Sunday, June 14, 2020

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 65)

65.
- დაჯექი. - მშვიდი ხმით მიუგო ფიფომ.
ქირურგი გაოგნებული სახით ჩამოჯდა.
- ზოგჯერ ადამიანები, ისე ისჯებიან, რომ საერთოდაც ვერ ხვდებიან ამას. - დაასრულა ფიფომ მოყოლა. - მაგრამ მე, რატომ დავისაჯე? ხომ უნდა ვიცოდე? ან მიმიმ, რა დააშავა ამის ფასი?
ქირურგს სიტყვები არ ჰყოფნიდა. გაფითრებული იჯდა და მხოლოდ იმის თქმა მოახერხა, რომ თანხის დამატებაზე შეძლებისდაგვარად, თავის წვლილსაც შეიტანდა.
მიმის უკვე აღარ შეეძლო ყველაფერი ამის მოსმენა და ბავშვის ოთახში შეიკეტა. თუმცა იქ, იმხელა ხმაზე ბღაოდა, რომ ფიფომ შესძახა, ხომ გითხარი, ცოცხალ ბავშვს, ნუ დასტირიო. ქირურგი ახლა მიმისკენ წავიდა. კოხტად მოწყობილ, როგორც დიმეო ეძახდა ჩემი კაბინეტიო, ყველაზე თვალსაჩინო ადგილას ის ძველი, მისთვის უკვე კარგად ნაცნობი პიანინო იდგა, რომლის დანახვაზეც, ქირურგს გული შეეკუმშა.
„ნუთუ, პიპას ხელი ურევია?“
პირველად ეს გაიფიქრა, თუმცა მაშინვე უარყო. ნამდვილად არ მოექცეოდა ასე მიმის. გამორიცხული იყო და თუ მაინც ჩაიდენდა ამას, მაშინ სულ სხვანაირად შეეცდებოდა და...
- აქ მთელი სამყარო იყო და ახლა, არაფერია... - მიმის ტირილისაგან ჩახრინწულმა ხმამ, ფიქრი შეაწყვეტინა ქირურგს.
- თუ რამე შემიძლია, ხომ იცი? უკან არ დავიხევ!
- მეშინია... ძალიან მეშინია... - ტიროდა მიმი. - ფიფოსთან ვერც ვამბობ, რამდენად მეშინია... რა საშინლად სუსტი ვყოფილვარ, არადა თავი როგორი ძლიერი მეგონა. ტირილის მეტს, ვერაფერს ვაკეთებ. ფიფო კი როგორი ყოჩაღი აღმოჩნდა, როგორ მოთმინებით ცდილობს ბავშვის დაბრუნებას, ვერ წარმოიდგენ და თანაც, როგორ მედგრად დგას, შიშის ნატამალიც კი არა აქვს! პირიქით იმას ვცდილობ, რომ მართლა რამე არ დაუშავოს გამტაცებლებს, რომ მერე კიდევ, შური არ იძიონ! მე კი, მშიშარა ვარ! მშიშარა! საშინელი მხდალი და მშიშარა!
- ფიფოსაც ეშინია! - ქირურგი მიმის დამშვიდებას შეეცადა. - ნუ გგონია, რომ არ ეშინია, მაგრამ ზოგჯერ შიში, ისეთი ძლიერია, რომ ამ შიშის შედეგი, სისასტიკეშიც კი გადადის!
მიმიმ დამფრთხალი აცრემლებული თვალები შეანათა.
- ჰო, ზოგჯერ და არა, ყოველთვის! - დაასრულა ქირურგმა.
- ზოგჯერ! ზოგჯერ! ხანდახან! - თითქოს გამოჯავრებით გაიმეორა მიმიმ. - იმასაც კი ვფიქრობ, რომ იქნებ... მან მოაწყო ეს ყველაფერი, მაგრამ რატომ? მე, რას მერჩის? მე, რის გულისთვის მკლავს? თუ ფიფოს ერჩის?
- წამიერად მეც გამიელვა მაგ აზრმა, მაგრამ... - ქირურგი შეყოვნდა. - მიმი შენ მას, ჩემზე კარგად არ იცნობდი და...
- საკმარისად გავიცანი! - მკაცრი ხმით წარმოსთქვა მიმიმ.
- რაც არ უნდა ყოფილიყო ფიფოზე გულმოსული, გაბოროტებული, შვილის დედას, ასე არ მოგექცეოდა, დამიჯერე. ამის მაგალითი, ძანეს დედაა და იცი შენ, ეგ ამბები.
მიმიმ ამოიკვნესა.
- აი, ნახე! - განაგრძო ქირურგმა. - ჩაიხედე სარკეში! რა დღეში გაქვს სახე! თვალები! ნუთუ ფიქრობ, რომ ასეთ ზომამდე მიგიყვანდა? და პირადად შენ, რისთვის? რის გულისთვის?
- ჩემს სამყაროში შემოიჭრა! – თავი გააქნია მიმიმ. - მთელი ცხოვრება დამინგრია!
- სამყარო ერთია, ის არც ჩემია და არც შენია. ის ყველასია. - ამოიხვნეშა ქირურგმა.
- მიმი! შენი ტელეფონი რეკავს! - მისაღები ოთახიდან გაისმა ფიფოს ხმა.
მიმი ძლივს მილასლასდა. ტელეფონი გაბმულად რეკავდა, არ ჩერდებოდა.
- დედაჩემია. - წაიკვნესა მიმიმ და პასუხიც არ გასცა, ისე დადო მაგიდაზე. ტელეფონი კი კვლავ განაგრძობდა რეკვას.
სწორედ ამ დროს, ფიფოს მობილურიც აწკრიალდა.
- დედაჩემია. - ფიფომ მიმის გადახედა. არც ფიფო აპირებდა პასუხის გაცემას. ტელეფონები კი განუწყვეტლივ რეკავდნენ.
- იქნებ, გაიგეს ბავშვზე და... - ჩაერია ქირურგი.
- ეგღა გვაკლდა! - წამოიძახა ფიფომ.
- მართლაც, რა აიტანს ახლა მაგათ ვიშვიშს. - წაიკვნესა მიმიმ.
- თუ გინდათ, ჩამოვუვლი და სათითაოდ ავუხსნი. - დააიმედა ადვოკატმა.
- მეც შეგეშველებით. - ჩაურთო ქირურგმა.
- ძალიან რთულია იმის ახსნა, რომ ახლა, არავის ნახვა არ გვინდა! დანახვაც კი არ გვინდა! - ამოიხვნეშა ფიფომ.
- ნეტა, აქ არ მოვარდებოდნენ და... - მიმის სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კარზე საშინელი ხმაური ატყდა.
ქირურგი კარისკენ წავიდა და გაღებისთანავე ოთხივე ერთდროულად საშინელი გამაყრუებელი ყაყანითა და მოთქმა-გოდებით შემოცვივდნენ.
- რატომ დაგვიმალეთ, შვილო?!
- ეს რა გვჭირს?! რა?!
- ჩვენი პატარა, როგორ დაგვიღუპეს და ჩვენც როგორ დავიღუპეთ!
- სად არის, ჩემი ნაფერები ბიჭი?! სად?!
მიმიც მათთან ერთად ბღაოდა და ერთდროულად დასმულ უამრავ შეკითხვას, არც პასუხობდა.
- რამდენი მოითხოვეს? მითხარით! არ დამიმალოთ! - ცალკე მიმის მამიდა, ყველაზე მაღალ ხმაზე ჩხაოდა. - ყველაფერი დავუთმოთ! ნურაფერს დავიშურებთ! ჩვენი ბიჭი, შეუფასებელია! ყველაფერი წაიღონ! ყველაფერი!
ფიფო სავარძელში, ხელებში თავჩარგული იჯდა მოთმინებით იტანდა ამ შემოტევას. მშობლების ვიშვიშის განეიტრალებას კი, ადვოკატი და ქირურგი უშედეგოდ ცდილობდნენ.
მიმი სლუკუნებდა და სიტყვის თქმასაც არ აპირებდა. ფიფოს ყურები, ხელებით დაეხშო და ასე ცდილობდა ხმაურისგან დაეცვა თავი, თუმცა ჩანდა, რომ გიჟებივით შემოჭრილ ნათესავებს, ასე ადვილად ვერაფერი დააშოშმინებდა.
- გაჩუმდით! - ფიფო ფეხზე წამოიჭრა და ისეთი იღრიალა, რომ ლამის კედლებიც შეზანზარდა. - ხმა არ გავიგო! - ფიფო თვალებიდან, ცეცხლს აფრქვევდა და დუჟიც მოსდგომოდა პირზე. - ჩვენ თვითონ მივხედავთ!
- რას მიხედავთ? რას?! - იწივლა მამიდამ. - თურმე ამდენი ხანია ბავშვი დაკარგულია, და!
- არც იმდენად დიდი ხანია! - ახლა მიმიმ შეუტია. - და, ნუ ერევით! არავინ არ უნდა გაიგოს! არ უნდა გახმაურდეს, თორემ...
- რა თორემ? რა? - ერთდროულად ატირდა სიდედრიც და დედამთილიც.
- არ შეიძლება გამომზეურება. - ჩაერია ადვოკატი. - ამით ბავშვს, საფრთხეს შეუქმნით! ყველაფერი კონტროლის ქვეშ არის და მალე დავიბრუნებთ!
- მხოლოდ, ხმა არ უნდა გავიდეს აქედან! - ახლა ქირურგი შეეშველა. - არავინ არ უნდა გაიგოს და მორჩით მართლაც ტირილს. მშობლები მაინც შეიცოდეთ! თანაც ცოცხალ ბავშვს, ნუ დასტირით!
- აბა, რა ვქნათ? რა? - კვლავ ბღაოდნენ ქალები.
- უნდა ილოცოთ! - ადვოკატი კვლავ დამშვიდებას შეეცადა. - შობის ღამე დგება. გინდა სახლში და გინდა ტაძარში! - ადვოკატმა წამით იყუჩა და განაგრძო. - ფანჯარასთან სანთელი დადგით, ან კანდელი. ახლა სწორედ ის დროა, როცა ღვთისმშობელი დადის ქუჩებში და ღამის გასათევს ეძებს, სადაც ანთებულ სანთელს შეამჩნევს, იქ შევა, იმ ოჯახში დაივანებს და მოილოგინებს და სწორედ იქ გაჩნდება უფლის მადლი.
- ჰო! ჰო! - კვერი დაუკრა ფიფომ. - და ამიტომაც ყველანი სახლებში! ჩვენ, მარტო გვინდა დარჩენა!
- უცხოები, ხომ არ ვართ? - ისევ ერთდროულად აპროტესტებდნენ სიდედრ-დედამთილი. - ჩვენც აქ დავრჩებით!
- არა-მეთქი! - ისევ იღრიალა ფიფომ. - ყველანი სახლებში!
- ჩვენ ყველამ, ბავშვის გადასარჩენად უნდა ვიზრუნოთ! - ახლა ფიფოს შეეშველა ქირურგი. - ზოგმა საქმით! ზოგმა ლოცვით! - ქირურგმა ფიფოს და ადვოკატს გახედა ამყევითო.
- და ყველა, თავის სახლში! - კვლავ ხმას აუწია ფიფომ. - ზედმეტი ხალხი, არ დავინახო აქ!
- რა ვიცოდი, თუ ზედმეტი ვიყავი. - წყენით ამოიოხრა სიდედრმა.
- ნუთუ, ასე რთულია გვერდით დამიდგეთ?! - იწივლა მიმიმ. - მარტო გვინდა დარჩენა! მარტო!
- მამაჩემო! მოხვიე ქალებს ხელი და წადით ჩვენთან გაათიეთ ამაღამ! - რადგან ქალებს ვერაფერი გააგებინა ფიფო ახლა, მამამისს მიუბრუნდა, რომელიც ჯერ კიდევ ხმის ამოუღებლივ იდგა.
ქალები კვლავ უარზე დადგნენ, არც იქაურობის დატოვება სურდათ და არც ფიფოს წინადადება მოეწონათ.
- მამიდა დამეხმარე! - სასოწარკვეთილი მზერა მიაპყრო მიმიმ. იცოდა მულის სიტყვას, ყოველთვის დიდი გავლენა ჰქონდა რძალზე და იქნებ, ახლაც ემოქმედა.
მამიდა შეყოვნდა, თუმცა მალევე აუღო ალღო.
- ჩვენთან წავიდეთ! - გამოაცხადა მკაცრი ხმით. - სანთლები ხომ გვაქვს? და თუ არ გვაქვს, ახლა სად შეიძლება რომ ვიყიდოთ?
- ყველა ეკლესია ღიაა. - ჩაერია ადვოკატი. - მალე საშობაო ლიტურგია დაიწყება და ისე მეც უნდა დაგტოვოთ უკვე.
- რატომ უნდა იწვალოთ? ჩვენთან წავიდეთ. - ახლა ფიფოს დედამ გამოიდო თავი, სანთლებიც მაქვს და საკმეველიც, ღვეზელებიც დავაცხოთ ამაღამ და დილით ბავშვებს გამოვუტანოთ.
კიდევ რამდენჯერმე განმეორდა გადაპატიჟებ-გადმოპატიჟება. ფიფოს უკვე მოთმინების ფიალა ევსებოდა, ძლივს იკავებდა თავს, ისევ ბოლო ხმაზე რომ არ ეღრიალა მიმი შეეშველა.
- დედა! - მიმიმ მავედრებელი ხმით მიმართა. - ჩვენ გვინდა რომ თქვენ ოთხივენი, ამაღამ ერთად იყოთ! ერთად ილოცოთ და რა მნიშვნელობა აქვს, ვისი სახლი იქნება?
- ერთად იყავით! - ბრძანებასავით გასცა ფიფომ.
- წავედით ჩვენთან! - როგორც იქნა, ფიფოს მამას ხმის ამოღების საშუალება მიეცა და სულ ბუზღუნ-ბუზღუნითა და მოთქმით გაიყვანა აცრემლებული ქალები.
- როგორც იქნა. - ამოისუნთქა მიმიმ და დივანზე თავჩახრილი ჩამოჯდა.
- ჩემი წასვლის დროც არის. - წამოდგა ადვოკატი.
- მართლა ტაძარში ათევ ღამეს? - წაიწრიპინა მიმიმ.
- დილამდე! - გაუღიმა ადვოკატმა და ძალიან დაბალ ხმაზე, რაღაც უთხრა.
მიმიმ სევდანარევი ღიმილით დაუქნია თავი.
ფიფომ ყურები ცქვიტა. თუმცა, ვერც ვერაფერი გაიგო.
- მე ხომ არაფერში გჭირდებით? - იკითხა ქირურგმა.
- არა. არა. - მიუგო ფიფომ. - წადი, შენც დაისვენე და... და როცა გინდა, მოდი.
- თუ რამეა, არ მოგერიდოთ, ხომ იცი?
- მარტონი უფრო კარგად ვართ. - დააიმედა ფიფომ. - უფრო მშვიდად ვართ, თუმცა?..
როგორც იქნა, დარჩნენ მარტო. გარეთ თოვდა. მთელი სისწრაფით ცვიოდა ფიფქები, თუმცა სველ ასფალტზე თოვლი ჯერ კიდევ, ვერ იკიდებდა ფეხს. ფიფომ შეშა შემოიტანა და სანამ ჩამქრალ ბუხარს, კვლავ ააგიზგიზებდა, თვალი მიმისკენ ეჭირა. მიმი ფანჯარასთან იდგა, ფარდები ბოლომდე გადაეწია და რაღაცას აკეთებდა.
- ნეტა საკმეველიც ფანჯარასთან უნდა დავანთო? - ჩურჩულით იკითხა მიმიმ.
- რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა ფიფომ. - არამგონია. დედაჩემი, ხატებთან ანთებს სულ.
- ჰო, დედაჩემიც, მაგრამ ახლა?
- როგორც გინდა. ისე არა მგონია, ამით რამე დაშავდეს.
- ჩვენ ხატების კუთხეც კი არ გვაქვს. - შენიშნა მიმიმ.
- მერე გავაკეთოთ.
- ჰმ. ხატებიც კი არ გვაქვს.
- მე მაქვს, დედეჩემმა მიუჩინა ადგილი, ის რაც ნათლიამ მაჩუქა, სხვებმაც მაჩუქეს!
- მასე მეც მაქვს. - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - მეც და დიმეოსაც! იმდენჯერ გვაჩუქეს. წამოვიღოთ!
- წამოვიღოთ! - დაეთანხმა ფიფო.
- მაგრამ ადგილის შეცვლა, შეიძლება ნეტა?
- აზრზე არ ვარ.
- მოდი იყოს იქ, სადაც უკვე დაკიდეს და ჩვენ, ახალი ვიყიდოთ.
- ვიყიდოთ. - თავი დაუქნია ფიფომ.
- იცი, სად მოვაწყობ ხატების კუთხეს? - მიმიმ ჩაფიქრებული სახით მოავლო იქაურობას თვალი. - არა კუთხეს რატომ? პატარა ოთახს გამოვყოფ, იქ დივანსაც დავდგამ.
- საწოლ ოთახში რომ არ შეიძლება, ეგ ნამდვილად ვიცი. - ჩაურთო ფიფომ.
- არა, დასაძინებლად კი არა, ისე დავდგამ დივანს და უბრალოდ დაისვენებ, იფიქრებ, მშვიდად ილოცებ.
- ჰო, მასე შეიძლება. - კვლავ დაეთანხმა ფიფო. - ეგ, მართლა კარგი იქნება.
- იცი, რას ვიზამ? იქ რაღაც არ მომწონს ის კუთხე, რაღაც ყრუდ იმალება თითქოს, მინდა აქედან ამოვაშენო და ცოტა წინ გავიდეს ეს მხარე და ის კედელიც, ოთახში შევა. - მიმი ისე აჟიტირებული ჰყვებოდა სახლის ახალ რეკონსტრუქციას, რომ ფიფო ხმას არ იღებდა და ყველაფერზე, კვერს უკრავდა.
- შენც თქვი, რაღაც? - შეუტია მიმიმ. - ყველაფერზე კი მეთანხმები, მაგრამ იქნებ, არ ვარგა ასე?
- შენ უფრო გესმის. - თავი იმართლა ფიფომ. - რაც კი რამ გააკეთე, ყველაფერი შენი გემოვნებით არის და საკმაოდ კომფორტულია, ეს სახლიც შენი მოწყობილია და სრულიად გენდობი.
- ჰო. - მიმიმ შეიფერა. - მაშინ მოგვიწევს, ცოტა რემონტი.
- მხოლოდ, ახლა არა. - შუბლი შეკრა ფიფომ. - რემონტის ბახა-ბუხს ვერ ავიტან, ისედაც იმხელა ხმაური გადავიტანეთ წეღან. - ფიფოს ხმაში, ირონიამ გაჟონა.
- უჰ, აბაა. - კვერი დაუკრა მიმიმ. - ისედაც თავი მტკიოდა, ისე წიოდნენ ლამის ძარღვები დამისკდა. კიდევ კარგი, დროულად გავყარეთ. - მიმის ჩაეღიმა. - თორემ, აქ რომ ჩასახლებულიყვნენ...
- უი, რას ამბობ?! - შეიცხადა ფიფომ.
- როგორ დაფრთხნენ, შენ რომ იყვირე. - მიმის უკვე ეცინებოდა.
- სულ სათითაოდ გაიძურწნენ. - ახლა ფიფოსაც გაეცინა.
- იმათ შემყურე, მამაშენი ხმას ვერ იღებდა.
- და, ვინ აცლიდა? - ფიფოს ახლა უფრო გულიანად გაეცინა. - სიტყვაც ვეღარ ჩააკვეტა, ისე გაუჩერებლივ წიოდნენ.
მიმიც აჰყვა სიცილში და ორივე გიჟებივით ხარხარებდნენ. ძლივს იჯერეს გული და ბოლოს მიმის, ცრემლები გადმოსცვივდა.
- რა მაცინებს? რა?!
- ზოგჯერ, სტრესმაც იცის. - ამოიხვნეშა ფიფომ. - თორემ, განა მართლა, სასაცილოდ გვაქვს საქმე? ისტერიული სიცილი უფრო იყო, ვიდრე მხიარული. - ფიფომ ახლა, ფანჯარას გახედა. - ეს იმხელა სანთელია ალბათ, დილამდე არც დაიწვება.
- იყოს მერე. მაინც არ გვძინავს. - მიმი წამით შეყოვნდა. - ადვოკატმა მომიტანა. დილამდე ენთოსო. საკმეველიც მომცა და ნახშირიც, ხვალ შობის სანთლებსაც მოგიტანთო.
- ჰმ. - ჩაეღიმა ფიფოს. - ძალინ ყურადღებიანი ბიჭი კი არის ისე, თუმცა თავიდან, აქ რომ მომადგა, კინაღამ გავგლიჯე, ძლივს ვიკავებდი თავს.
- ჰოო? - გაიკვირვა მიმიმ. - მე კი თავიდანვე დადებითი ემოციით მივიღე. თან, ხელცარიელიც რომ არასდროს მოდის.
- ისე კი დავინახე, რაღაც გადახვეული, რომ შემოიტანა, უფრო დიდი რამ მეგონა და ეს სანთელი ყოფილა.
- ვაიმე! - მიმი წამოხტა.
- რა იყო? - შეშფოთებული ხმით იკითხა ფიფომ.
- საშობაო ღვეზელები მოიტანა, გამზადებული გამოსაცხობად.
- მერე გამოვაცხოთ, თუ გვიანია?
- გამოვაცხობ ახლავე. - მიმის ცოტა ხალისი მოემატა. - სამი დიდი ღვეზელია, ერთი დიმეოს სახელზეა და სულაც არ არის გვიანი, დედაჩემიც სულ გვიან აცხობდა.
- ჰო, დედაჩემიც. - თავი დაუქნია ფიფომ. - ბებიაჩემი, თორმეტს რომ გადასცდებოდა თავში და ბოლოში სანთლებს ჩაარჭობდა და ისე შემოიტანდა. ყველას, ჩვენ ჩვენი ღვეზელი გვქონდა.
- მაქვს პატარა სანთლებიც. - თავი დაუქნია მიმიმ.
- ჰოდა, გამოვაცხოთ! - ფიფო გაიზმორა. - ისე, კი მომშივდა ცოტა.
- ჯერ არ შეიძლება! თორმეტის მერე გავჭრათ!
- მოვითმენ, რაღა დარჩა.
- დიმეს სახელზე რომელიც იქნება, ის არ შევჭამოთ.
- კარგი მიმი, შენ რომელიც გინდა, ის შევჭამოთ. - დაეთანხმა ფიფომ.
- ნეტა მართლა, ჩემი ბიჭი, რას შვრება ახლა? - მიმი ნაღვლიანი სახით ჩამოჯდა. - ნეტა ვინმე, უცხობს ახლა ღვეზელს?
ფიფომ აღარაფერი უპასუხა, იმდენად იყო ფიქრებში გადართული.
„ნეტა, სად არის ახლა მართლა, ბავშვი?
ამდენი ხნით გატაცება, უკვე ძალიან საეჭვოდ მეჩვენება. არ მინდა საშინელება ვიფიქრო, ვერც ხმამაღლა ვამბობ, მიმის კიდევ გულის გახეთქვა უნდა? თუ ფულს დახარბდნენ და კიდევ უფრო მეტი თანხის შანსიც გამოუჩნდათ, მაშინ რაღატომ აღარ რეკავენ? რაშია საქმე? ნარკოტიკების უკან დაბრუნებაზეც ხომ თანახმა ვიყავი? ჰოდა, ახლა რაღა უნდათ? თუ ბავშვის დაბრუნებას, საერთოდაც არც აპირებდნენ? ეს იყო ჩაფიქრებული? და, რატომ? ძალიან პრიმიტიულად კი ჩანს ეს ყველაფერი და რაღაც, სულ სხვა თამაშს ჰგავს.“
- პრემიერთან უნდა შევიდე. - ხმამაღლა წარმოსთქვა ფიფომ.
- რაა? პრემიერთან, რატომ? შენ ფიქრობ, რომ დახმარებას შესძლებს? მაგრამ ხომ დავპირდით, რომ არ გავახმაურებდით? თუ, ისიც გარეულია? - ერთბაშად მიაყარა მიმიმ.
- არაფერს ვფიქრობ. - თავი გააქნია ფიფომ. - უფრო სწორად, ვერაფერს! სახეში კარგად ჩავაშტერდები, თვალებში ჩავხედავ და მაშინვე მივხვდები, გარეულია თუ არა, აი მაშინ უკვე მეცოდინება, თუ როგორ უნდა წავიყვანო საუბარი.
- ახლა ალბათ, არც მიგიღებს. - ამოიხვნეშა მიმიმ.
- ახლა არა, რა თქმა უნდა, თუმცა უკვე, ორჯერ ვცადე.
- და, არ მიგიღო?! - მიმი წამოენთო.
- ვერ მიმიღო. - მშვიდი ხმით უპასუხა ფიფომ. - ან, არ მიმიღო.
- და აბა, როგორ შეხვალ?
- ჩვეულებრივად! არც წინასწარ შევუთანხმდები და არც არავის გავაფრთხილებ. დავადებ თავს და შევალ! მდივანს ვეტყვი, საიდუმლო საქმეზე ვარ დაბარებულიო და სანამ ხმას ამოიღებს, მე უკვე მის კაბინეტში ვიქნები.
- ჰოო. ეგ კი გამოვა.
- არ ვიცი, როგორ გამოვა და თუ ეს ვერ მოვახერხე, მაშინ მის სახლში უნდა შევაღწიო, როგორმე. კიდევ უნდა ვცადო.
- სახლში სტუმრობაც, უკვე სცადე? - გაიკვირვა მიმიმ.
- სახლშიც და სამსახურშიც! და არ მიმიღო, ახლოსაც კი არ გამიკარა!
- თუ არ მიგიღო, ახლოს როგორღა გაგიკარებდა? - ჩაეცინა მიმის.
- ტელეფონზეც კი არ მიპასუხა! თუნდაც, მომავალი შეხვედრისთვის მაინც დაეთქვა დრო. არანაირად არ მიმიკარა! და ეს უკვე, ძალიან არ მომწონს! - ხმას აუწია ფიფომ.
- მეც სულ მაგას ვფიქრობ.
- აბა, რას ფიქრობ, მიმი? - ცალყბად ჩაეღიმა ფიფოს.
- ამხელა პარტია ნარკოტიკების, ასე თავისუფლად შემოტანას, გაბედვა სულაც არ უნდა. მთავარია, საიმედო მფარველი გყავდეს და თანაც, იმ ბორდელის ძირითადი სტუმრები ხომ, უბრალო ხალხი, სულაც არ იყო?
- ამიტომაც არ მიკარებს ახლოს. - ამოიხვნეშა ფიფომ. - ან ხელს აფარებს და ტყუილად, არავის დააფარებს, თუ თავადაც არა აქვს ნაჭამი, დიდი კოვზით!
- და ეგ ყველაფერი, ბიჟუს ეცოდინება და თანაც, დეტალებში. - დაუმატა მიმიმ.
მიმის სიტყვებზე, ფიფო შეცბა და ეჭვიანად გადმოხედა. ფიფო ხომ ისედაც დარწმუნებული იყო, ბიჟუმ ბევრად მეტი იცოდა და არც ხმის ამომღები იყო, თუმცა მიმის სულ არწმუნებდა, ბიჟუმ აღარაფერი იცისო, მაგრამ ახლა მიმიმ, ზუსტად და სწორად განსაზღვრა და დამალვასაც, აზრი აღარ ჰქონდა.
- სწორედ მაგის გამო არ მინდა, რომ ბიჟუსთან იარო და მოინახულო, არც ხშირად და არც, იშვიათად!
- შენ, რაღაც გაქვს ჩაფიქრებული და არ მეუბნები? - იწყინა მიმიმ. - და, რატო?
- ჯერ, ვერაფერი მოვიფიქრე და მაგიტომ. - ფიფო მიმის დამშვიდებას შეეცადა, თუმცა ზედმეტ ახსნას, სულაც არ აპირებდა. - მიმი, კარგი, რაა? ეგ ხომ, ისედაც მითქვამს და თანაც, არა ერთხელ, რომ იმ ჩათლახმა ქალმა, ყველაფერი იცის!
- მერე, რატომ არაფერი მითხრა?! - მიმი წამოენთო. - ჩემს შვილზე, რატომ არაფერი თქვა?!
- დეტალები, შესაძლებელია, სულაც არც კი იცოდეს და ალბათ, არც ჩათვალეს საჭიროდ, რომ მასაც სცოდნოდა, მაგრამ მაგან ისეთი რამ იცის, და იმდენი რამ იცის... - ფიფომ ხელი ჩაიქნია. - დავიღალე უკვე. წინ არ მივდივართ, ერთი და იმავე წრეზე ვტრიალებთ გარშემო და ყველაფერი კი, იმ წრის შიგნით ხდება.
- და ის წრე, უნდა დაიშალოს?
- ჰო!
- და იმ წრის ერთი ნაწილი კი, დიმეო... - მიმის ხმაში სასოწარკვეთილება გაისმა.
- სწორედაც, რომ ერთი ნაწილია და აი სწორედაც, რომ მწარედ ვანანებ, ისეთს ჩავუტარებ ჯერ წარმოდგენაც კი არ მინდა! გაფიქრებაც კი მზარავს!
- შურის ძიება, არ გვინდა რააა. - წაიკვნესა მიმიმ.
- მაშინ, ვაპატიოთ ყველას ყველაფერი და აღარც სასამართლო იქნება და აღარც განაჩენი!
- ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ შურს, არ ვიძიებდით? შენ, კი?
- არა, მიმი! - მტკიცედ წარმოსთქვა ფიფომ. - ეგ შენ დაპირდი, ყველას და ყველაფერს! მე, შენი აზრი მოგიწონე, მაგრამ მეც მაქვს ჩემი! დამაცადე, ჯერ შვილი დავიბრუნოთ და ნუ გეშინია, იმ წუთასვე კი არ დავეცემი თავს, მაგრამ არ შევარჩენ! გამორიცხულია, რომ ვაპატიო ან რომელიმე დავინდო! და საკუთარ გულში ჩაიხედე, ხომ არც შენ არ გინდა აპატიო?!
LEX. 2020 წლის 14 ივნისი, კვირა.

No comments:

Post a Comment