41.
- მიმი, სწორად გამიგე შვილო. - ამოიხვნეშა სოფლიდან, სპეციალურად მიმის სანახავად ჩამოსულმა დიასახლისმა. - შვილია მაინც ჩემი.
- ამიტომაც გითხარით, სჯობს იცოდეს ფიფომ! მერე უფრო უკეთ არ დაეხმარება?
- და რანაირად? დამნაშავეს, ხელს დააფარებს? - მწარედ ჩაეღიმა ქალს.
- რანაირად და... - მიმი ჩაფიქრდა. - სანამ ოფიციალურად წაუყენებენ ბრალს, მანამდე თავად როცა გამოცხადდება და აღიარებით ჩვენებასაც რომ მისცემს, ამით სასჯელიც შეუმსუბუქდება! - სხაპასხუპით ჩამოარაკრაკა მიმიმ, ჩანდა რომ ფიფოსთან ამდენი წლის მეგობრობას, ფუჭად არ ჩაუვლია, ლამის ყველა ტერმინი უკვე ზეპირად იცოდა.
- ეჰ, რა ვიცი... - ამოიხვნეშა ქალმა.
- შეიძლება, სულაც არ დააკავონ! - მიმი ქალის გამხნევებას შეეცადა. - ნუ გააჩნია, რა და როგორ ხდება ან რა სიტუაციაა.
- მართლა?
- კი, ეს ნამდვილად ვიცი. - მიმი წელში გასწორდა. - აღიარებით ჩვენებას, საკმაოდ დიდი გავლენა აქვს, დაკავებულის განაჩენის გამოტანაზე. მხოლოდ აი, თავად თუ მივა, მაშინ უფრო მეტად. ასე ვიცი, ნამდვილად ასეა!
- მაშინ, დაველაპარაკები ფიფოს, მაგრამ ისე მერიდება მაგ ბიჭის, რამდენჯერ უნდა შევაწუხო...
- აბა, ახლა მასეთები, არ იყოს! - გაუღიმა მიმიმ. - თუ საჭიროა, უნდა შეწუხდეს კიდეც!
- მიმი, შვილო, იქნებ...
- ჯერ, მე დაველაპრაკო?
ქალმა მორიდებით დაუქნია თავი.
- რა პრობლემაა! - მიმიმ ტელეფონი მოიმარჯვა, ფიფომაც მალევე გააგონა - ძალიან სასწრაფოდ, უსასწრაფესი საქმე გვაქვს შენთან!
- გაქვთ? - ფიფომ მრავლობით ფორმას ხაზი გაუსვა.
- ჰო! ახლავე მოვდივართ!
- კარგი, მოდით. - თუმცა ვინ და რამდენი, უკვე აღარც უკითხავს, ბარემ მოსულიყვნენ.
დიასახლისის დანახვა ფიფოს ძალიან გაუკვირდა, თუმცა მაშინვე გაიფიქრა, რომ საქმე, საკმაოდ რთულად უნდა ყოფილიყო.
- ხომ იცით, რომ მე უკვე წლებია აღარ ვარ გამომძიებელი? - ფიფო შეყოვნდა. შესაფერისს სიტყვებს ეძებდა, რომ ზუსტად აეხსნა გულმოკლული დედისთვის, რომელიც, როგორც ყოვლის შემძლეს, ვედრებით შეჰყურებდა მას. - თქვენ კი არ უნდა გამოეგზავნეთ ჩემთან, არამედ თვითონ უნდა მივიდეს იქ და ამ საქმის გამომძიებელს, თავისი ნებით უნდა მისცეს აღიარებითი ჩვენება.
- მას არ გამოვუგზავნივარ... - ამოიხვნეშა ქალმა.
- ფიფო, აქ იმიტომ მოვედით, რომ შენ... - შეაშველა სიტყვა მიმიმ.
- მიმი, შენ ხომ მაინც კარგად იცი, რომ ამ სავარძლიდან არ წარმოებს მასეთი საქმეები და საერთოდ, ნებისმიერი საქმის გამოძიება, სანამ აქამდე მოვა, რამდენ გზას გაივლის.
- კი, ვიცი, მაგრამ მაინც...
- რა მაინც? - ფიფოს ხმაში, საყვედური იგრძნობოდა. - სანამ მართლა აქამდე მოვა, ძალიან ბევრი თვალი ნახავს და ბევრი ყურიც მოისმენს! და ეს ყველამ იცის!
- მაგიტომაც მინდა, რომ თქვენ იყოთ საქმის კურსში. - დაბალი ხმით უთხრა ქალმა.
- მივიდეს გალესთან, თავად გამოცხადდეს, მე ყველანაირად შევეცდები დავეხმარო, მხოლოდ კანონიერი გზით! სხვას ვერაფერს შეგპირდებით!
- მე არ მითქვამს, რომ დამნაშავე არ უნდა დაისაჯოს... - წაიკვნესა ქალმა. - მხოლოდ...
- ხომ გითხარით, უკვე? - ფიფო ოდნავ ღიზიანდებოდა, მაგრამ თავს იკავებდა. - დამნაშავეს, სასჯელს ვერ ავაცილებ, მაგრამ შედარებით მსუბუქ გარემოებებზე, ჩემს სიტყვას შევაწევ, მხოლოდ ესეც კანონის ფარგლებს გარეთ არ გასცდება და კიდევ! - ფიფო სავარძელში შესწორდა. - ციხეში ხელს, ვერც ზედმეტად და ვერც მსუბუქად, ვერავინ ვერ დააკარებს, ამის სრულ გარანტიას გაძლევთ! ჩვეულებრივად მოიხდის სასჯელს, თუ მართლა დამნაშავეა, რა თქმა უნდა!
- ჰო. - დაეთანხმა ნირწამხდარი ქალი. - ესევ დიდი საქმეა...
- დიახ! - კვერი დაუკრა ფიფომ. - ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ციხიდან ცოცხალიც ვერ გამოდიან, ზოგჯერ კი, სულიერადაც და ფიზიკურადაც განადგურებული.
- ესე იგი. - ისევ ჩაერია მიმი, რადგან შეამჩნია, რომ ფიფოს ერთი სული ჰქონდა, როდის დატოვებდნენ კაბინეტს. - სჯობს პირდაპირ გალესთან მივიდეს არა?
- რა თქმა უნდა! - გამოცოცხლდა ფიფო. მიხვდა, მიმი უკვე წასვლას ცდილობდა, თუმცა მისი წასვლა ბევრს არაფერს ნიშნავდა, მთავარია ეს ქალი გაეყვანა დროულად, თორემ ისეთი გულდამძიმებული სახით შეჰყურებდა ფიფოს, თითქოს აქ მოსვლამდე, შენი იმედი მქონდაო და შენ კი?..
- და რომ არ იყოს დამნაშავე? - ისევ წაიკნავლა ქალმა.
- ვერ გავიგე? - ფიფომ წარბი შეკრა. - აბა, აქ რატომ მოხვედით?
- იქნებ, სულაც არ არის დამნაშავე და მე მგონია, რომ არის და... - ქალი ახსნას შეეცადა.
- და თვითონ, რას ამბობს? - ფიფოს უკვე მოთმინება ელეოდა.
- არც კი იცის აქ რომ ვარ. მე ჩემი ნებით მოვედი.
- ეგ გასაგებია, მაგას კი მივხვდი, მაგრამ თვითონ ზუსტად, რას ამბობს?
- არც ვიცი. - ქალმა მხრები აიჩეჩა. - ისიც კი არ ვიცი, რა ჭკუაზეა. ამ თემაზე, საერთოდ არც გვილაპარაკია... - ქალი, გაჩუმდა. ხმას ვეღარ იღებდა, მაგრამ დარწმუნებული იყო, მისი ერთადერთი მშველელი და იმედი, მაინც ფიფო უნდა ყოფილიყო, თუმცა როგორც ჩანდა, ისიც თითქოს საქმეს არიდებდა თავს.
- კარგი, მაშინ მოვიდეს ჯერ ჩემთან და გავარკვევ რაშია საქმე, მერე თუ საჭირო გახდება, გავუშვებ დეტექტივთან. - ფიფომ ფარულად, ისეთი სასოწარკვეთილი თვალებით გახედა მიმის, რომ ისიც მიხვდა, უკვე მართლა წასვლის დრო იყო.
- რაც უფრო დროულად მოვა შენთან, მით უფრო მალე დაეხმარები, არა? - შეეშველა ისევ მიმი.
- აბა, რა! - კვერი დაუკრა ფიფომ და ცოტა გულზე მოეშვა.
- და, რომ არ მოვიდეს? რომ არ დამიჯეროს და... - შეწუხებული ხმით აღმოხდა ქალს.
- მაშინ, თავის თავს დააბრალოს! - ფიფოს ხმაში, სიმკაცრემ გაიჟღერა.
- იქნებ, მე დაველაპარაკო? - მიმიმ ჯერ ქალს გახედა და მერე, ფიფოს.
- არა, მიმი! - საყვედურით შეხედა ფიფომ. - ასეთ შემთხვევაში, ოჯახის წევრები, ან ძალიან უახლოესი მეგობარი უნდა ჩაერიოს.
იქნებ, ფიფო ცდებოდა და მიმის მართლაც შეეძლო, იმ გზააბნეული ბიჭის დაყოლიება, მაგრამ ფიფოს სიტყვისთვის, პატივიც უნდა ეცა და ისიც კარგად იცოდა, რომ ფიფო, ტყუილად არაფერს ურჩევდა, ამიტომაც დაეთანხმა და მხარი აუბა.
- ჰო, ისე მართლა. - თავი დაუქნია მიმიმ. - და თუ თქვენ არ მოგისმენთ, იქნებ, მამამისი დაელაპარაკოს.
- ეჰ, მამამისმა, არც კი იცის. - ამოიხვნეშა ქალმა.
- გამორიცხულია! - ფიფოს ხმა მტკიცედ ჟღერდა. - გამორიცხულია, რომ ვერაფერს ხვდებოდეს. ამიტომ ნუღარ დაკარგავთ დროს. ყოველი წუთი, ძვირფასზე ძვირფასი ხდება, თუ მართლა დამნაშავეა, ადრე თუ გვიან, მის დასაკავებლად მაინც ჩამოვლენ, ამიტომაც სჯობს, თვითონ დაასწროს და გამოცხადდეს და გავარკვევთ, რაც ხდება. იქნებ, სულაც არც არაფერ შუაშია და თქვენ გგონიათ ასე? ან საიდან გაგიჩნდათ, ეს ეჭვები?
- აი, იმ ხალხთან, რომ დაიწყო ზედმეტად ახლო მეგობრობა, მას მერე, სულ გამოიცვალა.
ფიფო აწრიალდა. მშვენივრადაც მიხვდა, ვინ ხალხზე ამბობდა.
- სულ რაღაცას ჩურჩულებენ, სულ რაღაცის ფაცი-ფუცში არიან. - განაგრძობდა ქალი.
- ჰო, მაგრამ ათას რამეზე შეიძლება იჩურჩულო და იფაციფუცო, ასე არ არის? - ფიფოს ოდნავ ჩაეღიმა. ისიც კი გაიფიქრა, იქნებ სწორედ ახლა, ამ ქალმა, ბევრად საინტერესო რამ მითხრას, ვიდრე თავიდან ვიფიქრეო.
- სოფელში, რა არის ამდენი საჩურჩულო? - სევდიანად ჩაეღიმა ქალს.
- რატომ გგონიათ, მასე? რადგან სოფელია, სულ მოსავლის აღებაზე ან ყველის ამოყვანაზე უნდა ისაუბრონ? - ღიმილით ჩაეკითხა ფიფო. - თან, ახალგაზრდებმა?
- რომ არ მეგონა, ამიტომაც დავინტერესდი და... და... - ქალმა, ცოტა არ იყოს, უხერხულად დაიწყო თვალების აქეთ-იქით ცეცება.
- და? - ვეღარ ითმენდა ფიფო.
ქალი დადუმდა. ხმას ვეღარ იღებდა.
- და, ყური მიუგდეთ? - შეეშველა ფიფო.
სახეზე წამოწითლებულმა ქალმა, თავი დაუქნია.
- და მერე, რაო? - ახლა მიმის გაუწყდა მოთმინების ძაფი.
- ბევრი ვერაფერი მოვისმინე. სულ სხვადასხვა დროს მიხდებოდა ყურის გდება და ისიც წამიერად, როგორც თვალს მომკრავდნენ, მაშინათვე ჩუმდებოდნენ. - ქალმა ამოიხვნეშა და განაგრძო. - აი, ის ბიჭი, რომ მოკვდა, ის უბედური, ეგეც მაგ საქმეში იყო გარეული და მოსვარა მთელი ახალგაზრდობა.
- მოსვარა? - გაუკვირდა მიმის, თუმცა ფიფომ ჩუმად ანიშნა, აცალეო.
- ჰო, მასე ჰქვია! - ქალმა წამით იყუჩა. - ასე გამოდის, მოსვარა, მოანაგავა, გააფუჭა და გადააჯიშა!
ფიფო მშვენივრად მიხვდა, ქალი ნარკოტიკებს გულისხმობდა, თუმცა არაფერი უკითხავს, მშვიდად ელოდა, როდის გააგრძელებდა დიასახლისი საუბარს და არც დიდ ხანს ლოდინი დასჭირვებია.
- სულ ვფიქრობდი. - განაგრძო ქალმა. - შენ ნემს იკეთებ, გაიკეთე მერე, მაგრამ სხვას რაღად აფუჭებ და ანადგურებ, მაგრამ გვიან მიხვდა, ჩემი გულუბრყვილო და მიამიტი თავი, რომ ამით, ფულსაც შოულობდნენ და თანაც, ძალიან ბევრს!
- მასეა. - ამოიხვნეშა ფიფომ. - სამწუხაროდ.
- ის! ის, მამამისია გველაძუა! - განაგრძო ქალმა. - იმ უბედური მორფინისტი ბიჭის მამა, თავისი შვილი ხომ გაწირა და მიაჩვია, ახლა არც სხვის შვილებს აცლის მშვიდად ცხოვრებას, თუმცა საკუთარი არ დაინდო, მიწაში გაუშვა და სხვები, რაღაში ანაღვლებს...
ქალი კიდევ ბევრ რამეს ჰყვებოდა, მაგრამ ახლა ფიფოსთვის, ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ იმ ნარკოტიკებით დაღუპული ბიჭის მამაც იყო გარეული ამ საქმეში.
- მოკლედ, მოვიდეს ჩემთან. - ფიფომ საქმიანი სახით, საათს დახედა. - ცოტა ხანში, გასასვლელი ვარ. - მოვიდეს ჩემთან და ვეცდები დავეხმარო, სანამ მართლა გვიანი არ არის! - ფიფომ ყურებამდე გაუღიმა. ამით დაასრულა საუბარი და როგორც იქნა, კაბინეტში განმარტოვდა.
დიდხანს, არც უფიქრია. სასწრაფოდ გალეო დაიბარა. მის მოლოდინში, სიგარეტს მოუკიდა, სავარძელში გადაწვა და თვალებ მილულული, ფიქრებს მიეცა.
- ესე იგი, სოფელში გასულ ზარს, სრულიად შესაძლებელია, მსხვერპლის მამამ უპასუხა?
ფიფომ ღიმილით დაუქნია თავი, მაგრამ წამსვე მზერა გაუშეშდა, როცა ღია კარში შემოსული მიმი დაინახა.
- მშვიდობაა? - შეშფოთებული ხმით დაასწრო ფიფომ. სანამ მიმი, რამეს ეტყოდა.
- სულ ერთი წამით მოგაცდენ... კი მშვიდობაა. - გაეღიმა მიმის.
- ჰო, მოდი, მერე.
- იცი, რა გამახსენდა? - დაიწყო მიმიმ. - ის ქალი ჭირისუფლებში იჯდა, სამძიმარს ღებულობდა და როცა ვკითხე...
- და რატომ ჰკითხე, მერე? - ჩაეღიმა ფიფოს.
- იმიტომ, რომ გამეგო, რა ხდებოდა! იქნებ, გამოძიებისთვის გამოსადეგარი ყოფილიყო?
- ჰოო? და, მერე? - არ აცლიდა ფიფო.
- არც საცოლე აღმოჩნდა და არც მისი ნათესავი! ის კი არა, წესიერად არც კი ვიცნობდიო. - განაგრძო მიმიმ. - მგონი, მოგიყევი, ხომ?
- არ ვიცი, არ მახსოვს. - თავი მოიკატუნა ფიფომ. - შეიძლება კი, ან არა! და, მერე?
- ფეხსაცმელმა მომიჭირა, ჩამოვჯექიო და ეს იყო მისი ახსნა.
- და მაინც და მაინც, ჭირისუფლების შუაში ჩავეკვეტეო, არა? - გაეცინა ფიფოს.
- ვითომდა, ცარიელი სკამი სადაც ვნახეო. - კვერი დაუკრა მიმიმ. - თუმცა ჩანდა, იტყუებოდა და თუ იმ ბიჭის მამაც საქმეშია, საკმაოდ კარგი ვარიანტი იყო ისე ეჩურჩულათ, რომ არავის ეჭვი არ აეღო. შეიძლება, რაღაც გადასცა კიდეც უჩუმრად, ან სულაც, მშვენივრად იცოდა იმ სახლში, სად რა იდო და...
- ისე, მართლა, ვერანაირი წამლის კვალიც ვერ ვიპოვნეთ იმ ბიჭის სახლში. - ჩაერია გალეო.
- ან იქვე გადასცა, თუმცა... - ფიფო წამით ჩაფიქრდა. - შეიძლება, უთხრეს კიდევაც სადაც დევს, მივიდოდა ის ქალი და ისე აიღებდა და იქიდან გააქრობდა, ეჭვიც კი არ შეგვეპარებოდა!
- მდაა... - ამოიხვნეშა დეტექტივმა.
- ხედავ? როგორი პირადი აგენტი მყავს. - მიმის მისამართით, თვალი ჩაუკრა დეტექტივს. - ყავას დალევთ? ან ერთნი, ან მეორენნი და ან ორივენნი? - გაიკრიჭა ფიფო.
- არა, იყოს. - მიმიმ თავი გააქნია. - ბავშვია უკვე გამოსაყვანი.
- დაიცა, დღეს რა დღეა? - იკითხა ფიფომ. - მგონი, ჩემი ჯერია? თუ ვცდები?
- წეღან რომ ამბობდი, დღეს ბევრი საქმე მაქვსო, ბარემ ვიფიქრე, რომ მე გამოვიყვანდი.
- წეღან, იმ ქალის გასაგონად უფრო ვთქვი, რომ დროზე გაგეყვანა. ისე საქმეს, რა გამომილევს, აგერ ახალი ძაფის წვეროც გამოგვიჩნდა და სადამდე გაგვიყვანს ნეტავ?
- სწორედ, მაგიტომაც მოვბრუნდი, ტელეფონით სპეციალურად არ დაგირეკე. - მიმიმ თითქოს, თავიც იმართლა, თუმცა არავინ საყვედურობდა.
- ძალიანაც კარგი, მაშინ შენ გამოიყვანე ბავშვი და ჩემებთან წადით, მეც მალე მოვალ, თუ გინდა, დატოვე იქ.
- ჩემებთან მინდოდა დღეს გამეყვანა, შემჭამეს, მთელი თვეა, ბავშვი არ გვინახავსო და რა ვიცი? - მიმიმ მხრები ისე აიჩეჩა, თითქოს ფიფოსგან, ნებართვას ითხოვდა.
- წაიყვანე მერე, რა პრობლემაა? - უპასუხა ფიფომ. - თან დღეს, ცურვაც არ გვაქვს.
- არა, არ გვაქვს.
- ესე იგი, ყავას მარტო მე ვსვამ? - იკითხა ფიფომ და მიმის გადახედა, რადგან მიმიმაც იცოდა, რომ გალეო, დიდი ყავის მოყვარული არც იყო. - მივაყოლებდით კიდევაც რამეს, ჰა? დაფიქრდით.
- დღეს არც გისადილია? - ჰკითხა მიმიმ.
- ვერ მოვიცალე და მერე მთელი სამი საათი თქვენ გისმენდით. - ფიფომ ხელი ღილაკისკენ წაიღო. - რამეს შევუკვეთავ, თორემ უკვე მართლა ვეღარ ვაზროვნებ.
- დაიცა, სადმე ჩავუსხდეთ, მეც მომშივდა. - შეაჩერა გალეომ. - მიმიც დავპატიჟოთ.
- მიმის ჯერ, ბავშვი ჰყავს გამოსაყვანი. - ფიფომ თვალი მიმისკენ გააპარა, იქნებ მიმისაც უნდოდა მათთან ერთად წამოსვლა, ბავშვს მძღოლიც კი გამოიყვანდა.
- ბიჭებო, წინადადება მაქვს!
- აბა მიმი, გისმენთ! - გაეღიმა ფიფოს.
- ჩემებთან ჩავუსხდეთ, სანამ დიმეოს გამოვიყვან, დედას დავურეკავ, ნეკნებს ჩავაყრევინებ მოსახარშად, გემრიელად რომ იცის ისე.
- არა, ნუ შეაწუხებ... - უხერხულად აიწურა გალეო. - დღეს, მე გეპატიჟებით, ორივეს.
- დაიცა! - ხელის აწევით შეაჩერა ფიფომ და მიმის მიუბრუნდა. - რაო, რაო? ჯერ შებოლილი და მერე მოხარშული ღორის ნეკნებიო?
- და არა მარტო. - გაიკრიჭა მიმი. - კიდევ სხვა რამეებიც იქნება, ან დავამატებთ, რა პრობლემაა?
- ჰოდა, მოვდივართ! - ფიფომ ტაში შემოჰკრა. - რაღას მიყურებთ? შენ ბავშვი გამოიყვანე, შენ კი უცებ გადარეკე სამმართველოში, რომ დღეს აღარ მიხვალ და წავედით აქედანვე.
- იცი... - მიმი წამით შეყოვნდა.
- არ გადაიფიქრო ახლა? - გაეღიმა ფიფოს. - ამ ცივ ზამთარში, ცხელ-ცხელ მოხარშულ ნეკნებზე გინდა, უარი მათქმევინო?
- არა, არა! - გაეცინა მიმის. - ქირურგსაც ხომ არ შევეხმიანოთ და...
- რატომაც არა! - გაუხარდა ფიფოს. - მე დავურეკავ! აბა, მივხედოთ ახლა საქმეს! გემრიელი სმა-ჭამაც დიდი საქმეა!
- მაშინ, სასმელი ჩემზე იყოს! - უკან არ იხევდა გალეო.
- მამას ძველი კოლექციიდან ავიღებ ერთ ბოთლს, ან ორს. - გაიკრიჭა მიმი გასასვლელში და კარი გაიხურა.
- ძალიან კარგი! - გაუხარდა ფიფოს.
- ეს, რა გამოვიდა? - აბუზღუნდა გალეო. - მე მინდოდა დაპატიჟება, და...
- შენ სხვა დროს.
- სასმელი მაინც მომეტანა?
- ჩემს, აწ გარდაცვლილ და ჩემთვის უცნობ სიმამრს, ჯერ კიდევ ძველი დროინდელი, ისეთი კოლექცი ჰქონდა და დღემდე ხელუხლებელია. ისე, სულ თვალი მრჩებოდა და ერთხელაც არ შემოუთავაზებიათ ჩემთვის, შენ წარმოიდგინე! თუმცა, კარგი ოჯახური ღვინო და არაყი სტუმრისთვის, ყოველთვის არის სახლში! ჩემი სიდედრი, სპეციალურად ყიდულობს! ალბათ, უფრო მაგიტომაც არავის უხსნიან კონიაკს.
- აბა, ასე ხელცარიელი არ მინდოდა მისვლა, თან მიმისთან ოჯახში, პირველად...
- რაღა მაინც და მაინც, სასმელი გინდა მიართვა ქალებს?
- ნამცხვრები? - გაუბრწყინდა სახე გალეოს. - წვენებიც!
- მხოლოდ წვენები არააა! - გაეცინა ფიფოს. - სიდედრი ამიწუწუნდება, სამ ლიტრიანი კომპოტები, აბა რისთვის ვხუფე და ვხუფეო!
სანამ მიმი, ბავშვს გამოიყვანდა, მანამდე დედას შეეხმიანა, სამი დამშეული კაცი მომყავს და აბა შენ იციო, თუმცა სამის მაგივრად, ოთხმა რომ შემოაბიჯა, მამიდამ ცოტა არ იყოს, უსაყვედურა კიდეც:
- სამიო და ოთხნი არიან, ამათ რა ეყოფათ? ჩაამატე კიდევ ნეკნები!
- ეს უკვე იხარშება, ახალსაც ჩავადგამ. მხოლოდ შენ, ნუ ინერვიულებ. - სიცილით მიმართა რძალმა, მულს. - ხაჭაპურის ცომიც, ამოსულა უკვე! მიმი დედი, ისე მართლა გეთქვა, თუ ოთხნი იყვნენ.
- ეს, ჩვენი მძღოლია. ვიმყოფინებთ, როგორმე! მსუბუქ სალათსაც მოვამზადებ უცებ. ღვინო გვაქვს? თუ მამას კონიაკებიდან გავხსნა? - შეაპარა მიმიმ, რადგან იმ კოლექციის ხელის ხლებაზე ოჯახში, ოფიციალური ტაბუ იყო დადებული.
- კარგი შავი ღვინო მაქვს, ხუთ ლიტრიანით, არ ეყოფათ? - დედამ ვითომ, ვერ გაიგო კოლექციის ხსენება.
- ძალიან კარგი! მოხარშულ ხორცს უხდება, შავი ღვინო! - კვერი დაუკრა მამიდამ. - კონიაკი, დესერტს უფრო მოუხდებოდა, აბა მოხარშული ღორის ხორცი და კონიაკი ერთად, ვის გაუგია? - ისე დაუმატა ბოლოს, კოლექციის ხელის ხლება თითქოს, მის ნებართვას უფრო მოითხოვდა.
გემრიელად ივახშმეს. შესანიშნავი ღვინოაო, აქებდნენ.
- სიძეს, რომ მოეწონება, სწორედ ისეთიაო, რომ მითხრეს, მაგიტომაც უფრო წამოვიღე! - შეიფერა სიდედრმა.
- ამათ, რა ხუთლიტრიანი ეყოფათ. - ჩაიქირქილა ჩუმად მამიდამ.
სუფრა, სასტუმრო ოთახში იყო გაშლილი და რადგან, დიდი ტელევიზორიც იქ იყო, სიგარეტის მოწევა მამიდასაც კი აკრძალული ჰქონდა, მით უმეტეს, რომ ბავშვიც იქვე თამაშობდა. ბიჭები აწრიალდნენ, თან სალაპარაკოც ჰქონდა, თან მოწევაც უნდოდათ და ყველაფერ ამას, ცოტა ზედმეტად ხმამაღლა ჩართული, სერიალებიც ემატებოდა.
სიმამრის ყოფილ კაბინეტშიც შეიძლებოდა გადაენაცვლებინათ, მაგრამ იქ, კონიაკის კოლექციის გარდა, სხვა კიდევ უფრო უნიკალური წიგნების კოლექცია იყო და არა თუ მიმი, არამედ მამიდაც კი კრძალავდა იქ მოწევას, თუმცა მის მეტი მწეველი, ოჯახში მაინც არავინ იყო.
მიმი ჯერ კიდევ არ ეუბნებოდა მამიდას და დედას, რომ ის და ფიფო, დაშორდნენ. ახლა არ მაქვს ამათი თავიო, წაიწუწუნა მიმიმ და ფიფოც დაეთანხმა. არც მას სურდა, ზედმეტი ახსნა-განმარტებების ჩაბარება, განსაკუთრებით კი, მამიდას უნდა მორიდებოდა. იცოდა, არ მოასვენებდა.
- დესერტი და სიგარეტი, ჩემს ოთახში! - მოულოდნელად გამოაცხადა მიმიმ.
ფიფოს გულზე მოეშვა. ამ ყინვაში, სიგარეტის მოსაწევად, აივანზე გამსვლელი, ნამდვილად არ იყო, მაშინ აქედან წასვლა სჯობდა, გზაშიც მოწევდა და სახლშიც.
ცოტა კი გაუკვირდა ფიფოს, ჩემს ოთახშიო მიმიმ, რომ გამოაცხადა. თუმცა, ისიც მშვენივრად იცოდა, რომ მიმის უზარმაზარ ოთახში, საწოლის გარდა, პატარა საჭორაო კუთხე, სავარძლებით, დივნითა და ჟურნალის მაგიდით ჰქონდა მოწყობილი.
- მშვენიერია! - წამოიძახა ფიფომ და სტუმრებს აღარ დაელოდა, თვითონ პირველი შევარდა მიმის საძინებელში, სადაც მიმის უკვე იქ, პატარა სუფრაც გაეშალა.
- მე ბავშვს დავაძინებ, თქვენ შეგიძლიათ დილამდეც იჭორაოთ. აი, ყავაც მზად არის! - მერე ფიფოს უხმო, მამის კაბინეტში შეიყვანა და კოლექციიდან, კონიაკის ამორჩევა შესთავაზა.
- აი, ეს იყოს! მხოლოდ შენ უნდა აძვრე სკამზე, მე დაგიკავებ.
- მაინცდამაინც, სულ ზედა თაროდან გინდა? - გაეცინა მიმის.
- მეორეც არის მასეთი და კოლექციისთვის, ერთი მაინც დარჩეს.
- კარგი, რააა. - ეცინებოდა მიმის. - ვინ არის ამის დამლევი აქ, ან რამდენი საუკუნე უნდა ინახოს.
- დიმე გაიზრდება და წაიტრიპაჩებს მერე ბიჭებში, ბაბუს კოლექციით.
- სხვა რამით იტრაბახოს, ნახე როგორი ძველებური ბიბლიოთეკაა.
- ნელა ჩამოდი, ეგ ბოთლი არ მხეთქო თავში. - იცინოდა ფიფო. - მაინც ამხელა ფასიანია.
- ბოთლი უფრო ძვირია, თუ შენი თავი? - კისკისებდა მიმიც.
ფიფო ბედნიერი სახით შებრუნდა მიმის საძინებელში, სადაც უკვე მეგობრები ეგლოდნენ, მაგრამ სახტად დარჩა, როცა ქირურგმა მოიბოდიშა და არც უკითხავს სად არისო, პირდაპირ მიმის საძინებლის სააბაზანოში ისე შევიდა, თითქოს ადრეც იცოდაო. არადა მიმის, ისე ჰქონდა გაკეთებული, რომ არც ჩანდა, იმ კედლის იქეთ, იყო რამე, თუ არა.
LEX. 2020 წლის 26 იანვარი, კვირა.
No comments:
Post a Comment