129.
- Filius Bonacci! - „ბონაჩის შვილი“! - წამოიძახა მხატვარმა. - ანუ ფიბონაჩი!
ხანუმა დეიდასგან ფიფომ, პირდაპირ სახელოსნოში გადმოინაცვლა. ნათლიის მოთხოვნით, სამსახურში ხშირი გამოჩენა და გამოძიებებზე, აქეთ-იქეთ სირბილი, ჯერ კიდევ აკრძალული ჰქონდა. დროებით, იმ ბოლო საქმესაც კი ჩამოაშორეს, რომ ოფიციალურად, არაფერში ყოფილიყო გარეული. ამიტომაც დროც საკმარისი ჰქონდა და მხატვართანაც უფრო ხშირად სტუმრობდა.
და როცა მიმიმ დაურეკა, სახელოსნოში მივდივარო, ფიფოც უმალ იქ გაჩნდა და იონას მონაყოლის მიხედვით, ბუნების კანონზომიერებაზე წამოიწყო საუბარი, მაგრამ მხატვარმა, როგორც ხშირად ხდებოდა ხოლმე, არ დააცადა და თავად განაგრძო დაუსრულებელი ქაქანი.
- იცი, ხშირად არის ხოლმე, რომ შემოქმედებაში. - განაგრძო მხატვარმა. - ნამუშევარი, ავტორის შვილს წარმოადგენს! ჯერ ერთი, რომ ისედაც მისგან მომდინარეობს და შვილივით სათუთად ცდილობს მოეფეროს და კარგად და ზუსტად გადმოსცეს მისი აზრი, იდეა, ტკივილი თუ სიხარული! ესე იგი, საკუთარი შემოქმედების მშობელია! მწერლობაში ეს, ტრადიციასავითაც კი დამკვიდდრდა, საკუთარი ნამუშევრის შვილობილად აღიარება.
- ფიბონაჩი, მეც მახსოვს - ჩაურთო მიმიმ. - სკოლაში გვასწავლიდნენ! რაღაც კურდღლის წყვილებზე. რამდენი წყვილი შეიძლება წარმოიშვას წელიწადში, წყვილისგან და მერე თვეების და წყვილების რიგები იყო დანომრილი.
ფიფო მოიღუშა.
„ჰმ, გამოდის, რომ ყველას სცოდნია ჩემს მეტი. მე ვარ ამათში ყველაზე შტერი?
მიმისაც კი უსწავლია სკოლაში და მე რატომ არ მახსოვს?
არადა, ცუდად ნამდვილად არ ვსწავლობდი. კარგი მოსწავლე ვიყავი.“
- კურდღლის ანუ ბოცვრის. - შეუსწორა მხატვარმა.
- ისე რა მნიშვნელობა აქვს? - გაეცინა მიმის.
- არავითარი! - თავი გაქნია მხატვარმა. - არითმეტიკული თვალსაზრისით, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს!
- და მართლაც, რა მნიშვნელობა აქვს, კურდღელი შევა იმ გალიაში, ბოცვერი თუ თახვი? - ჩაურთო ფიფომ.
- ჰმ, გეგონოს! - სერიოზული სახით მიუგო მხატვარმა. - აბა ერთი მებოცვრეებს ჰკითხე?
ყველას გაეცინა.
- ისე მართლა, ოქროს კვეთის ცოდნა, მაინც რამდენს ნიშნავს, არა. - დაიწყო მიმიმ.
- სწორედაც, რომ მაგ ოქროს შუალედის პრინციპი ეხმარება ყოველ ნამდვილ ხელოვანს, კომპოზიციის შეგრძნების ჩამოყალიბებაში! - დაურთო მხატვარმა. - ასე რომ ძალიან ბევრი მხატვარი, არქიტექტორი თუ დიზაინერი, აქტიურად იყენებს მას კომპოზიციის აგებაში.
- პირამიდებიც მასე არ არის აგებული?! - ფიფოც ცდილობდა ცოდნაში არ ჩამორჩენოდა მეგობრებს, თუმცა ვინ აცლიდა?
- დიახაც, რომ ძველ კულტურაშიც. - კვლავ ჩაეკვეტა მხატვარი. - მკაფიოდ არის ხაზგასმული ოქროს პროპორციით აგებული, თუ შექმნილი უამრავი შედევრი. გინდაც გიზისა და მექსიკის პირამიდებში, ათენის პართენონიც ამის უტყუარი მაგალითია! და საუცხოო Notre Dame de Paris! - პირდაპირ შედევრია!
- მართლაც, რამდენი საოცარი და საინტერესო შედევრია! - არ ჩამორჩა მიმიც. - ჯერ ის, რის ნახვაც დღესაც შესაძლებელია და რამაც ჩვენამდე ვერ მოაღწია და განადგურდა? ეჰ, რამდენი საინტერესო რამ იქნებოდა?!
- აი მუსიკაშიც მასეა! - კვლავ ლიდერობდა მხატვარი. - ბახის „ქრომატიური ფანტაზია და ფუგა“ ან მოცარტის ნაწარმოებებშიც სულ მასე არ არის?!
- ჰო, თუ არ დაიცავი ჰარმონია, ისე... - ჩაურთო ფიფომ.
- გამოგივა დისჰარმონია! - მაშინვე გააწყვეტინა მხატვარმა.
მიმის გაეცინა. ფიფოც ცალყბად იღიმოდა, თუმცა გულში მაინც იბღვირებოდა.
- აი, თუნდაც სტრადივარიუსის ვიოლინო აიღე! - კვლავ არ აცლიდა მხატვარი სტუმრებს. - თქვენ, საოცარი ჟღერადობა შექმენით, სენიორ ანტონიო! და ამიტომაც არის შედევრი! და არა, ჩვეულებრივი მორიგი ნამუშევარი! - მხატვარმა ამოისუნთქა და სიგარეტს დასწვდა, მერე მიმის გახედა. - კარგი, შენი ხათრით მერე მოვწევ!
- ფიფოც გადავაჩვიე სახლში მოწევას. - გაეღიმა მიმის. - მარტო თავისი ოთახის აივანზე უშვებს ბოლს.
- შენ შემხვევით, ეს კაცი, სადილსაც ხომ არ გადააჩვიე? - თვალი ჩაუკრა მხატვარმა მიმის. - ორივემ წიხლი მიკარით, არც ერთს არ გშიათ! ნუთუ, სულ არ გეცოდებით? მარტო უნდა ვჭამო?
- მე უკვე ჩემებთან ვისადილე! - მიუგო ფიფომ.
ფიფო არ ამხელდა, რომ ხანუმა დეიდასთან სტუმრობდა ხშირად. უფრო სწორად, არც მიმიმ და არც მხატვარმა, არაფერი იცოდნენ მისი არსებობის შესახებ და არც იმ ფსიქოლოგ ბიჭზე იცოდნენ რამე.
- მე ნამდვილად არ მშია.- განაგრძო ფიფომ. - მიმი კი, დარწმუნებული ვარ, ახალი გაღვიძებულია! მოასწრებდა პირდაპირ საუზმიდან სადილზე გადასვლას.
- ჰაჰ, მიმიიიი - გაეცინა მხატვარს. - ჩემგან ისწავლე დილის ძილი არაა?! ჰაჰა! ბავშვი უეჭველი, ხელოვანი გამოვა! აი, ნახავთ!
- რატომ ვითომ? - გაეცინა ფიფოს. - ვისაც შენსავით შუადღემდე ძილი უყვარს, ყველა ხელოვანია?
- არა! ყველა აბა როგორ იქნება მხატვარი? - მხრები აიჩეჩა მხატვარმა. - ზოგი მუსიკოსია, ზოგიც მოცეკვავე...
- ზოგიც კიდევ უსაქმურია და უქნარა! - სიცილით შეაწყვეტინა ფიფომ.
- მერე დავიჯერო, თქვენი შვილი უქნარა და უსაქმური გამოვა? არც ერთი არ ხართ ზარმაცი და უნიათო.
- რამდენადაც სიზარმაცეს მიაჩვევ, ისეთივე უნიათო შეგრჩება ხელში. - დაურთო მიმიმ.
- სრულიად გეთანხმები, მაგრამ მე მაინც ვიფიქრე, ეჰ, კარტოფილს შევწვავდით ერთად, თან ორნაირი ტყემალი მაქვს და კიდევ, საინტერესო რამე-რუმეებიც! - მხატვარმა ფიფოს გახედა.
- არა, არ მინდა დღეს დალევა. - იუარა ფიფომ.
- სულ დალევაზე, როგორ უნდა ფიქრობდეთ? - თავი გააქნია მიმიმ.
- სულ რატომ? - გაიკვირვა მხატვარმა. - აი, მეგობრებს, რომ გხედავთ მაშინ მახსენდება, თორემ აბა რომელი ლოთი მე ვარ მარტო დავჯდე და დავლიო?
- მოკლედ რაა!! - ჩაეცინა მიმის. - ორი კაცი ერთად და უკვე დასალევზე ფიქრობს.
- ნამდვილი, ჭეშმარიტი ადამიანი, იცი როდის სვამს? - მხატვარმა მიმის გახედა. - როცა ცუდ ხასიათზეა, რამეზე დარდობს ან როცა რაღაც უხარია და ბედნიერია! აი, დაგინახეთ და გამიხარდა! რა? არ დავლიო სიხარულისგან?
- უჰ! სიხარულისგან ქეიფი არ მიხსენო. - ამოიხვნეშა ფიფომ. - ნათლიამაც ცალკე შემჭამა. გინდა თუ არა, მე უნდა გაქეიფოთო! ხან როგორ დავიძვრინე თავი და ხან როგორ, მაგრამ მაინც არ მეშვება, რაა!!
- მერე ვიქეიფოთ! აქ არ ვარ? - გაუხარდა მხატვარს.
- ჰოდა, გინდა თუ არა, ის ბიჭიც წამოიყვანეო. - ფიფომ მხატვარს, მიმის შეუმჩნევლად გახედა.
მხატვარმა წარბები აზიდა.
- სირცხვილია, იმ კაცმა ამხელა პატივი გვცაო. - განაგრძო ფიფომ. - და ერთი წესიერად ჩვენ ვერ ვეცით პატივიო.
- ესე იგი, ვსვამთ ყანწებით! - მხიარულად გამოაცხადა მხატვარმა, მაგრამ მაინც ეჭვის თვალით გახედა ფიფოს.
- დალევა, რა პატივისცემაა? - ჩაერია მიმი.
- აბა? - ჩაურთო მხატვარმა. - სუნამო აჩუქოს? შეფუთული ბაფთით!
მიმიმ გემრიელად გადაიკისკისა.
- არა, მართლა, რა სუნამო? კაცებში მასე არ მოსულა! - მიუგო ფიფომ.
- აბა ჩემი ნაჩუქარი სუნამო რომ ძალიან მოგწონს, ეს იგი, სინამდვილეში არ გაგიხარდა და გულშიც გეცინებოდა? - წყენით მიმართა მიმიმ ფიფოს.
ახლა ფიფოს გაეცინა გულიანად.
- გოგო, ჯერ ეგ ერთი, რომ შენი ნაჩუქარია! - მხატვარი ფიფოს გამოექომაგა.
- და თანაც, მართლაც საოცარი გემოვნება გაქვს. - დაურთო ფიფომ. - ისეთი სურნელი აქვს, რომ... მართლა კარგი და საუცხოო სუნამოა და რატომ უნდა მეთქვა უარი და თანაც, მართლაც გააჩნია, ვინ გჩუქნის!
მიმიმ შეიფერა. ესიამოვნა ფიფოს შექება. თუმცა, საკმაოდ ძვირფასი და კარგი სუნამო აჩუქა ფიფოს, მაგრამ ფასი დაუმალა. არაფრით არ უთხრა.
- მოკლედ, ვიქეიფოთო, ნათლიამ? - შეახსენა მხატვარმა ფიფოს და იმასაც მშვენივრად მიხვდა, რომ ფიფო ტყუილად და თანაც, მიმის თანდასწრებით არ დაიწყებდა პიპას ხსენებას.
- ჰო, რაა, მაგრამ იმ ბიჭის გარეშე, არ დაგინახოთო. - ფიფო წამით გაყუჩდა. - შენც კიდევ, რამდენჯერ გთხოვე და პასუხიც ვერ მაღირსე! რა იყო? ვერ დააბარე შენს „ლუბოვს“, ეთქვა მისი ძმისთვის და წამოვიდოდა! - ფიფომ ისეთი დაჭყეტილი თვალებით ჩახედა მხატვარს, რომ ისიც უმალ მიხვდა უნდა დაედასტურებინა.
- რამდენჯერ ვუთხარი და რა ვიციო. - მხრები აიჩეჩა მხატვარმა. - რაღაცნაირი ტიპია რაა. არ ევასება ალბათ, ეს დალევა და ქეიფი.
- ჰო, რა ვიცი. - თავი გააქნია ფიფომ. - ცუდია, რომ ვერ დავითანხმეთ. მე კი შემჭამა იმ კაცმა. - მიმის დასანახად ამოიხვნეშა ფიფომ.
- აბა ყველა ჩემსავით ლოთი კი არ არის? - გაეცინა მხატვარს. თუმცა, ჯერ მაინც ბოლომდე ვერ ხვდებოდა, ფიფოს საითკენ მიჰყავდა საუბარი.
- იქნებ, მიმი შენ დაურეკო. - ფიფომ მიმის გახედა. - შენც ხომ იცნობ?
მხატვარი შეცბუნდა. აშკარა იყო, ფიფოს რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული.
- კი, ვიცნობ, მაგრამ მე არ მაქვს მისი ნომერი. - ჩვეული ხმით უპასუხა მიმიმ.
- მართლა? - გაუკვირდა ფიფოს.
- ჰო, შეიძლება არც დამიჯერო, მაგრამ მართლა არ მაქვს! ნუ, აღარ მაქვს. - მიმის ისეთი ხმა ჰქონდა, თითქოს რამეს აბრალებდნენ და თავის მართლებას ცდილობდა.
- და მაშინ აბა, ფიფოს დასახმარებლად, აქ როგორ მოიყვანე? - ვეღარ მოითმინა მხატვარმა.
სწორი შეკითხვა იყო, ფიფოსაც ეამა და ყურები ცქვიტა პასუხის მოლოდინში.
- უნივერსიტეტში მივაკითხე, თუ იქ არ დამხვდებოდა მაშინ სახლში მივაკითხავდი. ნომერი კი მართლა არ მაქვს, უკვე დიდი ხანია გამოცვალა.
- რატომ გამოცვალა? - ჩაეკითხა ფიფო?
- აბა მე რა ვიცი რატომ? - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - რა არის გასაკვირი? ნომერი მეც გამოვცვალე, მანქანაც, ტელეფონიც და სხვათა შორის, ბინაც შევიცვალე. თუნდაც ასე მინდოდა და იმიტომ. - მიმის გაეღიმა.
- ნუ, ჰო. - ჩაიბურტყუნა ფიფომ.
- შემიძლია ისევ მივაკითხო სამსახურში.
- ჰო, მაგრამ მერე არ გამოვა ბუნებრივად დაპატიჟება. იფიქრებს, რომ რაღაცას ძალად ვატენით და ვაძალებთ. - ეშმაკურად ჩაურთო ფიფომ.
მხატვარი ახლა უფრო მეტად დარწმუნდა, ფიფო მართლაც რაღაცას აპირებდა, მაგრამ რას?
- აბა რა ვქნა? როგორ დაგეხმარო? სახლში ხომ არ მივაკითხავ? არც ეგ გამოვა ბუნებრივად, თუმცა... - მიმიმ წამით იყუჩა. - შეიძლება ბავშვი მოვინახულო და თან როგორმე შევაპარებ და იქნებ, დავითანხმო კიდევაც?
- მშვენიერი აზრია! - წამოიძახა ფიფომ.
თავიდან ფიფოს გაუხარდა კიდევაც, როცა გაიგო, რომ მიმი პიპას აღარ სტუმრობდა და არც ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს. მიმის, რომ მართლაც გაეგო ბავშვის ასეთი ცუდად ყოფნა, რაც არ უნდა დაეშალათ, მაინც მოინახულებდა. ახლა კი ყველაფერი ნათელი იყო, მიმიმ დიდი ხანია არაფერი იცოდა იმ ოჯახზე და გამოდის, რომ იქ ყველაფერი დამთავრდა. უკვე ჩანდა, მიმი მხოლოდ მას რჩებოდა და ახლა უფრო მეტად მიეცა იმედი, რომ დროთა განმავლობაში მიმის მართლა შეუყვარდებოდა და ნამდვილ ოჯახს შექმნიდნენ. მაგრამ მერე უცებ...
„რა გულის ამრევი, უკანასკნელი ადამიანივით ვიქცევი.
ავადმყოფი ბავშვის მოსანახულებლად იმიტომ არ ვუშვებ, რომ მისი დაკარგვის მეშინია? ვეჭვიანობ? თუ?
ჰმ, იმ პატარა ლაწირაკმა ფსიქოლოგმაც კი მაგრძნობინა, რომ ბავშვი არაფერ შუაშია. თავისი გაჭირვებაც ეყოფა საცოდავს. მიმიმ, რომ ოდესმე გაიგოს, ავადმყოფი ბავშვი როგორ ელოდება, მე ვიცოდი და არაფერი ვუთხარი. შემიძულებს! აუცილებლად შემიძულებს!
მეც კი შემძულდებოდა ასეთი მძორი!“
ფიფო გახარებული იყო, ყველაფერი მის სასარგებლოდ მიმდინარეობდა. თანაც, პიპასთან სტუმრობის იდეაც მიმისგან წამოვიდა, მშვენიერი იყო.
მხატვარი, როგორც იქნა მიხვდა, ფიფოს სწორედ ეს უნდოდა, რომ მიმი პიპას სახლში გაეშვა, და მაგრამ მაინც რატომ?
- ძალიან კარგი! - ფიფომ მხატვარს ისეთი სახით გახედა, რომ მანაც დაუდასტურა.
- კი, მასე სჯობს, ესტუმრები. ბავშვსაც მოინახულებ, გემრიელობებსაც მოგართმევენ. მე კი აქ შიმშილით სული მძვრება, მაგრამ რას ვიზამ, აბა? - წაიწუწუნა მხატვარმა.
- მოდი მე შეგიწვავ კარტოფილს. - სიცილით წამოდგა მიმი. - თორემ დავიწვი შენი ცოდვით.
- აბა, შენ როგორ უნდა შეგაწუხო? - ეღიმებოდა მხატვარს. - ეს ორი ადამიანი, ერთად უნდა წამოდგეთ და...
მიმიმ ღიმილით გააქნია თავი და სამზარეულოში გავიდა.
- რა ხდება ამიხსენი? - მიმი გავიდა თუ არა, წამსვე მხატვარი ფიფოს ეცა.
- არაფერი. - სრულიად მშვიდი ხმით უთხრა ფიფომ.
- როგორ, არაფერი?
- ხომ იცი, ამ სამყაროში მხოლოდ დროებით ვართ მოსულნი! აქ მხოლოდ გარკვეულ დროს ვატარებთ! რამდენიმე ხნით ვიკავებთ ამ ქუჩას ამ სახლს. თუნდაც, აი ამ სავარძელს, მერე კი... - ფიფოს ეშმაკურად გაეღიმა. - დრო უნდა დავაფასოთ, ერთმანეთთან გატარებული დრო უნდა იყოს, ჩვენი საჩუქარი.
- მაგას კი ვხვდები, მაგრამ შენ რას თამაშობ, აი ეს ვერ გავიგე.
- ბავშვი არის ძალიან ცუდად, გამუდმებით მიმის ითხოვს. - ძალიან დაბალი ხმით უთხრა ფიფომ.
- მერე შენ? შენ საიდან? - წაიჩურჩულა მხატვარმა.
- საჭირო წყაროებიდან. მხლოდ არ მკითხო რა და როგორ.
- და პირდაპირ, რომ გეთქვა? თუმცა, მერე მიმიც ხომ იკითხავდა საიდანო?
- ბუნებრივია. - თავი გააქნია ფიფომ. - მკითხავდა, აბა რაა
- და მაინც არ მესმის შენი.
- მთავარი ის კი არ არის, თუ ვინ იწყებს ომს! მთავარია, ვინ დაამთავრებს მას! - ფიფომ საჩვენებელი თითი ზევით ასწია.
- ჰმ. ეს უკვე შენი პრინციპებია, შენი აკვიატებული ბრძოლაა! იქნებ, სულაც არ არის ის, ვისაც შენ ეძებ? და მაინც მტრის ხახაში აგდებ საყვარელ ადამიანს?
- არა მგონია, რომ რამე დაუშავოს. - ჩაფიქრებული ხმით მიუგო ფიფომ.
- და რა გარანტია გაქვს? - არ ცხრებოდა მხატვარი.
მხატვარი ფიფოს საქციელმა გააოცა. თუმცა, ყოველთვის თავად უმტკიცებდა, რომ მიმის არაფერს დაუშავებსო, მაგრამ ახლა ფიფოს პოზიცია, აკვირვებდა. მაინც ბოლომდე ვერ ჩასწვდა აზრს, რა თამაშს თამაშობდა ფიფო.
- დაუშავებს და ძვლებს ერთმანეთზე დავუდნობ! - წამოიძახა განრისხებულმა ფიფომ და ასანთის კოლოფი, მაგიდაზე ისეთი ძალით დაახეთქა, რომ ყავის ფინჯანს ყურზე ჩამოეკრა და ფინჯანიც ძირს გაგორდა.
ხმაურზე მიმიმ შემოიხედა:
- რა გჭირთ?
- წააგო ჩემთან! - უმალ მოიფიქრა მხატვარმა. - ასანთი ვერ დასვა „რეშკაზე“!
ფიფო სიცილით დასწვდა ძირს დაგდებულ ასანთის კოლოფს და ახლა მხატვარს გაუქანა, რომელმაც მოგერიება ძლივს მოასწრო.
- წააგე და არ გინდა აღიარო! - არ ცხრებოდა მხატვარი.
- მოკლედ, სადღაც თხუთმეტ წუთში ამოურიეთ. - მიმი წასასვლელად მოემზადა.
- და შენ, შენივე შემწვარ კარტოფილზე არ დამეწვევი?
- საით მიფარფატებს ეს გოგო? - გამომწვევად იკითხა ფიფომ.
- როგორ საით? - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - შენივე თხოვნას ვასრულებ.
- მერე ჯერ ადრე არ არის? იქნება ის კაცი, არც იყოს სახლში? - ფიფოს გული უსკდებოდა, მაგრამ ცდილობდა, მაინც მშვიდი სახე შეენარჩუნებინა.
- ჯერ მაღაზიებში გავივლი, ბავშვს საჩუქარს შევურჩევ. ხომ გვინდა, რომ ბუნებრივად გამოვიდეს? ამიტომაც ბავშვთან ხელცარიელი, ისედაც უხერხულია და თანაც, ცოტა ადრეც ვესტუმრები და დავუცდი. იმედია, ძალიან გვიან არ მოვა.
- ჩემი ბარათი წაიღე, ბავშვს ტკბილეულიც უყიდე. - ფიფომ ბარათი გაუწოდა.
- არ მინდა, მაქვს საკმარისად. შენ ისედაც ბევრი ხარჯები გაქვს ამ თვეში.
- იცოდე, ჭკვიანად იყავი. - დაარიგა მხატვარმა.
მიმის გაეცინა.
- კარტოფილი არ დაწვათ! - უკვე გარედან შემოსძახა მიმიმ.
მიმი გავიდა თუ არა მხატვარი ფიფოს ეცა:
- შენ სულ გაგიჟდი?
- რა იყო? განა შენ თვითონ არ ამბობდი, რომ მიმის არაფერს დაუშავებსო? - ჩაეცინა ფიფოს.
- კი, მაგრამ...
- რა მაგრამ?
- ნუ, რა ვიცი. შენი საქმეა, მაგრამ მართლა, რომ დათანხმდეს და ერთად აღმოჩნდეთ სუფრასთან, აი მაშინ? - გამომწვევად ჩაეკითხა მხატვარი. - ადამიანი შეიძლება იყოს ურჩხული, მაგრამ არ იყოს კრეტინი და იდიოტი!
- თუ ჭკუა აქვს არ მოვა! - დინჯი ხმით მიუგო ფიფომ. - ჯერ ეგ ერთი და თუ მაინც მოვა, ან იმაზე მაგარი სინდის გარეცხილია, ვიდრე მე მგონია ან ჩემი დაინტრიგება უნდა! თუმცა, უკვე კარგადაც გამოუვიდა და თანაც, არა ერთხელ!
მხატვარი უქნევდა თავს, მაგრამ სახეზე რაღაცნაერი ფარული ირონია ჰქონდა.
- რა იყო? - შეატყო ფიფომ.
- არაფერი. - მშვიდად აიჩეჩა მხრები მხატვარმა. - უბრალოდ საშინელი დამწვრის სუნია.
- ვაიმე, კარტოფილი!
LEX. 2017 წლის 22 ნოემბერი, ოთხშაბათი.
No comments:
Post a Comment