91.
„რა უნდოდა, ფიფოს?
ასე როგორ მომაგნო და თანაც, სად?
იქ სადაც, არ ველოდი!
იქ სადაც, თავს ყველაზე დაცულად ვგრძნობდი, სწორედ იქ დამადგა თავზე.
მართლაც, რომ ძაღლის გეში აქვს!
მეგონა, მიმის გვერდით ყოფნა იყო საშიში! მისი მხრიდან უფრო მოდიოდა საშიშროება და ეს კი, სად აქ დამადგა?!
მიმი... ჰმ! სასწრაფოდ უნდა გავწყვიტო მასთან ურთიერთობა და თანაც, რაც შეიძლება მალე!“
პიპა ადგილს ვერ პოულობდა. საშინლად გაღიზიანებული და ნერვებაშლილი გადი-გამოდიოდა ოთახში და ცდილობდა, როგორმე ბრაზი და სიშმაგე ჩაეცხრო. კარგად უნდა მოეფიქრებინა, თუ როგორ უნდა გამომძვრალიყო ამ სიტუაციიდან. თუნდაც დროებით, სანამ დასახულ მიზანს არ მიაღწევდა. პიპას მეტი მაინც აღარაფერი ამოძრავებდა და მხოლოდ შურისძიება აცოცხლებდა მის სულს.
„ამ ქვეყნად, ყველაზე დიდი ბოროტება, შურისძიებაა! რადგან მას არც შენდობისა და არც ლმობიერების შეგრძნება აქვს! შურისმაძიებელი კი, ყველაზე ბოროტი ადამიანია ამ ქვეყნად! შენნაირი ბოროტი და ბოღმით სავსე!“
ჩასძახოდა პიპას ვიღაცის ხმა, რომელიც წამდაუწუმ იცვლებოდა. ხან ბაბუს ხმა იყო, ხანაც მისი მოძღვრის, მაგრამ სულ სხვანაირი ტიპის. ეს ხმები უფრო ღვარძლიანი და დამცინავი იყო და არა ისეთი დამრიგებლური და თბილი, როგორიც სინამდვილეში ჰქონდათ.
ცხადია, პიპა თავს ებრძოდა. საკუთარი, გაორმაგებული სულის გამუდმებით ჭიდილში განაგრძობდა სიცოცხლეს. იმ სიცოცხლეს, რომელსაც ბოლო არ უჩანდა.
„ჩემს ხორცს, აღარ შეუძლია, ჩემი მძიმე სულის ტარება! აღარ შემიძლია! მეტი აღარ შემიძლია!“
გმინავდა პიპა და ბალიშში თავჩარგული ცდილობდა, სულიდან ამოხეთქილი ტკივილის ჩახშობას.
გათენებამდე ძლივს მოითმინა.
მიმი სწრაფადვე გამოეხმაურა მის ზარს და არც შეხვედრაზე დაუგვიანია.
მასთან მიმართებაში, პიპა ყოველთვის თავს იმართლებდა. არც არაფერს შეჰპირებია და არც მისგან ითხოვდა რამეს. იმ ერთი საღამოს ინციდენტშიც კი, სუფთად გრძნობდა თავს. ბინაზე მისულს, თავისავე საწოლში, ლამაზი ახალგაზრდა ქალი დაუხვდა. ხელი, რომ ეკრა, უფრო მეტ ეჭვს გამოიწვევდა, არადა, არც უნდოდა ასე ახლოს, რომ მოეშვა ის პიროვნება, ვინც ფიფოსთან ასე იყო დაახლოებული.
სიფრთხილე აუცილებელი იყო. მიმისთან საწოლში გატარებულ დროს კი, მაინც დიდ შეცდომად თვლიდა და მის მერე, რაც შეიძლებოდა, მეტ სიფრთხილეს იჩენდა, რომ მიმის, უფრო მეტი სიახლოვე არ მოეთხოვა მისგან. ამიტომაც, ვითომდა უფრო დაუახლოვდა და სინამდვილეში კი, უფრო მეტად უფრთხოდა მას. თუმცა, მიმი სულაც არ აღმოჩნდა ზედმეტად მომთხოვნი. არასდროს საყვედურობდა, როცა პიპა შეხვედრაზე უარს ეტყოდა, ან მესიჯის პასუხს თუ დიდი ხნით დაუგვიანებდა, ან საერთოდ არც მისწერდა იმ კვირაში. მართალია, პიპა მიმისთან ურთიერთობაში, ზოგჯერ ზედმეტადაც ცივი იყო, მაგრამ უხეში და უზრდელი, არასდროს ყოფილა. მიმის არასდროს უგრძვნია მის გვერდით თავი, შეურაცხყოფილად.
- დედა ასე ძალიან ცუდად, რომ არ იყოს, არც ვიფიქრებდი. - პიპამ ამოიხვნეშა და თავი ისე მოაჩვენა, თითქოს სიტყვებს თავს ვერ უყრიდა. მიმისთან დასაშორებელ მიზეზად კი, დედის გადაუდებელი მკურნალობა მოიგონა. სასწრაფოდ უნდა გამგზავრებულიყვნენ უცხოეთში.
მიმი გაფითრებული უსმენდა.
- ადრე იმიტომ ვერაფერი გითხარი, ჯერ არც პასუხი ვიცოდით და ისედაც არც არაფერი სახსრები არ გაგვაჩნდა. - ნაღვლიანად განაგრძობდა პიპა ტონიც კი საკმაოდ დამაჯერებლური ჰქონდა. - და როცა პასუხები მოვიდა, ახლობლები დაგვეხმარნენ, ჩვენი სოფლის კარ-მიდამო მთლიანად შეიძინეს. ცოტაც, მამისგანაც მიწის ნაკვეთის ფულიც დაემატა. ეს მოვლენები, ისე უცებ განვითარდა, რომ ვერც კი მოვასწარი შენი გაფრთხილება.
მიმი ისევ გაოგნებული შეჰყურებდა, ხმასაც ვერ იღებდა.
- საბუთების მომზადება დიდი ხნის წინ დავიწყეთ, მაშინ შენ არც კი გიცნობდი, მერე თავიდან არაფერი გამოვიდა, ხელიც კი ჩავიქნიეთ და მოულოდნელად, ასე შემობრუნდა. - პიპა გაჩუმდა.
თავიდან ისე საუბრობდა, ცდილობდა მიმისთვის თვალებში ჩაეხედა, უფრო მეტად დაეჯერებინა შეთხზული ამბავი, მაგრამ თანდათან თავადვე იგრძნო, რომ თვალს არიდებდა.
რაც უფრო დრო გადიოდა, მით უფრო რწმუნდებოდა, რომ ეს გოგო არაფერ შუაში იყო. შესაძლოა, ფიფომ სპეციალურადაც მიუგზავნა, თანაც ისე, რომ მიმის წარმოდგენაც კი არ ექნებოდა და სულ ტყუილად მოუხდა მისი გულისტკენა. სხვა გზა აღარ იყო, სჯობდა დროულად დაემთავრებინა ეს ურთიერთობა, ან რა აზრი ჰქონდა გაგრძელებას?
მაგრამ გაუჭირდა. უცებ, საშინლად გაუჭირდა. თავადაც არ მოელოდა, ისე ჩასწყდა რაღაც გულში. რთული აღმოჩნდა, ერთი ხელის მოსმით, ამ გულუბრყვილო გოგოს მიტოვება. ამას სჯობდა რამეს შეპირებოდა და მერე როგორც მატყუარა, ფლიდი კაცი, თავად მიმისვე მიეტოვებინა. ასე უფრო არ დასწყდებოდა ამ გოგოს გული და პიპაც შვებით ამოისუნთქებდა, მაგრამ რაღაც სულ სხვა რამ მოხდა.
მოულოდნელად, პიპამ საკუთარი თავი გამოიჭირა, რომ სადღაც გულის კუნჭულში, უკვე მიმი აღარ ეთმობოდა, მაგრამ ვეღარც უკან იხევდა და ვერც წინ მიდიოდა. ამიტომაც უფრო რბილად შეეცადა მიმისგან თავის დაღწევას:
- მიმი, სწორად გამიგე რაა, გთხოვ. ბევრად უფრო კარგი სამსახურის შანსიც მაქვს და დედაც ჩემთან ერთად იქნება. ვიმკურნალებთ და ჩამოვალთ მერე, აბა რაა! - პიპამ წამით იყუჩა. - სამუდამოდ კი არ მივდივარ! სულ კი არ გტოვებ!
- კი, მესმის... - ძლივს ამოილუღლუღა მიმიმ.
- როგორც კი ჩავალთ, პირველი შენ დაგირეკავ! თუ არ მიპასუხებ, კიდევ დაგირეკავ, მესიჯს მოგწერ!
მიმის ნაღვლიანად გაეღიმა, ვერაფერი უპასუხა. მერე თავისი მობილურიდან ნომერი ამოიღო და აპარატი პიპას გაუწოდა.
- მოდი გავცვალოთ. შენს ტელეფონს ინტერნეტიც არ აქვს, ისედაც ძლივს მუშაობს. ჩემი უფრო გამოგადგება. იქნებ, ინტერნეტში შესვლაც ისწავლო, უფრო ადვილად ვიკონტაქტებთ. შენსას კი სამახსოვროდ დავიტოვებ.
პიპას გულიანად გაეცინა. მიმი ძალიან საყვარელი, მართლაც რომ მიამიტი ბავშვივით იყო. ხმა უკანკალებდა, ცდილობდა არ ეტირა, მაგრამ თვალები უკვე ამოვსებული ჰქონდა.
- არა, მიმი არ მინდა! მაგის მეტი იქ რა არის? და თანაც, იქ უფრო იაფად შევიძენ. შენ კი, ეს აქ უფრო გჭირდება.
- მე ახალს ვიყიდი, რა პრობლემაა? არა, არ იფიქრო, რომ ეს ძველია და ახლის ყიდვა მინდა და ამიტომ ვიმეტებ.
- რატომ უნდა დაიხარჯო ტყუილად?!
- არ ვიხარჯები! თუნდაც, განვადებით შევიძენ! იმდენი ხელფასი მაინც მაქვს და მობილური, რა პრობლემაა? - არ ცხრებოდა მიმი.
- მართლა არ მინდა ჩემს გამო, რომ ზედმეტად დაიხარჯო. ტელეფონიც მექნება და შენი ხათრით კომპიუტერსაც ვისწავლი! იმხელა წერილებს მოგწერ, რომ კითხვით მოგაბეზრებ თავს და მერე შენ მიპასუხებ კარგი რაა, რა დაგიშავე? ამხელა წერილს, რა წაიკითხავსო.
მიმის, როგორც იქნა, გულიანად გაეცინა. თუმცა, თვალები მაინც სევდით ჰქონდა სავსე. ყოველთვის უნდოდა პიპასთვის ახალი ტელეფონის ჩუქება, მაგრამ ვერ ბედავდა. შესაფერის დროს არჩევდა. არც ზედმეტად განებივრება უნდოდა და არც დაფრთხობა, მაგრამ საინტერესო ის იყო, რომ პიპა ყოველგვარ ტექნიკაზე უარს ამბობდა. კომპიუტერიც ვერ აითვისა. მესიჯების გაგზავნაც ძლივს ასწავლა მიმიმ, რაზეც პიპას, თავადვე ეცინებოდა, ხომ ხედავ? რა უნიჭოც ვარ და რატომღა მაწვალებო...
სინამდვილეში კი, ბატონი პროფესორი, კომპიუტერიზაციით იყო გატაცებული და მის ერთ-ერთ მთავარ საქმიანობასაც წარმოადგენდა. პიპამ მშვენივრად აუღო ალღო ცხოვრებას. მიუხედავად უამრავი იმედგაცრუებისა, ბევრჯერ მოუწია ცხოვრების თავიდან დაწყება. სადღაც კანონთა სისტემაში მიკარგული ბავშვი, დაღუპული სული იყო საზოგადოებისათვის! თუმცა, ვის ეძახდნენ საზოგადოებას?
მათ, ვინც უსუსურ, უდანაშაულო ბავშვებზე მოითბო ხელი?
ესენი წარმოადგენდნენ საზოგადოებას?
და პიპამაც, სხვის უბედურებაზე დალხენილი ხალხის ალაგმვას მიჰყო ხელი. დასაწყისისთვის, ძალიან გაუჭირდა. როგორი შემართებითაც მიადგა, სულ სხვანაირად შემოტრიალდა. არც უფიქრია, რომ ოდესმე მკვლელი გახდებოდა და თანაც, სერიული მკვლელი.
თავიდან, პიპა ერთ მსხვერპლს, მხოლოდ საქმის გასარჩევად მიადგა. უნდოდა, ერთი მაგრად მიებგვა, ცხვირ-პირი ჩაელეწა და ბოლო-ბოლო ეღიარებინა, ის რაც ჩაიდინა.
- მე სამართალი მინდა! სამართალი! - ღრიალებდა პიპა.
- სამართალი, თუ შურისძიება? - უპასუხეს ცინიზმით აღსავსე ხმით.
მსხვერპლი უკან არ იხევდა, პირიქით აბუჩად იგდებდა მკვლელს. პიპა უფრო მეტად შმაგდებოდა და თავადაც ვერ გაიგო, ისე გამოასალმა სიცოცხლეს.
თუმცა შვება სულაც არ უგრძვნია, არც შიში, არც სიბრალული და არც არაფერი. თავადაც ვერ მიხვდა, თუ იმ მომენტში, რას გრძნობდა, ვერაფერი შეიგრძნო. დაჰყურებდა უსულო გვამს და უფრო მეტად ერეოდა ზიზღი. მერე გონს მოეგო. სიკვდილის მწარე სურნელი იყნოსა. ბოლოში ოდნავ მოტკბო გემოც შეიგრძნო და კმაყოფილი ღიმილი აუთამაშდა სახეზე. სიამაყე შემოაწვა სულში, რაღაც ძალა კი არ მართავდა მას, არამედ თავად იყო ეს ძალა. მოგვიანებით კი მიხვდა, რომ თვითონ მსხვერპლს, უნდოდა სიკვდილი და იარაღად პიპას სიშმაგე გამოიყენა. არ იყო ეს კარგი ამბავი, მაგრამ მის მერე, უკან აღარც დაუხევია. ბევრჯერ გაუჭირდა, რამდენჯერ ლამის, თვითონ ფიფოს კინაღამ ჩაუვარდა კლანჭებში, მაგრამ ბევრჯერაც ადვილად გამოძვრა, ისე ადვილად, რომ არც მისი ვინაობა იცოდნენ და სახეზეც კი არ იცნობდნენ.
ახლა კი, სულ სხვანაირად შემობრუნდა ყველაფერი. თუმცა, კი არ შემობრუნდა, არამედ თავდაყირა დადგა და საიდანაც არ ელოდა და სადაც ყველაზე უსაფრთხოდ გრძნობდა თავს, სწორედ იქ უმტყუნა ბედმა და თანაც, ასე მოულოდნელად.
ყოველთვის მზად იყო, ოდესმე დადგებოდა ეს დრო, მაგრამ ჯერ ბოლომდე უნდა მიეყვანა საქმე და მერე ყოველგვარი სიფრთხილის გარეშე, თავადვე ჩაუვარდებოდა სამართალ დამცავებს ხახაში და სულაც არ ადარდებდა, თუ რა მოჰყვებოდა ამას.
ახლა კი, ყველაფერი აერია. ფიფოს ვიზიტმა, სულ აუწეწა გეგმები და მოსვენება აღარ მისცა. სასწრაფოდ, პირველ რიგში, მიმის თავიდან მოშორება გახდა საჭირო და რაც მთავარი იყო, მკვლელობები უნდა შეეწყვიტა. დროებით მიყუჩებულიყო და უნდა გარიდებოდა ხიფათს.
მაგრამ სადაც გაფრთხილდა და თავი აარიდა, სწორედაც, რომ იქ შეეშალა, რადგან როგორც კი მიადგნენ, მაშინვე დაფრთხა და გაფრთხილდა და ეს იყო ზუსტად თვალში საცემი და ეს იყო სწორედ მისი, ყველაზე დიდი შეცდომა. ფიფოს ვიზიტისთანავე, მიმის საბოლოოდ დაემშვიდობა და ეს იყო, ის მთავარი შეცდომა.
და ამასაც გვიან მიხვდა. მაშინღა მიხვდა, როცა მიმის კიდევ ერთი მეგობარი, შვილთან ერთად ესტუმრა უნივერსიტეტში.
საკუთარ უმეცრებაზე აუვარდა სიცილი. გიჟივით ხარხარებდა. კიდევ კარგი, ახლო-მახლო არავინ იყო.
თავიდან ფიქრობდა, რომ სწორად მოიქცა. დროულად გაწყვიტა მიმისთან კავშირი. მკვლელობებსაც დროებით შეწყვეტდა. იმ ძველ უბანშიც მიატოვებდა საცხოვრებელს. თუმცა, არც ცხოვრობდა იქ. მხოლოდ თვალის ასახვევად თუ ათევდა ხანდახან ღამეს.
პიპა დარწმუნებული იყო, რომ მიმისთან დაშორებით, დიდი საქმე მოაგვარა. მშვიდად ამოისუნთქა და ბედნიერი სახით შეერია უნივერსიტეტის ეზოში, გამოცდების მოლოდინში მოფუსფუსე სტუდენტებს. ზოგი მიეგება, ზოგმაც თვალი აარიდა. ბატონმა პროფესორმა კი ხმამაღლა გამოუცხადა, დღეს მშვენიერ ხასიათზე ვარ, არავის გულს არ დაგწყვეტთ და ზაფხულის დასვენებას არ ჩაგიშხამებთო.
ის იყო, კიბეზე შედგა ფეხი, რომ მიმის მეგობარი მხატვარი შენიშნა, გოგონასთან ერთად, რაღაცას კითხულობდა. ადრეც ჰყავდა ნანახი, ჯერ კიდევ მაშინ, როცა დაინტერესდა, კიდევ ვისთან მეგობრობდა მიმი იმ ძველ უბანში და ისიც კარგად გაარკვია, რომ ფიფოც ძალიან ხშირი სტუმარი იყო იქ.
ახლა კი მოულოდნელად, ჯერ ფიფო გამოეცხადა და მერე კი, ასევე მოულოდნელად, მხატვარიც.
ჯერ ღიმილი აუთამაშდა სახეზე და ძლივს შეასწრო კაბინეტში, რომ მისი გიჟური სიცილისთვის არავის მოეკრა ყური. მართალია, თვითონ შეეშალა, შეცდომა დაუშვა, მაგრამ არც ფიფო აღმოჩნდა გამონაკლისი, მანაც ხომ ჯერ თავისი ვიზიტით და მერე კი მხატვრის მიგზავნით ასევე, დაუშვა შეცდომა.
ბატონმა პროფესორმა, ცივი წყლით სახე გაიგრილა, დამშვიდდა, ამოისუნთქა. თავი ხელში აიყვანა. ჰალსტუხი შეისწორა, ჩვეულ ფორმაში ჩადგა და რაც შეიძლებოდა, მეტი სერიოზული სახით დახვდა დაუპატიჟებელ სტუმრებს. თუმცა, მომენტებში მაინც, ძლივს იკავებდა სიცილს.
მხატვარი კარგად აკვირდებოდა. ბავშვთა სახლში ცხოვრებისას იმდენად პატარა იყო, წესიერად აღარც კი ახსოვდა მათი სახეები და ამიტომაც ვერ იცნო, თავისი ბავშვობის მეგობარი. ვერც პიპამ შეიცნო მასში ის პატარა, ხატვის მოყვარული ბიჭი.
ალბათ, საკმარისი იქნებოდა, რომელიმე მათგანს, რომ მაინც ეხსენებინა ის წლები, ბავშვთა სახლი და მოხუცი ბაბუს ნიღბების თეატრი, მაშინ შესაძლებელი იყო, უფრო გახსენებოდათ ერთმანეთი, მაგრამ მხატვარი ახლა, თავისი შვილის მომავლით იყო სერიოზულად დაინტერესებული და პროფესორიც თავის მხრივ, მთელი სიდინჯით აცნობდა იქაურობას.
- მოსამზადებელი ჯგუფები გვაქვს! არჩევანიც დიდია! მთავარია, აბიტურიენტმა კარგად შეარჩიოს მისთვის სასურველი პროფესია. - პროფესორი დინჯად საუბრობდა.
მხატვარი ყურადღებით უსმენდა და რაც შეიძლებოდა აკვირდებოდა და კარგად სწავლობდა მის ნაკვთებს, მის ელემენტარულ მოძრაობასაც კი აქცევდა ყურადღებას.
ხოლო რაც შეეხებოდა მის გოგონას, მისთვის სულ ერთი იყო, რა თემაზე საუბრობდნენ ეს სიმპათიური „აჩკარიკა“ პროფესორი და შვილის საქციელებით განაწყენებული მამა. გოგონა ბოლო დროს, ისევ ცუდად იქცეოდა. ზარმაცობდა, გაკვეთილების უამრავი გაცდენების გამო, ზედმეტი გამოცდები ჰქონდა დანიშნული და ახლა მამამისი გამკაცრებული მეთოდებით ცდილობდა „დაესაჯა“ შვილი. ბუნებრივიც იყო და გოგონას ეჭვიც კი არ შეჰპარვია, რომ მამამისს აქ მოსასვლელად შვილის კეთილდღეობის გარდა, კიდევ სხვა მიზნებიც თუ ამოძრავებდა.
ორი ზრდასრული ადამიანი კი, პირისპირ იჯდა, თვალს არ აცილებდნენ ერთურთს. თითქოს, ორივემ იცოდა ერთმანეთის ზრახვები. ორივე ცდილობდა, რაც შეიძლებოდა მეტი დამაჯერებლობით ესაუბრა და რაც შეიძლებოდა, მეტი დაკვირვებით ათვალიერებდნენ ერთმანეთს. გულში კი სხვა რამეს ფიქრობდნენ და სულ სხვა თემაზე საუბრობდნენ.
დიდად „აღფრთოვანდა“ ბატონი პროფესორი, როდესაც გაიგო, რომ ხელოვანი, მხატვარი კაცი ესტუმრა. სინანულით გამოთქვა, რომ ყოველთვის უნდოდა ხელოვნებაშიც ეცადა ბედი, მაგრამ ვერასდროს მოიცალა. მხატვარმაც დრო იხელთა, სახელოსნოში მოიპატიჟა. პოზირებაც შესთავაზა და როგორც ხელოვნების მოყვარულს, ხატვის გაკვეთილებსაც ჩაუტარებდა.
პროფესორიც სიამოვნებით დათანხმდა.
- როგორც კი მოვილევ გამოცდებს, ვნახოთ მერე. იქნებ, ამ სიბერეში ხატვის ნიჭიც აღმომაჩნდეს! - ბატონ პროფესორს, სახეზე ბედნიერი ღიმილიც აუთამაშდა.
პიპას გულში გემრიელად ეცინებოდა. მიხვდა, მისი სახელოსნოში მოტყუება და მიმისთან დაპირისპირება უნდოდათ.
„ვერ მოგართვით! ასე ადვილი გამოსაჭერი, რომ ვყოფილიყავი, აქამდე ბევრჯერ გავებმებოდი მახეში. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ყოჩაღ ფიფოს! ბევრად უფრო ჭკვიანი და გამჭრიახი ყოფილა! თუმცა, არც მე ვარ მასზე ნაკლები!“
***
ფიფო ვეღარ ითმენდა. ერთი სული ჰქონდა, როდისღა დაბრუნდებოდა მხატვარი და რას ეტყოდა. თუმცა, არც არაფერს ელოდა. რა უნდა ეთქვა ისეთი საინტერესო. კმაყოფილი იყო, თავისი იდეით, მშვენივრად მოიფიქრა. ბუნებრივიც იყო და ისედაც თუ კი მოისურვებდა ბავშვი იქ სწავლის გაგრძელებას, არც ამაში იყო ცუდი არაფერი.
თავისი გამჭრიახობით დამტკბარმა დეტექტივმა, სიამოვნებით მოწრუპა კონიაკი და მხატვრის მოლოდინში გაიტრუნა.
სიამაყის გრძნობამ სასიამოვნოდ დაუარა. ბევრი იწვალა და როგორც იქნა, დაუფასდა კიდეც. თუმცა, სრულ და ოფიციალურ დაფასებამდე, ჯერ კიდევ ბევრი გზა ჰქონდა გასავლელი. ეჭვმიტანილს, მხოლოდ ცარიელი ეჭვის საფუძველზე, ასე უბრალოდაც, ხელს ვერ დაადებდა. ფაქტების მოპოვება იყო საჭირო და კიდევ უამრავი რამ დასადგენი და დასაზუსტებელი. თანაც, ახლა უფრო მეტად უნდა გაფრთხილდეს და დაუკვირდეს მის ქმედებას და ყველანაირად უნდა შეეცადოს, რომ მიმი არსად გამოაჩინოს.
„კარგია, რომ მოშორდა მიმის! ზუსტად დროულიც იყო! კიდევ კარგი, რამე ხიფათს არ გადაჰკიდა.
ეჰ, მიმის როგორი სევდიანი თვალები ჰქონდა.
ნეტა მართლა იცოდეს, თუ რა ჭირი მოიშორა!“
ფიფომ სიამოვნებისგან თვალები მილულა, წამით გაირინდა და უცებ ფეხზე წამოვარდა და მთელი ხმით იღრიალა:
- რა სულელი ვარ! იდიოტი! ეს რა სისულელე ჩავიდინე! ნამდვილი ბრიყვი ვარ! ბრიყვი! ბრიყვი, იდიოტი! - საკუთარ თავზე განრისხებულმა არყის ჭიქა კარს შეანარცხა.
LEX. 2017 წლის
12 ივლისი, ოთხშაბათი.
No comments:
Post a Comment