Friday, May 27, 2022

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 136)

136. 
ღამით მხატვარი ვიღაცის ფრთხილმა შეხებამ გააღვიძა. მხატვარმა თვალები მოიფშვნიტა. საწოლის კიდეზე, დიმეო თავჩაღუნული ჩამომჯდარიყო და მის გაღვიძებას ელოდა. 
- ვერ იძინებ? - მხატვარი წამოჯდა. 
- მე მართლა არ ჩამირთავს მამას აპარატი. - მობუზული ხმით მიმართა დიმეომ და თვალი გაუსწორა. 
- მოდი ჩემთან. - მხატვარმა ბავშვი მიიხუტა. - მჯერა შენი. მართლა მჯერა. 
- და აბა, ვინ ჩართო? 
- წარმოდგენაც არ მაქვს. - ამოიხვნეშა მხატვარმა. 
- იმ საღამოს, ცოტა გვიან, მეც დავლიე ცხელი შოკოლადი, მაგრამ დედიკოსთვის, არაფერი მითქვამს, იმიტომ რომ ნებას არ დამთავრდა, ღამე აღარ დაგეძინებაო. 
- და? 
- და ის, რომ მინდოდა ღამით ის ფილმი ბოლომდე მენახა, გამეძლო და არ დამძინებოდა, მაგრამ მაინც ისე ჩამეძინა, შუა ფილმამდეც ვერ მივსულვარ. 
- და დასკვნა? 
- დასკვნა ის არის, რომ მეც იმ ჩაიდნიდან დავისხი.
- მდაა. - მხატვარმა თავი გააქნია. - რა ვიცი, აბა რა გითხრა. 
- იცი, მაშინ ცოტა უცნაურად რა მომეჩვენა? 
- აბა, რა? 
- სამზარეულოში რომ ჩავედი, იმ დროს დედიკო უკვე მამიკოსთან იჯდა. დაცვა და ექთანი ყავას სვამდნენ ერთად, სამზარეულოში. როცა შოკოლადი დავისხი, დაცვამ რაღაც ისე შემომხედა. 
- ისე, როგორ? - ჩაეკითხა მხატვარი. 
- არ ვიცი, მაგრამ... - ბავშვი ჩაფიქრდა. 
- მოიცა, მოიცა. - ფიქრი გააწყვეტინა მხატვარმა. - ის დაცვის ბიჭი და ის ექთანი გოგო ერთად, სამზარეულოში  ისხდნენ
- ჰო. 
- და ორივე ყავას სვამდა? 
- ჰო. 
- ჰმ. - თავი გააქნია მხატვარმა. - პრინციპში ასეც იქნებოდა. - და ეს ყველაფერი გალეოს თუ მოუყევი? 
- არა. 
- და რატომ? 
- არაფერი უკითხავს. - მხრები აიჩეჩა ბიჭმა. - მხოლოდ იმას მაბრალებს, გინდა თუ არა შენ ჩაურთე მამიკოს აპარატიო. 
- ჰაჰ! უყურე შენ, თურმე რა ხდებოდა აქ და მე კი, მეორე დღეს ჩამოვედი და ნეტა, რა მოხდებოდა, ერთი დღით ადრე რომ ჩამოვსულიყავი? 
- ან დაგაძინებდნენ, ან მოგკლავდნენ. - მშვიდი ხმით მიუგო დიმეომ, რასაც მხატვრის სიცილი მოჰყვა. 
- მე მართლა არ ჩამირთავს და არც არავინ დამინახავს! - კვლავ გაიმეორა ბავშვმა. 
- კი, ვიცი, ჩემო პატარავ, ვიცი. 
- აბა, დედამ ჩართო და არ უნდა რომ აღიაროს? 
- ჰმ. - მხატვარს გაეცინა. - ამ სიტუაციაში, არა მგონია რომ დაემალა, მაგრამ მიმიც შენსავით იფიცება, არ ჩამირთავსო და აბა, რა გითხრა? 
- მე არ ვყოფილვარ, არც დედას ჩაურთავს და აბა, ვინ ჩართო? 
- და შენ, როგორ ფიქრობ? 
- იქნებ, მამიკომ იცოდა, რომ სდევნიდნენ და ფარულად დაცვაც აიყვანა? და არც ჩვენ გაგვაგებინა, რომ არ გვენერვიულა! 
- ჰმ. - ჩაეღიმა მხატვარს. - ეს ვერსია, ნამდვილად მომწონს და არც თუ ისე შორს ჩანს სიმართლესთან. 
- მაგრამ მაინც არავინ დამიჯერებს. - ამოიხვნეშა ბავშვმა. 
- შენ მაგაზე ნუ დარდობ. - დააიმედა მხატვარმა. - მე შევეცდები, ყველანი ჯერ იმაში გადავარწმუნო, რომ პირადად შენ, არაფერი შუაში ხარ და მერე, მაგ ვერსიასაც დავუდებ წინ! 
დიმეომ შეიფერა. რამდენადაც აბსურდული არ უნდა ყოფილიყო, ეს იდეა მაინც მისგან მოდიოდა და ეს უფრო მოსწონდა ბიჭს. 
ძილის წინ კი უამრავი კითხვა მიაყარა მხატვარს, რანაირად არ მიუდგა, საიდან არ მოუარა, მაგრამ მაინც ვერაფრით ვერ ათქმევინა, თუ ვის კარზე დატოვეს ის უზარმაზარი ყვავილების თაიგული. 
პასუხად კი მხატვარი, სულ იმას გაიძახოდა, ძალიან მალე მოვა მაგის დრო და გაიგებო. 
დილით დიმეო ზლაზვნით წამოდგა. ლამის მთელი ღამე ფიქრში გაათენა. ხან იმ თაიგულის ადრესატზე ფიქრობდა, ხანაც ფიფოს თავდასხმაზე. 
„არა მაინც, ვის უნდა ჩაერთო? 
მე და დედას გვეძინა, რადგან რაღაც წამალი ჩაუყრიათ თურმე ჩაიდანში.
ის ორივეც მოკლეს და აბა, ვინ იყო კიდევ ჩვენს სახლში? 
მგონი, მართლა აიყვანა მამამ პირადი ფარული დამცველი კი, კი! ნამდვილად მასე იქნება და არც გამოჩნდება და ეძებოს მერე გალეომ, ჰა, ჰა!“ 
მშვენიერი ვერსია იყო, მაგრამ რამდენად შეეფერებოდა სინამდვილეს. ბავშვი მთქნარებით მიუჯდა საუზმეს. 
- დღეიდან შეგიძლია, სკოლაში აღარ იარო. - მიმართა მიმიმ აშკარად უძინარ ბიჭს.
დიმეომ წარბები აზიდა. ჩანდა რომ არც სკოლაში წასვლა უნდოდა და არც სახლში დარჩენა. 
- წადი, გამოიძინე, აღარ გიშვებ სკოლაში. დირექტორს უკვე ველაპარაკე, მაინც ერთ კვირაა დარჩენილი და იყავი სახლში. 
დიმეოს გაეღიმა. გაუხარდა კიდეც რომ მორჩა კლასელებისგან ტანჯვა-წამება, მაგრამ მერე უცებ, თითქოს რაღაც გაახსენდაო და მაინც მოემზადა სკოლისთვის და დედას საკმაოდ სერიოზული სახით მიმართა: 
- დღეს საკონტროლო გვაქვს! ყველამ თავიდან უნდა დაწეროსო. გეოგრაფიამ გაგვაფრთხილა, ყველას გეხებათო. 
- კარგი ბატონო. მაშინ წადი. - გაუღიმა მიმიმ. - გალეოს ბიჭები გამოგივლიან რამდენიმე წუთში და ისინი წაგიყვანენ. 
- მე თვითონაც მშვენივრად ვივლი. - ბიჭმა წარბები შეიჭმუხნა. 
- მგონი, შევთანხმდით რომ უმეთვალყუროდ, არსად არ ივლი და იცი შენ რატომაც! 
- ჰო, კარგი დეე, ნუ ბრაზობ. 
- არ ვბრაზობ, მაგრამ ზოგჯერ პატარა ბავშვივით იცი გაჯიუტება იმ დროს, როცა სულაც არ არის საჭირო. - უკმაყოფილოდ მიუგო მიმიმ. 
ბიჭმა ალმაცერად გამოხედა, მერე გამზადებული ლანჩი ჩანთაში ჩაიდო და დედას ჩაეხუტა. ქვემოთ უკვე, გალეოს გამოგზავნილი პატრულის მანქანა ელოდა. დიმეო ჩაჯდა თუ არა, მაშინვე მიმართა მძღოლს: 
- სასწრაფოდ, გალეოსთან მაქვს სერიოზული საქმე. 
- ჰმ. - გაეღიმა მძღოლს. - იქნებ მე დაგეხმარო?
- არა!
- და რა საქმე ასეთი? მითხარი და გადავცემ. 
- პირადად მსურს გასაუბრება! 
მძღოლს უფრო მეტად გაეცინა და პატარა მგზავრს დაემორჩილა, მაშინვე მოატრიალა მანქანა და სკოლის საწინააღმდეგო მიმართულება აიღო. 
- ხომ მშვიდობაა? - გალეო ფერდაკარგული მიეჭრა დიმეოს. 
- კი, კი. - მშვიდად მიუგო ბიჭმა. - მგონი, კი. 
- მგონი? დედა ხომ კარგადაა? 
- კი, დედა კარგად არის. 
- მამა? 
- სტაბილურად. - ნაღვლიანად მიუგო დიმეომ. 
- კარგი, მაშინ გისმენ, თან სამინისტროში ვარ დაბარებული და ბარემ გაგიყვან სკოლაში. - გალეომ მანქანის უკანა კარი გამოაღო და ბავშვი დასვა. 
თავად საჭეს მიუჯდა, მის გვერდით კიდევ ერთი თანამშრომელი იჯდა, ისევე როგორც უკან, დიმეოს გვერდით, კიდევ სხვაც იჯდა. 
- აბა, გისმენ. ბარემ გზაშივე ვისაუბროთ, რაც არ უნდა გიჭირდეს ხომ იცი? უნდა მენდო, მომიყვე, დაგეხმარები აუცილებლად. ყველანაირად გვერდში დაგიდგები. 
ბავშვი გაიტრუნა. აშკარად ცალკე სურდა დეტექტივთან გასაუბრება. გალეოც მაშინვე მიუხვდა და კოლეგებს გამოუცხადა: 
- ეს ფიფოს ბიჭია! 
- ვაა, ვაა. - ახმაურდნენ იქეთ-აქედან. 
- შეგიძლია ისაუბრო, ჩვენები არიან. - ახლა ბიჭს მიმართა გალეომ. 
დიმეომ მოკლედ აუხსნა, თუ რატომ დაისხა დედის უჩუმრად, ცხელი შოკოლადი და როგორ სვამდნენ ყავას სამზარეულოში დაცვა და ექთანი ერთად. 
- და მერე, აქამდე რატომ არ მითხარი? - გალეო გაკვირვებული კითხულობდა. 
- შენ არაფერი გიკითხავს? - ასევე გაკვირვებული ხმით მიმართა დიმეომ. - მხოლოდ იმას კითხულობდი, ხმაური ხომ არ გაიგეო, ვინმე ხომ არ დაგინახავსო და წინა საღამოზე არაფერი გიკითხავს. 
- გეკითხა მერე. - ჩაიქირქილა გალოეს მისამართით გვერდით მჯდომმა კოლეგამ.
- ნუ, რა ვიცი. - გალეომ უკმაყოფილოდ აიჩეჩა მხრები, მერე უცებ სვლა შეანელა და მანქანა გააჩერა. - დაიცა. - მობრუნდა ბიჭისკენ. - ნამდვილად იცი ერთად სვამდნენ ყავას? იქნებ ის დაცვის ბიჭი ისე იჯდა მაგიდასთან? ან სულაც ჭამდა? 
- ყავას სვამდა! - მტკიცე ხმით მიუგო ბიჭმა. - როცა ჩაიდნიდან წყალს ვისხამდი, უკან მოვიხედე, არ მინდოდა დედიკოს დაენახა ან უცებ თავზე წამომდგომოდა, მაგრამ ისეთი რაღაცნაირი თვალებით შემომხედა დაცვამ, თან ვითომ რომ არ შემემჩნია, ჭიქაში ლამის ცხვირი ბოლომდე ჰქონდა ჩაყოფილი. 
- ჰმ. - თავი გააქნია გალეომ და მანქანა კვლავ დაძრა. 
- თუ კი ყავას ერთად სვამდნენ სამზარეულოში, მაშინ რატომ უნდა ყოფილიყო იმ დაცვის ბიჭის, უკვე ცარიელი ფინჯანი მისაღებში, თავის სადარაჯოს ადგილას? - კითხვა დასვა ბავშვმა.
- ხედავ, თურმე რა ხდება. - უკმაყოფილო სახით თქვა დიმეოს გვერდით მჯდომმა. 
ისედაც ცხადი იყო, ჩაიდანში დასაძინებელი წამლების ჩაყრა უთუოდ დაცვის ხელით იქნებოდა, მაგრამ ახლა დიმეოს მონაყოლმა, უფრო მეტად დაამტკიცა ის ვერსია, რომ აუცილებლად დაცვის ხელშეწყობით შეაღწევდა სახლში მკვლელი, მაგრამ მერე რატომ მოხდა ასე? 
- და ახლა რატომ მომიყევი? - გალეო ისევ დიმეოს ჩაეკითხა. - კიდევ რამე ხომ არ მოხდა? 
- იმიტომ რომ მე მაბრალებ, მამიკოს აპარატის ჩართვას! - მიახალა დიმეომ. 
- რას აბრალებ ბიჭო, ბავშვს?! - ჩაიქირქილეს კვლავ გალეოს მისამართით. 
- სახლი რომ ხალხით გაივსო, მაშინ გამეღვიძა და აბა როგორ ჩავრთავდი? - დიმეოს აშკარად ნაწყენი ხმა ჰქონდა. 
- არაფერს გაბრალებ. - დაუყვავა გალეომ. - უბრალოდ შენც ერთ-ერთი ვერსია იყავი და თანაც, ახლა ისეთი რამ მომიყევი, უფრო ბევრ რამეში დავრწმუნდი, რომ ასე კი არა, თურმე ისე ყოფილა საქმე! - დაასრულა ღიმილით. 
- უჰ, კიდევ კარგი. - დიმეოს გულზე მოეშვა, რასაც იმ მყოფთა სიცილი მოჰყვა. 
კლასში ჩვეულებრივ შევიდა. არავისთვის ზედ არ შეუხედავს, ისე მიუჯდა თავის მერხს. მერხი კი ამ დროს, სხვადასხვა ფერადი მარკერებისგან, მისი მისამართით არასასიამოვნო სიტყვებით აჭრელებული დაუხვდა. დიმეომ არაფერი შეიმჩნია, თუმცა გრძნობდა, უამრავი წყვილი თვალი როგორ მისჩერებოდა. 
„ცოდოა დედიკო, რამდენს ვანერვიულებ. კიდევ რომ რამე იყოს, ისევ სკოლაში უნდა დაიბარონ. ჯანდაბას ამათი თავი, ავიტან ამ დღესაც.“ 
ფიქრობდა ბავშვი და ცდილობდა, სიმშვიდე შეენარჩუნებინა. მთელი გაკვეთილი ასე დაძაბული იჯდა. მასწავლებელმა ერთ გაკვეთილს მეორეც მიაბა იმ პირობით, რომ ამის მერე, დიდი დასვენება ექნებოდათ და ვისაც ნიშნები უკვე გამოსწორებული ჰქონდა, თავისუფალი იყო. 
დიმეოს კი არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, შეეძლო სულაც აღარ ევლო. მიმიც დარწმუნებული იყო, დღეს არც წავიდოდა სკოლაში, მაგრამ რატომღაც ბავშვმა თავად გამოთქვა სურვილი.
„ალბათ უნდა რომ იმ გოგოს, ბოდიში მოუხადოს.“ 
ფიქრობდა მიმი და ამჯერადაც ორმაგად გაუმზადა სკოლისთვის ლანჩი. 
როგორც იქნა, ზარი დაირეკა და კლასიც წამოიშალა. დიმეო არც აჩქარებულა. დინჯად მოხვია ხელი თავის ნივთებს და სანამ წამოდგებოდა, გუშინდელმა იუბილარმა გოგონამ, სირბილით ჩაუქროლა და მაგიდაზე, ყველას შეუმჩნევლად ორად გაკეცილი პატარა ბარათი დაუგდო და არც შეჩერებულა ისე გავიდა კლასიდან. 
დიმეომ მაშინვე იცნო. ეს სწორედაც რომ წუხელ, ყვავილების მაღაზიაში მხატვარმა რომ რაღაც წააწერა, ის ბარათი იყო. 
ბავშვი დაიბნა. აღარ იცოდა გაეხსნა თუ არა. 
„იქნებ სულაც ჰგავს იმ ბარათს? 
ისევ ალბათ, მორიგი სისულელე იქნება და ისევ ჩემი გულზე გახეთქვა უნდა. სულ ფეხებზე მკიდია! აღარასდროს მივაქცევ ამათ იდიოტობებს ყურადღებას!“
დიმეოს უნდოდა არც დაეხედა ისე მოესროლა ნაგვის ყუთში, მაგრამ რატომღაც თავი შეიკავა. 
„ნუთუ, ამ შტერ გოგოს მივუტანეთ წუხელ ის უზარმაზარი თაიგული?“ 
ბიჭმა ბარათი თითით მიიწია. გაშალა და სახტად დარჩა, როცა ბარათზე ეწერა, 3:1.
დიმეოს გულში ჩაეცინა. მშვენივრად მიხვდა და მოეწონა კიდეც მხატვრის საქციელი, ამით ბოდიშის მოხდაც გამოუვიდა ბავშვს და თან, მაინც გამარჯვებული გამოდიოდა. 
გაკვეთილების დამთავრებამდე ჯერ კიდევ საკმარისი დრო იყო დარჩენილი. დიმეოს წასაყვანად მხატვარს უნდა მოეკითხა. შეეძლო დაერეკა და უკვე სახლშიც წასულიყო, მაგრამ ჩანთას ხელი დაავლო, სკოლიდან გამოვიდა და გვერდითა ქუჩაზე ჩაუხვია. 
ქუჩის ერთ კუთხეში, თაკარა მზისგან, ჩრდილში მოფარებულ მათხოვარს მოეკალათებინა და ცივი წყლით იგრილებდა გულს. 
დიმეო გვერდით მიუჯდა. სახლიდან წამოღებული ლანჩის დიდი ნაწილი მათხოვარს დაუთმო და თავადაც გემრიელად ილუკმებოდა, როცა სწორედ ის გოგონა წაადგა თავს. 
ბიჭმა ქვემოდან ამოხედა. 
„რას დამსდევს, ნეტა? თუ უნდა დავუთმობ იმ გამარჯვებას. სულ გამარჯვებული იაროს და მე, თავი დამანებოს.“ 
გაუელვა გულში და ჭამა განაგრძო. 
დიმეოს გვერდით მჯდომი მათხოვარიც, ასევე გემრიელად შეექცეოდა ბიჭის მოტანილ საკვებს და არც შეუხედავს არავისთვის, ისე თავჩაღუნული განაგრძობდა ჭამას. 
გოგონა, დიმეოს სიახლოვეს ჩამოჯდა. ჩანთიდან, სწორედ ის წუხანდელი დიმეოსა და მხატვრის მიერ ნაჩუქარი შოკოლადები ამოაძვრინა და ბიჭსაც და იმ მათხოვარსაც გაუნაწილა და ახლა, სამივე ერთად ბაღის კიდეზე, გაზონზე ჩამომჯდარი, უხმოდ შეექცეოდნენ ტკბილეულს. 
დიმეომ, შოკოლადის ქაღალდები და სხვა ნარჩენები, იქვე მდგარ ნაგვის ურნაში მოისროლა და ამაყად წარმოსთქვა: 
- აი, ახლა კი, 4:1
- თუ გინდა ხუთით იყოს! - გოგონა გულიანად აკისკისდა. 
მოულოდნელად ქუჩის კუთხიდან მათი კლასელი ბიჭი გამოჩნდა და კუშტი სახით წამოვიდა მათკენ. 
გოგონა მოიბუზა. 
- აქ რას ზიხარ?! - ბიჭმა გოგონას წყრომით მიმართა, მერე დიმეოსკენ გადაიტანა მზერა და მათხოვარსაც ამრეზით გახედა და ისევ გოგონას შეუბღვირა. - ადე, რა! რა გინდა აქ?!
გოგონა უფრო მოიღუშა, მაგრამ არ განძრეულა. 
- არ გესმის, გოგო?! - კვლავ შეუღინა უფროსმა ბიჭმა და დიმეოს მტრულად გახედა.
- რა შენი საქმეა?! - წამოიჭრა დიმეო, რომელიც მასზე უფროსს და ისედაც საკმაოდ მაღალ ბიჭს წელამდე ძლივს სწვდებოდა. - სადაც უნდა, იქ დაჯდება! 
- ლაწირაკო! - ბიჭმა დიმეოს ხელი მხარში ძლიერად ჩაავლო. 
- ეე, ბიჭო! - იმხელა ხმით დაუღრიალა მათხოვარმა, რომ ბავშვები შიშისგან ერთიანად შეხტნენ. 
ბიჭი გაფითრდა. დიმეოს ხელი უშვა, გოგონას ბრაზით გახედა, ზურგი შეაქცია და იქაურობა დატოვა. 
გოგონამ შვებით ამოისუნთქა. დიმეო კი კმაყოფილი სახით, ადგილს დაუბრუნდა, მაგრამ ხუთი წუთიც არ გასულა, რომ ახლა გოგონას მამა დაადგათ თავს. აშკარად ჩანდა, რომ იმ უფროსმა ბიჭმა მოაგზავნა.
- უკეთესი ადგილი ვერ ნახეთ, აქ რომ ჩამომჯდარხართ? - ახლა მამამ უსაყვედურა ბავშვს და უსიამოვნოდ შეავლო თვალი ჯერ დიმეოს და მერე იმ მათხოვარ კაცს.
გოგონა უხმოდ დაემორჩილა, ისედაც იცოდა, ცოტა არ იყოს, მკაცრ მამასთან, შეწინააღმდეგებას აზრი არ ექნებოდა და მაშინვე წამოდგა. 
- ჰე, ახლა! შეკრიბე კლასელები და დავჭრათ ბარემ ის ტორტი! - კაცმა კვლავ შეავლო დიმეოს თვალი და მერე მზერა, ისევ მათხოვარზე გადაიტანა, რომელიც თავისთვის მობუზული იჯდა და ყურადღებას არც აქცევდა. 
- ხომ დამსაჯე და აღარ გადამიხადე დაბადების დღე! - წყენით მიუგო გოგონამ.
- ის გუშინ იყო. - მოლბა მამა. - დაბადების დღეც გავიდა და შენი სასჯელიც, პატიოსნად მოიხადე.
გოგონამ ცალყბად გაუღიმა.
- თუმცა, საჩუქრები მაინც მიიღე. - განაგრძო მამამ. - და თანაც, ჯერ კიდევ ვერ გავარკვიე ვისგან! ნეტა, ვინ გეპრანჭება, ასე?
- აბა, მე რა ვიცი? - გოგონა წამოწითლდა და მხრები აიჩეჩა.
დიმეომ წარბები აზიდა. ჩანდა, კაცს მართლაც არ ჰქონდა წარმოდგენა, თუ ვისგან იყო ის უზარმაზარი თაიგული და ტკბილეულის კალათა და ცხადი იყო, რომ გოგონასაც არაფერი უთქვამს, თუმცა მშვენივრადაც მიხვედრილა და ეს უკვე, მხატვრის დამსახურება იყო. 
- ჰე, რაღას უდგახარ? - კვლავ მიმართა მამამ. - შეაგროვე კლასელები და წამოიყვანე ჩვენთან, აღარ დავჭრათ ის ტორტი? ორი დღეა მაცივარშია. 
- წამოდი! - გოგონამ დიმეოს გახედა და მერე  მამისკენ გადაიტანა მზერა. - ესეც ჩემი კლასელია! ოღონდ, მართლა!
- მერე, წამოიყვანე! - გაკვირვებით მიუგო მამამ, რომელსაც ჯერ კიდევ არ სჯეროდა, რომ ასეთი პატარა ბიჭი, მისი მოზარდი გოგონას კლასში თუ სწავლობდა. 
- მე არ მინდა ტორტი და შეიძლება ჩემი წილი, რომ... - დიმეო გაჩუმდა და მის გვერდით მჯდომ მათხოვარს გახედა. 
- წამოდი, წამოდი. - ახლა მამამ მიმართა ბიჭს. - შენი წილიც არის და ყველას ეყოფა! 
დიმეო კვლავ შეყოვნდა. 
- მხოლოდ მშობლებს დაურეკე, არ შეშინდნენ და მერე სახლამდე ჩვენ მიგაცილებთ. - კაცმა ჯიბიდან საფულე ამოიღო და რამდენიმე მსხვილი კუპიურა მათხოვარს დაუდო. 
გოგონას გასაკვირად კი მათხოვარმა კაცმა. საკმაოდ მისუსტებული, წვრილი ხრინწიანი ხმით მოუხადა მადლობა და ლოცვები მიაყარა, როცა სწორედ ამავე კაცმა, სულ რამდენიმე წუთის ისე ძლიერად იღრიალა. 
- კარგი, წამოვალ. - დიმეომ თავი დაუქნია და მერე მათხოვარს მიუბრუნდა. - ხვალ ისევ სკოლაში ვიქნები. - თითქოს სპეციალურად დაუბარა, ხვალაც გნახავო და გოგონასთან ერთად, იქაურობა დატოვა. 
მათხოვარი ერთხანს იჯდა, ასე ჩრდილში, მერე მზეც მოადგა. წამოდგა და იქაურობა ფეხის ჩაჩუნით დატოვა. რამდენიმე შესახვევი გაიარა ასე და მერე ერთ სადარბაზოში გაუჩინარდა და იქიდან აღარც გამოსულა.
სამაგიეროდ კი, სადარბაზოს მეორე გასასვლელიდან, მოხუცი მათხოვრის მაგივრად, ბევრად ახალგაზრდა, წელში გამართული კაცი ამაყად მიაბიჯებდა. ჩანთით კი მათხოვრის ლაბადა, ხელთათმანები და პირბადე მიჰქონდა.
LEX. 2022 წლის 27 მაისი, პარასკევი.

No comments:

Post a Comment