Saturday, June 18, 2022

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 137)

137. 
დიმეოს დაბადების დღე თენდებოდა. მიმი კვლავ უთენია ფიფოსთან ერთად ჩაის სმით იქცევდა თავს. როგორც კი ექთანი სამზარეულოში გაისტუმრა, მაშინვე ფიფოს საწოლის ქვეშ ხელი მოაფათურა და სწორედ ის, დიმეოს ხელით დამაგრებული დიქტოფონი გამორთო და ისევ მოკალათდა ფიფოს გვერდით, სავარძელში. 
- რა უნდა მოგიყვე არც კი ვიცი. - ნაღვლიანი ხმით დაიწყო მიმიმ. - დღეს დიმეოს დაბადების დღეა...
ეჰ, კიდევ კარგი, ბავშვმა მაინც იცის თავის დაბადების ზუსტი თარიღი, ჩემგან განსხვავებით. - მიმიმ თავი გააქნია. - მე კი, არც კი ვიცი ზუსტად როდის დავიბადე, ვინ ვარ? რა მქვია? ჰმ...
თუმცა სახელი, ჩემმა დედიკომ დამარქვა. იმ ნამდვილმა დედიკომ, ვინც გამზარდა, მაგრამ ვინ ვარ სინამდვილეში? რა გვარი ვარ? ან რა ჯიშის ვარ საერთოდ? 
მიმიმ ამოიხვნეშა და ჩაი მოსვა. 
- ისე, რა საოცარია, არა ფიფო? - განაგრძო მიმიმ. - ზედიზედ მესამე წელია დიმეოს სულ რაღაც უცნაური და თანაც, პრობლემური დაბადების დღეები აქვს. ჯერ იყო და მე გავხდი ცუდად, როცა დილიდანვე ნოტარიუსი დამადგა ანდერძი და ის რაღაც ლეპტოპი შემომტენეს, რომელიც არც არაფერში მჭირდებოდა. შენ ვერც კი წარმოიდგენ, თუ როგორ ცუდად გავხდი მაშინ, ბოლოს ასე ცუდად იმ დროს ვიყავი, როცა დიმეო იბადებოდა და შენ კი, იმ წარღვნაში გაიძულე წასვლა! შენ უარიც არ გითქვამს, რადგან კიდევ ერთხელ გინდოდა შენი ვაჟკაცობა დაგემტკიცებინა და რა თქმა უნდა, დაამტკიცე კიდევაც და ისედაც ასე იყო.
მიმიმ წუთით იყუჩა. 
- შენ არც არაფრის დამტკიცება არ გჭირდებოდა, ისედაც ყოველთვის ვიცოდი, ჩემთვის ვინ იყავი და რას წარმოადგენდი და ჰოდა, იმას გიყვებოდი, რომ იმ დღეს, ისე საშინლად ვიგრძენი თავი, რომ კიდევ კარგი მარტო ვიყავი სახლში და ჩემს თავს საშინელი ისტერიკა მოვუწყვე და მართლაც კიდევ კარგი, რომ ბავშვი შენ გყავდა წაყვანილი და კიდევ კარგი, დიმეოს შენ ჰყავდი გვერდით და ბავშვს ჩემი ასეთი უხასიათობა არც აგრძნობინე, ისე გაართე და გაამხიარულე. 
მიმიმ ნაღვლიანად გახედა ფიფოს.
- ჰმ, ეს სწორედ ის დღე იყო, ძანე რომ გააცანი თურმე დიმეოს და ბავშვიც ისეთი ბედნიერი და აჟიტირებული დაბრუნდა. თუმცა მაშინ, წესიერად არც არაფერი გითქვამს და არც მე ჩაგეძიე. აჰ! სად მქონდა მაგის თავი...
შემდეგ კი მოგვიანებით, უფრო დაწვრილებით მომიყევი და ეს იმ დროს იყო, როცა ჩემი პატარა, გატაცებული ჰყავდათ და მის დაბადების დღეს ქუჩაში უაზრო ხეტიალით აღვნიშნავდით. - მიმი შეყოვნდა. - თუმცა, სულაც არ იყო უაზრო! რამდენი უცხო ბავშვი გავახარეთ იმ დღეს გახსოვს? რა თქმა უნდა გახსოვს. - მიმიმ კვლავ ამოიხვნეშა. - სახლში დაღლილები მოვედით და იმავე საღამოს მანქანით გამაქცუნე, გზაში ტორტებიც ვიყიდეთ და ბავშვთა სახლში ამომაყოფინე თავი. მერე, როგორ გაიხარეს ბავშვებმა. ჯერ გაოცებულები იყვნენ, მერე კი მაშინვე შემოგვეხვივნენ. ჰმ, მობილურით ვიწერდი ყოველი ბავშვის სურვილს და კამერაში ცხვირ შეყოფილები, მოწიწებით ამბობდნენ ვის რომელი სათამაშო უნდოდა, თან არ სჯეროდათ, ეგონათ რომ მორიგი დაპირება იყო. ჰო, მასე იყო! მშვენივრად გავიგონე ერთმა, ცოტა მოზრდილმა ბიჭმა როგორ ჩაილაპარაკა, ყველა მასე გვპირდებაო და მისი თანატოლი გოგონაც როგორ მაშინვე დაეთანხმა. მე კი, მეორე დღესვე იქაურობა, მათი სურვილებით ავავსე და მათზე უფრო ბედნიერად ვგრძნობდი თავს, გულში სიხარული ჩავიბუდე და იმასაც ვგრძნობდი, რომ ჩემი ბიჭი, სადღაც თავს კარგად გრძნობდა, რადგან თურმე, მართლაც სათუთად უვლიდნენ და გულში იხუტებდნენ, ნამდვილად ასე ვიგრძენი, ესეც ხომ გახსოვს? რა თქმა უნდა გახსოვს. 
მიმიმ გაჩუმდა. ჩაი დიდი ყლუპით მოსვა და განაგრძო: 
- აი ზედიზედ უკვე მესამედ, ისევ პრობლემები და ახლა შენს გამო, დიმეოს დაბადების დღე უნდა გამოტოვო ფიფო? არ გრცხვენია? - მიმის თვალები აუცრემლდა. - ეჰ, ნეტა მართლაც ახლა რამის გრცხვენოდეს და ასეთ მდგომარეობაში არ იყო. 
მიმის ისიც უნდოდა ეთქვა, რომ ის ლეპტოპი გავხსენი, პაროლი მოვარგეო, მაგრამ რატომღაც თავი შეიკავა.
„იქნებ კიდევ ვიღაც გვისმენს?“ 
ფიქრობდა მიმი. 
„ჩემს შვილს კი შენი თავდასხმის გამოძიება უნდა და მაგიტომაც ცდილობს ყველას და ყველაფერს მოუსმინოს. თუმცა, სულაც არ არის ეს კარგი საქციელი, მაგრამ რა ვქნა? მაშინ სხვანაირად გააკეთებს ამას და სჯობს ეგონოს, რომ ვერავინ ხვდება. 
მაგრამ ვაი თუ, სხვებიც გვისმენენ? თუმცა გალეოს, რომ ჰკითხო ყოველ მოსვლაზე ვამოწმებო და აგერ, თითის სიგრძე ბავშვმა, რამდენი მოახერხა. 
ჰმ, შეეძლო მოსასმენი უახლესი აპარატურით დაეყენებინა, მაგრამ არა, აქაც ძალიან ჭკვიანურად გათვალა, სპეციალურად ძველი დიქტოფონი დაამაგრა, რომელსაც ასე ადვილად ვერავინ აღმოაჩენს, რადგან არანაირ სიგნალზე არ რეაგირებს, ძველია და იმიტომ.
და რაც შეეხება, იმ მართლაც ძველ ლეპტოპს, პაროლი კი მოვარგე, მაგრამ რაღაცნაირად არ მინდა მისი ჩართვა, არ შემიძლია. ხან ვფიქრობ, რომ მხატვარი და ქირურგიც ერთად დავისვა და ერთად ვნახოთ, მაგრამ მერე მანდ ისეთი რამ იყოს, რაც... 
რა ვიცი... 
ეს ხალხიც რამე შარში არ გავხვიო. მირჩევნია შენთან ერთად ვნახო, თორემ ერთ დღესაც ავდგები და მოვისვრი!!!“ 
- ზოგჯერ ასე მგონია, რომ შენ ჩემი ფიქრები უფრო გესმის, ვიდრე ჩემი აქ ხმამაღალი ქაქანი. 
მიმიმ კვლავ ამოიხვნეშა. 
- დღეს დიმეოს დაბადების დღეა და ადექი, გთხოვ, გაუკეთე საჩუქარი ჩვენს ბიჭს, ამაზე მეტად ახლა მგონი, არაფერი გაახარებს, შენს ხმას რომ გააგონებ. იცი, მართლა როგორ გვიყვარხარ... 
მიმის ცრემლები წასკდა და გული ამოუჯდა. 
- დეე, ნუ ტირი, თორემ მეც ვიტირებ. 
მიმის ღამის პიჟამაში გამოწყობილი იუბილარი ეხვეოდა და კოცნიდა. 
- ჩემი სიხარული. - მიმიმ ბავშვი გულში ჩაიკრა. - ძალიან, ძალიან მინდა, რომ ბედნიერი იყო. 
- ჰოდა, ვიქნები! - მტკიცედ უპასუხა ბიჭმა. - ოღონდ შენ არ იტირო და მამიკოც მალე ადგეს და ვიქნები. 
- კარგი დეე. - აცრემლებული თვალები შეანათა მიმიმ, სერიოზული სახის ბიჭს.
- და მართლა, ნუ ტირი რაა. - კოპები შეკრა დიმეომ. - თორემ მტირალა ბავშვი დაიბადება და მერე მთელი ღამე არ დაგვაძინებს. 
მიმის გულიანად გაეცინა. 
- აბა, რას ისურვებ დღეს? - მიმი კვლავ ბავშვს ესიყვარულებოდა. - როგორიც შენ გინდა, ისეთი დღე გექნება. იცი, გალეო საღამოსკენ, ასტრა-პარკში, კარტინგზე გეპატიჟებათ შენ და შენს სტუმრებს. 
- ვინ სტუმრებს? 
- აი ვისაც მოიპატიჟებ, საღამოს ერთად წახვალთ და შეეჯიბრებით ვინ უფრო მაგრად გაატარებს მანქანას. არ გინდა? 
- როგორ არ მინდა, მაგრამ ვინ სტუმრები? მე არავინ დამიპატიჟია. - მხრები აიჩეჩა ბიჭმა. 
- მერე? რას უდგახარ? დაპატიჟე ვინც გინდა და რამდენიც გინდა, მხოლოდ ჯერ პირი დაიბანე, ბატონო იუბილარო, ისაუზმე და დაუკერე ვისაც გინდა იმას. - მიმი წამით შეყოვნდა. - ძანეს, ვაჩე და ანდრა მოიყვანენ და ვაჩეს ძმებს ეპატიჟები? თუ მართლა არ მოგწონს მათთან თამაში? 
- და როდის ვერთობოდი მაგათთან? - შუბლი შეკრა ბიჭმა. 
- ნება შენია! ვინც გინდა, ის მოიპატიჟე. - ღიმილით გააქნია თავი მიმიმ. 
- არავისაც არ ვეპატიჟები! - მტკიცედ მიგო დიმეომ. 
- ვაი! - გაიკვირვა მიმიმ. - აბა, იმხელა ტორტი, მარტო ჩვენ ვჭამოთ? 
- ვისაც გინდა, იმას აჭამე! 
- დედი, რა იყო, შვილო? - დანაღვლიანდა მიმი. 
- აბა, რა დროს დაბადების დღეა? - დიმეოს თვალები აევსო. - მამიკო ასეთ დღეშია და მე სტუმრებთან ვიქეიფო? 
- მდაა. - ამოიხვნეშა მიმიმ. - კარგი, რადგან შეგპირდი, დღეს შენი დღეა და როგორც შენ გინდა, ისე იქნება. თუმცა ტორტი მაინც მოვა, რადგან უგემრიელესი შევუკვეთე, თანაც იცი, რომ ბებიები, აუცილებლად მოვლენ სულ რომ აქ მოსასვლელი გზები გადაიკეტოს, ბაბუც მოვა, ნათლიებიც! უფროსებისთვის ცალკე სუფრა იქნება, მაგაზე არ იდარდო და შენ ვინც გინდა... 
- ჰოდა, გაშალეთ მერე სუფრა და იქეიფეთ უჩემოდ! - წყენით მიახალა დიმეომ და მერე უფრო დაბალ ხმაზე ჩაიბურტყუნა. - მე ძანესთან წასვლა მირჩევნია. 
- მაშინ საღამომდე მოითმინე. - მიუგო მიმიმ. - ბებიებს მაინც ნუ აწყენინებ. ცოტა ხნით მოისიყვარულე და მერე წადი ძანესთან. 
- კარგი. - თავი დაუქნია დიმეომ უცებ კოპები შეკრა. - და საღამოს რომ გალეოს კარტინგზე მივყავარ? 
- მაშინ მოვიყვანოთ აქ ძანეც, საღამოს კი გალეო ერთად წაგიყვანთ, რა პრობლემაა?
- ძანესთან რომ დავრჩე? 
- ოხ, დიმეო. - მიმიმ თავი გააქნია. - კი ბატონო, დარჩი! მხოლოდ საღამომდე აქ, ერთად მივიღებთ სტუმრებს! 
დიმეომ სიხარულით დაუქნია თავი. 
- დაუკერე ვისაც გინდა და საღამოსკენ დაპატიჟე უკვე. 
- ჯერ დილაა. - გაიკვირვა ბიჭმა. 
- თუ ვინმეს ეპატიჟები, ან წინა დღით უნდა უთხრა, ან შეეცადო უფრო დილით, აბა სუფრას რომ გაშლი და მერე გაგახსენდება, ეგ რანაირი დაპატიჟებაა? 
- არავისაც არ ვეპატიჟები! - ცხვირი აიბზუკა ბიჭმა. - ვისაც უნდა, ისედაც მოვა!
- ღმერთო ჩემო. - მხარები აიჩეჩა მიმიმ. - რა უცხვირპირო შვილი მყავს.
- რატომ ვარ უცხვირპირო? - გაიბღუზა ბიჭი. - აბა, ვითვალთმაქცო? ვინც არ მინდა და არ მომწონს, ისინი რატომ დავპატიჟო? 
- ნეტა მართლა ვინმე თუ მოგწონს სკოლაში? არის ვინმე ვისთანაც მეგობრობა გსურს? 
დიმეომ მხრები აიჩეჩა. სათქმელი არაფერი ჰქონდა. თუმცა, გულში უხაროდა, ყველაფერი ისე მოაწყო, როგორც მას სურდა. ჯანდაბას, აიტანდა უფროსების მოლხენას საღამომდე, მერე კიდევ კარგი, გალეო წაიყვანდა მანქანების ტრასაზე, მერე კი ძანესთან დარჩებოდა და იქნებ, როგორმე ბოლოს და ბოლოს, ჩაეკეტა ეს ამდენი ხნის გახსნილი ბოქლომი. 
„ან საერთოდ, რატომ იყო ასე ჩაკეტილი?“ 
ფიქრობდა ბავშვი. 
„მოსაპარიც კი არაფერია და უკვე, აღარც მაინტერებს, მხოლოდ მარტო ის მინდა გავიგო, ძანე საიდან იცნობს იმ მოხუც ქალს, ან იქ როგორ მოხვდა? დავიჯერო, ასე ჩემსავით იძრომიალეს გინდა ძანემ და გინდა ბაბუმ? ჰაჰ! ბებომ კი მით უმეტეს.“ 
დიმეომ მშვენივრად გაართვა თავი სტუმრებს, რომლებიც ლამის დილიდანვე დაადგნენ თავს და აბა ბებიებს რა მოასვენებდათ, როცა პირველი და ერთადერთი შვილიშვილის დაბადების დღე იყო. ბიჭმა დედას თხოვნა შეუსრულა, საკმაოდ მხიარულად იყო და არც არაფერს იმჩნევდა, რომ ერთი სული ჰქონდა, გალეო როდისღა წაიყვანდა მანქანების რბოლაზე. 
ცოტაც და უკვე მოსაღამოვდებოდა და კარზე ზარიც გაისმა. დიმეო გახარებული მივარდა, დარწმუნებული იყო ეს უთუოდ დეტექტივი იქნებოდა, მაგრამ კარის გაღებისთანავე სახტად დარჩა. 
წამიც და მიმიც გამოვიდა, თორემ დიმეო ალბათ კიდევ დიდ ხანს იდგებოდა ასე გაოგნებული და გაშეშებული, რადგან ზღურბლზე საჩუქრით ხელში, სწორედ ის მისი თანაკლასელი აბეზარი გოგონა იდგა, რომელსაც ზურგს, დიდი ტორტით მშობლები უმშვენებდნენ. მიმისაც არანაკლებ გაკვირვებული სახე ჰქონდა, თუმცა არ დაიბნა და მაშინვე შემოიპატიჟა სახლში.
გოგონას მამამ მოწიწებით მოუბოდიშა, რომ ასე დაუპატიჟებლად შემოგეჭერითო. დარწმუნებული იყო, რომ სტუმრების უმრავლესობა ბავშვი უნდა ყოფილიყო, მაგრამ შეცდა, ბავშვი იმდენ ხალხში მხოლოდ დიმეო აღმოჩნდა. 
- მეგონა ჩვენი კლასელებიდან ვინმე მაინც იქნებოდა. - დაბალ ხმაზე გადაულაპარაკა გოგონამ დიმეოს. 
- ვინ უნდა ყოფილიყო? - მხრები აიჩეჩა იუბილარმა. - ან რომელი ერთი? მე ხომ წესიერად არც კი გიცნობთ. 
გოგონას ჩაეღიმა. აღარაფერი უთხრა, რადგან ბიჭი მართალი იყო. დიმეომ გოგონა თავის ოთახში გაიყვანა სადაც სხვა სტუმრებთან შედარებით უფრო ახალგაზრდა თაობა იყო. იუბილარმა ფორტეპიანოც დაუკრა სტუმრებისთვის და მაქსიმალურად ცდილობდა დედისთვის მიცემული პირობა, ბოლომდე შეესრულებინა. 
მშვენივრად მოილხინეს. გოგონას მშობლები აღფრთოვანებულნი დარჩნენ, ეს რა კარგ წრეში მოვხვდითო. 
მოგვიანებით დეტექტივმაც ბავშვებს დანაპირები აუსრულა და იქაც მშვენივრად ატარეს დრო. 
და ბოლოს, დიმეოს თხოვნაც დაკმაყოფილებული იქნა და იმ ღამით, ძანესთან დარჩა. 
დიმეო მოხუცების დაძინებას ელოდა, მერე ძანეს წაყვანა სურდა რომ ის აქამდე ღიად დარჩენილი ბოქლომი, ახლა მაინც ჩაეკეტა და ამით თავადაც მოისვენებდა იმ უცნაურ მობინადრეებსაც არ დააფრთხობდა. 
„თუმცა მე, რატომ დავაფრთხე?“ 
ფიქრობდა ბიჭი. 
„იქეთ შემაშინა, იმხელა მიღრიალა და მგონი, ვიღაცაში შევეშალე. იქნებ მართლაც ვიღაც თავისი ნაცნობი ვეგონე? მგონი, რაღაც სახელიც კი დამიძახა.“
ბიჭი ახლა უფრო მეტად ჩაფიქრდა. 
„ალბათ შვილიშვილებიც დიდი ხანია აღარც ნახულობენ, გიჟი მოხუცებული ბებიის დანახვა არც უნდათ და მოხუცებულთა თავშესაფარში ჩაბარების კი რცხვენიათ და მაგიტომაც გამოკეტეს იქ და ეს საწყალი მოხუცი, შეიძლება მომვლელიც კი მიუჩინეს, ოღონდ არავინ გაიგოსო, ან ერთი რომელიმე ნათესავი, სამადლოდაც უვლის. აი, ჩემს დანახვაზე მაგიტომაც ასე ანერვიულდა. მგონი მართლაც მისი რომელიმე მონატრებული შვილიშვილი ვეგონე. 
ჰმ, მე კიდევ როგორ შემაშინა. თუმცა ახლა აღარც მეშიანია მისი“.
დიმეოს საშინლად შეებრალა, მარტოხელა მოხუცებული. იქნებ ჯერ ისევ დროებით გადაედო იმ კარის ჩაკეტვა და კიდევ ერთხელ მოენახულებინა, საწყალი მოხუცი?
„და კიდევ რომ მეცეს? ჰმ, დავიჯერო გამასწრებს სირბილში?“ 
დიმეოს ჩაეღიმა და ჩაფიქრდა, როგორ უნდა მოენახულებინა ისე, რომ არავის გაეგო და თან ის ვიღაც, ვინც იქ კიდევ ცხოვრობდა, რომ არ ყოფილიყო სახლში.
„ან იქნებ, არც კი ცხოვრობს იქ? 
მე როცა იქ მივედი, სწორედ მაშინ წავიდა და ესე იგი, ალბათ მარტო ღამით რჩება? ან იქნებ მაღაზიაში ჩავიდა? ან სამსახურში დადის? 
ეს სწორედაც ის დრო იყო, როცა სკოლაში უკვე მაგვიანდებოდა. 
გამოდის, რომ დილით უნდა მოვახერხო იქ ასვლა, მაგრამ როგორ? რანაირად დავუძვრე ამათ ყველას ხელიდან, ისე რომ...“ 
ათას რამეს ფიქრობდა ბიჭი, ათასნაირად აწყობდა აზრებს და ბოლოს ამდენ ფიქრში ჩაეძინა კიდევაც. 
დილით მშვენიერ გუნებაზე გაეღვიძა და უკვე იცოდა, როგორც უნდა მოქცეულიყო, მთავარია მისი გეგმა გამართლებულიყო და ბევრიც აღარ უფიქრია, ისაუზმა თუ არა, ყველას უჩუმრად თავის კლასელ გოგონას შეტყობინება გაუგზავნა და დახმარება სთხოვა. პასუხიც მალევე მიიღო და დიმეომაც გაიხარა.
ცოტა ხანში, ძანეს სახლს დიმეოს კლასელები მოადგნენ. დიმეო კი გაახარა იმ გოგონას მისვლამ, მაგრამ თან რომ ის ბიჭიც ახლდა, რომელსაც მაინცდამაინც არ წყალობდა ბავშვი, მაშინვე მოიღუშა, თუმცა არაფერი უთქვამს. 
ძანეს ბებომ და ბაბუმ სიამოვნებით დართეს ნება ბიჭს, კლასელებთან ერთად სამეცადინოდ წასულიყო, მხოლოდ აუცილებლად მიმისაც შეატყობინეს და არც მიმი აღმოჩნდა წინააღმდეგი. 
- ისე ბაბუ, სწავლა არ მორჩა სკოლაში? - იკითხა ბაბუმ. - მეგონა უკვე არდადეგები დაიწყო. 
- გაკვეთილები აღარ გვიტარდება, მაგრამ ჩვენ ნიშნები გვაქვს გამოსასწორებელი, ამიტომ დიმეოს დახმარება გვჭირდება. - სხაპასხუპით მიახალა გოგონამ და ამით ყველა ზედმეტი კითხვაც ამოიწურა. 
დიმეომ, ახლავე მოვალო და კლასელები სადარბაზოსთან დატოვა, თავად ისევ ზემოთ აირბინა და ბებოს სთხოვა პატარა ყუთით, გუშინდელი ტორტის ნაჭერი გამატანეო. 
ბებომ სიხარულით შეუსრულა თხოვნა, თან დაარიგა, აბა შენ იციო. 
- აბა რა ხდება? არ გაგვიმხელ? - ჰკითხა გოგონამ  დიმეოს. 
- ჯერ არ შემიძლია. - სერიოზული ხმით მიუგო დიმეომ. - ალბათ, სხვა დროს აგიხსნი, უბრალოდ ამ მომენტში ვერავის ვეტყოდი. 
- იმიტომ რომ არავისთან მეგობრობ. - მიახალა მაშინვე უფროსმა ბიჭმა. 
- ჩვენ უკვე ვმეგობრობთ! - დიმეოს მაგივრად გოგონამ გასცა პასუხი. 
დიმეომ ამაყად შეავლო უფროს ბიჭს თვალი. უფროს ბიჭს კი ცინიკურად ჩაეღიმა. 
- რა იყო? ვინმე ხომ არ გჩაგრავს? - ცოტა არ იყოს მწარე ტონით აღნიშნა კლასელმა ბიჭმა. 
- და ამისთვის, გოგოს ვთხოვდი დახმარებას? - მაშინვე მიუგო დიმეომ. 
- ჰო, კარგი. - ჩაერია გოგონა. - არ ვიცი რა საქმე გაქვს ასეთი და იმედია შენს გამო, რაღაც შარში არ გავეხვევით, თორემ ვიტყვით, რომ ჩვენ არაფერი ვიცოდით! 
- ისედაც არაფერი ვიცით და იქნებ, აგვიხსნა? - ახლა ბიჭი ჩააცივდა დიმეოს.
- ახლა მართლა ვერაფერს გეტყვით. - მიუგო დიმეომ. - თუმცა მართლა გპირდებით რომ მოგვიანებით, ყველაფერს აგიხსნით, მხოლოდ ჯერ მე თვითონ უნდა გავიგო რა ხდება და ამიტომ მჭირდება თქვენი დახმარება. 
- კარგი, კარგი. - თავი დაუქნია გოგონამ. - მოკლედ, ზუსტად ორ საათში, აი იმ კუთხესთან მოგაკითხავთ და მერე შენს თავს ჩავაბარებ შენებს, მაგრამ იცოდე! - გოგონამ თითი დაუქნია. - რამე შარში არ გაგვხვიო. 
დიმეომ თავი დაუქნია. 
- და თუ რამეა, დარეკე მაშინვე! - ახლა ბიჭმა მიაძახა, გოგონას ხელი გადახვია და ქუჩას ჩაუყვა. 
დიმეომ თვალი გააყოლა და როგორც კი კუთხეს მიეფარნენ, მაშინვე სახლს შემოუარა და ფაქტიურად გაუქმებული სადარბაზოს მხრიდან მოუწია იქ აძრომა. ახლა უფრო მეტი შემართებით შესძლო იმ ძველებურ გარდერობზე აცოცება, არც კი გასჭირვებია ისე აღმოჩნდა საკუჭნაოში და გაიტრუნა. ყური მიუგდო, ჩამიჩუმი არ ისმოდა, სავარაუდოდ მოხუცი მარტო იყო, რადგან არავინ იღებდა ხმას. დიმეომ ფრთხილად შეაღო კარი. ოთახში არაფერი შეცვლილიყო და მართლაც არავინ ჩანდა. ახლა უფრო მეტი დაკვირვებით მოათვალიერა და მეორე კარიც შენიშნა, ალბათ გარეთ გასასვლელი ან სულაც სხვა ოთახში, საიდანაც უკვე გარეთაც შეიძლებოდა გამოსვლა, მაგრამ სად? სახლის რომელი მხრიდან? 
ბიჭი ერთ ადგილას გაშეშდა, ჯერ ის გასასვლელი ეპოვნა თუ ის მოხუცი მოენახულებინა, ვეღარ გადაეწყვიტა. 
- ეჰ! - მოულოდნელად მოხუცმა ამოიოხრა. 
ბიჭი შეკრთა, თუმცა მაინც თამამად გადადგა ნაბიჯი, ბალდახინ ჩამოფარებულ საწოლს მიუახლოვდა და მის წინ მოშორებით გაჩერდა.
LEX. 2022 წლის 18 ივნისი, შაბათი.

No comments:

Post a Comment