მიმი დეტექტივს ელოდა. ჩვეულებისამებრ, გალეო ყოველთვის ზომაზე მეტად იგვიანებდა, მაგრამ ახლა იმ ყველა ზომასაც გადააჭარბა. თუმცა მიმის სულაც არც სწყინდა, რადგან ჯერ კიდევ მშვენივრად ახსოვდა ფიფოს სამსახურის არანორმალური გრაფიკი და თავისთავად, არც სხვა მისი კოლეგა იქნებოდა გამონაკლისი და ამიტომაც იყო, რომ არც იმდენად ღელავდა. ფიქრობდა, ალბათ ვერ შესძლო მოსვლაო. თუმცა ახალი ამბები, რომლის მოყოლასაც დეტექტივი დაპირდა, საშინლად აინტერესებდა, მაგრამ აბა ლოდინის გარდა, სხვა რა უნდა ექნა? სავარაუდოდ, დეტექტივის ვიზიტი, სხვა დროისთვის გადაიდებოდა და მიმიც უკვე ნელ-ნელა დასაძინებლად ემზადებოდა.
ჩვეულებისამებრ, ძილის წინ ფიფო მოინახულა, იქაურობას თვალი მოავლო. ყველაფერი უცვლელად იყო.
„სტაბილურად წესრიგში...
როგორც ყოველთვის...“
მიმიმ ამოიხვნეშა, ექთანს და დაცვის ბიჭს მშვიდი ღამის გათევა უსურვა და ის იყო ზედა სართულზე ასვლა დააპირა რომ კარზე ზარიც გაისმა.
ვინ უნდა ყოფილიყო ასე გვიან ღამით?
„ნუთუ გალეომ მაინც შესძლო მოსვლა, მაგრამ ასე გვიან აღარ მოვიდოდა.“
მხატვარიც რა ხანია ფიფოს საძინებელში იყო და მართლაც, ვინ იყო კარზე?
მიმის წამში გაუელვა ფიქრებმა და კარის გაღებისთანავე ზღურბლზე გალეო რომ შენიშნა, მაინც ძალიან გაუკვირდა.
- მგონი გაგაღვიძე, არა? - საკმაოდ მოგუდული, დაბალი ხმით ჰკითხა გალეომ.
- შემოდი, შემოდი. - მხიარული ხმით მიუგო მიმიმ.
დეტექტივი, რაღაცნაირად საკმაოდ მორიდებული ჩანდა.
„მორიდებული კი არა, უფრო დათრგუნული.“
გაივლო მიმიმ.
„და რამ დათრგუნა? ანდა რის დათრგუნული? დაღლილია ალბათ და მაინც მოვიდა. საწყალი ბიჭი, რამდენს შრომობს.“
გალეო კი სავარძლის ერთ კუთხეში მიკუნჭულიყო და თვალსაც ძლივს ახელდა და მაინც მოვიდა.
- არ გშია? - მიმიმ ცოტა სტუმრის გამოფხიზლება სცადა, რადგან დეტექტივი, თითქოს არც აპირებდა იმ ახალი ამბების მოყოლას, რისთვისაც მოვიდა.
- რაა?.. - წამით დაიბნა გალეო. - არა! არ მშია.
- მაშინ ჩაი? ან ყავა?
- არაფერი მინდა. - რაღაცნაირად მოწყენილი ხმით მიუგო გალეომ.
- ნუთუ, ასეთი აუცილებელი იყო, რომ როგორი დაღლილი და გათანგული მაინც მოხვედი. - ღიმილით აღნიშნა მიმიმ.
გალეომ ცალყბად გაუღიმა.
- ხომ იცი? როგორი ძლიერი ნებისყოფა მაქვს. - განაგრძო მიმიმ. - შენგან მოტანილი ახალი ამბავი კარგია თუ ცუდი, მაინც ძალიან მახარებს, მაგრამ ხვალამდეც მოვითმენდი.
- არაფერია მოსათმენი. - კვლავ დინჯად მიუგო გალეომ.
„მართლა როგორი დაღლილია, საწყალი.“
მიმის მდარედ გაეღიმა.
- ვიცი, გვიანია და გეძინება. - დაიწყო გალეომ. - სულ რამდენიმე წუთს გავჩერდები და გავალ.
- იყავი რამდენი ხანიც გინდა. - მიუგო მიმიმ. - სულაც არ მეძინება.
- როგორ არ გეძინება? სადაცაა გათენდება და მეც დასვენება ხომ მინდა. - სტუმარმა გაღიმება სცადა, თუმცა იყო მის ღიმილში რაღაც საშინელი სევდიანი.
- ჯერ გათენებამდე კიდევ დიდი დროა, მაგრამ შენ ისეთი გადაღლილი ჩანხარ, არამგონია, რომ ახლა საჭის მართვა შესძლო, ამიტომ დარჩი ჩვენთან. - შესთავაზა მიმიმ.
გალეო უხერხულად შეიშმუშნა.
- ადგილების მეტი რა გვაქვს! - განაგრძო მიმიმ. - გინდა აქ, ფიფოს კაბინეტში დივანზე გაგიშლი და გინდა ზემოთ საძინებელში, მხატვართან ერთად მოგიწევს. შენი ნებაა, აირჩიე.
- არა, იყოს. - გალეო წამოიწია და სახე ოდნავ დაემანჭა. - წავალ ბარემ სახლში.
- არსადაც არ გაგიშვებ! - მიმის ხმა გაუმკაცრდა. - აქედან შენი სახლი, საკმაოდ შორს არის. სახეზეც კი გაწერია, როგორ დღეშიც ხარ.
- როგორ დღეში ვარ?
- საშინლად დაღლილი! - მიმიმ წარბი შეკრა. - გინდა რომ დაღლილობისგან, საჭესთან ჩაგეძინოს?
- ჰო. დაღლილი... - კვლავ რაღაცნაირად შეიჭმუხნა დეტექტივი, თუმცა უკვე წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია, მართლაც ძლივს იდგა ფეხზე და ფიფოს კაბინეტში დაძინებაზეც დათანხმდა.
- მხოლოდ საწოლის გაშლა არ მინდა, აქვე დივანზე მარტო პლედს თუ მომიტან, მაშინ დავრჩები.
- პლედსაც მოგიტან და წესიერ ბალიშსაც!
- ხომ არის აქ ბალიში?
- ეგ დივნის ბალიშია. უფრო დეკორაციაა. - მიუგო მიმიმ და კარისკენ წავიდა.
„ნეტა მართლა ასეთ დაღლილს, აქ რაღა მოარბენინებდა?“
ფიქრობდა მიმი.
„ალბათ, აქვე ახლოს იყო და ბარემ სიტყვა არ გატეხა, მაინც მოვიდა და ახალი ამბავი? ჰმ, ახლა ნამდვილად არ აქვს მოყოლის თავი და იყოს, არც შევაწუხებ ზედმეტად. დაისვენოს, გამოიძინოს და დილით გემრიელად რომ ვისაუზმებთ, მაშინ მოგვიყვეს ყველას.“
ცალკე კი გალეოც თავისთვის ფიქრობდა, ნეტა მართლა რა მომარბენინებდა, მიმი როგორ შევაწუხეო, მაგრამ აბა მიმი რას წარმოიდგენდა, თუ გალეო მის სახლთან უკვე დიდი ხნის მისულიყო და კართან მისვლა არც აცალეს, ისე ჩამოაცვეს თავზე რაღაც, სადღაც შორს გაიტაცეს და კინაღამ ცემით ამოხადეს სული. მერე კი ნაგვემ-ნაცემი ისევ მიმის სახლთან მანქანიდან ჩამოაგდეს.
ეს ყველაფერი ისე ოპერატიულად მოახერხეს, რომ არც არავის არაფერი შეუნიშნავს და მთელი სხეულის დაჟეჟილობის მიუხედავად, სახეზე ერთი განაკაწრის კვალიც კი არ ჰქონდა. დეტექტივი მშვენივრად მიხვდა, პროფესიონალები მოქმედებდნენ და ისიც კარგად იცოდა, რომ ეს ჯერ კიდევ დასაწყისი იყო.
დილით, თვალის გახელისთანავე შენიშნა, ღამის პიჟამაში გამოწყობილი დიმეო როგორ ედგა თავზე და მის გაღვიძებას დაჟინებით ელოდა.
დეტექტივმა მდარედ გაუღიმა ბავშვს და სხეულის ოდნავ წამოწევისთანავე მაშინვე დაიმანჭა და უკავე მიეგდო.
- ცუდად ხარ? - დიმეომ თვალები დაჭყიტა.
- არა, არა. - კვლავ გაუღიმა გალეომ. - ისეთი დაღლილი მივეგდე ერთ გვერდზე რომ ალბათ, მხარი დამიბუჟდა.
- ჰოდა, იწექი და აქვე მოგიტან ყავას. - ბიჭი მაშინვე გავარდა.
- არ მინდა ყავა... - მიმკვდარუნებული ხმით მიაყოლა დეტექტივმა, თუმცა არავის გაუგია.
მოგვიანებით მიმიმაც მოიკითხა. ახლა კი იკადრა სტუმარმა და ძლივს, ვაი-ვაგლახით წამოსწია ტანი.
- ცუდად ხომ არ ხარ? - შეშფოთდა მიმიც.
- არა, არა! - გალეო შეეცადა მაქსიმალურად შეეკავებინა თავი, რომ ტკივილისგან არ ამოეღმუვლა.
- და აბა, რა გჭირს? - ჩაეძია მიმი.
- არც არაფერი. - მხრები აიჩეჩა სტუმარმა. - ისე, გუშინ კიბიდან კი დავგორდი და დიდად არც არაფერი მეტკინა...
- ჰოო? და ალბათ, ახლა იგრძენი დაჟეჟილობა. - დაასკვნა მიმიმ.
- ჰო, ალბათ. - კვერი დაუკრა გალეომ. - რადგან მოტეხილი არაფერი მქონდა, თითქოს არც არაფერი მტკიოდა, თან საშინლად მეჩქარებოდა და...
- მთავარია, მართლა არაფერი მოიტეხე. - დაამშვიდა მიმიმ. - და თავი ხომ არ დაარტყი? იქნებ, ტვინის შერყევაა და...
- თავი? არა, არა! - მკვირცხლად მიუგო გალეომ. - თავი არც დამირტყამს და არც მტკივა, მაგრამ აი გვერდები ცოტა კი მაწუხებს.
- მაგას გემრიელი ყავა უშველის. - გაეცინა მიმის. - თუ შენ ჩაი გირჩევნია?
- რასაც შენთვის მოიმზადებ, მეც იმას დავლევ.
- რასაც ჩემთვის?.. - მიმიმ მოწყენილად ჩაილაპარაკა. - ფიფომ იცოდა ასე თქმა.
- იცოდა, კი არა, იცის! - მკაცრად შეუტია შემოსწრებულმა დიმეომ. - მკვდარი კი არ არის! ცოცხალია მამაჩემი!
- რა თქმა უნდა ცოცხალია! - მიმიმ ბავშვს გაუღიმა. - უბრალოდ, დიდი ხანია არ უთქვამს ჩემთვის.
- დააცადე ცოტა ხანი. დეე, ცოტაც მოითმინე და აი, ნახავ მამიკო თუ არ დადგება ფეხზე!
- როცა ასეთი მაგარი ბიჭი გყავს, მოდი და ნუ ადგები ფეხზე. - დიმეოს მიმართით თქვა გალეომ და ფეხზე წამოდგომას შეეცადა, მაგრამ მაშინვე უკანვე ჩაჯდა და უკვე ძლიერი ტკივილის შეტევისგან საშინლად ამოიგმინა.
- იქნებ, რამე გაქვს მოტეხილი? - შეშფოთდა მიმი. - ექიმს უნდა ეჩვენო.
- აუცილებლად მივალ. - გალეომ გაღიმება სცადა.
მიმიმ კვერი დაუკრა. აუცილებლად მიხედე, რენტგენიც გადაიღეო. გალეომ შვებით ამოისუნთქა, რადგან მიმი ასე ადვილად დააჯერა, თუმცა წუთით არ გასულა, რომ დიმეოს მწველმა მზერამ, ლამის შუბლი გაუხვრიტა. მერე გვერდით მიუჯდა და ისე რომ დედას არ გაეგო, დაბალი ხმით უთხრა:
- საქმე მაქვს შენთან.
დეტექტივმა უხმოდ დაუქნია თავი, თუმცა მიმიმ მაინც რაღაც შენიშნა და გაეცინა.
- საუზმეს აქვე შემოგიტანთ მე კი ფიფოსთან ერთად დავლევ ჩაის. - აღნიშნა მიმიმ და ოთახიდან გავიდა.
- აბა, გისმენ. - მიმართა გალეომ ბიჭს.
- ჩემი სკოლის დირექტორის შვილები ვერ იპოვეთ ხომ?
- ვმუშაობთ მაგაზე. ვნახოთ.
ბიჭის ეს შეკითხვა, ძალიან გაუკვირდა დეტექტივს, თუმცა იმასაც ატყობდა, რომ ბავშვს სულ სხვა რაღაც ჰქონდა სათქმელი და ასე შორიდან მოუარა.
- და, დედაჩემის ნამდვილი მშობლებიც ვერ იპოვეთ ხომ ჯერ?
- დიმეო! - ლანგრით ხელში მიმი მკაცრი სახით გამოჩნდა.
დიმეო მაშინვე მიეშველა დედას, ლანგარი ჩამოართვა და მაგიდაზე დადგა.
- მომისმინე ბავშვო! - მიმიმ შვილს მკაცრად ჩახედა სახეში. - ნამდვილი მშობლები ისინი არიან, ვინც გზრდის, სითბოსა და სიყვარულთან ერთად, მთელ სამყაროს გჩუქნის და ყოველთვის შენს გვერდით არის! განსაკუთრებით მაშინ, როცა თავად დაღლილ დაქანცული შენს საწოლთან ღამეს ათევს, წუთითაც არ გშორდება, რადგან სიცხისგან იწვი, უამრავი ექიმები თავს გახვევია, მაგრამ ამ დროს დედა და მამა ყველას გირჩევნია! აი, ისინია ნამდვილი და უნამდვილესი მშობლები და არა ბიოლოგიური! - წყენით დაასრულა მიმიმ.
- კარგი, დეე. ნუ გწყინს. - დიმეომ დედას სიბრალულით შეხედა. - ბიოლოგიური უნდა მეთქვა და ამიტომ...
- ჰო, კარგი. - თავი დაუქნია მიმიმ. - და მაინც, რამდენჯერ გთხოვე, რომ ნუ ერევი უფროსების საქმეში. აბა, როგორ ფიქრობ? უკვე ვიპოვნე ის ქალი, ვინც გამაჩინა და გამყიდა და დაგიმალე? ან რატომ?
- გაგყიდა, თუ მოპარული ხარ, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია! - სერიოზული სახით მიუგო ბიჭმა, რასაც უფროსების სიცილი მოჰყვა.
- მაგასაც გავარკვევთ აბა, მე რისთვის ვმუშაობ? - ჩაურთო გალეომ. - თუმცა, აბა ასე წინასწარ ვერაფერს გპირდებით, მაგრამ უკან არ დავიხევ და არც არასდროს შევწყვეტ ძიებას.
- ძალიან კარგი. - თავი დაუქნია ბიჭმა.
- ესე იგი. - განაგრძო გალეომ. - ეს გაინტერესებდა და გეგონა გიმალავდით?
- კარგი, ისაუზმეთ ახლა და მერე ილაპარაკეთ. - მიმიმ ბავშვს თავზე ხელი გადაუსვა და იქაურობა დატოვა.
- აბა, მითხარი მართლა რა გინდოდა? - გალეო ყავის ფინჯანს დაწვდა, მთელ სხეულში ტკივილმა დაუარა და ოდნავ წაიკრუსუნა.
- ასე ძლიერად დაეცი, რომ მთელი ტანი დაბეგვილი გაქვს? - ჰკითხა ბიჭმა.
„ჰო, მაგრად მიმბეგვეს.“
გალეომ ბავშვს გაუღიმა.
დიმეომ წუთით იყუჩა და მერე დნმ-ს ტესტზე ჩამოუგდო საუბარი.
- სიმართლე გითხრა, მაგის არაფერი გამეგება, ეგ ნათლიაშენს უნდა ჰკითხო, მაგას უფრო ეცოდინება. - მიუგო გალეომ.
- ისე, ჰო. - თავი დაუქნია ბიჭმა. - ეგ კი აღარ მიფიქრია, რადგან შენ იძიებდი მაგიტომაც გკითხე.
- ისე, მაგ დნმ-ს ამბებში, ჩუკი უფროა ჩახედული. - უპასუხა დეტექტივმა. - შენი სკოლის დირექტორის ადვოკატია და სწორედაც მაგ საქმითაა დაკავებული.
- ეგ ვიცი და მაინც მეგონა რომ შენც და მამაჩემიც... - ბიჭი წამით გაჩუმდა. - და... ჩუკიც?
დეტექტივმა ამოიხვნეშა.
- შენ, საკმაოდ გონებამახვილი ბავშვი ხარ და ისედაც არც მინდა რომ მოგატყუო, მაგრამ გთხოვ, რომ პირადად შენ, ამ თემაზე შეწყვიტო ძიება, არის ამისთვის გამოყოფილი სპეციალური საგამომძიებლო ჯგუფი და ამ ეტაპზე, ვერც ვერაფერს მოგიყვები და იცი შენ, რატომაც.
- კი, ვხვდები რატომაც. - თავი დაუქნია ბიჭმა. - და შენ? ვინმესთან იჩხუბე?
- ვგავარ ნაჩხუბარს? - გაიკრიჭა დეტექტივი.
- არა, მაგრამ...
- რა მაგრამ? - ღიმილით ჩაეკითხა გალეო.
- ნაჩხუბარი რომ იყო, მაშინ სახეზეც გექნებოდა ფარნები ანთებული.
ბიჭის სიტყვებზე, დეტექტივს გულიანად გაეცინა და ამ სიცილმაც გარკვეულ წილად, სხეულში საშინელი ტკივილი აგრძნობინა.
- ასე მგონია, ვიღაცამ ჯოხით გირტყა. - დიმეო ყურებამდე უღიმოდა.
- ასე გამოდის. - ჩაეცინა გალეოსაც. - კიბიდან დავგორდი და აბა, რაა...
„რა მაიმუნი ბავშვია.
ისე მაკვირდება, თითქოს მართლაც ყველაფერი იცის და ჩემი აღიარებითი ჩვენება უნდა, ისე მშიფრავს თვალებით.“
დიმეომ ხან იქიდან მოუარა და ხან აქედან და საბოლოოდ, სწორედ ის შეკითხვა დაუსვა, რაც მისი აზრით, მიმის გაშვილების საიდუმლოს ახდიდა ფარდას.
- დედამ კი გააგზავნა თავისი ტესტი, მაგრამ ჯერ პასუხი არც მოსულა.
- ასე უცებ, შეიძლება არც იყოს პასუხი. - დააიმედა გალეომ.
- იცი, ბაზაში მგონი, ლამის სამი საუკუნეც კი ინახება ტესტის პასუხები.
- მართლა? - გაიკვირვა გალეომ. - მაშინ უფრო მეტად უნდა ვიქონიოთ იმედი.
- თუმცა თუ ვინმე მის ნათესავს არ აქვს გაკეთებული ეს ტესტი, მაშინ გაუჭირდება პოვნა.
დიმეო ისეთი სახით უხსნიდა, უკვე კარგად გამოცდილ დეტექტივს, რომელიც ბავშვის ასეთ საუბარზე, ღიმილის შეკავებას და სერიოზული მიმიკის დაჭერას ცდილობდა. თუმცა სასაცილო ან დასაცინი, სულაც არ იყო, მაგრამ ბავშვი დარწმუნებული უნდა ყოფილიყო, რომ მის გვერდით იდგნენ, უსმენდნენ და უთანაგრძნობდნენ.
- ესე იგი, ჯერ მაინც პასუხის ლოდინი მოგვიწევს და ვინ იცის კიდევ, როგორი პასუხი მოვა. - მიუგო დეტექტივმა. - ისე, ჩვენს გამოძიებაშიც განა ასე არ არის? მართლა მაძებარი ძაღლივით დარბიხარ, ეძებ, ქექავ ძველსა თუ ახალ საბუთებს, ცალკე მოწმეებს დასდევ და არაერთხელ გიწევს მათი დაკითხვა, თუ თავიდან გამოკითხვა. მერე აანალიზებ, ყოველ დეტალს სხვადასხვა კუთხით განიხილავ და წარმოდგენაც კი არ გაქვს, ბოლოს როგორ დამთავრდება, ან რას მოიტანს ეს ბოლო.
- ჰო, რთულია. - თავი დაუქნია ბიჭმა.
გალეომ ბიჭის პასუხს, ღიმილით უპასუხა.
- და დავუშვათ, ვიღაცაზე მაქვს ეჭვი? - დიმეომ კითხვა შეაპარა.
- რის ეჭვი?
- იქნებ ვინმე, ჩვენს საახლობლოში ან... - ბიჭი წამით შეყოვნდა. - ან თუნდაც, მარკეტის მოლარე ან დაცვის თანამშრომელი აღმოჩნდეს ჩვენი ნათესავი?
- როგორ აღმოჩნდეს? - ჩაეკითხა გალეო. - შენ ფიქრობ, რომ ის ვიღაც, ვისაც იცნობ ან კონტაქტობ, შეიძლება შენი ნათესავი იყოს?
- არ შეიძლება?
- როგორ არ შეიძლება, მაგრამ საიდან ეს ეჭვი? შეიძლება მეც ვიცოდე.
დიმეომ კარს გახედა. კარი დახურული იყო, არავინ უსმენდათ. დეტექტივიც მიხვდა, რომ ბიჭს საიდუმლოს გამხელა სურდა.
- თუ ვინმეზე გაქვს ეჭვი, მითხარი და ერთად გავარკვიოთ. - დაბალი ხმით მიმართა ბავშვს.
- და რომ არ აღმოჩნდეს?
- როგორც ვხვდები, შენ გინდა რომ დედამ ჯერ არაფერი იცოდეს, სანამ შენ თვითონ არ გაარკვევ?
- უბრალოდ, სიურპრიზი მინდა. - მხრები აიჩეჩა ბიჭმა. - ამდენი დარდის დროს, ერთი სასიხარულო ამბავი აღარ ეკუთვნის დედას?
- როგორ არა. - გაეღიმა გალეოს. - ერთიც ეკუთვნის და ბევრიც, მაგრამ როგორ უნდა მოვახერხოთ ისე, დედიკოს უჩუმრად, მისი დნმ შევადაროთ სხვას.
- და ამას, მე მეკითხები? - თვალები დაჭყიტა ბიჭმა. - შენ, დეტექტივი კაცი?!
გალეოს ისე გულიანად გაეცინა, რომ ნაბეგვმა სხეულმა, კვლავ საშინელი ტკივილი შეახსენა და ძლივს ამოისუნთქა.
- შემიძლია დავუშვა გამონაკლისი და რაღაცნაირად, ოფიციალურად გატარების გარეშე გავაკეთოთ ეს, მაგრამ ის ვიღაც თუ დაგვთანხმდება?
- მე დავითანხმებ! - გამოცოცხლდა ბიჭი.
- შეიძლება თავიდან, მართლაც იყოს თანახმა, მაგრამ მერე რომ გვიჩივლოს?
- რატომ უნდა გვიჩივლოს?
- აბა, მე რა ვიცი? - გაუღიმა დეტექტივმა. - რამდენად სანდოა, ის ვიღაც? დღეს ასე მოიქცევა, ხვალ კი ათასი რამ შეიძლება მოუფრინდეს თავში, თუნდაც ფულის გამოძალვა.
- არ მოუფრინდება! - მტკიცედ მიუგო ბიჭმა. - დარწმუნებული ვარ, ფულზე დახამებული ნამდვილად არ არის! - დიმეომ წამით იყუჩა. - და თანაც, ჩემი დედიკოს ნაირი ნათესავი, კიდევ ბევრმა ინატროს!
- სრულ ჭეშმარიტებას ღაღადებთ, ყმაწვილო! - კვლავ ყურებამდე გაიკრიჭა დეტექტივი. - მაშინ, რადგან გვინდა, რომ მიმიმ წინასწარ არაფერი იცოდეს, მისი რომელიმე პირადი ნივთი, უჩუმრად ისე უნდა ავიღოთ, რომ ვერც კი შეამჩნიოს.
- და რომელი ნივთი სჯობს?
- ნუუ, სასურველია კბილის ჯაგრისი ან სავარცხელი.
- ეგ ასე ადვილი არ იქნება. - მოიღუშა ბიჭი. - დედა მაშინვე ამჩნევს, თუ მისი რომელიმე ნივთი ადგილზე არ არის.
პასუხად გალეომ მხრები აიჩეჩა.
- ისე შეიძლება, რომ ზუსტად ისეთივე კბილის ჯაგრისი დავტოვო და ძველი ავიღო და რომ დედა ვერ მიხვდეს ცოტა პასტითაც გავრეცხო. ხომ შეიძლება? - ჩაეკითხა დიმეო.
დეტექტივს კვლავ გაეცინა და სიცილითვე მიუგო:
- პრინციპში, შეიძლება და მშვენიერი იდეაც მომაწოდე, შესაძლებელია სხვა დროსაც გამომადგეს და მაინც მიმის ზურგს უკან, ასეთი მოქმედება, ძალიან არ მინდა.
- და მაშინ, სხვა რამ მოვიფიქროთ! - უკან არ იხევდა ბიჭი.
- ნუ, სასურველია.
- და, მე რომ...
- და შენ რომ შეადარო შენი მონაცემები? - მაშინვე მიუხვდა დეტექტივი.
ბიჭმა უხმოდ დაუქნია თავი.
- იქნებ, ცოტათი უფრო მეტა მენდო და გამიმხილო შენი ეჭვები. - გალემ იყუჩა და მალევე განაგრძო. - დამიჯერე, არავის ვეტყვი. კაცურ სიტყვას გაძლევ, ჩვენი საუბარი ამ ოთახს იქეთ არ გავა.
- არაფერი ისეთი საიდუმლო არ არის, უბრალოდ ჯერ მე მინდა პირველი გავერკვე და თუ კარგი ამბავი აღმოჩნდებოდა, დედასაც გავახარებდი.
- ჰოდა, მენდე და გავახაროთ ერთად.
- შენ რომ არასდროს არ გცალია. - ბიჭმა მოწყენილად შეავლო თვალი. - ჩუკისთვის მინდოდა მეთხოვა, მაგრამ აი შენ თუ სთხოვდი, ან დაავალებდი...
- ჰმ. - დეტექტივს ჩაეღიმა და მაშინვე გაიფიქრა, რაღაც კიდევ არის ამ თხოვნის მიღმაო და არც შემცდარა.
დიმეო გაილურსა.
წამით სიჩუმეც კი ჩამოვარდა.
- ესე იგი. - დაიწყო დეტექტივმა. - გინდა რომ ჩუკის ეს საქმე დავავალო, მხოლოდ მაინც არაოფიციალურად?
ბიჭმა უხმოდ დაუქნია თავი.
- და შენ თვითონ რატომ არ ეუბნები? არამგონია რომ უარი გითხრას დახმარებაზე, თუ უკვე უთხარი და...
- არა, არ მითქვამს! - თავი გააქნია ბიჭმა. - და პირველი შენ იმიტომ გეუბნები, რომ მარტო ჩუკი, ამას შენს გარეშე, ვერ გააკეთებს და მერე შენ რომ გაგეგო, არ მინდოდა რომ გწყენოდა.
- არ მეწყინებოდა. - გალეოს კვლავ გაეცინა. - შენგან არ მეწყინებოდა, იმიტომ რომ კარგად გიცნობ, კარგად ვიცი როგორი ოჯახის, როგორი შვილი ხარ, ამიტომ როცა გინდა და რა საქმეზეც გინდა, მაშინ მომმართე და რამეს მოვახერხებთ ერთად.
პასუხად დიმეომ გაუღიმა და ჯიბიდან მობილური ამოაძვრინა.
- შენ მიდი, ჩუკის დაურეკე და დანარჩენს, ერთად მივხედავთ. - მიუგო გალეომ. - ისე, თუ გინდა, მე დავურეკავ.
- დარეკვა არ არის პრობლემა, მაგრამ... - დიმეომ მობილურში რაღაც მოძებნა და გალეოს გაუწოდა.
დეტექტივი სახტად დარჩა, როცა დიმეს ვიდეო ჩანაწერზე მშვენივრად ჩანდა, თუ როგორ გაიტაცეს მათი ავტოფარეხიდან, თავისი მანქანიდან გადმოსული გალეო.
- საიდან გაქვს ეს ჩანაწერი? - შეშფოთდა დეტექტივი.
- მე გადავიღე.
- როგორ? რანაირად?
- კვლავ შეშფოთებული ხმით ჰკითხა დეტექტივმა.
- წუხელ დედამ მომიყვანა ძანესგან და მობილური მანქანაში დამრჩენია, მერე დედა არც შევაწუხე, ისე ჩამოვედი ავტოფარეხში და ამ დროს...
- გასაგებია. - ამოიხვნეშა გალეომ. - იმედია, არავის დაუნახიხარ.
- არა მგონია. - მხრები აიჩეჩა ბიჭმა. - შენ რომ გაგიტაცეს, მაშინვე ყველაფერი კარგად მოვათვალიერე და არავინ იყო. იცი? პატრულის გამოძახებაც მინდოდა, მაგრამ...
- ძალიან კარგი ქენი, რომ არ ჩაერიე. - გალეოს შეფიქრიანებული ხმა ჰქონდა. - კიდევ კარგი, რომ მართლა არავისთვის არ გითქვამს, რადგან შენ, პატარა ბიჭო, ერთ-ერთი დანაშაულის მოწმე გამოდიხარ და ისევ საფრთხეში ჩაიგდებდი თავს.
- ჰოდა, მაგიტომაც, თუმცა ძალიან ვინერვიულე შენზე, მერე კიდევ ჩუმად ჩავიპარე და შენი მანქანა ისევ ჩვენს ფარეხში რომ იდგა, მივხვდი, შენს მოკვლას არ აპირებდნენ.
- ჰმ, მაგას როგორღა მიხვდი? - გაიკვირვა გალეომ.
- რა მიხვედრა უნდოდა? - მხრები აიჩეჩა ბიჭმა. - მაშინ შენს მანქანასაც გააქრობდნენ, ან ისე მოაწყობდნენ რომ ვითომ, მანქანით გადაიჩეხე და რადგან არავინ მოაკითხა და თანაც ხომ დაინახეს რომელი მანქანიდან გადმოხვედი.
დეტექტივს კვლავ გულიანად ეცინებოდა თან დიმეოს მობილურიდან ვიდეო ჩანაწერის გადმოტანას შეეცადა, თუმცა საკუთარი ტელეფონი ვერც ერთ ჯიბეში ვერ აღმოაჩინა.
- მანქანაში დაგრჩებოდა. - მაშინვე მიუგო დიმეომ. - ჩავალ და ამოგიტან.
- არა! - შეაჩერა გალეომ. - არც ჩემს მანქანას და არც იქაურობას, ახლა არ გაეკარო! კიდევ რამე ხაფანგი არ იყოს. - გალეომ წუთით იყუჩა. - გამოვიძახებ ვისაც საჭიროა და შენ კი შეგიძლია შენი მობილური მათხოვო?
დიმეოს დიდად არ ესიამოვნა, თუმცა უარი ვეღარ უთხრა.
- ნუ გეშინია, არაფერს წაგიშლი და არც სხვა ფაილებს ვნახავ. - დაამშვიდა გალეომ.
- არ მეშინია, ყველა ფაილს ისედაც პაროლი აქვს, მხოლოდ მაგ ვიდეოს ჯერ არა.
- ჰოდა, მაშინ ვითხოვებ ერთი საათით მაინც. - კვლავ გაეცინა დეტექტივს. - მხოლოდ ჯერ ჩუკისთან დავრეკავ შენგან და შეხვედრაზე შეგითანხმებ.
დიმეომ ღიმილით დაუქნია თავი. ყველაფერი ისე ეწყობოდა, როგორც თავად სურდა. ახლა დეტექტივი, პირადად ვალში იყო მასთან და დარწმუნებული იყო, დედიკოს, მშვენიერ სიურპრიზსაც მოუმზადებდა.
LEX. 2022 წლის 17 აგვისტო, ოთხშაბათი.
No comments:
Post a Comment