მაკა
დინას, თავისი პირადი და უერთგულესი გუნდისთვის ამზადებდა. ჯერ წვრილმან საქმეებში
იყენებდა, აკვირდებოდა, სწავლობდა მის რეაქციებს. დინა კი, მაკა ექიმი, მართლა ასე
გულით მენდობაო და თავს არ ზოგავდა, ისე მუყაითად შრომობდა.
ხელფასს
სრულად იღებდა. არანაირი დანაკლისი და დაქვითვა არ ჰქონდა და სამუშაოს სრულყოფილად
შესრულების გამო, ხშირად პრემიაც ერიცხებოდა, რაც იქ მომუშავე, ძალიან ცოტა ექთანს
თუ ჰქონდა და ამაშიც, რა თქმა უნდა, მაკას ხელი ერია. დინას ასეთ ბედნიერებას მოგვიანებით,
სამშობიაროში მუშაობასთან ერთად, ის რაღაც, გაურკვეველი რეისებიც დაემატა, რომელიც
რამდენადაც დიდ ინტერესს იწვევდა, იმდენად სახალისოც იყო. ანდა, რატომ უნდა ყოფილიყო,
დინასნაირი გოგოსთვის მოსაწყენი?
სალონში
გამოპრანჭვა, თუნდაც სხვადასხვა პარიკის მორგება, მისთვის დღესასწაულივით იყო. ამას
ემატებოდა ახალი, საუცხოო სამოსის, სხვადასხვა სტილის შერჩევა და ეს ყველაფერი, საკმაოდ
ართობდა და ხალისს მატებდა გოგონას, რომელსაც ცხოვრებაში არასდროს ღირსებია ის მსგავსი
პატივი, რაც ახლა ჰქონდა. არც მანქანით მოგზაურობა იყო დინასთვის დამღლელი. პირიქით,
მშვენივრადაც ერთობოდა. წინათ მანქანით გასეირნებაზე, მხოლოდ სიზმრებში თუ იოცნებებდა,
ახლა კი, მოკალათდებოდა ხოლმე ტაქსის უკანა სავარძელზე და სიამოვნებით ათვალიერებდა
ქალაქის ქუჩებსა, თუ უკვე ქალაქიდან გასულ გზებს იქეთ, აყვავილებულ მდელოებს, აფეთქებულ
კვირტებს და ან უკვე შემოდგომისკენ შეფერადებულ, ლამაზ-ლამაზ ფოთლებს.
მაკა
ყოველთვის წინასწარ აფრთხილებდა, ხვალისთვის გაემზადეო და დინაც მაშინვე, წინასწარ
მორიგეობას გადაუცვლიდა ხოლმე სხვა ექთანს. მეორე დღეს კი, უკვე ნაცნობ მანქანას, რომელიც
ხან სახლთან და ზოგჯერ კი სახლიდან, ოდნავ მოშორებით, ქუჩის კუთხეში ელოდა, აუცილებლად
პირველად ჯერ სალონში მიჰყავდა. სალონიდან კი სახე შეცვლილი დინა, ისევ სამშობიაროში
ბრუნდებოდა და იქიდან უკვე, ტაქსი ქალაქგარეთ იღებდა გეზს და ბოლოს, უკანვე, ისევ სალონის
გავლით, ისევ ძველი დინა ბრუნდებოდა სახლში.
ყოველი
ასეთი რეისის შემდეგ, მაკა ექიმი, კატეგორიულად მოითხოვდა, რომ დინას, აუცილებლად უნდა
დაესვენა სამსახურისგან, რომ კარგად გამოძინებული და დასვენებული შედგომოდა მორიგეობას.
სინამდვილეში კი, მაკას ამ შეგონებას, სულ სხვა მიზანი ჰქონდა, რადგან დინას, იმავე
დღესვე სამშობიაროში გამოჩენა, არაფერში სჭირდებოდა. ფრთხილობდა მაინც. ვინიცობაა დინამ,
საღ-სალამათი ახალშობილის „მოულოდნელ გარდაცვალებაზე“, რამეს ყური არ მოჰკრასო და მერე,
ამ ამბების, ზედმეტად ქექვა არ დაიწყოსო.
ამ
მოგზაურობას, არც იმდენად ბევრი დრო სჭირდებოდა, სულ რაღაც ორი-სამი საათი და მერე,
სრული თავისუფლება ეძლეოდა, ოღონდაც სამსახურში არ გამოჩენილიყო. დინას კი მაინც უკვირდა
და ჯერ კიდევ ვერ მიმხვდარიყო, თუ რატომ უნდა გაეცდინა ის დღე, როცა ამდენი თავისუფალი
დრო რჩებოდა უქმად. რა შუაში იყო აქ, მისი სულ რამდენიმე საათიანი მოგზაურობა, მთელი
დღით სამუშაოდან მოწყვეტაში. მაკა კი თავის მხრივ არწმუნებდა, რომ ამით, უფრო მეტ თავისუფალ
დროს აძლევდა ახალგაზრდა გოგოს და თანაც, რეისის დასრულებისას ტაქსის მძღოლი, ვითომდა
ხურდასაც უბრუნებდა. სინამდვილეში კი, ეს იმ მოგზაურობის გასამრჯელო იყო და იმაზე მეტი,
ვიდრე თვის ბოლოს, სტანდარტული ხელფასი უნდა აეღო.
თავიდან
დინა, ძალიან დაინტერესდა, თუ რა იდო იმ ჩანთაში ასეთი, რომ ასე კონსპირაციულად ხდებოდა
მისი გადაადგილება და დანიშნულ მისამართზეც, დროულად და უპრობლემოდ მიწოდება. ყველაფერ
ამასთან, ჩანთა არც უნდა გაეხსნა და თანაც, ფრთხილადაც უნდა ეტარებინათ. თითქოს მაკასთანაც
სცადა სიტყვის შეპარება, მაგრამ როგორც კი რამის სათქმელად პირს გააღებდა, მაკა მაშინვე
მოაკეტინებდა, რომ რაც უფრო ნაკლები გეცოდინება, მით უფრო ბედნიერი და თავისუფალი იქნებიო
და თანაც, მოვა მაგის დროცო.
დინა
მაინც ვერ ისვენებდა, ინტერესი ჰკლავდა და ხშირად, ტაქსის მძღოლთან, საუბრის აწყობას,
მაინც ჯიუტად ცდილობდა. თავიდან, არაფერი უპასუხეს. მძღოლი არც აქცევდა ყურადღებას.
თითქოს, არც ესმოდათ მისი. დინა კი, უკან არ იხევდა და სიტუაციის მიხედვით, ხან ამინდს
გადასწვდა, ხანაც სასაუბრო თემად, ჰოროსკოპიც კი მოიშველია, მაგრამ პასუხი, მაინც ვერ
მიიღო და როცა ბოლოს, უკვე საათიც რომ იკითხა, მძღოლმა საკმაოდ უკმეხად გასცა პასუხი.
-
გოგონი! შენ ხომ გიხდიან იმაზე მეტს, ვიდრე შენი ერთი თვის ხელფასია?
-
რა თქმა უნდა! - გამოცოცხლდა დინა.
-
ჰოდა, მოკეტე! - შეუბღვირა მძღოლმა. - თორემ იცოდე შენს ადგილს, სხვა მგზავრი დაიკავებს
და დარჩები მერე, მარტო ხელფასის მოლოდინში!
დინა
გაიტრუნა. ნამდვილად არ სურდა, ასეთი სარფიანი შემოსავლის დაკარგვა. თანაც, ისეთს რას
აკეთებდა?
არც
არაფერს!
მხოლოდდამხოლოდ,
მანქანით სეირნობდა და ფეხის გადმოყოფაც კი არ უწევდა იქიდან და თუნდაც, უბრალო რამის გაკეთება.
მაგრამ
მაინც, რა იდო ჩანთაში?
ეს
კითხვა აწუხებდა დინას და ვერც ჩანთის გახსნას ბედავდა და ვეღარც მძღოლს ეკითხებოდა
რამეს.
ერთ
მშვენიერ დღესაც, ჩანთის ნაცვლად, სპეციალურად კარგად დაძინებული ჩვილი შეაჩეჩეს ხელში.
რა თქმა უნდა, დინას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, თუ რატომ ეძინა ახალშობილს ასე ღრმად.
ამჯერად მძღოლმა, იმ სააგარაკოდ მოწყობილი სახლის მაგივრად, სადღაც სულ სხვა მხარეს
აიღო გეზი. მალე ტრასიდან გადაუხვიეს და შარა გზაზე, ვიღაცამ გადაიბარა ბავშვი.
მანქანა
მაშინვე გამობრუნდა უკან. დინა ისევ ისე, როგორც ყოველთვის, ჯერ სალონში და სალონიდან
კი ისევ სახლთან ჩამოსვეს და იგივე გასამრჯელო, „ხურდა“ ჩაუკუჭა ხელში მძღოლმა.
დინა
შინ ჩაფიქრებული დაბრუნდა. არც იმდენად სულელი იყო, რომ ვერ მიმხვდარიყო, ვიღაცამ ბავშვი
გააშვილა, მაგრამ რა შუაში იყო აქ, მაკა?
სამშობიარო
სახლშიც კი არაერთხელ მოჰკრა ყური მითქმა-მოთქმას, ჩვილების გაშვილებისა თუ გაყიდვის
შესახებ. ძალიან ხშირად ესმოდა, ზოგს შვილი უკვდებაო და ზოგიც გაჩენისთანავე აგდებსო,
მაგრამ მაკა, რატომღა ერეოდა ასეთ სახიფათო საქმეებში?
„ნუთუ, ეს ამხელა ხელფასი, ისე ეცოტავება,
რომ ასეთ ხიფათში არ ჩაყოს ფეხი?“
ფიქრობდა
დინა.
„ისე ნეტა მართლა, მაინც, რა დევს იმ ჩანთაში?
ფული? ვითომ? მაშინ, ძალიან ბევრი გამოდის,
საკმაოდ უზარმაზარი თანხა და ჩანთაც სავარაუდოდ, მძიმეც უნდა იყოს.“
დინას
არასდროს უფიქრია ჩანთის აწევა, ჩუმად მაინც, რადგან გაფრთხილებული იყო, რომ ჩანთისთვის
ხელი, არც უნდა ეხლო. მანქანის კარის გაღებისთანავე, ფეხებთან ჩაუდგამდნენ და დანიშნულ
ადგილზე მისვლისას, მაშინაც კარის გაღებისთანავე ააცლიდნენ და სულ ეგ იყო.
ჩანთა,
არც იმდენად პატარა იყო. თუმცა, არც ზომაზე მერტად მოზრდილი. უფრო მოგრძო ფორმის, ელვა
შესაკრავის ზემოდან, დამატებით გადმოდებული კიდევ სხვა შესაკრავიც ახლდა.
ნეტა
მართლა, რა იყო იმ ჩანთაში?
ახლა
უკვე, ორი მთავარი კითხვა აწუხებდა დინას, რომელსაც კიდევ, უამრავი სხვადასხვა კითხვები
მოსდევდა თან. ერთი, იმ ჩანთისა და რეისის ირგვლივ ტრიალებდა და ახლა, მეორეც ზედ დაერთო,
ჩვილის გადაცემა, სადღაც მიყრუებულ შარაზე.
მშვენიერი
გრილი საღამო იდგა. დინა ვერ ისვენებდა, არც გამოძინება სურდა და ვეღარც სახლში გაჩერდა.
სამსახურში კი, ასეთი რეისის შემდეგ, მაკასგან კატეგორიულად ჰქონდა აკრძალული, გამოჩენა
და დინაც, მაკასგან დავალებული და უკიდეგანოდ მისგან კმაყოფილი, უსიტყვოდ ასრულებდა
მის ბრძანებას.
დინა
თავისი ახლანდელი ყოფით, ძალიან ბედნიერი იყო. მას შემდეგ, რაც მაკა ექიმის მფარველობის
ქვეშ აღმოჩნდა და მის ცხოვრებაში, მომავლის იმედის ნაპერწკალი გაჩნდა, თავი დამოუკიდებელ
ქალად იგრძნო. ადრე, თუ ერთი ძირ გამძვრალი და არაერთხელ შენაკეთები ფეხსაცმელი, ზამთარ
ზაფხულ, გაუხდელად ეცვა, ახლა ფეხსაცმელთან ერთად, უამრავი ტანსაცმელიც დაუგროვდა.
ზოგსაც უფრთხილდებოდა, ყოველდღიურ სამოსად არ ემეტებოდა, ზოგიც კი უკვე, მობეზრებულიც
ჰქონდა.
იქნებ,
რაღაც ახლის შეძენის დროც იყო?
და
რა? ფული არ ჰქონდა, თუ რა?
დინა
ნელი ნაბიჯებით ქუჩას გაუყვა. შემოდგომის, ჯერ კიდევ თბილი დღეები იდგა და არც კი იგრძნობოდა
ზამთრის მოახლოება. სკვერში შესულს, მზის თბილი სხივები, სიამოვნებას გვრიდა. დინამ
იქაურობას თვალი მოავლო. სხვადასხვა მერხზე ახალგაზრდები, ჯგუფ-ჯგუფად ისხდნენ. ზოგან
მოხუცები, წყვილად თუ ცალ ცალკე, ზოგანაც ბავშვებით იყვნენ. ბავშვების დანახვაზე დინას,
თავისი მრავალრიცხოვანი ოჯახი მოაგონდა და
მონატრების მაგივრად, უსიამოვნოდ გააჟრჟოლა ტანში.
აბა,
რა მოსაგონარი იყო, დაკერებული ტანსაცმლითა თუ ფეხსაცმლით. მოუწესრიგებელი თმებით.
მუდამ არეული, ნესტის სუნიანი სახლი, უსუფთაო სამზარეულო, დაცარიელებული ქვაბებით.
უღიმღამო, უსიცოცხლო დღეები და შიმშილისგან გამხმარი კუჭი.
რაც
მაკა ექიმი გაიცნო, იმ დღიდან კატეგორიულად გაწყვიტა ოჯახთან კავშირი. სახლში აქოშინებული
შევარდა და მხოლოდ ის უთხრა, რომ სამუშაო, სხვა ქალაქში ვიშოვნეო და საცხოვრებლადაც,
იქ გადავდივარო და მას მერე, აღარც გამოჩენილა თავის მშობლიურ სახლში, იმ უბნის სიახლოვესაც
კი არ გაჰკარებია და აღარც დინა კითხულობდა მათ და აღარც ოჯახმა იცოდა, გოგონას შესახებ რამე. წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, ცოცხალი იყო თუ მკვდარი. ალბათ ახლა, ასეთ ჩაცმულ-დახურულს, ქუჩაშიც რომ შემთხვევით
შეხვედროდნენ, ვეღარც კი იცნობდნენ.
„ნეტა მართლა, ახლა რას შვებიან ჩემები?“
გაუელვა
დინას.
„უწნიან ალბათ, ერთმანეთს დატილიანებულ თმებს.
ჰმ!
სამაგიეროდ, ჩემი ძმები, სულ მოხოტრილი თავებით
დადიოდნენ.“
დინამ
თავზე გადაისვა ხელი. უწინ თივასავით გამხმარი და უსიცოცხლო თმა, ახლა აბრეშუმივით
სრიალებდა მის თითებში და სიამოვნებას ჰგვრიდა.
„კიდევ კარგი, მოვშორდი იმ ჩამპალ ბუდეს! ვითომ
ოჯახს რომ ეძახდნენ.
და რა გამიკეთეს კარგი? რა?
ოჰ დიდი ამბავი, თუ სიცოცხლე მაჩუქეს!
და მერე, როგორი სიცოცხლე? ღირდა, კი იმ ბოსელში
არსებობა?
მაკა ექიმი, რომ არ გამოჩენილიყო ჩემს ცხოვრებაში,
დღესაც იმ აყროლებულ სარდაფში ვიცხოვრებდი და წარმოდგენაც კი არ მექნებოდა, რომ თავს
მარტო დაბანა კი არა, თურმე ვარცხნილობასაც თავისებური მოწესრიგება უნდოდა.“
დინამ
უკმაყოფილოდ გააქნია თავი და შეეცადა ყურადღება, ახლა რამე სხვა, სასიამოვნო თემაზე
გადაეტანა.
რას
აღარ გადასწვდა, საით აღარ წაიყვანა გონება, მაგრამ ყველაფერი მაინც, იმ ჩანთისა და
ტაქსით მოგზაურობამდე მიდიოდა და რადგან მძღოლს, ვერაფერი დააცდევინა, გადაწყვიტა, ისევ
მაკასთან ეცადა ბედი.
სამსახურში
მისვლა არ უნდოდა, რადგან მაკა კატეგორიულად აფრთხილებდა, ჩანთიანი რეისის დროს, იმ
დღეს აღარ უნდა გამოჩენილიყო სამშობიაროს ტერიტორიაზე. არც მის სახლთან ლოდინს მოუწონებდა
მაკა და ამიტომ გადაწყვიტა, ვარჯიშზე კუსუსთვის მიეკითხა. ასე ეცადა ბედი და ბავშვის
ვარჯიშის დროც, ზუსტად ემთხვეოდა. მის გამოსვლამდე, ცოტა მოცდა კი მოუწევდა, თუმცა
მიზნის მისაღწევად, ეგ არაფერი იყო. არსად ეჩქარებოდა.
კუსუ
არ იყო ცუდი ბავშვი. ლამაზი პირ-სახის, სპორტით დატვირთულ მოზარდს, უკვე ეტყობოდა,
როგორი ტანადი და ათლეტური ჭაბუკიც უნდა დამდგარიყო. სწავლითაც კარგად სწავლობდა და დედა, არაფერს იშურებდა
თავისი ერთადერთი პირმშოსთვის, მაგრამ რამდენადაც ანებივრებდა, იმდენად ხშირად წესრგისკენ
მოუწოდებდა. თუ კუსუ გაჯიუტდებოდა, მაშინ მაკა, ისეთ ნაღვლიან სახეს მიიღებდა, რომ
ბიჭი უარს ვეღარ ეუბნებოდა და მაშინვე ემორჩილებოდა დედას, რომ მისთვის გული არ ეტკინა.
სიმპათიური ყმაწვილი იყო კუსუ, თუმცა საერთოდაც არ ჰგავდა დედას და არც მაკა იყო შეუხედავი,
მაგრამ დედისა და შვილის გარეგნობა, საკმაოდ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. დინა კი
დარწმუნებული იყო, რომ კუსუ, უთუოდ მამას ჰგავსო, მაგრამ სად იყო მამამისი? ან როგორ
უნდა ეკითხა დინას, როცა მაკას, მისი ხსენებაც კი არ უნდოდა და იმდენად ატკინა გული,
რომ მისი ერთი ფოტოსურათიც კი არ ჰქონდა სახლში, თუნდაც გადამალული. არც კუსუ კითხულობდა
მამას. მისი ერთადერთი და უახლოესი ნათესავი, მხოლოდ დედა იყო და მის იქეთ, სულაც აღარ
აინტერესებდა მაკას ბიძაშვილები და მამიდაშვილები. მათგან, ყოველთვის თავს, რაღაცნაირად
გარიყულად გრძნობდა და თითქოს, არაფერი ჰქონდათ ამ ურიცხვ ნათესაობასთან საერთო.
ბავშვთა
სასწავლო, კალათბურთის დარბაზი, გულშემატკივრებით იყო სავსე. დინამ ძლივს მონახა, შესაფერისი
ადგილი, საიდანაც მთელი მოედანი კარგად ჩანდა. კუსუ კარგად თამაშობდა, ტრენერი მასზე
დიდ იმედებს ამყარებდა და ხშირად გამოჰყავდა მოედანზე სათამაშოდ და კუსუს მონაწილეობის გარეშე, თითქმის არც ერთ შეჯიბრს არ ჩაუვლია.
კუსუმ
ორჯერ, თითქმის ზედიზედ, სამ ქულიანი ბურთი ჩააგდო კალათში და თავის გუნდს, უფრო მეტი
გამარჯვების შანსი შესძინა, რის გამოც, მაყურებელთა მხურვალე ოვაციები დაიმსახურა.
ყველაზე მეტად კი, გოგონას ხმა გამოირჩეოდა, რომელიც მის სახელს გაჰყვიროდა. ბიჭმა
ამაყად ჩამოურბინა მაყურებელებს და უცებ, ერთ ადგილას გაშეშდა, როცა შეამჩნია, რომ დინა იყო ის, ვინც ყველაზე უფრო მეტად, ხმაურიანად
აქტიურობდა.
ბიჭმა
ცხვირი ჩამოუშვა. იქნებ, ამ გოგოს ხმის პატრონი, სულ სხვა უნდოდა რომ ყოფილიყო და ხელში,
მახინჯი იხვის ჭუკი შერჩა, რომელიც გედად გადაქცევას, ჯერ კიდევ უშედეგოდ ლამობდა.
თამაში,
კუსუს გუნდის გამარჯვებით დასრულდა, რაშიც ბიჭს საკმაოდ დიდი წვლილი უძღოდა და კმაყოფილი
სახით იღებდა თანაგუნდელების შექებას.
დინა
გარეთ ელოდა, კუსუმ გამოსვლისთანავე შენიშნა თუ არა, ისევ მოიღუშა.
-
დედაჩემმა გამოგაგზავნა? - შეუღრინა ბიჭმა.
-
გინდა, ნაყინი ვჭამოთ?
-
ის ბურგერები სჯობს! - ცინიკურად უპასუხა კუსუმ და ამით, მათ პირველ შეხვედრას გაუსვა
ხაზი. ეგონა, ასე უფრო მოშხამავდა გოგოს. თუმცა, შეცდა.
-
იყოს ბურგერები! - ყურებამდე გაუღიმა დინამ.
-
რა გინდა, ჩემგან? - კვლავ იღრინებოდა ბიჭი. - რას მომაკითხე?
-
სამსახურის მერე, აქ ვსეირნობდი. ცოტა ჰაერის ჩაყლაპვა მომინდა. - დაიწყო დინამ. -
ხომ იცი? აქვე ვმუშაობთ, მეც და დედაც.
-
შენ წარმოიდგინე, ვიცი! - მკვახედ მიუგო ბიჭმა. - დედაჩემმა დაგაწყებინა და ახლა „საშპიონოდ“
გამოგიშვა!
- არა! არა! -
თავი გააქნია დინამ. - მართლა ვსეირნობდი პარკში და ვიღაც კაცი ამეკიდა. არც ის მინდოდა,
სახლამდე გამომყოლოდა. სამსახურში შებრუნებაც კი გადავწყვიტე, მაგრამ უფრო დავშინდი,
არ მოვიდეს და არ გაიკითხოს ჩემზე მეთქი და მეტი, რომ ვერაფერი მოვიფიქრე, აქ შემოვედი.
ისიც კი არ ვიცოდი, დღეს თუ თამაში შენ გქონდა. ალალბედზე შემოვედი. უბრალოდ, გარეთ
ხმაური გამოდიოდა და გასაგებიც იყო, რომ აქაურობა, ხალხით იქნებოდა სავსე. - დინამ
წამით იყუჩა. - ის კაციც შემომყვა. თუმცა მერე, ისე გაიძურწა...
- ჰო, კარგი.
- ცივად მიუგო კუსუმ.
დინას მონაჩმახი,
მართლაც ჰგავდა სიმართლეს და ამაში, დაუჯერებელიც არაფერი ჩანდა.
- შენს სახელს,
სპეციალურად ხმამაღლა ვყვიროდი და ალბათ, მიხვდა მარტო აღარ ვიქნებოდი. - განაგრძო
დინამ. - თუმცა, მართლაც მშვენივრად თამაშობ. ყოჩაღ!
- ნაყინი, თუ ბურგერი?
- ჩაეკითხა ბიჭი, რომელიც უკვე, აშკარად აღარ ბრაზობდა გოგოზე და შექებაც ესიამოვნა.
- იყოს ორივე.
- ღიმილით აიჩეჩა მხრები დინამ. - მხოლოდ დედას შეატყობინე, რომ ტყუილად არ მოგაკითხოს
აქ.
- დღეს არ სცალია,
ვერ მომაკითხავს.
- კარგი, მაშინ
მერე, მე მიგაცილებ.
- ხომ იცი, რომ აქვე ვცხოვრობ?! - კვლავ შეუღრინა კუსუმ.
- როგორ არ ვიცი. - ღიმილით დაუქნია თავი დინამ.
- და არავის მოკითხვა და სახლამდე მიყვანაც არ მჭირდება! პატარა ბავშვი კი არ ვარ! - ცხვირი ასწია კუსუმ.
- არც მე ვარ პატარა
გოგონა, მაგრამ ის ვიღაც მანიაკი კაცი რომ ამეკიდა, გული კინაღამ გამისკდა.
- კარგი, ჰო.
- მიუგო კუსუმ.
კუსუ და დინა მშვენივრად
გაერთნენ. კუსუ ათას რამეს ჰყვებოდა, დინა კი გულიანად იცინოდა და არა ერთხელ აღნიშნა,
როგორი იუმორის გრძნობა გქონიაო.
- მე კი ბუზღუნა
ბიჭი მეგონე და შენ კი თურმე, რამდენი ანეკდოტები გცოდნია. - ეცინებოდა დინას. - ან
მაინც, როგორ იმახსოვრებ ამდენს?
- თავისით მამახსოვრდება.
- მხრები აიჩეჩა ბიჭმა.
დინას გულიანად
გაეცინა.
- და ისე, ბევრჯერ
გაგიკეთებია მასე? - მოულოდნელად ჰკითხა კუსუმ.
- მასე? როგორ?
- ვერ მიუხვდა დინა.
- აი, ბურგერებზე...
- ააა! ჰმ. - დინას
ჩაეღიმა. - არც იმდენად ხშირად და ყოველთვის, არც გამომდიოდა. ხშირად მიწევდა,
თავის მართლებაც, ვითომდა ხურდის დათვლა ამერია და მაშინვე ვუბრუნებდი. ზოგჯერ ადვილად
გამოვძვრებოდი, ზოგჯერ ვერა.
- და თუ არაფერი
გამოგდიოდა და მაინც ვერ გამოძვრებოდი, მაშინ?
- მაშინ, სამსახურიდან
მაგდებდნენ! - მდარე ღიმილით მიუგო დინამ. - და მთელი დღის ნამუშევარსაც, რა თქმა უნდა,
აღარ მინაზღაურებდნენ.
- და თუკი, ამის
გამო სამსახურის დაკარგვა გიწევდა, მაშინ რატომღა იქცეოდი ასე?
- ჰმ. - თავი გააქნია
დინამ. - შევეცდები აგიხსნა.
- მითხარი და გავიგებ!
- შემართებით მიუგო კუსუმ.
დინამ წუთით იყუჩა
და მერე დაიწყო:
- როცა კუჭი, იმდენად
გამომხმარია, რომ უკვე შიმშილისგან ვეღარც ბუყბუყებს, მაშინ ყველანაირი შუბლის ძარღვი,
ნასკვი თუ ძაფი ბოლომდეა დაფლეთილი და ეს ყველაზე მძიმე ასატანია მაშინ, როცა კვების
ობიექტებში გიწევს მუშაობა.
- და სხვა სამუშაო
გეშოვნა მერე? - გაიკვირვა კუსუმ. - აი, როგორც ახლა.
- ჰაჰ. - ჩაეცინა
დინას. - ასეთ სამუშაოს დედაშენის გარეშე, ვერც ვიშოვნიდი. უფრო სწორად, მაკას რომ ჩემთვის
თვალები არ აეხილა, ვერც კი ვიფიქრებდი.
- არც მასეა საქმე!
- თავი გააქნია ბიჭმა. - სანიტრად, ყველგან მიგიღებდნენ, დედაჩემის დახმარების გარეშეც.
შენ ხომ თავიდან ასე დაიწყე?
- მაგაში, მართალი
ხარ, მაგრამ იმ სანიტარს, სანამ ხელფასს აიღებდა, არსებობა ხომ უნდოდა და კვების ობიექტებში კი,
ხან ხურდას მიტოვებდნენ, ხანაც ცოტ-ცოტას მეც ვაკლებდი! - დინა წამით შეყოვნდა. - ზოგჯერ
კი ცოტათი მეც ვამატებდი შეკვეთას, მათ ხარჯზე! თუ გამოვიდოდა, მაშინ მეც მხვდებოდა
ის ორი ლუკმა. თუმცა, ყოველთვის ასე არ იყო, თუ ადვილად გამოვძვრებოდი, ვითომდა შემეშალა,
მაშინ კიდევ არაფერი იყო, მხოლოდ საყვედური და თუ...
- და თუ ფაქტზე,
ჩემსავით დაგიჭირეს? - ღიმილით უთხრა კუსუმ.
- შენს შემთხვევაში,
გამიმართლა! - სიცილით უპასუხა დინამ.
- ფული, მართლა
არ მენანებოდა! - სერიოზული სახით უთხრა ბიჭმა. - რომ გეთხოვა, მართლა მოგცემდი, მაგრამ
თვალებში მიყურებდი და აქეთ მაბრალებდი, ამაზე გავფსიხდი!
- ჰომ, მაგრამ
ამხელა გოგოს, ფული როგორ უნდა მომეთხოვა? - ჩაეცინა დინას. - მათხოვარივით კი ვიყავი,
მაგრამ...
დინა გაჩუმდა.
ერთხანს არც კუსუ იღებდა ხმას.
- ყველაზე ხშირად
იმას ვლამობდი. - დაბალი ხმით დაიწყო დინამ. - იქნებ ვინმეს, რამე ლუკმა მორჩეს, რომ
მერე ჩუმად შემეჭამა.
კუსუს თვალები
აევსო.
- ჩუმად, იმიტომ
კი არა, რომ ვინმე დამინახავდა და შემრცხვებოდა. - განაგრძო დინამ. - კატეგორიულად
აკრძალულია, მონარჩენ ულუფას მიეკარო, იყრება ნაგავში, ოფიციალურად. სახლში, კატა ან
ძაღლი მყავსო, რომ უთხრა, არც ეგ არ ჭრის, ასეთია ბრძანება და მორჩა! ხოლო, რაც შეეხებოდა,
ხელუხლელ ულუფას, ან თუნდაც პურის ან ნამცხვრის ნაჭერს, ის უკანვე ბრუნდებოდა და აღირიცხებოდა,
როგორც უკან დაბრუნებული.
- რა უბედურებაა?!
- შუბლი შეკრა კუსუმ.
- სამუშაოს დამთავრებამდე
უნდა გამეძლო, მაგრამ აბა როგორი გასაძლები იყო? - კვლავ განაგრძო დინამ. - ხელებში
შევყურებდი, ნეტა ვინმეს რამე მორჩესო და მაშინვე, სწორედ იმ მაგიდისკენ ასალაგებლად
პირველი მე გავრბოდი, რომ მუჭში მომექცია, ვიღაცის ნარჩენი ბურგერი, კარგად ხელში მოვჭყლეტდი
და მაშინვე ტუალეტში გავრბოდი, რომ უცებ გადამესანსლა და არავის დაენახა. ჰმ, რა საზიზღრობებს
გიყვები, არა?
- რა საზიზღარი
ვყოფილვარ. - კუსუს ყელზე ბურთივით მოაწვა. თავი საშინლად შერცხვენილად იგრძნო.
„ერთი ბურგერი რა იყო, რომ ასეთი ამბავი
ავტეხე?
ღორი, არასდროს ვყოფილვარ და მაშინ,
რა მეტაკა?
უბრალოდ, ხომ უნდა მიმხვდარიყავი, ამხელა
გოგო, ასე რატომ იქცეოდა...
დებილი ვარ, რაა...“
- კარგი, რაა.
- ღიმილით განაგრძო დინამ. - არ მოიწყინო და იცოდე, შენი ბრალია, დღეს მე რომ თავს
ასე ადამიანდ ვგრძობ. შენ რომ მაშინ მართლა ერთი ამბავი არ აგეტეხა, ახლა დღეს, ისევ
იმ სიტუაციაში ვიქნებოდი. - დინა წამით შეყოვნდა და თითქმის, ჩურჩულით განაგრძო. -
მართლა შენ რომ არა... ვერასდროს გადაგიხით სიკეთეს.
კუსუს ცოტა გულზეც
მოეშვა. მართლაც, მას რომ ერთი ამბავი არ დაეწია, ვიღაც უტიფარ გოგოსთვის...
- იცი, ახლა სულ
სხვანაირად გამოიყურები. - გასამხნევებლად შეაქო კუსუმ. - ალბათ, ვეღარც გცნობენ, ვინც
უწინ გიცნობდა.
- და აღარც მე
მინდა, რომ ვიცნობდე მათ! აი, ასე! წარსული ჩავტოვე, წარსულში და აღარასდროს დავუბრუნდები,
იქეთ გახედვაც კი არ მინდა!
- აღარასდროს გაიხედო!
- კვერი დაუკრა კუსუმ. - თუ რამე გაგიჭირდეს, დედაჩემი ყველაზე კეთილი ქალია და უარს
არ გეტყვის.
- დედამიწის ზურგზე,
მის სიკეთეს, ბადალი არ ჰყავს! - ბედნიერი სახით მიუგო დინამ.
- ისე, თუ რამე
დაგჭირდეს და დედასი მოგერიდოს, მეც მითხარი!
- კარგი, აუცილებლად.
- გაეცინა დინას. - მეც მინდა გითხრა, მეც თუ რამეში დაგჭირდებიო, რა ვიცი აბა? იქნებ,
ოდესმე გამოგადგე.
კუსუსაც გაეცინა
და ახლა უფრო მხიარულად განაგრძო ანეკდოტების მოყოლა, რომ რაც შეიძლებოდა, დინა კარგ
ხასიათზე მოეყვანა.
გართობა დიდ ხანს
გაუგრძელდათ. შინ მისულ მაკას, ბავშვი სახლში რომ არ დაუხვდა, გულგახეთქილმა მაშინვე
დაურეკა.
- დინასთან ერთად
ვარ, ბურგერებში. - მიუგო ბიჭმა.
- უთხარი, არ ინერვიულოს,
მე მიგაცილებ. - უკარნახა დინამ.
თუმცა ბიჭს, არ
დასჭირდა მისი სიტყვების გამეორება, რადგან მაკამ თავადვე უთხრა, ჩვენთან მოიპატიჟეო.
- ძალიან კარგი.
- გაუხარდა დინას.
მაკასთან ვიზიტიც
ბუნებრივი გამოვიდოდა და იქნებ როგორმე, საუბარში შეეპარებინა, ის რაც ასე ძალიან აწუხებდა.
არც მაკა იყო უტვინო
და მშვენივრად მიუხვდა დინას, ამ გოგოს, ნამდვილად რაღაც ამოძრავებსო და არც შემცდარა.
კუსუ თავის ოთახში
შეიკეტა. მაკამ ლიქიორის ბოთლი ჩადგა შუაში.
- ცოტას არ დალევ?
- ცოტას კი. -
გაეღიმა დინას.
მაკამ ლიქიორი
ჩამოასხა, თავისი ჭიქიდან ოდნავ მოწრუპა, ისევ უკან დადგა. მერე სიგარეტს მოუკიდა,
ღრმა ნაფაზი დაარტყა და კვამლიც ბლომად ამოუშვა.
დინა ხმას არ იღებდა
და თან მაკას, თვალს არ აცილებდა.
- აბა გისმენ!
მაკას სიტყვებზე,
დინა შეცბა. ვერაფერი უპასუხა, თუმცა იმასაც მშვენივრად მიხვდა, რომ გაიშიფრა, მაგრამ
მაინც იხტიბარი არ გაიტეხა და მაკასაც იგივე არაკი მოუყვა, თუ როგორ „შემთხვევით“ აღმოჩნდა
კუსუს ვარჯიშზე.
- ახლა დავიჯერო,
ეს შენი მონაჩმახი ისტორია, ნამდვილია? - ცინიკურად ჩაეღიმა მაკას.
- არა. - დინამ
კუსუს ოთახისკენ გააპარა თვალი. თითქოს, დარწმუნება უნდოდა, კარი თუ იყო დაკეტილი და
მაინც ძალიან დაბალი ხმით განაგრძო. - საქმე მაქვს და არც სამსახურში მინდოდა მეთქვა
და აქაც არ მინდოდა, ოფიციალური ვიზიტი.
„ჰმ. ოფიციალური ვიზიტი.“
მაკას გულში ჩაეღიმა.
„გისწავლიათ ლაპარაკი, ქალბატონო დინა,
თუ დუდუხანა?“
- მომისმინე ჩემო
კარგო. - მაკამ თვალი თვალში გაუყარა. - თუ რამე არ მოგწონს, ძალით არავის აკავებენ სამსახურში
და...
- არა, არა! რას
ამბობთ?! - შეიცხადა დინამ. - ყველაფერი შესანიშნავია! თქვენ რომ არა, დღეს ალბათ, ისევ
იმ წუმპეში ვიქნებოდი...
- ჰო! - შეაწყვეტინა
მაკამ. - ეს ძალიან კარგია, რომ ასე ღრმად ჩასწვდი! - მაკამ ხმას დაუწია. - ის ხელი,
არასდროს მოიჭრა, რომელიც პურს გაჭმევს.
- არც მიფიქრია!
- კვლავ შეიცხადა დინამ. - უბრალოდ მაინტერესებს, რას ნიშნავს ეს მოგზაურობები და...
- დინა გაჩუმდა.
- და რა? - მაკა
წინ გადმოიხარა და თვალებში ჩახედა. - სჯობს ნაკლები იცოდე, რომ უფრო მშვიდად რომ გეძინოს.
- იმედია, ცუდს
არაფერს ვაკეთებთ.
- და ცუდს, რას
ეძახი? - მაკას სახეზე ღიმილი აუთამაშდა.
პასუხად დინამ
მხრები აიჩეჩა და დაბნეული მზერა მიაპყრო, მშვენივრად მიხვდა, მაკას ასე ადვილად, ვერაფერს
დაცინცლავდა. სხვა ხერხი უნდა ეხმარა, მაგრამ როგორი? რომელი?
LEX. 2021 წლის 26 ივლისი, ორშაბათი.
No comments:
Post a Comment