Monday, September 16, 2019

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 23)

23.
მიმის სისხლი მოაწვა სახეზე და ისეთი სიმკაცრით შეხედა ფიფოს, რომ სხვა მის ადგილას, თვალს მაინც აარიდებდა. ფიფო კი ღიმილს ძლივს იკავებდა.
- და როგორ გავიგოთ ეს ყველაფერი? - მიმი ფიფოს თვალს არ აცილებდა.
- რა არის აქ გაუგებარი? - მხრები აიჩეჩა ფიფომ.
- თუ ამ ყმაწვილს, ჩვენთან ერთად წამოსვლა არ სურს. - მიმიმ მკაცრი მზერა, ახლა ბავშვს მიაპყრო. - მაშინ, ბებიებთან დარჩება და რომელთან, ეს კი თავად აირჩიოს!
- რა უნდა ბებიებთან? აბა იმათთან ერთად, როგორ გაერთობა? თავის ტოლებთან არ ურჩევნია? - ფიფომ ბავშვის დაცვა სცადა.
- თავისი ტოლები, ჰყავს ბაღში, მაგრამ არ თამაშობს! ვერ ერთობა! ასე, რომ! - მიმიმ ხმას აუწია. - ან ჩვენთან ერთად წამოვა, ან ბებიებთან დარჩება!
დიმეომ ფიფოს, სასოწარკვეთილი მზერა მიაპყრო. ახლა მისი ჯერი იდგა, მას უნდა დაეცვა ბიჭი. 
- მიმი, მომისმინე.
- არაფრის მოსმენას არ ვაპირებ! - მკაცრად განაცხადა მიმიმ.
- კარგი. - მხრები აიჩეჩა ფიფომ. - იყოს ისე, როგორც შენ გინდა. 
ბიჭმა წყლიანი თვალები, მამას შეანათა. აშკარად შველას ითხოვდა და თან უკვირდა, რატომ იყო მამამისი, ასეთი უძლური.
ფიფო წამოდგა და მიმის ჩვეული ხმით უთხრა.
- თუ არ შეწუხდები, ყავა კაბინეტში შემომაწოდე. - მერე ნირწამხდარ ბიჭს უჩუმრად, თვალი ჩაუკრა. - სიგარეტის მოწევა მინდა.
ვითომდა სიგარეტის მოწევა იყო მიზეზი, სინამდვილეში კი ფიფო, მიმის გადასარწმუნებლად, თავის კაბინეტში იტყუებდა.
მიმიმ სუფრა აალაგა, ყავაც მოამზადა, თან ბავშვს აკვირდებოდა. აშკარად ყურებ ჩამოყრილი ჩანდა. მშვენივრად მიხვდა, ფიფოსთან ერთად მის უჩუმრად, სადაც დაძვრებოდნენ, მაგრამ რატომ? რისთვის? ამით რის მიღწევას ცდილობდა ფიფო?
- საუცხოოდ ამზადებ ყავას. - ფიფომ გემრიელად მოსვა ყლუპი და ისე რომ მიმისთვის არც შეუხედავს, სიგარეტს მოუკიდა. - დაჯექი, სალაპარაკო მაქვს.
- მე კი დავჯდები, მაგრამ შენ, ბევრის ახსნა მოგიწევს. ძალიან ბევრის.
- რა არის აქ, ასახსნელი? არ უნდა ბავშვს, ასაკოვან ხალხთან ერთად, ზაფხულის გატარება.
- ჰოდა, მომყავს! თავიდანვეც მომყავდა, მაგრამ შენ რატომღაც, უცებ დატოვება გადაწყვიტე.
- და რა უნდა გააკეთოს იქ? 
- სანამ შენ გამოკვლევებზე იქნები, გავატარებ, გავასეირნებ, ქალაქს დაათვალიერებს, ათასნაირი გასართობია, მუზეუმებშიც წავიყვან...
- რა უნდა ბავშვს მუზეუმში? - გააწყვეტინა ფიფომ.
- ვითომ, რატომ? აქ ყველგან მყავდა და ძალიანაც კი მოეწონა.
- მიმი! ბავშვი ექვსი წლისაა! სამოცის კი არა, რომ პენსიონერივით მუზეუმებში ატარო! ბავშვს, სუფთა ჰაერი უნდა და იქაც ქალაქის მტვერი უნდა ყლაპოს!
- მაშინ, ჩემები წაიყვანენ კურორტზე და თუ შენებსაც უნდათ, ერთად გავუშვათ და მორჩა! მოვრჩეთ ამაზე საუბარს, თუ არ უნდა ჩვენთან ერთად, მაშინ დარჩება ბებიებთან!
- რა უნდა, პატარა ბავშვს, მთელი ზაფხული, შუახნეს გადაცილებულ ხალხთან ერთად! არ გეცოდება?
- რატომ მთელი ზაფხული? ჩამოვალთ და მერე წავიყვანთ სადმე. სადაც მოისურვებს.
- ჯერ ერთი, რომ ჩვენ არ ვიცით, იქ რამდენი ხანს დავრჩებით. შეიძლება, მთელი ზაფხულიც მოგვიწიოს, შეიძლება სულაც, ორ კვირაში ჩამოვიდეთ. - ფიფომ საფერფლე ახლოს მოიწია. - და ახლა კი მეორე და ყველაზე მთავარი ის, რომ დავტოვოთ იქ, სადაც ბავშვს სურს!
- ბავშვს, ბევრი რამ სურს, მაგრამ მის ხუშტურებზე, ხომ ვერ ვივლით?
- ახლა არ თქვი, რომ სადაც მოისურვებს იქ წავიყვანოთო და სურს ბავშვს, იქ დარჩენა და აუსრულე სურვილი, შენს ერთადერთ შვილს, რა მოგივიდა, მიმი?
- რატომ გგონია, რომ მე, მისი სიხარული არ გამიხარდება? მაგრამ უცხო ხალხში, აბა როგორ დავტოვო? სწორედაც, რომ ჩემი, ერთადერთი შვილი?!
- ბანაკებშიც კი უშვებენ ბავშვებს და სრულიად უცხო ხალხში.
- ასე პატარას?
- ჰო! ასე პატარებსაც და შენ ძალიან კარგად იცი, რომ არც იმდენად უცხო ხალხი იქნება იქ.
- ჰო, მაგრამ... - მიმიმ ფიფოს გახედა. - შენ... შენ რა იცი იქ...
ახლა ის დრო იყო, ფიფოს ბოლომდე ეთქვა სათქმელი.
- იცი, ყოველ ზაფხულს თურმე, ძანეც იქ დაჰყავთ. ვიცი, შენ არ იცოდი და ისიც ვიცი, რომ აღარც მათთან სტუმრობ.
- არ შემიძლია. - მიმიმ ამოიხვნეშა. - ერთი პერიოდი, მართლაც ვაპირებდი ბავშვის მონახულებას, მაგრამ მერე გადავიფიქრე. 
- ბავშვი რა შუაშია, მიმი? - ნაღვლიანი ხმით უთხრა ფიფომ. - განა ბავშვი აგებს პასუხს... - ფიფო გაჩუმდა.
- არა, არა! მაგიტომ არა! არ მინდოდა, რომ ხშირად მენახა, ასე უფრო გავახსენდებოდი მეც და... - მიმის ლამის სუნთქვა შეეკრა, ძლივს განაგრძო საუბარი. - ვიფიქრე, რომ უმჯობესია, აღარ ვახსოვდე! დავავიწყდე!
- ჰო, არის მაგაშიც ლოგიკა. - დაეთანხმა ფიფო. - გეთანხმები, ალბათ ასე უმჯობესიც იყო მაშინ, მაგრამ ახლა, შეუსრულე შენს ერთადერთ ვაჟს, ეს ერთადერთი თხოვნა!
- ფიფო რას მეუბნები? გინდა გული გამისკდეს? - მიმის უკვე ხმაში, ისტერიაც შეეპარა. - ათასი ხიფათი, ათასი ფათერაკი, ის კი არა და ბებიებთანაც კი არ მინდა დავტოვო და მირჩევნია, თან წავიყვანოთ.
- ხიფათსა და ფათერაკს, ხშირად წინასწარ ვერ დააზღვევ! შეიძლება სულაც, ჩვენი თვითმფრინავი აფეთქდეს და ჰაერში დავასრულოთ სიცოცხლე!
- კარგი, რაა! - მიმის უსიამოვნოდ გააჟრჟოლა. - რას ამბობ?!
- იმას, ვამბობ, რომ ადამიანი, არაფრისგან არ არის დაზღვეული.
- არ ვიცი, ფიფო, არ ვიცი. შენ შეუძლებელს მთხოვ.
- შენ ვერც კი წარმოიდგენ, როგორ ემზადება. სამივე ველოსიპედი მოაქვს. ერთი აქაური და ორიც, ბებიებისგან! სხვებსაც უნდა, რომ გაუნაწილოს. მერე სათამაშოები, საცურაო კამერები, ბურთებიც მოაგროვა.
- თქვენ უკვე, ბარგი ჩაგილაგებიათ და მე საერთოდ არაფერი მითხარით? - იწყინა მიმიმ.
- რა მომზადებაც მაგას უნდოდა? ორჯერ შემოგვთავაზეს და მესამეჯერ უკვე, დავთანხმდით!
- არ ვიცი, ფიფო, არ ვიცი. - კვლავ გაიმეორე მიმიმ.
- რა ჩაიხვიე, ძველი პატეფონივით. - გაეცინა ფიფოს.
- კასეტა იხვევდა ფირს, პატეფონი კი არა.
- აბა, პატეფონი რას შვებოდა?
- პატეფონი? ჭედავდა. - გაეღიმა მიმის.
- ჰოდა, ნუ გაჭედე! - ფიფოს ხმამაღლა გაეცინა. მერე მიმისკენ გადაიხარა და თან ისე, რომ მისთვის თვალი არ მოუშორებია, სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა. - კვირის ბოლოს, მიმყავს სოფელში და მორჩა!
მიმიმ უკმაყოფილოდ გააქნია თავი, მაგრამ აღარაფერი უთხრა.

***
კვირაც მალე მიილია. დიმეო აღფრთოვანებული დახტოდა. მზად იყო მთელი სახლი წაეღო და ყველაფერი დაერიგებინა.
მიმი სოფელში არ წაჰყოლიათ. ბავშვი ფიფომ და ქირურგმა ჩაიყვანეს და მთელი ზარზეიმით ჩააბარეს იქაურებს. 
ფიფოს მაინც არაფერი გამოეპარებოდა. მიმი რაღაცას მალავდა და ეს უკვე აშკარა იყო. 
„დამაცადოს, ერთი დავბრუნდეთ სახლში და მერე მე ვიცი.“
ფიქრობდა ფიფო და ერთი სული ჰქონდა, დროულად დაემთავრებინა მკურნალობა.
ბედმა კიდევ ერთხელ გაუღიმა და ოპერაციაც საკმაოდ წარმატებულად ჩატარდა. ფეხის მოჭრას, რომ ვარაუდობდნენ, საერთოდ აღარ გახდა საჭირო. ფიფოს ბევრად უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, თუმცა მუდმივი ვარჯიში, რეაბილიტაცია აუცილებელი იყო და არც ზედმეტი სიარული და დიდხანს ფეხზე დგომა იყო მისთვის სახარბიელო. ჯერ ისევ ხელჯოხზე დაყრდნობით მოუწევდა სიარული, მაგრამ თანდათან ბევრად უკეთ იგრძნობდა თავს. ფიფო ყველაფერზე თანახმა იყო, ოღონდაც საკუთარი ფეხი შერჩენოდა და ისევ ხელჯოხით სიარულს, უკვე აღარც დაეძებდა.
დიმეომაც მშვენიერი დრო გაატარა სოფელში. მართალია ბებიები, ძლიერ განაწყენდნენ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. ფიფომ მკაცრად აუკრძალა ორივე მხარეს, რომ მათ ჩამოსვლამდე, ბავშვი სოფლიდან არ უნდა ჩამოეყვანათ.
- როცა გინდათ, მაშინ ჩააკითხეთ და მოინახულეთ, რა პრობლემაა? მაგრამ არ გავიგო, რომ ჩვენს ჩამოსვლამდე, ბავშვი რომელიმემ იქიდან ჩამოიყვანოს! - ფიფოს ხმა, ისეთი მკაცრი და მტკიცე იყო, რომ თვით ყველაზე „გამბედავი და სასტიკი“ მამიდაც კი ვერ შეეპასუხა.
- ბავშვმა, რომ იტიროს? იქაურობას, რომ ვერ შეეგუოს? - წაიკრუსუნა სიდედრმა.
- მაშინ დარეკავს, ჯერ ჩვენთან და მერე ჩვენვე შეგატყობინებთ, ჩამოიყვანოთ თუ არა!
და ამით, ამ თემაზე საუბარი, საბოლოოდ დამთავრდა. 
თემა კი დაიხურა, მაგრამ აბა ბებიებს რა მოასვენებდათ? ლამის, ყოველ მეორე დღეს აკითხავდნენ, ხან ერთნი და ხან მეორენი, მამიდა კი ჩვეულებისამებრ, ყველას შენიშვნებსა და მითითებებს აძლევდა, თუმცა მაინც არავინ უსმენდა.
მალე ყველაფერი თავის მწყობრში ჩადგა. ზაფხულიც მიილია და ახლა უკვე, ბავშვის ნანატრი ინსტრუმენტის, სახლში გადმოტანის დროც დამდგარიყო.
ფიფომ გადაწყვიტა, მიმისთვის ჯერ ისევ არაფერი ეთქვა. იქნებ, საერთოდ ვერც კი იცნოსო ფიქრობდა თავისთვის და მთელი შემართებით მიუყვებოდა, ძველი სადარბაზოს, საკმაოდ მაღალი კიბის საფეხურებს.
ძველი პიანინო, ისევ იმ ძველ ადგილას დაუხვდა, თუმცა აბა, ვინ წაიღებდა?
- მართლაც, რა აიჩემა და აიკვიატა და თანაც, მის მოსაწონსაც რომ ვერსად ვპოულობდით. - ეღიმებოდა ფიფოს. 
- ბავშვმა ზუსტად იცოდა, რაც უნდოდა და სწორადაც შეარჩია. - თავი დააქნია ბაბუმ. - სწორედ ის უნდოდა, რასაც ეძებდა. მისი ყური ეძებდა, მისი გონება ეძებდა და მის წარმოსახვაში, თუ ზუსტად ეს არა, ამის მსგავსი მაინც უნდოდა და იპოვნა კიდევაც.
- იქნებ, სულ ტყუილად ვირჯებით? შეიძლება, ერთი-ორჯერ დაუკრას და მერე საერთოდ აღარც მიეკაროს. 
- შესაძლებელია! ასე წინასწარაც ვერავინ განსაზღვრას. იცით, რომ თვრამეტი წლის ვერდი, არ მიიღეს მილანის კონსერვატორიაში! ეს კონსერვატორია კი დღეს, მის სახელს ატარებს.
- ჰოო? 
- დიახ! და იცი, რატომ დაიწუნეს? - კაცი წამით შეყოვნდა. - არ მოეწონათ მისი დაკვრის მანერა, რადგან არ ჯდებოდა იმ სტანდარტებში. ხელებს უხეშად და უფრო ძლიერად ურტყამსო, სკამზეც წესიერად ვერ ზისო და ეს მართალიც იყო! შენიშვნები ზუსტი იყო, მაგრამ მთავარი ხომ ჩარჩოში მოქცეული წესები არ არის? ნიჭი, გენია, მისწრაფება, თუნდაც აჩემება და აკვიატება. ამიტომაც არც გამიკვირდა, ბიჭმა დაინახა თუ არა, მაშინვე შევატყვე, რომ სწორედ ეს უნდოდა.
- ჰოო. არც ვიცოდი ამის არსებობა, უბრალოდ... არ ვიცი... თვითონაც არ ვიცი... უცებ მოვკიდე ბიჭს ხელი და გესტუმრეთ.
- კარგი ბიჭი ხარ შენ, თუმცა შემთხვევით, არაფერი ხდება. - მოხუცს ჩაეღიმა.
ფიფო ჩაფიქრდა. მშვენივრადაც იცოდა, საიდან მოუვიდა ეს აზრი, თუმცა ალბათ ახლა, ამის ახსნა, ძალიან გაუჭირდებოდა, ან საიდან უნდა დაეწყო ან სადამდე მიიყვანდა?
- მიმიმ არც კი იცის, აქ რომ ვარ. ჯერ ძლივს დავითანხმე, ბავშვის სოფელში დატოვებაზე და ახლა ამ პიანინოს ამბავიც, როგორმე უნდა... 
- იქნებ, არც კი ახსოვს? ვერც იცნოს?
- შეიძლება. - ფიფომ თავი დაუქნია. - მიმის გულის ტკენა, ნამდვილად არ მინდა, მაგრამ არც ბიჭს მინდა გული დავწყვიტო. თქვენ მართლაც არ იცით, რამდენი მაძებნინა, სად არ ვიყავით, როგორი არ გვაჩვენეს და სულ უარზე იდგა. აქ კი, დანახა თუ არა, მაშინვე თვალი დაადგა.
- იქნებ სჯობდეს, ჯერ არაფერი უთხრა მიმის?
- რა ვიცი. - მხრები აიჩეჩა ფიფომ.
- ტყუილში ცხოვრება, მართალია კარგი არ არის, მაგრამ საქმე როცა ბავშვს ეხება. - განაგრძო კაცმა. - ეჰ, საქმე როცა სათუთ გულს ეხება, მაშინ შეიძლება დროებით გადადო ის ნერვების ამწეწი სიმართლე და როცა, ან თუ კი საერთოდ ჩათვლი საჭიროდ, როცა ამის დროც და შესაფერისი მომენტიც იქნება.
- ალბათ, მოგვიანებით დავისვამ და მოვუყვები ყველაფერს! თუმცა მოსაყოლიც, ბევრი არაფერია და მართლაც არ ვიცი, რა ძალამ და რატომ მომიყვანა იმ დღეს აქ.
- მთავარია, შენ თვითონ უნდა მოუყვე. შეიძლება მოგვიანებით, სულ სხვისგან გაიგოს, სხვანაირად გაიგოს. ეჰ, ენას ძვალი არა აქვს!
- ამისთვის, კბილები გვაქვს. - ფიფომ ხუმრობა სცადა.
- იცი, ადამიანი როდის სწავლობს ენაზე კბილის დაჭერას? როცა უკვე კბილები აღარ აქვს. - მოხუცს გაეცინა.
ფიფოც აჰყვა სიცილში.
- კარგი ბიჭი ხარ, შენ! კარგი. - კაცმა მრავალმნიშვნელოვანი მზერა მიაპყრო სტუმარს, თუმცა საუბარი, აღარ გაუგრძელებია. 
ფიფო ხვდებოდა, კაცს კიდევ რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ არაფერს ამბობდა ან ვერ ამბობდა. ან კიდევ...
„იქნებ, უნდა რომ მკითხოს?
მაგრამ მე ხომ, არაფერი ვიცი! მართლა არაფერი ვიცი მასზე და როგორ ავუხსნა? როგორ დავარწმუნო, რომ მე...“
- ბიჭი, როდის უნდა ჩამოიყვანო? - ფიქრებიდან მოხუცმა გამოარკვია და გაუხარდა კიდეც, რომ თემასაც გადაუხვია.
- ხვალ ვაპირებ და ბარემ დღეს მინდოდა მომესწრო, პიანინოს გადატანა. 
- ჯერ რა გეჩქარება? მაინც ჯერ კიდევ, კარგი ამინდებია. ცოტაც გააჩერე, თბილი შემოდგომაა. 
- სკოლაში შედის წელს და ბარემ მოვემზადებით. - გაუღიმა ფიფომ.
- ჰოო! აბა მაშინ, დაკავებული ყოფილა, სადღა მოიცლის სარბენად. - გაეცინა მოხუცს. 
- ისე, არ უნდა წამოსვლა, ძალიან მოეწონა იქაურობა და ისეთი. - ფიფო შეყოვნდა. - რაღაც სხვანაირი დამხვდა, თითქოს უფრო გაზრდილი და...
- გამოიწრთო. ალბათ სულ თან დაგყავდათ. სულ დედის კალთას იყო მიჩვეული.
- ჰოო. უფრო დავაჟკაცებული მეჩვენა.
- ეს კარგი საქმე გააკეთე. ბავშვის სული, პატარა ასაკში ყალიბდება, მერე კი იწყებს განვითარებას, მაგრამ მაინც საწყისი წყარო, მისი ბავშვობაა.
- ჰო, რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა ფიფომ. - მართლაც ისე დაემთხვა ჩემი მკურნალობაც, რომ ან იქ უნდა გატანჯულიყო კლინიკაში ლოდინით, ან მარტო ბებიებთან ერთად წასულიყო, ისინი კი ისეთი იზოლაციაში ამყოფებდნენ, ბავშვს არაფერი დაემართოსო, რომ...
- აბა მოხუცებთან ახალგაზრდობა, როგორ გაერთობა? ყველას თავის ჭკუის ურჩევნია.
- ძანესთან ძალიან მოსწონს. მშვენივრად ერთობა.
- კარგად შეეწყვნენ ერთმანეთს, მაგრამ ძანე ძალიან მაფიქრებს.
- ხომ კარგადაა? 
- ადრე, საერთოდ არაფერზე არ ჰქონდა რეაქცია, ახლა კი საშინლად აგრესიული გახდა და საოცრად გადამეტებულად ამჟღავნებს. 
- ვინმეს დაუშავა რამე? - ფიფოს ხმაში, ცოტა შეშფოთებაც დაეტყო. 
„დიმეოზე, ხომ არ იეჭვიანა?“
გაიფიქრა მაშინვე.
- არა, ბიჭისთვის არაფერი დაუშავებია. - თითქოს, ფიქრებს მიუხვდა მოხუცი. - კონკრეტულად, არც არავისთვის არაფერი დაუშავებია, მაგრამ სულ ოდნავადაც, დიმისთვის ვინმეს ხმა რომ აეწია, თუნდაც თამაშის დროს, ან ბურთი მესროლე, ან რამე მსგავსი, ძანე ბრაზდებოდა და თან საშინლად. ეგონა, რომ ჩაგრავდნენ და ყველა ბავშვს მუშტს უღერებდა, თვალებს უბრიალებდა.
- იცავდა, ყველაზე უმცროსს. - გაეცინა ფიფოს და გულზეც მოეშვა.
- იცავდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ისეთი საშინელი თვალები და გამოხედვა ჰქონდა იმ დროს, რომ მართლა ვშიშობდი, ვინმესთვის არ ევნო.
- ასაკი აქვს ასეთი, უკვე დიდი ბიჭია და თავისებურად გამოავლინა დაცვის სისტემა. 
- მართალია, ყველანი გაფრთხილებულნი იყვნენ, მაგრამ მაინც. ყოველთვის ჩვენ ხომ არ ვეყოლებით და შეიძლება, ისეთ სიტუაციაში მოხვდეს, რომ...
- მაგაზე არ იდარდოთ. - გაამხნევა ფიფო. - ბიჭები დაძმობილდნენ და მიხედავენ ერთმანეთს. ხომ ნახეთ? ჯერ უფროსი იცავს, მერე გაიზრდება პატარა და ის დაიცავს.
- ჰო, შვილო, ჰო. 
ზუსტად ეს საკითხი აწუხებდა მოხუცს, ჩვენ რომ აღარ ვიქნებით, ძანეს რა ეშველებაო, მაგრამ ახლა დამშვიდდა. ფიფო არ ჩანდა ისეთი კაცი, რომ ეს ბიჭი, ასე ბედის ანაბარად მიეგდო. 
ფიფო გაბრწყინებული დაბრუნდა სახლში. დიმეოს ნანატრი ინსტრუმენტიც, მის სამეცადინოდ მოწყობილ ოთახში დააბინავა და ახლა მიმის სამსახურიდან მოსვლას უნდა დალოდებოდა. ჯერ კიდევ არ იცოდა, როგორ და რა ფორმით უნდა შეეპარებინა მიმისთვის, იმ ძველი ნაცნობი პიანინოს სახლში შემოტანა, თუმცა მიმისაც ბევრი რამ ჰქონდა ფიფოსთვის ასახსნელი. ჯერ ის რომ უკვე პასუხის ყველა ვადა იყო ამოწურულიც და გადამეტებულიც და მერე, რას მალავდა იმ სეიფში ასეთს? ყველაზე მეტად, ახლა ეს აწუხებდა ფიფოს.
LEX. 2019 წლის 14 სექტემბერი, შაბათი.

No comments:

Post a Comment