Saturday, October 9, 2021

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 129)

129. 
ყავის მწრუპავი ბიძია, სასტუმრო ოთახის სავარძელში თვლემდა. დიმეო ფრთხილი ნაბიჯებით მიუახლოვდა და კარგად დააკვირდა. კისერი წაიგრძელა, კიდევ წინ უნდოდა წაწევა, რომ მიმიმ მკლავზე მოქაჩა და უხმოდ ანიშნა, წავედითო. 
- ყოველ სკოლაში წასვლაზე, მასეთი სახით ნუ ხარ. - ეცინებოდა მიმის, გაბღუზული სახის ბიჭს რომ შეჰყურებდა. 
- აბა, მაიძულებ სკოლაში სიარულს, და... - შუბლი შეკრა ბიჭმა. 
- რას ვიზამთ? - ამოიხვნეშა მიმიმ. - არც მე მინდა ზოგჯერ ბევრი რამის კეთება, მაგრამ ვალდებული ვარ და შენ წარმოიდგინე, რომ ხშირადაც! 
- ხომ კარგად ვსწავლობ და მაინც რა საჭიროა გაკვეთილებზე ყუმივით ჯდომა?! მიმის ბავშვის სიტყვებზე გულიანად გაეცინა. 
- მერე შენც ნუ იჯდები ყუმივით და ამოიღე ხმა! რა არ იცი, თუ რა? 
- რა აზრის აქვს? - მხრები აიჩეჩა ბიჭმა. - რასაც ესენი გადიან, მე უკვე დიდი ხანია ვიცი. 
- და გაკვეთილებზე იწყენ. მესმის შენი. 
- არა! სულაც არ გესმის! - თავი გააქნია ბიჭმა. 
- აუჰ! - გაეცინა მიმის. - რაღაც ძალიან ზედმეტად მებღვირები და მერჩი. მითხარი რა გინდა? რაღაც არ მოგწონს და ასე იღრინები. 
დიმეომ არაფერი უპასუხა. 
ერთხანს, იმგზავრეს ასე ჩუმად, მაგრამ უკვე ადგილზე მისვლისას, სანამ დიმეო მანქანიდან ჩამოვიდოდა, უცებ მიახალა დედას: 
- დეე! მამიკო, რატომ გადმოიყვანე სახლში? 
მიმი შეცბა, ღიმილი სახეზე შეეყინა. 
- მეგონა, გაგიხარდებოდა. - დაბალი ხმით მიუგო მიმიმ. 
- სულაც არ მწყენია! - თავი გააქნია ბიჭმა. - მაგრამ რაღაც ხდება ჩვენს სახლში, ვიღაც უცხო ხალხი ათევს ღამეს და მეც მინდა ვიცოდე, პატარა ბავშვი აღარ ვარ! 
- არა, პატარა ბავშვი, ნამდვილად აღარ ხარ, მაგრამ არც იმდენად დიდი, რომ იმაზე მეტის გაგებას ითხოვ, რაც მართლა არ არის შენი გასარჩევი. 
დიმეო მოიღუშა. 
- მომისმინე, დეე. - განაგრძო მიმიმ. - კლინიკაში, ძალიან დიდ ფულს ვიხდიდი ყოველდღე, ასე ბევრად იაფი მიჯდება. არა, კი არ ვამადლი, ან ვწუწუნებ, მაგრამ ეს მართლაც დიდძალი თანხა იყო, თან ყოველდღიურად, ლამის ერთი ბინის ფასი და როდემდე გავწვდებოდი აბა, ამას? 
- მართლა ასეთი ძვირია? - გაიკვირვა ბიჭმა. 
- საკმაოდ. - ამოიხვნეშა მიმიმ. - სახლში ექთნებისა თუ ექიმების დაქირავება, ბევრად იაფი გამოვიდა და ასე გადავწყვიტეთ ყველამ, თორემ ხვალ შეიძლება ქუჩაშიც დავრჩენილიყავით, ჩვენი სახლის გაყიდვა, ან ბანკში ჩადება მოგვიწევდა მალე. 
მიმი ცრუობდა. თუმცა, ნაწილობრივ მაინც სიმართლეს ამბობდა. კლინიკაში ბევრად მეტი ხარჯი ჰქონდა, ვიდრე სახლის პირობებში, მაგრამ არც გაღატაკების გზაზე იყო და არც ფულის უქონლობა აწუხებდა. 
- მგონი, კიდევ გაქვს შეკითხვა, ხომ? - ჩაეკითხა მიმი. 
- რა ვიცი. - მხრები აიჩეჩა ბიჭმა. - და ის კაცი, ბევრ ყავას რომ სვამს, ისიც ექიმია? 
მიმის გაეცინა და სიცილითვე მიუგო: 
- ბევრ ყავას იმიტომ სვამს, რომ... 
- ჰო, ვიცი! - არ აცალა სიტყვის დამთავრება დიმეომ. - რომ არ დაეძინოს, მაგიტომ სვამს! 
- დალიოს, მერე! - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - ყავა კი არ მენანება! და იმიტომაც არის, ასე ფხიზლად, რომ ფიფოს უნდა უდარაჯოს, აპარატურას უნდა მიაქციოს ყურადღება... 
- და ჩვენც! 
- ნუ, ჰო! ჩვენც! - კვერი დაუკრა მიმიმ. - კარგი. წადი ახლა, არ დაგაგვიანდეს. 
- მეგონა ექიმებს მხოლოდ თეთრი ხალათი ეცვათ. 
- ეგ კლინიკაში, თორემ ჩვენთან სახლში იყოს თავის სამოსით, რას გვიშლის? 
- ჰო, იყოს! - მხრები აიჩეჩა დიმეომ. - და იარაღის ტარების უფლება, თუ აქვს? 
- ოჰ, დიმე! - გაეღიმა მიმის. - მოდი, რაა! ყველამ თავის საქმეს მიხედოს! 
- მიხედოს მერე! - შუბლი შეკრა ბიჭმა. - სახლში თოფიანი ექიმი, ყოველ წუთას ყავას წრუპავს და არ უნდა ვიცოდე, მამაჩემს ვინ იცავს?! 
დიმეოს ისეთი სახის გამომეტყველება ჰქონდა, რომ მიმიმ ვერაფერი უპასუხა. ახლა მის წინ პატარა სკოლის მოსწავლე კი არა, არამედ უკვე სულით და ჭკუით ზრდასრული, მაგრამ ტანად ბავშვური აღნაგობის კაცი იდგა და გამჭოლი მზერით დედას თვალს არ აცილებდა. 
დიმეომ კმაყოფილი სახით მიუხურა მანქანის კარი და ამაყად წავიდა სკოლისკენ. მშვენივრად მიხვდა, მიზანში მოარტყა და ახლა უკან დახევას არც აპირებდა. რაღაცას უმალავდნენ დედა და მამას მეგობრები და აუცილებლად უნდა გაერკვია, მაგრამ ჯერ, გასარკვევი ამბები კიდევ ბევრი ჰქონდა წინ. 
- რა მაიმუნი ბავშვია. - ღიმილით გააქნია თავი მიმიმ და ახლაღა გაახსენდა, გალეოს გამოგზავნილი იმ ვიღაც მათხოვარის სახე რომ უნდა ენახა. 
საინტერესო იყო, იქნებ ის კაცი, აქ სადმე ისევ დაძრწის და ვინ არის, ვინ იცის?
მიმიმ ნელი სვლით რამდენჯერმე აატარა ქუჩაზე მანქანა, ხან სკოლას შემოუარა, ხან მიმდებარე ქუჩებზეც გავიდა და მსგავსი ვერავინ ნახა. ალბათ, მართლაც რაღაც დამთხვევააო, გაიფიქრა და უკვე აღარც ის, მეილზე გამოგზავნილი პორტრეტი აინტერესებდა. ისედაც უამრავი პრობლემა ჰქონდა და მერე, რაა, თუ დიმეომ ვიღაც დააპურა? ძალიან კარგია, თუ ბავშვის ასეთი გულისხმიერია და ასეთი სული აქვს. კვლავ ფიქრობდა მიმი და ახლა დედასთან მიიჩქაროდა. მათგან კიდევ ცალკე პასუხებს ელოდა და მართლაც, რა დროს ვიღაც მოხუცი მათხოვარი იყო, როცა თავისი გაჭირვებოდა. 
- ბევრს ვეცადეთ, შვილო. - უხსნიდა მამიდა. - მაგრამ მარტო იმ სულძაღლმა ექთანს სცოდნია ყველაფერი. ეგ იყო იქ, ყველაფრის გამრიგებელი და მომრიგებელი. 
- ნუ, რას ვიზამთ, აბა? - თავი გააქნია მიმიმ. - ის დროა, მართლაც რომ ჩემი დნმ-ს ანალიზი გავაგზავნო, საერთაშორისო ბაზაში და ვნახოთ, მერე. 
- როგორც შენთვის აჯობებს, ისე მოიქეცი. - დაუყვავა დედამ. 
- იქნებ, დიდი ხანი არც გამოგიჩნდეს ნათესავები და მერე ეგ ანალიზი რომ გაფუჭდეს? - იკითხა მამიდამ. 
- გაფუჭდება და ახალს ავუღებთ! - დაამშვიდა დედამ. 
- დამშვიდდით! - გულიანად გაეცინა მიმის. - უახლესი ტექნოლოგიებით, არც ფუჭდება და ხუთასი წელიც კი ინახება ბაზაში! აი, ასე! 
- მართლა? - იკითხეს გაოცებით. 
- მართლა! - მიმი წამოდგა და თავის ოთახს მიაშურა. მერე გარდერობიც გამოაღო. რაღაცეები გადმოალაგა. 
- თუ რამე აღარ გინდა, ცალკე გადმოაწყვე, მივცეთ ვინმეს. - ურჩია დედამ. 
- ახლა მაღაზიებში წანწალის თავი არც მაქვს და ტანსაცმელიც აღარ მეტევა. 
- აქაც იმდენი რამ გაქვს, შერჩევა გაგიჭირდება, თანაც უკვე მუცელი გეტყობა კიდეც. 
- ჰოდა, მაგიტომაც, სანამ ახალს ვიყიდი, მანამდე იქნებ, რამეც მოვირგო აქედან. 
მიმი სარკესთან ტრიალებდა. ტანსაცმელს არჩევდა. მერე უცებ თავის სახეს შეავლო თვალი და წარმოიდგინა, როგორი უნდა ყოფილიყო მისი ბიოლოგიური დედა. 
„საშუალო სიმაღლისო, თუ ოდნავ უფრო დაბალიო? ქერა, ხუჭუჭა და დიდი მუქი თვალებით, ცოტა პუტკუნა, თუ უფრო მსუქანი?
თან ქერა თმა? მე კი სულაც არ ვარ ქერა, არც დაბალი და არც ხუჭუჭა და თანაც ქერა თმა და მუქი თვალები ცოტა, თითქოს დაუჯერებლადაც ჟღერს! 
იქნებ, სულაც შეღებილი ჰქონდა თმები? ან იქნებ, სწორი თმა ჰქონდა, დაიხვია და ამიტომაც გამოვიდა ქერა და ხუჭუჭა და მაშინ უნდა ვივარაუდო, რომ ვგავარ? მაგრამ არც იმდენად მუქი თვალები მაქვს და არც ცისფერთვალა ვარ, მაგრამ ნეტა მართლა, ვის ვგავარ ჩემი ღია თაფლისფერი თვალებით?“ 
მიმიმ ახლა კარგად შეათვალიერა საკუთარი თავი. 
„არაა, რაა! არაფერი მცხია იმ ქალის. ჰმ, როგორიც ჩემმა ორმა დედიკომ და აღმზრდელმა ამიწერეს სრულიად განსხვავდება ჩემგან. 
ან იქნებ, სულაც მამას ვგავარ? ლექტორს? იქნებ სკოლის მასწავლებელი იყო? 
ჰმ. ან იქნებ, სულ სხვა ვინმე დაანახეს და ასე მოტყუებით დაცინცლეს ამდენი ფული? 
და ვინ გაგვცემს ამაზე პასუხს, ვინ?“ 
ამ ფიქრებში რომ იყო, ჩუკიმ დაურეკა, მგონი დიმეოს ნაწერი გავშიფრე და საღამოს გამოვალო. 
- ჰმ, ძალიან კარგი! - გაუხარდა მიმის. - და მაინც, რა წერია? 
- არ ვიცი, მაგრამ აშკარად, რაღაც სიტყვაა, ან სახელი. - მიუგო ჩუკიმ და მეჩქარებაო, მობილური გაუთიშა. 
სანამ გათიშავდა, ჩუკის მობილურიდან მიმის, თითქოს სასწრაფოს სირენის ხმაც მოესმა. მაშინვე გადარეკა, იმ კლინიკის ერთ-ერთ ექთანთან, სადაც ფიფო იწვა და სთხოვა, მანდ სადმე ახლო-მახლო, ჩვენი ახლობელი, ახალგაზრდა ადვოკატი უნდა იყოს, მობილურს არ იღებს, ვერ ვუკავშირდებით და შემთხვევით, თვალი ხომ არ მოგიკრავსო. 
ცოტა ხანს დამელოდეთო, მიუგო ექთანმა და ძალიან მოკლე ხანში მოახსენა, რომ ჩუკი, ახლახან ონკოლოგიურ კლინიკაში შევიდაო. 
„ჰმ, რა საინტერესოა, ვინ უწევს იქ? რაღაც ძალიან ხშირად მიდი-მოდის და მეგობრებს კი არაფერს უყვება? და რატომ?“ 
მიმის ძალიან აინტერესებდა, რას დადიოდა ჩუკი ასე ხშირად ონკოლოგიურში, მაგრამ შეკითხვას მოერიდა. რადგან თავად ხმას არ იღებს, აბა მე ხომ არ ვკითხავო. საფიქრალი და სადარდებელი ისედაც ბევრი ჰქონდა. 
საღამოსკენ კვლავ მიმისთან შეიკრიბნენ. დიმეოს ქვედა სართულზე ჰქონდა სამეცადინო ოთახი მოწყობილი, თავის სანუკვარ ინსტრუმენტს ახლა გამალებით უკრავდა. 
- აბა, რა გაიგე ასეთი? - ჰკითხა მიმიმ ჩუკის. - სანამ დიმეო უკრავს, მანამდე თუ მოასწრებ ახსნას, კარგი იქნება. 
- აქ წერია დოტი! და ახლავე აგიხსნით.- ჩუკიმ მობილურის ეკრანი ფართოდ გაშალა. 
მიმიმ და გალეომ კისრები წაიგრძელეს, ეკრანზე ჯერ კიდევ ის ციფრები იყო გამოსახული, რაც დიმეომ კედელზე დაწერა. 
(4+70+300+10/70) :)
ჩუკიმ ფურცელი და კალამი მოიმარჯვა და ახსნა დაიწყო: 
- ესე იგი, პირველი ციფრი ოთხიანი, ხუცურ-ნუსხურის მიხედვით აღნიშნავს, 4 = დ-ს; შემდეგი 70 კი, შეესაბამება, -ს! მერე მოდის ციფრი, 300 - ეს ნიშნავს -ს და ბოლოს 10 რიცხვი აღნიშნავს, -ს! და გამოვიდა - დოტი
- და შენ საიდან, ეს ამდენი დამწერლობის მცოდნეობა? - ღიმილით ჩაეკითხა ჩუკის გალეო. - როგორც ვიცი, ადვოკატი უნდა იყო, ყმაწვილო. არა?
- ცნობისათვის, ადვოკატის მიღმა, სტიქაროსანიც ვარ და მედავითნეობაც მინდა ხანდახან შევიფარდო. - ღიმილითვე მიუგო ჩუკიმ. - სწორედ, ამას წინათ, ვმეცადინეობდი და მაშინ აღმოვაჩინე და თანაც დიმეოსგან არც მიკვირს, ისედაც იმდენი რამ იცის. 
- ჰო, რა ვიცი, იყოს ეს ვარიანტიც. - თავი დაუქნია მიმიმ. - თუმცა, სხვა ახსნა მაინც არ გვაქვს. 
- და იქ კიდევ რომ არის დარჩენილი ერთი ციფრი? - იკითხა გალეომ. - ის, როგორ გავიგოთ? ათი თუ სამოცდაათი? 
- ეგეც მსგავსი აღნიშვნით არის. - განაგრძო ჩუკიმ. - წეღან ხომ ვთქვი, რომ 70 აღნიშნავს -ს და ესე იგი გამოდის ან დოტო, ან დოტი და სავარაუდოდ, უფრო სახელს უნდა ნიშნავდეს, თუნდაც მეტსახელს. 
- მდაა. - მიმი ჩაფიქრდა. - ესე იგი, ვიღაცის რაღაც თიკუნი! ჰმ. - ჩაეღიმა მიმის. - და გაიგე ახლა ვისი. 
- ნუ მე ასე ვფიქრობ, თორემ იქნებ სულ სხვა ახსნაც აქვს? - იკითხა ჩუკიმ. 
- სხვა, მართლაც არაფერი. - მხრები აიჩეჩა გალეომ. 
- რადგანაც, ეს ციფრები ანბანის ასოებია. - კვლავ ჩუკიმ განაგრძო. - მაგრამ არა ჩვენი თანამედროვე მხედრულის, არამედ ეს ხუცურ-ნუსხურია და ემთხვევა სიტყვა დოტის ან დოტოს და შეიძლება, ეს სიტყვა კი არა, მართლაც ვინმეს სახელიც იყო, თუმცა ჩვენში ნაკლებად გავრცელებული, ან არ ვიცი. 
- არც დიმეოა, ჩვენებური, მაგრამ ხომ დავარქვი? - ჩაეღიმა მიმის. 
- ახლა ის უნდა ვარკვიოთ, ეს დოტი ვინღაა. - ასევე ღიმილით ჩაურთო გალეომ. - და არც მე მქვია ჩვენებური სახელი. - დაუმატა სიცილით. 
- რაღაც თითქოს მეცნობა. - ჩაფიქრებული ხმით თქვა მიმიმ. 
- შეეცადე გაიხსენო. - მიუგო ჩუკიმ. 
მიმიმ მხრები აიჩეჩა. 
- და იმ პორტრეტებზე რაღას მეტყვი? - ახლა გალეო ჩაეკითხა მიმის. 
- უი! - შეიცხადა მიმიმ. - არც მინახავს! ახლავე ლეპტოპს მოვიტან და იქ წესიერად დავაკვირდები. 
მიმი წამოდგა და თავისი კაბინეტისკენ გასწია, მერე უცებ შენიშნა, რომ ფიფოს კაბინეტის კარი ღია იყო, არ იყო ბოლომდე დაკეტილი. ცოტა კი გაუკვირდა მაგრამ მაინც ბოლომდე გამოხურა. ლეპტოპიც გამოიტანა და მეილზე გამოგზავნილ ფოტოებსაც ჩაუჯდა. 
ერთხანს უყურა, აკვირდა. ფოტოები საშინლად უხარისხო იყო. თითქოს ეცნობოდა, თითქოს არა. 
- სამწუხაროდ, იმდენად უხარისხოა, თუ ძალიან ახლობელი არ არის, შეიძლება ვერც იცნო. - ჩაურთო გალეომ. - ან სულაც, მართლაც ნაცნობს მიამსგავსო, მაგრამ ის ნამდვილად არ იყოს. 
- ვერაფერს ვიტყვი. - მხრები აიჩეჩა მიმი. - ვერავის ნაცნობს, ვერ ვამსგავსებ, თან წესიერად არც ჩანს. 
- აწი, დააკვირდი ხოლმე. - მიუგო ჩუკიმ. - სკოლის ახლო-მახლო თუ თვალს მოჰკრავ, იქნებ მობილურით გადაუღო ყველას ვინც მსგავსი ტიპაჟი შეგხვდება. 
- მაგრამ რა მერე? ვის ვეძებ, ან რატომ? - უპაუხა მიმიმ. - ამაზე მხოლოდ დიმეომ უნდა გაგვცეს პასუხი, მაგრამ რატომ? - გაეღიმა მიმის. - იმისთვის, რომ ბავშვმა ვიღაცის სახელი დაწერა კედელზე და ვიღაც მათხოვარს, თავისი წილი საკვები გაუზიარა? 
- და მერე, საერთოდ დაკარგავს ნდობას შენს მიმართ. - ჩაურთო ჩუკიმ. 
- და მართალიც, იქნება. - კვერი დაუკრა გალეომ. 
- მე უბრალოდ, იმის მეშინია, რომ... - დაიწყო მიმიმ. - არაფერი მინდა გამომრჩეს, ისევ რამე უბედურებაში არ გავყოთ თავი. 
- კი, კი! ნამდვილად მართალი ხარ! - კვერი დაუკრა გალეომ. - ყურადღების მოდუნება არანაირად არ შეიძლება და ამიტომ, ნებისმიერი რამ რაც კი, თუნდაც უჩვეულოდ, ან ჩვეულად მოგეჩვენება, ყველაფერი ჩაინიშნე, ჩაიწერე და მერე ერთად გავარკვიოთ, გავშიფროთ. 
მიმიმ არაფერი უპასუხა და ახლა ფურცელზე ჩუკის ჩანაწერს დააკვირდა, მერე ისევ მობილურში, კედელზე დიმეოს ნაწერს გადახედა. 
- აი, ეს გაყოფა, ბოლოში რაღას ნიშნავს? - თითით მიანიშნა მიმიმ. - და მერე ფრჩხილიც იხურება. 
- თუ ეს მართლა ვინმეს სახელია. - ჩუკიმ ჩაფიქრებული ხმით დაიწყო. - მაშინ ეს ღიმილის უნდა ნიშნავდეს, სმაილია, რაა! 
- ჰმ, სავარაუდოდ, მასეც გამოდის ვიღაცის სახელი და ღიმილი ბოლოში. - კვერი დაუკრა გალეომ. - მაინც რაღაც გზავნილს ჰგავს და არა ისე უბრალოდ მინაწერს და თან მართლა დიმეოსგან უკვე მეც დიდი ხანია აღარაფერი მიკვრის, ჭკვიანი და გონიერი ბავშვია. 
წამით დუმილი ჩამოვარდა და მერე უცებ, მიმიმ ხმამაღლა წამოიყვირა: 
- დოტი! 
მიმის ხმაზე დიმეომ დაკვრა გააჩერა. ყველა ბავშვის ოთახის კარს მიაჩერდა.
დიმეო არც გამოსულა და არც დაკვრა გაუგრძელებია. 
- რა ხდება? - ჩურჩულით ჰკითხა გალეომ. 
- ეს სახელი თვითონ დაირქვა, ერთ დროს, როცა... - მიმი შეყოვნდა. - ჯერ კიდევ, იმ დროს, როცა გატაცებული ჰყავდათ და როგორც ვიცი, თავად დაირქვა და არც კი ვიცი, რატომ. 
მიმი გაჩუმდა. ცოტა ხნით, არც არავინ იღებდა ხმას.
- ზუსტად არც მახსოვს. - დაიწყო მიმიმ ჩაფიქრებული ხმით. - ფიფომ მითხრა, მგონი. ასე დეტალებში ვერ ვიხსენებ, იმ დროს გონება გათიშული და სულიც დახშული მქონდა, ცოცხალი და უვნებელი რომ დავინახე, უკვე ჩემთვის აღარაფერს ჰქონდა მნიშვნელობა. - მიმის ცრემლები გადმოსცვივდა. - მგონი, დიმეოს ჩემთვის არც უთქვამს. რაღაც პერიოდის მერე, ფიფომ მითხრა ასე და...
- მოდი მაშინ, არაფერი ჰკითხო. - მიუგო ჩუკიმ. - და თუ თვითონ გკითხა, რატომ დამიძახეო, როგორმე უნდა უთხრა, რომ დოტი კი არა, დიმეო დაიძახეო.
- მაშინ მიდი, კიდევ დაუძახე და რამე უთხარი, ან შესთავაზე. - ჩაურთო გალეომ. 
მიმი წამოდგა და ბავშვის ოთახი კარი ფრთხილად შეაღო. დიმეო თავ ახდილ ინსტრუმენტთან იჯდა, არც უკრავდა და არც ინძრეოდა. 
- არ გშია? 
- მეძახდი? - დიმეომ ოდნავ გამოხედა დედას. 
- რამდენჯერმე დაგიძახე, მაგრამ არ გამეცი ხმა. - მიუგო მიმიმ. - ალბათ, არ გესმოდა ისე უკრავდი. 
- ჰო, ალბათ, რადგან ვუკრავდი. - კვერი დაუკრა დიმეომ და არც ახლა გამოუხედავს. 
- შეჭამ რამეს? - კვლავ გაუმეორა მიმიმ. - რამდენი ხანია უკვე მეცადინეობ, მოგშივდებოდა.
- დეე! შეიძლება მამასთან შევიდე? - როგორც იქნა, გამოხედა დედას. - და არ მშია. 
- როგორ არ შეიძლება? - გაიკვირვა მიმიმ. 
- მაშინ ის ექთანი გამოვიდეს გარეთ. მარტო მინდა მამასთან დარჩენა. 
- კარგი. - გაუღიმა მიმიმ. 
სანამ მიმი დიმეოსთან იყო, მანამდე დეტექტივმა მოახერხა და ჩუკის ჩუმად გადაულაპარაკა: 
- ძალიან ჭკვიანი და საკმაოდ გაქექილი ბავშვია. აშკარად რაღაც გზავნილი დატოვა კედელზე. უბრალოდ, შევეცადე ზედმეტად აღარ გამემახვილებინა ყურადღება, არ მინდა მიმის დაშინება. თუმცა, მაინც ცოტა წამომცდა. 
- მაშინ დოტი ან დოტო, თუ თავად ირქმევს... - ჩუკი შეყოვნდა. - დოტი და ღიმილი ესე იგი, ეს ნიშნავს, რომ მე მხიარულად ვარ, მე კარგად ვარ! ჰმ, ბავშვი აშკარად ვიღაცას ატყობინებს, რომ მე თუ კარგად ვარ, ესე იგი, ყველაფერი კარგად არის! 
LEX. 2021 წლის 9 ოქტომბერი, პარასკევი.

No comments:

Post a Comment