Tuesday, November 19, 2019

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 32)

32.
- და ახლა, რა ვქნათ? - გალეო სავარძელში მოკალათდა და ფიფოს მიაჩერდა. 
- რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა ფიფომ. - თუ გინდა, ყავაზე დაგპატიჟებ?
დეტექტივს გაეცინა. ფიფომ ორი ყავა შეუკვეთა, მაგრამ მდივანმა, მხოლოდ ერთი ფინჯანი შემოიტანა, რასაც ფიფოს პროტესტი მოჰყვა.
- თქვენმა მეუღლემ მთხოვა. - მორიდებულად უპასუხა მდივანმა გოგონამ. - დღეს მეტი ყავა, აღარ მოუმზადოო და...
- მიმი ძალიან კარგი მეუღლეა და ტყუილად შენს მდივანს, არ გააფრთხილებდა. - გაეცინა დეტექტივს.
- ჰო, კარგი. - ჩაიბურდღუნა ფიფომ. - მაშინ წვენი მაინც შემომიტანე, ან მინერალური იყოს! ნებისმიერი.
- ესე იგი, შენ ფიქრობ, რომ გასვენებაში უნდა ჩავიდეთ?
- რა მინდა მე იქ? - მხრები აიჩეჩა ფიფომ. - ამ საქმეს, შენ იძიებ მე კი არა, ამიტომ შენი იქ დასწრება, რაღაც მომენტში, მაინც სავალდებულოა! თუმცა, თავი ისე უნდა გეჭიროს, რომ მკვლელობას გამორიცხავ და უბედური შემთხვევის გჯერა.
- მოიცა, აბა რა? ეს არ არის უბედური შემთხვევა? - გაიკვირვა დეტექტივმა. - რამე ახალი ვერსია?..
- არა! არანაირი ვერსია! მედ.ექსპერტმა ხომ დაამტკიცა და შენც არ უნდა გქონდეს ისეთი სახე, რომ მაინც ეჭვი გეპარება და ვინმეს ადანაშაულებ. 
- ნუ, ისედაც მასეა.
- ამიტომ არც არავის არაფერს ჰკითხავ და არც გამოჰკითხავ! მხოლოდ შეგიძლია ის თქვა, რომ ნასვამი იყო, ცოტა მოუწევია კიდევაც და გულმა ვერ გაუძლო, თან ნაჩხუბარიც ყოფილა! ესეც შენი ნერვული სტრესი, რაც საკმაოდ ხშირი შემთხვევაა. 
- ამით ვითომ, რამეს გამოვავლენ? 
- ვერც ვერაფერს! - ფიფო სავარძელში გასწორდა. - მაგრამ თუ მომწოდებელი, იქვე ახლო-მახლო იტრიალებს, რაშიც ეჭვი ნამდვილად არ მეპარება, შედარებით უფრო დამშვიდდება, ნაკლებად დაიმალება და რა ვიცი? ვნახოთ, თუმცა საიდან, ან ვისგან უნდა დავიწყოთ, ეს ჯერ არც კი ვიცი. 
- კრიმინალისტები უკვე მყავდა მსხვერპლის სახლში, იქაურობა სულ გადავქექეთ, მაგრამ ვერაფერი ვნახეთ, ოდნავ მინიშნებაც კი არ არის მის ნარკომანობაზე. 
- მდაა. ესე იგი, სადღაც მართლაც არის ის ბუდე, სადაც ყველაფერი ერთდროულად ხდება და არც იმდენად შორს. 
- მეც მასე ვფიქრობ. - დაეთანხმა გალეო. - ჰმ, და იცი, ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ მსხვერპლის ოჯახის წევრებმა, ერთი ამბავი ატეხეს, ჩხრეკის ჩატარების სასტიკი წინააღმდეგნი იყვნენ. 
- მართლა? - ჩაეკითხა ფიფო.
- ჰო! მკვლელის სახლი გაჩხრიკეთ, აქ რომ მოგვადექითო და რა ვიცი, რა მოკლედ... და შენ ფიქრობ, რომ... - დეტექტივმა ახლაღა შენიშნა ფიფოს მოწკურული თვალები.
- ზუსტად მაგას ვფიქრობ, რომ მისმა ოჯახის წევრებმა, ძალიან კარგად იცოდნენ ყველაფერი, ამიტომაც შეეშინდათ ჩხრეკის ჩატარება და შენ რადგან, ვერც ვერაფერი იპოვნე და ვერც ვერაფერი აღმოაჩინე, ეს იმას ნიშნავს, რომ ან მართლა არც არაფერს ინახავდა სახლში, ან უკვე ვიღაცამ დაგასწრო და მოასუფთავა! ასეა, ეს!
- სავარაუდოდ იქნებ, იცოდნენ კიდევაც, სადაც ინახავდა.
- სრულიად შესაძლებელია! 

***
საშინელი წვიმიანი დღე იდგა. ნიავიც ისე უბერავდა, რომ წვიმის წვეთებს, სახეში ასხამდა, ახალგაზრდა ბიჭის დასაფლავებაზე მისულ ხალხს. დეტექტივი, მალულად ავლებდა თვალს იქ მომსვლელებს არც ჭირისუფალი გამორჩენია დაკვირვების გარეშე, თუმცა ისიც კი შეამჩნია, რომ მასაც კარგად ათვალიერებდნენ და აკვირდებოდნენ. 
კლასელები, თავის მეუღლეებთან ერთად, უკვე სათითაოდ ჰყავდა დაკითხული, თუმცა ვერაფერი სახარბიელო ვერ შეიტყო მათგან. ისიც კი ჩააწვეთა, მსხვერპლს მოწეული ჰქონდაო და ალკოჰოლთან ერთად მისი სიკვდილის გამომწვევი მიზეზიც სწორედ ეს გახდაო, მაგრამ არც ამ ინფორმაციის მიწოდებამ უშველა. ყველა ერთსა და იმავეს ამბობდა, ალბათ ჩვენგან რომ წავიდა მერე თუ მოწიაო. 
- ესე იგი, კლასელების დაკითხვამაც არაფერი მოიტანა. - ფიფომ სახე დაბრიცა. - ისე, არც მქონდა იმედი, მაგრამ მაინც...
- წარმოდგენაც კი არ მაქვს, საიდან და როგორ უნდა დავიწყო ახალი ძიება. - უპასუხა დეტექტივმა.
- ნუთუ, ხელჩასაჭიდი, სულ არაფერია? - ჩაილაპარაკა ფიფომ.
გალეომ არაფერი უპასუხა.
- მაშინ, თავიდან დავიწყოთ! - ომახიანი ხმით შეუძახა ფიფომ.
- თავიდან? - გალეოს სასოწარკვეთილება გამოესახა, ისედაც ნირწამხდარ სახეზე. 
- ჰა, ჰა! - გაეცინა ფიფოს. - რა სახე გაქვს! 
- მართლა ძალიან დავიღალე დღეს და სიმართლე გითხრა, ერთი სული მაქვს, როდის დავდებ თავს ბალიშზე.
- კარგი, წადი სახლში! მოფსი და დაიძინე. - ფიფო სიცილს ძლივს იკავებდა. 
დეტექტივსაც გაეცინა.
- ხვალ კვირაა, ორშაბათიდან კი გადავხედავ თავიდან. - გალეო კარისკენ გაემართა. 
- მიმი! - გასძახა ფიფომ.
- ორ წუთში, მზად იქნება! - სამზარეულოდან გაისმა მიმის ხმა.
- გააცილე რააა! - ისევ გასძახა ფიფომ.
- არ ივახშმებ ჩვენთან? - მუდარის თვალით შეხედა მიმიმ დეტექტივს. - ისეთი გემრიელობა მოვამზადე.
- არა, იყოს. - იუარა გალეომ. - მართლა საშინლად დაღლილი ვარ და...
- კარგი, გამოიძინე ზეგამდე და მერე ჩაუჯექი თავიდან ყველა დეტალს! - ბრძანებასავით გასცა ფიფომ. 
სტუმარი, რომ გააცილა მიმიმ ფიფოს კაბინეტში შეჰყო თავი: 
- იმედია, შენ მაინც ივახშმებ?
- ჰოოო? გააჩნია რა გვაქვს?
- ჟულიენი! ისეთი გამოვიდააა....
- მნია, მნიააა... - გაიზმორა ფიფო. - კარგი, კარგიიი, მიდი შენ დაიწყე და მეც შემოგიერთდები.
- თუ გინდა, აქ მოგიტან?
- ააქ? - ფიფო ისე იყო გადაღლილი, რომ წამოდგომის თავიც ძლივს ჰქონდა. 
- ჰო, აქვე ვივახშმოთ! 
- ძალიან კარგი. - ფიფოს, მიმის შემოთავაზება, გაუხარდა. - მაშინ თან, დაკითხვის ჩანაწერებსაც გადავხედავ ბარემ.
ფიფო ჩანაწერებს აკვირდებოდა, უკვე მერამდენჯერ გადახედა, თითქოს უჩვეულოც არაფერი ჩანდა. ბანკეტის საღამოდან მოყოლებული, ლამის გვიანობამდე, მოქეიფეებთან ყველა შემოსული და გასული ზარი, გადამოწმებული იყო. აქაც არაფერი იყო საინტერესო და ხელჩასაჭიდი. 
- კაპუჩინო გინდა, თუ ჩაის მიაყოლებ? 
- ჰა? - მიმის სიტყვებმა ფიფო, ფიქრებიდან გამოარკვია. - რა ვიცი? რასაც შენთვის გაიმზადებ, მეც მაგას დავლევ.
- მე, კაპუჩინო მირჩევნია, თანაც ახალი „ფრენჩი“ ვიყიდე.
- ძველს რა მოუვიდა? გატეხე? - გაეღიმა ფიფოს.
- ცოტა განსხვავებული დიზიანი აქვს და ეს უფრო მოხერხებული მომეჩვენა.
- ნუ რადგან, მოგეჩვენა. - გაეცინა ფიფოს. - მაშინ დავლიოთ ახალი „ფრენჩით“ მომზადებული კაპუჩინო, მხოლოდ მე ცოტა რომი ჩამიმატე.
მიმიმ ფინჯანი წინ დაუდგა და იქვე ჩამოჯდა. ფიფოს ჯერ მიმისთვის, ყურადღებაც არ მიუქცევია ისე მოსვა რამდენიმე ყლუპი, მაგრამ მალევე შეამჩნია, რომ მიმი, თვალს არ აცილებდა და ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს მისთვის, რაღაცის თქმა უნდოდა.
- რა იყო? - ჩაეკითხა ღიმილით. 
მიმიმ არაფერი უპასუხა, დაბნეულად აიჩეჩა მხრები.
- ბატკნის თვალებით იყურები. - სიცილით აღნიშნა ფიფომ. - დააშავე რამე?
- არაფერი. - გაეღიმა მიმის. - კრავივით სუფთა ვარ.
- თუ გინდა, შვლის ნუკრივით იყავი, მაგრამ ხომ იცი? ვერ ვიტან მასეთი სახე, რომ გაქვს.
- როგორი, მასეთი?
- რაღაც გინდა მითხრა და თან თითქოს, თავს დამნაშავედ გრძნობ ადრე, რომ არ გამიმხილე და ბარემ მითხარი, რის თქმაც გინდა.
- შეიძლება, მე მომეჩვენა და რა ვიცი...
- ნუ, მითხარი და მე გავარკვევ მოჩვენება იყო თუ არა. - გაეღიმა ფიფოს.
- რამდენჯერაც ჩავედი იქ, სოფელში, ძალიან ხშირად, ერთი გოგო მეჩხირება თვალში. - დაიწყო მიმიმ. - არა მე კი არ მეჩხირება, რაღაც ასე... ასე შევიგრძენი, თითქოს თვალსაც მარიდებდა, სულ იმ ბიჭის ცოლთან რაღაცას ჩურჩულებს, თითქოს ერთმანეთის მადლიერნი არიან, მაგრამ გულწრფელ მადლიერებას ეს სულაც არ ჰგავდა...
- მმმმ. - ამოიხვნეშა ფიფომ. - მიმი, რა გავიგო? რისი თქმა გინდა?
- იცი, ის გოგო გასვენებაშიც იყო. 
- აჰა! იქაც ნახე? - ჩაეცინა ფიფოს. - ისე, რატომ არ მითხარი, გასვენებაში თუ აპირებდი წასვლას? დასამალი, რა იყო?
- არც ვაპირებდი. შემთხვევით ისე გამოვიდა, ვაჩეს დედასთან საქმე ხომ მქონდა?
- ხომ, გქონდა და მერე?
- მერე მოსაფიქრებელი დრო მივეცი და როცა ჩავედი სწორედ იმ დღეს, გასვენება იყო და ბარემ რძლებთან ერთად მეც წავედი! უფრო სწორად, ჩემი მანქანით ვასარგებლე და...
- და იქაურობას, სულ სხვა მხრიდან, სულ სხვა თვალით დააკვირდი, არა? - გულიანად გაეცინა ფიფოს. - როგორც დეტექტივის, უკვე კარგად გამოცდილი მეუღლე! 
- დიახაც! - შეიფერა მიმიმ.
- და რა მოგეჩვენათ, ქალბატონო, უჩვეულოდ?
- ის გოგო, ჭირისუფლის სკამზე იჯდა, სამძიმრებსაც იღებდა და როცა, იმ ჩვენი ბიჭის მეუღლემ მიუსამძიმრა, ერთმანეთს მაგრად ჩასჭიდეს ხელები, თითქოს, რაღაც შეთანხმება იყო... ან, რა ვიცი?
- მდაა. - ამოხვნეშა ფიფომ. - საინტერესოა ვინ გოგო იყო? აქ დაკითხვის ვიდეო ჩანაწერები კარგად გადაათვალიერე? თვალი ხომ არ მოგიკრავს?
- კი, ყველა ვნახე. მანდ არ არის.
- როგორც ვიცი, მსხვერპლს, არც და-ძმა არ ჰყოლია, არც მეუღლე და არც შეყვარებული, რომ იქ, ჭირისუფლებში ჩამჯდარიყო და ახლა, ბიძაშვილ-მამიდაშვილები? - ამოიხვნეშა ფიფომ. - მერე, რომელი ერთი?
მიმიმ უპასუხოდ აიჩეჩა მხრები.
- ან ეს ქალები, რას მალავენ? - ჩაფიქრებული ხმით განაგრძო ფიფომ. - რას დაპირდნენ ერთმანეთს? იქნებ სულაც, სულ სხვა რამეშია საქმე?
- ამიტომაც არც არაფერი გითხარი, მაგრამ მერე, მაინც, ვეღარ მოვითმინე და აი, მოგიყევი.
- აბა, რა გითხრა? - ფიფომ ამოიხვნეშა და საათს დახედა.
- გალეს არ დაურეკო ახლა, ნუ მოკალი ის ბიჭი, ღამით მაინც დაასვენე.
- მის საქმეს ვიძიებ, ჩემსას კი არა!
- მაინც, ცოდოა, რაა. - მიმიმ მუდარით შეხედა.
- ვახ! ნეტა, მართლა, რომელი გოგოააა?
ფიფო ფიქრებში ისე გადაერთო, რომ მიმის ოთახიდან გასვლა, ვერც კი შეამჩნია, მხოლოდ მაშინ გამოერკვა, როცა მიმიმ, თავისი ტელეფონი გაუწოდა.
- ეს ვინ არის? - ფიფომ გაკვირვება ვერ დაფარა. - ეს, ის... ის...
მიმი ღიმილით უქნევდა თავს.
- კი, მაგრამ ფოტოები, როგორ გადაუღე? 
- ხან სელფს ვიღებდი, ხან მას ვუღებდი. - მიმის გამარჯვებული ხმა ჰქონდა. - ნახე, სხვადასხვა დროს გადავუღე. აი, აქ ნახე, როგორ იყურება. შემამჩნია, რომ ვუღებდი, მაგრამ მოვასწარი ღილაკის შეცვლა. ისეთი სახე მიიღო, ვითომ არც აინტერესებდა, მაგრამ თვალებით მჭამდა, მერე ტელეფონს მაინც დახედა და თანაც ისე, ვითომდა შემთხვევით. თუმცა, არ გაუმართლა და კოვზი, ნაცარში ჩაუვარდა! - მიმის გაეცინა.
- ჰმ!
- ის ვეღარ შემომკადრა, ნუ მიღებ ფოტოებსო, მაგრამ რამდენიც დახედა, იმდენი ჩემი სელფი დახვდა, ასე რომ... - მიმიმ ამაყად მოიღერა ყელი.
- საკმაოდ ოპერატიულად გიმუშავია! - ეცინებოდა ფიფოს. - გადავამოწმებთ ამასაც, რა იცი, რა ხდება?
მიმის გამოძიება, ფიფოს ღიმილს ჰგვრიდა, მაგრამ მაინც გადამოწმება სცადა. კვირა დღესაც არ მოასვენა დეტექტივი და თავის დროზე, ეჭვმიტანილი ბიჭის და მისი მეუღლის ტელეფონები კონტროლზე ააყვანინა და ხელმეორედ გადამოწმებისას, აღმოჩნდა, რომ  ერთი და იგივე ნომერი, ორივესთან ფიქსირდებოდა და ეს სწორედ, იმ გოგოს ეკუთვნოდა.
- მდააა. - ფიფომ ამოიხვნეშა. - ეს როგორ გამოგვრჩა?
- არ უნდა გამოგვრჩენოდა. - კვერი დაუკრა დეტექტივმა. - მაგრამ მისგან შემოსული არც ერთი ზარი არ იყო, არც იმ ბანკეტის დროს და არც იმ ღამით და არც მეორე დილით! ზარი, მხოლოდ საღამოსკენ ფიქსირდება. გვამის აღმოჩენიდან, სადღაც ერთ საათში.
- აი, ამიტომაც გამოგვრჩა, მაგრამ მაინც ხომ უნდა გაგვერკვია? ის ბიჭი, იმ საღამოსვე დავაკავეთ და ზარი უკვე თუ შემოსული იყო, რატომ არ გადაამოწმე?
- ყველა ზარი შევამოწმე, მაგრამ ეს არც მისი კლასელი იყო და არც ნათესავი და არც ყოფილა იმ ბანკეტზე, ამიტომაც ძირითადი ყურადღება, მოქეიფეებზე გადავიტანე, თორემ მასე შემოსული და გასული ზარების მეტი რა არის? - გალეო გაჩუმდა. - სხვებიც გადავამოწმე, არაფერი საინტერესო, თუ ამ გოგოს არ ჩავთვლით.
- და რა გაირკვა, ვინ არის? 
- სხვა სოფლიდან არის, უფრო სწორად, სულ სხვა სოფლის, სულ სხვა რაიონული ცენტრიდან. ოფიციალურად, არანაირი ნათესაური კავშირი არა აქვს მსხვერპლთან და არც საცოლე იყო და არც შეყვარებული და თანაც, რამდენიმე წლით უფროსია.
- მაინც, რამდენით?
- დაახლოებით, შვიდი რვა წლით.
- მდაა. - ამოხვნეშა ფიფომ. – პრინციპში, ასაკობრივი სხვაობა, მეგობრობას ხელს არ უშლის, მაგრამ ერთმანეთთან, რა აკავშირებდათ? მსხვერპლი, ქვეყნის ერთ  მხარეს ცხოვრობდა, ეს გოგო კი, სულ სხვა მხარეს. 
- აი, ეგ თუ მართლა დავადგინეთ რა კავშირია... 
- შეიძლება, სულ სხვა რამეა და ჩვენთვის არანაირად არ არის საინტერესო, მაგრამ ვაი თუ, წამლის გასაღებასთან გვაქვს საქმე?
- აი, მაგიტომაც, ჩვენ უნდა დავადგინოთ, რა აკავშირებთ ერთმანეთთან.
- და რატომ ჩვენ? - გაეცინა ფიფოს. - დეტექტივი შენ ხარ და შენ გამოიძიე! აბა მე, რა შუაში ვარ?!
გალეოსაც გულიანად გაეცინა. მოსწონდა ფიფოსთან მეგობრობა. არც მისი, ზოგჯერ ზედმეტად მწარე ხუმრობები უკლავდა გულს. მისთვის ფიფო, არამარტო კოლეგა და ჩინით მასზე მაღლა მდგომი, არამედ უფროსი ძმასავით იყო. ენდობოდა და ნებისმიერი საქმის, ჩიხში მოქცევის დროს, ყოველთვის ჰქონდა მისი იმედი. თავის საქმიანობაში კი, საკმაოდ კარგად გამოცდილი ფიფო, ნებისმიერი სიტუაციიდან პოულობდა გამოსავალს.
ფიფოს ტელეფონი აწკრიალდა. მიმი ურეკავდა. ფიფომ გაუთიშა. ახლა არ ჰქონდა მასთან საუბრის თავი, ტვინი უნდა ეჭყლიტა და გამოერკვია, საიდან და სად გადიოდა ნარკობიზნესის გზა? ვინ იყო ის გოგო? რა კავშირი ჰქონდა საერთოდ ამ ამბავთან, ან რატომ იჯდა ჭირისუფლის სკამზე? ამასთანავე, სხვა კიდევ, უამრავ საბუთზე ჰქონდა ხელი მოსაწერი და სანამ სათითაოდ არ ჩაიკითხავდა და არ გაარკვევდა, მანამდე კალამსაც კი არ ახლებდა ხელს.
მიმიმ ისევ დარეკა, ფიფომ კვლავ გაუთიშა და ბოლოს, როგორც იქნა, ფიფომ იკადრა და უპასუხა, როცა კვლავ გაისმა მიმის ზარი. 
- ახლა ძალიან დაკავებული ვარ, ხომ მშვიდობაა? 
- ვიცი, როცა არ მპასუხობ არ გცალია, მაგრამ რაღაც... - მიმი შეყოვნდა. - შენთვის საინტერესო აღმოვაჩინე და ვფიქრობ, რომ...
- ჰო, კარგი, მითხარი ბარემ. 
- გადმოგიგზავნი ახლავე.
- და რა არის, ასეთი? - სული დაელია ფიფოს.
- იცი, როცა სელფებს ვიღებდი... უფრო სწორად, როცა იმ გოგოსთვის, ფოტოების გადაღება მინდოდა, მაშინ შემთხვევით, ფოტოს მაგივრად, რამდენიმე ვიდეოც გადავიღე. ალბათ, ვღელავდი და მაგიტომ არც დავაკვირდი, რას ვიღებდი...
- ჰო, მერე? - ფიფო უკვე ვეღარ ითმენდა.
- აი გადმოგიგზავნი და ნახე. მათი საუბარია ჩაწერილი. შეიძლება არც არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ მაინც, რა ვიცი?..
- ჰო, კარგი, მიმი, გადმომიგზავნე, მოვიცლი და ვნახავ. - ფიფომ ტელეფონი გათიშა.
მალე მობილურმა გაიწკრიალა და მიმის გზავნილიც მოვიდა. 

***
უკვე გვიანი იყო ფიფო სახლში, რომ დაბრუნდა. მიმი გაბრწყინებული თვალებით შესცქეროდა, ფიფომ ცალყბად გაუღიმა, ჯერ მძინარე ბავშვი მოინახულა, მერე ქვემოთ ჩავიდა, ვახშმის თავიც არ ჰქონდა, ისე იყო დაღლილი და მხოლოდ ჩაი დაისხა. მიმიმ არც იქ მოასვენა, ფეხდაფეხ მიჰყვა და კვლავ სახეში შესციცინებდა. ის იყო, ფიფოს უნდა ეკითხა რა ხდებაო, რომ სწორედ მაშინ გაახსენდა მიმის გზავნილი.
- დღეს მთელი დღე, ისეთ გაწამაწიაში ვიყავი, რომ ვეღარ მოვიცალე, თან სულ ხალხი მყავდა კაბინეტში. - ფიფომ ტელეფონი მოიმარჯვა. - ერთნი, რომ გადიოდნენ, მეორენი შემოდიოდნენ. - ფიფომ მობილური სპიკერზე ჩართო. - ერთი წუთითაც არ დავრჩენილვარ მარტო, რომ მომესმინა...
ერთი შეხედვით, ქალების საუბარი, თითქოს ბევრს არაფერს ნიშნავდა, მაგრამ თანდათან, რაღაც საიდუმლო გარიგების გეგმები იკვეთებოდა. თუმცა, საუბარი წყვეტილი იყო, მაგრამ ფიფომ საჭირო სიტყვების დაჭერა, მაინც შესძლო.
- როგორ ფიქრობ, გამოგადგება?
- ჰმ. - ჩაეცინა ფიფოს. - ისე, რომ იცოდე. - ფიფო მიმისკენ გადაიხარა და თვალებში ჩახედა. - მომავალში, თუ დააპირებ კერძო დეტექტივის სააგენტოს გახსნას, უეჭველი მშვენიერი მუშაობა გექნება.
მიმის ყურებამდე გაეღიმა და მერე უფრო სერიოზული ხმით მიმართა:
- არის რამე ისეთი, მათ საუბარში? 
- კი, არის! ბევრი საინტერესო დეტალია, თუმცა. - ფიფომ ამოიხვნეშა. - თუმცა ეს მხოლოდ, დეტალებია და ნებისმიერი საუბარი შეიძლება აიხსნას ან ასე, ან ისე, თანაც, ნაწყვეტ-ნაწყვეტ.
- ხომ ჩანს, რომ რაღაცის ყიდვა-გაყიდვას აწყობენ?
- კი, ჩანს, მაგრამ რის? იქნებ, ბიკინებს ყიდიან? - გაეცინა ფიფოს. - ან ლიფებს?
- და ის მომენტი, რომ კიდევ კარგი დროულად მოვასწარი აღებაო?
- იქნებ „აღებაში“, ყიდვა იგულისხმა? ჰა? - ჩაეღიმა ფიფოს. - კიდევ კარგი, დროულად ვიყიდეო, თორემ მერე გათავდებოდაო, ან სხვა დამასწრებდაო? 
- ჰო, რა ვიცი?.. 
- იქნებ, შენ გაიგონე ისეთი, რამ რაც ჩანაწერში არ მოხვდა? 
- მეე?
- ჰო, შენ! აბა, დაძაბე გონება. გაიხსენე ის მომენტი, როცა ფოტოებს იღებდი.
- რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - თითქოს, არც მესმოდა რაზე საუბრობდნენ, ისე ვიყავი ფოტოების გადაღებით დაინტერესებული, რომ...
- კარგი, კარგი. - ამოიხვნეშა ფიფომ. - ახლა თუ არ დავიძინებ, მერე ძილიც გამიტყდება. - ფიფო წამოდგა და საძინებლისკენ გაემართა.
მიმის თვალს, ძილი არც მიჰკარებია. მთელი ღამე ფიქრობდა და იხსენებდა იმ საუბარს, მაგრამ ვერაფერს გახდა. საერთოდ არაფერი ახსოვდა. მთელი გულისყური, მართლაც ფოტოებისკენ ჰქონდა მიმართული.
მერე, როგორც იქნა, ჩაეძინა. ძილში თითქოს, თავისუფლად დანავარდობდა, დაფრინავდა. თითქოს მტრედის ფრთებიც ჰქონდა გამობმული, ან თავად იყო მტრედი. რაღაც დიდ, თეთრი სივრცეში დაფრინავდა და რაც უფრო შორს მიფრინავდა, მით უფრო უახლოვდებოდა ღია ფანჯარას, საიდანაც სხვა სამყაროში შეფრენას შესძლებდა, მაგრამ ის ფანჯარა, მხოლოდ კედლის ჩრდილი აღმოჩნდა... 
სხვა სარკმლიდან არეკლილი კედლის ჩრდილი...
„ესე იგი, აქ გასასვლელი არ არის?. არ არის.. არ არის..“
ჩაესმოდა თავისივე ხმა.
„ციხეში ვარ გამომწყვდეული... ციხეში... ციხის სარკმელი...“ 
ისევ თავისივე ხმა ჩასძახოდა, მაგრამ ხმამ, თანდათან ტონალობა იცვალა და ახლა სულ სხვა ხმა გახდა:
„სანამ ციხეში იყო გამომწყვდეული, კიდევ კარგი, მანამდე იმ ჩეკებს, რომ ხელი არ ახლე...“ 
„ჩეკები...
„ჩეკები... ზარდახშა... ჟანგიანი რკინის ზარდახშა... ჩეკები“
- რა ჩეკები? - მიმი საწოლზე წამოჯდა. - გამახსენდა... გამახსენდა... 
ბარბაცით წამოდგა და მძინარე ფიფოს, საძინებელში შეუვარდა:
- გამახსენდა! ვიცი ზუსტად რაზეც საუბრობდნენ!
LEX. 2019 წლის 19 ნოემბერი, სამშაბათი.

No comments:

Post a Comment