Sunday, January 21, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 45)

45.
პატარა, ერთსართულიანი სახლის ღია ფანჯრიდან, შორიდანაც კარგად მოჩანდა, თუ როგორ აფრიალებდა ქარი, თეთრ სრიალა ფარდებს. ფანჯრის რაფაზე, ზურმუხტისფრად მოელვარე შუშის, დიდ ლარნაკში, უკვე ნახევრად დამჭკნარ ყვავილებს, თავები დაეხარათ და მოწყენილად გამოიყურებოდნენ. ყვავილების მოწყენილობას კიდევ, საშინლად ცუდად შესრულებული მუსიკა ემატებოდა.
ვიღაც გულის წამღებად უკრავდა. ხშირად ეშლებოდა, რასაც ქალის მკაცრი, ხრინწიანი ხმა და რაღაც ძლიერი ბრახუნი მოჰყვებოდა, თითქოს იატაკზე უროს ურტყამდნენო.
„ალბათ, უნიჭო ბავშვს, ძალით ამეცადინებენ. ნუთუ, ვერ ხედავენ, რომ არც უნდა და არც შეუძლია... ეჰ...“
მოიწყინა.
დანაღვლიანდა.
რა კარგი დრო იყო, როცა პატარა მხატვარი მათთან ერთად ცხოვრობდა. სულ ოთხი წელი დაჰყო იქ. ერთმანეთს ძლიერ შეეჩვივნენ, ძმებივით იყვნენ და ორივე დარწმუნებული იყო, რომ არასდროს დაშორდებოდნენ ერთმანეთს.
მერე კი...
პატარა მხატვარს დედამ ჩამოაკითხა, შორს უცხოეთში წაიყვანა და სამუდამოდ მოაშორა იქაურობას.
ძალიან გაუჭირდა მასთან განშორება.
ყველზე მეტად მტკივნეული ის იყო, რომ კიდევ ერთხელ მიატოვა შეჩვეულმა ადამიანმა.
კიდევ ერთხელ მოიგლიჯეს გულიდან და ისევ იქ დატოვეს...
როგორც იქნა, მორჩა საცოდავი კლავიშების „ტანჯვა-წამება“ და ფანჯარაში გოგონა გამოჩნდა.
ბიჭი ჩაიმალა.
„ნუთუ, ეს ლამაზი გოგო უკრავდა ასე საშინლად?
ეჰ, ნეტა მეც მქონოდა პიანინო. ვაჩვენებდი, როგორ უნდა დაკვრა. საწყალი, სასტიკად „გატანჯული“ კლავიშები, როგორ უმწეოდ გაჰკივიან მის თითებში და შველას ითხოვენ...“
მეორე დღეს, ბიჭი ისევ მიადგა ფანჯარას.
ლარნაკში, ისევ ის ძველი ყვავილები ეწყო. ოთახიდანაც კვლავ იგივე, სულის შემძვრელი, შემაწუხებელი კლავიშებისა და აშკარად ასაკოვანი, ხრინწიანი ხმის მქონე ქალის, სასოწარკვეთილი შეძახილები მოისმოდა.
გოგონას, სულ უტვინოსა და უნიჭოს უწოდებდა, მაგრამ მაინც არ ეშვებოდა და გამუდმებით ამეცადინებდა, თან დაუსრულებლად გაიძახოდა, ამის ფასი, რა დავაშავეო, ასე რატომ დამსაჯა ღმერთმაო.
„ისე, თუ იმ გოგოს არ უნდა, ეს ბებერი რაღას წუწუნებს? რატომ ამეცადინებს ასე ძალდატანებით?
უთუოდ, თავისიანი იქნება და გულით უნდა გენიოსი გამოზარდოს, მაგრამ...
საშინლად უნიჭოა! უნიჭო და უყურადღებო!
მაგრამ ლამაზია... ძალიან ლამაზი...“
ბიჭმა, იასამნის პატარა ტოტი, ძალიან ფრთხილად, შეუმჩნევლად ფანჯრის რაფაზე დატოვა და იქაურობას განერიდა. გულში ფიქრობდა იმ დამჭკნარ ყვავილებს, ეს იასამანი, ხომ მაინც აჯობებსო.
მომდევნო დღეს, პიპამ შორიდანვე შენიშნა, ლარნაკში, მის მიერ ჩუმად დატოვებული, იასამნის ყვავილი.
ძალიან გაუხარდა. იმდენად ძლიერი აღმოჩნდა ეს პატარა სიხარული, რომ მთელ სხეულს მოედო და გულის აჩქარებულმა ბაგა-ბუგმა, ლამის სუნთქვის საშუალება კინაღამ დაუხშო.
ასე გრძელდებოდა, თითქმის მთელი ორი თვე.
დროდადრო, ბიჭი მიეპარებოდა ფანჯარას და ხან რომელ ყვავილს ტოვებდა და ხან რომელს.
ყოველ მორიგ მისვლაზე კი, გული სიხარულით ევსებოდა, როცა მისივე მიტანილი ყვავილი, უკვე ფურცლებ შემჭკნარი ხვდებოდა ლარნაკში.
ესე იგი, არ აგდებდნენ და ელოდნენ, კიდევ როდის დატოვებდა ვიღაც უცხო, ახალი ყვავილის ტოტს.
ერთ მშვენიერ დღესაც, გამოიჭირეს. ის იყო, ყვავილის დატოვებას აპირებდა, როცა ჩასაფრებული ბებია, ზურგიდან მიეპარა და ისეთი დასჭყივლა, რომ ბიჭი, შიშისგან ადგილზე გაქვავდა. ფანჯრიდან გოგონას მხიარული კისკისი მოისმა. პიპამ მალულად ახედა, გოგონამ დიდი ბრიალა თვალები შეანათა.
ბებია, თვალებ მოწკურული შეჰყურებდა წყვილს. ბიჭი დარწმუნებული იყო, სადაცაა ეზოდან, კინწისკვრით გააგდებდნენ, მაგრამ ამის ნაცვლად, უზარმაზარ ოთახში ამოაყოფინეს თავი.
არასოდეს ენახა ასე ლამაზად გაწყობილი სახლი.
„სახლია, თუ მუზეუმი?“
ოთახს ერთი თვალი მოავლო და ინსტრუმენტის დანახვაზე სუნთქვა შეეკრა, მეტს ვეღარაფერს ხედავდა და აღარაფერი ესმოდა, კლავიშებს თვალს ვეღარ სწყვეტდა.
ოჰ, როგორ ინატრა მაშინ, ნეტა უფლება მომცენ თუნდაც ონდავ მაინც შევეხოო...
ფიქრებიდან, ბებიას ხელჯოხის, იატაკზე ძლიერმა დარტყმამ გამოაფხიზლა.
- ყრუ ხარ?! გეკითხები და კეთილი ინებე, გამეცი პასუხი!
ბიჭი დაიბნა, არაფერი გაუგონია. ნამდვილი კლავიშების დანახვამ, ისე გაუთიშა გონება, რომ მის მეტს ვერაფერს ამჩნევდა.
- იცი დაკვრა? - კვლავ რიხით შესძახა ბებიამ.
ბიჭი უხერხულად აიწურა. მართალია ნოტებს კარგად კითხულობდა და სიმღერითაც მშვენივრად მღეროდა, მაგრამ მხოლოდ ფიცარზე დახატულ კლავიშებზე იცოდა დაკვრა.
პიპამ ვერაფერი უპასუხა და კვლავ ინსტრუმენტისკენ გაექცა თვალი.
- დაუკრავ?! - ბებიას ხმა, კვლავაც ისეთივე მკაცრი იყო.
- არასდროს მინახავს, ასეთი ლამაზი პიანინო... - დაბნეულმა ბიჭმა, მხოლოდ ამის თქმა მოახერხა, რასაც გოგონას კისკისი და ბებიას ხრინწიანი ქირქილი მოჰყვა.
- ეს პიანინო კი არა, როიალია! შენ გეტყობა, არც პიანინო გაქვს ნანახი! – ცინიკური ხმით შენიშნა ბებიამ და იმავე წამს შეუძახა გოგონას. - აბა გეყოფა, ახლა დასვენება! განაგრძე დაკვრა! - მერე ბიჭს მიუბრუნდა. - შენ კი, აქ იყავი და მოუსმინე! თორემ მთელი ყურადღება, ფანჯრისკენ აქვს მიმართული და შენი გულისთვის, სულ ეშლება და ეშლება!
ბებიამ, შვილიშვილის უნიჭობა ვითომდა ბიჭს გადააბრალა. ამიტომაც ჩაუსაფრდა და ზემოთ ამოიყვანა. იფიქრა, უცხო ბიჭის დანახვაზე იქნებ, ცოტა მაინც შერცხვეს, გახალისდეს, უფრო თავი გამოიჩინოს და უკეთ, უფრო მონდომებით დაუკრასო, მაგრამ მაინც არაფერი გამუვიდა.
გოგონამ, არა თუ მოინდომა, იმასაც წესიერად ვეღარ უკრავდა, რაც აქამდე რის ვაი-ვაგლახით შეისწავლა. მთელი ყურადღება, ახლა ბიჭისკენ ჰქონდა მიმართული და სულაც არ ადარდებდა, ბებიას მკაცრი შეძახილები.
მაგრამ ბიჭი, გოგონასგან განსხვავებით, მხოლოდ კლავიშებს შეჰყურებდა. ისე იყო ინსტრუმენტის დანახვით გაოგნებული, რომ გოგონას უკვე ვეღარც ამჩნევდა და მხოლოდ კლავიშებს ვერ სწყვეტდა თვალს.
ბებია, გოგონას ტაქტს უთვლიდა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა და გამალებით ურტყამდა ხელჯოხს იატაკს, თითქოს ამ ჯოხის დარტყმით, ტვინში უბეჭდავდა უნიჭო ბავშვს. თუმცა, ისევ არაფერი გამოდიოდა, მაგრამ მაინც არ ეშვებოდა.
როიალი ძველებური იყო, ჩვეულებრივზე პატარა, მომცრო, ოქროსფრად მოვარაყებული და ლამაზად მოხატული. პიპა თვალს ვერ აცილებდა ნანატრ ინსტრუმენტს და თან გამუდმებით თითებსაც ათამაშებდა, აშკარა იყო მუსიკას აყოლებდა.
ბებიას, ბიჭის ეს თითების მოძრაობა, არ გამოჰპარვია. შეამჩნია თუ არა, ბევრიც აღარ უფიქრია. ბიჭი, შვილიშვილს გვედრით მიუსვა და სწავლება დაუწყო.
საშინლად უნიჭო გოგონას გვედრით, ბიჭი თავიდან ვირტუოზი მოეჩვენა, მაგრამ მოგვიანებით მიხვდა, რომ კი არ ეჩვენება, არამედ ბიჭი მართლაც, საოცრად ნიჭიერი იყო. ღრუბელივით იწოვდა სწავლებას და თავის ცოდნით არასდროს იყო კმაყოფილი, სულ უფრო და უფრო მეტი უნდოდა, რომ ესწავლა.
დრო გადიოდა, პიპა იზრდებოდა. თანდათან თითქოს ის ჩაბუდებული ბოღმა, თვალებიდანაც უქრებოდა. ბიჭის წარმატებებით, მოხუცი ბაბუც გახარებული იყო და სითბოსთან ერთად დარიგებებს არ აკლებდა.
სულ ცოტაც და პიპასგან საკმაოდ, ნიჭიერი პიანისტი დადგებოდა. გოგონას ბებია, ამაყობდა თავისი უნიჭიერესი მოსწავლით და იმდენი შესძლო, რომ მუსიკალური სკოლაც დაამთავრებინა და ალბათ, მალე სწავლის გაგრძელებაშიც კი, გვერდით ამოუდგებოდა, რომ არა გოგონას, კიდევ ერთი ოჯახის წევრის, საშინელ ისტორიებს არ ეჩინა თავი.
LEX. 2016 წლის 11 სექტემბერი, კვირა.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1792494150992874

No comments:

Post a Comment