14.
- ყოველთვის დამარცხებულად დარჩები, როცა ბოღმას, სხვაზე ანთხევ!
- რა თქმა უნდა! - კვერი დაუკრა ფიფომ, მოძღვარმა. - იმას ებრძვი და იმას სტკენ გულს, ვინც არაფერ შუაშია.
- მარტო უდანაშაულოდ გულნატკენიც არ მიგულისხმია, შვილო. შურისძიებაც ხომ, ბოღმის ნთხევაა? სამაგიეროს გადახდა, ხომ იგივე ბოროტებაა? ბოროტი კაცი კი გამარჯვებული, არასდროს არის!
ფიფომ თავი დაუქნია და შესიებულ ხელის გულზე, ფრთხილად შეიზილა, მამაოს მიერ მიწოდებული, რაღაც შინაური მალამო.
- ფეხზეც დაიზილე, მოგიხდება.
- ეჰ, ამ ფეხს მაინც, არაფერი ეშველება. - ჩაეღიმა ფიფოს.
ძლივს ამოაღწია ბორცვზე მდგარ, პატარა საყდრამდე. უკან არ იხევდა, სულ წინ მიიწევდა. თავისი ძალებით სურდა იქამდე მიღწევა. ფეხი საშინლად სტკიოდა. ხელჯოხით ცდილობდა, ძალა დაეტანებინა. შედეგად კი ხელის მტევანი, ძლიერად დაეჭიმა და ისე დაუბუჟდა, რომ უკვე შეგრძნებაც ჰქონდა დაკარგული.
- ცოტა თითქოს, მომეშვა. - ფიფომ თითების ამოძრავება სცადა.
- მოგეშვება, მოგეშვება. - მოძღვარმა მტკივანი ფეხი, პატარა სკამზე შემოადებინა. - ცოტაც მოითმინე და მოგეშვება. - შარვლის ტოტი წამოუწია და სანამ ფიფო ხმას ამოიღებდა, ფეხსაცმელიც გახადა და ახლა შესიებული ფეხიდან, წინდის გახდას ცდილობდა. ფიფო საშინლად უხერხულობაში ჩავარდა. სულ იბოდიშებდა, ეს როგორ დამემართაო.
- ახლა ცოტას კი დაგიცხრობს, ჩემი მომზადებული მალამო, მაგრამ ამას, მაინც სერიოზული მიხედვა უნდა.
- მივხედავ. - ამოიხვნეშა ფიფომ. - ერთი ქვემოთ ჩავაღწიო და მივხედავ. ცოტა ხნით, კიდევ შეგაწუხებთ და ჩავუყვები მერე, ნელა-ნელა.
- მაგაზე ნუ წუხარ. ვახშამი გამზადდება და ჩვენი ბიჭები, ხელში აყვანილი ჩაგაცუნცულებენ.
- არა, რას ამბობთ! - შეიცხადა ფიფომ. - ამდენი შეწუხება კი არ მინდოდა.
- რა შეწუხებაა, აბა? - გაეღიმა მამაოს. - ასეთი გზა გამოიარე, სუფთა ჰაერზე მოგშივა კიდევაც აბა, რაა.
- არავის დავუნახივარ, ისე ამოვედი.
- შენ არ დაგინახავს, იმათ შეგამჩნიეს. სანამ ამოდიოდი შემატყობინეს, ვახშამზე მოგაკითხავთო. მანამდე კი სანამ ეს ფეხი დაგიცხრება, მომიყევი რაც გაწუხებს.
- ეჰ, რა ვიცი. ისე უცებ მომიარა და ამოვყევი ბილიკს.
- ჰო, შეიძლება უცებაც მოგიაროს, შეიძლება დიდი ხანიაც ფიქრობდე, მაგრამ ამ მთაზე, ისე მაინც არ ამოხვიდოდი. გამიზიარე შენი წუხილი, მოგეშვება მაინც.
ფიფოს ჩაეღიმა. იმდენი რამ აწუხებდა, შინაურიც და გარეულიც, რომ ან საიდან უნდა დაეწყო და ან ყველაფერი, ერთად როგორ უნდა მოეყოლა.
- ისე, ჩემი ბიჭი, აქ მოინათლა. - ცოტა ხნის დუმილის მერე დაიწყო ფიფომ. - ახლა უკვე, ექვსის ხდება.
- ჩვილი მოვნათლეთ? - შეეკითხა მოძღვარი.
- სულ ერთი ციდა იყო. - გაეღიმა ფიფოს.
- აქ უცხო, ჯერ არავინ მონათლულა. ამ სიმაღლეზე, ასეთ უბრალო საყდარში, თანაც ჩვილის მოსანათლად შორიდან, ასე ადვილად არავინ ჩამოდის. - მამაო ფიფოს შესიებული ფეხის ზელვას მორჩა და სახეზე კარგად ჩააკვირდა.
- მე მაშინ ჯერ კიდევ, ეტლში ვიჯექი და ვერც კი ვიოცნებებდი, თუ საერთოდ ფეხზე წამოვდგებოდი.
მოძღვარს ისეთი სახე ჰქონდა, ფიფო ვერ მიხვდა გაიხსენა თუ არა. გაჩუმებას აზრი აღარ ჰქონდა. ფიფომ პირდაპირ შეკითხვას დასმა არჩია.
- ისე, ყოველთვის მაინტერესებდა, ეს სახლი და საერთოდ აქაურობა, საიდან არის პიპასი?
- თუ ყოველთვის გაინტერესებდა, გეკითხა მერე. - გაეცინა მამაოს. - რისი გერიდებოდა?
- ჰო, რა ვიცი. - გაეცინა ფიფოსაც. - რამდენიც გამახსენდა, იმდენი არავინ იყო ისეთი, რომ მისთვის მეკითხა. უბრალოდ, ყოველთვის მიკვირდა, ეს სამოსახლო, ერთი კაცის არის და სულ სხვები ცხოვრობენ და თანაც, ამდენი სული და ამდენი ხანი. ლამის მთელი ცხოვრებაც აქ გაატარეს.
- ეს, ახლა არიან ამდენი, თორემ თავიდან მხოლოდ, ცოლ-ქმარი იყო. ჯვარიც აქ დავწერეთ და ჩემს ხელში იქცა, ასე დიდ ოჯახად, დასახლდნენ და გამრავლდნენ!
- პიპამ დაუთმო ნაკვეთი, თუ?
- რამდენად კარგად იცნობდი პიპას?
„რა იყო ეს, ახლა? რა შეკითხვა იყო?“
გაიფიქრა ფიფომ.
„ესეც, რაღაცას მალავს? ჰო, აბა რაა!
მგონი პიპა, სწორედ მას აბარებდა აღსარებებს, ჰო! თავის ჩადენილ ცოდვებს უზიარებდა და ეზიარებოდა კიდევაც, აბა, რაა...
ნაზიარები და განწმენდილი ცოდვებისგან, ჰაჰ!
აი, ზუსტად ამ მოძღვარს ეცოდინება, ყველა მისი ნამოქმედარი, თუ ეცოდინება.
მდაა, თანაც, ზედმიწევნით ყველაფერი, მაგრამ მეტყვის, რომ?..
ესე იგი, სწორად მოვსულვარ და აი, მაგიტომაც შემიბრუნა კითხვა.
ჰმ. ეშინია ალბათ, ზედმეტი არ წამომცდესო. ჰა, ჰა. “
- ის რომ არ ყოფილიყო, შეიძლება მე დღეს, აქ არც ვყოფილიყავი. - მიუგო ფიფომ და ამოიხვნეშა. - არც აქ და არც ამ ქვეყნად.
- ეჰ, საოცარი გულის ადამიანი იყო, საოცარი... - ნაღვლიანად დაურთო მოძღვარმა.
„ჰო, საოცარი გულის, სერიული მკვლელი.“
გაიფიქრა ფიფომ.
- საოცარი გულის და საკმაოდ მძიმე, შეუვალი სულის. - მამაო გაჩუმდა და მერე ფიფოს შეხედა. - ჰო, შენ ის გაინტერესებდა, ეს სამოსახლო როგორ გახდა პიპასი, ხომ?
- რა ვიცი, თუ საიდუმლოა... - ცალყბად გაუღიმა ფიფომ.
- არავითარი საიდუმლო არ არსებობს. - გაეღიმა მოძღვარს. - უბრალოდ, პიპას ძალიან არ უყვარდა, თავის თავზე საუბარი და ვერც სხვებისგან, ზედმეტ ქებას იტანდა.
- ჰმ.
- ჯერ კიდევ, სულ ყმაწვილი იყო. - განაგრძო მოძღვარმა. - ძმამ ჩვენთან, მონასტერში როცა ამოიყვანა და მოსვლის დღიდანვე, შეგვაყვარა ყველას თავი. უაღრესად ნიჭიერი, ჭკვიანი, გამჭრიახი. საოცარი მეხსიერება ჰქონდა. უმოკლეს დროში დაისწავლა ლოცვანი და ფსალმუნები, როცა ზოგი, წლობით კითხულობს და ნახევრამდეც ვერ იმახსოვრებს. ერთი-ორჯერ წაიკითხავდა და უკვე, ზეპირადაც იცოდა!
„ალბათ, ამიტომაც არანაირი ჩანაწერი არ ჰქონდა მის გეგმებს და ამიტომაც, მეც ვერაფერს მივაკვლიე. ერთხელ ჩაინიშნავდა, მერე უკვე ზეპირადაც იცოდა და იმ ფურცელსაც, სავარაუდოდ, უკვალოდ გააქრობდა.“
ამას ფიქრობდა ფიფო და მართალიც იყო.
- ერთი გაუბედურებული, სულ ახალგაზრდა ქალ-ვაჟი იყო და მეტი, სხვა გზა რომ ვერ გამონახეს, ასე ქუჩა-ქუჩა, სამათხოვროდ იწყეს სიარული. - განაგრძო მამაომ. - მაშინ კი ისეთი დრო იყო, ომიანობა, განუკითხაობა, შიმშილი, სიცივე. თავიდან ლტოლვილები იყვნენ. მერე დაქორწინდნენ, სოფლად პატარა ქოხიც მოიწყვეს, მაგრამ მათ უბედურ ბედზე, იმავე წლის დიდთოვლობამ, მეწყერიც მოიტანა და ის ერთი ბეწო მიწის ნაგლეჯიც, თავის ქოხიანად, აზვირთებულმა მდინარემ თან ჩაიყოლა. ისევ ქალაქს მიაშურეს და ვერაფერი ხეირი, რომ ვერ ნახეს მათხოვრობა დაიწყეს. ზამთარსა თუ ზაფხულში, ღამეს ქუჩაში ათევდნენ. პიპასაც სწორედ მაშინ გადაეყარნენ. - მოძღვარი წამით შეყოვნდა. - სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა, იმავე წელს, მისაღებ გამოცდებს აბარებდა. დილით წირვა იყო, ყველანი უნდა დავსწრებოდით, ამიტომ პიპას მარტოს უხდებოდა გამოცდაზე წასვლა. თვითონ სულაც არ დარდობდა, პირიქით აქეთ გვამხნევებდა, თქვენი ლოცვა მეტ ძალას მომცემსო. ეს ცოლ-ქმარიც კიდევ, უნივერსიტეტის ეზოსთან დაწრიალებდა, გულშემატკივარ მშობლებს მიადგებოდნენ, გამოცდებზე, შვილს დაგილოცავთო. ისინიც ზოგი გულმოწყალედ, ზოგიც უმოწყალოდ გამოისტუმრებდნენ, მხოლოდ პიპა იყო ერთი უმწეო, თან არავინ ახლდა, ზოგნი კი მთელი ამალით იყვნენ მოსულნი. უამრავი ხალხი ირეოდა, ეზო ვერ იტევდა, ლამის სამანქანო გზაც გადაიკეტა. პოლიცია ძლივს აწესრიგებდა იქაურობას. - მამაო გაჩუმდა და რომ შეამჩნია, ფიფო როგორ სულგანაბული უსმენდა, კვლავ განაგრძო. – „შენ რამდენჯერ უნდა გითხრა, აქ ნუ დაწანწალებო!“ - უღრიალა თურმე ერთმა პოლიციელმა ამ მათხოვარ გოგოს, იმ ახალგაზრდა ქალს!
ფიფომ თავი დაუქნია, მივხვდი ვისზეც ამბობო.
- სწვდა თურმე, ქეჩოში. მისი ქმარი კი მოშორებით, სულ სხვა მხარეს ტრიალებდა და სანამ გაიგებდა და სანამ ცოლის დასაცავად წამოვიდოდა, მანამდე პიპა მიეჭრა და გამოესარჩლა.
- ჰმ. - ჩაეღიმა ფიფოს.
- ეს დედაჩემიაო! შენ როგორ ბედავ, ქალს ხელს ახლებო! - განაგრძო მამაომ. - ფორმა რომ გაცვია, ნუ გგონია რომ ამით, ყველა კონსტიტუციური ან ადამიანური უფლებებით სარგებლობა შეგიძლიაო! გაშტერდა თურმე ეს პოლიციელი. ისედაც მშვენივრადაც მიხვდა, ბიჭმა რომ მოიტყუა, მაგრამ ჩაეცინა და აღარაფერი უთქვამს, ისე გაეცალა. ხომ წარმოიდგინე ახლა, იქ რაც მოხდებოდა? ყველა ეს უზარმაზარი ბრბო ამათ დაუწყებდა ამრეზით ყურებას. ვინ იცის, რა არ წაიჩურჩულეს და რა არ იდუდღუნეს, მაგრამ პიპას არავისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ისე შევიდა გამოცდაზე, რომ არც იმ ქალის მადლობა გაუგონია და არც მისი გულიანი ლოცვა-კურთხევა.
- ჰმ. - კვლავ ჩაეღიმა ფიფოს.
- არა, ახლა შენ არ იფიქრო, რომ ეს ყველაფერი პიპამ მოყვა. აი, დღეს რომ დიდი დედა დიასახლისია და ამხელა მეურნეობას რომ უძღვება, შრომითა და ჯაფით, იმ ქალის მონაყოლი, ნამდვილი ისტორიაა.
- და მერე აქ როგორ ჩამოვიდნენ? - ვეღარ ითმენდა ფიფო.
- მორჩა თუ არა გამოცდა. ყველა გარეთ გამორბოდა, პიპა კი ნელი ნაბიჯებით მოდიოდა, რა ეჩქარებოდა? იცოდა, გარეთ მაინც არავინ ელოდა, მაგრამ იმედი „გაუცრუვდა“, იმ მათხოვარ ცოლ-ქმარს მთელი დღის „ნამუშევარი“ ფულით ხილი და ტკბილეული ეყიდნათ პიპასთვის და მის გამოსვლას ელოდნენ. იმავე დღესვე ჩამოიყვანა აქ. აი იქეთ, უფრო ზემოთ მთებში, მამათა მონასტერია, ჯერ იქ მოიყვანა, მაშინ ეს ტაძარი არც იყო, მხოლოდ მისი უძველესი ნანგრევებიღა იყო შემორჩენილი, ისიც მხოლოდ საძირკველი. აბა მამათა მონასტერში, ახალგაზრდა ქალს, ხომ ვერ დავასახლებდით და ყველამ ერთად, ცოტა მოშორებით ღამის გასათევი ავუგეთ ცოლ-ქმარს. მერე ისევ პიპამ ითავა, აი ის ქვემოთ მიწები ნელა-ნელა შეისყიდა დაასახლა ესენი, ეს ტაძარიც სულ პიპას ხელით არის აგებული. ასე, რომ ის პატარა ბიჭი, აქ რომ პირველად ძმამ ამოიყვანა, თვალსა და ხელს შუა, უცებ კაცად იქცა!
- ისე სწორედ, მაგ ასაკში მთავრდება ბავშვობა. - ჩაურთო ფიფომ.
- ეჰ, მისი ბავშვობა, დაბადებისთანავე დამთავრებული იყო. - ამოიხვნეშა მოძღვარმა.
ფიფოს ცალყბად ჩაეღიმა.
„ირგვლივ ყველა აქებს, არადა, მართლა სერიული მკვლელი იყო, თუმცა ის, რომ არა ალბათ, არც ვიქნებოდი, მე პირადად სასაყვედურო არაფერი მაქვს, მაგრამ მართლაც ის რომ არა, არც აღმოვჩნდებოდი იმ ჯურღმულში.“
- რაღაც კიდევ გექნება სათქმელი, თორემ ამხელა აღმართზე, ამ ამბის გასაგებად არ ამოხვიდოდი. გისმენ შვილო, მომიყევი რაც გაწუხებს, მოიოხე შენი გული.
- მართლა პიპაზე მაინტერესებს, ყველაფერი მინდა ვიცოდე მის შესახებ. ავიც და კარგიც.
- ჰოო? ავიც და კარგიც? წიგნს ხომ არ წერ მასზე? - ჩაეღიმა მოძღვარს.
- არა, რა წიგნს. - გაეცინა ფიფოს. - ხომ ვთქვი წეღან, მან გადამარჩინა და მინდა ყველაფერი ვიცოდე მასზე, გარდა იმისა, რომ პროფესორი და აქაურობის პატრონი იყო, მის მშობლებს, დას, მის შვილსაც ვიცნობ.
- ყველაფერი გცოდნია და აბა მე, რაღა უნდა დავამატო. ახლა შენ მომიყევი, რა შეგემთხვა ასეთი?
- პიპამ გადამარჩინა, ესეც უკვე ვთქვი.
- კი ეგ თქვი, მაგრამ ბოლომდე არ გითქვამს სათქმელი. მრავალი წლის მოძღვარი ვარ, არ შემეშლება. - მოძღვარი გაჩუმდა და მერე უფრო, ჩუმი ხმით დასძინა. - თუმცა ერთხელ, შემეშალა კიდევაც...
- არ ვიცი, საიდან დავიწყო. ეს ძალიან დიდი ხნის და ძალიან გრძელი ამბავია. ჩემი და პიპას ისტორიის ერთი ნაწილი, ერთ დროს, ერთ ხაზზე მიდიოდა.
მოძღვარი მდუმარედ შეჰყურებდა და ამბის მოყოლას არც აჩქარებდა.
- ვიცი, რომ პიპამ და მიმიმ, ჯვარი აქ დაიწერეს. მიმი მაშინ ორსულად იყო და... და... - ფიფო გაჩუმდა. - მე დღეს... დღეს...
- ვიცი, შვილო. შენ დღეს, იმ ბავშვის მამა ხარ და საკუთარ შვილზე უფრო ტკბილად ზრდი.
ფიფოს ჩაეღიმა და გაიფიქრა.
„ნუთუ, ისიც იცის, რომ პიპას საქმეებს ვიძიებდი?“
- ეს... ეს, სულ შემთხვევით გამოვიდა! მართლაც პიპა, რომ არ ყოფილიყო, დღეს მე არც ვიქნებოდი ცოცხალი...
ცოტა ენის ბორძიკით დაიწყო ფიფომ და მერე უფრო შემართულად მოუყვა, ოდნავ შელამაზებული იმ ავბედითი დღის, ტრაგიკული ისტორია. მხოლოდ ის გამოტოვა, რომ ეს ყველაფერი, ციხის მიუვალ საკანში ხდებოდა. ამაზე კრინტიც არ დაუძრავს. მარტო იმით დაიწყო, რომ როგორ აიტაცა მორევმა, მისი მანქანა და როგორ თავდაუზოგავად ცდილობდნენ ბიჭები, ერთმანეთის გადარჩენას.
- მართლა გულით მინდოდა მისი გადარჩენა! მართლა! მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეები ვიყავით! პირიქით, ალბათ უფრო მეტად, მაგიტომაც მინდოდა, ჩემი ვაჟკაცობა დამემტკიცებინა, შეყვარებული გოგოსთვის! მხოლოდ კეთილი საქმით და არა, მუხანათურად და ბოროტულად, მაგრამ ვერ შევძელი და ეს მაწუხებს! ეს მახრჩობს და სულს მიწამლავს, რომ ვერ შევძელი... და მან კი, შესძლო! შესძლო ჩემი გადარჩენა და მერე არ ვიცი ზუსტად, როგორ მოხდა... მთელი ძალით ვცდილობდი დამეჭირა, მაგრამ უცებ... უცებ... ლამპიონის შუქზე არეკლილი, მისი ფართოდ გახელილი თვალები არ ამომდის გონებიდან... ტალღამ გაიტაცა... მაგრამ... სანამ... სანამ... - აქ ფიფო შეყოვნდა.
- ბოლომდე ამოისუნთქე ის რაც გაწუხებს, შვილო. ახლა თუ ვერ შესძლებ...
- გამიშვა! ხელი გამიშვა! თვითონ გამიშვა ხელი! ღმერთო, მახსოვს! ახლა მივხვდი, ახლა ჩავუკვირდი! ამდენი წლის მერე, ახლა მივხვდი...
თავად გამიშვა ხელი...
LEX. 2019 წლის 5ივნისი, ოთხშაბათი.
No comments:
Post a Comment