34.
ქირურგს, ძალიან გაუხარდა მიმის ვიზიტი. თავიდან კი ძალიან გაუკვირდა, როცა მიმის ნომერი, მისი მობილურის ეკრანზე დაფიქსირდა და ცოტა არ იყოს, შეშინდა კიდეც. რა უნდა ყოფილიყო ისეთი, რომ მიმი, თავად ურეკავდა. თუმცა, უპასუხა თუ არა, მაშინვე დამშვიდდა. მიმი მხოლოდ, მეგობრის ბავშვის გასინჯვას სთხოვდა და სულ ეს იყო. ქირურგმა შვებით ამოისუნთქა, შესაფერისი დროც შეურჩია და მიმიც დაუყოვნებლივ ესტუმრა.
- და, ბავშვი? - გაიკვირვა ქირურგმა, როცა მიმი მარტო შევიდა მის კაბინეტში. - ბარემ შემოგეყვანათ.
- იცი, - დაიწყო მიმიმ ღიმილით. - ყველა ჩემი მეგობრის ბავშვი, თავს ძალიან კარგად გრძნობს.
- აბა? დიმეს აწუხებს რამე? ფიფო ხომ კარგად არის?
- ორივე თავს, მშვენივრად გრძნობს და მეც საკმაოდ ჯანმრთელად ვარ. - უპასუხა მიმიმ. - უბრალოდ, შენი დახმარება მჭირდება და თან, ძალიან.
- კი, ბატონო. - მიუგო ქირურგმა.
წუთით, დუმილიც ჩამოვარდა. მიმი თითქოს, შესაფერის სიტყვებს არჩევდა.
- მახსოვს, ერთ დროს. - როგორც იქნა, საუბრის წამოწყება შესძლო მიმიმ. - საკმაოდ ოპერატიულად შეძენილი მობილური მომაწოდე.
ქირურგმა წარბები აზიდა.
- ახლაც იგივე დახმარება მინდა შენგან. - განაგრძო მიმიმ. - მხოლოდ, არავინ არ უნდა გაიგოს. პირველ რიგში, ფიფომ. - მიმიმ ჩანთა გახსნა, კონვერტი ამოიღო და ქირურგის წინ მაგიდაზე დაუდო.
- რა არის ეს? - ჩაეღიმა ქირურგს. - ქრთამია?
- ეს ტელეფონის საფასურია.
- ერთ ტელეფონს, როგორმე ვუყიდი ჩემს მეგობარს. - ქირურგმა კონვერტი მიმისკენ მისწია.
- საქმე მარტო ტელეფონში არ არის. - ახლა მიმიმ მიუწია უკან კონვერტი. - მე მინდა, კარგი აპარატი, საკმაოდ კარგად გამართული კამერით.
- ნუ, შევძლებ მაგასაც.
- შეძლება არ მინდა. არის თანხა და ამით შეიძინე. სპეციალურად არ მინდა, რომ ვინმეს ბარათიდან იყოს შეძენილი და გთხოვ, ბევრს ნუ მაჭიდავებ. - მიმიმ წამით იყუჩა და განაგრძო. - ისე, შემიძლია სხვასაც ვთხოვო, არც ეგ გამიჭირდება, მაგრამ...
- მაგრამ მაინც ჩემთან მოხვედი და ამას კიდევ, სხვა გათვლაც აქვს, არა?
- თავისთავად. - მიმი ისევ შეყოვნდა. - საიდუმლოა და მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია. ეს არ არის პირადული და არც რაღაც ეჭვიანობის ნიადაგზე რამეს... ნუ, მოკლედ სერიოზული საქმეა!
- იმდენად სერიოზული, რომ ფიფომაც კი არ უნდა გაიგოს. - დაუმატა ექიმმა.
- თავიდან კი, მასეც იქნება, არ მინდა, რომ იცოდეს. მერე მე თვითონ ვეტყვი. - მიმიმ ოდნავ გაუღიმა. - მეც მინდა, რომ რაღაც საქმე გამომივიდეს, ამიტომაც, ამ ეტაპზე, ინკოგნიტოდ დარჩენას ვამჯობინებ და მერე გაიგებს აბა რა, განა მართლა მასეა საქმე?
- მიმი. - ქირურგი წინ გადმოიხარა. - შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს, თუ როგორ დიდ პატივს გცემ შენ და შენს ოჯახს. თუ რამე, ისეთი პრობლემა გაქვს, რომ ფიფომ არ გინდა იცოდეს, მენდე და ერთად მოვაგვაროთ! და თანაც, არც არავინ, არასდროს, არაფერს გაიგებს, ისე გავაკეთოთ.
- არ მაქვს პრობლემა! არანაირი პრობლემა არ გვაქვს ოჯახში. უბრალოდ, რაღაც სიურპრიზივით მინდა და თან არც მინდა, რომ გამოვჩნდე. - მიმი შეყოვნდა. - ჯერ.
- ნუ, კარგი. - ხელები ასწია ქირურგმა. - თუ სიურპრიზია და სახიფათო არაფერია, კი ბატონო, შევიძინოთ მობილური.
- მხოლოდ ამ თანხით! სხვა შემთხვევაში არ ავიღებ, უკან მოგიბრუნებ!
- ჰმ, კეთილი.
- და აუცილებლად, ძლიერი კამერა უნდა ჰქონდეს და ნომერიც დამჭირდება, მხოლოდ არც შენს გვარზე გააფორმო. ისე გააკეთე, როგორც... როგორც, მაშინ.
- კარგი. - გაეღიმა ქირურგს. - და მობილურის ნაცვლად, კარგი ციფრული კამერა, რომ შევიძინოთ? პატარა?
- არა! იყოს მობილური, თან უცხო ნომერიც მინდა.
- ჭკვიანი გოგო ხარ და იმედია, რაღაც ხათაბალაში არ გაეხვევი. თანაც, მარტო მე მენდობი და...
- ნუთუ გწყინს, რომ მარტო შენ გენდობი? - გაეღიმა მიმის.
- არა, რა მწყინს? რას ჰქვია მწყინს? პირიქით, გამიხარდა! ძალიან გამიხარდა, მაგრამ უფრო, გამიკვირდა.
- საკმაოდ სანდო ხარ! ეს პასუხი, საკმარისია?
- რა თქმა უნდა! აბა, რა!
- იცოდე, ფიფომ არაფერი უნდა გაიგოს! ჯერ! - მიმი წამით შეყოვნდა. - ფიფომ, ისიც კი არ იცის, ზუსტად როგორ გაგიცანი...
- აჰა, და ესე იგი, მენდობი და თანაც, ცოტას მაშანტაჟებ კიდეც. - ქირურგს გულიანად გაეცინა.
მიმიც აჰყვა სიცილში.
- კეთილიიი. - ქირურგი მიმის ყურებამდე უღიმოდა. - შევიძინოთ ახალი მობილური, ახალი ნომრით, მაგრამ მიმი, გაფრთხილებ, იცოდე, თუ რამეა, არ დამიმალო. ყოველთვის გვერდში ამოგიდგები და ახლაც შეგიძლია მენდო და გამიმხილო.
- კარგი, მასე იყო, მაგრამ ჯერ ტელეფონი და მერე...
საინტერესო იყო მიმი რას აპირებდა, ასეთი გასაიდუმლოებული შენაძენით. ქირურგს ფიქრი სტანჯავდა. თან მეგობრის გვერდში დგომა უნდოდა და თან, იქნებ მართლაც, რამე ხათაბალაში იხვევს ეს გოგო თავსო... სამწუხაროდ, შეპირებულ სიტყვას ვერ დაარღვევდა და ფიფოსაც ვერაფერს ეტყოდა. იმავე დღესვე მიაწოდა მიმის ახალი მობილური, თავისი ახალი ნომრით და თუ რამე ისეთი იქნებოდა, იმ ახალ ნომერზე დარეკვის უფლებაც მოიპოვა.
- და რა უნდა იყოს, „რამე ისეთი?“ - ეცინებოდა მიმის.
- როცა შენი ტელეფონით არ მიპასუხებ და ფიფოსაც შევატყობ შეშფოთებას, მაშინვე მაგ ნომერზე დაგირეკავ, მხოლოდ ისე, რომ მარტო მე და შენ ვიცოდეთ! - თვალი ჩაუკრა ქირურგმა.
პასუხად მიმის, გაეღიმა.
ახლა უფრო მეტი სიამაყე იგრძნო. ის რაც, ფიფოს და გალეოს გაუჭირდებოდათ, მას უფრო ადვილად შეეძლო გაერკვია და თანაც ისე, რომ არავითარ ეჭვს არ გამოიწვევდა. ამას კიდევ ხელს უწყობდა, მისი უფასო სასადილოს გახსნის იდეაც. თუმცა, მიმის შემოთავაზება, რომ სურსათი სოფლიდან შეეძინა, ბევრად ძვირი ჯდებოდა, ვიდრე იქვე, ქალაქში ეყიდა, მაგრამ მიმი ამას, სულაც არ შეუშინებია. პირიქით, უფრო მეტად სურდა სოფელი ჩაება ამ საქმეში, რადგან იცოდა, ამის გამო, ხშირად მოუწევდა იქ ჩასვლა. ცალკე დიასახლისს გაურიგდა და ცალკე მის რძლებს, განსაკუთრებით კი, იმ ყოფილი, ეჭვმიტანილის ცოლს დაუმეგობრდა. ქალაქშიც არაერთხელ ჩამოიყვანა. მიზეზიც საკმარისი ჰქონდა. ორსული ქალი საუკეთესო კონსულტაციაში გაატარა და ამას ისე უანგაროთ აკეთებდა. ქირურგიც გვერდში ამოიყენა.
ფიფოს, მიმის ასეთი აჟიტირება არ გამოჰპარვია. ქირურგთან ხშირი ვიზიტებიც კი ფარულად გადაუმოწმა, თუმცა საგანგაშო, არც არაფერი აღმოჩნდა. სადაც მიმიმ იმშობიარა, სწორედ იქ მიიყვანა მისი ახლადშეძენილი, ორსული მეგობარი და სულ ეს იყო. მაგრამ მიმი აშკარად ფრთხილად იქცეოდა და სწორედ ეს აფიქრებდა ფიფოს და არც შემცდარა.
მიმი მართლაც ოპერატიულად მოქმედებდა. სხვების დასანახად, ერთი ტელეფონი თუ ხელში ეჭირა, მეორეთი, ჩუმად ჯიბეში ჩაჩურთული აპარატით, მისთვის საინტერესო საუბარს იწერდა და თანაც, ორივე ტელეფონი, ერთნაირი გარეკანით შემოსა. ასე, ვერავინ შეამჩნევდა, ორი აპარატის არსებობას.
თავიდან, იმ ქალს არ მოსწონდა მიმის მათთან, ასეთი დაახლოება. ეს სწორედ, ის გოგო იყო, ვისთანაც ის ორსული რძალი მეგობრობდა. ჯერ გაურბოდა, მიმის დანახვაზე, აშკარად სახე უსიამოვნოდ ეცვლებოდა, მაგრამ მერე უცებ, სრულიად მოულოდნელად, მიმის მიმართ საოცარი და საკმაოდ შესამჩნევად, „დიდი სითბო“ გამოამჟღავნა და ახლა მომენტს არ უშვებდა ხელიდან, რომ არ გამოლაპარაკებოდა და სუფრასთანაც ცდილობდა, ყველაზე პირველი და გემრიელი ნაჭერი, მიმისთვის გადაეღო. მობილურის ნომერიც კი გამოართვა მიმის და ლამის უკვე, დღე არ გავიდოდა, თუნდაც ორიოდე წუთით მაინც, რომ არ მოეკითხა.
მიმის თავიდან უხაროდა, ამ გოგოს ასე ადვილად და უპრობლემოდ დამეგობრება. თუმცა, ცოტა უკვირდა კიდეც, ასე უცებ, რამ მოუბრუნა გულიო, მაგრამ მისთვის საინტერესოს, ჯერ ვერაფერს ამჩნევდა.
ახალი მეგობარი ქალი კი, ყველანაირად ცდილობდა, მიმისთვის როგორმე ნარკოტიკები შეეტყუებინა. ბევრს ეცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ინტერესის გულისთვის, მის ოდნავ გასინჯვაზეც კი, ვერ დაითანხმა. არც იმდენად სულელი და თავქარიანი აღმოჩნდა მიმი, როგორც თავიდან ეგონა.
მიმი კი, მართლაც ბევრად ჭკვიანი და გონიერი იყო. ბევრი საშიშროება ივარაუდა, ამიტომაც წინასწარ განაცხადა, რომ ბევრ რამეზე ალერგია აქვს და ვერც ვერაფერს გავსინჯავ და ვერც ინტერესის გამო, დავაგემოვნებო. თუმცა, ეს დიდი ტყუილი იყო, მაგრამ გამართლებული და თავის დასაცავი.
მეგობარი ქალი, მაინც არ ეშვებოდა, ისიც კი გადაწყვიტა, საკვებში ჩუმად შეეპარებინა და ასე ნელ-ნელა მიეჩვია, მაგრამ მიმის აქაც გაუმართლა. რაღაც მომენტში, მსგავსი რამაც ივარაუდა და სპეციალურად, სულ ოდნავ მოადუნა ყურადღება. ქალმა დრო იხელთა და მიმის დიდ ფინჯანში მომზადებულ, მისთვის სანუკვარ კაპუჩინოში, ცოტაოდენი ფხვნილი ჩაუყარა.
მიმი ჯერ არ სვამდა, თავს იკავებდა. ვითომდა, ძალიან ცხელიაო. ქალს კი წამდაუწუმ, მიმის ფინჯნისკენ გაურბოდა თვალი. ერთი-ორჯერ, შეახსენა კიდევაც, შეგრილებულ კაპუჩინოს, რა გემო ექნებაო და ამით მიმის ეჭვი, კიდევ უფრო გამყარდა. სხვა გზა არ იყო, უნდა დაელია, თუნდაც ცოტაოდენი მაინც მოესვა.
მიმიმ ფინჯანი პირთან მიიტანა თუ არა, ქალს მაშინვე თვალები გაუბრწყინდა. ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს თვითონ ყლაპავდა მიმის ყლუპებს.
მიმის ჯერ მშვიდი სახე ჰქონდა, მხიარული, მერე უცებ, ჯერ კიდევ ფინჯანი ნახევრამდეც კი არ იყო დაცლილი, რომ მიმიმ ყელზე ხელი იტაცა, ისეთი საშინელი ხველა აუტყდა, რომ სახეზეც კი წამოწითლდა. ძლივს მოასულიერეს, ძლივს ამოისუნთქა, თუმცა ეს ყველაფერი, მიმის დადგმული სპექტაკლი იყო და ამით, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საშინლად ალერგიული იყო.
- ვაიმე, რაღაცამ მაწყინა. - წუწუნებდა, ხელოვნურად ემოციებში შეჭრილი მიმი.
- ნეტა, რა უნდა ყოფილიყო? - უკვირდა ყველას.
- ალბათ, რძემ მაწყინა. - მიმი „ძლივს ლუღლუღებდა“.
- რას ამბობ? - შეიცხადა დიასახლისმა და მიმის, წყრომით გახედა. - ისე სუფთად ვასხამ რძეს, ჯერ არავინ მოწამლულა და...
- ალბათ, ხელოვნურ რძეზე, რომ ვარ მიჩვეული, ნატურალური პროდუქტი, ზედმეტად ცხიმიანი აღმოჩნდა ჩემთვის. - მიმიმ დიასახლისის დამშვიდება სცადა.
- რა ვიცი, რა ვიცი. - მხრები აიჩეჩა ჯერ კიდევ, ნაწყენმა მასპინძელმა. - ჯერ არავინ დაღუპულა არც ჩემი მოწველილი რძით და არც ჩემი ამოყვანილი ყველით.
- ექსპერტიზაზე ხომ არ გავიტანოთ შენი ყავა? - სიცილით უთხრა რძალმა. - ფიფოს წაუღე და ანალიზი ჩაუტაროს, არ გინდა?!
ამაზე, ის სტუმარი ქალი ისე წამოენთო, რომ ლამის, თვალები გადმოყარა, თუმცა ეს, მხოლოდ მიმიმ შეამჩნია, რადგანაც მთელი ყურადღება მისკენ ჰქონდა მიმართული.
- ერთი უნდა ვნახო, მაინც რა გემო აქვს. - რძალი მიმის ფინჯანს სწვდა და ის იყო უნდა გაესინჯა, რომ ის ქალი, ხელებში ეცა:
- რას შვები?! - ისეთი ხმით შეიცხადა, რომ წამით, დუმილიც კი ჩამოვარდა. - როგორ შეიძლება ორსულისთვის, ამდენი ყავა!
- მართალია, არ დალიო. - შეეშველა მიმი ქალს. - მართლაც იქნებ, რამე შემყვა და ახლა, შენი მოწამვლა იქნება?
- ჩემი რძე, სუფთაა და ყოველგვარი შხამების გარეშე! დაურეკე შენს ქმარს და ჩაუტარეთ მართლაც ექსპერტიზა! - უკვე სერიოზულად სწყინდა დიასახლისს. - რაღა მაინც და მაინც, რძეს მიახტით? იქნებ, ეგ თქვენი ყავაა მოწამლული? იქნებ, ის არ ვარგოდა?
- შეიძლება! ყველაფერი შეიძლება! უჰ! - ამოისუნთქა მიმიმ და ყველას ღიმილით გადახედა. - წავალ ამ ფინჯანს გავრეცხავ, თორემ კიდევ ვინმე მართლა არ მოიწამლოს.
მიმი წამოდგა, ვერც კი შეამჩნია ფეხდაფეხ, საკმაოდ ნაწყენი დიასახლისიც როგორ მიჰყვა და თავზე სწორედ მაშინ წაადგა, როცა მიმიმ ფინჯანში ჩარჩენილი ყავით, საკმაოდ კარგად დასველებული ცხვირსახოცი, პატარა პოლიეთილენის პარკში როგორ ჩაჩურთა.
დიასახლისმა თვალები გადმოკარკლა. მიმიმ კი თითით ანიშნა ჩუმადო, რადგან სტუმარი ქალი, უკვე სამზარეულოს კართან იდგა და ცდილობდა, მიმისთვის თვალი ედევნებინა, მართლა გარეცხავდა თუ არა, ფინჯანს.
მიმიმ ყველაფერი ოსტატურად მოახერხა. ფინჯანი კარგად გამორეცხა და მდუღარე წყალიც გამოავლო, თან სულ კისკისით ამბობდა, ახლა აღარავინ მოიწამლებაო. დიასახლისი კვლავ უხასიათოდ იყო და ერთი სული ჰქონდა, მიმის უჩუმრად გამოლაპარაკებოდა. სტუმარ ქალს კი არაფერი ზედმეტი შეუმჩნევია.
- ნურაფერს მკითხავთ. - გადაუჩურჩულა მიმიმ დიასახლისს, თუმცა იქვე ახლო-მახლოც კი არავინ იყო. - რძე მშვენიერი და სუფთა იყო, თქვენ არაფერ შუაში ხართ, უბრალოდ იმ მომენტში, ასე იყო საჭირო და დროებით ეს, ჩვენს შორის უნდა დარჩეს, სხვა შემთხვევაში...
- სხვა შემთხვევაში, ჩვენი ბიჭიც არის გარეული? - არ აცალა მიმის სიტყვის დასრულება დიასახლისმა. - და იქნებ, რძალიც?
- არაფერი ვიცი, ამიტომაც ჯერ ასეა საჭირო. - მიმი წამით შეყოვნდა. - უბრალოდ, რეაქციები მაინტერესებდა, თორემ რძე მართლაც სუფთა იყო.
- და, ის რაც ჩუმად შეინახე? - თვალები მოწკურა დიასახლისმა.
- სწორედ ეგაა გასარკვევი და ამიტომ თქვენი იმედი მაქვს, რომ მეუღლესაც კი არ ეტყვით! ჯერ.
- არ ვისურვებდი, რომ ვინმე ჩემიანი იყოს ამ საქმეში გარეული და თუ მართლა არის, მაშინ?
- და თუ არის, მაშინ სჯობს, ისევ ჩვენ ვიცოდეთ, ისევ ფიფომ გაიგოს პირველი, ვიდრე სხვამ უთხრას და...
- ჰო, მართალი ხარ.
- ასე უფრო დაეხმარება, ვიდრე მაშინ, როცა ყველას ეცოდინება.
- კი, მართალი ხარ შვილო, კი... - ჩაფიქრებული ხმით უპასუხა დიასახლისმა.
- და თქვენ იცით, საერთოდ რაზე ვსაუბრობთ? - ჩაეკითხა მიმი. - ერთხელაც არ გიკითხავთ.
- მე არ მომწონს ეს ქალი! არ ვიცი და არც მაინტერესებდა რას საქმიანობს და რას წარმოადგენს! ბევრჯერ დავუშალე მასთან მეგობრობა, მაგრამ ჩემი რძალი, ჩემს ჯიბრზე არ იშლის.
- ყველაფერი კარგად იქნება. - დაამშვიდა მიმიმ. - ჩვენ, ოჯახის დიასახლისები არ დავუშვებთ იმას, რომ ჩვენს ოჯახის წევრებს, რამე შეემთხვას!
- და თუ გარეულია?.. - დიასახლისი წამით შეყოვნდა. - საკადრისი უნდა მიიღოს! - მიმის ისეთი მკაცრი სახით შეხედა და რომ ისიც მშვენივრად მიხვდა, ქალი რასაც გულისხმობდა.
***
- ისეთი ხველა ატეხა, მეგონა მართლა დაიხრჩობოდა, ის შობელძაღლი! - ქალი საწოლიდან წამოიწია, კომოდიდან სიგარეტი აიღო, მოკიდებისთანავე ღრმად მოქაჩა. - კიდევ კარგი, ბევრი არ ჩავუყარე და...
- შენ, ქალო! მართლა ხომ არ გამოშტერდი?! - უღრიალა კაცმა, სიგარეტი ჩამოართვა და სანამ პირთან მიიტანდა, წყრომით გადახედა გვერდით მყოფს.
- ვიფიქრე, წამალზე შევსვამ და...
- იფიქრა, უტვინომ. - ჩაილაპარაკა და სიგარეტის ჩასუნთქული კვამლი, ბოლომდე ამოუშვა. - ქალო, შენ სულ გადაირიე! - ახლა უფრო მეტად ხმას აუწია კაცმა.
- რა გაღრიალებს? - გაუბრაზდა ქალი. - იცი მაგას რამდენი მაყუთი აქვს? წამალს კი არა, მთელ სოფელს იყიდის, თუ მოუნდა!
- გოგო, შენ მართლა თავში ტვინი გაქვს, თუ ჩალა გიყრია?
- ჰმ! - ჩაეცინა ქალს. - მარტო შენნაირ სოფლელს თუ მოაგონდებოდა, ჩალა და თივა.
- ჰაჰ! შენც არ მყავდე რაა, დედაქალაქის ცენტრში, დაბადებულ-გაზრდილი! ჰა, ჰა, ჰა! - აროხროხდა კაცი.
- ეგ, რა შუაშია?
- შე, მართლა გოიმო, სოფლელო! მე არც არასდროს ვმალავ, სადაც გავიზარდე და შენ რატო გიტყდება, ორღობეში გატარებული ცხოვრება?
- და, მერე რა? - გაწიწმატდა ქალი. - მაშინ მარტო ხოხობი გამოდის ნამდვილი ქალაქელი, დანარჩენი ყველანი ჩამოსულები არიან!
- ჰა, ჰა! ეგეც სოფლელებმა მოიგონეს, მაგრამ შენნაირმა გოიმებმა! ჰა! ჰა! - კაცი ისე ახვიხვინდა, რომ ძლივს მოითქვა სული. სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა და ქალს თვალებში ჩააშტერდა. - არ გაბედო და მეორეჯერ, ჩემი შეთანხმების გარეშე, მსგავსი სისულელის ჩადენა!
- ნუ გადამრიე?! რა იყო, სისულელე?! - უკან არ იხევდა ქალი. - მილიონერის წამალზე შესმა, როდის მერე გახდა სისულელე?!
- ქალო! იცი, მაინც ვისი ცოლია?! - იღრიალა ისევ კაცმა.
- მერე რა? ჰა! ჰა! ეგ უფრო საკაიფო არ იქნება? მინისტრის ცოლი და ნარკომანი და თან, რომელი სამინისტროდან!
- რა, გეშველებაა!!! - ხელი ჩაიქნია კაცმა. - გრამი ტვინი არა გაქვს, გრამი! იმის ქმარი, ისე დაიწყებს გამოძიებას და ისე გამოგიჭერს, რომ ამოსუნთქვასაც ვერ მოასწრებ! გინდა მერე წამალზე იყოს მისი ცოლი შესმული და გინდ, ზედ დასმული! და იცი, მერე? - კაცმა ხმას დაუწია. - შენამდე, თუ მოვიდნენ, ჩემზეც ადვილად გამოვლენ და ჩაგძირავ იცოდე! - ახლა ხმას აუწია კაცმა. - ჩაგძირავ! ბოლომდე ჩაგძირავ და მე მაინც სუფთად გამოვალ! იცოდე ეს!
ქალი გაიბღუზა. თავი ბალიშზე მიაგდო.
- მშია! - დაიღმუვლა კაცმა.
ქალი არ განძრეულა.
- ადე, მაჭამე! - ისევ იღმუვლა კაცმა და ქალს, საბნის ქვეშ, მსუბუქად წიხლი ჰკრა.
ქალმა არაფერი უპასუხა, გადაბრუნდა და ზურგი შეაქცია.
- აეთრიე ზეზე და ასი ცალი ჩეკი მოამზადე! - იღრიალა კაცმა და ახლა იმდენად ძლიერად ჰკრა წიხლი, რომ ქალმა საწოლიდან ბრაგვანი მოადინა.
- შე, დამპალო! რეგვენო! - წამოენთო ქალი, მაგრამ წესიერად წამოდგომაც ვერ მოასწრო, რომ კაცი თმებში ეცა, რამდენჯერმე ძლიერად შემოარტყა ხელი სახეში, ბოლოს წიხლიც ჩააზილა. ქალი ღმუოდა, ილანძღებოდა, ემუქრებოდა. კაცმა მისკენ გადააფურთხა და გინებ-გინებით, შარვლის ამოცმა დაიწყო.
- საჭმელად გავდივარ და რომ მოვალ, ასი ცალი გამზადებული ჩეკი დამახვედრე! - ისევ უღრიალა ქალს და კარი ძლიერად გაიჯახუნა.
ნაცემ-ნაგვემი ქალი, ძლივს წამოდგა. სააბაზანოსკენ წალასლასდა. პირზე ცივი წყალი შეისხა. სარკეში შესიებული სახე შეათვალიერა. ისევ საძინებლისკენ შებრუნდა. საწოლზე პირაღმა მიწვა, ცალი ხელით სველ პირსახოცს იდებდა მტკივან ადგილას, მეორე ხელით კი სიგარეტს ეწეოდა. ბოლოს წამოდგა. სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა.
- ასი არა, ორასი! - გაბრაზებით წამოიძახა. - რომ მოეთრევი, რა ჩემი ფეხების ჩეკები დაგხვდება, მაგასაც ნახავ!
კარადიდან საუკეთესო ტანსაცმელი შეარჩია. დიდი სათვალეც მოირგო და სახლიდან გავიდა.
LEX. 2019 წლის 9 დეკემბერი, ორშაბათი.
No comments:
Post a Comment