. თავი ხელში უნდა აეყვანა, რადგანაც დარწმუნებული იყო, რომ იმ ურჩხულის პირადი მიზანი, ფიფოს აპარატიდან გამორთვა და მიმის გვერდით დამკვიდრება იყო, ამიტომაც ახლა პირველ რიგში საჭირო გახდა, საგულდაგულოდ შეემოწმებინა ფიფოს ახლანდელი მდგომარეობა. მკურნალი ექიმი და ფიფოსთან შეერთებული, მთელი აპარატურის სპეციალისტიც კი მოიწვია და ყველაფერი კარგად გადაამოწმებინა. ასეთი შეშფოთების მიზეზად კი ისიც კმაროდა, თუ როგორ უპასუხისმგებლოდ ჩაატარეს ღამის მორიგეობა ექთანმაც და დაცვის თანამშრომელმაც. 
ფიფოსთან კი კვლავ არაფერი შეცვლილიყო, ყველაფერი ისევ ისე, სტაბილურად მძიმე იყო. 
„ისე თავისუფლად შეეძლო, თავადვე რომ გამოერთო ფიფო აპარატიდან, მაგრამ არა! ჩემი ხელით უნდა ამის გაკეთება, რომ მერე მთელი ცხოვრება თავს დამნაშავედ და საყვარელი ადამიანის მკვლელად ვგრძნობდე!“ 
მიმის ბოღმა ახრჩობდა. ადგილს ვერ პოულობდა. ასე ეგონა, რომ ყოველი მხრიდან და ლამის ყოველი კედლიდანაც კი მისი მზერა უთვალთვალებდა და თითქოს ელოდა კიდეც, რომ ან ერთი ოთახიდან გამოვიდოდა და ან მეორე. ამიტომაც მალ-მალე უწევდა ფიფოსთან შესვლა და დაცვასა თუ ექთანზე თვალის შევლებაც. 
ამასობაში კი ისე დაღამდა, რომ არაფერი შეცვლილა. ბავშვმაც გვიან გაიღვიძა და ძალიან ეწყინა მისი მეგობარი, რომ არ დახვდა სახლში. მერე ეჭვმაც კი გაჰკრა, იქნებ დედამ უარი უთხრა ჩვენთან სტუმრობაზეო, თუმცა მიმიმ ღიმილითა და ალერსიანი ხმით აუხსნა, რომ ალბათ აღარ გაგაღვიძა, ისე ტკბილად გეძინაო. 
„არა, არა. ჩემი დედიკო ბოროტი ქალი სულაც, არ არის. საწყალ კაცს გარეთ მართლა არ გააგდებდა. თანაც, ხომ ავუხსენი თუ ვინც იყო. გადამარჩინა, მკვლელებს ჩემი თავი გამოსტაცა და სახლში მშვიდობით დამაბრუნა. მანამდე კი რამდენი ხანი მივლიდა და როგორ თბილად, მამასავით მექცეოდა. 
არა, არა! ჩემი დედიკო, უმადური სულაც არ არის! პირიქით, ყოველთვის აღარ იცის ხოლმე, თუ ვის როგორი პატივი სცეს და მითუმეტეს ასეთ კაცს, ვინც ერთადერთი შვილი გადაურჩინა და დაუბრუნა. 
ჰმ, მართლა როგორ მაგრად მეძინა, ძლივს ავწიე თავი. ამიტომაც აღარ გამაღვიძა და უჩემოდ წავიდა სოფელში.“ 
ფიქრობდა ბიჭი და იმით იმშვიდებდა თავს, რომ საღამოსკენ მაინც ჩამოვიდოდა მწირი და მისთვის სასურველ ამბავს ჩამოუტანდა, მანამდე კი არც აპირებდა დედისთვის გაემხილა, თუ რა ჰქონდათ ჩაფიქრებული და რის გაკეთებას აპირებდნენ ის და მისი უფროსი, უსაყვარლესი და როგორც თავად გულში ფიქრობდა, მამასავით თბილი და მზრუნველი მეგობარი. 
- დიმეო, გვიანია უკვე. - მიეალერსა მიმი. - ძილის დროა. 
- ცოტა ხნით კიდევ ვიქნები რა, დეე. - მუდარით მიუგო ბიჭმა. 
- იყავი, მაგრამ თვალებს უკვე ძლივს ახელ. - ღიმილით მიმართა მიმიმ. 
დიმეო უსიამოვნოდ აიბუზა. აშკარა იყო, რომ არ იქაურობა არ ეთმობოდა. 
- ვინმეს ელოდები? - ფრთხილად ჩაეკითხა მიმი. 
ბიჭმა თვალი აარიდა. 
- ახლა წადი დაიძინე და თუ ვინმე მართლა მოვა და თანაც, ღამის გასათევიც არსად ექნება, გპირდები რომ არსად გავუშვებ და დილით კი ერთად ვისაუზმოთ, თანახმა ხარ? - მიმიმ რაც შეიძლებოდა ყურებამდე გაუღიმა მოწყენილ ბიჭს.
დიმეო სიხარულით დაეთანხმა. ბედნიერებისგან გაბრწყინებული, დედას მაგრად ჩაეკრო და გულდამშვიდებულმა საძინებლისკენ გასწია. 
„ღმერთო ჩემო, ეს ბავშვიც როგორ მონუსხული ჰყავს.“ 
მწარედ გაივლი მიმიმ გულში და კარის საკეტი კარგად მოსინჯა. მერე ექთანსა და დაცვასაც შეავლო თვალი. ორივე სტარტზე იდგა და მიმის თვალებში შესციცინებდნენ. ცხადი იყო, წუხანდელი მათი კოლეგების ამბავი უკვე იცოდნენ და იმასაც კი გაიგებდნენ, რომ მიმი ყველას გაგდებით დაემუქრა. ამიტომ რაც შეიძლებოდა მეტ სიფხიზლეს და ყურადღებას იჩენდნენ. მიმიმ ყველაფერი მოათვალიერა და ბოლოს, კაბინეტში და ბავშვის სამეცადინო ოთახშიც კი შეიხედა. ერთი შეხედვით, სახლში სიმშვიდე იყო და სხვა უცხო არავინ ჩანდა. მიმიმ შვებით ამოისუნთქა და თავისი საძინებლისკენ გასწია. საძინებელშიც ასევე სრული სიმშვიდე დახვდა, თუმცა რატომღაც აბაზანის ღია კარიდან სინათლე გამოდიოდა. ალბათ, შუქი დილით თუ დამრჩა ჩართულიო, გაიფიქრა და მაინც გაუკვირდა, რადგან სააბაზანოს კარის გამოკეტვა არასდროს ავიწყდებოდა. ცოტა უფრო ახლოს რომ მივიდა, ახლა შხაპის ხმაც მოესმა. მიმი კართან შედგა. მოულოდნელად, ვიღაცამ შხაპი გამორთო. 
მიმი ერთ ადგილას გაშეშდა. 
ვინ უნდა ყოფილიყო? 
„მხატვარია ვითომ? 
ჩემს საძინებელში არასდროს შემოსულა. თანაც, თუ ფიფოს ოთახის სააბაზანოში რამე გაფუჭდა, ქვემოთაც არის საშხაპე...“ 
მხატვრისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი, მაგრამ არც ამდენად თავხედი და ტუტუცი იყო, რომ უკითხავად ესარგებლა ქალის საძინებელთან არსებული შხაპით. ბოლოს და ბოლოს, ნებართვას მაინც ითხოვდა. მიმიმ ისიც კი გაიფიქრა, დიმეოსთან ხომ არ გაფუჭდა საშხაპე და აქ შემოვიდაო. 
„კი მაგრამ რომელი საათია? რატომ არ სძინავს ამ დროს?“ 
მიმი დაბნეული იდგა, აღარ იცოდა, შესულიყო სააბაზანოში, თუ დაეცადა, აბა რომელი ერთი გამოვიდოდა. 
გავიდა ერთი წუთი, ორი და მაინც არავინ ჩანდა. 
ის იყო, უკვე ნაბიჯი უნდა გადაედგა, რომ საკმაოდ კარგად ნაცნობმა ხმამ სააბაზანოდან გამოსძახა: 
- შემოდი მიმი, არ ვარ შიშველი! - და მერე უფრო დაბალი ხმით დასძინა. - თუმცა, ისედაც ნანახი გყავარ. 
მიმი გაშმაგებით შეიჭრა სააბაზანოში და იქ, წელზე დიდი აბაზანის პირსახოც შემოკრული მწირი, ახლა სხვა პირსახოცით თავს იმშრალებდა. 
მიმის ბოღმის ბურთი ისე მოაწვა ყელში, რომ ხმა ვერ ამოიღო. ერთბაშად იმდენი რამ უნდოდა მიეხალა, რომ სიტყვები ყელში გაეჩხირა. 
- მოკლედ, შენი პირსახოცების ვალიდან, ისევ ვერ ამოვედი, რაა. - სიცილით დაიწყო მწირმა. 
- რა პირსახოცი?! - მკვახედ მიახალა მიმიმ. - ახლავე დატოვე ჩემი სახლი და აღარასდროს გნახო აქ! 
- ახლავე მაინც ვერ დავტოვებ. - ჩვეული ღიმილით მიუგო მწირმა. - ასე შიშველი, პირსახოცებში გამოკრული გინდა რომ შენი საძინებლიდან გავიდე? 
- ვაიმე, ჩაიცვი რაც გინდა! - კვლავ ვერ ფარავდა მიმი ბოღმას. - თუნდაც მთელი ფიფოს გარდერობი აიღე და წადი აქედან! 
- მთელი გარდერობი, არაფერში მჭირდება. - მწირს ისევ ეღიმებოდა. - ფიფოს შარვლები წელში დიდი მაქვს და სიგრძეში ცოტა მოკლეც. მხოლოდ სპორტულები შევარჩიე და მისი ფეხსაცმელიც ოდნავ მიჭერს, ან გადაჩვეული ვარ... 
- ნურაფერს მიხსნი! - კბილებში გამოსცრა მიმიმ. - რაც გინდა აიღე და ახლავე... ახლავე... დაუყოვნებლივ... დატოვე ჩემი სახლი!.. 
მიმიმ წინადადება ძლივს დაამთავრა, თავბრუ დაეხვა, საშინლად გაფითრებულმა ხელი კედელს მიაყრდნო, რომ არ წაქცეულიყო. 
- ახლავე წამოდი, დაწექი! - შეუტია მწირმა და ხმის ამოღებაც არ აცალა, ისე სწვდა მხრებში და ლამის ძალით წააჩანჩალა საწოლისკენ. 
- დაწექი აქ! - მწირს ცივი და მკაცრი ხმა ჰქონდა.
მიმი უხმოდ დაემორჩილა, რადგან ისე ცუდად გახდა, რომ წინააღმდეგობის გაწევის თავიც აღარ ჰქონდა. გული გამალებით ისე უცემდა, რომ ლამის, მის ყურებში გაჰქონდა ბაგა-ბუგი. მთელი სხეული უთრთოდა და ცდილობდა მაგრად მოკუმული პირით, ყბის კანკალი მაინც შეეჩერებინა. 
- ოდნავ წამოჯექი. ბოლომდე ნუ დაწვები. თავი მაღალზე უნდა გქონდეს. - მწირმა ორი ბალიში ამოუდო, საბანიც ფრთხილად ამოუკეცა და იქვე საწოლზე ჩამოჯდა. 
მიმიმ კვლავ დამუნჯებული იყო. ვერც ხმას იღებდა და ვერც ეწინააღმდეგებოდა.
- ახლა კარგად მომისმინე! - ძალიან დაბალი, მაგრამ საკმაოდ მკაცრი ხმით დაიწყო მწირმა. - თავი ხელში აიყვანე, რომ შენს შვილებს მაინც მიხედო! შენ რომ რამე მოგივიდეს, ვის უტოვებ ამ ბავშვებს? მოხუცებულ ბებიებს? 
მიმიმ არაფერი უპასუხა. 
- და იცი, რომ. - განაგრძო მწირმა. - ასეთ მოხუცებულებს, შეიძლება სულაც არ დართონ მეურვეობის უფლება და შენი დაობლებული შვილები, შესაძლოა, უპატრონოთა თავშესაფარშიც კი აღმოჩნდნენ! 
- თავშესაფარში?!.. - მიმის ხმა აუკანკალდა. 
- ჰოდა, ამიტომაც გმართებს კარგად დაფიქრება. - კვლავ განაგრძო მწირმა. - უნდა შესძლო დამშვიდება, ყველა ძალა ერთიანად უნდა მოკრიბო და ვალდებული ხარ, შენი შვილების გულისთვის, თავი ხელში აიყვანო. დანარჩენს მე მივხედავ.
- შენ? - ცინიკური ხმით ჩაეკითხა მიმი. 
- ჰმ, ვხედავ ფერზეც მოხვედი. - ღიმილით მიუგო მწირმა. - და ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, საფრთხე საკმაოდ სერიოზულია და ამიტომაც, დროულად უნდა გაერიდოთ... 
- და რას ვაკეთებ არასწორს? - წამოენთო მიმი. - გამოძიებას ვაწარმოებ თუ ვინმეს ვაშანტაჟებ? თუ ის ედებათ გულზე ლოდად, ფიფო რომ ჯერ კიდევ ცოცხალია? 
- სავარაუდოდ, კი. - კვერი დაუკრა მწირმა. - მთავარი მიზეზი ეგეც არის, თუმცა... 
- რა თუმცა? - არ ცხრებოდა მიმი. - ჭორის დონეზეც კი მართლა არაფერი ვიცი! ფიფო ასე მალულად თუ რამეს იძიებდა, წარმოდგენაც კი არ მქონდა! არც არანაირი საბუთი თუ ნივთი, არაფერი მოუბარებია და დარწმუნებული ვარ არც სახლში გადამალავდა, ამას სრული სერიოზულობით ვამბობ და მგონი, ართ თუ ისე დიდი ხსნის წინ, გარკვევით აგიხსენი, რომ არანაირი... 
- ჰო, მე კი ამიხსენი, მაგრამ... 
- რა მაგრამ? იქნებ კიდევ ვინმე სხვასაც ხომ არ უნდა ავუხსნა? - მიმის ხმაში კვლავ ცინიზმმა გაჟონა.
მწირმა უხმოდ დაუქნი თავი. მიმი გაშრა. 
- მე კი მჯერა შენი. - დაიწყო მწირმა. - მაგრამ... 
- ვის?.. - შეშფოთებული ხმით იკითხა მიმიმ. - ვის უნდა ავუხსნა... ან რა უნდა ავუხსნა?.. რატომ?.. 
- მიმი! - მწირი შეყოვნდა. - პრემიერთან უნდა შეხვიდე. 
- რაა?
მწირმა უხმოდ დაუქნია თავი. 
- არსადაც არ შევალ! - გაკაპასდა მიმი. 
მწირმა არაფერი უპასუხა, მიმიმ კი განაგრძო: 
- და რომც შევიდე, რა უნდა ვუთხრა?! განა ასე ადვილია მასთან მოხვედრა? ახლოსაც არავინ მიმაკარებს! - მიმი წამით შეყოვნდა, მერე გაბზარული ხმით განაგრძო. - როცა დიმეოს ვეძებდით, მაშინაც ძლივს მიგვიღო, ისიც ფიფოს ძალისხმევით და ქვეყანა ხალხის ჩარევით და ახლა, ვინ შემიშვებს? რა მიზეზით?
- შეგიშვებენ. - მშვიდი ხმით მიუგო მწირმა. - შენ შეგიშვებენ, რადგან ახლა შენთან ნებისმიერი კონტაქტი, მათ ინტერესებში შედის. 
- რა სისულელეა! - არ ცხრებოდა მიმიმ. - ახლა რაღაცას ბოდავ და ცდილობ, მეც ამიყოლიო! რაში აინტერესებთ ჩემთან კონტაქტი, რომელი აგენტი მე მნახეს და საერთოდ, რის მიღწევას ცდილობ, შენ, პირადად ამით? 
- ჩემი პირადი და მთავარი მიზანი, თქვენი უსაფრთხოებაა! თქვენი, ყველასი სათითაოდ და როგორმე, რაც შეიძლება მალე, აქაურობას უნდა გაგარიდოთ. 
- ჰმ. - მიმიმ ცინიკური სახით გააქნია თავი. - და სად უნდა გავერიდოთ? ან დღეს სად გინდა ისე დაიმალო, რომ ვერ მოგაგნონ? ან ფიფო როგორ ვატარო? თუ აპარატი გამოვურთო და ჩვენ ასე გულ დამშვიდებულად ვიმოგზაუროთ? 
- ფიფოს რომ შეეძლოს აპარატურის გარეშე, მაშინ ზურგზე მოვიკიდებდი და ისე გაგიყვანდით სამშვიდობოს. - ამოიხვნეშა მწრიმა. 
- რა სამშვიდობოს? - მწარედ ჩაეცინა მიმის. - ომი დაიწყო და ვერ გავიგე? 
- ვისთვის ომია და ვისთვის, მშვიდობა. 
- დავიღალე შენი ქარაგმებით! - შეუტია მიმიმ. 
- არ მაცლი, რომ წესიერად აგიხსნა, და... 
- რა უნდა ამიხსნა, რა?! - არ ცხრებოდა მიმი. - აქედან ავიბარგო, დავითხოვო დაცვა და ექთანი, ფიფო აპარატიდან გამოვრთო და პრემიერთანაც შევიდე, არა? ჰაჰ! 
- ფიფოს აპარატიდან გამორთვას, სულაც არ ვითხოვ. 
- ეგღა მაკლია, რომ შენ, რამე მომთხოვო, ან მიბრძანო! - მიმი კვლავ შეტევაზე იყო. 
- ამ შემთხვევაში, სრული უფლება მაქვს, რომ მოვითხოვო კიდევაც და გიბრძანო კიდევაც. - მშვიდი ხმით მიუგო მწირმა. - რადგან საქმე, ჩემი შვილის უსაფრთხოებას ეხება და ეს... 
- შენი შვილი არ არის! - კბილებში გამოსცრა მიმიმ. - ვინც გაზარდა და მასზე ამაგი აქვს... 
- სრულიად გეთანხმები. - კვერი დაუკრა მწირმა. - თუმცა მეც კანონიერი უფლება მაქვს, რომ მეურვეობა მოვითხოვო... 
- ესე იგი, მაინც იმას ცდილობ, რომ შვილი წამართვა, არა? 
- მიმი! - შეუტია მწირმა. - ახლა თუ არ მომისმენ, იცოდე მართლა გავაკეთებ ამას! 
მიმიმ უკმაყოფილოდ გააქნია თავი. მწირმა კი განაგრძო: 
- შენ იცი, რომ შენს შვილს შიშით მშვიდად ვეღარ სძინავს? ზოგჯერ ღამითაც ჩუმად დგება და ფიფოსთან ჩადის გადასამოწმებლად, ცოცხალია თუ არა, იცოდი ეს?! 
- რაა?! 
- რა თქმა უნდა, წარმოდგენაც კი არ გქნოდა. - ჩაეცინა მწირს. - და არც არავინ იცის და არც არავინ ერევა. მამას დანატრებული, ვითომ მარტო მოსაფერებლად შედის ფიფოსთან, გარკვეული ხნით ექთანსაც კი დაითხოვს ხოლმე და სინამდვილეში კი ყველა აპარატურას სათითაოდ ამოწმებს. წამლებსა და საკვებსაც სათითაოდ ითვლის, მართლა მიაღებინეს თუ არა. 
- და ყველაფერ ამას ექთანიც და დაცვაც მშვიდად უყურებს და მე არავინ არაფერს მეუბნება? - გაცხარდა მიმი. 
- დიმეო, მართალია ჯერ კიდევ პატარა ბიჭია, მაგრამ უკვე მშვენივრად იცის, ვინ როგორ უნდა მოთაფლოს. 
- ღმერთო ჩემო! - ამოიხვნეშა მიმიმ. - რა ვქნა? რა გავაკეთო? გამაგებინე, რა ხდება?! 
- სწორედ მაგის ახსნას ვცდილობ, უკვე ლამის საათზე მეტია და არ მაცლი. 
- ჰო, კარგი, გისმენ. - უკმაყოფილოდ მიუგო მიმიმ. 
- შეიძლება ჯერ ჩავიცვა? - ღიმილით იკითხა მწირმა და სააბაზანოსკენ გასწია.
მიმიმ ახლაღა შენიშნა, რომ ჯერ კიდევ პირსახოცშემოხვეული, მის საწოლზე ჩამომჯდარ კაცს ესაუბრებოდა და ვინ იყო ეს კაცი მისთვის? ან საერთოდ რას წარმოადგენდა? ძვირად ანაზღაურებადი პროფესორი, თუ ყველაზე უბადრუკი და უპოვარი? ბოროტმოქმედი სერიული მკვლელი პიპა, თუ მლოცველი განდეგილი მწირი?
LEX. 2023 წლის 30 ივნისი, პარასკევი.

No comments:

Post a Comment