Sunday, September 4, 2022

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 144)

144. 
ჩუკის რამდენჯერმე მოუხდა ერთი და იმავეს გამეორება, ცუდად ხომ არ ხარო და როგორც იქნა, დიმეომაც პასუხი აღირსა: 
- არ მომწონს აქაურობა! - უსიამოვნოდ გააჟრჟოლა ბავშვს. 
- აბა, მოსაწონი აქ რა უნდა იყოს? - ღიმილით მიუგო ჩუკიმ. - კლინიკაში მხოლოდ საჭიროების მიზნით მოდიან და არა გასართობად ან გულის გადასაყოლებლად. 
- წავიდეთ რა აქედან! - ბიჭს სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა. 
- წავედით. - კვლავ ღიმილით მიმართა ჩუკიმ, მერე ხელი მხარზე ძმაკაცივით მოხვია და იქაურობა დატოვეს. 
გზაში არც ერთი ხმას არ იღებდა. ადვოკატს ცალკე თავისი პირადი პრობლემა აწუხებდა და ცალკე კიდევ ბავშვის ასე უეცრად შეცვლილი ხასიათი ადარდებდა, თუმცა ვერაფერი ჰკითხა. მოგვიანებით კი დეტექტივს შეეხმიანა და დიმეოს ასეთ უეცარ გარდასახვაზე უამბო. 
- ისეთი სიხარულით მომყვებოდა. - უყვებოდა ჩუკი. - პასუხების მოლოდინში, ლამის გული ამოვარდნაზე ჰქონდა და სულ რამდენიმე წუთით დავტოვე დერეფანში და რომ გამოვედი, უკვე ისეთი ჩამქრალი თვალები ჰქონდა, რომ... 
- იქნებ, პასუხები არ მოეწონა? 
- კონვერტი მე მეჭირა, მე გამოვუტანე და არც კი გაუხსნია ისე მივიყვანე სახლში. 
- მდაა... - დეტექტივმა ამოიხვნეშა. - ვინმე ხომ არ შენიშნა, ისეთი ვინც... 
- ეგ მეც ვიფიქრე და რადგან არაფერი მითხრა და მეც ზედმეტად აღარ ჩავეძიე. 
- ჰო, თუ მის გულს არ უნდა, არც არაფერს გეტყვის, რაღაცნაირი მძიმე ბავშვია, მიუდგომელი. 
- ძალიან ჭკვიანი ბავშვია და მაგიტომაც არის ასეთი გულჩახთრობილი. თანაც, რამდენი რამ გადაიტანა და ახლა, მამამისის მდგომარეობის გამო, კიდევ რამდენს უძლებს მისი პატარა გული.
- ჰო, ჰო. - გალეომ ამოიხვნეშა. - კარგი, ვნახავ მერე მე და დაველაპარაკები. 
ჩუკი დეტექტივს გამოემშვიდობა, ტელეფონი გათიშა და ღრმა ფიქრებს მიეცა. ღირდა თუ არა კვლავ ოპერაციის გაკეთება, ნუთუ ისევ იმდენი წვალება უნდა გადაეტანა? თუმცა შედეგი სახეზე იყო, პირველი ოპერაციის შემდეგ ამდენი წელი იყო გასული და თავს მშვენივრად გრძნობდა სანამ... 
„არა, ჯერ არავის ვეტყვი, სანამ მართლა კარგად არ გავარკვევ ყველაფერს და თუ მართლა საჭირო იქნება, აუცილებლად გავიკეთებ ოპერაციას. სულაც არ მეშინია, რადგან სიცოცხლე მინდა, მჭირდება სიცოცხლე!“ 
დიმეოსაც არ ეძინა იმ ღამით, ლამის თავზე დაათენდა, მერე მიმის საძინებელში ფეხაკრეფით შევიდა და ფრთხილად შეუწვა. 
დილით მიმის სასიამოვნო სიურპრიზივით დახვდა სანუკვარი პირმშო საწოლში. დიმეოს ისე მშვიდად ეძინა, არც კი ეტყობოდა რომ ღამე თეთრად გაათენა, მიმის კი ერთი სული ჰქონდა, ბავშვი გემრიელად ჩაეკოცნა, მაგრამ მის გაღვიძებას მოერიდა. 
ბავშვმა უხალისოდ ისაუზმა. აშკარად რაღაც აწუხებდა და მიმიც მშვენივრად ამჩნევდა, მაგრამ ძალიან კარგად იცოდა მისი ბიჭის ხასიათი, ძალით ვერაფერს ათქმევინებდა, ამიტომაც ელოდა, დიმეო როდისღა ამოღერღავდა სათქმელს, მაგრამ ბავშვი დუმდა და სიტყვის დაძვრასაც არ ფიქრობდა. 
- იმ სოფელში როდის გინდა წასვლა? 
მიმის შეკითხვამ ბიჭი ფიქრებიდან გამოიყვანა. 
- რა ვიცი. - მხრები აიჩეჩა დიმეომ. 
- მოიფიქრე და მეც წამოგყვები.
ბიჭმა არაფერი უპასუხა. მხოლოდ, უკმაყოფილოდ შეავლო დედას თვალი.
- რა სახე გაქვს? - გაეცინა მიმის. - წამოგყვები, დაგაბინავებ! თან, გადავხედავ რა იქნება საჭირო, რომ მერე ჩამოვატანინო ჩვენს ბიჭებს. 
დიმეომ თანხმობის ნიშნად, ცივად დაუქნია თავი.
- გატყობ, არ გინდა რომ მეც იქ დავრჩე, არა? - მიმი ღიმილს ძლივს იკავებდა.
- მერე მამა? - როგორც იქნა ამოღერღა ბიჭმა. - მამას მარტო დატოვებ?
- ჰმ. - მიმის სევდიანად გაეღიმა. - აბა მამიკოს, ასეთ მდგომარეობაში, როგორ დავტოვებ? 
დიმეომ არაფერი უპასუხა. თუმცა, აშკარად ჩანდა, რომ მოეწონა დედის პასუხი.
- ისე... - განაგრძო მიმიმ. - ბებიაშენმა კი შემომთავაზა, მე დავრჩები ჩემს შვილთანო და შენ შენი შვილი წაიყვანე დასასვენებლადო, მაგრამ აბა, როგორ? რა გულით დავისვენებ სადმე?
- ჰო... რა ვიცი... - დიმეომ ისე აიჩეჩა მხრები, თითქოს მართლა სწყინდა, რომ დედის გარეშე მოუწევდა დასასვენებლად წასვლა. 
- მოკლედ, ამ კვირაში წავიდეთ! ძანეც უკვე კვირის ბოლოს მიჰყავთ და... - მიმი თვალს არ აცილებდა ბავშვს. 
- წაიყვანონ მერე. - კვლავ მხრები აიჩეჩა ბიჭმა. 
- შენ შემთხვევით, ძანეზე ხომ არ ხარ ნაწყენი? - მიმიმ თვალებში ჩახედა. 
- არა, ძანე რა შუაშია?! - ხმამაღლა წამოიძახა დიმეომ. 
- და რა გაყვირებს, მერე? - ღიმილით უსაყვედურა მიმიმ. - შენ რაღაც სულ სხვა რამ გაწუხებს და... 
- ჰოდა, მეც მაგას არ გეუბნები, რომ ძანე რა შუაშიაო? - დიმეო შეეცადა, ყურადღება ისევ ძანეზე გადაეტანა. 
- არა, ძანე, მართლაც არაფერ შუაში, მაგრამ ჩემს ბიჭს რომ რაღაც აწუხებს, ამას კი ვხედავ. - მიმი წინ გადმოიხარა და ახლა უფრო მეტად ჩახედა შვილს თვალებში. - აბა, რა გგონია? დედის გულს რამე გამოეპარება? 
დიმეომ დედის დაჟინებულ მზერას ვერ გაუძლო და თვალი აარიდა. 
- მითხარი შვილო, რა გაწუხებს და შევეცდები, ყველანაირად გვერდში დაგიდგე. ხომ იცი, რა დღეშიც ვართ ყველანი, არა? ახლა კიდევ ახალი დარდი უნდა გამიჩინო? 
- რა დარდი გაგიჩინე? 
- ჩემს შვილი აშკარად რაღაცაზე წუხს და დედას გული უკვდება! შენ მაინც ნუღარ მკლავ და ნუღარ მიმატებს ზედმეტად დარდს. 
დიმეომ არაფერი უპასუხა. მიმიმ კი განაგრძო: 
- ხომ იცი, ჩვენ როგორი სამეგობრო და სანათესაო წრე გვყავს? - მიმიმ წამით იყუჩა და მერე რაც შეიძლებოდა, დაბალი ხმით განაგრძო. - ძალიან ბევრი ისეთი რამის საშუალებაც გვაქვს, რაც ბევრს სიზმრადაც არ მოელანდება და შენ რა დარდი გაქვს ასეთი მოუგვარებელი? იქნებ, სულაც უბრალო რამეზე დარდობ და განიცდი? 
- არ შეიძლება, უბრალოდ რომ მოწყენილი ვიყო? - დიმეომ შუბლი შეკრა. 
- კარგად გიცნობ, დიმეო. - თითი დაუქნია მიმიმ. - შენ, და ასე უბრალოდ?.. 
ბიჭმა ვერაფერი უპასუხა და მზერა ახლა ფიფოს პალატისკენ გადაიტანა. 
- ვიცი, დეე მამაზე როგორ დარდობ. - განაგრძო ისევ მიმიმ. - რაც შემიძლია ვაკეთებ და ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ ასეთმა კეთილმა ხალხმა მიშვილა, კეთილმა და საკმაოდ შეძლებულმა, თორემ აბა ახლა ამხელა ხარჯს როგორ შევძლებდი? ხედავ დიმეო? სხვა ბევრისთვის მიუწვდომელი შევძელი დეე და შენ რა გიჭირს ასეთი, რომ მოუგვარებელი გგონია? თუ ფინანსებს ეხება, აქ ვარ და უარი არასდროს არაფერზე მითქვამს შენთვის და თუ ვინმე გჩაგრავს ან გავიწროებს, უამრავი მეგობარი გვყავს და მაგასაც ისე მოვაგვარებთ რომ... 
- არა, დეე! არავინ მჩაგრავს! - მკვირცხლად მიუგო დიმეომ.
- ნუ, კარგი მაშინ, რადგანაც სიმშვიდეა... - მიმი წამოდგა და ის იყო, სამზარეულოდან უნდა გასულიყო, რომ დიმეოს ხმამ შეაჩერა. 
- დეე! 
მიმი გაიტრუნა, მაგრამ ბიჭისკენ არ მოუხედავს, რადგან ღიმილის დაფარვას ცდილობდა. 
- დეე, რაღაც რომ გთხოვო, მხოლოდ დროებით რომ არ მკითხო რატომ. - დაიწყო დიმეომ. - უბრალოდ, შეგიძლია ისე გამიწიო დახმარება, რომ... 
- კარგი. - მიმი ბავშვისკენ მობრუნდა. - გისმენ აბა. 
- და მართლა, არაფერს მკითხავ? 
- ამ ეტაპზე არა, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ მოგვიანებით ყველაფერს ამიხსნი. 
- კარგი! - თავი დაუქნია ბიჭმა. 
- გისმენ, აბა. - მიმი კვლავ დიმეოს პირისპირ დაჯდა. 
- ააა აარაფერი ისეთი... - ენის ბორძიკით დაიწყო ბიჭმა. - უბრალოდ ვიფიქრე, რომ მამას მანქანა მაინც ამდენი ხანი ტყუილად დგას და... 
- და შენ გგონია, რომ მამა ვერასდროს... - მიმის ხმა გაებზარა. 
- არა, დეე! არა! - წამოიძახა ბავშვმა. - მხოლოდ ის გითხარი, რომ ამდენი თვეა უძრავად არის და იცი, რომ ასე უფრო ფუჭდება? 
- კი, ეგ კი ვიცი. - ამოიხვნეშა მიმიმ. 
- მერე სანამ მამა წამოდგება და რეაბილიტაციას გაივლის, კიდევ ვინ იცის, რამდენი ხანი გავა და ასე ერთ ადგილას გაჩერებული კიდევ უფრო მოძველდება, ვიდრე ვინმემ მაინც რომ ატაროს. 
- დიმეო! შენ ძალიან პატარა ხარ იმისთვის, რომ მანქანა მართო! - უსაყვედურა მიმიმ. 
- არა, დეე! მე არა! 
- მაშინ, გინდა რომ ვინმეს ვაჩუქოთ? - ჩაეკითხა მიმი.
- გავყიდოთ! 
- გავყიდოთ? - გაუკვირდა მიმის.
მართალია, ბავშვმა მშვენივრად იცოდა, ოჯახის ფინანსური მდგომარეობა და ამისთვის, სულაც არ იყო ფიფოს მანქანის გაყიდვა აუცილებელი და საჭირო, მაგრამ მიმი გუმანით გრძნობდა, რომ ბიჭს, რაღაც სულ სხვა სურვილი ამოძრავებდა, მაგრამ რა? 
- სანამ ჯერ კიდევ უფრო არ მოძველდა, სჯობს მანამდე გავყიდოთ! - განაგრძობდა დიმეო „ჭკუის დარიგებას“. - თორემ, მერე უფრო იაფად გაიყიდება და... 
- და, რა? - ჩაეძია მიმი. - შენ ფიქრობ, რომ ამით ხარჯი შეგვიმსუბუქდება, არა? 
დიმეომ უხმოდ დაუქნია თავი, თუმცა თვალი მაინც აარიდა. 
- ჯერ არის საკმარისი საშუალება და მერე თუ დაგვჭირდა... - მიმი შეჩერდა ბავშვს თვალს არ აცილებდა, ის კი მზერას ვერ უსწორებდა. 
მიმი წამოდგა, გასასვლელისკენ გაემართა, ეგონა დიმეო კიდევ დააწევდა სიტყვას, თუმცა თავადაც ვეღარ მოითმინა. 
- ისე მართალი ხარ, ხომ იცი? - მიმიმ ღიმილით გამოხედა გაბუსულ ბავშვს. - ახლა უფრო მეტს გადაიხდიან მამას მანქანაში, ვიდრე მართლაც რამდენიმე თვის მერე. 
- ჰოდა, მეც მაგას არ გეუბნები? - გამოცოცხლდა ბიჭი. 
- მოკლედ, ვყიდით! - გამოაცხადა მიმიმ.
- ჰო! 
- მიუხედავად იმისა, რომ ეს ფული, ჯერ მაინც არ გვჭირდება. - მიმი ბავშვს, კვლავ დაჟინებით უმზერდა.
- ჰო, გავყიდოთ! - თავი დაუქნია ბიჭმა და კვლავ თვალი გაექცა გვერდით. - მამიკო რომ ადგება, მერე მე ავუხსნი და არ ეწყინება, ასე უკითხავად რომ გავუყიდეთ. 
- ოღონდაც მამიკო ადგეს და ისეთ მაგარ მანქანას ვუყიდი! - შემართებით დაიწყო მიმიმ. - ისეთ მაგარს, რომ მგონი მსოფლიოში, მარტო ფიფოს ექნება და თუ საჭირო გახდება, ჩემს მანქანასაც გავყიდი! ამ სახლსაც ზედ მივაყიდი! ბოლოს და ბოლოს, ქუჩაში ხომ მაინც არ დავრჩებით, ბებოებთან ვიცხოვრებთ!
- დეე, ისე შენი მანქანაც გაგეყიდა, ბარემ. - ღიმილით შენიშნა დიმეომ. 
- მართალი ხარ შენ. - ჩაეცინა მიმის. - ერთი თვეა, უკვე ისედაც ვერიდები საჭესთან ჯდომას, მერე კიდევ როდისღა შევძლებ და მაინც ახლის ყიდვის სურვილი გამიჩნდება. 
- მოკლედ, ორივე მანქანას ვყიდით და იმ ფულს... 
- დიმეო, ფული გჭირდება დედი? 
დიმეომ ამოიხვნეშა და თავი ჩაღუნა. მიმიმ ბავშვის სახე ხელებში მოიქცია. დიმეოს თვალები უკვე სავსე ჰქონდა, ცოტაც და ცრემლებსაც ვერ შეიკავებდა.
- მითხარი, დეე, რისთვის გჭირდება და მართლა მოგცემ, უარს არ გეტყვი. 
- არ შემიძლია. - დიმეომ დედის ხელებისგან თავი გაითავისუფლა. - ხომ გთხოვე, რომ არ მკითხოო და თუ შეგიძლია რომ დამეხმარო, ისე დამეხმარე, რომ არაფერი მკითხო. 
- და შენ გინდა, რომ ამ ორივე მანქანის ფული მოგცე და თან, არაფერი გკითხო? - ცოტა არ იყოს, წყენით უთხრა მიმიმ. 
- ჰო! დიახაც, ეს მინდა, რომ არაფერი მკითხო! იმდენად მენდობოდე, რომ არაფერი მკითხო, ნუთუ არ შეიძლება? - წყენითვე მიუგო დიმეომ. 
- ნდობა ერთია და... 
- და რა? - ბიჭმა წარბები შეკრა. 
- იქნებ, დეე, რაღაც არასწორ ნაბიჯს დგამ და არ უნდა ვიცოდე, რომ გვერდში დაგიდგე? იქნებ, უფრო მეტად შემიძლია დახმარება, ვიდრე ამ ორივე მანქანის საფასურია და... 
- ვერაფერს გეტყვი. - თავი გააქნია ბიჭმა. - თუ შეგიძლია, რომ მასესხო ეს ფული, მართლა ძალიან მჭირდება, დასახმარებლად მჭირდება და ვერ გეტყვი ახლა. 
რამდენიმე წუთით, დუმილი ჩამოწვა. მერე მიმი ამოიხვნეშა და ბიჭი გვერდით მოისვა. 
- ძალიან არ მიყვარს იმ ამბების გახსენება, მაგრამ... - დაიწყო მიმიმ. - როცა იმ მტარვალებმა, შენი სიცოცხლისთვის გამოსასყიდი მოითხოვეს, ფიფოსთვის არც კი მითქვამს, ისე გიჟივით გავვარდი. იმ დროს ვერც ვაცნობიერებდი, თუ რატომ არ უნდა მოვქცეულიყავი ასე. მეგონა ფული, ყველაფერს წყვეტდა და როგორც კი ჩავუთვლიდი, მაშინვე შენს თავს დავიბრუნებდი, მაგრამ სულ სხვა რამ მოხდა და ჩემმა არასწორმა ქმედებამ, კინაღამ ჩემი სიცოცხლეც შეიწირა. 
დიმეო დედას მოეხვია.
- და არასწორი, განა თვითონ ფულის დახარჯვა იყო, არამედ ჩემი მხრიდან, მისი არასწორი მიწოდება. - განაგრძო მიმიმ. - ზუსტად იმ არასწორად გადაცემას მოჰყვა ის შედეგი, თუმცა მაინც რაღაც განგებამ არ გამწირა და შენი თავი საღ-სალამათი დამიბრუნა.
- დეე, რაღაც განგებამ კი არა, მწირმა მიშველა და გადამარჩინა! 
- ჰმ, წარმომიდგენია, როგორ გენატრება. - მიმის ნაღვლიანად გაეღიმა. - აქ ფულზე კი არ იყო დედიკო საქმე, მაგრამ სხვა შემთხვევაში, რომელი მშობელიც ასე თავქარიანად მოქცეულა, ძალიან ხშირად საშინელი შედეგით დამთავრებულა. აი, ამიტომაც მინდა ვიცოდე, დეე, რა ხდება შენს თავს და საკმაოდ დიდი თანხა, რისთვის გჭირდება?
წუთით სიჩუმე ჩამოვარდა. 
- ძალიან მინდა, ერთ ადამიანს დავეხმარო, მხოლოდ... - ბიჭი გაჩუმდა. - არც კი ვიცი, როგორ მივაწოდო, რომ არ აიღოს? არადა, ვიცი რომ ძალიან, ძალიან უჭირს და ძალიან ბევრი ფული სჭირდება. 
- მერე? - მიმი ბიჭს მოეხვია. - როდის მითქვამს ვინმესთვის დახმარებაზე უარი? მომიყევი რაც ხდება და ერთად დავეხმაროთ. 
- არა, დეე. საქმე სულ სხვანაირად არის და არ უნდა რომ ვინმემ იცოდეს, მეც სრულიად შემთხვევით გავიგე და მინდა ისე დავეხმარო, რომ უარი არ მითხრას.
მიმი წამით ჩაფიქრდა და მერე ბავშვს მზერა გაუსწორა. 
- კარგი! გავყიდოთ ეს ორივე მანქანა და მოგცემ ორივეს ფულს, მხოლოდ მერე ყველაფერს მეტყვი იცოდე. 
- დეე! შენ ყველაზე მაგარი დედიკო ხარ, მსოფლიოში! - დიმეო ძლიერად მოეხვია დედას. 
- ფული რომ არ მომეცა მაშინ არ ვიქნებოდი მაგარი? - გაეცინა მიმის. 
- რომ მენდობი, მაგიტომ, თორემ რამდენს აქვს და ენანება. 
- არც მენანება, მაგრამ არც იმდენად სულელი ვარ, რომ უაზროდ გადავყარო, შენც ხომ იცი დეე, დღეს ჩვენ რამდენი ხარჯი გვაქვს და კიდევ ვინ იცის, წინ რამდენი რამ გველოდება, აქეთ კიდევ პატარასაც რამდენი რამ დასჭირდება, ამიტომ ახლა რადგან ასე გულით მთხოვ, სრულიად გენდობი და იმედია, ცუდს არაფერს ჩაიდენ. თუ მართლა იმ ადამიანს ჩვენზე მეტად სჭირდება დახმარება, დავეხმაროთ და არც არაფერი მინდა მისგან სანაცვლოდ. 
- დეე, მე ყველაფერში მოგეხმარები, პატარა რომ გაჩნდება, სულ შენს გვერდით ვიქნები და ასე ხშირადაც აღარ წავალ ძანესთან. 
- დახმარებით უნდა დამეხმარო, მაგრამ იცოდე რომ მონა არ ხარ. - გაეცინა მიმის. - კარგი მაშინ გაემზადე და წაგიყვანენ ჩვენი ბიჭები იმ სოფელში, ვეტერინარ ბაბუსთან ხომ გინდოდა? 
- დღეს? 
- არ გინდა დღეს? 
- ძანე ზეგ მიდის. 
- და შენც ზეგ გინდა წასვლა? - გაეცინა მიმის. - კარგი, იყოს ზეგ! 
- მაშინ დღეს, ძანესთან დავრჩები! - გაიკრიჭა დიმეო. 
- კარგი. კარგი. - ეცინებოდა მიმისაც. 
დიმეოს კი თავისი გათვლები ჰქონდა. ძანესაც გამოემშვიდობებოდა, იქ დარჩებოდა და თან იმ მოხუც ბებოსაც მოინახულებდა და გახარებული ამცნობდა ანალიზის პასუხებსაც, რომელსაც ჯერ კიდევ უმალავდა დედას, რადგან შესაფერისი დრო უნდოდა შეერჩია. ტესტმა მართლაც დაადასტურა, რომ იმ მარტოხელა უხუცეს ბებოს დიმეო, მესამე თაობის ნათესავად ეკუთვნოდა, ესე იგი, შვილთაშვილად. მშვენიერი იყო, თან ამ ყველაფერთან ერთად, ისიც უხაროდა, რომ როგორ სულ ადვილად დაითანხმა დედა ფულის მიცემაზე.
ცალკე მიმი იყო საგონებელში ჩავარდნილი, ვისთვის სჭირდებოდა ბავშვს ამხელა თანხა? იქნებ, ეს სულაც არ იყო დახმარება და ბიჭი რაღაც შარში იყო გახვეული. 
„მივცემ ამ ფულს, ასე უმჯობესია, რომ მე მივცე, ვიდრე ფულის საშოვნელად, რამე უბედურება არ მოიწიოს, მაგრამ რად უნდა ბავშვს, ამხელა თანხა? 
აუცილებლად, გალეოს უნდა შევატყობინო. მხატვარს ვეტყვი, რომ თვალი ადევნოს, ჩუკისაც ვთხოვ დახმარებას.“
ფიქრობდა მიმი და ამ ღრმა ფიქრებიდან, დიმეოს წკრიალა ხმამ გამოარკვია. 
- დეე! ამ შარვალს ეს პერანგი უფრო მოუხდება, თუ ეს? 
დიმეოს უკვე კიბეზეც ჩამოერბინა და დედას ცხვირწინ პერანგები აუფრიალა. მიმი გახევდა, სახეზე ღიმილი შეეყინა, როცა დიმეოს მკერდზე კარგად ნაცნობი ჯვარი შენიშნა, თუმცა მკერდზე კი არა, გრძელი ვერცხლის ჯაჭვი, ლამის ჭიპამდე სწვდებოდა. ისე მიანიშნა ეს პერანგზე ეს სჯობსო, რომ წესიერად არც კი შეუხედავს. დიმეოს კი არაფერი შეუნიშნავს, ისე იყო აჟიტირებული და სანამ ბიჭი გამოიკაზმებოდა, მიმიმაც გონება მოიკრიბა, გალეოს შეეხმიანა, ბავშვისთვის მანქანის გამოგზავნა სთხოვა. ბოლოს კი დასძინა, შენც გამოყევიო. 
დეტექტივიც მაშინვე მიუხვდა, მიმი ტყუილად არ დაიბარებდა, მიპატიჟებაც რაღაცნაირად ცივი და მშრალი იყო. 
დიმეო ჯერ კიდევ პერანგებს ირგებდა, რომ ახალ გაღვიძებული მხატვარი თვალების ფშვნეტით გამოვიდა საძინებლიდან და დიმეოს მკერდზე მისთვისაც კარგად ნაცნობი ჯვარი შენიშნა თუ არა, მაშინვე თვალები დაჭყიტა. ბიჭი კი ისე იყო გართული თავის მოკაზმვაში რომ არც დედის რეაქცია შეუნიშნავს და არც მხატვრისთვის მიუქცევია ყურადღება. 
ბავშვი ძანესთან გაუშვეს თუ არა, ჩუკიც მაშინვე მიმისთან გაჩნდა. მიმიმ ბიჭებს დიმეოს ფულის თხოვნის ამბავი მოუყვა. იქნებ, თქვენ მაინც იცოდეთ, რამეო. 
- და იქნებ, ბავშვს რაღაც სიურპრიზის მოწყობა უნდა? - დაიწყო ჩუკიმ. - როგორი გონება გახსნილი ბიჭია, არა მგონია, რამე ცუდს აპირებდეს.
- ბავშვი მართლა რაღაც საფრთხეში არ იყოს გარეული. - ჩაურთო დეტექტივმა, რაზეც მიმიმ თავი დაუქნია. 
- კარგით, რაა. - მხატვარმა თავი გააქნია. - ჭკვიანი ბავშვია და თუ აძლევ ფულს, მიეცი! ცუდს არაფერს გააკეთებს ხომ იცნობ, არა? 
- კი მაგრამ. - კოპები შეკრა მიმიმ. - ბავშვი, ორი მანქანის ფულს მთხოვს და... 
- მაშინ რადგან შეპირდი, უნდა მისცე. - მიუგო მხატვარმა. - სჯობს ისევ შენგან, ასე ვთქვათ, იშოვნოს, ვიდრე... 
- ჩემი ბიჭები ყველანაირად, თვალყურის დევნას ისე დაუწყებენ, რომ დიმეოს, წარმოდგენაც კი არ ექნება! - ამაყად აღნიშნა დეტექტივმა.
- დარწმუნებული ხარ, რომ ვერ მიგიხვდება? - ჩაეცინა მხატვარს. - ახლა უფრო ფრთხილად იმოქმედებს, ვიდრე ოდესმე.
- არა მგონია, ასე ადვილად გამოთვალოს! - ცინიკური ხმით მიუგო გალეომ. - არც ფორმიანები არიან, არც წყვილ-წყვილად დადიან და არც პატრულის მანქანით და თანაც, ყოველ დღე იცვლებიან! ის ვინც დღეს ადევნებს თვალს, დაახლოებით ზეგ ან მაზეგ, ისევ იქნება მორიგე და ასე შემდეგ!
- და მერე, შედეგი? - კვლავ ჩაიქირქილა მხატვამა. - რა ჩაიდინა ამ ბოლო დროს ჩემმა ნათლულმა? სად დაძვრებოდა? 
- ზუსტად იქ დადის და იმ ხალხთან ერთად არის, რასაც მიმის უყვება! - დეტექტივის ხმაში სიამაყე იგრძნობოდა. - ხან პარკშია კლასელებთან ერთად და იქაც ჩვეულებრივ ერთობა, როგორც ყველა, ან ძანესთან ერთად არის!
- და მეტი მართლა არსად გასულა? - იკითხა მიმიმ. 
- ორჯერ, ჩემთან ერთად იყო, ეს ითვლება? - ჩაურთო ჩუკიმ. 
ყველას გაეღიმა. 
- აი, ხომ ხედავთ, არა?! - მხატვარმა ყველას სათითაოდ მოავლო თვალი. - ეს ის იდეალური ბიჭია, რომელსაც შეგიძლია ბოლომდე ენდო! 
- მამამისის შვილია და აბა, როგორ შეიძლება ფიფოს კაცი არ ენდოს? - თითქოს ნიშნის მოგებით დაურთო გალეომ, რაზეც მიმი ცოტა უსიამოვნოდ შეიშმუშნა და თვალი მხატვრისკენ გააპარა. მხატვარიც თითქოს უხერხულად აიწურა. 
დეტექტივს არაფერი შეუნიშნავს, მხოლოდ ადვოკატმა დაიჭირა მათი უცნაური მზერა, რაღაცნაირად ერთმანეთს რომ შეავლეს თვალი. რაღაც მსგავსი რამ ადრეც შეუნიშნავს აქ. თითქოს ამ ოჯახში, რაღაც თემაზე საუბარს გაურბოდნენ ან...
„ანდა, რა ჩემი საქმეა? ვინ მკითხავს ცხვირის ჩაყოფას, უსაყვარლესი მეგობრების ოჯახში?“ 
ჩუკის თავის თავზე, გულიც კი მოუვიდა და მართლაც არავის საქმე არ იყო, სხვისი ოჯახის საიდუმლო. ყველამ თავის თავს მიხედოსო, გაივლო ბოლოს გულში და შეეცადა აღარ მიექცია მსგავსი რეაქციებისთვის ყურადღება. ისედაც ბევრი სადარდებელი ჰქონდა. მალე დაქორწინებას აპირებდა. ულამაზესი საცოლე ჰყავდა, სიგიჟემდე იყვნენ ერთმანეთზე შეყვარებული და სასწრაფოდ უნდა მიეხედა თავისი ჯანმრთელობისთვის. სანამ დრო იყო, ის ჭირი უნდა მოეშორებინა, რომელიც ასე უჭამდა ორგანიზმს. 
„კიდევ კარგი, ჯერ მეტასტაზები არ არის წასული თორემ...“ 
ფიქრობდა ჩუკი. 
„ოპერაცია აუცილებელია, თორემ ოთხ წელსაც ვერ გაძლებო, ასე მითხრა იმ პროფესორმა და ოთხი წელი რა არის? სულ ოთხი წამია. ცოლს მოვიყვან და შვილის გაზრდასაც ვეღარ მოვესწრო? 
ამიტომ უფრო ვარ თანახმა! გავიკეთებ ოპერაციას და ჩემებს, მხოლოდ წინა დღით ვეტყვი, მანამდე არ მინდა, კიდევ ერთხელ გავუხეთქო გული, როგორც მაშინ.“
შვიდი წელი იყო გასული იმ პირველი ოპერაციიდან და მაშინაც ასე სასწორზე იყო მისი სიცოცხლე. არავინ აძლევდა იმედს, რომ გადარჩებოდა ან ოპერაციას მაინც თუ გადაიტანდა, მაგრამ ყველაფერი კარგად დამთავრდა და ახლა შვიდი წლის მერე ისევ შეახსენა მტარვალმა სენმა თავი. 
- რამ ჩაგაფიქრა? - ღიმილით შენიშნა მხატვარმა. 
- დიმეოზე ვფიქრობდი. - არ დაიბნა ჩუკიც. - იქნებ, მე უფრო მენდოს, რადგან თქვენთან შედარებით ყველაზე უმცროსი ვარ. 
- და რადგანაც ასაკობრივი სხვაობა, უფრო ნაკლებია, შენ გგონია, რომ უფრო მეტად გენდობა? - ჩაიქირქილა მხატვარმა. 
- ამ ორ მანქანას, ახლა ასეთ მდგომარეობაში, მეგობრების დახმარების გარეშე, ასე ჩუმად მაინც ვერ გავყიდი, მაგას დიდი მიხვედრაც არ უნდა. - ჩაურთო მიმიმ. - ბუნებრივია ჩნდება კითხვა, რად უნდა ასე პატარა ბიჭს, ამდენი ფული და ვიღაცამ ხომ უნდა ჰკითხოს. 
- დაანებეთ ბავშვს თავი! - გამოაცხადა მხატვარმა. - რაც უფრო ჩაეძიებით, მით უფრო ჩაიკეტება. კოჭებში ვიცნობ!..
...და ჩუკიმ კვლავ დაიჭირა მიმისა და მხატვრის რაღაცნაირი მზერა. 
- ჰოდა, მიეცი ეს ფული და მორჩა! - დაასკვნა გალეომ. - ჩემი ბიჭებს, ვერაფერს გამოაპარებს! სულ თან დასდევენ!
- მხოლოდ ქეშად ნუ მისცემ. - დაურთო ჩუკიმ. - ბარათით მიეცი და უფრო შეძლებ გაკონტროლებას. ბოლოს და ბოლოს, თუ ვინიცობაა ან წაართვეს, ან...
- კი, ეგ კარგი აზრია, მასე ვიზამ. - დაეთანხმა მიმი. - უფრო მშვიდადაც ვიქნები, რომც დაკარგოს ბარათი, მაშინვე ბანკიდანვე დავაბლოკინებ ბარათს.
ყველა დაეთანხმა და მიმიმაც შვებით ამოისუნთქა. ამ ეტაპზე, მართლაც რომ მეტს ვერაფერს მოახერხებდა. 
დიმეოს კი სული ელეოდა, სანამ ძანეს დაუძვრებოდა და იმ მოხუც ბებოსთან მოახერხებდა ასვლას და ესეც სულ ადვილად მოახერხა. მანქანიდან გადმოსვეს თუ არა, სადარბაზოდანვე შესძლო, იმ სხვა ეზოში ფარულად გასვლა. ცოტა კი გაუჭირდა, რომ შეუმჩნევლად დარჩენილი ყოფილიყო, რადგან გზად ვაჩეს ძმებს გადაეყარა, მათ კი წესიერად ყურადღებაც არ მიუქცევიათ, ისე იყვნენ თამაშში გართულნი. 
დიმეომ სიხარულით აუწყა მოხუც ბებოს ანალიზის პასუხები. ეგონა, ამ ამბის გაგონებაზე ქალი ემოციებს ვერ დაფარავდა, ათას შეკითხვას დაუსვამდა, მაგრამ შეცდა და საკმაოდ გაკვირვებულიც დარჩა, როცა მისი მდარე პასუხი მოისმინა. 
- რა საჭირო იყო ამდენი წვალება? - ცინიკურად აღნიშნა ქალმა. - ეგ ხომ, ისედაც ვიცოდი. როგორც კი დაგინახე, მაშინვე გიცანი. 
- და დედაჩემს, რატომ არ იცნობ? 
- დედაშენს არც ვცნობ! და არც ვიცნობ! მაგის ფეხი არ ვნახო აქ, თორემ შენც მიგაყოლებ! - სასტიკი ხმით მიაჩხავლა მოხუცმა.
დიმეო გაშრა.
- ახლა წადი! - კვლავ მკაცრი ხმით განაგრძო მოხუცმა. - დასვენება მინდა! 
დიმეო უხალისოდ გამოიძურწა იქიდან, თუმცა დარწმუნებული იყო, ქალი მაინც სულ სხვა ვიღაცაზე იყო ნაწყენი და კვლავ რაღაცას ურევდა. არაუშავსო, ფიქრობდა გულში ბიჭი, მერე დედასაც რომ გავაცნობ და იმასაც რომ დავამტკიცებ, რომ მისი შვილიშვილია აი, მაშინ ხომ მოულბება გულიო. 
- ვაიმე, ბებო ეს ლამაზი პერანგი, როგორ დაგისვრია? - შეწუხებული სახით შეავლო ძანეს ბებომ თვალი დიმეოს. 
დიმეო კი მართლაც იყო მტვერში ამოგანგლული, რადგან კვლავ შეუმჩნევლად უნდოდა ძანესთან შეძრომა. თითქოს შენიშნა კიდეც, სახლს უთვალთვალებდნენ. მის გამჭრიახ გონებას, არაფერი გამოეპარებოდა და ამიტომ თავი დაიზღვია და აი, ახალი პერანგიც დაესვარა.
- ცოტათი დიდი გექნება, ძანე შენზე დიდია ტანად. - ბებომ სუფთა მაისური გამოუტანა.
- ისედაც ჩემზე უფროსია. - გაეღიმა დიმეოს.
- მომეცი ბებო, გაგირეცხავ მაგ პერანგს და სახლში ისევ სუფთად გაგიშვებ. 
- ვაჩეს ძმები ეზოში ბურთს თამაშობდნენ და მეც ავყევი. - თავი იმართლა ბიჭმა და პერანგის ღილების შეხსნა დაიწყო. 
ძანე თითქოს ყურადღებას არც აქცევდა, მაგრამ დიმეოს მკერდზე მისთვის კარგად ნაცნობი ჯვარი რომ შენიშნა ყვირილით მივარდა, გიჟივით ეცა, ჯაჭვზე ორივე ხელით ისე ექაჩებოდა, რომ კინაღამ ბავშვი დაახრჩო. ძლივს გააშვებინეს ხელი და მის დაშოშმინებასაც საკმაო დრო დასჭირდა. 
დიმეო კი იდგა ერთ ადგილას გაშეშებული და გონზე ვერ მოდიოდა თუ რა მოხდა. ასე უცებ, რამ გააგიჟა ძანე, როცა ჭკუას კარგავდა დიმეოზე და მის მიმართ, ყოველთვის სითბოსა და სიყვარულის გამჟღავნებას ცდილობდა. ასე ძლიერ მაშინ გიჟდებოდა, როცა დიმეოს ოდნავ მაინც ვინმე ჩაგრავდა. გიჟივით მიეჭრებოდა ხოლმე მავნებელ ბავშვს, საყვარელი უმცროსი ძამიკოს დასაცავად. ახლა კი თავად ისეთი გამეტებით ეძგერა რომ ლამის კინაღამ კისერი წააცალა.
დიმეო გამეხებული იდგა. არავის ეცალა მისთვის, ყველას ყურადღება ძანესკენ იყო მიმართული და თითქოს, არავის ახსოვდა დაშავებული ბავშვი.
LEX. 2022 წლის 4 სექტემბერი, კვირა.

No comments:

Post a Comment