97.
როცა პიპას ცხოვრებაში, ახალი ეტაპი დაიწყო, ერთი წუთითაც არ უფიქრია შეესვენა და დამტკბარი თავისი წარმატებებით. პირიქით, გამუდმებით სულ რაღაც ახლის ძიებაში იყო.
ცალკე, პიანინოში ჩამალულმა ნოტების რვეულმაც დაუკარგა მოსვენება. რაც ის, მისთვის ნანატრი ინსტრუმენტი სახლში შეაგრიალა, ახალი სადარდებელიც გაიჩინა. ბევრს ეცადა, ვის არ მიადგა, მაგრამ ვერანაირად ვერ მიაგნო იმ გოგონას კვალს.
თუმცა რომელი გოგონას?
ახლა უკვე საკმაოდ დიდი ქალიც შეიძლებოდა ყოფილიყო თავი, რომ არ ჩამოეხრჩო, მაგრამ მშობლები ხომ ჰყავდა? სადღაც ხომ უნდა ყოფილიყვნენ? თუ მთელი ოჯახი, ერთ დღეს დაიხოცა?
პიპამ მართლაც ვერაფერს მიაგნო. თითქოს, შვილის სიკვდილის მერე ისინიც გაუჩინარდნენ.
თავიდან, თვითმკვლელ გოგონას, საშინლად მკაცრად განიკითხავდა. მოგვიანებით კი შეეცოდა, შეებრალა, სულ სხვა კუთხით შეხედა.
„ალბათ, რაოდენ უსუსური და უმწეო უნდა ყოფილიყო.
რა საშინელებაა, როცა ირგვლივ უამრავი ხალხი გახვევია და შენ კი მაინც, მარტოსული ხარ!
მარტოსული და უბედური.“
ბევრჯერ წარმოიდგინა, როგორ იჯდა გოგონა როიალთან და როგორ უკრავდა.
რამდენჯერ უფიქრია, ნეტა რას უკრავდა? რომელი ნაწარმოები უფრო მოსწონდა?
მაგას მაშინ გაიგებდა, როცა მისი ხელით დაწერილ ნოტებს გაარჩევდა დაუკრავდა და მხოლოდ იმ ინსტრუმენტზე და მეტი არსად სხვაგან, რადგან ის ნოტებიც და პიანინოც გოგონას ეკუთვნოდა. ამით თითქოს, იმ უცნობი გოგონას ხსოვნისთვის უნდა ეცა პატივი. ის ნაწარმოები მარტო ამ ინსტრუმენტს ეკუთვნოდა და მორჩა!
ასე თვლიდა და დარწმუნებულიც კი იყო ამაში. ნამდვილად ასე უნდა მოქცეულიყო.
მაგრამ ჯერ სად ეცალა? უფროსი ძმის ხშირმა ავადმყოფობამ სულ დაავიწყა ყველაფერი. ბავშობიდან გამოყოლილმა ჯანმრთელობის სისუსტემ, ასაკის მატებასთან ერთად, უფრო იჩინა თავი.
პიპა ყურადღებას არ აკლებდა. საუკეთესო ექიმები დაახვია, კლინიკაშიც კი დააწვინა გამოკვლევებზე, მაგრამ რაც უფრო დრო გადიოდა, მით უფრო ადნებოდა ხელში. მერე ერთი პერიოდი, თითქოს რაღაც ძალამ მოაკეთა. ფეხზეც წამოაყენა, ბევრად უფრო კარგად გრძნობდა თავს. პიპასაც იმედი მიეცა, მალე იქნებ, სრულიად გამოჯანმრთელდეს და ჯერ კიდევ დიდხანს ვიყოთ ერთადო.
- ნუ გეშინია, ისე არ მოვკვდები, რომ პატრონს არ ჩაგაბარო. - აგულიანებდა მამაო.
- არავის პატრონობა არ მჭირდება! მე შენ მჭირდები! შენ ხარ ჩემი ძმა, მეგობარი, პატრონი, მამა და მოძღვარი! შენზე კარგად, აბა ვინ მიპატრონებს და მომხედავს?
- ახლა შენ თავად ხარ ჩემი პატრონი. - ღიმილით მიუგო მამაომ. - შენ რომ არა, ამდენ ხანს, ვერც ვიცოცხლებდი.
- აბა რას ამბობ? - შეიცხადა პიპამ. - მე რა გავაკეთე ისეთი? და მართლაც შენ რომ არა, დღეს არც კი ვიცი სად ვიქნებოდი და ვიქნებოდი კი საერთოდ?!
- აი, ხომ ხედავ? ერთი რომ გერთმევა, მეორე გეძლევა სანაცვლოდ, ამიტომ უნდა დააფასო და შეიღირსიო ყოველივე მოცემული. - მამაო წამით იყუჩა. - ცას გამოკერებულნი არავინ ვართ, ადრე თუ გვიან, ყველანი წავალთ ჩვენ-ჩვენი გზით.
პიპა დაღვრემილი უსმენდა. ხმას არ იღებდა.
- ოჯახი გჭირდება, ოჯახი. - დასძინა მამაომ.
- უჰ! რა დროს ცოლია და შვილი?! არც მაგის სურვილი მაქვს და არც მაგის ხალისი! სიმშვიდე მინდა!
- სიმშვიდე გინდა, აბა რა? ოჯახი გჭირდება, სხვა სითბო და სიყვარული გინდა. სხვანაირად, ერში ვერ იცხოვრებ. გაგიჭირდება მაინც.
- ესე იგი, ეგ ცოლ-შვილი იქნება ჩემი პატრონი? - ცინიკურად ჩაიცინა პიპამ.
- რატომაც არა! შენ იმათ მიხედავ, ისინი შენ მოგივლიან.
- და მერე ხშირად ოჯახებიც, რომ ინგრევა? არ გაუმართლაო, ბედი არ ჰქონიაო! - პიპა ისევ მწარედ ურთავდა შენიშვნებს.
- მერე მე ხომ არ მითქვამს, ვისაც დაინახავ მაშინვე სახლში წაიყვანეო? ყველაფერს კარგად დაფიქრება და სწორად გააზრება უნდა. ჭკვიანი და გამჭრიახი გონების კაცი ხარ და ვიცი, არ შეგეშლება.
პიპას ჩაეღიმა. მართლაც რა დროს ცოლ-შვილი იყო? აბა, სად ეცალა? თუმცა, სამსახურში მშვენივრად ჰქონდა აწყობილი საქმე. არც სახლი აკლდა, არც კარი და მეტი, რაღა უნდოდა? მართლაც, უკვე დრო იყო ოჯახს მოჰკიდებოდა, მაგრამ თითქოს არავინ გამოჩნდა მისი მოსაწონი და შესაფერი. უამრავი ხალხი ეხვეოდა გარს, ახალგაზრდა ნიჭიერ და საკმაოდ სიმპათიურ პროფესორს, მაგრამ გულამდე ვერავინ მიუშვა. თითქოს, არავინ ემეტებოდა მის სამყაროში შემოსაშვებად.
ხშირად ფიქრობდა იმ უცნობ გოგონაზე. ზოგჯერ, ღამეებსაც კი ათენებდა და რატომღაც ფიქრებში, მერე მისი ძველი ნაცნობი გოგონა შემოეჭრებოდა. თავადაც არ იცოდა, რატომ ადარებდა ერთმანეთს. ის მხიარული, ცელქი ჟღურტულა იყო, დიდი ბრიალა თვალებით და უცნობი გოგონა კი მოწყენილი სევდიანი, დარდიანი, წყლიანი თვალებით.
„ნეტა, მართლა როგორ გამოიყურებოდა?
ამბობენ, ძალიან ლამაზი იყოო. ულამაზესი.“
ამდენ ფიქრში, ერთხელაც ესიზმრა კიდეც, თუ როგორ უკრავდა, რაღაც ძალიან ნაცნობ მელოდიას გოგონას თითები. ოთახის კუთხისკენ მდგარ როიალთან იჯდა და უკრავდა. ჩამოშვებული ფარდებში, მზის სინათლე მაინც აღწევდა. პიპა მიახლოებას ცდილობდა, მიიწევდა მისკენ, მაგრამ მანძილი მაინც არ მცირდებოდა. გოგონა კვლავ უკრავდა და არ ჩერდებოდა. პიპა მისი სახის ნახვას ლამობდა, მაგრამ ახლოს მისვლას რატომღაც კვლავ ვერ ახერხებდა. მანძილი არა და არ მცირდებოდა.
მოულოდნელად, გოგონამ დაკვრა შეწყვიტა. პიპასკენ მოტრიალდა, მაგრამ მისი სახის ნაკვთების გარჩევა მაინც შეუძლებელი იყო, რადგან ფანჯრიდან შემოჭრილი მზის სიკაშკაშე, გოგონას სახეზე სარკესავით აელვარდა და თვალი იმდენად მოსჭრა პიპას, რომ სახეზე ხელიც კი აიფარა.
უცებ ოთახში, რაღაც საშინელი ქაოსი დატრიალდა. ოთახი შეზანზარდა, ჭერიდან ქვიშამ იწყო ცვენა. კედლებიდან შპალერი თავისით იხეოდა და იწელებოდა და მისი ნაფლეთები ძირს იყრებოდა. ყველაფერი აირია. ოთახში მტვრის ბურუსი დადგა, წესიერად აღარაფერი ჩანდა. ლამაზი ოთახი, აღარ გამოიყურებოდა ისე ლამაზად და კოხტად. ჭერიდან ჩამოყრილი ბათქაში, როიალზე ცვიოდა, კედლები იშლებოდა და ირეცხებოდა.
გოგონა დატრიალდა და ისევ პიპასკენ შემობრუნდა, მზის შუქის ნაცვლად, ახლა სახეს, მტვრის ნისლი უფარავდა. მზის სინათლე, მტვრის ბურუსმა შთანთქა. თითქმის, არაფერი ჩანდა. მთელი ოთახი ბინდს მოეცვა და მხოლოდ ნანგრევების მტვერში, გოგონას ყელზე მჭიდროდ შემოხვეული ქამარი ჩანდა მკვეთრად. იმდენად მკვეთრად, რომ პიპამ ხელიც კი გაიწვდინა მის მოსახსნელად, მაგრამ უცებ ისევ გამოიდარა, ყველაფერი განათდა, გათეთრდა. გოგონა სადღაც გაქრა. აღარსად ჩანდა. იყო მხოლოდ გაქუცული, მტვრიანი ოთახი და კედლებზე ჩამოხეულ და ჩამოშლილ შპალერს, საიდანღაც შემოჭრილი ნიავი არხევდა, სილით სავსე იატაკი, ფანჯრებზე დაშვებული ფარდები და...
უსიცოცხლოდ მომზირალი მტვრიანი როიალი.
პიპა შეკრთა. გამოეღვიძა.
მისი ძველი პიანინო, ისევ იმ ადგილას იდგა, სუფთად და ლამაზდ და არც ჭერიდან ჩამოყრილი ნაშალები ეყარა ზედ.
სიზმარმა, საშინელ ცუდ გუნება დააყენა. რაღაც ძალა ეწეოდა. ინსტრუმენტს თვალი ვერ მოაშორა და სანამ შეეხებოდა, გული ლამის ამოუვარდა. ყურებში ესმოდა მისი ბაგა-ბუგის ხმა. ხელის კანკალით ახადა სარქველი, თრთოლვით შეეხო კლავიშებს და პირველი აკორდებიც აკრიფა.
თავიდან, როგორც კი სამალავში ჩაჩურთული ნოტები აღმოაჩინა, იმ დღიდან დაისახა, რომ პირველად იმ ნაწარმოებს დაუკრავდა, რაც ძველი ნოტების რვეულში იყო ჩაწერილი. თუნდაც, რაღაც უაზრო და აბდა-უბდა რამ ყოფილიყო. რესტავრირებას რა ხანია მორჩა. პიანინოც, დიდი ხანია უკვე ელოდა აჟღერებას, მაგრამ თითქოს, რაღაც ნიშანს ელოდა და თავადაც არ იცოდა რას.
ახლა კი დადგა დრო და ის ნაწარმოები უნდა დაეკრა, რაც იმ ნაპოვნ რვეულში ნახა.
თითები თავისით მიიწევდნენ და თითქოს თავად ქმნიდნენ მელოდიას.
და სინამდვილეში არც არაფერს ქმნიდნენ, მხოლოდ უკვე დიდი ხნის დაწერილ მელოდიას იმეორებდნენ და ეს სწორედ ის იყო, რასაც პიპა მთელი ცხოვრება ღიღინებდა.
ეს ის მელოდია იყო, ბაბუმ რომ ნოტებზე გადმოუტანა და ეს ის მელოდია იყო, როცა უკანასკნელი საღამო გაატარა იმ სახლში, სადაც პიანისტის ხელოვნებას აზიარეს
და სადაც...
იმ დღის გახსენებაც კი აღარ უნდოდა. პირველივე აკორდებიდანვე იცნო ის მელოდია, მაგრამ არ სჯეროდა, ეგონა ეჩვენებოდა, ან ჯერ კიდევ სიზმარში იყო.
გონს მოეგო. გამოერკვა და დაკვრა შეწყვიტა. ახლა სიშმაგეს მოეცვა მისი გონება და ბრაზმორეულმა ისეთი ძალით დახურა სარქველი, რომ თავადვე შეკრთა.
გონება აემღვრა.
აკი ბაბუ, სულ იმას უმეორებდა, რადგან შენ არსად არ მოგისმენია, იქნებ შენვე გამოიგონეო?
მთელი ცხოვრება დარწმუნებული იყო, რომ ამ მელოდიის ავტორი თავად იყო და ახლა თურმე, დიდი ხნით ადრე, ვიღაც პატარა გოგონას ძველ რვეულში, როგორც საკუთარი ნაწარმოები, ისე ჰქონია ჩაწერილი და ავტორობასაც იჩემებდა.
იჩემებდა კი არა და...
ვის უნდა გაეცა პასუხი?
ვის შეეძლო აეხსნა, თუ რა ხდებოდა მის თავს?
საშინელად აღელვებული იყო. ადგილს ვეღარ პოულობდა სახლში.
რა უნდა ეღონა?
როგორ უნდა გაერკვია?
ბევრიც აღარ უფიქრია, რვეულს ხელი დაავლო და მონასტრისკენ აიღო გეზი.
პასუხების იმედი არც იქ ჰქონდა. ან იქ, ამ ნოტებზე, ვის უნდა გაეცა პასუხი მისთვის?
უბრალოდ, სულიერ სიმშვიდეს მოიპოვებდა და თან, ნაავადმყოფარ ძმას მაინც მოინახულებდა.
- არ მინდოდა შენი შეწუხება. - ძლივს წამოსწია თავი მამაომ.
სწორედ იმ ღამით გამხდარა ძალიან ცუდად და არც პიპა იყო კარგ დღეში. ჯერ ასეთი არეული სიზმარი ესიზმრა და მერე კი ცხადში, ეს ამბავი შეემთხვა და მაშინვე ძმასთან გამოვარდა.
- ვხედავ, გულმა გიგრძნო. - ძალდატანებითი ღიმილი შეაგება მამაომ. - როგორც კი ცუდად შევიქენი, მაშინათვე დაბარებულივით ჩემთან გაჩნდი.
- საშინლად მომენატრე, ვეღარ გავძელი და მოვედი. - პიპამ საწოლთან ჩაიმუხლა და აცრემლებული თვალების დაფარვას შეეცადა. - ხომ იცი? შენს მეტი არავინ მყავს და არც არავის ვჭირდები ამ დედამიწის ზურგზე!
- აბა, რა გაქვს საწუწუნო? ახლა მთელი ცხოვრება შენს ხელშია. მთელი სამყარო, შენს განკარგულებაშია, შენ კი, ცხვირ-პირი ჩამოგტირის!
პიპამ უპასუხოდ გააქნია თავი.
- არა, მაინც რა მოგარბენინებდა აქ ამ დილაუთენია? - კვლავ ღიმილით განაგრძო მამაომ. - ვინ დაგიფრთხო, ღამის ანგელოზები?
მამაო ატყობდა, ბიჭს რაღაც მძიმე ლოდი აწვა გულზე. მის გამხიარულებას შეეცადა. თუმცა, იმდენად იყო დასუსტებული, რომ საუბარიც უჭირდა.
მოგვიანებით, პიპა დაშოშმინდა, დამშვიდდა და ყველაფერი დაწვრილებით უამბო.
მამაო ჩაფიქრებული უსმენდა. ბოლოს ჰკითხა:
- და შენ თვითონ რას ფიქრობ?
- არაფერი მესმის! - მხრები აიჩეჩა პიპამ. - არც კი ვიცი, რა ვიფიქრო?
- და რაც არ უნდა იფიქრო, თითქოს ამაში დიდად უცნაურიც არაფერია. - მშვიდი ხმით მიუგო მამაომ. - ამ მელოდიას, აუცილებლად გაიგებდი ადრე სადმე, სულ პატარაობაში და მეხსიერებაში ჩაგრჩა.
- იმ უბნის სიახლოვესაც კი არ მიცხოვრია, სადაც ის გოგონა ცხოვრობდა! ვერავითარი საერთო ნაცნობებიც კი ვერ აღმოვაჩინე.
- იქნებ, მისი სახლის ფანჯრების წინ გასეირნებდნენ პატარაობისას და არც კი გახსოვს? ხომ შეიძლება?
- რა ვიცი? მაგრამ მთელი ცხოვრება მეგონა, რომ მე ვიყავი ავტორი და...
- და გეამაყებოდა! ჰმ, ხედავ? სად დაიმსხვრა შენი ამპარტავნების კოშკი! სადაც არ მოელოდი სწორედ იქ, ის აგური გამოეცალა, რომელსაც არ ელოდი!
- არა, მუსიკის ავტორობაზე პრეტენზია სულაც არ მაქვს, მაგრამ გაოგნებული დავრჩი! - პიპამ წამით იყუჩა. - ყველაფერს გიყვები. ყველაფერი იცი ჩემზე, მაგრამ შენთვის არასდროს მითქვამს, რომ სწორედ ამ ნაწარმოების შესრულების გამო იყო, როცა იმ სახლიდან გამომაძევეს და დღემდე ვერ გამიგია, არც ვიცი, ვერც ვხვდები, რატომ?
***
საზარელი იყო ის დღე.
მრავალი წლის მერეც კი ზარავდა პიპას, იმ დღის გახსენება.
მაინც, რა დღე იყო ასეთი?
ჯერ, ვიღაც თოფიანი კაცის შემოვარდნა, როცა პიპა მედგრად დაუდგა სიკვდილის პირისპირ. თუმცა, თავად არაფერ შუაში იყო, არც კი იცოდა რა ხდებოდა. ბიჭს მხოლოდ გოგონას დაცვა უნდოდა და მეტი არაფერი, მაგრამ თავად როცა აღმოჩნდა საფრთხის წინაშე, ნაბიჯიც კი არავინ გადმოდგა, მის დასაცავად. ხმაც არავინ ამოიღო და ბედად, პოლიციის შემოჭრამ იხსნა, თორემ ვინ იცის?
მერე თითქოს ყველაფერი სიმშვიდემ მოიცვა. ვახშამმაც ცოტა დაძაბულად, მაგრამ მაინც მხიარულად ჩაიარა. დესერტის შემოტანისას კი, პიპამ დრო იხელთა და გოგონას ოჯახს, საკუთარი ნაწარმოების მოსმენა შესთავაზა.
ისე კი, ყოველთვის უნდოდა, რომ ეს ნაწარმოები, მათთან დაეკრა, მაგრამ რატომღაც, სულ ერიდებოდა. ახლა კი დრო იყო, რაღაც სიახლე თავადაც შემოეტანა ამ ოჯახში, სადაც ასე გულთბილად მიიღეს.
მაგრამ ისევ არ გაუმართლა.
პირველივე აკორდებისთანავე, საშინელი ხმაური ატყდა. გოგონას მამა ყელში სწვდა. ბებია ცალკე კიოდა და გამალებით ურტყამდა ჯოხს იატაკს.
გაათრიეთ აქედანო!
რას არ ეძახდნენ!
ხელოვნების ქურდიც კი, უწოდეს!
ნამუს გარეცხილმა ბიჭმა, სხვისი ნაწარმოები უსინდისოდ მიითვისაო!
შემოგზავნილი ბოროტი სულიო!
ჩვენი ოჯახის დასაქცევად შემოგვიძვრაო!
გოგონა და დედამისი დაბნეული შეჰყურებდნენ, ვერაფერი გაეგოთ, მხოლოდ მამა და ბებია ღრიალებდნენ საზარლად.
პიპამ ძლივს გაითავისუფლა თავი, გოგონას მამის გამხეცებული ხელებიდან და გარეთ გამოვარდნა მოახერხა.
მერე დიდხანს ვეღარც იხედებოდა იქითკენ, იმ სახლისკენ ჩავლაც კი არ უნდოდა.
ერთ დღესაც, გაბედა. კარს მიადგა. პასუხი უნდა მოეთხოვა და გაერკვია რაში იყო საქმე, მაგრამ არავინ იყო. სახლიც ჩარაზული და დალუქული დაუხვდა.
მოგვიანებით გაიგო, რომ როდესაც გოგონას მამა ციხეში აღმოჩნდა, იმ პერიოდიდან ოჯახი, სხვაგან გადაბარგებულა და არც არავინ იცოდა სად.
პიპამ მხოლოდ ამის გაგება შესძლო, მეტი ვერაფრის.
იმ უმძიმესი პერიოდის გახსენებაც კი უჭირდა. ამ ამბიდან, სულ მოკლე ხანში, ბაბუც მისდა საუბედუროდ, ძალიან ცუდად გაუხდა და მალევეც გამოეცალა ხელიდან.
მას მერე კვლავ შესძლო და ისევ წამოდგა ფეხზე. დარდს არ მისცა საშუალება, რომ დაეთრგუნა მისი სული, რადგან ყველასგან და ყველაფრისგან განწირულს, ბედად უფროსი ძმა მოევლინა და მის ცხოვრებას სიხარული შეჰმატა.
- ცხოვრების სირთულეებმა, შენი მომავალი და შენს მიერ დასახული მიზნები, არ უნდა შეგიცვალოს!
ასწავლიდა უფროსი ძმა და პიპაც ყოველთვის ყურს უგდებდა და ყველაფერს სწავლობდა მისგან.
- აბა, რატომ გაიძახიან ბედი, ბედიო? - ეკითხებოდა პიპა. - ყველაფერს ბედისწერას, რატომ აბრალებენ?
- ზუსტად არავინ უწყის, რა ხდება იქეთ, მაგრამ სანამ აქეთ ხარ, ნებისმიერი განსაცდელი შენ და სასიკეთოდ უნდა შემოიბრუნო! და იცოდე და კარგად დაიმახსოვრე, შემთხვევით არაფერი ხდება! არ არსებობს შემთხვევითობა!
- აი, ისევ ბედისწერასთან მივედით. - არ ცხრებოდა პიპა.
- მერე აბა, ამ წუთას რა გითხარი? - მიუგო მამაომ. - უნდა ეცადო, შეეცადო, რომ შენ და სასიკეთოდ შემოიბრუნო. შენ ხარ სამყარო და შენ თვითონვე წყვეტ შენს ბედს! თავიდან ნაწილობრივ, მაგრამ შემდეგ უკვე, ბევრი რამ შენს ხელშია! დაიმახსოვრე, ბევრი რამ და არა ყველაფერი! - მამაომ წუთით იყუჩა და მალევე განაგრძო. - ცხოვრებაში უამრავი რამ არის, რაც პირადად შენი გასაკეთებელია, რადგან შენ ქმნი შენივე ბედს და შენ კი, ბედი-ბედისწერაო, აგიჩემებია! მერე რა, თუ არ ხარ ახლა დალხენილი? იმედი მაინც არ უნდა დაკარგო! აი შენ, ჯერ კიდევ პატარაობიდან, რამდენი რამ შეგემთხვა? გახსენებაც კი ცუდად გხდის, მაგრამ დღეს? ხედავ, როგორი წარმატებული ადამიანი ხარ! მთელი უნივერსიტეტი პატივს გცემს. უწინ არაფერი გებადა და ახლა კი, საკუთარი შრომით სახლიც გაქვს, კარიც, ქონებაც და კარიერაც! დაუფიქრდი აბა, როგორ დაგიფასდა შრომა?
- ზოგჯერ, მარტო შრომაც ხომ არ ფასობს და ისევ ბედი ერევა მაგაშიც. - ჩაილაპარაკა პიპამ.
- შენი სულისკვეთება, შენი შეუდრეკელობა დაფასდა, სწორედაც, რომ მაგ, ეგრეთ წოდებული, ბედის დინებას, რომ არ მიჰყევი! აი, სწორედ ეგ დაგიფასდა!
- ნუ, ჰო! მომეცა შანსი და გამოვიყენე!
- აბა ბედისწერაო? - ჩაეღიმა მამაოს. - ცხოვრებაში იშვიათად, მაგრამ მაინც გეძლევა შანსი, რომ რაღაც შეცვალო, რაღაც გამოასწორო, ამისთვის კი სულ სხვანაირი აზროვნებაა საჭირო და არა, ყურების ჩამოყრა და დინების მიყოლა. თუ ხელი არ გაანძრიე, ისე ვერ გამოცურავ და აუცილებლად ჩაიხრჩობი!
მამაო კიდევ დიდხანს ესაუბრებოდა. პიპა კი ფიქრებით შორს დაჰქროდა.
აუცილებლად გაარკვევდა ყველაფერს. ახლა ხელჩასაჭიდი, რაღაც მაინც ჰქონდა. ჯერ თავისი ბავშვობის მეგობარი გოგონა უნდა მოეძებნა. უნდა გაერკვია ყველაფერი. ეს ამდენი დამთხვევა შეუძლებელი იყო. ვიღაცას, რაღაც მაინც ხომ უნდა აეხსნა?
LEX. 2017 წლის 28 ივლისი, შაბათი.
No comments:
Post a Comment