71.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1905923642983257
- დარწმუნებული ვარ, არ მომილოცავს! თუნდაც იმიტომ, რომ არც
გავახსენდები და თუნდაც იმიტომ, რომ პრინციპულად არ გავახსენდები! ისე მომიქნია, ისე
გამაგდო მისი ცხოვრებიდან, რომ უკანაც არ მოუხედავს და ახლა, რაღა უნდა? ანდა, რაღა
აზრი აქვს?
მიმი გაბუტული ბავშვივით საუბრობდა.
ბოლოს ფიფოს, სახელოსნოში რომ შეხვდა, თითქოს მის მიმართ კიდევ
რაღაც გრძნობა გაუჩნდა. ეს სადღაც თითქოს, თუმცა უფრო სინანული იყო. რაღაცაზე გულიც დასწყდა, მაგრამ არ უნდოდა იმის აღიარება,
რომ ფიფოზე სწყდებოდა გული, თუ საკუთარი თავი უფრო ეცოდებოდა?
არც ფიფო მოეჩვენა გულგრილი. ალბათ, ამანაც
უფრო იმოქმედა. უფრო თბილი, რბილი, მოსიყვარულე და არა ისეთი, როგორსაც ადრე იცნობდა - ზედმეტად
თავდაჯერებული, ამაყი, ხმაურიანი და ცოტაც ამპარტავანი.
ბოლო შეხვედრისას, მიმის ეგონა, რომ შემდგომში
ფიფო გააქტიურდებოდა, ხშირად მოიკითხავდა, ან სახლში, ან სამსახურში მაინც გაუვლიდა. მესიჯს
მაინც მისწერდა, მაგრამ ამაოდ. ფიფოს არც კი მოუკითხავს მიმი. მიმის კი, ყველანაირი იმედი გაუქრა
და დარწმუნდა რომ ფიფოს მისი არსებობა, მხოლოდ მაშინ ახსენდებოდა, როცა სრულიად შემთხვევით მხატვართან, ან მოულოდნელად ქუჩაში გადაეყრებოდა და ისიც სულ სადღაც გარბოდა და მიიჩქაროდა. ფიფოს
ასეთმა ქცევებმა, მიმი ნათლად დარწმუნდა იმაში, რომ მათი მეგობრობა, ისე უკვე ვეღარც გაგრძელდებოდა.
ცდილობდა დაევიწყებინა, მაგრამ გულის სიღრმეში, რატომღაც მაინც ელოდა მის ზარს და იმედიც
ჰქონდა, რომ...
მართალია, ფიფოს არც დაურეკავს და არც ისე მოუკითხავს, მაგრამ რამდენჯერმე, ხან
სახლთან შემთხვევით შეხვდა, ხანაც სამსახურთან და ერთხელაც მეგობრისგან გამოსულს, ისევ
სრულიად შემთხვევით გადაეყარა და თანაც, ფიფოს სულ ეჩქარებოდა, სულ სადღაც აგვიანდებოდა
და ისე გარბოდა, რომ მიმის წესიერად მოკითხვასაც კი ვერ ასწრებდა.
სინამდვილეში, ფიფო მართლაც უთვალთვალებდა მიმის და როცა დრო
ჰქონდა ცდილობდა, კარგად გადაემოწმებინა, თუ სად დადიოდა და ვისთან მეგობრობდა. მიმი ამას ვერ ხვდებოდა
და ყველაფერს, შემთხვევითობას აწერდა. ამ „მოულოდნელი“ და „შემთხვევითი“ შეხვედრებისას, ფიფო ზედმეტადაც თბილიც კი იყო. თუმცა, აღარც ტელეფონზე აწუხებდა და აღარც სახლში სტუმრობით იკლავდა თავს და ეს მისი
სითბოს გამოვლენაც, მხოლოდ წამიერი იყო და ისე გაუყვებოდა გზას, რომ უკან აღარც იხედებოდა.
- შემთხვევით, არაფერი ხდება! - გამოეპასუხა
პიპა და ცდილობდა აეხსნა, რომ შესაძლებელია, ფიფოს კვლავ მიმის დაბრუნება სურდა და ასე, ამიტომაც
იქცეოდა. თავად ჩამოუგდებდა ხოლმე ფიფოზე სიტყვას და მერე მიმიც აქაქანდებოდა.
- და შენ გინდა დამაჯერო, რომ ფიფოს კუდში
დევნა, უბრალო შემთხვევითობა არ არის და სპეციალურადაც...
- შეიძლება! - თავი დაუქნია პიპამ.
- და რატომღა იქცევა მაშინ ასე? უკვე მართლაც
ამდენი დამთხვევა? რა თამაშია ეს? იცი, თურმე მაშინაც კი დავუნახივარ, გახსოვს?
გარეთ საშინელად ციოდა, ჩვენ კი მანქანაში გვეძინა და დილით, მოთოვა კიდეც.
- მოთოვა? - პიპა ადგილზე გახევდა, მაგრამ არ დაიბნა. სწრაფადვე მოახერხა პასუხი. მიხვდა კიდევაც, რომ ეს სწორედ ის ღამე იყო, მკვლელობის ღამე. - მგონი კი... - თავი მოიკატუნა პიპამ. - მახსოვს! ჰო! დილით მოთოვა!
„და
ფიფომ, საიდან? ნუთუ, მართლაც უთვალთვალებს?“
გაიფიქრა პიპამ თან შეეცადა, თავი ხელში აეყვანა
და მიმის მშვიდი უდარდელი ხმით მიმართა:
- იმ ღამესაც ნახე? მე რაღაც არ მახსოვს.
- არც მე! არც მე დამინახავს. თვითონ დავუნახივარ.
დამისიგნალა თურმე კიდევაც. უაზროდ წრეზე დაგყავდა მანქანაო, ვერ დაგეწიე და მერე დამეკარგეო.
- ჰმ, არაფერი მახსოვს! - „გაიკვირვა“ პიპამ. - შენ ჩაყვინთე და მეც ისე
მეძინებოდა, რომ ერთი-ორი წრე ალბათ, უაზროდაც დავარტყი და მერე სადღაც გავჩერდი. - პიპა „ჩაფიქრდა“. - მხოლოდ
ის მახსოვს, რომ შევეცადე ზედ ტრასაზე კი, არა მისგან ოდნავ მოშორებით მაინც გავჩერებულიყავი,
ცოტა შედარებით წყნარ ქუჩაზე. გაჩერება ძლივს მოვასწარი, რომ უკვე მეძინა. არც სიგნალი გამიგონია, ალბათ ღრმად ჩამეძინა.
პიპა ისე დამაჯერებლად იმართლებდა თავს, რომ
მიმის ეჭვიც კი არ შეჰპარვია.
მხოლოდ ახლა უკვე, ფიფოზე ეპარებოდა ეჭვი.
„ნუთუ, მართლა დამსდევს?
და
რა იცოდა, იმ ღამით გამოვიდოდი თუ არა სახლიდან? მითვალთვალებს? სახლთან
ჩამისაფრდა?
რა
სისულელეა! პატარა ლაწირაკი ბიჭივით იქცევა. დაუჯერებელია!
ყოველთვის
პირდაპირი, შეუდრეკელი და ახლა ასე თვალთმაქცი, ცბიერი ქცევები?
არა,
ნამდვილად არ ჰგავს მის საქციელს.“
- ახლა მართლაც ეჭვი შემეპარა, ნუთუ კუდში
დამდევს? და თუ მართლაც ასეა, რატომ ერთხელ მაინც არ დამირეკა? - გაოცებას ვერ ფარავდა
მიმი.
- აბა რა გითხრა? ამდენი შემთხვევითობა, ცოტა
ბევრი ხომ არ არის? იქნებ, შენი ნომერი წაეშალა და ახლა ვეღარ გეკითხება. ალბათ, მაგიტომაც
ვერ გირეკავს.
პიპა ვითომდა, მიმის დამშვიდებას და ფიფოს
გამართლებას შეეცადა. თავად კი, დანამდვილებით იცოდა, რომ იმ ღამით, როცა მიმის მანქანას
თავად მართავდა, არც სხვა მანქანა შეუნიშნავ ახლოს და არც არანაირი მანქანა არ აჰკიდებია და მით უმეტეს, არც დაუსიგნალებია. სანამ წრეზე დადიოდა და ყველაფერს აკვირდებოდა, იმ მომენტში, ყოველ კუთხე-კუნჭულს გულდასმით სწავლობდა.
მშვენივრად მიხვდა, ფიფოს მიმის გამოჭერა უნდოდა და იმასაც კი ხვდებოდა, რომ მიმის მანქანა, უეჭველი ქუჩის კამერებიდან იქნებოდა დაფიქსირებული. ისიც კარგად იცოდა, რომ იმ მიყრუებულ ქუჩამდე ვერც ფარნის
შუქი და ვერც კამერა აღწევდა. ისევ მიმი უნდა მიეშვა ფიფოსთან და ისევ მიმის საშუალებით
კარგად უნდა გამოეცინცლა, რა იცოდა გამოძიებამ მის შესახებ და რა, არა.
- რა სახე ჩამოგტირის? - დაუყვავა პიპამ. - რა მოხდა ასეთი? ისევ
მოსწონხარ და ერთი ორჯერ აგედევნა, რა იყო მერე?
პიპა კვლავ მიმის გამხნევებას შეეცადა,
უფრო სწორად ალაპარაკებას.
მიმიმ არაფერი უპასუხა.
პიპა კი განაგრძობდა მიმის „დამუშავებას“:
- ფიფოს ხომ არ ეწყინა, რომ მანქანა არ გაუჩერე?
იქნებ, ჰგონია, რომ გაექეცი? დაემალე?
- რა ვიცი, უკვე რა ჰგონია, მაგრამ...
- იქნებ, სჯობდა გეთქვა, რომ საჭეს შენ არ მართავდი.
- იქნებ, სჯობდა გეთქვა, რომ საჭეს შენ არ მართავდი.
მიმიმ უხმოდ აიჩეჩა მხრები.
- თუ, არაფერი გითქვამს? - შეაპარა კითხვა პიპამ.
- რა ვიცი, უკვე რა სჯობდა, მაგრამ...
- რა მაგრამ? - არ აცალა სიტყვის დამთავრება პიპამ.
- რა მაგრამ? - არ აცალა სიტყვის დამთავრება პიპამ.
- ადრე ფიფოს, რომ ვხვდებოდი... - მიმი შეყოვნდა.
- მერე? - ვეღარ ითმენდა პიპა.
- სულ სხვა ტელეფონის ნომერი მქონდა. ახალი არც უკითხავს. იქნებ, არც კი იცის რომ გამოვცვალე?
- ჰოდა, ამიტომაც ვერ გირეკავს, შენ კი ცხვირ-პირი ჩამოგტირის!
- მარტო ეგ არ არის!
- აბა? - პიპამ ყურები ცქვიტა.
- მაშინ სულ სხვა მანქანა მყავდა! ფერითაც
კი განსხვავებული! და მანქანის ნომერიც კი, გამოვცვალე... - მოწყენით ჩაილაპარაკა მიმიმ.
„აშკარაა,
ფიფომ ქუჩის კამერებიდან ამოაძვრინა მიმის ახალი მანქანა. მიმის ახალ ნომერსაც ადვილად
გაიგებდა, მაგრამ შეგნებულად არ ურეკავს. არ უნდა, რომ გაიშიფროს.
ჰმ, რა საოცარია, მარტო
ფიფო, ხომ ვერ გაარკვევდა ამ ყველაფერს, მაგრამ მიმი არავის დაუბარებია დაკითხვაზე, თორემ ნამდვილად მეტყოდა. ფიფომ კი, აშკარად არავის უთხრა. ჰაჰ! ჩუმად იძიებს ბიჭი, თორემ მიმის ამდენ
ხანში, არა ერთხელ მოუწევდა სირბილი და თავის მართლება განყოფილებაში!
მდაა, გასაგებია! ფიფოს თავად უნდა საქმის გახსნა და
თავადვე უნდა მიმის გამოჭერა.
ჰაჰ!
ჯერ ადრეა ფიფო, ადრე! ცოტაც მაცალე და...“
- აი ხომ ხედავ, ისევ მოსწონხარ, ჩუმად გითვალთვალებს
და შენი ახალი მანქანაც იცის, მაგრამ ტელეფონის ნომერი კი არ იცის და ჯერ ვერც გეკითხება, რადგან
თავად არის დამნაშავე, თვითონვე მიგატოვა და ახლა თავად სურს გამოსწორება, თორემ დღეს
ტელეფონის ნომრის გაგებას, რაღა უნდა? თანაც ისეთ ადგილას მუშაობს, არ გაუჭირდება, მაგრამ
შენგან უნდა, რომ გაიგოს. ხვდები ახლა?
- ჰმ, რა ადვილად ახსენი ყველაფერი. - გაეღიმა
მიმის.
- ზოგჯერ, ის რაც რთული გეჩვენება, სინამდვილეში
ძალიან ადვილი და მარტივია, მხოლოდ მაშინ, თუ მშვიდად შეხედავ ყველაფერს.
- რა ჭკვიანი ხარ.
მიმი შეეცადა, ოდნაც მაინც მოხვეოდა „თავის
ყინულის ლოდს“ და მეტი სითბო გადმოეღვარა, მაგრამ პიპა, როგორც ყოველთვის, თითქოს ვერც
ამჩნევდა, ვერც ხვდებოდა, რადგან ისეთი ცივი და გაყინული იყო და თითქოს ვერც გრძნობდა ქალის ვნებას მის მიმართ და ისევ, ჩვეული ტონით აგრძელებდა
დაწყებულ საუბარს.
- და შენ ხომ უთხარი, რომ მანქანაში გეძინა? თანაც, ხომ დაინახავდა, რომ საჭეს შენ არ მართავდი? - ისევ შეაპარა პიპამ.
- რატომღაც ასე ვიფიქრე, რომ ეგონა მე ვმართავდი
მანქანას. - ჩაფიქრებული ხმით მიუგო მიმიმ. - იცი? ეგ არც უკითხავს და მეც რაღაცნაირად... არც მე დამიკონკრეტებია.
- ნება შენია, თუ გინდა უთხარი, რომ მანქანაში მარტო
არ იყავი, როგორც გინდა! - მხრები აიჩეჩა პიპამ და ისეთი სახე მიიღო, თითქოს მართლაც და მისთვის სულ ერთი იყო.
- და ახლა უფრო ცუდად არ გამოდის თქმა? - შეწუხებული სახით ამოიხვნეშა მიმიმ. - თვითონაც
არ ვიცი, მაშინ რატომ არ ვუთხარი. - მიმი წამით შეყოვნდა. - ისე რომ ეკითხა, რატომ დავუმალავდი? მაგრამ არაფერი
უკითხავს და მეც...
- თუ გინდა, სულ ნუ იტყვი! მეც დავფიქრდი. იცი, მართლა ცოტა არასერიოზულიც კი არის! შენ გეძინა, შენივე მანქანაში, უსახლკაროსავით, სახლიდან გამოგდებულივით, საშინელ ავდარში და საჭეს სხვა მართავდა და ისიც ნახევრად მძინარე, უაზროდ დაჰყავდა მანქანა ქუჩაში.
- ჰო, მართალი ხარ, უცნაურად ჟღერს. უცნაურად და სასაცილოდაც კი.
- თუ გინდა, სულ ნუ იტყვი! მეც დავფიქრდი. იცი, მართლა ცოტა არასერიოზულიც კი არის! შენ გეძინა, შენივე მანქანაში, უსახლკაროსავით, სახლიდან გამოგდებულივით, საშინელ ავდარში და საჭეს სხვა მართავდა და ისიც ნახევრად მძინარე, უაზროდ დაჰყავდა მანქანა ქუჩაში.
- ჰო, მართალი ხარ, უცნაურად ჟღერს. უცნაურად და სასაცილოდაც კი.
- ჰოდა, მოდი დავივიწყოთ, აღარც შენ გაიხსენო
და აღარც მე! - ოსტატურად შეაპარა პიპამ.
- მართალი ხარ, ასე აჯობებს! - გაუხარდა მიმის.
- მართალი ხარ, ასე აჯობებს! - გაუხარდა მიმის.
- კიდევ, ვინც არ უნდა გკითხოს ეტყვი, რომ
მარტო იყავი. არც მე არსად არასდროს არავისთან ვიტყვი და მორჩა!
- რა კარგია, რომ მყავხარ. - მიმიმ შვებით
ამოისუნთქა, პიპას მკლავში ჩააფრინდა და თავი მხარზე მიადო.
პიპა კი, როგორც ყოველთვის ცივი, უკარება,
ოდნავ ნაზად, თითქმის შეუმჩნევლად და თითქოს მოვალეობის მოხდის მიზნით თმაზე მოეფერა
მიმის. მიმი სიამოვნებისგან გაიტრუნა და ალბათ, უფრო მეტს ელოდა, მაგრამ ამაოდ.
- შენ წარმოიდგინე. - დასძინა პიპამ. - მართლაც არც კი ვიცი სად ვიყავით, ზუსტად რომელ უბანში. ალბათ, ახლაც ვერ მივაგნებ.
***
მიმის დაბადების დღე ახლოვდებოდა და ალბათ, ფიფოს
არც ახსოვდა. ასე ფიქრობდა და მაინც, ძალიან უნდოდა, რომ ფიფოც მოსულიყო, მხატვარიც, პიპაც და სხვა დანარჩენი
მეგობრებიდან, თუნდაც ნურავინ მოვიდოდა. ისედაც, მშვენივრად იგრძნობდა თავს, უახლოესი მეგობარი
ბიჭების გარემოცვაში.
ფიფო კარგად მღეროდა. ცოტა გიტარაზეც და პიანინოზეც უკრავდა,
თუმცა ბევრად კარგად მღეროდა ვიდრე რომელიმე ინსტრუმენტს ფლობდა. მხატვარი კი მშვენივრად უკრავდა გიტარას,
მაგრამ თავად დარწმუნებული იყო, რომ ცუდად მღეროდა, ამიტომ სხვას თუ არ აჰყვებოდა, ისე
არ იმღერებდა.
„პიპა?
არც კი ვიცი მღერის, თუ უკრავს. არაფერი ვიცი მასზე. ისე, ლამაზი თითები აქვს. გრძელი,
თლილი. ზოგჯერ ისე ათამაშებს თითქოს, მართლაც კლავიშებზე უკრავსო...“
- იცი, რა ვიფიქრე? - ფიქრებიდან გამოერკვა
მიმი.
- აბა, რა იფიქრე? - ჩვეული ცივი ხმით ჩაეკითხა
პიპა.
- შენს გვერდით, რომ ვარ სულ ფიფოზე მინდა
ვისაუბრო და ისე უკვე აღარც ვფიქრობ მასზე. ის კი არა და, სამსახურშიც რამდენჯერ მოიკითხეს
და საერთოდ არანაირი რეაქცია არ მქონია, შენთან კი რაღაც...
- ალბათ, ერთმანეთს გვადარებ? - სწრაფად შეაშველა
სიტყვა პიპამ და თავიც ადვილად დაიძვრინა.
პიპა ყოველთვის თვითონ იყო საუბრის წამომწყები,
თავად ჩააწვეთებდა და უხსენებდა ფიფოს და მერე მიმისაც საუბარი სულ მის ირგვლივ მიჰყავდა.
- ააა. არააა. არც მიფიქრია და მაინც ხშირად
სულ მას ვახსენებთ და ალბათ, შენთან უფრო თავისუფლად რომ ვარ... და...
- მართალი ხარ! - კვერი დაუკრა პიპამ. - სულ მასზე ვსაუბრობთ და თანაც
გატყობ, რომ წინააღმდეგიც არ ხარ. თუმცა თვალები კი, მაინც გინაღვლიანდება, ისევე როგორც
ახლა.
მიმიმ უფრო მეტად მოიწყინა, მაგრამ არაფერი
უპასუხა.
- ესე იგი, მაინც გიყვარდა და ამის აღიარება
არ გინდა. - ჩააცივდა პიპა.
- არა! - თავი გააქნია მიმიმ. - და ვერც ვხსნი! სულ სხვანაირად არის საქმე.
- შენ ახსნას შეეცადე და მე შევეცდები, გაგება შევძლო. - დაუყვავა პიპამ, თავისი სასიამოვნო და ხავერდოვანი ხმით და მიმიც აჟღურტულდა.
- იმდენი თაყვანის მცემელი მყავდა, აღარავინ გამეკარა ფიფოს შიშითა, თუ რიდით! ირგვლივ, ყველა მომაცილა და იმდენად ჩამომაშორა,
რომ ლამის გამარჯობის თქმასაც ვეღარ მიბედავდნენ და რა თქმა უნდა, მეც მომწონდა ვაღიარებ, ძალიანაც
კი მომწონდა! თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მისი გულისთვის ღამეებს ვათენებდი. არც მასე იყო
საქმე! სასურველ და სასიამოვნო ადამიანად ვთვლიდი, ასეთი ადამიანის გვერდით, თავს ყოველთვის
დაცულად ვგრძნობდი! თუმცა, ნამდვილად არავინ მჩაგრავდა და არც არავისი მეშინოდა. ყოველთვის დამოუკიდებელი ნატურა ვიყავი. შესაძლოა, მართლაც თავდავიწყებით
შემყვარებოდა, მაგრამ არ დამცალდა, ვერ მოვასწარი. – მიმის თვალები აუწყლიანდა.
- რწმენა, ზოგჯერ ილუზიას ჰგავს. - დინჯი ხმით დაიწყო პიპამ. - გგონია, რომ
გიყვარს და გჯერა. შენი სიყვარულის გწამს და უფრო იმიტომ გჯერა, რომ გინდა დაიჯერო,
გინდა ასე იყოს და სინამდვილეში კი, აბნეული ხარ! აღარ იცი რას, ან ვის მიაწყდე! დამშვიდდი,
შენი ბრალი სულაც არ არის. ცხოვრებაა ასე მოწყობილი. ერთ დროს, დამოუკიდებელ ადამიანს,
ვინმე სხვა, მასზე უფრო ძლიერი პიროვნება, თუ გამოუჩნდება, უნებურად მას მიეკედლება და მართლაც უჭირს მერე მისგან განშორება და ისევ, დამოუკიდებელი ცხოვრების გაგრძელება. სწორედ ეგ გაბნევს და მაშინ უფრო
ძლიერად იწყებ ძებნას! შენ გგონია, ვითომ არ ვეძებო, მაგრამ შენი გული ეძებს! შენი სული
ეძებს! შენი შინაგანი სამყარო ეძებს, იმ საყრდენს, რასაც...
და უცებ, პიპა გაჩუმდა. იგრძნო, ზედმეტი მოუვიდა. ზედმეტად
მჭერმეტყველი გახდა და არ იყო ეს საჭირო. სულაც არ უნდოდა მიმი, მის სულს ჩასწვდომოდა.
- მერე? - ვეღარ აიტანა დუმილი მიმიმ.
- რა, მერე? როცა ვერ გიპოვნია ის, ვინც გინდა, ამიტომაც დაეძებ, ყველგან დაეძებ, შეიძლება იპოვო, შეიძლება ვერა, ან დაიჯერო რომ იპოვე! უბრალოდ, ასე გინდა. ყველა სულიერს სურს შეიგრძნოს ის გემო სიმწარისა, თუ სიტკბოებისა. - პიპამ გაკვირვებულ მიმის გახედა. - ჰო, რას მიყურებ? არ იცი, რომ სიყვარულის გემო აქვს? და მერე, როგორი გემო?!
- გემო? - გაიკვირვა მიმიმ.
- სხვათა შორის,ფერიც აქვს! ზოგჯერ, ისე მკვეთრად
ანათებს ზოგჯერ კი, გახუნდება და საშინლად უფერული ხდება. გახუნებულ ტილოზე კი ფეხს
ადვილად იწმენდ! არ გერიდება და არც გენაღვლება, რომ დაისვრება. ადამიანთა ნაწილი კი, ხშირად საშინელი
სიბოროტითაა სავსე! განსაკუთრებით მაშინ, როცა გახუნებულ და დაფლეთილს გადაეყრება, იმის მაგივრად, რომ ანუგეშოს, მოაშუშოს, უთანაგრძნოს პირიქით! უფრო ცდილობს, რომ გაანადგუროს,
ბოლომდე დაფლითოს და ისე ძლიერად მიაყენოს ზიანი, რომ მისგან აღარაფერი დარჩეს! სამწუხაროდ, ეს ადამიანის ბუნებაა და ხშირად, თავადაც ვერ ხსნის, თუ ასე რატომ მოიქცა!
პიპა ისევ ორატორობამ გაიტაცა. სადღაც შორს
წავიდა მისი გონება, საუბრობდა, მაგრამ სულით სულ სხვაგან იყო. მიმის ეს შეუმჩნეველი
არ დარჩენია, მაგრამ არც ხელი შეუშლია. სიამოვნებით უსმენდა, სხვა დროს, სიტყვაძუნწ მეგობარს.
მაგრამ პიპა, როგორც კი მიხვდა, რომ ზედმეტად
ალაპარაკდა და ლამის, თემასაც გადაუხვია, ისევ მიმის მოუბრუნდა და მის ირგვლივ განაგრძო
საუბარი:
- გინდა აგიღწერო შენი თავი?
პასუხად მიმის ყურებამდე გაეღიმა.
- ანუ ისე, მე როგორსაც გხედავ.
- მართლა მაინტერესებს, შენ როგორს მხედავ? - კვლავ ეღიმებოდა მიმის.
- კეთილი, ყურადღებიანი, გულჩვილი ადამიანი
ხარ! - დაიწყო პიპამ. - არც ზედმეტად თავის წარმოჩენა გჭირდება, რადგან ისედაც ჩანხარ. სამყაროს
მთელი სიზუსტით შეიცნობ. გიყვარს ახლობელი ადამიანების გაფრთხილება, გახარება. ადამიანებს ძალიან თბილად ექცევი,
ზოგჯერ ზედმეტად თბილადაც. ბევრი სარგებლობს ამით და ეს შენც იცი, რომ სარგებლობენ შენით და არც არაფერს ამბობ! დაძაბულ სიტუაციებში კი, ყოველთვის ცდილობ, ოქროს შუალედის პოვნას და არ გიჭირს სხვისი აზრის მიღება და გათვალისწინება! გულკეთილი ხარ, არაფერს იშურებ საყვარელი, ახლობელი
ადამიანის გამო.
- საკმაოდ მსუყედ დამახასიათე. - გაეცინა
მიმის.
- მე ასეთს გხედავ და თანაც დარწმუნებული
ვარ, რომ სულაც არ ვცდები.
მიმი სიამოვნებისგან გაიტრუნა.
„ძლივს
არ შემაქო. ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ, რომ ჩემი ატანა არა აქვს. ვიღაც თავქარიან, ცანცარა
არსებად მთვლის, ამას კი თურმე, როგორა ზუსტად შევუსწავლივარ.
ისე,
რა კარგი ვინმეა და თავად კი როგორი იდუმალი.“
LEX. 2017 წლის 9 მაისი, სამშაბათი.https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1905923642983257
No comments:
Post a Comment