- ისევ ტყუპებია!
- აღფრთოვანებული შევარდა მაკას კაბინეტში, უერთგულესი, „ყურმოჭრილი მონა“ ექთანი.
- როგორ, „ისევ“?
- გაიკვირვა მაკამ. - და ბოლოს, როდის იყო? რაღაც არ მახსენდება ამ დღეებში, რომ ყოფილიყო.
- იქეთა კვირაში
ხომ იყო? - არ დაიბნა ექთანი.
- ჰაჰ! - გაეცინა
მაკას. - იქეთა კვირა, რომელია? წინა? თუ იმის წინა?
- იმ კვირაში!
- არა, ჩემო კარგო!
- ისევ ჩაეცინა მაკას. - იმ კვირაში კი არა, ეგ ორი კვირის წინ იყო.
- ნუ, ჰო! რა მნიშვნელობა
აქვს? - მხრები აიჩეჩა ექთანმა.
- პრინციპში, არც
არაფერი. - ჩაფიქრებული ხმით მიუგო მაკამ და ახალი ბონუსების მოლოდინში, გული სიხარულით
აევსო, თუმცა არც გამოუხატავს.
- ერთი სული მაქვს,
როდის იმშობიარებს და... - ბედნიერი სახით გააქნია თავი ექთანმა. ისიც, მაკა ექიმივით
იყო „პრემიის“ მოლოდინში, თუმცა მაკასგან განსხვავებით ემოციებს ვერ ერეოდა და ეიფორიას
ვერ ფარავდა ისე ცმუკავდა.
- შენ ის გირჩევნია,
ყურადღება მიაქციო, იმ ცანცარა პედიატრს. - მშვიდი ხმით მისცა შენიშვნა მაკამ.
- რომელს?
- ნეტა, რომელს?!
- ცინიკურად გამოაჯავრა მაკამ. - რომელს და ალეკო ექიმის პროტეჟეს!
- აა, ჰოო.
- რა ჰქვია?
- ლამარა.
- ჰო, ლამარა!
- მაკა წამოდგა. - აბა წავიდეთ, გავსინჯოთ მშობიარე.
მაკამ კაბინეტი
დატოვა და ექთანიც ცუგასავით უკან გაეკიდა.
- აბა, ღიპუციანი
გოგოები დამენახეთ! - მაკამ მხიარულად შეაბიჯა პალატაში და საერთო ხალისი გამოიწვია.- გოგოებო! - დაიწყო
მაკამ ომახიანი ხმით. - აქ მშობიარობა დასწრებაზეა და აბა ვინ გაიტანს პირველი გოლს!
ვინ აჩუქებს სამშობლოს, კიდევ ერთ მოქალაქეს!
ყველა გამხიარულდა.
- ჩემი ბიჭები
გაიტანენ, ალბათ. - კვნესანარევი ღიმილით უპასუხა, ტყუპების მომლოდინე დედამ.
- აბა, ვნახოთ,
ვნახოთ! - მაკა საწოლთან ჩამოუჯდა.
მთელი სითბო და
სიყვარული გადმოანთხია საუბარში. ცალკე გარეგნობითაც შეაფასა და გენეტიკური ინფორმაციებიც
კარგად დაცინცლა, ისიც კი შეიტყო, რაც ექოსკოპიაზე უთხრეს, ერთი ნაყოფი უფრო დიდია, ვიდრე მეორეო.
საქმე იმაში იყო,
რომ ექოსკოპიის პასუხები ისედაც ედო მაკას მაგიდაზე, მაგრამ კარგი იყო, თუ მშობიარემაც
იცოდა ეს ყველაფერი. სწორედაც, რომ ამ მომენტს გამოიყენებდა ექიმი და ეტყოდა, რადგან
ერთი ნაყოფი, უფრო დიდია, ვიდრე მეორეო, ამისგან გამომდინარე, ერთის ჯანმრთელობა, უფრო
შეიძლება სუსტიც და სახიფათოც იყოსო და სწორედ ამას მოაბამდა შემდეგ კუდს და ძალიან
ადვილადაც დაარწმუნებდა საბრალო დედას, რომ ერთი უფრო ჯანმრთელი აღმოჩნდა, ვიდრე მისი
ტყუპისცალიო.
მაკა სიხარულით
აღარ იყო, მშვენიერი კოზირი ჩაუვარდა ხელში.
„ჰმ, კოზირი კი არა ჯოკერი მყავს უკვე!“
გაიფიქრა მაკამ
და კმაყოფილი სახით შეაბრძანა სამშობიარო ბლოკში, ტყუპებზე მშობიარე ქალი.
პირველი ბავშვის
გაჩენა, ქალს საკმაოდ გაუჭირდა და ძალიან დიდ ხანსაც გასტანა, რადგან ამასობაში, კიდევ
სხვა ოთხი ბავშვი გაჩნდა სამშობიარო ბლოკში. თუმცა, არც ერთი მაკასი.
მაკა ექიმი კი,
კრუხივით დასტრიალებდა თავის მომლოგინე პაციენტს და ყველანაირად ცდილობდა, რაც შეიძლებოდა
უფრო მეტად გაემხნევებინა და შეეგულიანებინა. მშობიარეს ძალიან უჭირდა, დროდადრო თითქოს
გონებასაც კარგავდა, მაგრამ მაკა აფხიზლებდა და მოდუნების საშუალებას არ აძლევდა.
როგორც იქნა, გაჩნდა
ერთი ტყუპის ცალი და მეორეც მაშინვე მიჰყვა.
ქალმა შვებით ამოისუნთქა და შვილებს, სულ ოდნავ მოჰკრა თვალი და მაშინვე მოწყვეტით
მიაგდო თავი.
მაკას ჯგუფი მაშინვე
დაფაცურდა, ბავშვები ცალ-ცალკე დააბინავეს და ყველაფერი მათ სასარგებლოდ მოაწყვეს.
ტყუპების დედა,
სამშობიარო ბლოკიდან ისე გამოყვანეს, რომ ჯერ კიდევ ძილ-ბურანში იყო. მერე პალატაშიც
გაუგრძელდა და ძილი და რატომღაც, ძალიან დიდ ხანს ეძინა და გამოღვიძებულს, თავადაც
უკვირდა ეს.
- სულ ცუდი ძილი
და გამუდმებული უძილობა მაქვს და ახლა, რა ძილქუში შემეყარა? - ეცინებოდა ქალს.
- შენ მშობიარობა,
პატარა შრომა კი ნუ გგონია? - მიუგო მორიგე ექთანმა. - შვილის გაჩენა, ეს ერთი დიდი
უზარმაზარი საქმეა! აბა, რაა!
- ჩემი შვილები?
- იკითხა ქალმა.
- ნუ დარდობ, აქ
უშენოდაც მიხედავენ. - ანუგეშა ექთანმა. - შენ ჯერ დაისვენე და მოასწარი გამოძინება,
სანამ კიდევ დრო გაქვს. - დაუმატა სიცილით. - თორემ მერე ნახე, ძილი სანატრელი გაგიხდება.
ქალს გაეღიმა და
კვლავ ბალიშზე მიდო თავი. ჯერ კიდევ უჭირდა გამოფხიზლება და ისევ ძილისკენ წავიდა.
საღამოსკენ მოიხედა, უფრო მოვიდა გონს და შვილები რომ მოითხოვა, მხოლოდ ერთი მიუყვანეს.
- სამწუხაროდ,
მეორე დაიღუპა, ძალიან სუსტი იყო, არც კი უტირია. - ექთანმა ნაღვლიანი ნიღაბი ოსტატურად
მოირგო და ისე უპასუხა.
- ჩემი შვილი კვდებოდა
და მე თვითონ სასიკვდილემ, მთელი დღე ძილი გავაბი აქ! ვერ გიშველე, დედი, ვერაა! -
ატირდა ქალი და თან გაიფიქრა, ალბათ ამიტომ იყო, თავის ძმასთან შედარებით, ასეთი სუსტიო.
- აბა დაიკავე
ახლა ეს ბავშვი და კარგად აჭამე! - შეუფუცხუნა ექთანმა. - შენ მთელი დღე გეძინა, შენი
შვილი კი მთელი დღის მშიერია, შენ გელოდება, ამას რაღას ერჩი?
- ჩემი პატარა.
- დედამ ბავშვი კალთაში ჩაიწვინა. - შენი ძამიკო მოკვდა, დედი, ვერ გადარჩა. - მიეალერსა
ტყუპის ცალს.
ბავშვი მართლაც
დამშეული ჩანდა, ისე დაეძგერა დედას.
- იქნება და მოვკვდი,
ბავშვი ასე მშიერი უნდა დარჩენილიყო? - წყენით მიმართა დედამ ექთანს.
- ნუ გეშინია,
გოგო! - გადმოსძახა გვერდით საწოლიდან ქალმა. - განა მართლა ასე დამშეულები ჰყავთ!
- დედის რძე, მაინც
სულ სხვაა! - დაუმატა ახლა სხვა ქალმა. - იქაც აჭმევდნენ, მაგრამ ალბათ, ისე ვერ დანაყრდა.
- ან სულაც, ღორმუცელაა!
- ჩაურთო კიდევ მესამე ქალმა.
ყველას გაეცინა.
ახალბედა დედასაც
ცოტა გულზე მოეშვა და ახლა ბავშვს დაუწყო თვალიერება.
- ეს რა ერთი ციდა
ყოფილხარ? არა და, კონსულტაციაში მითხრეს ერთი დიდი ბავშვი უნდა იყოსო და ესე იგი,
ის ამაზე მოცუცქნული იყო? და მაგიტომ ვერ გადარჩა? - ქალი საწოლიდან წამოიწია, ჩვილი
ხელში, ფრთხილად შეათამაშა და ახლა უფრო კარგად შეათვალიერა. - როგორი სუსტი და წრიპა
ხარ, დედი.
- სამაგიეროდ მადიანად
თქვლეფს! - გაეცინა გვერდითა ქალს.
- ეს ახლაა ასეთი
ციცქნა, თორემ სწორედაც რომ ასეთი წრიპები, მერე იცი, რამხელა ორ მეტრიანი ბიჭები იზრდებიან!
- ჩაურთო ექთანმა, რომელიც იქვე იყო და ყურებდაცქვეტილი უსმენდა ქალების საუბარს.
- ჰმ, ჩემი ქმარი
კი არის ისე, მართლაც ორ მეტრიანი. - უპასუხა ტყუპების დედამ. - მეც კარგი სიმაღლე
მაქვს.
- ჰოდა, ნახე მერე,
რამხელა გაიზარდოს! - უპასუხა ექთანმა.
– ექიმის ნახვა
მინდა. - მიმართა ექთანს ტყუპების დედამ.
- აბა რომლის?
- ყურები ცქვიტა ექთანმა.
- რა ვიცი, აბა.
- მხრები აიჩეჩა ქალმა. - ალბათ, მაკა ექიმის.
- ახლა გვიანია.
მაკა ექიმსაც ხომ უნდა დასვენება? - ისე გამოექომაგა ექთანი, თითქოს მის უფროსზე, ვინმე
საყვედურს ამბობდა. - სახლში იქნება უკვე წასული.
ექთანმა, მშვენივრად
იცოდა, რომ მაკა ჯერ კიდევ, თავის კაბინეტში იყო და ჩასაფრებულივით იცდიდა, რომ რამე
დიდი ამბავი არ მოჰყოლოდა ტყუპისცალის გაქრობას.
- რა გაწუხებს?
მითხარი აბა და იქნებ, მე დაგეხმარო. - დატკბა ექთანი. - შენი შვილის ამბავი კი გავიგე
და ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მგონი კიდევ რაღაც გაწუხებს. - ექთანი სახეში ჩააშტერდა
და ქალს და ცდილობდა გაეგო, რამეს ხომ არ ეჭვობდა.
- კონსულტაციაში
სულ მეუბნებოდნენ, ერთი დიდი ბავშვიაო და ეს თუ დიდია. - ქალმა მხრები აიჩეჩა. - ამ
პალატაში ყველაზე წრიპაა და ამას თუ მართლა დიდი ბავშვი ჰქვია, მაშინ ის ჩემი საწყალი
პატარა, სულ ნამცეცა უნდა ყოფილიყო. - ქალმა ცრემლები გადმოყარა.
- იცი, სწორედ
ის დიდი ბავშვი დაიღუპა. - ნაღვლიანი სახით აუხსნა ექთანმა. - საერთოდ, პატარები უფრო
ყოჩაღები არიან, რომ იცოდე ისე.
ერთ ხანს დუმილი
ჩამოვარდა. ყველა თავისთვის ფუსფუსებდა, თავის ჩვილს აჭმევდა, მერე ბავშვებიც გაიყვანეს,
დედებს, ტკბილი ძილი უსურვეს და ექთნებმაც იქაურობა დატოვეს.
- ეჰ, ნეტა, ჩემი
მეორე ბიჭიც გადარჩენილიყო. - ნაღვლიანად გააყოლა თვალი დედამ. - არა და, თურმე ის
ბევრად ამაზე დიდი ყოფილა. ექთანმა მითხრა, მაგრამ ეს წრიპა უფრო ყოჩაღი აღმოჩნდა.
- ხომ არ აგაწაპნეს!
- გაისმა გვერდით საწოლიდან ქალის ხმა.
- რააა?! - შეშინებული,
საწოლზე წამოჯდა, აწ უკვე ტყუპისცალი დედა. - რას ჰქვია, ბავშვი წამართვეს?!
ამ საუბარს, უკვე
პალატიდან გასვლისას, მაკას ყურმოჭრილი ექთანი შეესწრო. იქვე ფუსფუსებდა და იმ ტყუპების
დედის შორიახლო დაწრიალებდა და ცდილობდა არაფერი გამოჰპარვოდა და როდესაც ასეთი საუბარი
მოისმინა, პალატიდან ასევე შეუმჩნევლად გაიძურწა და მაკას ყველაფერი უამბო.
- ვაიმე, გავგიჟდები
მართლა ახლა! - ტყუპების დედა საშინლად ანერვიულდა.
- დამშვიდდი, გოგო,
ისე გითხარი. - ახლა სიცილით მიუგო ქალმა.
- ისე, მეც მომიკრავს
მასეთ რამეებზე ყური. - ახლა მეორე მშობიარე ქალი ჩაერია.
- რაზე? რაზე მოგიკრავს
ყური? - ჩაეკითხა ტყუპების დედა.
- რაზე და, როცა
ტყუპები შესძენია ქალს და როცა შეამჩნიეს, რომ არც იმდენი ფულის პატრონი ყოფილა, ან
საკმაოდ გაჭირვებული და სახლში კიდევ, სხვა შვილიც ან უფრო მეტი შვილებიც ჰყოლია, მაშინ
მისი ერთი ტყუპის ცალი, რომელიც უშვილო ექთანს ან ექიმსაც კი აუცლია და მოუპარავს თურმე.
- ღმერთო ჩემო!
- შეიცხადა ტყუპების დედამ. - რას ჰქვია, მოუპარავს და აუცლია! ესე იგი, ბავშვი მომპარეს?!
- ეგ კიდევ, გასარკვევია.
- მიუგო სხვა ქალმა. - ბავშვის დასაფლავებას ხომ აპირებთ?
- ჰო, რა თქმა
უნდა! - თავი დაუქნია შეშინებულმა დედამ. - აბა აქ, ვის დავუტოვო?
- ჰოდა, აუცილებლად
მოითხოვე, რომ გაგატანონ! - ჩაერთო მესამეც.
- რას ჰქვია, არ
გამატანონ?!
- ხშირად არ ატანენ
ახალშობილს. - ჩაურთო ისევ მესამემ. - წესია, ასეთი. ყველგან ასე ხდება.
- ისე, მანამდეც
უნდა ნახო, ბავშვი, მაგრამ... - მეორე ქალმა ამოიხვნეშა. - აბა, როგორი სანახავია?..
- დიახაც, უნდა
ნახო! - ჩაერია ისევ პირველი ქალი. - ხომ შეიძლება, რაღაც აერიათ და სულაც, სხვისი
შვილი უნდა იგლოვო?!
- რას ჰქვია აერიათ?!
ან სხვისი შვილი?! - გადაირია დედა. - განა ჩემს შვილს, მე ვერ ვიცნობ? ას ბავშვში
გამოვარჩევ ჩემი და ჩემი ქმრის ნაკვთებს!
- ჰოდა, ეგ გითხარი
მეც! - მიუგო მეორე ქალმა. - კარგად ნახე, სხვისი არ გაგიხვიონ და ის არ გაგატანონ!
- და ჩემი? წაიყვანონ
და თავისად გაზარდონ?! - ატირდა ტყუპების დედა.
- შეიძლება, სპეციალურადაც
შეცვლონ. - კვლავ უხსნიდა მეორე ქალი.
- რატომ სპეციალურად?
- იკითხა პირველმა ქალმაც.
- ვიღაც, დიდ მაყუთიანს
თუ დაეღუპა ბავშვი და ოჯახში შვილის გარეშე, თუ არ დაედგომება ან იმის შიში, თუ აქვს,
მისმა ქმარმა სხვასთან არ გააჩინოს შვილი და არ მიმატოვოსო, რა თქმა უნდა, ყველაფერზე
წავა და რომელიმე ექთანს, ან ექიმს მოისყიდის!
- ვაიმე, ახლა
რაღა ვქნა? - კვლავ ვიშვიშებდა ტყუპების დედა.
- კარგი გოგო,
დამშვიდდი. - დააწყნარა პირველმა ქალმა. - ეს ისე ითქვა! ამას უფრო წინათ აკეთებდნენ,
რადგან ყველაფერი ბებიაქალის ხელში გადიოდა, ახლა კი ერთ მშობიარეს, ხუთი თუ არა, უფრო
მეტი ადგას თავს და ვინ გაბედავს?
- ერთმანეთის შიშით
ვერც გაბედავენ! - ჩაურთო მესამე ქალმაც.
- ისე ჰო, მართლა.
- დაუდასტურა მეორემაც.
ტყუპების დედას
ცოტა გულზე მოეშვა, თუმცა დაღუპულ ტყუპის ცალზე დარდი, მაინც გულს უჭამდა და ძალიან
უნდოდა გარდაცვლილი ჩვილი ენახა. უნდოდა გულში ჩაეკრა, დედის სითბოს გარეშე არ გაეცილებინა
შვილი.
უკვე კარგად დაღამებული
იყო. გულ დამწვარ დედას დილამდე აბა, რა მოასვენებდა? და როცა გადაწყვიტა, თავისი თვალით
ეხილა გარდაცვლილი ჩვილი, მაშინვე კატეგორიული უარი მიიღო.
- ამ სართულზე,
ახლა მხოლოდ ერთი მორიგე ექიმია. - უხსნიდა ექთანი. - და არც ჩვენ და არც მას, მორგში
შესვლის უფლება არ გვაქვს.
პასუხად ქალმა
ამოიხვნეშა.
- ახლა წადი და
მშვიდად დაიძინე, თორემ ნერვიულობისგან რძე გაგიშრება და ის მეორეც შიმშილით არ მოკლა!
- ვაიმე, მართლა?!
- შეიცხადა დედამ.
- ჰო, მართლა,
აბა რატომ მოგატყუებ? - მიუგო ექთანმა. - მერე მოგიწევს დილის ექვს საათზე წამოხტომა
და ბავშვის საკვების თუხთუხი, არ გირჩევნია, თავს მიხედო და შენი რძე აჭამო ბავშვს?
თანაც, როგორი სასარგებლოა.
- კი, რა თქმა
უნდა. - თავი დაუქნია ქალმა.
- ხვალ შემახსენე,
დილით რომ შემოვალ და შეგიყვან მთავარ ექიმთან.
- დიდი მადლობა.
- გაუხარდა ქალს. - ცოტა დამამშვიდეთ.
- წადი, ახლა დაისვენე
და მშვიდად თუ იძინებ, ბევრი რძე გექნება და მართლა მასეა ეს. - დააიმედა ექთანმა.
- თუ ჩემი არ გჯერა, ჰკითხე სხვა ქალებს. რამდენსაც
მეტს ინერვიულებ, რამდენ ღამესაც უძილოდ გაათევ, იმდენად ნაკლები რძე გექნება და რაც
გექნება, ისიც კი აღარ ივარგებს ამდენი სტრესისგან! - დამოძღვრა მაკას პირადმა „ყმამ“.
- აბა, მშვიდ ძილს გისურვებ!
- რა ბედნიერებაა,
თქვენნაირი კეთილი ხალხი. - გაუღიმა აწ უკვე ტყუპის ცალის დედამ, მაკას ყურმოჭრილ მონა
ექთანს და მართლაც სინამდვილეში, რა იცოდა, თუ ვის აქებდა და ვის ასხამდა ხოტბას.
ექთანმა შექება
შეიფერა და ქალი პალატაში მიაცილა. დაწოლაშიც მიეხმარა და კიდევ ერთხელ უსურვა მშვიდი
ძილი დედას.
თუმცა ვერავინ
დაიძინა, პალატაში კვლავ იმ თემაზე საუბრობდნენ და სხვადასხვა ამბებად ჰყვებოდნენ,
თუ როგორ იპარავდნენ ბავშვებს და როგორ ატყუებდნენ საცოდავ უსუსურ დედებსა თუ ჩვილის
პატრონებს.
ექთანი კართან
ახლოს იდგა და ყველაფერი ესმოდა, თუმცა ზოგჯერ ქალები, უფრო ხმადაბლა ამბობდნენ სათქმელს.
ბოლოს ექთანმა
ვეღარ მოითმინა და ვითომ ღამის შემოვლის მიზეზით პალატაში შეჰყო თავი.
- აბა გოგოებო,
კიდევ არ გძინავთ? - ექთანმა პალატას თვალი მოავლო. - დაიძინეთ! დაისვენეთ! და ზედმეტადაც
ნუ იჭყიპებით ამდენი ჩაით! ჯერ არავის უქცევია წყალი რძედ!
ყველას გაეცინა.
- თუ მშვიდად იძინებთ,
ხვალ ბევრი რძე გექნებათ. - შეაგულიანა ექთანმა და თავადაც გადაღლილ-გადაქანცულმა,
იქაურობა დატოვა.
დილით კი, მაკას
მოსვლისთანავე ექთანი უკვე კაბინეტის კართან დაუხვდა და ის ღამის ამბებიც, ყველაფერი
დაწვრილებით მოახსენა.
LEX. 2021 წლის 19 სექტემბერი, კვირა.
No comments:
Post a Comment