Tuesday, August 23, 2022

ნატის ჩექმები (ნაწილი 22)

22.
- აბა, როგორ გვაქვს საქმე? - იკითხა მაკამ.
- ისე დაპუტკუნდნენ ეს დღენაკლულები, რომ დროულად დაბადებულ ჩვილებს, არც ჩამოუვარდებიან! - სხაპასხუპით მიუგო ელზამ.
- ძალიან კარგი, ძალიან... - დაბალი ხმით ჩაილაპარაკა მაკამ. - დღევანდელმა დღემაც, მშვიდობიანად ჩაიარა. - მაკამ სარკეში შეათვალიერა თავი. თმები ოდნავ შეისწორა. თვალის უპეებთან, ნეკა თითით ნაზად გაისვა და მერე ტუჩსაცხიც დაიმატა.
ელზა ექიმი, თვალს არ აცილებდა. აშკარად ჩანდა, მაკა სადღაც სხვაგან მიდიოდა და ელზაც ინტერესით კვდებოდა, თუმცა კითხვას ვერც უბედავდა.
- რა იყო, ელზა? - ღიმილით ჩაეკითხა მაკა, რომელსაც ელზას დაჟინებული მზერა, არ გამოჰპარვია. - პირადი ცხოვრების უფლება არ მაქვს, თუ საკმაოდ მოვხუცდი უკვე?
- რას ამბობთ, მაკა ექიმო! - შესძახა ელზამ. - ბევრ ახალგზარდა გოგოს, თუ არ სჯობდეთ, აი ამ თავს მოვიჭრი!
- კარგი, კარგი. - გაეცინა მაკას. - მხოლოდ თავს ნუ მოიჭრი, რადგან ჯერ კიდევ გჭირდება, ეგ შენი თავი.
ელზა აკისკისდა და ისევ ისე, როგორც ყოველთვის, მაკას ენამახვილობა შეაქო და შეამკო.
მაკას, თავის კოლეგასთან შესახვედრად მიეჩქარებოდა. ფინჯანი ყავისა და მუქი შოკოლადის ფონზე უნდა გადაწყვეტილიყო ახლა, საუკეთესო გარიგების საქმე და აბა მაკა, როგორ დაიხევდა უკან? თანაც აშკარად გრძნობდა, რომ ეს მისი კოლეგა მერაბი, ასევე გინეკოლოგი, ასევე მაკას მსგავსად, სამშობიაროს მთავარი ექიმი და არანაკლებ სახიფათო გარიგებებში გახლართული, ყოველთვის თვალებით ჭამდა მაკას, მაგრამ მაკა ექიმს, გონება მშვენივრად უჭრიდა და არც ალღო ღალატობდა. დარწმუნებული იყო, რომ საქმიანი გარიგება და პირადი ინტრიგა, ერთმანეთს ყოველთვის შეუშლიდა ხელს. თანაც, სულაც არ ესიმპათიურებოდა ეს მერაბი. ცოლშვილიანი, შუა ხნემდე მიღწეული და არც იმდენად ათლეტური აღნაგობის
.„კაცთან, ვისთანაც მართლაც საქმიან გარიგებებს აწარმოებ და თანაც, მასთან რომანიც გაქვს გაჩაღებული, მოგვიანებით ეს ყველაფერი, არაადეკვატური გადაწყვეტილებების შედეგს დაგიდებს და აი, მერე კი, მთელი შენი საქმე, მთელი შენი ბიზნესი, აირ-დაირევა და არამარტო დაზარალდები, არამედ სამუდამოდ დაიღუპები.“
ასე მიაჩნდა მაკას და საკუთარ თავს ხშირად ახსენებდა, ამ თავისივე გამოგონილ დებულებას.
- ესე იგი, ორი ცალი ერთნაირი? - დაბალ ხმით ჩაეკითხა მაკა და შოკოლადის ფილის ორი პატარა ნატეხი, ერთმანეთთან ახლოს მისწია.
- ერთი ასეთი, მეორე კი ისეთი. - მერაბმა ერთი ფილა ოდნავ შეაბრუნა, ახლა შოკოლადის ორივე ფილა, სიგრძე-სიგანით იდო.
მაკა შოკოლადის ნატეხების წყობას დააკვირდა.
- შერეული. - დააკონკრეტა მერაბმა.
ყველაფერი გასაგები იყო. მშვილებლებს შერეული ტყუპების აყვანა სურდათ.
- და რა მნიშვნელობა აქვს? - ჩაეღიმა მაკას.
- თქვენ წარმოიდგინეთ, რომ აქვს. - ცალყბად გაუღიმა მერაბმა.
- მაინც და მაინც, ასე ერთდროულად? - მაკამ შოკოლადის ერთი ნატეხი, ოდნავ გვერდით გასწია. - იქნებ, ერთი სხვა დროს და მერე კიდევ ერთიც, მაინც გამოვა ორი!
ამით მაკამ მიანიშნა, რომ სხვადასხვა დროსაც შეეძლოთ, ასე სხვადასხვა სქესის ბავშვები აეყვანათ და ოჯახში მაინც, ორ შვილს მიიღებდნენ.
- დიახ! გამოვა, თუმცა დამკვეთის სურვილია, რომ მაინც ერთდროულად იყოს ეს ყველაფერი. - კვლავ აღნიშნა მერაბმა.
- და მაინც, ნუთუ მართლა ასეთი მნიშვნელობა აქვს? - ისევ ჩაეკითხა მაკა და შოკოლადის ნატეხები, ისევ ისე სიგრძე-სიგანით მიაწყო, როგორც წეღან მერაბმა.
- ამ ხალხისთვის, აქვს! - მიუგო მერაბმა და მაკას თვალებში ჩახედა. - და რადგან, ასეთი პრეტენზიულები არიან, ეს პრეტენზიებიც, თავისთავად საკმაოდ ძვირია.
მაკამ ნაზად გაუღიმა. მშვენივრად მიხვდა მერაბის მინიშნებას, რომ ახალი კლიენტები, საკმაოდ ძვირს გადაიხდიდნენ ტყუპებში, ვიდრე ცალ-ცალკე აყვანილ ჩვილებში და თანაც პრეტენზია, სწორედაც რომ გოგო-ბიჭზე ჰქონდათ.
- და თქვენკენ? არაფერია საინტერესო? - ფრთხილად შეაპარა მაკამ. თუმცა ისედაც იცოდა პასუხი, მაგრამ მაინც დაუსვა შეკითხვა.
- რომ ყოფილიყო, ახლა ჩვენ აქ ვისხდებოდით? -  ყურებამდე გაუღიმა მერაბმა.
- ჰმ. და ამდენად სასწრაფოა?
- თავისთავად! ან რა საჭიროა, დროის წელვა? - მხრები აიჩეჩა მერაბმა. - თუ არის, ძალიან კარგი და თუ არა, რას ვიზამთ?
- ვერაფერს ვიზამთ, მაგრამ...
მაკამ შოკოლადის ორივე ფილა, ისევ ისე ერთნაირად დადო. ამით ანიშნა, რომ შერეული ტყუპები, ამჯერად არ ჰყავდა გასაშვილებლად გამზადებული და ცხადი იყო, არც მერაბთან სამშობიაროში ჩანდა ახლა ეს ვარიანტი და თანაც, რაც შეიძლებოდა, დროულად იყო ეს ყველაფერი მოსაგვარებელი.
- და მაინც, რატომ ასე სწრაფად? - იკითხა მაკამ.
- მალე ზაფხული მოდის. - გაუღიმა მერაბმა.
- მაგრამ ჯერ მანამდე, გაზაფხულია მოსასვლელი. - ღიმილითვე დაურთო მაკამ.
- ზაფხულში კი, რა სჯობს, შვებულების უცხოეთში გატარება. - მერაბმა თვალი გაუსწორა მაკას.
მაკას ოდნავი ღიმილი აუთამაშდა სახეზე. ახლაც, ისევე როგორც საუბრის დაწყებისას, ყველაფერი გასაგები იყო. გაშვილებული ჩვილები სავარაუდოდ, უცხოეთში უნდა წაეყვანათ, ან სულაც უცხოელებს უნდოდათ ეშვილებინათ.
საინტერესო ვარიანტი კი იყო, მაგრამ ახლა ვერც მაკას და ვერც მერაბს გამოსდიოდა, ისევ სხვა კავშირებიდან უნდა მოეძებნა და როგორც ყოველთვის გადაეცვალა. თუმცა ასე გაცვლა-გამოცვლით, ბევრად უფრო ნაკლები თანხა შეხვდებოდათ, რადგან საქმეში, უფრო მეტ ხალხს მოუწევდა ჩართვა და დიდად არც მერაბს და არც მაკას აწყობდა ეს. ამასთანავე, არც სარფიანი კლიენტის ხელიდან გაშვება იქნებოდა სასურველი.
- ჩემი ბიჭი მოვიდოდა უკვე ვარჯიშიდან. - მაკამ საათს დახედა. - სახლში უნდა დავხვდე. 
მერაბიც მაშინვე წამოდგა, მაკა მანქანამდე მიაცილა და სანამ კარს მიუკეტავდა, მაკა უახლოეს პერიოდში დარეკვას შეჰპირდა. მერაბმა კმაყოფილი სახით დაუკრა თავი, ესე იგი, მაკას უკვე ჰქონდა ტყუპების ვარიანტი. ფიქრობდა მისი კოლეგა და არც შემცდარა. თუმცა, იყო მაინც რაღაც დაბრკოლება.
„იქნებ, უკვე მონიშნულიც ჰყავს და მშობიარობას ელოდება.“
ამ ფიქრით იმშვიდებდა მერაბი თავს. 

***
მაკა ღია ფანჯარასთან, მაგიდისკენ ზურგშექცევით იჯდა და სიგარეტის კვამლს გარეთ უშვებდა. საფიქრალსა და საზრუნავს, აბა რა გამოულევდა? ასე აიწყო ცხოვრებდა და არც აპირებდა უკან დახევას, მაგრამ ახლა საკმაოდ სარფიან გარიგებას სავარაუდოდ, ჩაშლა ემუქრებოდა. თუმცა, არც იმდენად ჩაშლა გამოვიდოდა, თუ ეს ვარიანტი არ გაამართლებდა, სხვა მსურველებიც ხომ იდგნენ შვილის მოლოდინში რიგში, თუ ტყუპებს არა, ცალ-ცალკე ხომ მაინც გაყიდიდა, მაგრამ დრო? დრო ვეღარ ითმენდა და ამ შერეული ტყუპებით, უფრო მეტსაც მიიღებდა, ვიდრე სათითაოდ გაყიდულ ჩვილში.
მაკას სამი, დღენაკლული ბავშვი ჰყავდა გადანახული გასაყიდად და ორ-სამ თვეში ისე წამოიზარდნენ, რომ დროულად დაბადებულ ახალშობილებს, არც წონაში და არც ზომაში არ ჩამორჩებოდნენ. ძალიან ადვილად და თავისუფლად შეეძლო მათი გასაღება, ახლად დაბადებულ ჩვილებად და სწორედაც ეს აწყობდა მაკას. კვალის არევის, უმშვენიერესი ვარიანტი იყო.
ხშირად მერაბთან ერთად აწყობდა გარიგებებს. ჩვილებს ერთმანეთში ცვლიდნენ, აქ დაბადებულს, იქ დაბადებულად ასაღებდნენ და დაბადების თარიღის შეცვლის გარდა, ამითაც კიდევ ერთხელ უკარგავდნენ ბიოლოგიური ოჯახის კვალს.
ტყუპები, ყოველთვის ძვირადღირებულნი იყვნენ, თუმცა შედარებით ნაკლებად მოთხოვნადი, ამიტომ ჩვილებს, დიდ ხანს ვერ შეინახავდნენ, რადგან ხშირად ახალშობილები უფრო აჰყავდათ შვილად, ვიდრე უკვე წამოზრდილები და ამის გამო, ტყუპების დაშორებაც ხშირად უწევდათ, თუმცა ეს ნაკლებად ადარდებდათ, მხოლოდ ბონუსების სიმცირეზე წუხდნენ უფრო.
ახლა მაკას, მშვენიერი ვარიანტი ჰქონდა. უკვე მესამე თვეში გადასულ ტყუპებს, ახალ შობილებად, ძალიან მარტივად გაასაღებდა და როგორც კი მერაბი, ტყუპებზე შეეხმიანა, სიხარულისგან ლამის, გული გაუჩერდა...
... და სინამდვილეში ჰქონდა კი გული?
მაკამ მაშინვე მოახსენა, რომ ამჯერად მხოლოდ გოგონები ჰყავდა, მერაბს კი შერეული ტყუპებს სთხოვდნენ და თანაც, საკმაოდ სასწრაფოდ უნდოდა მოეგვარებინა ეს საქმე. ეს კლიენტები, სულაც არ არიან ხელიდან გასაშვებიო, საკმაოდ ზუსტად მიანიშნა მერაბმა და მაკაც ჩაფიქრდა. თუმცა, ბევრიც არც უფიქრია და მალევე მიუგო, მე თუ არა, გავიკითხავ ჩემს საახლობლოშიო. ასე დააიმედა მერაბი და ამით, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მარტო სულაც არ მოქმედებდა და საკმაოდ ძლიერი კლანის წევრს წარმოადგენდა.
მერაბსაც ეს აწყობდა, თუ თავის სამშობიაროში ვერ მოხერხდებოდა შერეული ტყუპების მოპარვა და გაყიდვა...
„ეს მაკა, ისეთი „ჩალიჩაა“, ყველგან კავშირები აქვს, აუცილებლად გაახერხებს რამეს და მეც ამდენი ძალისხმევა აღარ დამჭირდება. მირჩევნია, სხვა სამშობიაროდან იყვნენ მოპარული, ვიდრე ჩემიდან.“
ფიქრობდა მერაბი და ამით კიდევ უფრო იზღვევდა თავს.
ცალკე მაკას უსკდებოდა თავი და იმას ფიქრობდა, კიდევ რომელ მის კოლეგას შეხმიანებოდა, რომ ეს საქმეც გაეჩარხა. თუ დიდი ბონუსი ვერ შეხვდებოდა, მცირედს მაინც გამოჰკრავდა ხელს და ამით, თავის ოპერატიულობასა და საქმეში აქტიურად ჩართულობას, უფრო მეტად დაუმტკიცებდა მერაბს. ეს დამტკიცება კი საჭირო აუცილებლობას წარმოადგენდა, რადგანაც თავადაც ბევრჯერ იყენებდა უკვე მერაბს და ახლა კი სურდა, უფრო მეტად წარმოეჩინა თავი და მეტი სიძლიერეც ეჩვენებინა იმაში, რომ მაკა, სწორედ ის ქალი იყო, ვინც ნებისმიერ საქმეს, საკმაოდ ოსტატურად მოაბამდა თავს.
მაკამ სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა და ჩვილების ოთახს მიაშურა.
- ჯერჯერობით მხოლოდ, სამი ბავშვია დარჩენილი და  სამივე, დღენაკლულია და ნახეთ, მაკა ექიმო! - შეახედა ექთანმა. - ამ ორ თვეში, როგორ წამოიჩიტნენ!
 კი, მშვენივრად გამოიყურებიან. - თავი დაუქნია მაკამ. - ეს ორი, ტყუპებია ხომ?
- დიახ, ეს ტყუპი გოგონებია, მაგრამ საერთოდაც არ გვანან ერთმანეთს!
პასუხად მაკას, ცალყბად გაეღიმა და ახლა მზერა, მესამე ბავშვზე გადაიტანა.
- ეს? - იკითხა მაკამ.
- ესეც დღენაკლული დაიბადა.
- ბიჭია?
- დიახ, ბიჭია. - მიუგო ექთანმა. - და ეს უფრო ჰგავს იმ ერთ ტყუპს, ვიდრე თავისი მეორე ცალი. - აკისკისდა ექთანი. - აბა შეხედეთ, მაკა ექიმო! - ექთანმა, ერთ ტყუპის ცალს წამოავლო ხელი და ბიჭს მიუწვინა. - ესენი უფრო გვანან ერთმანეთს, ვიდრე ტყუპი დები!
- ჰოო? - მაკამ წარბები აზიდა და სულ ორი წამიც საკმარისი გახდა, რომ მშვენიერმა იდეამ გაუელვა თავში. - და ერთ დღეს დაიბადნენ... - ჩაილაპარაკა მაკამ. თუმცა, ორ-სამ დღესაც უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა.
ექთანი კიდევ რაღაცას ქაქანებდა, მაგრამ მაკას გონება, ახლა სულ სხვაგან დაჰქროდა. ისევ თავის ოთახს მიაშურა და მერაბს, იმ სათადარიგო ტელეფონით შეეხმიანა. მერაბმაც მაშინვე გააგონა. მაკამ კი როგორც ყოველთვის, თავი დაიზღვია და მხოლოდ ის ჩასძახა ყურმილში, რასაც მერაბმა, მაშინვე აუღო ალღო.
- ტაქსის გამოძახება მინდოდა! - მხოლოდ ეს იყო მაკას მინიშნება. მისამართიც უკარნახა და ტელეფონიც, მაშინვე გათიშა.
დღენაკლულ ჩვილებს, სხვა გასაყიდად გამზადებულ ახალშობილებთან ერთად, ჯერ აგარაკზე ამწესებდა. აქაც ჰქონდა თავისი პატარა კაბინეტი მოწყობილი, სადაც მშვილებელს გამოუყვანდნენ ჩვილს აჩვენებდნენ, კარგად შეათვალიერებინებდნენ და ამის მერე, შესრულდებოდა გარიგება.
ახლა მერაბის კლიენტურა ჰყავდა დაბარებული, თავად მერაბს კი, არც სურდა გამოჩენა და თავის მხრივ, არც მაკა ხვდებოდა პირადად მშვილებლებს. მხოლოდ გვერდით, მსუბუქად გატიხრული ოთახიდან ყველაფერს ხედავდა და ესმოდა.
- ეს გოგო და ეს ბიჭი გამოიყვანე! - ბრძანების კილოთი მიმართ მაკამ და თითაც მიანიშნა.
- ერთი ტყუპი და ეს ბიჭი? - ექთანმა ცოტა არ იყოს, გაკვირვებულმა გამოხედა.
- ჰო! რა იყო? - შუბლი შეკრა მაკამ. - პირველად ხარ აქ?
- მეგონა, ტყუპები უნდოდათ და...
- ერთი გოგონა უნდათ და ერთი ბიჭი!
- და ესენი, ტყუპები რომ არ არიან?
- და მერე, რაა?! - კვლავ წყენით მიუგო მაკამ. - ეს ზედმეტი ინტერესები მოიშორე და გირჩევნია, ბავშვები გაამზადო!
ექთანმა ცოტა არ იყოს, უსიამოვნოდ აიჩეჩა მხრები, ან სულაც, მაკას მოეჩვენა ასე.
- მომისმინე ახლა კარგად. - მაკამ ხმა შეარბილა. - ჩვენთან აქ ახლა, შუამავალი ხალხი მოვა, როგორც კერძო ჩვილ ბავშვთა სახლში და მხოლოდ მსგავსი ტიპის გოგო-ბიჭი უნდათ! და თანაც, უცხოეთში მიჰყავთ!
ექთანმა ვერაფერი უპასუხა. თუმცა, ისედაც ჩანდა, რომ ტყუპების დაშორებას, არ იწონებდა, მაგრამ აბა მაკას, ხომ ვერ შეეწინააღმდეგებოდა.
- ჩვენგან თუ არ წაიყვანეს, მაშინ სხვაგან მივლენ და იქიდან აიყვანენ. - განაგრძობდა მაკა. - მაგათთვის, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, თუ ზუსტად რომელი მისამართიდან წამოიყვანენ ბავშვებს და რატომ დავუკარგოთ ამ ჩვილებს, ბედნიერი ცხოვრების შანსი?
ექთანი უხმოდ დაეთანხმა.
- თანაც, უფრო მეტს მივიღებთ. - დაბალი ხმით დაუმატა მაკამ. - და მხოლოდ, მე და შენ.
ეს მინიშნება გასაგები გახდა ექთნისთვის. არავის უნდა გაეგო, რომ ამ სხვადასხვა ჩვილებს, ტყუპებად გაასაღებდნენ.
- ისე მართლა. - ჩაფიქრებული ხმით დაიწყო ექთანმა. - ეს ბიჭი და ეს გოგო, უფრო გვანან ერთმანეთს, ვიდრე ის მეორე ტყუპის ცალი, თავის დას.
- აი, ხომ ხედავ? - ღიმილით დაუქნია თავი მაკამ. - ამ ორივეს, შავი ხუჭუჭი თმა აქვს და ის ტყუპისცალი კი, ბევრად პატარაც არის წონით, სულ სხვა სახის ნაკვთები და ბევრად ღია ფერის, თხელი თმა აქვს.
- ჰმ. მართლაც. - ცალყბად გაეღიმა ექთანს და უკვე დიდად აღარც მას ანაღვლებდა ტყუპების დაშორება.
მაკას კიდევ ერთმა მზაკვრულმა გეგმამ, ამჯერადაც გაამართლა. მხოლოდ მან და იმ აგარაკის ექთანმა იცოდა სიმართლე, რომ უცხოეთში გასაყიდად, ტყუპების ნაცვლად, სხვადასხვა ჩვილი გაუშვეს. მერაბიც ისე ოსტატურად მოტყუვდა, რომ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა და ალბათ, მოგვიანებით რომც გაეგო, აღარც იდარდებდა, რადგან მანაც საკმარისად ჩაიკუჭა ჯიბეში.
საღამოს, შინ მშვენიერ ხასიათზე დაბრუნებულ მერაბს, მოსიყვარულე მეუღლე ფერებით შეეგება, ქალიშვილიც ყურებამდე გაღიმებული დახვდა მამა-მარჩენალს.
„ალბათ, რაღაცის ყიდვა უნდათ.“
გულში ჩაეღიმა მერაბს.
თუმცა, არც სხვა დროს ხვდებოდა ცოლ-შვილი უბრად, მაგრამ ზოგჯერ ზედმეტად მზრუნველადაც გამოიდებდნენ თავს და მერაბიც მაშინვე ხვდებოდა, რომ ამ ორ კეკლუც ქალს, ახალი ნივთისა თუ სამოსის შეძენა სურდათ და სავარაუდოდ, საკმაოდ ძვირ ფასიანიც უნდა ყოფილიყო.
„ვუყიდი, აბა რას ვიზამ! თქვენზე უკეთესი, ვინ მყავს?! თქვენთვის ვშრომობ!“
კვლავ გაივლო მერაბმა და სავარძელში, დაღლილი ჩაესვენა, სადაც მაშინვე ფეხზე გახადეს და ოთახის ფლოსტებითაც შემოსეს. მერაბი კმაყოფილი სახით დასწვდა ტელევიზორის პულტს და ვითომც ვერ ამჩნევდა ქალების ასეთ ზედმეტ ლაქუცს.
გემრიელი ვახშამიც, იქვე გაუშალეს და ის იყო, ჩანგალი პირთან უნდა მიეტანა, რომ შემოსასვლელში დაკიდული, მერაბის პიჯაკის ჯიბიდან, ტელეფონი აწკრიალდა.
მერაბმა წამოწევაც ვერ მოასწრო, რომ მის ქალიშვილს, უკვე მობილური ხელში ეჭირა და აშკარად უკმაყოფილო სახით ჩაშტერებოდა ეკრანს და მაშინვე წყენით მიახალა მამას:
- ეს მაკატერინე, ვინღაა? ასეთ დროს, რატომ გირეკავს? რა? არ იცის, რომ უკვე სახლში იქნები და ოჯახში გყავს?! - და ის იყო, კიდევ უნდოდა გაეგრძელებინა საყვედურები, რომ მერაბის ხმამაღალმა ხმამ, გოგონა ადგილზე გააშეშა.
 - ახლავე მომეცი! - ბოლო ხმაზე უღრიალა მერაბმა შვილს. სავარძლიდან გიჟივით წამოფრინდა და ლამის, ხელიდან გამოგლიჯა მობილური, გაოგნებულ გოგოს.
მერაბის ცოლი, საშინლად აიმრიზა და მაშინვე, ქალიშვილს გვერდით ამოუდგა, რადგან მისი სათქმელი, გოგონამ უკვე თქვა და ახლა ეს ორი ქალი მერაბს, წყრომით მიჩერდებოდა.
მერაბმა სააბაზანოსკენ გასწია, კარი შიგნიდან ჩაიკეტა და სანამ ონკანი არ მოუშვა, მანამდე მაკას ზარს, არც უპასუხა.
- ასე გვიან, რა ხდება?! - მერაბის ხმაში საყვედურმა გაჟონა.
- არც მინდოდა, ასე გვიან შეწუხება. - მშვიდად მიუგო მაკამ.
- მშვიდობაა? - მერაბს წამით, გულიც კი გადაუქანდა.
- ერთ ახალგაზრდა გოგონას, შენთან უნდა სამსახურის დაწყება.
- მერე ამისთვის, ამ დროს შემაწუხე? - ახლა უკვე აშკარად იწყინა მერაბმა. - ხვალ სამსახურში, ვერ მოიყვანდი?
- ის რაც, დღეს უნდა გაკეთდეს, ხვალისთვის რატომ უნდა გადავდოთ? - მაკას კვლავ, მშვიდი ხმა ჰქონდა.
მერაბს სახეზე, ბრაზი მოაწვა. ძალიანაც კი მოსწონდა მაკა, როგორც ქალი და უარსაც არ იტყოდა მასთან, თუნდაც ხანმოკლე რომანის გაბმაზე, მაგრამ მაკას ყოველთვის, ისე ეჭირა თავი, რომ მერაბი, ზედმეტადაც ვერ უსწორებდა თვალს.
„ახლა კი, რა ეტაკა?“
ფიქრობდა მერაბი.
„სულ ცხვირაწეული და მიუწვდომელი ქალის როლს, ვეღარ ქაჩავთ, ქალბატონო მაკა? თუ ჩემი ოჯახის დანგრევა გინდა?
ან იქნებ?..
ნეტა მართლა, რაღაც ხომ არ მოხდა, ისეთი რომ... ისეთი რომ...“
- და შენთან კლინიკაში, რატომ არ უნდა? - გაკვირვებით ჩაეკითხა მერაბი. - ასე თავისუფალი ვაკანსია, ახლა ნამდვილად არ მაქვს. ჯერ უნდა გავარკვიო, საერთოდ თუ არის და... - მერაბი საუბარში მაინც აჰყვა, თუმცა ვერაფერი გაეგო.
- ჩემთან, არც ადგილია და თანაც ის გოგონა, გარეუბანში ცხოვრობს და ნამდვილად აწყობს, შენს კლინიკაში მოწყობა. - მიუგო მაკამ. - ასე რომ გაარკვიე, რაც მალე, მით უკეთესი! ჩვენ კი ყოველთვის, საუკეთესოდ გვინდა ყოფნა, ასე არ არის? - მსუბუქად წაიკისკისა მაკამ. - ჩვენც, კარგად უნდა ვიყოთ და ჩვენი ოჯახიც.
„რას ბრუტუნებს ეს ქალი?“
მერაბი ახლა, სულ დაიბნა. თუმცა, იმას კი მიხვდა, რომ მაკა, რაღაც ახალ საქმეზე ეჩალიჩებოდა, მაგრამ მაინც ვერაფერი გაეგო.
„რა დეგენერატი კაცი ხარ, იქნება და მიხვდე ახლა, რას ვგულისხმობ, ან დამეთანხმე მაინც შეხვედრაზე. იდიოტი!“
მაკამ უკმაყოფილოდ გააქნია თავი.
- მოკლედ, რაც მალე, მით უკეთესი! მშვენიერი გოგონაა. - მაკას კვლავ გაეცინა. - არ დაგაზარალებს, პირიქით!
„ჰე! მიხვდი ახლა, რის თქმასაც ვცდილობ!“
მაკას მერაბის სიბრიყვეზე, უკვე ნერვები ეშლებოდა.
- კარგი, რა პრობლემაა? - როგორც იქნა ჩაწვდა მერაბი, მაკას მინიშნებას. - რამეს გამოვძებნი და ასე საჩქაროა?
- რაც მალე, მით უკეთესი! - მაკას გულზე მოეშვა. როგორც იქნა მიხვდაო, გაივლო გულში.
- ხვალ შეგეხმიანები. - მერაბი მაკას გამოემშვიდობა და ტელეფონი გათიშა.
ახლა ყველაფერი გასაგები იყო, მაკას გოგონა ჰყავდა სასწრაფოდ გასაშვილებელი და რატომ ასე სასწრაფოდ, როცა მერაბმა მშვენივრად იცოდა, რომ ჩვილების გადასამალად მაკას ჰქონდა ცალკე სახლი და მაინც, რატომ იყო ასე სასწრაფოდ?
მერაბი სააბაზანოდან გამოვიდა თუ არა, კართან ატუზულ ორ ქალს შორის, ისე გაიარა, რომ მათ ზედაც არ შეხედა. 
LEX. 2022 წლის 23 აგვისტო, სამშაბათი.

No comments:

Post a Comment