Monday, August 5, 2019

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 17)

17.
გალეომ ბევრი ირბინა, ვაჩეს სახლის პრობლემებზე, მაგრამ ვერაფერი მოახერხა. მოხუცები კი ადასტურებდნენ თანხის აღებას, მაგრამ იმასაც ამტკიცებდნენ, რომ ფულის დიდი ნაწილი, უკვე რძალს გადავეცითო. მყიდველიც თავისთავად, თანხის უკან დაბრუნებას ითხოვდა, სარჩელი უკვე სასამართლოში იყო შეტანილი და ყველა ამ დავიდარაბიდან, ერთადერთი სასიკეთო ის იყო, რომ ბინის მყიდველი, უშუალოდ, მოხუცებისგან მოითხოვდა თანხას და არა, ვაჩეს დედისგან.
თანხა კი, როგორც ჩანდა, ასე ადვილად არ დაბრუნდებოდა და ისევ, იმ გასაცოდავებულ ოჯახს მოუწევდა, ბინის დატოვება.
- სასამართლო, მოხუცებს კი დააკისრებს, გაყიდული სახლის წილის დათმობას, მაგრამ... - გალეომ პირი უკმაყოფილოდ მოწკურა.
- მაგრამ დაგვეხარჯაო, არა? - ცინიკურად ჩაეცინა ფიფოს.
- თანხის აღება, ოფიციალურად დადასტურდა, მაგრამ წილის გადაცემა, არ დასტურდება. ვაი-ვიშით კი მოთქვამენ, მივეცითო და... - გალეო გაჩუმდა.
- ჰოდა, რადგან არ დასტურდება, მაშინ ის მეორე წილი უნდა დათმონ, რომლის გადაცემასაც, ოფიციალურად დაესწრება, რამდენიმე მოწმე!
გალეომ არაფერი უპასუხა.
- მიმი! ნაყინი ხომ ამოიტანე? - მოულოდნელად მიუბრუნდა ფიფო, მიმის.
- ვაი, არაა. - შეწუხდა მიმი. - მაცივარში არის დარჩენილი და აღარც მიფიქრია, დამატება.
- მარტო მე ხომ არ შევჭამ? - ჩაიდუდღუნა ფიფომ და მიმის ფარულად გახედა.
იყო რაღაც ამ მზერაში ისეთი, რაც მიმიმ დაიჭირა, თუმცა კონკრეტულად, ვერ მიუხვდა, მაგრამ სწორად განსაზღვრა, ფიფო მიმის, ოთახის დატოვებას სთხოვდა, მაგრამ რატომ? რა იყო იმაზე მეტი საიდუმლო, რაც იქ ითქვა და რაც მიმიმ მოისმინა.
- ჩავალ, ამოვიტან! - წამოიძახა ვაჩემ.
- მიმი შენც ჩაყევი, რაა! კიდევ რაღაცას დაგავალებ. - მუდარით გახედა ფიფომ.
- მე ამოვიტან ყველაფერს! - უკან არ იხევდა ბიჭი.
- სიგარეტს, შენ არ მოგყიდიან და არც სასმელს, ერთად წადით! - ფიფომ მიმის, თვალი თვალში გაუყარა.
- წავიდეთ მაშინ ჩვენ, ერთად! - მიმი არც დაბნეულა, სწრაფადვე აუღო ალღო.
ახლა უფრო ზუსტად მიუხვდა. ფიფოს, ბიჭის გაყვანა უფრო უნდოდა ოთახიდან, თორემ სახლში, სასმელიც იყო და სიგარეტიც, მიმიმ წინა დღით, მთელი ბლოკი ამოუტანა.
- ისა და, მიმი! - ფიფომ კარში გასული მიმი შეაყოვნა. - შამფურები კიდევ გაამზადე რაა, ბავშვიც მოვა მალე ბაღიდან და მძღოლსაც ვეტყვი, ამოვიდეს.
მიმიმ ისევ ამოიკითხა ფიფოს მზერაში, რაღაც იდუმალი და ახლა უკვე, მშვენივრადაც მიუხვდა.
- მოკლედ, ასეე! - დაიწყო ფიფომ, როგორც კი მიმი და ვაჩე გავიდნენ. - მოხუცებს ფულს, ასე ადვილად ვერ გავაგდებინებთ, ამიტომ სხვა სტრატეგიაა საჭირო! - ფიფომ სიგარეტი ჩასრისა და საფერფლე გვერდით გადადგა. - უნდა მივიყვანოთ ბანკში და პენსიები წინასწარ ავაღებინოთ, სწორედ იმდენი, რამდენიც უნდა გადაუხადონ რძალს.
- ჰმ, მშვენიერი აზრია, მაგრამ დათანხმდებიან?
- მაშინ დადონ ის გადამალული თანხა! თუ არა და სახელმწიფო, ოფიციალურად დააკისრებს ვალის გადახდას და პენსიიდან ჩამოაჭრის ისე, რომ შეიძლება, რამდენიმე წელი, საერთოდ ვერც აიღონ!
- ჰო, მაგრამ სანამ ეგ ოფიციალურად მოგვარდება, დრო იწურება და ბავშვები გარეთ რჩებიან.
- მერე? - ჩაეცინა ფიფოს. - ცოტაც რომ ვიეშმაკოთ, მგონი ამით, არაფერი დაშავდება.
- და როგორ?
- სანამ მართლა კანონიერად და ოფიციალურად მოთხოვენ პენსიიდან ვალის დაფარვას, ჩვენ ცოტა, წინ გავუსწროთ მოვლენებს.
- ჰმ, და მერე სახიფათო არ იქნება ჩვენთვის?
- და ვინ რას გაიგებს? მთავარია მოხუცები ცოტა, აი სულ ცოტათი დავაშინოთ, რომ ვითომ სასამართლომ, ასეთი გადაწყვეტილება უკვე მიიღო. მერე ან ისე ჩამოყაჭონ მაყუთი, ან მართლაც, პენსიებიდან კრედიტები აიღონ!
- მაინც ცოტა სარისკოა, რომ გაასაჩივრონ?
- და მერე სად უნდა გაასაჩივრონ? ის საჩივარიც ხომ ჩვენს ხელში გაივლის?!
- რა ვიცი, მაინც...
- ბიჭო, შენ რა გჭირს? - ჩაეღიმა ფიფოს. - ჯერ სიტყვიერად ავუხსნით, ამ საქმის ვითარებას და თუ არ უნდათ, რომ სულ პენსიის გარეშე დარჩნენ, ცოტათი თავიც შეიწუხონ!
- ესე იგი, ჯერ სიტყვიერად, რომ ვუთხრა?
- ჰო, რა! ამაზე ვერც შარს მოგდებენ, რადგან თუ რამეა, შენ იტყვი, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ვერსია იყო და მიდი და დაგიმტკიცონ მერე ასე გითქვამს, თუ ისე! - ჩაეღიმა ფიფოს.
- მშვენიერი აზრია!
- და თუ უკან დაიხევენ, მართლა შეიძლება მაგის გაკეთება, ისე რომ იცოდე!
- მაგასაც ბევრი დრო დასჭირდება. - გალეომ ამოიხვნეშა.
- მერე დასჭირდეს, რა! - მხრები აიჩეჩა ფიფომ. - თუ გამოსახლებაზე მიდგა საქმე, დროებით სადმე მოვათავსებინებ დედას და ბავშვებს.
ფიფო სადღაც, ფანჯრის მიღმა იყურებოდა, დეტექტივი მიუხვდა, ფიფოს უკვე ყველა ვარიანტი ჰქონდა განხილული და ახლა ამ ვარიანტების მოსინჯვა კი, მას თავად ევალებოდა.
თუმცა, მაინც სადღაც გულში ბრაზდებოდა ხოლმე, მაინც ბოლო მომენტამდე, რატომ არ უმხელდა ფიფო ყველაფერს.
- შენ უკვე, ადგილიც შერჩეული გექნება? - არ დააყოვნა კითხვა გალეომ.
- და არა ერთი! - გაეცინა ფიფოს. - ან ისე გამოვა ან ასე, რაც მთავარია, უკან არ დავიხევთ და გამოვიყვანთ მე და შენ!
- ჰოო. - თავი დაუქნია დეტექტივმა და კონიაკი მოწრუპა.
- ესეც ასე! - ჩაეღიმა ფიფოს.
- და შენსკენ, რა ხდება? - ფეხზე მიანიშნა გალეომ.
- წარმოდგენა არ მაქვს! ამ პასუხების მოლოდინში, გული გამიწვრილდა. ასე მგონია, მთელი ცხოვრებაა აქ ვწევარ! და ამიტომ, შენ უნდა მიხედო ამ საქმეს! მიყევი ბოლომდე!
- ჰო, აბა რა!
- რადგან, ნებით თუ უნებლიეთ, პასუხისმგებლობა ავიღეთ ამ ოჯახზე, როგორც შეგვიძლია და როგორც ჩვენი ადამიანობა მოითხოვს, ისე უნდა დავეხმაროთ! თუმცა... - ფიფომ ამოიხვნეშა. - მსგავსი ოჯახები და უამრავი პრობლემები ბევრს, ძალიან ბევრს აქვთ, მაგრამ თუნდაც, ერთი მაინც გამოვგლიჯოთ, უსამართლობის კლანჭებს!
- მივხედავ, ყველაფერს მივხედავ!
- ჯერ მაგ ხაჭაპურს მიხედე და მერე. - გაეცინა ფიფოს.
თუმცა ფიფოს სიცილი, მიმის ხმამაღალმა კისკისმა გადაფარა. ფიფომ ყურები ცქვიტა, მაგრამ თავისი კაბინეტიდან შეუძლებელი იყო გაეგო, რაზე საუბრობდნენ სამზარეულოში, ვაჩე და მიმი.
- მიმი! - ხმამაღლა გასძახა ფიფომ და თან, დეტექტივს გადაუჩურჩულა. - ვაჩეც, თუ შემოჰყვა, ორი წუთით, ოთახიდან გაიყვანე, რაა.
ფიფოს და გასახარად, მიმი მარტო შემოვიდა.
- მიმი, შემოგევლე. რამდენიმე ცალი შამფურიც გაამზადე, ვაჩეს გავატანოთ და ჩვენთვისაც თუ გაიმეორებ, საუკეთესო გოგო იქნები, მთელს დედამიწის ზურგზე!
- ვიქნები კი არა და, ვარ! - გაეცინა მიმის.
- ჰო, ისედაც ხარ, აბა რაა! - თვალი ჩაუკრა ფიფომ. - და ახლა უფრო მეტად იქნები!
მოგვიანებით, როცა ყველა სტუმარი წავიდა, ბავშვმაც დაიძინა და მარტონი დარჩნენ, ფიფოს ისევ უნდოდა იმ საუბრის წამოწყება, რომლის პასუხსაც, ასე მოუთმენლად ელოდა და დროც იწურებოდა. მიმის, დიმეოს დაბადების დღეზე უნდა გაეცა პასუხი და საბოლოოდ უნდა გადაწყვეტილიყო, მათი მომავალი ცხოვრება.
- მგონი, უკვე დამიცხრა ფეხი. - ფიფო ფეხს ათვალიერებდა და თან საუბრის დასაწყებად, შესავალს აკეთებდა.
- კი, ბევრად უკეთ გაქვს. - დაუდასტურა მიმიმ. - ვაიმე, გული კინაღამ გამისკდა, მაშინ რომ დავინახე.
- უჰ, არ გამახსენო. - ამოიხვნეშა ფიფომ. - მაშინათვე პირველი ის გავიფიქრე, რომ დიმეოს დაბიდუბს გამოვტოვებდი და ვერც შენ მოგთხოვდი პასუხს, მაგრამ გადავრჩით სამივე. - ჩაეცინა ფიფოს.
- ჯერ მაინც, ნუ დადგები ფეხზე! გაუფრთხილდი, სანამ პასუხები მოვა.
- მოვიდეს, მერე! კი არ მეშინია, მაგრამ დიმის დაბ დღეზე ფეხზე, რომ უნდა ვიდგე, ეგ ვიცი!
- ჰო, მაგრამ...
- არავითარი, მაგრამ!
- ისეთი პასუხი, რომ იყოს, რომ... - მიმიმ წაიკრუსუნა და გაჩუმდა.
- რანაირიც არ უნდა იყოს, ბავშვს ვერ გავაწბილებ და ფეხზე უნდა ვიდგე! ერთი დღე, არაფერს არ წყვეტს!
- მაშინ შეეცადე, დიდ ხანს მაინც არ იდგე ფეხზე.
- კარგი. - ჩაეღიმა ფიფოს. - ვეცდები, მაგრამ ეს პასუხებიც, ასე რატომ იგვიანებს? იქნებ, დამერეკა და შემეხსენებინა.
- ალბათ, ასეა საჭირო. კარგად უნდათ, რომ გამოიკვლიონ. - მიმიმ, აშკარად აარიდა თვალი, რაც ფიფოს არ გამოჰპარვია.
- რას მიმალავ? - ისე უცებ მიახალა ფიფომ, რომ მიმი შეკრთა.
- რას უნდა გიმალავდე? - არ დაიბნა მიმი.
- რა ვიცი, აბა? ისეთი დამფრთხალი თვალებით მიყურებ. - ისევ გაეცინა ფიფოს.
- ვნერვიულობ და აბა, რა იქნება? - ამოიხვნეშა მიმიმ და მაინც აარიდა თვალი და ოდნავ თემიდან გადახვევასაც შეეცადა. - როგორი კარგი ბიჭია ვაჩე და ახლა როგორ მრცხვენია, მთელი კვირა რომ, სახლში არ ვუშვებდი.
- ჰო, ეგ მეც მეწყინა! უფრო სწორად, შენგან გამიკვირდა.
- შენ გიფრთხილდებოდი, არ მინდოდა ფეხზე წამომხტარიყავი, თორემ განა ის ბავშვი არ მეცოდებოდა, მაგრამ რა ვიცოდი თურმე, რა დღეში ყოფილან.
- ჰო, მართლაც, მძიმე მდგომარეობაა. - ამოიხვნეშა ფიფომ.
- და არაფერი ეშველება?
- ამ ეტაპზე ასე ჩანს, რომ ქუჩაში რჩებიან. - ფიფო წამით შეყოვნდა. - დროებითი თავშესაფარიც, რომ მოვუძებნო, სადამდე გაგრძელდება ეს დროებითობა, არც ეგ ვიცი.
ფიფომ სიგარეტს მოუკიდა. ერთ ხანს, უხმოდ უშვებდა კვამლს, მერე ჩაფიქრებული ხმით დაიწყო:
- რაღაც პერიოდი, ისიც კი გამკრა გულში, რომ დროებით, აგარაკზე შეგვეშვა, მაგრამ არ გამოვა მასე. - ფიფო გაჩუმდა.
მიმიმ აშკარად, უხერხულად შეიშმუშნა.
- ბავშვებია, იცელქებენ, რამეს დალეწავენ და... - გაეცინა ფიფოს.
- არა, მაგაზეც არ არის, უბრალოდ...
- ჰო, უბრალოდ, ასე ადვილად ვეღარ ეტყვი მერე, დამიცალეთ სახლიო, მაგათი ამბავი კიდევ ვინ იცის, როდის მოგვარდება.
მიმიმ უკმაყოფილოდ დაბრიცა ტუჩები და ცოტა წამოწითლდა კიდევაც. ფიფო, პასუხის მოლოდინში, სახეში ჩააშტერდა და თავის ოდნავი დაწევით მიანიშნა, ამოღერღე სათქმელიო.
- იცი? - ენის ბორძიკით დაიწყო მიმიმ. - გაყიდვას ვაპირებ, ადრეც ვაპირებდი და უცებ მყიდველიც გამოჩნდა და...
- მიმი, ეგ აგარაკი, შენი იყო ისედაც და გინდა გაყიდი და გინდა არა. - გაეღიმა ფიფოს, თუმცა მაინც ვერ მიმხვდარიყო, რას ებოდიშებოდა მიმი საკუთარ, მამისეული აგარაკის გაყიდვაზე.
- ბარემ მეორეც გაიყიდა უცებ, და...
- მერე, რა? მაინც იშვიათად ავდიოდით იქ.
- თან, იმდენჯერ გაიქურდა, იმდენჯერ გისოსები გამოგლიჯეს კედლებს, რომ უკვე გული აღარც მიმდიოდა იქითკენ. დასასვენებლად მაინც ისეთ ადგილებს ვირჩევთ, სადაც ნორმალური სასტუმროებია.
- ჰოდა, ძალიანაც კარგი, თუ გაყიდე! ტყუილად ზედმეტად განიცდიდი, იმ სახლების გატეხვას. დაიცა ცოტა, წამოვდგები ფეხზე და შევარჩიოთ უფრო მაგარი ადგილები.
- ჰოდა, ბარემ ჩემი სამსახური დააპროექტებს და აგვიშენებს კიდევაც! - გამოცოცხლდა მიმი.
- ძალიან კარგიიი. - ფიფომ სიტყვა, ზომაზე მეტად გაწელა. - ეს კარგიიი, ძალიან კარგი, მაგრამ ან რატომ მიმალავდი, ან რატომ გეგონა, რომ შენივე საკუთარი აგარაკების გაყიდვას დაგიშლიდი?
- რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - უბრალოდ, უცებ დამჭირდა! კრედიტის აღებაც თავისუფლად შემეძლო, მაგრამ ზედმეტ ხარჯსაც მოვერიდე და თანაც, მაინც აღარ ავდიოდით, არც ერთში და აღარც მეორეში.
- მთავარია, ხომ მოაგვარე პრობლემა და კიდევ ხომ არ გჭირდება დამატება? - ჩაეკითხა ფიფო, რომელსაც ერთი სული ჰქონდა გაეგო, რაში დასჭირდა მიმის, უცებ ამხელა თანხა.
მიმიმ არაფერი უპასუხა, ფიფო უკვე, ვეღარ ითმენდა.
- თუ გინდა, მომიყევი. - ჩაეღიმა ფიფოს. - თუ, რა თქმა უნდა, მენდობი.
- გადაწყვეტილება მივიღე და უკან არ დავიხევ! - გამოაცხადა მიმიმ. - უცხოეთში წავალთ და იქ გაიკეთებ ყველა გამოკვლევას და როგორც საჭირო იქნება, ისე მოვიქცევით.
- აუ, კარგი, რა მიმი რააა! - იწყინა ფიფომ. - უკვე სულ დამიცხრა, ზედმეტად მქონდა დაჭიმული, რადგან ბევრი ვიარე იმ დღეს და სულ ეს იყო! ახლა კიდევ, მაგის გულისთვის, ორი აგარაკის გაყიდვა, ღირდა? ბოლო-ბოლო, კრედიტს ავიღებდი, კარგი რა მიმი, რააა მართლა, ხომ იცი, არ მიყვარს ასეთი რამეები.
- უკვე ყველაფერი მზად მაქვს და თუ შენი ნებით არ წამოხვალ, დაგაძინებ და ისე წაგიყვან!
- ჰა! ჰა! „ტრუპის პონტში“ უნდა ვიმგზავრო!
მიმის ცალყბად ჩაეღიმა.
ფიფომ სიცილი შეწყვიტა და მიმის, ცოტა არ იყოს, მკაცრი ტონით მიმართა:
- არ მიყვარს, ასე უკითხავად, რომ აკუნტრუშდებიან, ჯერ ჩემთვის უნდა გეკითხა.
- რატომ, ბრაზობ ფიფო? სესხი, ხომ არ ამიღია? ის აგარაკები გავყიდე, სადაც წლიდან წლამდე, ან ჩავდივართ და ან, არა! - გაწიწმატდა მიმი. - ვიცოდი არ გაბრაზდებოდი და ამიტომაც, არ გითხარი.
- და სხვა რამეში მოგეხმარა მერე ის ფული! ჯერ მე უნდა მკითხო, მინდა საერთოდ მკურნალობა?
- რა უნდა მეკითხა? - გაწიწმატდა მიმი. - როგორ ფიქრობ? ჩემთვის ადვილია იმის ყურება, რომ აქ ფეხს როგორ მოგაჭრიან?
- რაა?
- ჰო! აქაური პასუხებით ასეა! არ გითხარი, ვიცოდი მაინც... - მიმის თვალები აუცრემლდა.
- ჩემი ნებაა! მინდა მოვიჭრი და მინდა, არა! - დაიბოღმა ფიფო.
- ჰოდა, ყველაზე საუკეთესო ვარიანტია უცხოეთში, ბარემ იქ ჩავიტაროთ გამოკვლევა და საბოლოოდ, ზუსტი პასუხიც მივიღოთ!
- კი მიმი, მაგრამ... - შეწუხდა ფიფო.
- რა მაგრამ? მე რომ დამჭირდეს და შენ რომ გქონდეს, ორი გამოუყენებელი აგარაკი, რა არ გაყიდი? - მიმიმ თვალებში ჩახედა.
- როგორ არ გავყიდი! სახლსაც მივაყოლებდი და თავსაც, მაგრამ...
- არავითარი, მაგრამ!
- მიმი! მე არც იმდენად ბრიყვი ვარ, რომ დავიჯერო, იმ ორი აგარაკის ფული, საკმარისი იქნება, მაგრამ დანარჩენს, საიდან იშოვნი? არ მინდა ვალებში, რომ ჩაგაგდო და ჩემი გულისთვის...
- მამიდაც და დედაც მეხმარება. - მიმი წამით გაყუჩდა. - შენი ნათლიაც შემპირდა და თანაც, ცოტას დაზღვევაც წაგვეშველება.
- ესე იგი, ყველამ იცის და მე, ჭურში ვზივარ? - იწყინა ფიფომ.
- დარწმუნებული ვარ, შენც ჩემი გულისთვის, იგივეს გააკეთებდი და... კარგი, რაა! მოვრჩეთ! მივდივართ და მორჩა!
- როდის მივდივართ? სამსახურში უნდა გავაფრთხილო.
- გითხარი უკვე, ნათლიაშენი მიხედავს მაგ ამბებს, ბიულეტენი, ხელფასიანი, თუ უხელფასო შვებულებას, ყველაფერი მოაგვარებს. ბავშვიც მომყავს თან, ბაღი როგორც კი მორჩება, წავალთ და იცი, რა მინდოდა, კიდევ? - მიმი წამით შეყოვნდა. - ის შენი მეგობარი ქირურგიც მინდა, რომ წამოვიდეს, ის უფრო გაარკვევს რა და როგორ? ხარჯებს მე ავანაზღაურებ, არ არის პრობლემა.
- კი, მაგრამ ასე რამდენად გაიყიდა აგარაკი, რომ... - ჩაეცინა ფიფოს. მშვენივრად ხვდებოდა, მიმი რაღაცას ცუღლუტობდა, მაგრამ ამ ეტაპზე, მაინც ვერ გამოტეხავდა, თუ საიდან შესძლო, ამხელა თანხის შოვნა.
- ხომ გითხარი, კარგი მყიდველი გამოჩნდა და უცებ გადავწყვიტე! მოთხოვნა უკვე გაგზავნილია და ჩვენი რიგი, სადღაც თვის ბოლოსკენ მოგვიწევს, ზუსტად დიმეს დაბადების დღესაც მოვილევთ და ზაფხულიც მოვა!
- ისე, ცოდოა ბავშვი, წელს სკოლაში შედის და მთელი ზაფხული, ჩემს გამო, კლინიკაში უნდა არბენინო?
- აბა რა ვქნა? დავტოვოთ ბებიებთან?
- დარჩება, მერე?
- საქმეც მაგაშია!
- აუ, საწყალი. - ჩაეცინა ფიფოს. - ჯერ დედაჩემი გაუბურღავს ტვინს და მერე მამიდაშენი, ხომ საერთოდ.
- არც დედაჩემია ნაკლები, მოკლავს ჭამით. - ეცინებოდა მიმისაც.
- კარგი, მაშინ წავიყვანოთ! - ფიფომ სიგარეტს მოუკიდა. - სანამ შენ გაასეირნებ, მე იქ ჩვენი ქირურგიც მეყოფა, მაგრამ რომ ვერ წამოვიდეს?
- ამიტომაც გითხარი, შენ უნდა სთხოვო. თან ხარჯების პრობლემა, არ ექნება, ჩვენ მიგვყავს და ჩვენ ჩამოვიყვანთ. ჩემგან შეთავაზება, შეიძლება ეუხერხულოს კიდევაც.
- ჰო, ჰო და შენ კი მანამდე ის პასუხი მაღირსე, რასაც ამდენი ხანი ველი! - მიახალა ფიფომ.
მიმი ცოტა არ იყოს, შეკრთა.
- ნებისმიერი შენი პასუხი, არასდროს იმოქმედებს ჩვენს მეგობრობაზე, ესეც დაიმახსოვრე. - დაუმატა ფიფომ.
- იცი, რა ვიფიქრე? - მიმიმ ყურადღების გადატანა სცადა. - სადმე, ქალაქგარეთ, რომ ვუქირავოთ ვაჩეს ოჯახს, სახლი. თან ზაფხულია, ბავშვებიც ჰაერს გამოიცვლიან, მანამდე კი იქნებ, აღირსონ და დაუბრუნონ კუთვნილი წილი.
- მშვენიერი აზრია და მაინც, სად?
- სადმე, თუნდაც ნებისმიერ სოფელში, სააგარაკო და საკურორტო სიტუაციაში ძვირი დაჯდება, მაგრამ ნებისმიერ სოფელში ბავშვებისთვის, კარგი იქნება.
- მაშინ, დიდი ეზო უნდა იყოს და არც თუ ისე გაფხეკილი სოფელი.
- ჰო, რა თქმა უნდა! მე თვითონ შევურჩევ, შენ მაგაზე ნუ იწვალებ. - დაასრულა მიმიმ და ამოისუნთქა.
ფიფო მშვენივრად მიუხვდა, მიმი რომელ სოფელსაც გულისხმობდა და მის პატარა ეშმაკობაზე, ეღიმებოდა. გადაწყვიტა, ხმა არ ამოეღო, მაგრამ ვეღარ მოითმინა.
- მე, ყველაფერი ვიცი. - დაიწყო დაბალი ხმით ფიფომ. - ჰო, ვიცი. რა გაგიკვირდა?
მიმის, მიტკლისფერი დაედო, ხმა ვეღარ ამოიღო.
- ისე, დიმეც ხომ არ დაგვეტოვებინა იმ სოფელში? - განაგრძო ფიფომ. - ხან ერთი ბებია ააკითხავს და ხან მეორეც და მესამეც.
- რა ვიცი. - წაილუღლუღა ნირწამხდარმა მიმიმ.
- გარემოსაც გამოიცვლის, ჰაერსაც, ცოტა იქაურობასაც შეეგუება, ბოლოს და ბოლოს, ახლობლები არიან და ხომ უნდა იცნობდნენ, ერთმანეთს?
მიმი ახლა სულ გაფითრდა.
- ჰო მასეა! მიმი, მასეა! მართლა იმაზე მეტი ვიცი, შენ რომ გგონია და არ მკითხო, საიდან. პროფესია მაქვს ასეთი, გამოუძიებელი, არაფერი უნდა დამრჩეს. - ღიმილით ჩაუკრა თვალი.
და მიმიმაც ცოტა შვებით ამოისუნთქა.
- ისე, ჯერ ჩვენ ავსულიყავით, დაგვეხედა იქაურობისთვის, იქნებ არ უნდა იმ ხალხს, ზედმეტი ჟრიამული?
- აბა შენ, ამ ფეხით, როგორ წამოხვალ? - ამოიდგა მიმიმ ენა. - მე მივხედავ.
- ფეხით, ხომ არ უნდა ვიაროთ? მანქანის პრობლემაა. 
მიმი დაეთანხმა, მაგრამ სახეზე მაინც, უკმაყოფილება ეწერა.
- ხვალვე ავიდეთ! - ფიფოს ხმა მტკიცედ ჟღერდა. - რაღას ველოდოთ?
- მე წავიდოდი, შენ რაღატომ უნდა იწვალო?
- ფეხის დადგმა უკვე შეიძლება, მაგრამ უნდა მოვერიდო. მანქანამდე მაინც, უპრობლემოდ ჩამოვალ!
- ჰო, კარგი, მაგრამ იქნებ, არ მოისურვოს ვაჩეს დედამ სოფელში და...
- მაშინ, თვითონ ნახოს, უკეთესი გამოსავალი! ამხელა ქალმა, ცოტა უნდა იაზროვნოს! ამდენი შვილები, რომ დაჩეკა, არ უნდა ეფიქრა მათ მომავალზე?!  სახლის მემკვიდრეობაზე! თუნდაც, თავის დროზე ეზრუნა, მაგრამ სულელი და ჩურჩუტი ყოფილა.
- ჩვენ შევთავაზოთ და თუ არ უნდათ, და ნუ უნდათ! ცენტრში ბინას, ვერ ვუყიდი და არც ვუყიდი!
- არც ცენტრში და არც გარეუბანში! იყვნენ სოფელში ამ ზაფხულს და იბრძოლონ, ფულის დაბრუნებაზე, გალე მიხედავს მაგ საქმეს, სარჩელსაც შეატანინებს და ყველაფერში დაეხმარება!
- ჰო, ზაფხულში, ქალაქში ყოფნა, საშინელებაა.
- ამიტომაც საინტერესოდ დალაგდა სიტუაცია და გამოიყენონ! - ფიფომ დარჩენილი კონიაკი მოწრუპა და კიდევ გაიწია დასასხმელად.
- ნუ სვამ ამდენს. - მშვიდი ხმით შეაპარა მიმიმ.
ფიფო ღიმილით დაეთანხმა და ბოთლს ხელი უშვა.
LEX. 2019 წლის 14 ივლისი, კვირა.

1 comment:

  1. გსურთ თირკმლის ყიდვა თუ გსურთ თირკმლის გაყიდვა? თქვენ ეძებთ შესაძლებლობას, რომ გაყიდოთ თქვენი თირკმელი ფულისთვის, ფინანსური დაშლის გამო და თქვენ არ იცით რა უნდა გააკეთოთ, შემდეგ დაგვიკავშირდით დღეს და ჩვენ შემოგთავაზებთ კარგ თანხას $ 500,000 დოლარი თქვენი თირკმელისთვის. ჩემი სახელია ექიმი კლინტ პურვანსი M AM ნევროლოგი ბარტონის მემორიალურ საავადმყოფოში და სპეციალობის საავადმყოფოს შვილობილი კომპანია, ჩვენი კლინიკა სპეციალიზირებულია თირკმელების ქირურგიაში და ჩვენ ასევე საქმე გვაქვს თირკმელების შეძენასა და გადანერგვასთან ერთად საცხოვრებელი და შესაბამისი დონორით. ჩვენ მდებარეობს ინდოეთში, თურქეთში, აშშ, მალაიზია, ინდოეთი.

    თუ თქვენ დაინტერესებული ხართ თირკმელების გაყიდვით ან შეძენით, გთხოვთ, ნუ დააყოვნებთ, რომ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მოცემულ ქვემოთ.


    WhatsApp: +1 (850) 3137832
    E ფოსტა: memorialbarton@gmail.com


    Საუკეთესო სურვილებით.
    მთავარი სამედიცინო ოფიცერი, საერთაშორისო კონსულტაცია.
    დოქტორი პურვანსი მ. Msc.hdpad

    ReplyDelete