Wednesday, July 21, 2021

ნატის ჩექმები (ნაწილი 9)

9. 
- მე, მაინც არ ვარ, ოჯახში ვიზიტების მომხრე. - მასპინძელი ჭიქას დასწვდა და კონიაკი, ოდნავ მოწრუპა. 
- აბა, მე მკითხეთ, მაკა ექიმო? - შეწუხებული ხმით მიუგო უცხო, დაუპატიჟებლად მისულმა სტუმარმა ქალმა. - რა დღეში ვარ... 
- ვერც კი წარმოიდგენთ, თუ როგორ კარგად მესმის თქვენი. - მაკამ ამოიხვნეშა. - მაგრამ დღეს ისეთი დროა, კედლებსაც კი ყურები აქვთ, ამიტომაც სახლში ვიზიტი და თანაც, ასეთ საქმეზე, ან თუნდაც, ეს საქმეც თავისთავად... 
- როგორ ფიქრობთ? - სტუმარმა თვალები ოდნავ მოწკურა. - ამხელა თანამდებობის ქალი, ასეთ დიდ რისკზე მივდივარ და რა? არ გადავამოწმებდი, თუ ვისთან უნდა მივსულიყავი? - ქალი წამით შეყოვნდა. - თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ზუსტად ვიცი, სად! რამდენი! და რა უნდა ვილაპარაკო! ამიტომაც შემოვრჩი, ასეთ სერიოზულ და საკმაოდ საპასუხისმგებლო პოსტს, ამდენი წელი! 
- და ამიტომაც მიგიღეთ. - მაშინვე მიუგო მაკამ. - თუმცა, მაინც საფრთხილო იყო... 
- ამ შემთხვევაში, ვის უფრო აქვს საქმე გასაფუჭებლად? მე, თუ თქვენ? - ქალი თვალებში ჩააკვდა მაკას. - საკმარისია, ერთი სიტყვაც, ერთი ამოკვნესებაც კი და ისე გამაქრობენ, თითქოს საერთოდაც არ ვყოფილვარ და რა თქმა უნდა, კიდევ ბევრსაც გავიყოლებ თან, მაგრამ გვინდა ახლა, ჩვენ ეს გაქრობა და აორთქლება? რა თქმა უნდა, არა! 
- სრულიად გეთანხმებით. - ოდნავი ღიმილით დაუკრა თავი მაკამ. 
- ჩვენ, ყველაზე უსაფრთხო სიტუაცია გვჭირდება! აბსოლუტურად, უსაფრთხო! განა მაქსიმალურად, არამედ, აბსოლუტურად! 
- შემიძლია, რამდენიმე ვარიანტი შემოგთავაზოთ და მერე თქვენ, რომელსაც შეარჩევთ, ზუსტად ისე იქნება! - მიუგო მაკამ. 
- არ მინდა, რამდენიმე ვარიანტი! - მკაცრად მიუგო ქალმა. - მხოლოდ ერთი და უტყუარი! და თანაც. - ქალმა ხმას დაუწია. - არაფერი მინდა ვიცოდე. არასდროს, არასდროს არ უნდა დამხვდეს ეს ამბავი წინ! 
- ძალიან ბევრ ხილულ ამბავსა, თუ უხილავ საიდუმლოს გაუვლია ჩემს ხელში და აქამდე, არავინ მყოლია მომჩივანი და გამკითხავი. 
- ვიცი და მაგიტომაც თქვენ შეგარჩიეთ, თორემ სამშობიაროების მეტი, რა არის? ბოლოს და ბოლოს, გადავფრინდებოდით სულ სხვა ქალაქსა თუ ქვეყანაში, სადაც მართლაც რომ არავინ გვიცნობს, მაგრამ სრული გარანტია იმისა, რომ ეს ამბავი, იქვე დამთავრდება და მოკვდება, ნამდვილად არ მაქვს! 
- თუმცა უცხოეთში, არასდროს უმალავენ ბავშვს, თავის წარმომავლობას. - ხაზგასმით აღნიშნა მაკამ.
- მშვენივრად მიმიხვდით! - მსუბუქად შეაქო სტუმარმა.
მაკამ ნაზი ღიმილით შეიფერა.
- მე ისეთი სანდო პირი მჭირდება, რომ პირნათლად შესრულებული საქმის შემდეგ, არასდროს! - ქალმა ცალი წარბი აზიდა და ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ამით, მასპინძელს ემუქრებაო. - არასდროს გამოჰყვეს კუდი! 
- თქვენ, ზუსტად იმ მისამართზე მოხვედით. - მაკამ კონიაკით სავსე ჭიქა მიუჭახუნა ამ დაუპატიჟებელ, საკმაოდ მკაცრ, უტეხ და ამავე დროს, უზომოდ სარფიან სტუმარს.
- პირადად მე, საერთოდ არაფრის კურსში არ მინდა ვიყო. - განაგრძობდა სტუმარი ქალი. - ნეტა დაბადების ზუსტი თარიღიც კი არ ვიცოდე, ეგ შეიძლებოდეს, და... 
- ნუ, ეგ გამორიცხულია. - თავი გააქნია მაკამ. - თქვენთან რომც დავმალოთ, დედას ხომ მაინც ეცოდინება და შეიძლება, არა ერთხელ შეგახსენოთ კიდევაც. 
- დედა მაგას და, ჯანდაბა! - ქალმა ჭიქა გამოცალა და სიგარეტს მოუკიდა. - ეს რა დღეში ჩაიგდო თავი და ჩვენც, რა დღეში ჩაგვყარა. 
- ყველაფერს ეშველება. - დაამშვიდა მაკამ. - ყველაფერი, კარგად დამთავრდება. 
- ეს შეიძლება, არც არასდროს დამთავრდეს! - ქალმა ღრმა ნაფაზი დაარტყა და სიგარეტის კვამლს, ბოღმაც ამოაყოლა. - მთელი ცხოვრება, ამას წამომაძახებს! 
- მერე? აქ არ ვარ? - ცალყბად ჩაეღიმა მაკას. - ყველაფერს, ისე გავაკეთებთ, რომ არც არავინ დაზარალდეს და არც სანანებელი და წამოსაძახებელი გახდეს ვინმე. 
- თქვენი იმედიღა დამრჩა. - ამოიხვნეშა ქალმა. 
- მერწმუნეთ, ყველაფერი მოგვარებადია და უკვე ზუსტად ვიცი, თუ როგორც უნდა მოვიქცეთ. - დააიმედა მაკამ. - მხოლოდ, თქვენი ჩარევა მსუბუქად, მაგრამ მაინც იქნება საჭირო. 
- რამდენიც იქნება საჭირო, იმაზე მეტსაც გადავიხდი.
- არა, არა! - თავი გააქნია მაკამ. - პირველ რიგში, ჯერ საქმე! მხოლოდ ბოლომდე მიყვანილი და კარგად დასრულებული! სხვა დანარჩენი კი უბრალოდ, პირის ჩასატკბარუნებელი ფოჩიანი კამფეტებია. - მაკა ყურებამდე გაიკრიჭა. 
„ჰო, აბა?! სულ ფოჩიანი კამფეტების კვნეტით გაქვს ამხელა ქონება შეძენილი.“ 
გაივლო სტუმარმა გულში. 
„ყველაზე ნაძირალა და სარფიანი საქმის გამკეთებელი, შენ ხარ და ხელზეც კარგად აგდის, მაგიტომაც მოვედი და შემოგციცინებ, თორემ შენც კაი დასაჭერი და გასაწეწი ხარ, მაგრამ ვაი ჩემს თავს, ჩემს ოჯახს და რა ვუთხარი, ჩემს იდიოტ შვილს, რომ ამ გაიძვერა ქალის ხელში ჩამაგდო.“ 
- ყველაფერი, მხოლოდ და მხოლოდ, კარგად მოფიქრებული გეგმის მიხედვით უნდა წარიმართოს. - განაგრძო მაკამ. - წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი აირევა და თავდაყირა დადგება, რაც არც თქვენ გაწყობთ და რა თქმა უნდა, არც მე. 
- მაშინ, მითხარით თქვენი ვერსია და ვნახოთ, რამდენად რეალური იქნება მისი გამოყენება. - მიუგო ქალმა. 
- რამდენადაც რეალურია, იმდენად სარისკოა, თუმცა იმ რისკსაც, თავისებური გამართლება აქვს. - მაკამ წუთით იყუჩა, ჭიქას დასწვდა, ოდნავ მოსვა და უკანვე დადგა. - რადგან არ გსურთ, მოვლენების განვითარების კურსში ყოფნა, მაშინ ვფიქრობ, რომ უმჯობესი იქნება, თუ სქესიც არ გეცოდინებათ, არა? 
- ჩემთვის, სულ ერთია, ვინ ეშმაკი გაჩნდება! - მკვახედ მიახალა ქალმა. 
- დიახ, მესმის და ასევე, რაც უფრო მეტი ინფორმაცია ექნება დედას, ეს უფრო გაართულებს საქმეს. ოდესმე ძებნა თუ დაიწყო და თუ სქესიც ეცოდინება, სრულიად შესაძლოა, რომ ერთ მშვენიერ დღესაც, ძალიან ადვილადაც მიაგნოს და მერე პირველ რიგში, კარგად ხვდებით, ვისაც შეიძულებს. 
- არ არის სქესის ცოდნა, საჭირო! არც მისთვის და არც არავისთვის! - ქალმა შუბლი შეკრა. - მთელი ცხოვრება, ერთადერთ შვილს შევწირე! მისი გულისთვის, ვათენ-ვაღამებდი, რომ არაფერი მოჰკლებოდა და ახლა, იმის გულისთვის უნდა შემიძულოს, რომ უჯიშო ნაბიჭვარი, თავიდან მოვაშორებინე?! და იმას კი აღარ დაუფიქრდება, თუ რატომ გავაკეთე ეს? იმიტომ რომ ხალხის დასაცინი, არ გამხდარიყო! ბედნიერი მომავალი ჰქონოდა! აბა მაშინ, რა თავში ვიხლი... - ქალს სუნთქვა შეეკრა, სიტყვა შუაზე გაუწყდა და გულზე ხელი იტაცა. 
მაკამ მაშინვე ცივი წყალი მოურბენინა. გულის საშუალებაც შესთავაზა, მაგრამ ქალმა, მხოლოდ ჭიქა ბოლომდე გამოცალა და მალევე დამშვიდდა. 
- სქესის, არ ცოდნა. - განაგრძო მაკამ. - ეს ყველაზე კარგი ვარიანტია, იმისათვის, რომ ვერასდროს იპოვოს და თანაც, ისიც თუ არ ეცოდინება, რომ ნაყოფი, ცოცხალი შეიძლება დაიბადოს... 
- მოკლედ! - შეაწყვეტინა სტუმარმა. - ჩვენ არ გვინდა ვიცოდეთ სქესი და არც ცოცხალი ნაყოფი! შესაძლებელია? 
- რა თქმა უნდა! - ჩაეღიმა მაკას. 
- და, როდის? 
- ზუსტად რამდენის არის? 
- მეშვიდე თვეშია. მიმალავდა, თორემ აქამდე... - ქალმა უკმაყოფილოდ გააქნია თავი. - მამამისი გაგიჟდება რომ გაიგოს! ახლა უცხოეთშია სამი თვით და სადაცაა ჩამოვა. სულს ლევს მისი გულისთვის და მართლა ჭკუიდან გადავა კაცი! 
- მოდით, კაცებს ნუ ჩავრევთ, ასეთ საქმეში. - ღიმილით მიუგო მაკამა. - ვფიქრობ, ქალები უფრო უკეთ მოვაგვარებთ ყველაფერს. 
- რა თქმა უნდა! - კვერი დაუკრა სტუმარმა. 
- თუმცა, შვიდი თვის ორსულობა. - მაკა შეყოვნდა. - სამწუხაროდ, არც იმდენად პატარაა, აბორტისთვის. არა, პატარა კი არა, საკმაოდ დიდია! 
- და არაფერი ეშველება? 
- ერთადერთი საშველი, ამ შემთხვევაში, ხელოვნურად მშობიარობის გამოწვევაა. 
- მშვენიერია! - გაიბადრა ქალი. 
მაკას უნდოდა ეთქვა, დიდი შანსია, რომ ამ დროს ნაყოფი, სრულიად შესაძლებელია, რომ ცოცხალიც კი დაიბადოს და მშვენიერი ბავშვიც დადგეს მერეო, მაგრამ თავი შეიკავა.
- კი, კარგი ვარიანტია, მაგრამ საკმაოდ სარისკოა. - მჟავე სახით განაგრძო მაკამ. 
- ბავშვს, თუ რამე დაემართება, ეგ რა პრობლემაა! - მხრები აიჩეჩა ქალმა, რადგან სწორედაც ეს აწყობდა.
- ხელოვნურს კი არა, ზოგჯერ ბუნებრივ მშობიარობასაც კი გადაჰყოლია მშობიარე დედა, ამიტომაც არის სარისკო და თანაც, ხშირად ბუნებრივ მშობიარობაზე მეტად მტკივნეულია და საშინლად დაიტანჯება გოგო.
- ესე იგი, არ ყოფილა ჩვენი საშველი. - მოიღუშა სტუმარი. 
- საშველი, როგორ არ არის. - ჩაეღიმა მაკას. - აბა მე, რისთვის ვიქნები იქ? განა უყურადღებოდ დავტოვებ, ჩემს განსაკუთრებულ პაციენტს? 
- კარგი მაკა ექიმო, ძალიან კარგი. თქვენი იმედი მაქვს. - ამოიხვნეშა ქალმა.
„რა შორიდან უვლის, ბარემ მითხრას და მორჩა, მივაშავებ რამდენიც უნდა, ალბათ უფრო მეტს მოითხოვს, ვიდრე სხვას შეიძლება მოსთხოვოს.“ 
კვლავ გაივლო გულში სტუმარმა და ახალ სიგარეტს მოუკიდა. 
- მაშინ დეტალები, უფრო დავაზუსტოთ! - თბილად გაუღიმა მაკამ. - ესე იგი, რადგან ნაყოფი არ გვჭირდება, არც მისი სქესია ჩვენთვის საინტერესო. 
- რა თქმა უნდა! 
- დედა არასრულწლოვანია? 
- დედა მაგას და, ჯანდაბა. - ქალმა ამოიხვნეშა. - ჰო. 
- მაშინ, ოფიციალურმა მეურვემ, მშობელმა უნდა მომიწეროს ხელი რომ... 
- იურიდიულ სვლებს მაინც ნუ მასწავლით, მაკა. - ცოტა არ იყოს, უკმეხად მიუგო სტუმარმა. - დავბერდი მაგ სფეროში. თქვენ ის მითხარით, როგორ გვეშველება, ისე რომ საერთოდ, ერთხელ და სამუდამოდ იქვე დარჩეს და მორჩეს ეს ამბავი!
- უბრალოდ, გოგონამ პანიკა რომ ატეხოს, თუნდაც ოდნავ მაინც რომ შეეპაროს ეჭვი, მერე ყოველივე ამას, კუდების გამობმაც შეიძლება, ძალიან ადვილადაც მოჰყვეს. თუმცა მე, ყველაფერს მივხედავ იქ და დავალაგებ, ისე როგორც საჭიროა, მაგრამ როგორც ვხედავ, თქვენ ამ კუდების, ხსენებაც კი არ გინდათ, ერთი წუთითაც კი არ გინდათ მისი არსებობა! 
- სწორედაც, რომ მასეა! - კვერი დაუკრა ქალმა. - და რაც შეეხება პანიკას, ეს ისე უნდა მოაგვაროთ, რომ საპანიკო მიზეზიც კი არ ჰქონდეს ჩემს გოგოს!
- რა თქმა უნდა.
- ნუ თავიდან იტირებს, ივიშვიშებს, მაგრამ ეს ყველაფერი, ბუნებრივი იქნება და არა ხელოვნურად, პირადად ჩვენგან გამოწვეული, ხვდებით რას ვგულისხმობ? 
- ესე იგი, დედა არ არის თანახმა? - მაკამ თვალები მოწკურა. 
- მაგას, ვინ ჰკითხავს?! შვილის გაჩენა, საჩხაკუნოებით თამაში და ბავშვის ეტლით სეირნობა ჰგონია და თანაც, რა ასაკში? ქმრის გარეშე და არც შეყვარებული ჰყოლია, გესმით? არავინ იცოდა, რომ მეგობარი ბიჭი ჰყავდა და უცებ, ბავშვით ხელში! ესაა მთელი ჩვენი უბედურების, ერთ-ერთი დიდი ნაწილი! 
- ყველაფერი გასაგებია, ნურაფერზე იდარდებთ. - დაამშვიდა მაკამ. 
- სანამ ამ ამბავს, არ ეშველება, მანამდე რა დამამშვიდებს? ან როგორ ეშველება, ისე რომ... 
- ან უნდა, დაველოდოთ ბუნებრივ მშობიარობას, რადგან ხელოვნური, საკმაოდ დიდი რისკია გოგონასთვის, აბორტი კი ამხელა დროზე... - მაკამ თავი გადააქნია. - კატეგორიულად გამორიცხულია! 
- და ვერ გავიგე? - აშკარად იწყინა სტუმარმა. - ბოლოს და ბოლოს, გამოვა თუ არა? 
- გამოვა, როგორ არ გამოვა. - გაუღიმა მაკამ. - მაგრამ ცოტა სხვანაირად უნდა ვიმოქმედოთ და რაღაცნაირად უნდა დავარწმუნოთ დედა, რომ ბავშვი უკვე, მუცელშივე მკვდარია და სასწრაფოდ, მისი ამოყვანაა საჭირო, რადგან მერე ამას მოჰყვება, ნაყოფის მუცელშივე ლპობა, სისხლის მოწამვლას გამოიწვევს და კიდევ, ათას რამეს. ყველაფერ ამას, ჩვენთან ისე ავუხსნით და დავუსაბუთებთ, რომ ეჭვი ნამდვილად არ შეეპარება.
სტუმარს, აშკარად გულზე მოეშვა.
- ისედაც მსგავსი, არა ერთი შემთხვევა ყოფილა, როცა დროულად არ მოგვაკითხეს და დედაც დაღუპულა, ან ძლივს გადაგვირჩინია. - განაგრძო მაკამ. - ასე რომ, მაქსიმალურად ვიქნები ჩართული საქმეში და არაფერს გავუჭირვებ, თქვენს გოგონას.
- ჰმ, მშვენიერია! - ჩაეღიმა სტუმარს. - და ამას, მხოლოდ თქვენ მიხედავთ, არა? 
- ჩემამდე, მოიყვანეთ და მერე მივხედავთ, მე და ჩემი გოგოები. 
- ჰო, მაგრამ სადმე რომ გაჟონოს? - შუბლი შეკრა ქალმა. - ბევრი ხალხის ჩარევა, სულაც არ მაწყობს. 
- საკეისრო კვეთას, მარტო ერთი ექიმი, ექთნის გარეშე, მაინც ვერ შევძლებ და თანაც, რადგან ვთქვი, ჩემი გოგოები, ესე იგი სრულიად ვენდობი ჩემს გუნდს! ნუ რა თქმა უნდა, ყველას არა, მაგრამ როცა წინასწარ მეცოდინება, შემოვიკრებ სანდო ბრიგადას. 
- მშვენიერია! - წამოიძახა სტუმარმა. 
- გოგონას მხოლოდ, ერთადერთი რამ, ოპერაციის ზუსტი თარიღი ეცოდინება. ამას, ნამდვილად ვერ გავექცევით. 
- სამწუხაროდ. - თავი გააქნია ქალმა. 
- დანარჩენი კი, ნარკოზით ჩატარდება და ვერც ვერაფერს იგრძნობს, ყოველგვარი ტკივილის გარეშე ჩაივლის ოპერაცია. 
- მშვენიერია! - უკვე მერამდენედ იმეორებდა ქალი. 
მაკას კი სიამოვნებისგან, გული ისე უცემდა, ლამის ამოვარდნაზე ჰქონდა. 
მართლაც რომ მშვენიერი იყო. კიდევ ერთი ბავშვი და სრულიად უსასყიდლოდ და ამჯერად ნათესავებისა და ახლობლების წიოკის გარეშე და თანაც, ყველაფერ ამაში, აქეთ იღებდა საკმაოდ დიდ გასამრჯელოს. 
გოგონა, ნარკოზის ქვეშ ვერაფერს გაიგებდა, დარწმუნებული იქნებოდა, რომ მკვდარი ბავშვი ამოუყვანეს მუცლიდან, ხოლო რაც შეეხებოდა ჩვილის ბებიას, მას ამ ბავშვის, გაგონებაც კი არ სურდა.
ყველაფერი, მაკას სცენარით განვითარდა. ორსულ მოზარდ გოგონას, ოჯახში წინასწარ ისეთი წამალი შეაპარეს, რომ საშინელი მუცლის გვრემა იგრძნო. მართალია წამალი, სრულიად უვნებელი იყო, მაგრამ „შეშფოთებულმა“ მშობლებმა, მაშინვე ქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში გააქანეს. იქ კი მაკა ექიმის წყალობით, მშვენივრად ჩატარებული საკეისრო კვეთის შედეგად, თუმცა დღენაკლული, მაგრამ მაინც ჯანმრთელი ჩვილი ამოუყვანეს მუცლიდან და მაშინათვე, სხვა სართულზე, სულ სხვა გვარითა და წონით, სულ სხვა დაბადების თარიღით გაამწესეს. 
პატარა გოგონა საშინლად წუხდა და ისე დატოვა სამშობიარო, რომ ისიც კი არ იცოდა ბიჭი უნდა ჰყოლოდა თუ გოგო, რადგან დაარწმუნეს, ნაყოფი ისე იყო დაზიანებული, რომ სქესიც არც კი ეტყობოდაო. სულ ნაწილ-ნაწილ, დაფლეთილი სხეულის ნახევრად ჩამპალი ნაწილები ამოგიღეს მუცლიდანო. 
- ასე იცის, ასეთ პატარა ასაკში ორსულობამ. - ამშვიდებდა დედა. - უი, იცი რა გავიგე წეღან?
გოგონამ დაბნეული თვალები შეანათა. 
- ზუსტად ის კაბაა ჩამოტანილი, შენ რომ კატალოგში ძალიან, ძალიან მოგეწონა და ამ ორსულობის გამო, არც მოგერგებოდა. მერე სეზონიც გავიდოდა და მოდიდანაც გადავიდოდა. ახლა კი, გადასარევად გექნება, თანაც სეზონიც, როგორ ზუსტად დაემთხვა. 
- ეჰ, რა დროს კაბაა. - ნაღვლობდა პატარა გოგო.
- ახლა მთავარია, მამაშენმა არ გაიგოს, რაც მოხდა. ორსულობაზე, ხმაც არ ამოიღო. ისე, სწორედ ამის გამო იყო, რომ კისტა გაგისკდა და ეს ოპერაციაც მაგიტომ დაგჭირდა. 
- ეგ რა არის? - გულუბრყვილოდ იკითხა გოგონამ. 
- ნუ ქალური პრობლემაა, საკვერცხეებზე, ამიტომაც სამშობიარო სახლში უფრო კარგად აკეთებენ. - კვლავ დაამშვიდა დედამ. - თან, ხომ იცი? არ გამიჭირდებოდა გაკითხვა და ყველაზე საუკეთესო ქირურგთან მოგიყვანე. 
ქალმა, მაკა ექიმი, გინეკოლოგის მაგივრად, ქირურგად „მონათლა“ და ამით, კიდევ უფრო კარგად დაიზღვია თავი. 
გოგონამ უხმოდ დაუქნია თავი და ისე დატოვა იქაურობა, რომ აზრადაც არ მოსვლია, დროზე ადრე, ძალით მუცლიდან ამოყვანილი თავისივე შვილი, თუ ამავე შენობის ერთ-ერთ სართულზე, სპეციალურად მოწყობილი, ცალკე პალატის ინკუბატორში, უკვე გასაყიდად ჰყავდათ გამზადებული. 
მაკა ბედნიერებისგან ცმუკავდა. საკმარისზე მეტი თანხით აივსო ჯიბე და თან ცალკე, ისეთი გასაყიდი ჩვილი იგდო ხელთ, რომ მისი მომკითხავი, არავინ იყო. 
მართალია, საზღაური არ იყო ცოტა, მაგრამ მაკას მაინც ზედმეტი ძალისხმევა დასჭირდა, რომ შემოძლეულ ფულზე, ბევრად ნაკლები თანხა აეღო. თანამდებობის პირი ქალბატონი, მაკას ასეთი „თავმდაბლობით“, საკმაოდ გაკვირვებული დარჩა. თუმცა, იმასაც მშვენივრად მიუხვდა, რომ მაკას სავარაუდოდ, რაღაც სულ სხვა რამ ამოძრავებდა და არც შემცდარა. 
- მე უფრო მეტი თანხის გადახდას ვაპირებდი. - დაიწყო გაკვირვებულმა ქალმა. - სპეციალურად მქონდა, თქვენთვის გადადებული. 
- ისედაც, საკმარისზე მეტი გადაიხადეთ და ყველა ჩვენი, აქაური მედ. პერსონალიც, კარგად არის დაკმაყოფილებული და თანაც, დასაჩუქრებული. - უღიმოდა მაკა. 
- და ხომ იცოდით, რომ იმაზე მეტის გადამხდელი ვიყავი? - მხრები აიჩეჩა ქალმა. - და რაც შემოგაძლიეთ, მხოლოდ იმის ნახევარი აიღეთ.
- არც ეს იყო ცოტა, მაგრამ... 
- მაგრამ? - არ აცალა სიტყვის დასრულება ქალმა. 
- კიდევ ბევრჯერ შეიძლება გამოვადგეთ ერთმანეთს. - მიუგო მაკამ, მაგრამ როგორც კი შეატყო, რომ ქალი საშინლად მოიღუშა, მაშინვე გამოასწორა. - შეიძლება, ისეთ დროს დამჭირდეთ, რომ ვერც ვერასდროს წარმოვიდგენ. 
- შეიძლება, როგორ არ შეიძლება. - ცალყბად გაეღიმა ქალს. - თუმცა, მე არ მინდა რომ გიცნობდეთ. შემთხვევითაც კი, სადაც არ უნდა შევხვდეთ, არც მაშინ უნდა გვახსოვდეს და ვიცნობდეთ ერთმანეთს. 
- ეგ ძალიან ადვილია. - გაუღიმა მაკამ. - თუ ვინიცობაა, ოდესმე ერთმანეთი დაგვჭირდა, მაშინ თავიდან გავიცნობთ ერთმანეთს. აი, სულ ეს არის, რის თქმაც მინდოდა. 
„ჰმ, ეს მართლა გაიძვერა, ნაძირალა ქალი.“ 
ჩაეღიმა მაკას მოსაუბრეს. 
მაკა ყოველთვის აღწევდა დასახულ მიზანს. ყველაფერი ისე მოგვარდა, როგორც იმ ქალს უნდოდა და თვითონ მაკასაც აწყობდა. 
დღენაკლულთა განყოფილებაში გადაყვანილი, მართლაც რომ დღე ნაკლული ჩვილი, ორ თვემდე იქ ისე იზრდებოდა, თითქოს სულაც არ იყო უპატრონოდ მიტოვებული. მაკას ნაცნობობის წყალობით, სხვა სამშობიარო სახლის ერთ-ერთი სანდო ექთანი, ყალბი პირადობის მოწმობით, ოფიციალურად დაფიქსირებული იყო იმ ჩვილის დედად და ლამის, ყოველ მეორე დღეს აკითხავდა „შვილს.“ მიჰქონდა საჭირო ჩასაცმელები, მედიკამენტები, იქაურ ექიმებსა და ექთნებსაც კარგად გამოჰკითხავდა ბავშვის მდგომარეობას და „ერთი სული ჰქონდა“, როდისღა წაიყვანდა შვილს სახლში.
ინკუბატორში გამოზრდილი ჩვილი, უკვე მესამე თვეში იყო, როცა მისი გაშვილების დროც დადგა. თუ კი დღე ნაკლული ბავშვი, თავიდან მცირე წონის იყო, ახლა ამ ორი თვის მანძილზე მომატებული, უკვე ლამის, დროულად დაბადებული ჩვილის წონასაც უსწრებდა და მაკაც, თავისუფალად გაასაღებდა ახალ შობილად. კიდევ ერთხელ შეუცვლიდა დაბადების თარიღს და ამით, საბოლოოდ მის კვალს, საერთოდ დაკარგავდა. მით უმეტეს, რომ დედამ, არც კი იცოდა, თუ საერთოდ ეყოლა შვილი. 
მაკამ ამ საქმეშიც დინა ჩართო, თუმცა გოგო ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა, თუ ზუსტად რა როლს თამაშობდა, ამ რაღაც, თითქოს და უაზრო ტრანსპორტირებაში. დღენაკლულთა განყოფილებიდან ბავშვი სრულ წესრიგში, სრულიად ჯანმრთელი და წონაშიც კარგად მომატებული გამოატანეს „დედას“.
მაკამ ამ საქმეშიც დინა ჩართო. თუმცა დინა, ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა, თუ ზუსტად რა როლს თამაშობდა, ამ რაღაც, თითქოს და უაზრო, მისთვის გაუგებარ ტრანსპორტირებაში.
დღენაკლულთა განყოფილებიდან გამოწერილი ბავშვი, სრულ წესრიგში, სრულიად ჯანმრთელი და წონაშიც კარგად მომატები გამოატანეს „დედას“.
ბავშვიანი ქალი, გაჩერებაზე ყელმოღერებული იდგა. ახალ მორგებული პარიკი, საკუთარი ბუნებრივი თმის ფერისა თუ ვარცხნილობისგან, ბევრად განსხვავებულ, სულ სხვა იერს აძლევდა მის სახეს. 
მანქანამ, მის შორი ახლოს, რამდენჯერმე აიარ-ჩაიარა. ბავშვიან ქალს, „არაფერი შეუმჩნევია.“ მანქანაში, მშვილებელი მშობლები ისხდნენ, რომელთაც შორიდან დაანახეს, გაჩერებაზე მდგარი „დედა“. 
- აი, ეს არის! - მანქანიდან, ვითომდა შეუმჩნევლად, თითით მიანიშნა შუამავალმა, ბავშვიან ქალზე. - საწყალი, გაჭირვებული გოგოა, სახლში კიდევ, ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს და ამ უმცროსის გაშვილება უნდა, სანამ შეჩვეულა. 
მშვილებლებს მოეწონათ „დედა“, ბავშვიც უკვე ნანახიც ჰყავდათ. ჯანმრთელი და ღონიერი ბიჭი, თეთრი კანის, ოდნავ მუქი წაბლისფერი თმით. სავარაუდოდ იმ პარიკიან „დედას“ ჰგავდა. 
- ესე იგი, თანახმა ხართ? - დააზუსტა შუამავალმა.
- რა თქმა უნდა! - ერთ ხმად მიუგო წყვილმა, რომელთაც უკვე დიდი ხანია შვილის ყოლის იმედი, გადაწურულიც ჰქონდათ, მაგრამ უეცრად და სრულიად მოულოდნელად გამოჩნდა ქალი, რომელიც ასეთ ჯანმრთელ და ლამაზ ბიჭს უთმობდა შვილად. 
- ერთ საათში, მოხვალთ იქ, იმ გზაზე, წეღან რომ ვიყავით. - უხსნიდა შუამავალი. - სჯობს კვალი ასე ავრიოთ, მერე რომ არ მოითხოვოს უკან დედამ გაზრდილი და ნაფერები შვილი. 
- ჰო! ჰო! 
თავს უქნევდა წყვილი, თუმცა ქალს, გული მოეწურა და უკან დაიხია. 
- დედას შვილი, როგორ უნდა წავართვა? - დანანებით ამოიხვნეშა ქალმა. 
- ბევრჯერ ყოფილა მასე! - უხსნიდა შუამავალი. - გააზრდევინებდნენ შვილებს და მერე უკან ითხოვდნენ, ან ზოგჯერ ვითომ, მართლაც უნდათ შვილის უკან დაბრუნება და იმდენჯერ ძალავენ ფულს, აღმზრდელ მშობლებს, რომ...
წყვილმა ერთმანეთს გადახედა.
- მერწმუნეთ. - განაგრძო შუამავალმა. - ამ ქალს, რომ ახლა, ეს შვილი უნდოდეს, იქ გაჩერებაზე კი არ დადგებოდა და ახალ შობილ ჩვილს, ავტობუსით კი არ ატარებდა, არამედ ტაქსით იმგზავრებდა. 
- იქნებ, მართლა ისე გაჭირვებულია? - კვლავ წუხდა ქალი. 
- თუ ასე გაჭირვებული ხარ, შე დალოცვილო, მაშინ რაღას ყრი ამდენ ბავშვებს? - ცინიკურად აღნიშნა შუამავალმა. - შენი თავი თუ არ გეცოდება, ეს ჩვილი მაინც შეიცოდე? 
- ჰო, ჰო, მასეა. - კვერი დაუკრა კაცმა. 
- ერთს კიდევ გეტყვით. - განაგრძო შუამავალმა. - თუ დედამ, შვილის გაშვილება, უკვე მართლაც გულით გადაწყვიტა, ის უკან აღარ დაიხევს! თუ გარიგება არ გამოუვიდა, მაშინ ადგება და ბავშვთა სახლში უკრავს თავს, რადგან ჯერ სანამ ჩვილია, მაინც მიუჩვეველია დედისთვის და არც ამაგი და არც სიყვარული გააჩნია მისი. - კიდევ ერთხელ დამოძღვრა შუამავალმა, შვილს დანატრებული წყვილი. 
- თანახმა ვართ. - მიუგო ქალმა. - გვინდა ეს ბავშვი, ცივ ნიავსაც არ მივაკარებთ, ისე გავზრდით!
- როგორ გაზრდით, ეგ უკვე თქვენს სინდისზეა. - მიუგო შუამავალმა. 
- მოკლედ, ერთ საათში იმ გზაზე! - ახლა კაცმა გადახედა შუამავალს. 
- დიახ, დიახ. - თავი დაუქნია შუამავალმა. - აი, იქეთ ჩამომსვით. 
მაკას გეგმამ, როგორც ყოველთვის, მშვენივრად გაამართლა. 
ცოტა ხანში, ბავშვიან ქალთან, ტაქსი გაჩერდა. ქალი უკან ჩაჯდა, დინას გვერდით მიუჯდა. მიუხედავად პარიკისა, დინამ მშვენივრად იცნო მისი კოლეგა, რომელიც უკვე მაკას წყალობით, რამდენჯერმე ჰყავდა ნანახი. თუმცა, არც გამოეცნაურა და არც იმ ექთანს გამოუთქვამს სურვილი, დინას გამოლაპარაკებოდა, რადგან ორივე, სწორედაც რომ ასე იყო მაკასგან დარიგებული და თანაც, საკმაოდ მკაცრად გაფრთხილებული. 
მომდევნო ქუჩაზე, შესახვევთან, ტაქსი გაჩერდა. ქალმა ჩვილი, დინას შეაჩეჩა, მანქანიდან უხმოდ გადმოვიდა და სადღაც სადარბაზოში გაუჩინარდა. 
ტაქსი მაშინვე ადგილიდან დაიძრა და ქალაქის გასასვლელისკენ აიღო გეზი. მალე სადღაც სოფლის გზისკენ აუყვნენ და იქ უკვე, სხვა მანქანით, მხოლოდ შუამავალი ელოდა. ჩვილი ახლა, იმ მანქანაში გადასვეს და დინას ტაქსიც, უკან ისე სწრაფად გამობრუნდა, რომ მშვილებელ ხალხს, შემთხვევით გზაზე არ გადაჰყროდა. 
LEX. 2021 წლის 21 ივლისი, ოთხშაბათი.

No comments:

Post a Comment