Tuesday, May 12, 2020

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 58)

58.
- რეებს მაბრალებ! - აწივლდა ბიჟუ და თუ ადრე მოწიწებით მიმართავდა, ახლა კი პირიქით, სულაც აღარ ადარდებდა მისი პატივისიცემა. - შენ მართლა, ხომ არ გაგიფრენია?! ისედაც ამბობენ შენზე, ვერ არის თავის ჭკუაზეო!
ფიფომ გაკვირვებისგან, თვალები დაჭყიტა.
- რა ბავშვის მოტაცებას, მტენი?! - წიოდა ბიჟუ. - რომელი მოვიტაცე? პირიქით! ქუჩაში უპატრონოდ მიგდებული, მშიერი და დატილიანებული ბაშვები შევიფარე! დავბანე! დავვარცხნე! ვაჭა...
- მორჩი! - დაიღრიალა ფიფომ და ისე ძლიერად დაჰკრა მუშტი მაგიდას, რომ ყავის ორივე ფინჯანი, თავისივე ლამბაქებზე აწკრიალდა.
ბიჟუ ადგილზე შეხტა. ასეთ ძლიერ რისხვას, ნამდვილად არ მოელოდა, როცა სულ რამდენიმე წუთის წინ, თითქოს და გამონახეს კიდეც საერთო ენა. ახლა კი ფიფოს, ის მაგიდაზე მუშტის დაკვრაც აღარ ეყო და ერთი ხელის მოსმით, აწკრიალებული ჭიქები თავის ლამბაქებიანად ძირს გადაუშვა და სანამ ბიჟუ, მომდევნო გაოცებას გამოხატავდა, თმებში სწვდა, წინ გადმოსწია და სახით ლამის, მაგიდას დაასრისა.
- ყველაფერს დააბრუნებ! - ბოლო ხმაზე ღრიალებდა ფიფო. - ბავშვის, ერთი განაკაწრითაც კი საკუთარი სიცოცხლით აგებ პასუხს!
ფიფოს ღრიალზე შემოვარდნილმა დეტექტივმა, ბადრაგმა და ბრალდებულის ადვოკატმა ძლივს გამოგლიჯეს ხელიდან აწივლებული ქალი.
- ფიფო! ფიფო! მე შემომხედე! - გალეო მაჯებში ჩააფრინდა ფიფოს და მთელი ხმით უყვიროდა. - მე შემომხედე! მე მიყურე!
ფიფომ დაკავებულს, ხელი უშვა და გალეოს მორჩილად დაჰყვა ოთახიდან გასვლაში.
ბიჟუ მთელი ხმით გაჰკიოდა, ამას ასე არ დავტოვებ, არ შეგარჩენო. ადვოკატი ამშვიდებდა და ისიც იმუქრებოდა, აუცილებლად გიჩივლებთო.
- მე ჯერ არ დამიმთავრებია ჩემს კლიენტთან! - ისევ აპროტესტებდა დაკავებულის ადვოკატი, როცა მორიგე პოლიციელმა, კვლავ იქაურობის დატოვება ახლა უკვე, უფრო მკაცრად მოითხოვა. - აქ უნდა ვიყო!
- იყავი, მერე! - მიუგო გალეომ და შეეცადა ფიფო, რაც შეიძლება წინ გაეშვა, რომ უკან ვეღარ მოეხედა.
- ახლა არ დამიწყო, ჭკუის დარიგებები! - მაშინვე მიახალა ფიფომ, როგორც კი გალეოს კაბინეტში დაბრუდნენ.
- არც კი ვიცი, რა უნდა გითხრა, ან როგორ გაგამტყუნო. - უპასუხა გალეომ. - თუმცა, შენც ხომ კარგად იცი, რომ ამ ამბავს, რაც მოჰყვება?
- ფეხებზე მკიდია! - თავი გააქნია ფიფომ.
- თავის ადვოკატიანად იმუქრებოდა, ამას ასე არ დავტოვებო!
- ფეხებს ვერ მომჭამენ! - ხმას აუწია ფიფომ. - რა?! თანამდებობას დამატოვებინებენ? მკიდია! თუნდაც, დამიჭირონ! ყველაფერი ფეხებზე მკიდია, ყველაფერი! გესმის?!
გალეო გაიტრუნა. ან რა უნდა ეთქვა, ან რით უნდა ენუგეშებინა. მერე იქვე, კაბინეტში მდგარი პატარა მაცივარი გამოიღო და ფიფოს მინერალური წყალი შესთავაზა.
- ცივია, გინდა?
- ჰო! - ფიფოს, ხელებში ჩარგული თავი, არც აუწევია, ისე უპასუხა.
მოულოდნელად, ფიფოს ტელეფონი აწკრიალდა. მიმი რეკავდა. ფიფომ კვლავ არ უპასუხა. კიდევ რამდენიმე ზარი განმეორდა და რადგან ფიფომ, კიდევ არ უპასუხა, ახლა გალეოს ნომერზე შეეცადა მიმი დაკავშირებოდა.
- გისმენ მიმი. - უპასუხა დეტექტივმა და ფიფოს გადმოხედა.
ფიფომ უარის ნიშნად, თავი გააქნია.
- ტოლმა რამდენ ხანში დაადგა? - გალეომ კვლავ ფიფოს გადახედა, ფიფომ კი ხელი ჩაიქნია. - ალბათ, ასე ორ საათში, რომ მზად იყოს... ფიფო? - განაგრძობდა გალეო მიმისთან საუბარს. - დაკითხვაზეა და ამოვა მალე. გინდოდა რამე?.. კარგი... კარგი. როგორც კი შემოვა, მაშინვე გადავცემ. - მობილური გათიშა და ფიფოს მიაშტერდა. - სასწრაფოდ დამირეკოსო.
- და შენ რატომ არ გითხრა? ან რა არის ასეთი სასწრაფო?
პასუხად გალეომ, მხრები აიჩეჩა.
ფიფო უკმაყოფილოდ დასწვდა მობილურს. მიმიმ მაშინვე გააგონა.
- რა სუნამო? - ჩასძახა ფიფომ ცოტა არ იყოს გულმოსული ხმით. - მესიჯს კი გადავხედე, მაგრამ ვერაფერი გავიგე. - რაა? - ახლა უფრო ხმამაღლა ჩასძახა ფიფომ და გაოგნებული სახით გათიშა ტელეფონი.
გალეო თვალებდაჭყეტილი მიაჩერდა და ელოდა, როდის ამოიღებდა ფიფო ხმას.
- მიმიმ იცნო, გამომძალველი. - წაილუღლუღა ფიფომ. - დარწმუნებით ასახელებს...
- რაა?! - გალეო ადგილიდან წამოხტა. - კიდევ დაუკავშირდნენ? და, რა უთხრეს?
ფიფომ ხმა არ გასცა.
- ფიფო! რას გაჩუმებულხარ? მითხარი!
- რა გითხრა? - თავი გააქნია ფიფომ. - მიმიმ ვიცანიო. - ფიფომ ჭიქა გამოცალა. ცხელ გულზე, ცივი მინერალური ესიამოვნა. - სიამოვნებით დავლევდი ახლა რამეს.
- დაგისხა კიდევ? - გალეომ ბოთლი წამოსწია.
- არა. არა! - ამოხვნეშა ფიფომ. - რამე უფრო ძლიერს და მაგარს! იქნებ, ცოტა ხნით მაინც გამითიშოს ტვინი!
- ამოვიტანო? - ისე ორჭოფულად იკითხა გალეომ, რომ აშკარად ჩანდა, არც დალევა უნდოდა და მით უმეტეს ახლა, ამ კაბინეტში და ასეთ სიტუაციაში, როცა შესაძლოა ფიფოს უკვე, სერიოზული პრობლემები შეჰქმნოდა დაკავებულის ცემის ფაქტზე.
- ნეტა მართლა მშველოდეს. - ამოიხვნეშა ფიფომ. - რაც მე ეს დღეები ვსვამ და საერთოდ არც მეკიდება.
- და მიმიმ, როგორ იცნო? - კითხვას დაუბრუნდა დეტექტივი. - აბა ჩაფხუტიო, მოტოციკლეტიო? იქნებ, სულაც არ იყო მოტოციკლეტი?
ფიფომ არაფერი უპასუხა, გალეომ კი განაგრძო:
- ისე, არც იმ გზაზე და არც სადაც კი რაიმე კამერები იდგა იმ პერიოდში არანაირი მოტოციკლეტი არ დაფიქსირებულა, ამიტომაც ვივარაუდეთ, რომ ქვემოდან წრეს დაარტყამდა და ასევე წრიული სვლით გაუჩინარდებოდა. მერე კი, სწორედ იმ ადგილიდან, რამდენიმე კილომეტრში აღმოვაჩინეთ დამწვარი და განადგურებული. ნუთუ, ეს მხოლოდ და მხოლოდ, დამთხვევა იყო და მეტი, არაფერი? და მიმიმ მაინც, რანაირად იცნო და...
- ჰო, კარგი! - შეაწყვეტინა ფიფომ აქაქანებულ დეტექტივს. - გავალ მე! - ფიფო წამოდგა, გალეოც წამოიწია, მაგრამ ფიფომ შეაჩერა. - შენ იყავი, ცოტა ხანს შეხედე, რა იქნება და მერე, ჩემთან წადი.
- შენ, სად მიდიხარ? არ გინდა, წამოგყვე?
- სამინისტროში შევივლი და მოვალ მალე. - ფიფო წამით შეჩერდა. - ალბათ, ერთ საათში! ან ორში!
- ორ საათში, შენთან ვარ! - თავი დაუქნია გალეომ.
ფიფოს ცოტა ხნით, განმარტოება უნდოდა და ამას ახლა, მხოლოდ საკუთარ კაბინეტში თუ მოახერხებდა და გალეოსგან თავის დასახსნელადაც, სამინისტრო მოიმიზეზა.
ფიფოს წაშლილ სახეს, მდივანი გაკვირვებით შეხვდა.
- შენ, რას აკეთებ აქ? - ფიფომ ამღვრეული თვალები შეანათა.
- მმმ... - მდივანი დაიბნა.
- წადი სახლში, ახალი წელი მოდის! - თითქოს, ბრძანებასავით გასცა ფიფომ.
- დიახ, გმადლობთ. - დაბნეული ხმით უპასუხა მდივანმა. - ცუდად ხომ არ ხართ? - დააწია უკვე კარებში შესულ უფროსს.
ფიფო შეჩერდა და წესიერად არც მობრუნებულა ისე უპასუხა:
- ბახუსიდან, ბახუსამდე გადავდივარ და აბა, როგორ ვიქნები?
- ცივი ბორჯომი მაცივარშია! ნაბეღლავიც! - მდივანი წამით შეყოვნდა. - ახლავე ყავასაც მოგიმზადებთ!
- კორესპონდენცია არის რამე? - ფიფომ როგორც იქნა, შეაღო კაბინეტის კარი.
- თქვენს მაგიდაზეა! - თავი დაუქნია მდივანმა. - ყავას ახლავე მოგართმევთ.
- არ მინდა! - ფიფომ ამოიხვნეშა. - წადი სახლში და ბედნიერად გაატარე ახალი წელი!
- გმადლობთ, თქვენც ასევე მრავალს დაესწარით, სულ სიხარული და ბედნიერება....
- ზეგამდე, თავისუფალი ხარ! - შეაწყვეტინა ფიფომ და კარი, ცხვირწინ მიუჯახუნა.
ფიფომ მაგიდას გადახედა. კონვერტებსაც შეავლო თვალი. არაფერი საინტერესო. ისიც კი გაივლო გულში, იქნებ ბავშვზე, ჩემთან მაინც დატოვეს რამეო, მაგრამ არც არაფერი იყო მსგავსი. უჯრებიც მოათვალიერა, იქნებ რამე გამომრჩა და ადრევე დატოვესო, მაგრამ ამაოდ. არაფერი იყო. სავარძელში გადაწვა, ფეხები მაგიდაზე შემოსდო და სიგარეტის კვამლში გახვეული, ფიქრებს მიეცა და მალე უკვე ფიქრიც აღარ ჰქონდა. ვისთვის უნდა მიემართა? ან როდისღა მოასწრო ბიჟუმ, ასე უცებ, ინფორმაციის გადაცემა? როგორც კი ნარკოტიკების ანალიზის დასკვნა ბიჟუს ცხვირწინ აუფრიალეს, მეორე დილიდანვე ბავშვი გაიტაცეს.
„ასეთი, რა გავლენა აქვს, მაგ ნაბოზარ ქალს, რომ უმოკლეს დროში, ასე სწორად და ზუსტად გათვლილად გაეტაცებინათ ჩემი ბიჭი?“
ფიფომ სიმწრისგან მაგიდას მუშტი დაჰკრა. ბოლო ღერიც უკვე ნამწვავებისგან გადავსებულ საფერფლეში ჩასრისა და წასასვლელად მოემზადა.
- ჰო! სწორედაც რომ გავლენა! - ბურტყუნებდა თავისთვის. - დიახაც, გავლენა და არა იმ წანკლა ქალის! ვისია, ეს გავლენა? ვინ არის? ამაშია საქმე!
ყოველთვის დარწმუნებული იყო, მარტო ეს ქალი არ იქნებოდა ამ საქმეში გარეული და ვერც ამხელა პარტია ნარკოტიკების შემოიტანდა, საკმაოდ გავლენიანი მფარველების გარეშე, მაგრამ ბავშვის გატაცებამ, სულ აურია თავგზა და იმ პირვანდელმა ვერსიამ, ისევ იჩინა თავი.
კარი ნათლიდედამ გაუღო. ფიფო წესიერად არც მისალმებია, ისე შეაბიჯა სახლში და გეზი, ნათლიის კაბინეტისკენ აიღო. უხეშად შეაღო კარი, ზედაც არ შეუხედავს მასპინძლისთვის ისე გადმოიღო კონიაკი, სავარძელში დაეშვა, ბოთლს თავი მოხსნა და მოიყუდა. ამოაქარვა, პირი სახელოთი მოიწმინდა. ნათლია გაშტერებული შეჰყურებდა. ფიფოს ახასიათებდა ხოლმე ხანდახან უხეშობა, მაგრამ ასეთი სიტუტუცე, არასდროს გამოუმჟღავნებია. ახლა კი, უტაქტობის ზღვარს გადასული, ბოროტად მოელვარე თვალებით შეჰყურებდა მასპინძელს.
ერთი კი დააპირა ნათლიამ, რბილად ეკითხა, ასეთი რა გაგჭირვებიაო, მაგრამ ფიფოს გამგელებულმა თვალებმა, უფრო მეტად ჩააგდო საგონებელში და ხმის ამოღებაც ვეღარ შეჰბედა.
- როცა გრძნობ, რომ სისხლი, ადუღებული წყალივით გიდუღს, ქვაბიდან მდუღარე გადმოდის, მაგრამ ცეცხლს ვერ უკლებ! - კბილებში გამოსცრა ფიფომ.
ნათლიამ ამოიხვნეშა, სათვალე მოიხსნა და სავარძლის ზურგს მიეყრდნო.
- მომისმინე ფიფო. - დაიწყო ნათლიამ. - ძალიან კარგად ვიცი, რაც გაწუხებს და როგორი პროფესიონალიზმით იცი მიდგომა, ნებისმიერი საქმისადმი, მაგრამ ხშირად, ზედმეტებიც მოგდის!
- ახ! ზედმეტებიც მომდის, არა? - მწარედ ჩაეცინა ფიფოს და ბოთლიდან კიდევ, რამდენიმე ყლუპი მოსვა.
- იცი. - განაგრძო ნათლიამ. - შენ რომ ბევრად ადრე დაბადებულიყავი, ნამდვილი რევოლუციონერი იქნებოდი! ჰო, მართლა! ან თუნდაც, საუკუნეების წინ, შენი ასეთი თავდადებისათვის, დღეს შესაძლოა, წმინდანადაც კი შერაცხულიყავი!
ფიფომ არაფერი უპასუხა. კვლავ ბოროტად უელავდა თვალები.
- თუ შეაკვდები, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ შენი რწმენა, ჭეშმარიტების ღაღადი იყო! - ნათლია ისევ ფიფო დაშოშმინებას შეეცადა. - იცი, რომ არასწორმა რწმენამ, არასწორი გზის გაკვალვა იცის და ყოველთვის არ არის საჭირო, იმდენად გწამდეს, რომ თავიც შეაკლა, სიცოცხლეც დასთმო! ხანდახან, კომპრომისებზე წასვლაც საჭიროა. 
ბოლო წინადადება, ნათლიამ უფრო დაბალი ხმით დაასრულა, რასაც ფიფოს, უფრო მეტად გაშმაგება მოჰყვა. ვისკის ბოთლი, წიგნების კარადას შეალეწა და სავარძლიდან წამოფრენისთანავე, ნათლიას საყელოში ეცა, მთელი ძალით მოქაჩა, საწერ მაგიდაზე გადმოათრია და ყურში, დაბალი ხმით ჩასძახა:
- რა გარიგებას მთხოვ, შე არაკაცო? ჩემი შვილის ხარჯზე მოგინდა, კომპრომისებზე წასვლა?
- ფიფო... ფიფო... - ღმუოდა ნათლია და ფიფოს მარწუხებიდან, გათავისუფლებას ცდილობდა.
- ნუთუ, მილიონ ევროზე, იმდენად მეტი ღირდა ეგ შენი კოკაინი, რომ ჩემი შვილის სიცოცხლეც არ ეყო?! - ბოლო ხმაზე ღრიალებდა ფიფო.
- ფიფო, რას ამბობ?! რაასსს?! – აღმუვლდა ნათლია. - ბავშვს, რა დაემართა? სად არის?!
- სად არის? - კითხვითვე გაუმეორა ფიფომ და ხელი უშვა. - ეგ რომ ვიცოდე, აქამდე ჩემივე ხელებით მოგაგლეჯდი კისრიდან თავს!
ნათლიას ხველა აუტყდა ძლივს ლუღლუღებდა, ბავშვზე არაფერი ვიციო.
- რა თქმა უნდა! - უყვიროდა ფიფო. - შენ ხომ ყოველთვის სუფთად გინდა გამოძრომა, მაგრამ ამჯერად, ვის ხარჯზე?! ჩემი შვილის ხარჯზე?! დამიბრუნე ბავშვი! შვილი დამიბრუნე!
- რას ამბობ, ფიფო? რას?! სად არის ფიფო, ჩვენი ბიჭი? სად? - ტირილით შემოვარდა ნათლიის მეუღლე. - ბავშვი, სად წაიყვანეთ?! სად გადამალეთ, თქვე ნაძირლებო! - ახლა მეუღლეს მივარდა.
- არაფერი ვიცი! - ყმუოდა კაცი. - ბავშვს, რა მოუვიდა? ფიფო გამაგებინე, წესიერად ამიხსენი, რა ხდება?!
- რა ვერ გაიგე?! - შეუღრინა ფიფომ. - ბავშვის სიცოცხლით გინდათ...
- ბავშვს, რა დაემართა?! - აღრიალდა ქალი. - ნაძირლებო! მკვლელებო! მკვლელებო! - ჯერ მუშტები დაუშინა ქმარს და მერე ლამის თვალები ამოკორტნა. - გაეთრიე აქედან! ახლავე თავიდან მომწყდი!
თავად გაშმაგებული ფიფო, ახლა აქეთ აწყნარებდა ნათლიდედას.
- გაეთრიოს! თვალად არ დამენახოს! - ბღაოდა ქალი. - მშიშარა ნაძირალა! ყველაფერი ჩემს სახელზეა აქვს გაფორმებული, შიშისგან რომ არ ჩასვრილიყო, ასე მალავდა ბოროტმოქმედებით მოხვეჭილ ქონებას, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, თუ ბავშვს შეეხებოდა და თანაც, ვის? ჩვენს პატარას?! - როგორც იქნა, მოშორდა ქმარს და ახლა, ფიფოს ჩაეკრა გულში. - შვილი არ გამაჩენინა, დღეს არა, ხვალ არაო! მერე კი მტრების მეშინიაო და აი, თურმე და რატომ, მაგრამ ჩვენი პატარა, ჩვენი პაწუა ბიჭი, როგორ გაიმეტე?! როგორ? შენ ნაძირალა! შე არაკაცო!
- იქნებ, მეც მომისმინოთ! - როგორც იქნა, ნათლიამაც ამოიღო ხმა და ცოლისგან დაკაწრული დასისხლიანებული სახე, ჩამოიწმინდა. - ფიფო! ფიფო, მე არაფერი ვიცი, ბავშვზე არაფერი გამიგია, ღმერთს ვფიცავარ, ფიფო! არაფერი...
- ღმერთის ფიცი, სად გაგონილა? - ცინიკური ხმით მიუგო ფიფომ.
- აბა, ვინ დავიფიცო მითხარი? რომელ ხატზე დავიფიცო?
- სადაც გინდა, იქ ილოცე შენი დამპალი სულისთვის! - ფიფოს მაგივრად უპასუხა ცოლმა და თავში წაიშინა ხელები. - ეს რა დღე გამითენე ღმერთო, რა დღეში ვარ! გაეთრიოს ახლავე! - ტიროდა ქალი. - ახლავე!.. ახლავე!..
- ფიფოო... - ღმუოდა ნათლია. - მართლა არაფერი ვიცი, ბავშვს რა დაემართა? რა?..
- არ ვიცი... - ამოიხვნეშა ფიფომ. - არაფერი ვიცი... გაიტაცეს... მომტაცეს... ჩემი ბიჭი მომტაცეს! დღისით, მზისით ბავშვი, ცხვირწინ აგვაცალეს!
- მითხარი, როგორ დაგეხმარო? - კვლავ ღმუოდა ნათლია. - მითხარი, როგორ გიშველო? გამოსასყიდი უნდათ? მთელი ჩემი ქონება, შენს განკარგულებაშია!
- შენი აქ არაფერი არ არის! - მკაცრად შეუტია ცოლმა. - ჩვენი პატარასთვის კი, არაფერს დავიშურებ! ფიფო, რამდენი მოითხოვეს? ვისესხებ კიდევაც, შენ ფულზე, არ იდარდო.
- არა! არა! არა! - ფიფომ სიმწრისგან პერანგის საყელო მოიქაჩა. - ვერაფერი გავიგე! ვერაფერი!
- არაფერი ვიცი! ყველაფერს გეფიცები, არაფერი ვიცი. - ნათლიას მიტკლისფერი ედო, მძიმედ ხვნეშოდა, გულზე ხელი იტაცა, ძლივს გადადგა ნაბიჯი რომ საწერ მაგიდაზე ჩამომჯდარიყო.
- მგონი, შეტევა აქვს. - ფიფომ დიასახლისს გახედა.
- მაგას გაუწყალდეს, ის ბოროტი გული, ჩვენი ბავშვი როგორ გაიმეტა! - მიაწყევლა ქალმა.
- აქვე მიწა გამისკდეს, თუ ბავშვზე რამე ვიცოდე. - ამოიხვნეშა ნათლიამ. - წყალი მაინც მომაწოდეთ...
- მართლა გაგისკდეს მიწა. - ჩაიბურტყუნა ქალმა და ოთახიდან გავიდა.
- ფიფო, მართლა არაფერ შუაში ვარ...
- ჰო, კარგი! გავიგე, მაგრამ დაუჯერებელია, რომ შენ, საერთოდ არაფერი იცოდი!
- იმ საქმეზე ამბობ, თუ? - ნათლიამ წამალი ჩამოართვა, ავად მოელვარე თვალებიან მეუღლეს. - წყალიც მოგეწოდებინა ბარეღამ.
- წყალი არ უნდა ამას! - შეუტია ქალმა. - ენის ქვეშ ჩაიდე. - ფიფო, კარგად ამიხსენი რა ხდება, თორემ გამისკდება მართლა, ეს გული. - ქალი იქვე ჩამოჯდა, მეორე აბი თავად ჩაიგდო პირში და თავზე ხელები შემოიჭდო.
ფიფო მზად იყო ყველაფერი დაწვრილებით მოეყოლა, მაგრამ შეწუხებულ ქალს გახედა, რომელიც ჯერ კიდევ ვიშვიშებდა და მოსთქვამდა.
- წადი წამოწექი, არ არის ეს, ქალების საქმე! - მკაცრი, მაგრამ რბილი ხმით მიმართა ცოლს.
- ხო, გეტყობა საქმეზე, როგორიც გამოდექი. რა ფასი აქვს შენს კაცობას? ბავშვი ცხვირწინ, ისე აგაცალეს, რომ სულშიც ჩაგაფურთხეს!
- მართლა წადი, დაისვენე. - ახლა ფიფომ მიმართა - ჩვენი მისახედია და მივხედავთ.
ქალმა ჯერ, უნდობლად შეხედა, თუმცა მალევე მიხვდა, ფიფოს მარტო უნდოდა ნათლიასთან ერთად დარჩენილიყო და ლასლასით დატოვა ოთახი.
- ახლა მაინც წესიერად ამიხსენი, რა ხდება? - ნათლია დივანზე მიწვა და კვლავ გულზე ეკიდა ხელი.
- წყალი გინდა?
- არა. - ნათლიამ კარს გახედა. - ცოტა კონიაკი დამისხი.
ფიფომ ჭიქებში ჩამოასხა და იქვე სავარძელში ჩამოჯდა.
- არც თუ ისე დიდი ხნის, წინ კაზინო ბორდელს რომ დავეცით თავს, ეგ ხომ იცი?
- ჰო. - ამოიხვნეშა ნათლიამ. - ეჰ კი ვიცი, მაგრამ ბავშვი ბიჭო, ბავშვი, რა შუაშია? - ცრემლი მოადგა ნათლიას.
- მეც მაგას გეკითხები! - შეუტია ფიფომ. - ნუთუ, შენ არაფერი იცი? არც არავის დაუწუწუნია?
ნათლიამ თვალი აარიდა. მშვენივრად კარგად ახსოვდა, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, როგორ შემოუთვალეს, გააჩერე ეგ შენი ფიფოო, მაგრამ აბა რას წარმოიდგენდა, თუ პატარა ბავშვს შეეხებოდნენ. თვალი კი აარიდა ფიფოს, მაგრამ სახეზეც მშვენივრად შეეტყო.
- ესე იგი, დამემუქრნენ? - ჩაეკითხა ფიფო. - და, რატომ არ მითხარი?
- რას წარმოვიდგენდი, თუ...
- რატომ არაფერი თქვი?! - შეუტია ფიფომ.
- ასე ღიად... - ნათლიამ ამოიხვნეშა. - მხოლოდ ის მოვიდა ჩემს ყურამდე, რომ ძალიან აქტიურობდი, ზედმეტადაც და...
- იტყუები! - მიახალა ფიფომ. - იტყუები! არაფერსაც არ ვაქტიურობდი! მაგ საქმეში, საერთოდაც არ ვჩანდი! - ფიფო შეყოვნდა. - მხოლოდ შემოსული თხოვნა დავაკმაყოფილე ქაღალდზე ბეჭდით, რომ უფლება მივეცი, არალეგალური კაზინო და პედოფილების ბორდელი დაეხურათ!
- რაა? - გაიკვირვა ნათლიამ. - რა პედოფილების ბორდელი? ბავშვები?
- ჰო, კოკაინით გაბრუებულ არასრულწლოვან ბავშვებს ამუშავებდნენ! იმედია, შენც არ ყოფილხარ მაგათი კლიენტი.
- რას ამბობ, ფიფო?!
- და იმ ნარკოტიკებსაც იქვე, იმ თავისავე ნამუშევრით ყიდულობდნენ!
- მერე? ამის გამო, გაიტაცეს ბავშვი? - ნათლიამ ფიფოს ეჭვიანი სახით შეხედა.
- მაქედან დაიწყო. - ფიფომ ამოიხვნეშა და ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა, თუმცა მიმის მიერ გადაცემული გამოსასყიდის ზუსტი თანხა, არ დაუზუსტებია.
- და იმის მერე, არც არავის დაურეკავს და არც არაფერი შეტყობინება არ მიიღეთ?
- არაფერი. - თავი გააქნია ფიფომ. - სამინისტროშიც კი შევიარე. არც იქ დამხვდა რამე. რა ვქნა, აღარ ვიცი?
- კი, მაგრამ მილიონი ევრო, რა ამბავია? ნუთუ, ამდენი კოკაინი იყო იქ?
- საქმეც მაგაშია, რომ არ იყო და სპეციალურად მოითხოვეს ამხელა თანხა და თანაც, ორ საათში! ამიტომაც ნარკოტიკებში გაცვლას ვარაუდობდნენ, მაგრამ მიმიმ, საკმაოდ დიდი თანხა ჩაახუტა და მის მერე, სრული დუმილია. მიმის რომ ჩემთვის ეთქვა... არც მისაყვედურია, გულმოკლულ დედას, აბა როგორ ვუსაყვედურო?
- რა ვიცი, რა ვიცი, ახლა რა გითხრა? - ამოიხვნეშა ნათლიამ. - ყველას ფეხზე დავაყენებ, ისეთ ამბავს ავტეხ, ქვას ქვაზე არ დავტოვებ! გინდა, ოფიციალურად გამოვაცხადოთ?
- არ ვიცი! - თავი გააქნია ფიფომ. - ჩემებმაც კი არ იციან და არც მიმისთან...
- არამგონია, რომ ბავშვს რამე დაუშავონ. - ნათლიამ ფიფოს დააიმედა, თუმცა თავადაც უკვე, აღარ ჰქონდა იმედი.
- მთელი კვირა გავიდა და თან, საკმაოდ დიდი თანხა მიიღეს!
- ზუსტად რამდენი იყო, მიმის არ ახსოვს?
- არა. - ფიფომ ამოიხვნეშა. - დიდი ხანია, ჩუმად აგროვებდა, მერე ოქროულობაც უცებ დაულომბარდებია, ცალკე ანგარიშებიდანაც მოუხსნია დიდი თანხა. - იცრუა ფიფომ, რადგან ისედაც იცოდა, ასე დეტალებში ნათლია, აღარ ჩაეძიებოდა. - წავედი, მიმის მაინც დავამშვიდებ თან დარწმუნებულია, რომ იცნო გამომძალველი.
- იქნებ, მართლაც იცნო? - დააიმედა ნათლიამ.
- რა ვიცი. - მხრები აიჩეჩა ფიფომ და არც დამშვიდობებია, ისე დატოვა იქაურობა.
LEX. 2020 წლის 12 მაისი, ორშაბათი.

No comments:

Post a Comment