- მერე? ამდენი ხანი, ჩუმად იყავი? - გაეცინა ფიფოს.- თუ ჯერ, ბრენდით გინდოდა მოღონიერება? - ფიფო კვლავ, კონიაკის დასასხმელად გაიწია.
- აღარ მინდა მეტი.
- საჭესთან არ სვამ, არა? - ჩაეღიმა ფიფოს და თავისთვის დაისხა.
- მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელოთ და ეს ჩვენი ქირურგი, ძალიან კარგი ადამიანია, ფანტასტიკური პიროვნებაა და ამ ყველაფერთან ერთად, უნიჭიერესი სპეციალისტი და საკმაოდ გულისხმიერი!
- მართლა? - ჩაეღიმა ფიფოს. - რას მელაპარაკები? კიდევ კარგი მითხარი, თორემ წარმოდგენაც კი არ მქონდა!
ჩუკის გაეცინა.
- ეს შესავალი, კარგი და მშვენიერი, მაგრამ სხვას, რას მეტყვი?
- მეუღლე ავარიაში დაეღუპა. - განაგრძო ჩუკიმ.
- ეგ ვიცი.
- საყვარელთან ერთად.
- ეგეც ვიცი. - თავი დაუქნია ფიფომ.
- დარჩა ჩვილით ხელში და მოხუცებული ბებიის ანაბარად. - განაგრძო ჩუკიმ, მაგრამ ფიფომ, კვლავ შეაწყვეტინა.
- ეგ ყველაფერი უშენოდაც ვიცოდი. - ღიმილით უთხრა ფიფომ. - მაგრამ აი, ბავშვის ირგვლივ, რა ხდებოდა, ეს უფრო მაინტერესებს.
- სწორედ ეგ ამბები მოგიტანე, მაგრამ ცოტა პროლოგიც დავურთე. - ჩუკიმ წამით იყუჩა და განაგრძო. - ცუდი ბავშვი, ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ რაღაც-რაღაც კონფლიქტები სკოლაში მაინც ჰქონია, ისევე როგორც ბევრ მოზარდს. თუმცა, არაფერი ისეთი განსაკუთრებული და რადგანაც ასეთი ცელქი, მოუსვენარი და ცოტაც ჩხუბისთავიც ყოფილა, მშობელს ფსიქოლოგთან მიყვანა ურჩიეს.
- ეგეც ვიცოდი. - კვლავ ჩაეღიმა ფიფოს.
- ყველაფერი გცოდნია, აბა. - გაეცინა ჩუკის.
- მაინც განაგრძე, აბა. - ჩაურთო ფიფომ. - ფსიქოლოგთან ვიზიტებიც ვიცოდი და ისიც კი ვიცი, თუ ვისთან დადიოდა.
- ჰო, მაგრამ აი, მაგ ფსიქოლოგის ვიზიტთან დაკავშირებით, კიდევ რაღაც საინტერესო მომენტიც გამოიკვეთა, თუ ესეც იცი? - გაეღიმა ჩუკის.
- ჰმ. მიდი აბა გისმენ.
- რადგანაც ურჩიეს მშობელს და ისიც მაშინვე დათანხმებულა, მაგრამ რატომღაც არა სკოლის ფსიქოლოგთან, არამედ სულ სხვა ფსიქოლოგთან მიუყვანიათ ეს ბავშვი. თუმცა, არც ამაში უჩვეულო არაფერია, ყველას უნდა, საკუთარი შვილი კერძო და ცნობილ ექიმთან მიიყვანოს, ვიდრე რომელიმე რიგით, გინდაც სკოლის, ან პოლიკლინიკის ექიმთან.
- პრინციპში, უჩვეულო არც არაფერია. - დაეთანხმა ფიფო.
- ძალიან გამიჭირდა და მაინც მოვახერხე სკოლის საბუთების მოძიება, იმ პერიოდის მასწავლებლების გამოკითხვა, კლასელებიც არ გამომიტოვებია, მაგრამ ვერაფერს გავხდი. ფაქტიურად, ხელი მქონდა ჩაქნეული, რომ ამ ხაზით, რამე მნიშვნელოვანი გამეგო.
- ესე იგი, ჩაქნეული გქონდა? და ახლა? - ვეღარ ითმენდა ფიფო.
- ახლა? - ჩუკი წამით შეყოვნდა. - ნუ სკოლის ბულინგი და ათვალწუნება ცნობილი და დღემდე გამოუსწორებელი პრობლემაა, ამიტომ ბავშვებიც ყოველთვის გარკვეულ გუნდებად იყოფა. ქირურგის ბიჭს დედით ობოლს, დიდი ბებია ზრდიდა, მამა სულ დაკავებული იყო, დღე და ღამ მუშაობდა, რომ ერთადერთი, ობოლი ბიჭისთვის, არაფერი დაეკლო და იმ საწყალ ბებიას კი, როგორც შეეძლო, ისე დასდევდა შვილთაშვილს. ერთი შეხედვით იფიქრებდი, რომ ბავშვი რამდენადაც კარგად იყო ჩაცმული, იმდენად სხვა აღმზრდელობით ყურადღებას იყო მოკლებული მოხუცი დიდი ბებიის ხელში, მაგრამ არც მასე იყო საქმე, ცხადია რომ განებივრებაც არ აკლდა და ჯიუტიც იყო, არ უჯერებდა დიდ ბებოს. საერთოდ ცუდი და ბოროტი ბავშვი, ნამდვილად არ ყოფილა. ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი იყო და ასევე, რამდენადაც კარგად სწავლობდა, იმდენად ცელქი და საკმაოდ თავნებაც ყოფილა. - ჩუკი გაჩუმდა.
- მერე? - ვეღარ ითმენდა ფიფო.
- იმ პერიოდში, კლასელებმა ერთი საწყალი ბიჭი ამოიჩემეს. ხშირად დასცინოდნენ, სულ აბუჩად იგდებდნენ, მშობლებით დაობლებულს, მასაც ბებია ზრდიდა, რომელიც იქვე სკოლაში დამლაგებლად მუშაობდა, საკმაოდ ხელმოკლე და გაჭირვებული ოჯახი ჰქონია. კლასელების უმეტესობა, ზემოდან უყურებდნენ. ალბათ, ობლობის სიმწრით გამოწვეულმა ტკივილმა უფრო იმოქმედა და ერთ-ერთი ასეთი ჩაგვრის დროს, ქირურგის ბიჭი გამოექომაგა. მოგვიანებით, დამეგობრებულან კიდეც და რაღაც პერიოდის შემდეგ, იმ მეგობარ ბიჭს, თავი მოუკლავს.
- რას ამბობ? - შეწუხდა ფიფო. - და მიზეზი?
- ზუსტად ვერაფერი გავიგე, მხოლოდ როგორც ზოგიერთს ახსოვდა, ბოლო პერიოდში, რაღაცნაირად იქცეოდა და ბავშვები გეისაც ეძახდნენ, თურმე და საშინლად მწარდებოდა ამაზე.
- მდაა.
- აი, ამის მერე. - განაგრძო ჩუკიმ. - იწყებს ქირურგის ბავშვიც ფსიქოლოგთან სიარულს, სწორედ იმ ფსიქოლოგთან, ვისთანაც ის გარდაცვლილი ბიჭი დადიოდა და რის მერეც, თავი მოიკლა!
- ახლა არ მითხრა, ეს ორივე უბედური შემთხვევა, ერთმანეთთან კავშირშიაო. - შეშფოთებული იკითხა ფიფომ
- რამდენად კავშირშია მათი გარდაცვალება, ეგ ნამდვილად არ ვიცი, რადგან ერთმა გამიზნულად მოიკლა თავი და ძალიან მოკლე ხანში, მეორე ავარიაში მოყვა.
- ისე, თუ ბავშვები კერძოდ დაჰყავდათ, ესე იგი, საკმაოდ ძვირად ღირებული ექიმი ყოფილა და ის დამლაგებლის, ხელმოკლე ოჯახის შვილი, როგორღა ახერხებდა იქ სიარულს?
- აი, უკვე მანდ არის კიდევ რაღაც საინტერესო. - ჩუკი ჩაეღიმა. - მაინც გამომძიებლის ალღო სულ სხვაა.
- ჰმ. - ფიფოსაც გაეღიმა.
- იმ ფსიქოლოგზე რაღაც-რაღაცეები, კიდევ გავიგე.
- მერე, მიდი გისმენ, თორემ დამელია სული. - ფიფომ ისევ დაისხა და სულმოუთქმელად გადაჰკრა.
- მოკლედ ფსიქოლოგს, კერძო პრაქტიკა ჰქონდა და რა თქმა უნდა, ხალხიც ესეოდა, მაგრამ რატომღაც ძალიან ხშირად, თურმე ხელმოკლე ოჯახებსაც უმართავდა ხელს და ამას, ყოველგვარი ანგარების გარეშე აკეთებდა. ასევე ბავშვთა სახლებსაც სტუმრობდა, როგორც ქველმოქმედი და ყველაზე რთულ და პრობლემურ ბავშვებთან, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მუშაობდა და თანაც, რატომღაც სულ ბიჭებთან! - ჩუკი გაჩუმდა.
ფიფო სახეში მიაჩერდა, უკვე თითქოს კიდეც მიუხვდა სათქმელს.
- და მერე? - დაბალი ხმით ჩაურთო ფიფომ.
- რამდენჯერმე პედოფილობა დასწამეს და ტყუილი იყო, თუ მართალი, ეგ უკვე არ ვიცი. თუმცა, ყოველი ასეთი ცილის წამება, ძალიან მალევე მიჩუმდა და დავიწყებასაც მიეცა.
- მდააა. - ფიფომ სიგარეტს მოუკიდა და სავარძელში გადაწვა.
„აი, ახლა მგონი, რაღაც-რაღაცეები ლაგდება, მაგრამ ჯერ კიდევ, სად ვარ?“
- ახლა ექსგუმაციას, აზრიც არ ექნება. - თავისთვის ჩაილაპარაკა ფიფომ.
- ვფიქრობ, თუ მართლა ის კაცი, პედოფილი იყო. - განაგრძო ჩუკიმ. - იმ ბავშვმა, ვეღარ აიტანა დამცირება და თავი მოიკლა. ალბათ, რაღაც ინფორმაციამაც გაჟონა ბავშვებში და ამის გამო, ცალკე კიდევ აბუჩად აიგდეს, რადგან ისედაც ათვალწუნებული ჰყავდათ კლასში და მხოლოდ ქირურგის ბიჭს უწევდა მისი დაცვა.
- სავარაუდოდ, იქნებ ბიჭმა გამოძიება დაიწყო, მეგობრის სიკვდილის გამო და ისიც, სულ მოკლე ხანში, თავადაც ავარიაში იღუპება. მაგრამ განა მისი მეგობარივით იკლავს თავს, არამედ სრულიად შემთხვევით ხვდება ავარიაში! ჰმ. - თავის გააქნია ფიფომ.
- ჰომ, რაღაც საეჭვოდ მეჩვენება ეგ ავარიაც, თუმცა, ვინ იცის?
ფიფომ უხმოდ დაუქნია თავი.
- შეგიძლია გაარკვიო, გამოიძიეს თუ არა იმ ავარიის საქმე? - შეეკითხა ჩუკიმ.
- ჰმ. - ჩაეღიმა ფიფოს. - ისე, რა საინტერესოა, არა? მანქანას რომ სწორედ, იმ ფსიქოლოგის მოხუცებული დედა მართავდა.
- რაა?!
- ან თავად ატრიალებდა საჭეს პატივცემული ექიმი, დედიკოს მანქანაში.
- გაოგნებული დავრჩი. - ჩუკიმ ამოიხვნეშა. - და იმ ფსიქოლოგმაც რომ მოიკლა თავი, ეგ თუ იცი?
- როგორ არ ვიცი! - გაეცინა ფიფოს. - ერთ დროს, მაგის მკვლელობას, მე მტენიდნენ!
- რაა?!
- ჰო! რა იყო? - ეცინებოდა ფიფოს. - ვიჯექი კიდევაც! ერთი ღამე.
ფიფომ იმ დროინდელი ამბები მოუყვა, თუმცა სერიული მკვლელი არც უხსენებია, მხოლოდ რაღაც გაუგებრობითა და სამხილების გაფუჭებით ახსნა და არც ის უთქვამს, რომ ეს თვითმკვლელობა კი არა, არამედ სერიული მკვლელის მიერ ჩადენილი, კიდევ ერთი მკვლელობა იყო. ფიფოსდა სამწუხაროდ, არც ეს აღიარეს მკვლელობად და ოფიციალურ ვერსიად, ისევ თვითმკვლელობა დატოვეს. ხოლო რაც შეეხებოდა, ფიფოს ბრალდებას, ეგეც ვითომ, რომელიღაცა ფიფოს პირადმა მტერმა ჩაიდინა და ამის გარკვევასაც შეჰპირდნენ. იმ საბედისწერო ამბის შემდეგ კი, სულ მიივიწყეს და ის ფაილებიც ისე მიკარგეს, ფიფომ კვალსაც კი ვერ მიაგნო.
- წარმომიდგენია, რა დღეშიც ჩავარდებოდი.
ფიქრებიდან, ჩუკის ხმამ გამოაფხიზლა.
- უჰ! გახსენებაც კი მზარავს. - ფიფოს ტანში გასცრა.
- აი, სულ ეს იყო, რაც გავიგე. - განაგრძო ჩუკიმ. - თუ ჩემი მონაყოლი, რამეს გარგებს, გამიხარდება.
- საგამომძიებლოდ, არც არაფერს. - უპასუხა ფიფომ. - მაგრამ ჩემი ინტერესები, დაკმაყოფილდა.
- ძალიან კარგი. - გაუხარდა ჩუკის.
- მე თვითონ ქირურგს, ვერაფერს ვეკითხებოდი, არადა ძალიან მაინტერესებდა, თუმცა ისიც კი ვიცი, თუ როგორ ძალიან რთულია ახლო მეგობარს, საკუთარ ტკივილზე მოაყოლო, იმ დროს, როცა ეს, თავადაც არც სურს და ვერც საუბრობს ამ თემაზე.
- შენ წარმოიდგინე, მისთვის ამ ყველაფრის მოყოლის პროცესი, უფრო მეტად მძიმე იქნებოდა.
- თავისთავად.
- ეჰ. - ამოიხვნეშა ჩუკიმ. - ადამიანი, რამდენ დარდს მალავს გულში და შენ კი არ გიმალავს, უბრალოდ თავზე არ გახვევს.
- ისე, არც გალეს ჩარევა მინდოდა, გამომძიებელი მაინც თავისებურად დაიწყებდა ძიებას, შეიძლება სულ ადვილადაც გაშიფრულიყო და მერე ქირურგის ყურამდეც მისულიყო. ეს კი ნამდვილად არ მინდოდა, სულ სხვა მიდგომა მჭირდებოდა, ამიტომაც შენ შეგარჩიე, როგორც მეგობარი, როგორც გამჭრიახი და ასევე საქმეში ჩახედული, მაგრამ არა გამომძიებელი.
- ჰმ, შევიფერებ ქებას. - გაიკრიჭა ჩუკი.
„ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ახლა, რა კავშირი აქვთ პიპას და ქირურგს?
პირდაპირი, თუ ირიბი კავშირი?
თუ არც არანაირი?“
ჩუკის წასვლის შემდეგ, ფიფო დიდ ხანს ფიქრობდა. ათას ვარიანტებს ატრიალებდა და ბოლოს, ისევ იმ დასკვნამდე მივიდა, როგორც ერთ დროს იფიქრა, რომ სერიულ მკვლელს, ბევრი მისთვის არაპირდაპირი მტერი ჰყავდა მოკლული. ზოგი არც არასდროს ენახა და არც კი ჰქონია მასთან არანაირი შეხება.
ალბათ ესეც ასეაო და შეეცადა სულ დაევიწყებინა, პიპას და ქირურგის ერთმანეთთან კავშირი, რადგან არაფრით არ უნდოდა და არც არავის გულისთვის არ უნდოდა, ქირურგთან ასეთი კარგი მეგობრობის გაწყვეტა.
***
მიმის უყვარდა მაღაზიების შემოვლა და ამ შემთხვევაში, არც მარკეტი იყო გამონაკლისი. ზედმეტად ბევრი სურსათის მომარაგებას ერჩივნა, ხშირად ევლო უბნისა თუ ქალაქის მარკეტებში და უგემრიელესი ვახშმით დახვედროდა, ახლა უკვე მართლაც და საყვარელ მეუღლეს.
„თუ ვახშამი, ნაკლებად მსუბუქი იქნება, მაშინ მეორე კერძად მოვამზადებ...“
გაიფიქრა მიმიმ და ბოსტნეულის სექციას მოავლო თვალი და უცებ, გაწვდილი ხელი გაუშეშდა, როცა შეამჩნია, რომ ვიღაც ახალგაზრდა გოგონა, როგორ ესაუბრებოდა დიმეოს.
ერთი შეხედვით, საგანგაშო არც არაფერი იყო, მაგრამ მიმის მწარე გამოცდილების თანახმად, სწორედაც რომ მდივანმა გოგონამ ითავა მაშინ, დიმეოს მოტყუება, ამიტომაც ახლა მიმიმ, მთელი ყურადღება, ბავშვისკენ მიაპყრო. თუმცა, არც კი ესმოდა, თუ რაზე საუბრობდნენ. მოულოდნელად დიმეომ, ვიღაც, უფრო ბევრად შორს მდგარ ახალგაზრდა ბიჭს, ენა გამოუყო. წამიერად მიმი შეცბა, გაბრაზდა კიდევაც დიმეოს ასეთი ტუტუცური საქციელით, თუმცა სრულიად ამაოდ. ახალგაზრდამ, როგორც კი მიხვდა, რომ შეამჩნიეს, მაშინვე შეწყვიტა ფოტოების გადაღება, მობილური ჯიბეში ჩაიდო, გარეთ გავარდა და მანქანას მიაშურა. მიმის ეგონა, რომ მანქანა მაშინვე დაიძრებოდა და გიჟივით გააქროლებდა, მაგრამ რატომღაც არც კი დაქოქილა.
„ალბათ, ვინმეს უცდის?“
გაივლო გულში მიმიმ.
„დიმეოს ხომ, არ უცდის როდის გამოვა?“
მიმი ახლა უფრო შეშფოთდა. თუმცა, არ დაიბნა და საკმაოდ ოსტატურად გადაუღო ფოტო მანქანას, მერე დიმეოს, სწორედ იმ დროს შეავლო თვალი, როცა გოგონა დაემშვიდობა და სხვა სექციისკენ გასწია. მიმიმ ახლა, იმ გოგოს დაუწყო თვალთვალი და მასაც შეუმჩნევლად გადაუღო ფოტო. გოგონა დიმეოს, როგორც კი მოშორდა, მალულად ბავშვს გამოხედა, ხომ არ მიყურებსო, მერე სექციებს სულ სხვა მხრიდან მოუარა და გარეთ ისე გავიდა, რომ არც არაფერი შეუძენია და არც კი გადაუთვალიერებია მარკეტი. მიმიმ ბოლომდე მისდია და ისიც კი ფოტოზე დააფიქსირა, თუ როგორ ჯდებოდა გოგონაც, იმავე მანქანაში.
ახლა უკვე, მართლაც შეშფოთდა. კიდევ დიდ ხანს იბორიალა იქ, სექციებს შორის ყველას მალულად აკვირდებოდა. ბოლოს ბავშვი შეიცოდა და მიმისაც მარკეტის დატოვება მოუწია.
- სად მივდივართ? - იკითხა გაკვირვებულმა დიმეომ, როცა მიმის მანქანა, სახლს გასცდა და სულ სხვაგან აიღო გეზი.
- ბებოსთან და ბაბუსთან! - მხიარული ხმით უპასუხა მიმიმ. - არ მოგენატრა?
- კი, როგორ არა! - გაუხარდა ბავშვს. თუმცა, არც თუ ისე დიდი ხნის უნახავი ჰყავდა.
მიმის გამოჩენას, ფიფოს მშობლიურ სახლში, როგორც ყოველთვის, საკმაოდ თბილად შეხვდნენ. ცოტაც, ხუმრობითაც „უსაყვედურეს“, ეს რამდენი სურსათი მოიტანეო. მიმიც ასევე ხუმრობით პასუხობდა, ფიფოს მადა გავითვალისწინე და მაგიტომაცო.
- მე თვითონ მოვამზადებ ყველაფერს, თქვენ ნუ შეწუხდებით. - გამოუცხადა მიმიმ.
- რამეზე მაინც მოგეხმარები. - უკან არ იხევდა დედამთილი.
- სულ ათი-თხუთმეტი წუთით გავალ და მალევე დავბრუნდები. - მიუგო მიმიმ. - როგორც კი მოვალ, მე მივხედავ ყველაფერს.
- კარტოფილს მაინც დაგითლი მანამდე. - არ შეეპუა დედამთილი. - ხორცი მაინც არ გავრეცხო?
- კარგი, კარგი. მეც მალე მოვალ - დაეთანხმა მიმი და კარი გამოიხურა თუ არა, მაშინვე მამამთილის, ცოტა არ იყოს, შეფიქრიანებულ თვალებს შეეჩეხა.
- ხომ მშვიდობაა შვილო?
- კი, კი. - უპასუხა მიმიმ და თვალი აარიდა.
- ფერი არ გადევს სახეზე, ფიფოს რამე ხომ არ მოუვიდა?
- არა! არა, უბრალოდ... - მიმი გაჩუმდა.
- შეგიძლია მენდო. - თბილად გაუღიმა კაცმა.
- მოვალ მალე. სამსახურში რაღაც დამრჩა და... - ენის ბორძიკით მიუგო მიმიმ.
- გინდა, წამოგყვე?
- არა! არა! პირიქით, მინდა რომ ბავშვს, თვალი არ მოაცილოთ და...
- შენ მაგაზე, არ იდარდო და კიდევ ხომ არ გვემუქრება რამე?
- არა! არა! უბრალოდ, უცებ რაღაცნაირად შევშინდი, ის დრო მომაგონდა, შარშან ამ დროს... სახლში ვეღარ წავედი, მარკეტიდან პირდაპირ აქ მოვედი...
- მერე ძალიანაც, კარგი რომ აქ მოხვედი! ნუ გეშინია, ბავშვს ჩვენ მივხედავთ, შენ წადი შენი საქმეები მოითავე და როცა გინდა, მაშინ დაგვიბრუნდი, ნუ იჩქარებ.
- კარგი, კარგი. - მიმიმ ყურებამდე გაუღიმა. ახლა აშკარად, შვებით ამოისუნთქა და კიბე სირბილით ჩაირბინა.
სამსახურის საქმეები, სულ ტყუილად მოიგონა, სახლში ეჩქარებოდა. ჯერ იყო და, რამდენიმე ადგილას შემოატარა მანქანა, კარგად აკვირდებოდა ვინმე ხომ არ მითვალთვალებსო, თუმცა მსგავსი, ვერაფერი შენიშნა. მერე სახლშიც შეირბინა, იქაურობა მოათვალიერა, რას ეძებდა, თავადაც არ იცოდა. საწოლ ოთახებსაც კი მოავლო თვალი. უკან გზაზე, ფიფოს შეეხმიანა და აუწყა სადაც უნდა მოეკითხა. ფიფოს დიდად არც გაკვირვებია, პირიქით გაუხარდა. თუმცა მიმი, უფრო ხშირად, დედასთან მიდიოდა ბავშვით დასარჩენად და ფიფოსაც, იქ იბარებდა ხოლმე.
ვახშამმა ჩვეულებრივ ჩაიარა. ფიფო ბევრს ხუმრობდა და მალულად, მიმისაც აკვირდებოდა. გუმანით გრძნობდა, რაღაცაში იყო საქმე და ერთი სული ჰქონდა, სახლისკენ როდის დაიძრებოდნენ, მაგრამ რატომღაც ისე ჩანდა, რომ მიმი თითქოს, სულაც არ აპირებდა სახლში დაბრუნებას.
მოგვიანებით კი, ფიფოს ეჭვებიც გამართლდა, როცა მიმიმ, ბავშვის დაძინება მოითხოვა და მერე დააყოლა, ბარემ, ჩვენც აქ დავრჩეთო.
- მიმი, რა ხდება? – ჩურჩულით ჰკითხა ფიფომ, როცა საძინებელში, მარტონი დარჩნენ.
- რა უნდა ხდებოდეს? - გაიკვირვა მიმიმ და თვალები ისე მილულა, რომ ფიფოს მწველი მზერა, აერიდებინა.
- რა ვიცი, აბა. - უპასუხა ფიფომ. - აქ არასდროს ვრჩებით ხოლმე, მარტო ერთხელ, ისიც შენ რომ გამომეკიდე.
- მოკლედ, შემთხვევას არ უშვებ ხელიდან, ეგ მომენტი რომ არ წამომაძახო. - ღიმილით მიუგო მიმიმ.
- ახლაც მიხარია და ხშირადაც გახსენებ, კი არ გსაყვედურობ. - ფიფო წამით შეყოვნდა. - და წარმოიდგინე, მაშინ როგორ გამიხარდებოდა.
- მაგრამ უკან არ დაიხიე და დაბღვერილი მიყურებდი.
- ჰმ. მაშინ ასე გამოვხატავდი სიხარულს, ასე იყო საჭირო და იმიტომ.
- ოჰ, რა მკაცრი ხართ, ბატონო ფიფო.
- მართლა? - ჩაეღიმა ფიფოს. - მკაცრი და საშინელი სადისტი, მტარვალი, რომელიც ახლა სულ შეგჭამს, ისე შეგჭამს, რომ შენგან, ძვალიც აღარ დარჩება!
ფიფომ ხვევნა და ალერსი დაუწყო, მიმი მსუბუქად იგერიებდა, ფიფო მაინც არ ეშვებოდა, სანამ მიმიმ ცოტა არ იყოს, მკაცრი ხმით არ გააჩერა.
- მოიცა, რაა! - შეუბღვირა მიმიმ.
- რა იყო?
- მობილური მომაწოდე, თუ შეიძლება.
- ამ შუაღამეზე, ვის ურეკავ? - გაიკრიჭა ფიფო.
- კარგი, რააა, მომაწოდე. - აწუწუნდა მიმი.
- აუ, ძაან მეზარება განძრევა.
- მაშინ, არ დაგეწვინე კედლისკენ. - საყვედურის კილოთი მიმართა მიმიმ.
ფიფო გაიტრუნა და ხმა არ გასცა.
- ფიფო, კარგი რაა. - ისევ აწუწუნდა მიმი. - მაშინ გამიშვი და მე ავიღებ.
ფიფომ არც ახლა არ გასცა ხმა და მიმი უფრო ძლიერად ჩაიკრა გულში, რომ განძრევის საშუალება, აღარ მისცა.
- ფიფო, ვიყვირებ, იცოდე! - გაკაპასდა მიმი.
- სადაც გინდა, იქ მიჩივლე. - გაეცინა ფიფოს. - რა გაქვს ასეთი, ამ მობილურში? - ფიფო წამოიწია, ზანტად გადასწვდა კომოდს და როგორც იქნა, მიმის აღირსა ტელეფონი.
ფიფო გაოგნებული დარჩა. მიმიმ ყველაფერი მოუყვა და ფოტოებიც აჩვენა.
- მერე რაღაცნაირად, ისე დავშინდი, რომ სახლში ვეღარ გავბედე გაჩერება. - უხსნიდა მიმი.
- ძალიანაც კარგი, რომ ასე მოიფიქრე. - ფიფო მიმის მოეხვია. - ისე, მართლა როგორი ალღო გაქვს. აფსუს, სამყაროვ! რა დეტექტივი იკარგება.
მიმის გაეცინა.
- ან ესენი, ვინღა არიან? - განაგრძო ფიფომ. - მატრაკვეცა ჟურნალისტებს უფრო გვანან და მაინც, რას ელაპარაკებოდა ის გოგო? არ ჰკითხე ბავშვს?
- იქვე რაც პროდუქტი იყო, იმ სექციასთან, მხოლოდ იმ თემაზე დაუწყო, რაღაც უაზრო საუბარი.
- ჰმ, ესე იგი, უაზრო საუბარი, არა. - ამოიხვნეშა ფიფომ.
- ჰო, თვითონ დიმეომ მითხრა ასე, მე არაფერი მესმოდა. - მიმი გაჩუმდა და ცოტა ხნის მერე, თავი წამოჰყო. - იქნებ, ბავშვი სპეციალურად შეაყოვნა, რომ იმ ბიჭს, ფოტოები გადაეღო?
- შეიძლება.
- შენ, არანაირად არ გეცნობა?
- არა მიმი, მაშინ ხომ გეტყოდი.
- იქნებ, არ მეუბნები და...
- და გიმალავ? - ფიფოს გაეცინა. - არაფერს გიმალავ, დამშვიდდი.
მიმიმ ამოიხვნეშა.
- ახლა დამაძინე და ხვალისთვის ეგ ფოტოები გადმომიგზავნე, მეც და გალესაც. - ნამძინარევი ხმით უთხრა ფიფომ. - მაგას მაინც დავადგენ, ვინ არიან და მერე, ვნახოთ.
ფიფოს ვარაუდი გამართლდა. ახალგაზრდები, მართლაც ჟურნალისტები აღმოჩნდნენ. საკმაოდ დამფრთხალი და დაბნეულნი ჩანდნენ, როცა დეტექტივი მათ, დასაკითხად მიადგა.
გალეომ ბევრი ვერაფერი გაიგო, გარდა იმისა, რომ რაღაც სულ პატარა რეპორტაჟის მომზადება სურდათ, სურსათთან დაკავშირებით და სულ ეს იყო.
გალეოს მონაყოლი, თავიდან როგორც ფიფომ, ასევე მიმიმაც დაიჯერა, მაგრამ მოგვიანებით, მიმი უფრო სხვა აზრზე იდგა და იქამდე ურეკა ფიფოს, სანამ არ გააგონა ხმა.
- მიმი, თათბირი მქონდა, მართლა. - ფიფოს ხმაში, წყენა იგრძნობოდა. - შენს ზარს რომ ვთიშავ, ესე იგი, ვერ გპასუხობ და რა პანიკა იყო?
- ფიფო, ტყუილია ეგ! არანაირი სურსათით არ იყვნენ დაინტერესებულნი, როგორც კი დიმეომ შეამჩნია, რომ ფოტოს უღებდნენ, მაშინვე ორივე ისე გაიძურწა, არც კი გადაუხედავთ მარკეტისთვის.
- კარგი, მიმი, დამშვიდდი. თუ გინდა, დაცვას გამოვუშვებ.
- ფიფო! ფიფო, კარზეა ვიღაც...
LEX. 2021 წლის 27 იანვარი, ოთხშაბათი.
No comments:
Post a Comment