Sunday, November 27, 2022

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 148)

148. 
- მიმი, ახლა პანიკების დრო არ არის! 
მიმი თითქოს, ცოტა შეცბა კიდეც, როცა მოულოდნელმა, დაუპატიჟებელმა სტუმარმა, წამის წინ თბილი, მზრუნველი სახე, ახლა ცივ, სასტიკ და გაყინულ მზერად შეცვალა. 
გვიან ღამით, როცა მიმიმ ფიფოს კაბინეტი შეაღო, დიმეო ბედნიერი სახით ვიღაც კაცს ეხვეოდა, რომელიც კარისკენ ზურგით იჯდა. ბავშვმა, გაბრწყინებული თვალებით ახარა გაკვირვებულ დედას, ჩემი მწირი მესტუმრაო. 
თავისთავად, მიმის არც ესიამოვნა, სახლში ვიღაც უცხო, დაუპატიჟებელი კაცის დანახვა და თანაც ასეთ დროს, მაგრამ ეს წამიერი არ სიამოვნება, უცებ საშინელ კოშმარად გადაექცა, როცა ეს მწირი იყო თუ ვიღაც, მიმისკენ შემობრუნდა. 
მიმის ყველაფერი გონებაში აემღვრა. ფეხქვეშ მიწაც გამოეცალა, მაგრამ სულაც არ წაქცეულა. ერთ ადგილზე გამშრალი გაყინული, უემოციოდ უმზერდა მწირს. 
...და ვინ, მწირი? 
ვინ იყო ის? 
თვალთ დაუბნელდა, თავბრუც დაეხვა, თუმცა არც წაქცეულა. გული გამალებით უცემდა, მაგრამ სულაც არ წასვლია. ახლა მისი გონება, სადღაც უფსკრულში მთელი სისწრაფით მიქროდა. ვერაფერს ხედავდა, არც ბავშვის ხმა ესმოდა, დიმეო როგორ აჟიტირებული ჟღურტულებდა, ვეღარაფერს ამჩნევდა და ამ ბნელეთსა და უკუნში, მხოლოდ თვალებიღა გაარჩია. სწორედ ისინი, რომელიც ერთ დროს, კედლის ნაპრალის მიღმა უმზერდა. წამიც და თვალებს, სახეც მოჰყვა, თუმცა უკვე სულ სხვა, სულ სხვანაირი და სახეშეცვლილი კაცის, მაგრამ მაინც... 
ის იყო... 
ის... 
- მიდი, დედიკოს ცივი წყალი მოურბენინე. - დაბალი, ალერსიანი ხმით მიმართა სტუმარმა, ბიჭს. - მგონი, მე შევაშინე და უცებ, ცუდადაც გახდა.
დიმეო მაშინვე წამოხტა. 
- და ორიოდე წუთით ონკანიც მოუშვი, რომ წყალი, უფრო ხალასი და ცივი იყოს. - დააწია უკვე კართან მისულ ბავშვს. - მხოლოდ, მაცივრის არ იყოს. - ამასაც გაუსვა ხაზი, რომ ბიჭს, სწრაფად არ მოერბინა უკან. 
დიმეო გავიდა თუ არა, სტუმრის ეს რბილი და ხავერდოვანი ხმა, სასტიკ ტონში შეიცვალა და მაშინვე მიმის, კატეგორიულად მოსთხოვა სიმშვიდის შენარჩუნება.
მიმის კი არაფერი ესმოდა. ვერაფერზე რეაგირებდა, მხოლოდ ჯერ კიდევ, ისევ ერთ ადგილას გამეხებული იდგა. 
მწირმაც სპეციალურად, ბავშვს ონკანის გარკვეული ხნით მოშვება სთხოვა, თან მხოლოდ ორი წუთითო და ამ ორ წუთსაც მშვენივრად გამოიყენებდა, რომ მიმი ისე მოეყვანა გონზე და ერთი ამბავი არ აეტეხა. 
- დაჯექი! - კვლაც მკაცრად მიმართა მწირმა. 
მიმი ისე გაიწია სავარძლისკენ და ისე ჩამოჯდა, რომ პირის გაღებაც ვერ შესძლო. ხმაც კი ვერ ამოიღო, რომ ან ეყვირა და ან თუნდაც, რამე ეთქვა. 
რატომ ემორჩილებოდა ამ კაცს? 
რატომ? 
გონებაში უამრავი კითხვა ირეოდა, მაგრამ პასუხი, არსად ჩანდა და პასუხთან ერთად, წინააღმდეგობის გაწევის უნარიც ჰქონდა წართმეული და მაინც, რატომ? 
- არ მოვსულვარ იმისთვის, რომ შენგან რამეს ვითხოვ, ან შენი ოჯახის დანგრევა მსურს! - კვლავ ცივი და სასტიკი ხმით განაგრძო მწირმა. - პირიქით, მინდა რომ გვერდში დაგიდგე! საფრთხისგან დაგიცვათ ყველანი და ფიფოც, როგორმე ფეხზე უნდა წამოვაყენოთ! 
- ფიფო...- ისე დაიჩურჩულა მიმიმ, თითქოს მისი ტუჩები თავისით ამოძრავდა და მისი ხმაც თითქოს, სხვას ეკუთვნოდა და სადღაც, შორიდან ესმოდა. 
- ჰო! ფიფო! - თავი დაუქნია მწირმა. - ფიფო უნდა დადგეს ფეხზე! სხვა გზას ვერ ვხედავ და მანამდე, თქვენი უსაფრთხოებაა სასწრაფოდ დასაცავი! შენი და ბავშვების! - მწირმა ამოიხვნეშა. - ამ ეტაპზე, ფიფოს დაცვა არ სჭირდება, ახლა მას არავინ შეეხება! ასეთ მდგომარეობაში, ისედაც დაცულია.
მწირი კიდევ რაღაცის თქმა აპირებდა, მაგრამ ამ დროს, დიმეოც შემოვიდა. დედას ცივ-ცივი წყალი შემოურბენინა. მიმი ჭიქას ძლივს იმაგრებდა ხელში, სულ რამდენიმე წუთის წინ კი, უფრო დიდი ჭიქით, სულმოუთქმელად გადაჰკრა წყალი და ახლა, ყლუპიც ვერ მოსვა, ძლივს გადაიტანა რამდენიმე წვეთი და ისიც ლამის ყელში ეჩხირებოდა. უფრო სხვების მოსაჩვენებლად მიადო პირი ჭიქას. 
- დეე, ნუ გეშინია. - დაუყვავა ბავშვმა, გაფითრებულ დედას. - ეს ჩემი მეგობარი მწირია, ამან გადამარჩინა! 
მიმი კვლავ გათიშული იჯდა და რეაგირება არ ჰქონდა დიმეოს სიტყვებზე. ბავშვმა მწირს გახედა, მანაც გაუღიმა და ანიშნა ჩაეხუტე დედასო. 
- დეე, იცი. - ბიჭი დედას მოეხვია. - მწირი რომ ყოფილიყო, მე ვერასოდეს გნახავდი! მისი ნუ გეშინია! 
- ჰო... ვერასოდეს გნახავდი... - წაილუღლუღა მიმიმ. - რომ არ ყოფილიყო... 
„ის რომ არ ყოფილიყო, არც შენ გაჩნდებოდი დიმეო, მაგრამ შენ ახლა უკვე ფიფოს შვილი ხარ! მან გაგზარდა და ფიფოსი ხარ! ფიფოსი!“ 
გაივლო გულში მიმიმ და შეეცადა, ოდნავ მაინც აეყვანა თავი ხელში, რომ ბავშვის თვალწინ, არაფერი მოემოქმედებინა. 
დიმეო და მისი სანუკვარი სტუმარი კი, თითქოს მიმის ჯიბრზე, თბილად განაგრძობდნენ საუბარს. მიმი არ ერთვებოდა, ვერც ერთვებოდა და ერთი სული ჰქონდა, რომ ეს ღამის კოშმარი, მალე დასრულებულიყო, მაგრამ რა უნდა ეღონა? რა? 
- ვისაც შენება კარგად ესმის. - განაგრძობდა მწირი, თავისი რბილი და ხავერდოვანი ხმით. - ის თუ დანგრევას მოინდომებს, ლამაზად მაინც ანგრევს და ვისაც შენების წარმოდგენაც კი არ აქვს, ის კი არ ანგრევს, არამედ მიწასთან ასწორებს და აცამტვერებს და ასე რომ, დასკვნა? 
- დასკვნა? - დიმეომ წარბები აზიდა. 
- დასკვნა უკვე, ამ ყოველივე ნამოქმედარის შედეგია, მაგრამ შენ როგორ ფიქრობ? ვის უფრო უნდა უფრთხილდე? ვისი უფრო უნდა გეშინოდეს? - ღიმილით ჩაეკითხა მწირი - ნასწავლის, თუ უმეცარის? 
- და რატომ უნდა მეშინოდეს? იქნებ, მე უფრო მაგარი ვარ?! - ბიჭმა კოპები შეკრა. 
- ჰმ, მართალია. - ჩაეცინა მწირს. - მართლა არ უნდა გეშინოდეს. უბრალოდ, შიში უნდა დასძლიო, მაგრამ მტერს კი მაინც უნდა უფრთხილდე და არა აქვს მნიშვნელობა, მართლა სწავლულია იგი, თუ უმეცარი! მტერი, მტერია და სიფრთხილეს კი თავი, არასდროს სტკივა! - ამ ბოლო სიტყვებზე მწირმა თვალი, მიმისკენ გააპარა. 
მიმი კი კვლავ გაყინული იჯდა, მაგრამ უკვე აშკარად ჩანდა, მშვენივრად უგდებდა მათ საუბარს ყურს. 
„შენზე დიდი მტერი, ამ დედამიწის ზურგზე, ნეტა მართლა ვინ მყავს?“
ფიქრობდა მიმი და უკვე ახლა მართლაც, ძლივს იკავებდა თავს, რომ კინწისკვრით არ გაეგდო, ეს დაუპატიჟებელი და მისთვის, ყველაზე არასასიამოვნო სტუმარი. 
- იმ საშინელ სტიქიაში მოხვედირს მერე, კანტუზიაში იყავი ჩავარდნილი და ამნეზიაც გქონდა, მაგრამ მერე ხომ მაინც გახსნედებოდა და სხვა დროს მოგიყვები ჩემზე ყველაფერსო, ასე არ შემპირდი? - გაბღუზული ხმით მიმართა დიმეომ მწირს. 
„ჰმ. კანტუზია და ამნეზია... ჰაჰ! მშვენიერი არგუმენტია - არაფერი მახსოვს! ჰა,ჰა!
და ეს ჩემი შვილიც, როგორც ღმერთს, ისე შესციცინებს.“
- ყველაფერს? - მწირს ცალყბად გაეღიმა. - აბა, როდის შეგპირდი ყველაფრის მოყოლას? 
- რაც მახსოვს, იმას მაინც მოგიყვებიო, ასე ხომ მითხარი? - არ მოეშვა დიმეო. 
- ჰო, ალბათ ასე გეტყოდი, რაც მახსოვსო. - მწირმა მხრები აიჩეჩა. - ან რა მოსასმენია და საერთოდ, ასეთი პატარა ბავშვი, სხვა რამეებით უფრო უნდა ერთობოდე, ვიდრე, ვიღაც უბადრუკი და არარაობა ხალხის ისტორიებს ისმენდე.
- შენ არ ხარ უბადრუკი და არც არარაობა! - დიმეო მწირს გულში ჩაეკრა. 
მწირმა სევდიანად მოხვია ბავშვს ხელები და მიმის გაცეცხლებულ მზერასაც გადააწყდა. 
„არარაობავ! დაანებე ჩემს შვილს თავი! 
შეეშვი!“ 
მთელი ხმით ხაოდა მიმი, მაგრამ არავის ესმოდა მისი ხავილის. ერთმანეთზე მიკრული ტუჩები, ხმას ვერ გამოსცემდნენ, სწორედ ისე, როგორც ერთ დროს და რა ბედის ირონია იყო ეს?
მაშინაც, ზუსტად ასე დაემართა, როცა ზურგით, უცებ ცივ კედელს მიეყრდნო და კიბეზე, შლეგივით ამოვარდნილ, კბილებამდე შეიარაღებულ ფიფოს სპეც.რაზმს, ნაპრალიდან მომზირალი კაცის თვალები დაუმალა.
„რა საყვარელი იყო მაშინ, ფიფო... 
ფიფო... 
ფიფო... მიშველე, ფიფო!“ 
- ფიფო... - ისევ წაიჩურჩულა მიმიმ, როგორც რამდენიმე წუთის წინ და გაყინულ სახეზე, საკუთარმა მდუღარე ცრემლის გადმოფრქვევამ, თავადვე შეაკრთო. 
- დეე, ცუდად ხარ? - შეშფოთებული ჩაეკითხა დიმეო, როცა მიმის კვლავ გაფითრებულ, ახლა უკვე ცრემლით დასერილ სახეს და ამღვრეულ თვალებს ჩააშტერდა. - სასწრაფოს გამოვიძახებ! ან ექიმს დავურეკავ! 
საღამურ პიჟამაში გამოწყობილ დიმეოს, ისევე როგორც მიმის, რა თქმა უნდა, მობილური თან არ ექნებოდა და ამიტომ მის მოსატანად, საძინებელში მოუწევდა არბენა. მწირსაც ეს აწყობდა, რომ დიმეოს წუთიერ არყოფნაში, მიმი ცოტა გონზე მოეყვანა და ბავშვს მიაძახა, აქ მოიტანე და მე დავრეკავო. 
- მიმი, ახლა მართლა პანიკების დრო არ არის! - კვლავ გაიმეორა მწირმა. - მოდი აზრზე და მოფხიზლდი! შვილები გყავს გასაზრდელი! 
- რა გინდა ჩემგან? - წაიჩურჩულა მიმიმ. - რატომ თავს არ დამანებებ? 
- მხოლოდ თქვენი უსაფრთხოება მინდა! - მტკიცედ მიუგო მწირმა.
მიმიმ უხმოდ გააქნია თავი. მწირი მიმის მიუახლოვდა, ჩაიმუხლა და თვალებში ჩააშტერდა. მიმის უსიამოვნოდ გასცრა ტანში და ზიზღიც ვეღარ დაფარა აცრემლებულ თვალებში. მწირს ცივად ჩაეღიმა და ახლა შედარებით დაბალ ხმაზე დაიწყო: 
- მიმი, სხვა გზა არ გაქვს ახლა, უნდა მენდო! როგორმე, დროებით მაინც გადააბიჯე შენს თავმოყვარეობას, თუ რასაც გინდა იმას და ბავშვებზე იფიქრე და მე... 
კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, რომ ისევ ისე, როგორც წეღან, დიმეო შემოვარდა მობილურით ხელში და დედასთან ახლოს ჩამუხლული მწირი რომ დაინახა, უფრო შეშინდა. 
- დეე... - ლამის გული ამოვარდა ბავშვს. - უფრო ცუდად გახდი? 
- უკეთ არის დედა. - ღიმილით გამოხედა მწირმა. - და მგონი, აღარც გვინდა სასწრაფოს გამოძახება. 
- მართლა? - დიმეოს სასოწარკვეთილი სახე ჰქონდა. - დეე, უკეთ ხარ? მართლა არ გვინდა სასწრაფო? არც ექიმს არ დავურეკო? 
მწირმა მიმის, მწველი მზერა მიაპყრო. 
მიმიმ ამოიხვნეშა და ძლივს წაილუღლუღა: 
- უკეთ ვარ... მართლა არ მინდა ახლა ექიმი... 
- კარგი დეე. - დიმეოს გულზე მოეშვა. 
- და უკვე ძალიან გვიანია. - მიმი წამში მოვიდა ფერზე და მის ხმასაც, სიმტკიცე მიეცა. - დიმეო წადი დეე, დაიძინე და შენს სტუმარს, მე გავაცილებ!
დიმეო მოიღუშა. 
- არ შეიძლება, მწირმა რომ ჩემთან დაიძინოს? - წაიბურდღუნა ბიჭმა. 
- არ შეიძლება! - მკაცრად მიუგო მიმიმ. - და იცი შენ, რატომაც! 
- ხომ, მაგრამ ჩვენ ხომ სულ ერთად გვეძინა, იქ! მაშინ! - არ შეეპუა ბავშვი. 
- დიახაც, იქ! - კვლავ მკაცრი ტონით მიუგო მიმიმ. - იქ და მაშინ! იმ დროს!
- დოტო, ჩემო სიხარულო! - ჩაერია მწირი. - დედა მართალია. გთხოვ, ახლა დაუჯერე და დასაძინებლად წადი. 
- დოტო? ჰმ. - გესლიანად ჩაეცინა მიმის. 
- დოტი, დაირქვა თვითონ. - ღიმილით აღნიშნა მწირმა. - სწორედ მაშინ, როცა წარსულთან, საბოლოოდ კავშირის გაწყვეტა გადაწყვიტა, თავისივე სურვილით. 
- ჰმ. - თავი გააქნია მიმიმ. 
„ჰო, ზუსტად თავისივე სურვილით. ჰაჰ!“ 
გაივლო გულში მიმიმ და ახლა ნამდვილად დარწმუნდა, რომ დიმეოს გატაცებაში მწირის ხელიც ერია. 
„უკვე დარწმუნებული ვარ, ყველაფრის ორგანიზატორი, ეს საშინელი მონსტრი იყო, ვერაგი მკვლელი!“ 
- წადი დაიძინე. - კვლავ გაუმეორა მწირმა. - და შენს გვერდით ვარ, იცი ეს შენ! 
დიმეომ ამოიხვნეშა, ძალიან არ უნდოდა მწირთან განშორება და დედას, მუდარით გახედა:
- დეე, ძალიან გთხოვ, დარჩეს რა მწირი ამაღამ ჩვენთან, რაა.... გთხოვ.... 
- დიმეო... - კოპები შეკრა მიმიმ, მაგრამ მწირმა გააწყვეტინა. 
- რატომაც, არა? - ისე მიმართა მწირმა ბავშვს, თითქოს მიმის სიტყვას, ფასი უკვე საერთოდ აღარ ჰქონდა. - შენი მამიკოს კაბინეტში გავათევ ღამეს, თუ რა თქმა უნდა, არ შეგაწუხებთ. 
- ბალიშს და პლედს მოგიტან ახლავე! - მკვირცხლად მიუგო დიმეომ და მერე დედას გახედა. - დეე, სად დევს სტუმრებისთვის ბალიში და პლედი? 
- სტუმრებისთვის? - მიმი მეტი ვერაფერი მოიფიქრა, რომ ეკითხა. 
- ჰო, სტუმრებისთვის! - მიუგო დიმეომ. - გალეოც ხომ რჩება აქ, მამას კაბინეტში. 
- მხოლოდ ერთხელ დარჩა. - მიმის საშინლად არ ესიამოვნა დიმეოს ეს მინიშნება, ან რა იყო ახლა ეს? 
- არც პლედი მინდა და არც ბალიში. - ეღიმებოდა მწრის. - კლდე-ღრეზე ძილს, ხომ იცი, ისედაც მიჩვეული ვარ. 
- მამას საძინებლიდან გამოიტანე. - უკმაყოფილოდ უთხრა მიმიმ ბავშვს. 
- და იქ ხომ მხატვარს სძინავს? - მხრები აიჩეჩა ბიჭმა. 
- უნდა იყოს იქვე, სხვა ბალიშიც და პლედიც. - მიუგო მიმიმ. - გრძელ კომოდზე ნახე, ზემოდან უნდა იდოს. 
დიმეო მაშინვე სირბილით გავარდა თუ არა, მიმიმ უკვე საკმაოდ მკაცრი ტონით მიმართა მწირს: 
- როგორც კი მე და ბავშვი, ზემოთ ავალთ, შენი ფეხი აღარ ვნახო აქ! 
- არ გამოვა ეგ. - მშვიდი ხმით მიუგო მწირმა. 
- ჰმ! - მიმიმ სასტიკი მზერა მიაპყრო. 
- არ გამოვა. - კვლავ გაიმეორა მწირმა. - რადგან ახლა, შენი ემოციები, შუღლი თუ ბოღმა, გვერდით უნდა გადადო და შვილებზე იფიქრო! მათი უსაფრთხოება უნდა გაღელვებდეს ახლა შენ და არა, შენი პირადი ემოციები! შვილების მომავალზე უნდა იფიქრო! 
- და ამას მასწავლი, შენ? - მიმის ცინიკურად ჩაეცინა. - ვინც საკუთარი შვილი, რომელიც შენზე სულს ლევდა, სწორედაც რომ პირადი ემოციებისა და საკუთარი შუღლის გამო ისე მიაგდე, რომ უკანაც არ მოგიხედავს! 
- დიახ! - კვერი დაუკრა მწირმა. - სწორედაც რომ მე გასწავლი, რადგან მე უკვე გავიარე ეს, რასაც ახლა შენ ამ წუთას გადიხარ! - მწირი წამით შეყოვნდა და ძალიან დაბალი ხმით განაგრძო. - რას არ დავთმობდი ახლა, ძანეს ერთი ჩახუტების გამო, მაგრამ მაშინ დიმეოს ვეღარ დავიცავ! ჩემი თავი რომ გამოვამჟღავნო, ჩათვალე... 
- დეე, ვერ ვიპოვნე! - შეწუხებული სახით, მიუგო ბიჭმა, რომელიც სულ ძლივს ითქვამდა ისე ჩამოირბინა კიბეები. 
- არა უშავს რა, ჩემო პატარავ. - მიეალერსა მწირი. - მთავარია, შენ მყავდე კარგად. 
მიმის სახე აენთო, მაგრამ ხმა არ ამოუღია. 
- ახლა საძინებელში ადი და თუ არ გეძინება, ისე დაისვენე მაინც. - მიმართა მწირმა ბავშვს. - თორემ მოკლე ხანში გათენდება კიდეც, გამოძინებასაც ვერ მოასწრებ და დილით ადრე უნდა გავიდეთ, ხომ იცი? 
- სად უნდა გახვიდეთ ადრე? - უხეშად მიმართა მწირს მიმიმ. 
- დეე, სოფელში მივდივართ! – „მიახარა“ დიმეომ. - ვეტერინარ ბაბუსთან! გველოდება! 
მიმი გაცეცხლდა, ახლა იმაზე უფრო საშინლად მოეშალა ნერვები, ვიდრე აქამდე ჰქონდა, მაგრამ ხმა ვეღარ ამოიღო, მხოლოდ გამგმირავი მზერა სტყორცნა ამ საშინელ სტუმარს. 
- შენ არ იძინებ, დეე? - დიმეო დედას მიუბრუნდა და თან აშკარად ჩანდა, რომ მისი სანუკვარი სტუმარი, არ ეთმობოდა. 
- გვირილის ნაყენს დავლევ და მეც მალე ამოვალ. - ალერსიანი მოხვია ხელი მიმიმ ბავშვს, ფიფოს კაბინეტიდან გამოიყვანა და კიბისკენ მიუთითა. - წადი დაწექი და მეც ამოვალ მალე. 
მიმი სამზარეულოსკენ წალასლასდა. ერთი სული ჰქონდა, ბავშვი როდისღა ავიდოდა თავის საძინებელში, რომ კვლავ მწირს შევარდნოდა და სახლიდან გაეძევებინა. 
დიმეო უფროსების თხოვნას კი დაჰყვა, თუმცა მაინც უკმაყოფილო სახით გასწია საძინებლისკენ. მიმი სამზარეულოს კარიდან აკვირდებოდა და როგორც კი ბიჭმა, ოთახის კარი მიიხურა, მაშინვე ფიფოს კაბინეტში გაჩნდა. 
- ახლა კარგად მომისმინე! - მკაცრად მიმართა მწირს. 
- შენ მომისმინე ყურადღებით! - არანაკლებ მკაცრი ხმით მიუგო მწირმა. 
- რა გინდა ჩემი ცხოვრების.... 
- მომისმინე! - კვლავ შეუტია მწირმა. - შეგიძლია, რამდენიმე წუთი დამითმო?
მიმიმ უკმაყოფილოდ გააქნია თავი. თვალებიდან ლამის ნაპერწკლებს ყრიდა. 
- დაჯექი! - მწირის ცივი ხმაც საშინლად ჟღერდა და მიმის ყურსაც ყინულის ნამსხვრევივით მოხვდა. 
- მხოლოდ ხუთ წუთს გაძლევ. - მიუგო მიმიმ. - ეს იქნება ბოლო და უკანასკნელი შენი მოსმენა და ამის მერე, უკვალოდ გაქრები ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ცხოვრებიდან! 
- დაჯექი. - კვლავ გაიმეორა მწირმა, თუმცა ამჯერად შედარებით უფრო რბილი ხმით მიმართა. 
მიმი უხალისოდ ჩამოჯდა. 
- ამოიგდე თავიდან, რომ ოდესმე მიცნობდი. - დაიწყო მწირმა, რასაც მიმის ცინიკური შენიშვნა მოჰყვა. 
- და ცხოვრება დავიწყოთ თავიდან! - ღვარძლიანად მიახალა მიმიმ. - ჰაჰ! აბა, რა სჯობს ახალი, სუფთა ფურცლიდან დაწყებას! 
მწირმა არაფერი უპასუხა, მხოლოდ მსუბუქად ამოიხვნეშა. მიმიმ კი განაგრძო: 
- არ გამოვა ისე, როგორც შენ გინდა! - განგმირავი მზერა სტყორცნა მიმიმ. - ფიქრობ, რომ ფიფო, უკვე სათვალავში აღარ არის და ახლა შენთან ერთად, ბედნიერად გავაგრძელებ ცხოვრებას?! ასეა?! ამის სათქმელად მოხვედი, არა? ჰმ. - მიმიმ თავი გააქნია. 
მწირს არც ახლა ამოუღია ხმა, მხოლოდ თვალს არ აშორებდა გაცეცხლებულ მოსაუბრეს. მიმიმ კი მის მწველ მზერას რომ ვეღარ გაუძლო და თვალის არიდება რომ დაეფარა, წამოდგა და კარისკენ მიუთითა, ამ დაუპატიჟებელ და არასასურველ სტუმარს. 
- ხომ გავარკვიეთ უკვე, რისთვისაც მოხვედი! - დაიწყო მიმიმ. - ჰოდა, ახლა ადექი და წადი! მიბრძანდი ჩემი სახლიდან! შენ აქ, არაფერი გესაქმება! შენი აქ არაფერი არ არის და ნუ მირევ, ისედაც აწეწილ ცხოვრებას! 
- მიმი, შენ მშვენივრად იცი, რომ ძალიან ადვილად შემიძლია მოვითხოვო, ის რაც ჩემია. - მშვიდი ხმით დაიწყო მწირმა. - უფრო სწორად ის, ვინც ჩემია და... 
- და, რა?! - მიმის ხმა აუკანკალდა. შიშისგან ისიც კი ვერ გაიაზრა, რომ ეს კაცი, ასე საჯაროდ ვერ გამოჩნდებოდა. 
მიმის შეშინებულ თვალების შემხედვარე მწირს მდარედ ჩაეღიმა. 
- მესმის შენი. - ამოიხვნეშა მწირმა. - მაგრამ მაინც უნდა მომისმინო, მიუხედავად იმისა, მენდობი თუ არა. 
- რომელ ნდობაზეა საუბარი? - სასოწარკვეთილი ხმით მიუგო მიმიმ. - აღარ მინდა შენი მოსმენა! აღარასდროს არ მინდა, რომ მოგისმინო! დაგვანებე თავი! შეგვეშვი და არასდროს გაეკარო ჩემს შვილს! 
- და მაინც მოგიწევს მოსმენა. - კვლავ აუღელვებლად უპასუხა მწირმა. 
- რა? რა უნდა მოგისმინო? - მიმიმ ცინიკურად გააქნია თავი. - შენ ხომ არ გგონია, რომ ბავშვით დამაშანტაჟებ? არც გაიფიქრო! არ მეშინია შენი და არც არანაირი პირობითა და თხოვნა-მუქარით ვაპირებ შვილის დათმობას, ვერ წამართმევ! ვერა! 
- წართმევა რომ მინდოდეს, მაშინ არც დავაბრუნებდი სახლში. - მწირს ისევ მშვიდი ხმა ჰქონდა. 
- ჰმ, აღიარე როგორც იქნა, რომ შენივე გატაცებული, შენვე დააბრუნე! - მიმი კვლავ სასტიკი მზერით უმზერდა. - ჰოდა, წადი! არაფერს გერჩი, რაც გვაწვალე გეყოს და შეგრჩეს, ოღონდაც ახლა თავი დაგვანებე. - მიმი წამით შეყოვნდა და შედარებით, უფრო დაბალი ხმით ჰკითხა. - რამდენი გინდა? 
მწირმა ღიმილით გააქნია თავი, მერე სავარძელში შესწორდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და საკმაოდ მშვიდი ხმით უპასუხა: 
- ერთი წყვილი ფეხსაცმელი, რამე ისეთი ტანსაცმელი, რომ ასეთ მათხოვარსაც არ ვგავდე, შედარებით გამართული ლეპტოპი, თუ გინდა, შენი დამითმე, მხოლოდ ჯერ უნდა ვნახო, რამდენად გამომადგება და მანქანა, მარკას მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია გზაში არ გაჩერდეს და სამუდამოდ არ დადუმდეს. 
- ბინასაც გიშოვნი და თანხასაც დაგირიცხავ, ყოველ თვე. - მიუგო მიმიმ. - მხოლოდ იმ პირობით და თანაც ამას, ოფიციალურად მოვითხოვ, რომ ჩემს ოჯახს, ახლოსაც არ უნდა გაეკარო! შევთანხმდით?! 
- თითქმის. 
- როგორ თუ თითქმის? - გაცეცხლდა მიმი. - რას მოითხოვ? რა გინდა კიდევ, მითხარი და მოვრჩეთ! 
- მხოლოდ თქვენი უსაფრთხოება მინდა. - ისევ მშვიდი ხმით მიუგო მწირმა. - თქვენი, ყველასი და თუ არ მომისმენ ბოლომდე. - მწირმა ოდნავ აუწია ხმას. - არსადაც არ წავალ! ფეხსაც არ გავადგამ აქედან! 
- პოლიციას გამოვუძახებ! - მიმიმ მაგიდისკენ გაიხედა, სადაც არც თუ ისე დიდი ხნის წინ დიმეოს მოტანილი მობილური იდო, მაგრამ ლამის სუნთქვა შეეკრა, როცა შეამჩნია, რომ მწირს უკვე ხელში ეჭირა და ნორმის აკრეფას ცდილობდა. 
- პირდაპირ პოლიციის განყოფილებაში დავრეკო, თუ ჯერ მაინც, მეგობარ დეტექტივს დავურეკოთ? - მწირის ხმაში ირონიამ გაჟონა. 
მიმის ფერი წაუვიდა და ძლივს ამოილუღლუღა: 
- მომეცი ტელეფონი... 
მწირმა მაშინვე გაუწოდა. 
- მთელ სამეზობლოს შევყრი, თუ ახლავე არ წახვალ ჩემი ცხოვრებიდან! - მიმიმ მობილური ჩამოართვა. 
- თუ ასე გეშინია ჩემი. - მიუგო მწირმა. - შეგიძლია მართლა ჩამაბარო პატრულს, თუმცა იცოდე, რომ არ გავჩერდები და აი მაშინ, მართლა მოვითხოვ ჩემსას, ამიტომ ყველა და ყველაფერი თავის ადგილზე, ან ისევ ისე რომ დარჩეს, როგორც ახლა არის, ჯერ ბოლომდე მომისმინე და მერე უკვე, მართლა შენი გადასაწყვეტი იქნება. 
- ესე იგი, მაინც შანტაჟით ცდილობ, რომ... 
- მიმი, სხვა გზას არ მიტოვებ, რომ ელემენტალურად, სულ რამდენიმე წუთი დამითმო და მომისმინო. - მიუგო მწირმა. - ამდენ ხანში, ალბათ უკვე ათჯერ მაინც გეტყოდი სათქმელს და რატომ წელავ დროს? ხომ გინდა რომ დროულად მომისმინო და... 
- და მომწყდე თავიდან! - ცინიკური ხმით დაასრულა მიმიმ. 
მწირმა ღიმილით გააქნია თავი და მიმისაც სხვა გზა აღარ ჰქონდა, მის მოსასმენად ჩამოჯდა. 
- გათენდება თუ არა, დაითხოვე ექთანი და გაუშვი დაცვა! 
LEX. 2022 წლის 27 ნოემბერი, კვირა.

No comments:

Post a Comment