95.
- ნუთუ, სახლის პატრონს, რა? არ შეუძლია მისი ამოცნობა? - იკითხა მხატვარმა.
- დავუშვათ, ხელი დაადო. - მიუგო ფიფომ. - კი! ეგ არისო და მერე? მე როგორ დავუმტკიცებ დანაშაულს? რომელი სამხილით?
- ჰო, მერე ისიც იტყვის, ნაშვილები ხომ ვარო და უბრალოდ მგავსო, ან იქნება და მართლა ჩემი ძმა არის და არც კი ვიციო.
- ჰო, მეც მაგას არ ვამბობ, მერე? - ამოიხვნეშა ფიფომ. - ვერანაირად ვერ ვამხელ!
- დნმ-ს ანალიზითაც შეიძლება დაადგინო, მართლა იმ ბაბუს შვილიშვილია და იმ მღვდლის შვილია, თუ ძმა!
- ოჰ! რა მაგარი რამ სთქვით, ყმაწვილო! - ცინიკურად გადახედა ფიფომ. - განა, ასე ადვილი საქმეა? მათი გვამების ექსგუმაცია რომ მოვითხოვო, ამისთვის ჯერ ოფიციალური ნებართვა უნდა მოვიპოვო და რის საფუძველზე? ჩემი ეჭვების საფუძველზე? - ფიფო წამით გაჩუმდა. - ან დავუშვათ, გადავამოწმე და არ აღმოჩნდა არც მათი შვილი და არც მათი არანაირი ნათესავი და მერე? - თავი გააქნია ფიფომ. - ან თუ მართლა, მათი ნათესავი აღმოჩნდა და მერე? ან ეს რას შეცვლის ამ ეტაპზე? არც არაფერს!
- და სავარაუდოდ, არც სხვა ეტაპზე. - დაურთო მხატვარმა.
- სწორედაც! - კვერი დაუკრა ფიფომ. - ან თუნდაც, მართლაც იმ გოგონას შვილი თუ აღმოჩნდა და მერე რა? სად არის აქ სამხილი? იმას ხომ არ ვიტყვი, რომ მე მგონია და მე ასე ვფიქრობ?
- მეგონა, მგონია, მე მგონი, ვგონებ! ჰმ, ეს საკმაოდ პოეტურადაც ჟღერს!
- საქმეც მაგაშია! შენი ფიქრები შენთვის შეინახეო, მეტყვიან. აქ ფაქტები უნდა დავუყარო ცხვირწინ! მე კიდევ, ხელში არაფერი მაქვს, ჩემივე საკუთარი ვარაუდის გარდა!
- მდაა! - თავი გააქნია მხატვარმა. - არც კონკრეტული მოტივი და არც კონკრეტული ეჭვმიტანილი! შესანიშნავია!
ფიფომ არაფერი უპასუხა მხოლოდ უსიამოდ აიჩეჩა მხრები.
სადღაც მართლაც მასეც იყო. პროფესორის მხოლოდ და მხოლოდ გარეგნული მსგავსება ამ ეტაპზე არაფერს აძლევდა და ეს მსგავსებაც კი დასადგენი იყო ჯერ.
- და იმ სახლის პატრონმაც, რომ ტყუილად თქვას, ჰგავსო და სინამდვილეში სულაც არ ჰგავდეს? ან პირიქით, სულ რომ ვერ მიამსგავსოს, მაშინ?
- არც ეგ გამიკვირდება. - ხელი ჩაიქნია ფიფომ.
- ისე მართლა, შენთან რომ თქვას ეგ არისო და მერე სასამართლოზე შეეშინდეს ან დააშინონ და გადათქვას, მერე? - ჩაიქირქილა მხატვარმა.
- ჰოდა, ამიტომაც, არასდროს არ უნდა გამოიძახო ის მოწმე, სანამ დაზუსტებით არ იცი, თუ ზუსტად რა უნდა თქვას! მე უტყუარი საბუთი მჭირდება და არა ვარაუდი.
მხატვარმა არაფერი უპასუხა. თავისი ჩვეული სამალავიდან კონიაკის ბოთლი ამოაძვრინა.
- აუ! ამ სიცხეში? - ფიფო დაიჯღანა. - თან თბილი. ჩაგეცივებინა მაინც.
- მაქვს! ცივიც მაქვს! - მასპინძელი წამოდგა და ნიშნის მოგებით მიახალა სტუმარს. - შენ არც კი იცი, მე რა მაქვს, თორემ მასე არ დაიჯღანებოდი!
ფიფომ არაფერი უპასუხა.
მხატვარმა მაცივრიდან ყინულის კუბები გამოიტანა.
- იცი, ეს რა არის?
- აუჰ! პირველად ვხედავ! - ჩაიცინა ფიფომ. - აბა, საიდან უნდა ვიცოდე?
- საქმეც მაგაშია, რომ არ იცი!
მხატვარმა მაღალ ჭიქებში კონიაკი ნახევრამდე გაანაწილა და დანარჩენი ყინულის კუბებით შეავსო და ფიფოს გაუწოდა.
- ხუთი წუთი დააცადე, ცოტა გაზავდეს და მერე ნახავ!
- ხო, წყლიან კონიაკს მასმევ და რა უნდა ვნახო? - ისევ ჩაიცინა ფიფომ. - კოქტეილის ჩხირიც ჩაგეგდო ბარემ! - ყინულიანი ჭიქა ოდნავ შეანჯღრია.
გემო მართლაც საუცხოო იყო. წყალნარევს სულაც არ ჰგავდა. კონიაკის გარდა, რაღაც კიდევ სხვა, მძაფრი გემოც დაჰკრავდა.
- რა იყოს ეს? - ფიფომ წარბები აზიდა.
- რაო? არ მოგეწონა?
- მაგარია, მაგრამ რა არის? რა ჩაურიე?
- წყლის მაგივრად არაყი გავყინე და აი შედეგიც! ჩემი საფირმო კოქტეილი მოგართვი!
- შე მართლა მხატვარო! - ფიფოს ხმამაღლა გაეცინა. - რას აღარ მოიფიქრებ.
- დიახაც, გაგიკვირდებათ და მართლაც მხატვარი ვარ!
- არ გშია? - ფიფო წამოდგა. - ჩავალ, რამეს ამოვიტან.
ყველაფერი ყელში ჰქონდა ამოსული. უკვე ვეღარც მხატვართან პოულობდა გასაჩერებელ ადგილს და ვერც მიმისგან დათმობილ იმ ახალ ბინაში. სიმშვიდე სჭირდებოდა, მაგრამ ვერც ხალხმრავლობა აიტანა და ვერც მარტოობა. სიბრაზისგან ლამის გულზე სკდებოდა. მთელი ბინა და ლაბირინთი, დიდი სიფრთხილით გადაქექა, მაგრამ უშედეგოდ.
ახლა იქნებ სადარბაზოს მხრიდანაც დაეთვალიერებინა. იქნებ, იქ მაინც აღმოეჩინა რაღაც სამხილის მსგავსი მაინც.
ერთხანს, მდუმარედ შეჰყურებდა სადარბაზოს კარს. ისევ კრიმინალისტები გამოეძახებინა, თუ ჯერ თავად ეცადა ბედი?
ბევრი აღარც უფიქრია, კიბეს ფეხაკრეფით აუყვა.
მართლაც, რაღაც უცნაური იდუმალება სუფევდა.
„უპატრონოდ მიგდებული ხელოვნების ნიმუშთა მთელი გალერეა.
საოცარია, ალბათ მთელი წელიც არ ეყოფა ადამიანს, რომ ძირფესვიანად შეისწავლოს აქაურობა.
მიმიც იქნებ, ამიტომ ვერ შორდება ამ ადგილს?
იქნებ, სულაც ის კაცი არაფერ შუაშია და აქ ამ ძველ სავანეში იმშვიდებს სულს ეს გოგო სულს?“
ფიფომ კიბის ბაქანი, საგულდაგულოდ მოათვალიერა, კედლებსაც მოავლო ფარანი და ვერაფერი შენიშნა. თუმცა, რას ეძებდა კონკრეტულად? ნაპრალის არსებობაზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. მიმის მონაყოლიდან მხოლოდ ის იცოდა, რომ კედლის იქედან საუბრობდნენ, ან იქნებ, კარს მიღმაც?
„ამოჭედილი კარს იქეთ საუბრობდნენ და ალბათ, ასე დაუახლოვდნენ ერთმანეთს.“
ფიფომ დაბზარულ კედლებს ყური მიადო. ჩქამიც კი არ ისმოდა.
მხოლოდ უკან, კიბეზე ჩამოსვლის დროს, პიანინოს ხმა შემოესმა და მოულოდნელად, ისეთი შეგრძნება დაეუფლა, რომ თითქოს, ხედავდა კიდეც კლავიშებზე ათამაშებულ თითებს და წამში ღიმილი სახეზე შეეყინა.
„თითები...
მოხუცი ქალის თითები.
მისი თითების მოძრაობა, სულ რაღაცას მაგონებდა.
ნუთუ, ის ქალი უკრავს?
არაა, აბა როგორ შესძლებს დაკვრას, როცა პატარა ყავის ფინჯანსაც ძლივს იჭერდა ხელში.
თითები... თითები...
თითები კლავიშებზე და...
იმ პროფესორის ათამაშებული თითები...“
რეტდასხმულმა, მოაჯირს სტაცა ხელი. ძლივს შეიმაგრა თავი.
„ნუთუ, რამეს უნდა ნიშნავდეს ეს თითების თამაში?
თან ის იქ, ვიღაც პროფესორი, ეს კი აქ, მოხუცებული ქალი.
ნეტა, მიმის რჩეული თუ ათამაშებდა თითებს?
როგორ ვკითხო?
იქნებ, მათი ოჯახის წევრია და სულაც უცხო მდგმურად ასაღებენ?
არა, არა! რაღაცას მალავს ეს ოჯახი.
იმ ქალმაც კი დაზუსტება დამიწყო, სრულებითაც არ ჰგავხარო შენს ბიძაშვილსო.
რა იცოდა?
საიდან უნდა სცოდნოდა, თუ?
ნუთუ, ისევ ბრიყვის ამპლუაში აღმოვჩნდი?“
***
მხატვარი ენას არ აჩერებდა. გამუდმებით რაღაცას ან ეკითხებოდა და ან მიანიშნებდა. ფიფო არც უსმენდა, ისე აწყობდა ონკანში ჩადგმულ საწურში, ბოსტნეულს.
- ჰო, რა იყო! აღარ მეტყვი?
- არაფერი! რა უნდა იყოს? - მხრები აიჩეჩა ფიფომ.
- რაც მოხვედი, იმის მერე გექაქანები და არც კი მისმენ! სადღაც სხვაგან დაჰქრი!
- უჰ! მე თუ სადარდებელი და საფიქრალი მაკლია რაა!!
- ჰოდა, მერე გისმენ! მითხარი რა ხდება ახალი და ერთად ვიფიქროთ!
გაჩუმებას რა აზრი ჰქონდა. აბეზარ და ზედმეტად ცნობისმოყვარე მხატვარს, ასე ადვილად ვერ დაეხსნებოდა და ფიფომაც, თავისი ახალი ვარაუდები გაუმხილა.
მხატვარი ერთხანს, მდუმარედ იჯდა. ფიფოს მონაყოლმა ჩააფიქრა. მერე გაახსენდა, ერთი-ორჯერ თავადაც შენიშნა პროფესორის ეს მოძრაობა, მაგრამ იმ დროს ყურადღება არც გაუმახვილებია, ან რომ გაემახვილებინა, ამით რა?
- ეს თითქოს არაფრის მთქმელი მინიშნებები, ვითომ მართლა რამეს უნდა ნიშნავდეს?
- არ ვიცი, არ ვიცი! ამიტომაც, მოსაყოლადაც არ ღირდა. - ამოიხვნეშა ფიფომ.
- ორი ვარიანტია! - დაიწყო მხატვარმა. - ერთი ის, რომ მსგავსი ჩვევა, გენეტიკურია და მეორე, უკვე პროფესიიდან გამომდინარე! აი, ძველ დროში, ამ ჩვევის ჩამომყალიბებლად, მხოლოდ კლავიშებიან ინსტრუმენტს თუ დაასახელებდნენ! ახლა კი, თავისუფლად შეგვიძლია კლავიატურაც დავუმატოთ!
- დარწმუნებული ვარ, ის ბებო, კომპიუტერთან ჩახუტებული, ნამდვილად არ უნდა იყოს! - სიცილით აღნიშნა ფიფომ.
- ის ქალი, თუ პროფესიონალი პიანისტია, თუნდაც უკვე ასაკოვანი, რატომაც არა, რომ ჩვევად ჰქონდეს თითების თამაში! - მხრები აიჩეჩა მხატვარმა. - და ის შენი ეჭვმიტანილი პროფესორი კი, ისედაც იცი რომ „კომპიუტერშჩიკია“! ესე იგი. - მხატვარმა ხმას აუწია. - აქეთ პიანისტი და იქეთ პროგრამისტი!
- გაიგე მერე ახლა, აქვთ თუ არა ამ ორ ადამიანს რამე საერთო? ან და რომც ჰქონდეთ, რა მერე? და იცი რააა?! საერთოდ დავიღალე უკვე აღარ შემიძლია! - თავი გააქნია ფიფომ. - სულ ვიღაცასთან, რაღაც კავშირი მეჩვენება თუ მენიშნება, მაგრამ რეალურად, არც არაფერი!
- ისე, ის პროფესორიც ხომ შეიძლება უკრავდეს პიანინოს?
- დაუკრას მერე! და იცეკვოს კიდეც, თუ უნდა! - ფიფო საშინლად იბღვირებოდა და იღრინებოდა.
მხატვარი ბევრს ეცადა, როგორმე ხასიათზე მოეყვანა მეგობარი, მაგრამ ფიფოს, მხოლოდ მაშინ გაეხსნა შეჭმუხნილი შუბლი, როდესაც კარში, მთელი კვირის მანძილზე დაკარგული მიმი გამოჩნდა.
- რა სახეები გაქვთ?! ცივი ნაყინი მოგიტანეთ, ცოტა გულები გაიგრილეთ! - მიმის მხიარულმა ღიმილმა ბიჭები ხასიათზე მოიყვანა.
- იმედია, მანქანაში ძალიან არ გადნებოდა. - მიმი სავარძელში ჩაესვენა.
- შედგით საყინულეში! ახლავე მოვალ! - მხატვარი წამოხტა და ეზოში გავიდა.
- აბა როგორ ხარ? - თბილად მოიკითხა ფიფომ.
- სიმართლე გითხრა, ცოტა არ ვარ ხასიათზე! - სევდანარევი ხმით უპასუხა მიმიმ. - მაგრამ ვიცი, რომ გადამივლის. თქვენთან ერთად, ყველა დარდი მავიწყდება!
- აბა, სხვა რისთვის გვყავს ერთმანეთი?! - მიუგო ფიფომ და ამ წუთას, გულით სურდა გაეგო, მიმის უხასიათობის მიზეზი, მაგრამ შეკთხვას მოერიდა.
პასუხად მიმიმ, მომღიმარი თვალები ისე შეანათა, რომ ფიფოს მთელს სხეულში სითბომ დაუარა, მაგრამ ვინ აცალათ? მხატვარი მურაბის ქილით ხელში შემოიჭრა ოთახში და სიმყუდროვე დაურღვია წყვილს.
- აი, ნახეთ რა მაქვს?! - დასჭექა მთელი ხმით.
- რა დროს მურაბაა, ამ შუა ზაფხულში? - ფიფო სიცილისგან გაიჭაჭა.
- ეე! შენ რა იცი, ამის გემო! დაიცა გავამზადო. - მხატვარმა ნაყინები გაანაწილა და ზედ მანდარინის მურაბა მოასხა. - კინაღამ გაგიჟდა ჩემი ექს.ცოლი, რა დროს მურაბააო?!
- არც მიკვირს, რომ გაგიჟდებოდა. - ჩაეცინა ფიფომ.
- ჰმ, ძლივს წავართვი! - დაურთო მხატვარმა.
- მე მაქვს გასინჯული, ძალიან პოპულარულია ზღვისპირეთში. - წაიწრიპინა მიმიმ.
მიმის აწკრიალებული ხმა, ფიფოს ყურს სიამოვნებით ელამუნებოდა. თვალს ვერ აშორებდა გოგოს და არც ნაყინი უნდოდა, არც მანდარინი და არც მურაბა.
- არა მაინც, რა დროს მანდარინის მურაბა იყო ამ გაგანიაში? საიდან გაგახსენდა? - მიმის ხმამ, კვლავ ჩაიწკრიალა ფიფოს ყურთან.
- ჩემო მიმი! მურაბასავით ტკბილო მეგობარო! - ემოციურად აღნიშნა მხატვარმა. - შენმა დანახვამ, და თანაც ასეთ ხვატში, თვით მანდარინიც კი გამახსენა!
მხატვარი დაუცხრომლად ხუმრობდა. მიმი კისკისებდა, ფიფო კი. ბედნიერი ღიმილით ადევნებდა თვალს.
„მიმის არავის აღარ დავუთმობ! არავის და არასდროს! არაფრის გულისთვის არ დავთმობ!
და თუ მაინც შეეცდება, ის ნაძირალა მიმის გულის მოგებას? მერე...
მერე მიმიმ? მართლაც, რომ ის შეიყვაროს?
ჰმ, ისე რა საინტერესო იქნება, პროფესორის სახით რომ გამოეცხადოს? ნეტა, რა რეაქცია ექნება, მიმის?“
- შენი გამოძიების საქმე, როგორ მიდის?
ფიფო, მიმის ხმამ, ეჭვიანი ფიქრებისგან გამოაფხიზლა.
- აბა, რა ვიცი, რომელი ერთი გაინტერესებს?
- ნუ, თუნდაც ბავშვს, რომ ეძებდი ან...
- კი ის ბავშვი ნაპოვნია და ბავშვი კი არა, ჩემზე დიდი კაცია და უნივერსიტეტის პროფესორია!
- ოჰო! - წარბები ასწია მიმიმ.
ფიფოს ენიშნა, თითქოს მიმი რაღაც სულ სხვანაირად გაწყობაზე იდგა, მაგრამ აშკარა იყო არ იმჩნევდა. მომენტებში, თითქოს სხვაგან გაურბოდა მზერა და თითქოს წესიერად არც უსმენდა ბიჭებს, მერე უცებ ჭიქას ჩააკვრიდა, კოქტეილი, საწრუპი ჩხირით ამოურია და დიდი ყლუპით მოსვა.
- მოკლედ, შენც ჩემსავით სულ პროფესორებში დარბოდი ეს ბოლო პერიოდი. - ჩაურთო მხატვარმა და მალულად მიმის შეავლო თვალი.
- შენ, ბავშვის ამბებზე იყავი მე კი სულ სხვა საქმე მქონდა! თუმცა, მეც ბავშვის ამბით დავიწყე. - კმაყოფილი სახით ჩაეცინა ფიფოს. აშკარა იყო, გაუხარდა მხატვრის ჩართვა.
- მერე? - ვეღარ ითმენდა მიმი.
- მერე რა, მერე? ჩავაბარეთ პატრონს! ყველაფერი გაირკვა და ასე! და მორჩა! ვზივარ ახლა აქ, უსაქმურად და ვწრუპავ თქვენთან ერთად გაურკვეველი წარმომავლობის კოქტეილს! - თბილად გაუღიმა ფიფომ.
მიმიმაც ღიმილითვე უპასუხა, მაგრამ თვალებში მაინც საშინელი სევდა ჰქონდა ჩამდგარი. ისევ ჩაიმატა კოქტეილში კონიაკი, გაყინული არყის კუბებიც ბლომად ჩაყარა და ლამის ნახევრამდე ამოსრუპა.
ბიჭები გატრუნული ადევნებდნენ თვალს. ჩანდა, მიმი საშინელ ხასიათზე იყო. უფრო გაღიზიანებული და ანერვიულებული, ვიდრე გულდაწყვეტილი და მოწყენილი.
თითქოს, სალაპარაკოც გამოელიათო და რაღაც მომენტში, ყველა გაირინდა.
- წავიდა უკვე შენი იდუმალი მეგობარი? - სიჩუმე მხატვრის ხმამ გაფანტა.
მიმიმ თავი ჩაკიდა და არაფერი უპასუხა. ბრაზისგან, ტუჩებიც მოკუმა. სევდის ნაცვლად, ახლა უფრო მისი ამრეზილი სახე გამოიკვეთა.
- ეეე, გაგვეცნო მაინც, ერთად დავლევდით. - დაუმატა ფიფომ.
მიმიმ ისევ არაფერი უპასუხა. ნირწამხდარი იჯდა და ნელ-ნელა წრუპავდა ხელახლა შევსებულ კოქტეილს.
- აუ, მოდით რა რომელიმეს დაგხატავთ?! ცოტათი შემოქმედებაში თუ არ გადავერთე, გამისკდება ისედაც ეს ცარიელი თავი. - მხატვარი წამოდგა. ალბომი შეარჩია და სახატავად მოემზადა.
- აუუ! მე არ დამხატო რააა!!! - დაიჯღანა ფიფო.
- არც მე მინდა, რომ დამხატო! - მიმიმაც აიბუზა ცხვირი.
- ეე! აბა ვინ დავხატო? ქუჩიდან შემოვათრიო? - აწუწუნდა მხატვარი.
- ვინც გინდა, ის დახატე! - ფიფომ მხრები აიჩეჩა. - თუნდაც, შენი წარმოსახვით დახატე, რა იყო? ფანტაზიები შემოგელია? აი თუ გინდა, რომელიმე მიმის მეზობელი დახატე! ისე, შენი წარმოდგენით!
- მიმი გადარეკე, რაა?! მეზობლებში, მოვიდნენ დავხატავ! - იხუმრა მხატვარმა.
მიმის გაეღიმა. ფიფო კი განაგრძობდა მხატვრის შემოქმედებაზე ზეწოლას და თან მიმის რეაქციებს აკვირდებოდა.
- რა აუცილებელია აქ მოვიდნენ? ისე რა? ვერ დახატავ? წარმოსახვით! - არ ცხრებოდა ფიფო.
- წარმოსახვით? - წარბები ასწია მხატვარმა. ცხადია, ხვდებოდა ფიფოს ჩანაფიქრს.
- აბა მიმი მიდი, აღწერე ვინმე და რამდენად დიდი მხატვარი გვყავს ახლა გამოჩნდებააა! - კვლავ არ ჩერდებოდა ფიფო.
მიმის გულიანად გაეცინა, მიუხვდა ბიჭებს ეშმაკობას.
- ესე იგი, თქვენ გინდათ, რომ მე... ჰმ. - თავი გააქნია მიმი. - კარგი გასაგებია და მშვენივრადაც მიგიხვდით, მაგრამ თქვენ და სამწუხაროდ, არ მაქვს მისი სურათი, არ უყვარს ფოტოგრაფირება! და ჩემი აღწერით კი რა გამოვა, ვნახოთ აბა!
მხატვარი სამუშაოდ განეწყო.
ფიფო სიხარულისგან ცმუკავდა, ძლივს იკავებდა თავს.
მიმიმ კიდევ ჩაიმატა კონიაკი. მურაბაც ცოტა უფრო მეტად მოასხა უკვე რძედ ქცეულ ნაყინს და სულ მოასუფთავა.
- მიმი რამე მიაყოლე, არ გაწყინოს.
მიმიმ ცალყბად გაუღიმა, ფიფოს შენიშვნა არად ჩააგდო და კიდევ ჩაიმატა სასმელი.
თვალები ამღვრეული ჰქონდა. ცდილობდა, დარდი დაეფარა, მაგრამ უკვე ვეღარც ფარავდა. აშკარად, უფრო აგრესიული ჩანდა, ვიდრე დანაღვლიანებული.
- მარტო ნაყინსა და კონიაკს შეუძლია დღეს ხასიათზე მომიყვანოს! - დემონსტრაციულად განაცხადა მიმიმ და იდუმალი მეგობრის დახასიათებას შეუდგა.
ფიფოს, ერთი სული ჰქონდა, ნახატზე ოდნავ მაინც შეევლო თვალი, მაგრამ მხატვარი უარზე იდგა. სანამ არ მოვრჩები, მანამდე არც გაჩვენებთო.
მიმიმ ისევ მოასუფთავა ნაყინი, კონიაკიც მიაყოლა და უკვე ბოლო წვეთზე, პირზე ხელი იტაცა და სააბაზანოში გავარდა.
ძლივს მოიბრუნა სული. ფერმიხდილი ჩაესვენა სავარძელში. საშინელად აღელვებული ჩანდა. ყოველგვარი ექიმის გამოძახებაზე, კატეგორიული უარი განაცხადა. მხოლოდ კონიაკი და ნაყინი აღარ დამანახოთო გაიძახოდა.
ფიფომ ხან რა შესთავაზა და ხან რა. მიმი ყველაფერზე უარს აცხადებდა და დრო და დრო მხატვარს, პიპას გარეგნობას უხასიათებდა.
- მორჩა! ეს არის! - წამოიძახა მხატვარმა. როგორც იქნა, დაამთავრა „სანუკვარი“ ნამუშევარი და საერთო ჩვენებისთვის კედელს მიაყუდა.
ფიფო სავარძელში აწრიალდა.
პორტრეტი, საოცრად ჰგავდა იმ პროფესორის სახეს, მხოლოდ სათვალის გარეშე და სულ სხვა ვარცხნილობით, სულ სხვა თვალების გამოხედვით.
LEX. 2017 წლის 24 ივლისი, ორშაბათი.
No comments:
Post a Comment