Wednesday, February 7, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 116)

116.
- შეიძლება? - ფიფომ მორიდებით შეაღო კაბინეტის კარი. 
- მოდი, მოდი! შენ გელოდებით! - ნათლიამ სკამზე მიუთითა. 
კაბინეტში, გრძელ ვიწრო მაგიდასთან, კიდევ რამდენიმე კაცი იჯდა, რომელთაც საკმაოდ მაღალი თანამდებობები ეჭირათ, ერთი უცხო ახალგაზრდა კაცის გარდა, მათ შორის ფიფო, ყველაზე ახალგაზრდა და დაბალი რანგის იყო, ისევ იმ ვიღაც უცხო ახალგაზრდა კაცის გარდა. 
ფიფომ ყველას თვალი შეავლო. შორიდან თუ ახლოდან, ყველას კარგად იცნობდა და ისევ იმ ერთი ახალგაზრდა კაცის გარდა. 
- მოკლედ ასე. - დაიწყო უცნობმა ახალგაზრდამ. 
- მოიცა! - შეაწყვეტინა ნათლიამ და წამოდგა. - გვერდით ოთახში გადავიდეთ! 
ფიფოს ნათლიას, ერთ-ერთი საკმაოდ საპასუხისმგებლო პოსტი ეკავა. დღედაღამ სამსახურში ათენებდა და აღამებდა, ამიტომ კაბინეტის გვერდით პატარა მოსასვენებელი ოთახი ჰქონდა მოწყობილი, დივნითა და რბილი სავარძლებით. შესაძლოა კონსპერაციისთვისაც იყენებდა, რადგან ამ პატარა ოთახს, არც ფანჯრები ჰქონდა და არც სარკმელი. და ის ერთადერთი კარიც კი, მთავარი კაბინეტიდან შემოდიოდა. 
ნათლიამ ვისკი ჩამოასხა და ბოთლი ოთახის შუაგულში მდგარ პატარა ჟურნალის მაგიდაზე დადგა. 
უხმოდ გაიწვდინეს ხელები და სასმელი დააგემოვნეს. 
- მშვენიერი ვისკია! - აღნიშნეს აქეთ-იქედან.
ფიფომაც მოსვა, მხოლოდ ხმა არ ამოუღია. ჩუმად ადევნებდა თვალს. ერთი სული ჰქონდა ბოლოს და ბოლოს გაეგო რაში იყო საქმე. ან ეს უცხო ახალგაზრდა მაინც ვინღა იყო? 
მხატვრის სახელოსნოში, როცა როგორც იქნა, სწორედ მისთვის საინტერესო თემაზე წარიმართა საუბარი და ფიფოც უკვე კატეგორიულად მოითხოვდა მიმისგან პასუხს, რომ სწორედ ამ დროს დაურეკეს, სასწრაფოდ მოდი, ახალი მკვლელობააო, მაგრამ დანაშაულის ადგილამდე მისვლაც კი არ აცალეს, ისე შეაცვლევინეს გეზი და ნათლიასთან, მთავარ სამმართველოში ამოაყოფინეს თავი. 
ფიფო ვეღარ ითმენდა, რაში იყო საქმე არც იცოდა. ეს ხალხიც კი სავარძლებში არხეინად მოთავსდა და საქმეზე საუბარს თითქოს არც აპირებდნენ. მერე ხან ვისკი შეაფასეს, ხანაც წვიმიანი ამინდები დაიწუნეს.
„ერთბაშად ფეხი არ დაუსველდეთ, ისე წუწუნებენ წვიმის გამო. 
ჰმ, ამათ ყველას საკმაოდ ძვირად ღირებული და კარგად გამართული მანქანებიც ჰყავთ და კიდევ ცალკე მძღოლიც ემსახურებათ სამსახურის მანქანით. 
ეჰ, მე ვიკითხო თორემ, ერთი თუ გამიფუჭდა მერე მომიწევს ფეხით წანწალი, სანამ არ გავაკეთებ.“ 
ფიქრობდა ფიფო თავისთვის და თან კარგად აკვირდებოდა იქ მყოფ ხალხს, რომლებიც თითქოს, მართლაც ვისკის საწრუპად იყვნენ მოსულნი. 
მხოლოდ ერთი იჯდა ჩუმად, ის ვიღაც უცხო, ახალგაზრდა ბიჭი. ვისკიან ჭიქას ხელში ატრიალებდა და პირსაც არ აკარებდა და რატომღაც, ფიფოს მოეჩვენა, რომ თითქოს მის ყოველ მოძრაობას თვალს ადევნებდა. 
ფიფოს მოუთმენლობა დაეტყო, არც ეს გამოჰპარვია იმ ახალგაზრდას, თითქოს შეიბრალა კიდეც და სიგარეტის ამოღებისთანავე სანთებელა ზედ ცხვირწინ, ჩასაფრებულივით აუნთო, რაზეც ფიფო ოდნავ შეცბა კიდეც, თუმცა მიხვდა, ამ ბიჭს პირადად მასთან სურდა გასაუბრება და რატომღაც, ასე შორიდან უვლიდა გარს. 
- აბა, როგორ მყავს ჩემი სანაქებო ნათლული?! - მოულოდნელად დაიგრუხუნა ნათლიას ხმამ. 
- არა მიშავს რა! კარგად ვარ! კარგად. - მოწყენილი ხმით მიუგო ფიფომ.
- ჰოო! - თავი გააქნია ნათლიამ. - ერთი პერიოდი თითქოს მოეშვი, აურიე კიდეც! ცოტა ხომ? - ჩაეცინა ნათლიას. - და ამის გამო, არც აღარაფერი გამოგდიოდა! ახლა კი, ჩვილების ყიდვა-გაყიდვის საქმემ, ისევ დაგაბრუნა მწყობრში და წინაც წაგწია. ყოჩაღ, შენი წარმატება, ჩემი სიამაყეა! 
ფიფო წელში გასწორდა. შექება ესიამოვნა. მართლაც, საკმაოდ ბევრი იწვალა და ირბინა და ისეთი საქმეები გამოჩხრიკა და გახსნა, რომლის არსებობაც კი არც იყო საერთოდ ცნობილი. 
- და მაინც, საიდან გახვედით ამ საქმეზე? - ჩაეკითხა უცნობი ახალგაზრდა ფიფოს. 
ფიფო თითქოს შეიშმუშნა, თავიც გააქნია და სანამ ხმას ამოიღებდა, იმ ახალგაზრდამ მაშინვე მეორე შეკითხვაც შეაგება: 
- მართლაც, საინტერესოა. - კვლავ სახეში ჩააშტერდა უცნობი. - საიდან წამოვიდა ჩვილებით ვაჭრობის შესახებ, ასეთი ინფორმაცია? 
- კონკრეტული წყარო ნამდვილად არ მყოლია. - მხრები აიჩეჩა ფიფომ. - თუ ინფორმატორს გულისხმობთ. - ფიფომ ახლა ნათლიას გადახედა. - „ხანუმა დეიდამ“ მთხოვა, რაღაც ძველი საბუთები ამომექექა და მერე, როგოც ჩვენმა პროფესიამ იცის ხოლმე, მივყევი და მივყევი. 
- ხო, ხანუმამ მეც დამირეკა! - დაუდასტურა ნათლიამ და სხვებიც სიცილითვე აჰყვნენ, რა კუდიანიაო, საიდან სად გამოქექაო. 
- მართლაც, საიდან რა გამოქექა. - ეცინებოდა ნათლიას. - მაგას ახლა ხანუმა, რომ მართლაც კუდით დაჰკიდო, მაინც არ გვეტყვის! 
სხვებსაც იცინოდნენ და მარტო ის ვიღაც უცხო, ფიფოს მიშტერებული ახლაგაზრდა არ იცინოდა და ცდილობდა ფიფოს უფრო ღრმად ჩასწვდომოდა. თითქოს, მისი აზრების ამოკითხვა სურდა. 
- ჰოო, ხანუმას, თუ არ უნდა არც არაფერს აგიხსნის. - კვერი დაუკრა ნათლიას ერთ-ერთმა ჩინოსანმა. - არაფერს აგიხსნის და ისე გაგაკეთებინებს საქმეს. 
- ამიტომ ჩვენთვის მთავარი რაც იყო, ის ამბები ხომ გაიხსნა?! - მიუგო ნათლიამ. - და უკვე რა მნიშვნელობა აქვს საიდან და როგორ? 
ნათლია აშკარად იცავდა „ხანუმა დეიდას“, თუმცა რა იცოდა, რომ ეს ყველაფერი ისევ ფიფოსგან მოდიოდა.
- ალბათ მოვა მაგის დროც და გვეტყვის კიდევაც! - შენიშნა ერთმა. 
- მართლაც, რა მნიშვნელობა აქვს, თუ საიდან? - ახლა მეორემ დაუკრა კვერი. - ხანუმას ჩვენი სისხლი აქვს და დარწმუნებული ვარ, მკვლელს ნამდვილად არ დაფარავდა! 
- და ამბის მომტანი კი დაინდო! – სიცილით ჩაურთო კიდევ მესამემ.
ყველას ეცინებოდა, ხითხითებდნენ და თან კონიაკს იმატებდნენ. 
- ჰაა? ფიფო! - ნათლიამ ფიფოს ღიმილით გახედა და მერე სხვებსაც მოავლო თვალი. - ამას კიდევ. - თავით ფიფოზე მიანიშნა. - ერთბაშად, ისეთი ჩახლართული საქმეები დაეყარა თავზე, რომ ხანუმას ინფორმატორმა უშველა, თორემ ლამის გადაჰყვა, ისეთ დღეში იყო! 
- სულზე მომისწრო. - ცალყბად გაეღიმა ფიფოს. 
- ჰო, მეც სწორედ მაგით დავინტერესდი! - ჩაერია ის უცნობი ახალგაზრდა. 
- მერე? - უცებ, ლამის ერთბაშად იკითხეს სხვებმა. - რა დაასკვენით? 
- შენც სერიული მკვლელის არსებობას ეთანხმები, ისევე როგორც, ფიფო? - ახლა ნათლია ჩაეკითხა გამომწვევად ახალგაზრდას. 
- არ გამოვრიცხავ! - მაშინვე მიუგო უცნობმა. 
- ჰო. ალბათ. - გაისმა აქეთ-იქიდან. 
- სხვათა შორის. - უხო ახალგაზრდამ, მრავალმნიშვნელოვნად გადახედა ფიფოს. - ამ მკვლელობათა ციკლიდან, რომელიც როგორც, არა თუ სერიული, არამედ ცალ-ცალკე დამოუკიდებელ დანაშაულად არის აღნიშნული, იმ საქმეებიდან ბევრი რამ შევისწავლე და იქ მხოლოდ ორ სამ ადგილას, თქვენი მინიშნებები ვნახე და ამან ჩამაფიქრა სწორედ.
- რა მინიშნებები? - დაინტერესდა ფიფო. 
- აი ის, რაც სერიული მკვლელის არსებობას ამტკიცებს! - მიუგო ახალგაზრდამ. 
- ჰმ. - პასუხად ფიფოს ჩაეღიმა. 
- თუნდაც, ნიღბის მსგავსად სახის დაფარვა. - განაგრძო უცნობმა. - ან თვის ბოლო შაბათს მომხდარი მკვლელობები. 
- ჰო, ასე ვფიქრობდი მაშინ. - ფიფო მოიღუშა. 
- და რატომ მაშინ და ახლა არა? - ჩაეკითხა უცნობი.
ფიფომ არაფერი უპასუხა. წამით დუმილი ჩამოვარდა. ყველა ფიფოს მისჩერებოდა, აბა რას იტყოდა. 
- ახლა უკვე აღარც ვიცი რა ხდება. - დაბალი ხმით დაიწყო ფიფომ. - მე დიდი ხანია აღარც ვიძიებ და ამ საქმეებს გამოძიება, მეც აღარ მეხება. 
- და არ გაქვთ სურვილი, რომ ისევ თქვენ წაუძღვეთ გამოძიებას? - კვლავ ჩააშტერდა უცნობი ახალგაზრდა.
ფიფოს სუნთქვა შეეკრა. ხმა ვეღარ ამოიღო. 
- აქვს და რომელია! - ხითხითით ჩაურთო ნათლიამ.
ფიფომ მალულად გახედა ნათლიას. 
- მის ხელში დაწყებული საქმეა და თავად უნდა მიხედოს! - განაგრძო ნათლიამ. - თუმცა, ამ ეტაპზე გამოძიება საკმაოდ ჩიხშია მოქცეული და არც არაფერი გვაქვს ხელმოსაჭიდი! 
- და, ვერაფერი კვალი ვერ ნახეთ? - იკითხა ერთ-ერთმა. 
პასუხად ფიფომ მხრები აიჩეჩა. 
- არც ეჭვმიტანილი? - ახლა სხვამ იკითხა. 
- ნუთუ, მართლა ასეთი პროფესიონალია, რომ არაფერზე არ იყო დატოვებული მისი დნმ-ის კვალი? - ჩაერია ფიფოს გვერდით მჯდომი სათვალიანი კაცი.
- ვერაფერი საერთოდ! მართლაც, რომ არსად არ არის მისი არანირი კვალი! - თავი გააქნია ფიფომ. - შესაძლებელია, რაღაც პატარა ბანდაა. თუნდაც მცირე, სულაც ორნი მოქმედებენ, ან შეიძლება უფრო მეტიც! - ამოიხვნეშა ფიფომ. - თუმცა, არც არანაირი კვალი და მართლაც, არც არანაირი ეჭვმიტანილი!
ფიფო ცრუობდა, მაგრამ ნაწილობრივ მაინც, რაღაც სიმართლეს ამბობდა. მხოლოდ ეჭვმიტანილი ჰყავდა, რომელსაც საერთოდ ვერაფერს უმტკიცებდა. 
ფიფო ჩუმად იჯდა. აქეთ-იქიდან სხვადსხვა ვერსიებიც გაისმა, მერე ამ ვერსიებზე დაიწყეს მსჯელობა. ფიფო მათ საუბარში არ ერეოდა და რაღაც მომენტში უკვე ნერვებსაც კი უშლიდა, ის ვიღაც უცხო ლაწირაკი, რომელიც ასე ჩაშტერებით უმზერდა და თვალს არ აცილებდა. 
- საერთოდ, სერიული მკვლელის ფანტაზია. - ისე დაიწყო ახალგაზრდამ, რომ თითქოს, მხოლოდ ფიფოსთვის ამბობდა. - ეს არის მისი რეალური ცხოვრებისგან გაქცევა! 
ფიფომ წარბები აზიდა. 
- ის გაურბის ამ რეალურ სამყაროს! - განაგრძო უცნობმა. - რადგანაც, სოციოპათია და ვერ იტანს ადამიანებს! ვერავის ვერ იტანს, მაგრამ ის პირველ რიგში, საკუთარ თავს ვერ იტანს! - ხაზგასმით აღნიშნა ახალგაზრდამ და კვლავ ფიფოს შეხედა. თითქოს, მისგან ითხოვდა დასტურს. 
უცნობს სხვებიც დაეთანხმნენ ზოგმა რაღაც დაამატა, ზოგმაც უხმოდ დაუქნია თავი. 
ახალგაზრდა კი კვლავ ფიფოს მოუბრუნდა: 
- და თქვენი დასკვნა საბოლოოდ, როგორია? 
წამით ყველა გაირინდა და ფიფოს მიაჩერდა. თითქოს, მართლაც მთავარი გადამწყვეტი სიტყვა მას ეკუთვნოდა. 
- არაფერი სოციოპათია მკვლელს არ სჭირს! - დინჯად მიუგო ფიფომ. - და არც შიზოფრენიკია და არც ავად არის! 
ფიფო გაჩუმდა, თუმცა ყველა გატრუნულიყო და კვლავ მის სიტყვას ელოდა. 
- ყველაფერს შეგნებულად აკეთებს! ჩამოყალიბებული დამნაშავეა! - კვლავ განაგრძო ფიფომ. - ასე, ჰაერზე და თავში რაც მოუვა, ისე კი არ სჩადის დანაშაულს, არამედ მას კონკრეტული მიზანი აქვს და იცის რატომაც აკეთებს ამას! და არც გიჟი არ არის და როგორც ასეთი, საზოგადოებისთვისაც საშიშიც არ არის, როგორც გიჟი და არაადეკვატური, ნუ ნაკლებად საშიშია, რადგან ზუსტად იმ კონკრეტულ მსხვერპლზე ნადირობს. თუმცა, ვინ იცის? - ამოიხვნეშა ფიფომ. - როდის რა მოუვლის თავში, მაგისგან დაზღვეული არავინ არ არის! 
- ყოჩაღ ფიფო! სრულიად გეთანხმები! - შეაქო ნათლიამ. 
სხვებმაც, ფიფოს ქებით, თავები დაუქნიეს.
- საერთოდ, სოციოპათია ისეთი დაავადებაა, რომლის მორჩენასაც შეუძლებლად თვლიან! - შენიშნა ახალგაზრდამ და ისევ ფიფოს შეავლო თვალი. 
- ნუთუ ასეთი რთულია, რომ... - ჩაეკითხა გვერდით მჯდომი ჩინოსანი. 
- განა, სინდისის უქონლობის განკურნება შეიძლება? - ღიმილით მიუგო ფიფომ. 
- ჰმ, სწორი შენიშვნაა! - დაეთანხმა ახალგაზრდა, რომელსაც აშკარად მოსწონდა ფიფოს აზროვნება და ცდილობდა კვლავაც საუბარში გამოეწვია. 
ფიფოც მშვენივრად ამჩნევდა, რომ ამ უცხო ახალგაზრდას, მიზანში ჰყავდა ამოჩემებული, თუმცა ვერ ხვდებოდა, რატომ? რა ამოძრავებდა და მართლაც, რა მიზანი ჰქონდა? 
- ვფიქრობ, რომ სერიულ მკვლელს, საკმაოდ რთული ბავშვობა ჰქონდა. - განაგრძო ახალგაზრდამ. - შესაძლებელია, მასზე ოჯახში სექსუალურადაც ძალადობდნენ კიდეც! 
- აი, მაგაში, ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით! - ფიფომ უარის ნიშნად თავი გააქნია. 
- რატომ? - გაიკვირვა უცხომ. - განა, თქვენი თვალით არ ნახეთ, თუ როგორი რიტუალით ჰკლავს?! უცებ კი არა თანდათან, აწამებს კიდეც! 
- ჯერ ერთი, ჩემი თვალით, ნამდვილად არ დამინახავს! - სიცილით აღნიშნა ფიფომ.
სხვებსაც მოედო მხიარულება, რაზეც ახალგაზრდა ცოტათი წამოწითლდა კიდეც. 
- მე სექსუალური ძალადობა ვიგულისხმე. - განაგრძო ფიფომ. - რომ არანაირად არ ძალადობს სექსუალურად! 
- აბა, რა უნდა იძალადოს გადახჩუებულ პენსიონრებზე? - სიცილით აღნიშნა ერთ-ერთმა ჩინოსანმა. 
- არა, რატომაც, არა! - ჩაურთო მეორემ. - ნეკროფილები თუ არიან, რა? ბოლოს და ბოლოს, ცოცხალი ადამიანები იყვნენ! 
- ფუ! კარგით რაა?! - დაიჯღანა ნათლია. - ნეკროფილები არ გამაგონოთ. 
სხვებიც დაიჯღანნენ და თავი დაუქნიეს. 
- და, ესე იგი? - კვლავ ფიფოს ჩაეკითხა ის უცნობი. - ძალადობს, მაგრამ სექსუალურად, არა? 
- და, რას გადაეკიდე, ამ სექსს?! - ჩაბჟირდა ნათლია. - გეტყობა, გაკლია! 
ახალგაზრდა წამოჭარხლდა და მორცხვად იღიმოდა, სხვები კი გაიჭაჭნენ სიცილით და მხოლოდ ფიფოს არ ეცინებოდა და არც იღიმოდა. ახლა, თავად მიშტერებოდა უცნობს და თვალს არ აცილებდა. 
- სექსუალურ ძალადობას, ნამდვილად გამოვრიცხავ! - განაგრძო ფიფომ. - მკვლელს, მსხვერპლის ტანჯვა-წამების, სულ სხვა ინტერესი აქვს! 
- დიახ! სრულიად გეთანხმებით! - თავი დაუკრა უცნობმა. - დამნაშავე, თავად იყო, თავის დროზე, ცხოვრების მსხვერპლი! 
ფიფომ ინტერესით გახედა უცნობს. 
- ერთ დროს, წნეხში მოყოლილმა და ცხოვრებისგან შებოჭილმა, ახლა საკუთარ თავს მოუწყო ინდულგენცია! - კვლავ განაგრძობდა უცნობი ახალგზარდა. - რას არ სჩადის! აკონტროლებს მსხვერპლს! აწვალებს! სასტიკად აწამებს!.. 
- არა! - შეაწყვეტინა ფიფომ. - წამება, როგორც ასეთი არა! ექსპერტიზის დასკვნით, მსხვერპლს, მხოლოდ სასიკვდილო დაზიანება აქვს მიყენებული და ეს ყოველივე გვამის გარეგნული დათვალიერებიდანაც ჩანდა! 
- გასაგებია. - თავი დაუქნია უცნობმა. 
- მკვლელი! - კვლავ განაგრძო ფიფომ. - ხორციელად არ აწამებს მსხვერპლს, არც კიდურებს აჭრის, არც ფიზიკურად აზიანებს, არც ძვლებს უმტვრევს და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ არც კი, სცემს! ის მხოლოდ, სულიერად ძალადობს და ტანჯავს, სულს უმწარებს, სწორედაც, რომ სიკვდილის წინ! 
- და აი თქვენ ამბობთ, რომ არ არის სოციოპათიო და აბა ვინ არის? ფსიქოპათი? - ჩაკითხა კვლავ უცნობი. - ფსიქოპათებსაც მოსწონთ მსხვერპლის კონტროლი და თავად არც კი თვლის თავს, ფსიქიურად დაავადებულად!
- იქნება და სულაც არ არის ავად? - არ დაუთმო ფიფომ. - ან სულაც, სულ სხვა რამით არის შეპყრობილი? 
- შეიძლება! - კვერი დაუკრა უცნობმა. 
ფიფომ არაფერი უპასუხა. 
- და მაინც, რას ფიქრობთ მკვლელზე? - კვლავ არ მოეშვა უცხო მოსაუბრე ფიფოს. 
ფიფომ სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა. მერე ახალგაზრდას თვალებში ჩააშტერდა და ისე მიუგო: 
- შურისძიება, ეს ის საშინელი დაავადებაა, რომელიც ტვინს გიჭამს, გულს გიხრავს და ბოლოს, სულსაც გართმევს! - ფიფო გაჩუმდა. 
ყველა ფიფოს მიაჩერდა. არავინ ხმას არ იღებდა. ჩანდა, ელოდნენ, ისევ ფიფოს უნდა გაეგრძელებინა საუბარი. 
- მისი ქმედება! - განაგრძო ფიფომ. - არასტანდარტული ინდივიდუუმის ქმედებაა და ამიტომაც ვასკვნი, რომ ზუსტად და კონკრეტულ მსხვერპლზე ნადირობს! თანაც არც უცებ, სპონტანურად არ ესხმის თავს! არც ჩუმად მიპარვითაც არ კლავს! დარწმუნებული ვარ, სიკვდილის დროს, თვალებშიც კი უყურებს მსხვერპლს! 
- ნუ ტიპიური სადისტია, რაა! - დაასკვნა ერთ-ერთმა ჩინოსანმა. 
- ესე იგი, წინასწარ უსაფრდება, რადგან ზუსტად იცის, ვინ უნდა მოკლას? - კვლავ ფიფოს ჩაეკითხა უცნობი. 
ფიფომ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და მიუგო: 
- ამორჩეული მსხვერპლის ყველა ჩვევა, უკვე წინასწარ აქვს შესწავლილი და რაც მთავარია მისთვის, ზუსტად იცის, ვინც არის ის მსხვერპლი, რას წარმოადგენს და თავის დროზე, რა როლი აქვს მის ცხოვრებაში შესრულებული!
- ესე იგი. - კვლავ გაიმეორა უცნობმა.
ფიფო კი გაიფიქრა, ნეტავ კიდევ რამდნჯერ უნდა გაიმეოროს ეს, „ესე იგიო“.
- მსხვერპლის გარეგნულ ნიშნებს, არანაირი სიმბოლური დატვირთვა არა აქვს, რადგან მკვლელმა ზუსტად იცის, თუ ვინ არის მისი მსხვერპლი. - აღტაცებას ვერ დაფარა უცნობმა.
- და მერე? რა გაირკვა? არის ვინმე ეჭვმიტანილი? - ახლა ჩაერია ნათლია, რომელიც აქამდე ყურადღებით უსმენდა. 
- არავითარი! არანაირი ეჭვმიტანილი არ მყავს! და ვერც ვერავის მივაგენი! - იცრუა ფიფომ. 
ახალგაზრდა ბიჭს თვალი არ მოუშორებია, ფიფო ისე ირწმუნებოდა, ვერავის მივაგენიო, აი სწორედ მაგაში შეეპარა ეჭვი, რომ ფიფომ იმაზე მეტი იცოდა, ვიდრე ამბობდა. ახალგაზრდის დაჟინებულ მზერას, ფიფომ თვალი აარიდა. 
ამ საქმის წარმოება მას უკვე აღარ ევალებოდა და ახლა, კეთილი ენებათ და თვითონ გაერკვიათ, ეწვალათ და ერბინათ, ექექათ ძველ, სინესტისგან დამპალ საბუთებში დამამტკიცებელი არგუმენტები. მშვენივრად ახსოვს, ჯერ როგორ მოუწონეს ახალი ვერსიები და მერე ჩუმჩუმად, ზურგსუკან დასცინოდნენ კიდევაც. 
თავიდან ფიფო, კოლეგების ასეთ ქილიკს, ყურადღებას არც აქცევდა, მაგრამ მერე რამდენჯერმე მანქანის შუშაზე, თითით მიხატული ნიღბები, რომ დახვდა, აი მაშინ დაასკვნა, რომ მასხრადაც იგდებდნენ. ალბათ, ამიტომ უფრო, კიდევ ერთი მიზეზი მიეცა, რომ ეს საქმე ასე ჩაიხვია გულში და ყველაფრის მიუხედავად, მაინც თავად უნდოდა ბოლომდე მიეყვანა, თუნდაც არაოფიციალურად და თუნდაც, ნურც ნურავინ გაიგებდა გამოძიებაში მის მონაწილეობას. 
- კი მაგრამ, ნუთუ ვერავის კვალზე ვერ გახვედით? ამდენი ხანი გავიდა. - ჩაეკითხა ერთი. 
- მე ხომ აღარ ვიძიებ ამ საქმეს და რა ვიცი რა ხდება ახლა? - თავი მოიკატუნა ფიფიომ. - შეიძლება ჰყავთ კიდევაც ეჭვმიტანილი. 
- არავინაც არ ჰყავთ! საერთოდ გაიყინა ეს საქმე! - ჩაერია გვერდით მჯდომი. 
„ძალიანაც კარგი!“ 
გაივლო გულში ფიფომ. 
- შენ არ იფიქრო, რომ ჩვენ არ ვიზიარებდეთ სერიული მკვლელის არსებობას! - მიმართა კიდევ ერთმა ჩინოსანმა ფიფოს. 
- მაგრამ არაფრით არ შეიძლება ამის გახმაურება, სანამ ბოლომდე არ გაიხსნება ეს საქმე! - დაუმატა კიდევ ერთმა, რომელიც ფიფოს პირდაპირ იჯდა და აქამდე არ ერეოდა საუბარში. 
- არა, გახმაურება არანაირად არ შეიძლება! - კვერი დაუკრა მეორემ. - მერე სულ დაიმალება მკვლელი და თანაც ქალაქში პანიკა ატყდება! 
- და მაინც სამწუხაროა, რომ საქმე ასე ერთ ადგილას არის გაყინული და ძვრა არა აქვს. - ჩაერია ისევ გვერდით მჯდომი. 
- ეგ ხო, ჯერ-ჯერობით გაჩერებულია! - ნათლიამ ფიფოს გახედა. - მაგრამ ახლა აქ სხვა საქმეზე დაგიბარე. 
- გისმენ! - ფიფო წელში გასწორდა. 
როგორც იქნა ნათლია, მთავარ საქმეზე გადავიდა. 
- მოკლედ, თვითმკვლელობაა! - განაგრძო ნათლიამ. - და შენ იმიტომ მჭირდები, რომ რაღაც რიტუალს უფრო ჰგავს და აქ შენი გამოცდილება იქნება საჭირო!
ფიფო დაიძაბა. ესიამოვნა კიდევაც შექება. 
- შენია ეს საქმე და შენი იმედიც მაქვს! - კვლავ შეაქო ნათლიამ.
სხვებმაც კვერი დაუკრეს. 
- გმადლობთ! - გაიკრიჭა ფიფო. 
- ამ ახალგაზრდას მოუხადე მადლობა! - თითით მიანიშნა ნათლიამ იმ ვიღაც უცხოზე. - მე არ მჭირდება! აი, ამ ბიჭს სურს, რომ შენ გამოიძიო ეს საქმე და შენი დიდი იმედიც აქვს! - ახლა თვალი ჩაუკრა ნათლიამ ფიფოს. 
უცხო ახალგაზრდა ყურებამდე უღიმოდა ფიფოს: 
- დიახ, თქვენ იმდენად ბევრი და საინტერესო ფაქტები აღმოაჩინეთ, ვფიქრობ, რომ ამ ახალი საქმის მასალების გადახედვა, რამე ისეთს... 
- ვნახოთ! - ღიმილითვე მიუგო ფიფომ. - ძალ-ღონეს არ დავიშურებ! 
- სულაც არ არის ძალ-ღონე საჭირო! - მაშინვე მიახალა ახლაგაზრდამ. - აი სწორედაც, რომ თქვენეული, სულ სხვა ტიპის ხედვაა საჭირო. ასეთ საქმეებში, თქვენი განსხვავებული აზროვნება... 
- მოკლედ, ჩადი განყოფილებაში, გელოდებიან! - სიტყვა გააწყვეტინა ნათლიამ ბიჭს და ფიფოსკენ მიბრუნდა. - და ხვალ ერთი ხანუმასთანაც შეირბინე. გიკითხა, სულ დამივიწყაო! 
ფიფოს გაეღიმა. არაფერიც არ დავიწყნია, ზუსტად წინა საღამოს იყო. ცხადია, ხანუმას რაღაც ხელმოსაჭიდი ჰქონდა და ფიფოს იბარებდა. აი ახლა კი მიხვდა. ეს ახალი საქმეც, ხანუმას შემწეობით დაავალეს. 
ფრთებ შესხმული გამოფრინდა სამმართველოდან და ის უცხო ახალგაზრდაც ფეხდაფეხ მოსდევდა, ძლივს ეწეოდა. 
LEX. 2017 წლის 15 ოქტომბერი, კვირა. 

No comments:

Post a Comment