Thursday, January 18, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 29)


29. 
ერთიანად მტვერში ამოსვრილ მიმის, სახე აწითლებოდა, დამფრთხალ თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდა. მის დანახვაზე, მხატვრის შვილს, უცებ სიცილი წასკდა და მხიარულება სხვებსაც მოედო. მიმის საძებნელად გამოსული მთელი ეზო, ახლა გულიანად ხარხარებდა. ეზოშივე გამოუტანეს სარკეც, პირსახოციც, თმებზე აბლაბუდებს აცლიდნენ. მიმიც აჰყვა სიცილში, თვალებით კი თავის მხსნელს ეძებდა. დარწმუნებული იყო, რომ მისი გადამრჩენელი, უთუოდ ის კაცი იქნებოდა, რომელსაც ამავე სადარბაზოში არაერთხელ გადაეყარა. უკვე დარწმუნდა, რომ იქ ცხოვრობს, მაგრამ როგორ უნდა ეცნო? 
ეზო საკმაოდ მეგობრული აღმოჩნდა. მართალია, სიცილი კი დააყარეს, მაგრამ უმალ დამშვიდებაც დაუწყეს, ზოგმა ყავა შესთავაზა, ზოგმაც ხილი გამოუტანა. მხატვარს ერთი სული ჰქონდა, როდისღა გაეცლებოდნენ იქაურობას. მიმი კი, თითქოს წასვლას არც ჩქარობდა, იქნებ როგორმე მაინც ამოეცნო, ის უჩინარი ბინადარი. ყველას სათითაოდ მადლობას უხდიდა, თბილად ემშვიდობებოდა და კარგადაც აკვირდებოდა, თუმცა ვერაფერი შენიშნა ისეთი, რომ ამოეცნო თავისი გადამრჩენელი, ანდა როგორ უნდა ამოეცნო? 
სახელოსნოში მხატვარმა, ცოტა არ იყოს, უცნაურად დაიწყო მოქცევა. მიმის რამდენჯერმე დედაზე ჩამოუგდო სიტყვა.
- ალბათ როგორ გელოდება, როცა გვიან ბრუნდები, არა?
მიმიც ღიმილით აჰყვა. პატარა ისტორიების მოყოლით, თავის ჭკუით მხატვარს ამხიარულებდა, მხოლოდ მაშინღა მიხვდა, რომ მისი წასვლის დრო იყო, როცა კარებში ნაცნობი მსახიობი ქალი გამოჩნდა.
მსახიობმა გაკვირვებით აათვალიერა. ასე უწესრიგოდ და უსუფთაოდ ჩაცმულ მიმის პირველად ხედავდა. ლამაზი და ძვირად ღირებული ფეხსაცმელიც ისე გაფუჭებოდა, რომ გადასაგდები იყო. სიცილით მოუყვნენ, თუ როგორ დალაშქრეს ძველი სახლი და როგორ გაუჩინარდა მიმი კედლებს შუა და მერე, როგორ ეძებდნენ. 
მიმის ძალიან არ უნდოდა ასეთ დროს სახლში მისვლა. დედაც ფეხზე დახვდებოდა. აავსებდა კითხვებით და თანაც ასეთ ფორმაში რომ დაენახა, საშინლად შეწუხდებოდა, ინერვიულებდა, უთუოდ აიკლებდა ქოთქოთით, მაგრამ უკვე აღარც მხატვართან გაჩერება შეიძლებოდა.
სად წასულიყო, არც იცოდა. რომელიმე მის მეგობართან, ახლობელთან თუ ნათესავთან, ასე შემოგლეჯილი მისვლა, უთუოთ რამე სკანდალს გამოიწვევდა ოჯახში. ყველა დარწმუნებული იქნებოდა, რომ მიმის თავს დაეხსნენ და რაღაც საშინელება შეემთხვა და ატყდებოდა ერთი ამბავი, თანაც სულაც არ უნდოდა იმის გახმაურება, თუ სად იყო და რისთვის?
მერე ფიფო? 
ფიფოსთანაც კი უხერხული იქნებოდა, ასე მოუწესრიგებლად გამოჩენა. ცოტა ხანს იყუჩა, მერე კი იკადრა და შეეხმიანა. 
- წუხანდელი მკვლელობის საქმე დამემატა! ახლა ნამდვილად არ მცალია! ბოდიში! - ცოტა არ იყოს, მკვახედ მიახალა ფიფომ და არც აცალა მიმის სიტყვის თქმა, თვითონვე გაუთიშა ტელეფონი. 
ჰმ, ბედის ირონია იყო თუ რა იყო? ფიფომაც „კარი მიუხურა“. საშინლად ცივი და უხეში ხმა ჰქონდა. კარის მიხურვა კი არა, ცხვირწინ მიჯახუნება უფრო იყო. 
სწორედ ასეთ დროს, როცა რამე გულს უკლავდა, ან ყველასგან და ყველაფრისგან გაქცევა უნდოდა, ზუსტად მაშინ მხატვარს მიადგებოდა და ყველაფერი, ყოველი წყენა თუ დარდი, უკან რჩებოდა. ახლა კი, გასაქცევიც არსად ჰქონდა. გასაქცევი კი არა, სულ ცოტა ხნით, თავშესაფარიც კი სანატრელი გაუხდა. 
გვიანიც იყო, ასეთ ფორმაში მართლაც ვერც ერთ მეგობარს ვერ მიადგებოდა. აავსებდნენ კითხვებით და სიმართლეს არც დაუჯერებდნენ, ალბათ. ვერაფერი მოიფიქრა გარდა იმისა, რომ ისევ იმ უბანში დაატარებდა მანქანას და უკვე მერამდენედ უვლიდა წრეს იმ ქუჩებს. დროს წელავდა. უნდოდა, რაც შეიძლება გვიან მისულიყო სახლში და ისე ჩამოერეცხა ეს მტვერი და ნაგავი, რომ დედას არაფერი შეემჩნია.
მოულოდნელად, ნაცნობ სადარბაზოსთან მანქანა შეაჩერა. 
ან იქნებ, მანქანა თავისით გაჩერდა?..
„დარწმუნებული ვარ, აქ ცხოვრობს! არა, არა! მკვლელი, რომ იყოს, აქამდე უკვე რამდენჯერ ჰქონდა შანსი, თუნდაც დღესაც, თავისუფლად შეეძლო ჩემი მოკვლა. ან ნეტა რაში სჭირდება? რატომ უნდა მომკლას? რისთვის?“ 
მიმიმ ტელეფონს დახედა, არც შემოსული ზარები, აღარც მესიჯები. 
„ნუთუ, დღეს არავის გავახსენდი? ჰმ, დღეს არავის ვჭირდები.“ 
ცოტა განაწყენებულმა ისეთი ძალით მიაგდო ტელეფონი, რომ გვერდით სავარძელს გასცდა და სადღაც ქვემოთ ჩავარდა. 
„არც მე მჭირდება არავინ! მე თვითონ მივხედავ ჩემს თავს! ყველაფერს მე თვითონ გავარკვევ!“ 
ერთ ხანს მდუმარედ იჯდა მანქანაში, თითქოს რაღაცას კიდევ ელოდაო. მერე გადმოვიდა და გაბრაზებულმა, მანქანის კარი ისეთი ძალით მიაჯახუნა, რომ თვითონვე შეკრთა. შეკრთა და ბოღმის ტალღიდანაც გამოერკვა. ისევ იდგა გახევებული და ასე მდუმარედ შეჰყურებდა, სავარძლის ქვეშ მიგდებული ტელეფონს.
თითქოს ზარს ელოდაო. მერე კარი გამოაღო, მანქანიდან პატარა ფოტოაპარატი აიღო, ცოტა ისევ შეყოვნდა, აღარ იცოდა ტელეფონი დაეტოვებინა თუ? 
„იქნებ, მაინც ვინმემ დამირეკოს.“
გაიფიქრა თუ არა მწარედ ჩაეღიმა.
- ნუთუ, ასე დამიდგა საქმე? 
ცრემლიც კი მოერია. რა საშინლად უმწეო იყო.  უმწეო და საშინელი შესახედი. 
გულდამძიმებული აუყვა ძველი სადარბაზოს კიბეებს, რა უნდოდა და სად მიდიოდა? ან რა ატირებდა, თავადაც არ იცოდა. ასე ეგონა, მთელს დედამიწაზე მასზე მარტო სული არავინ იყო. 
რაღაც მომენტში სიკვდილიც კი ინატრა...
- სანამ დასჭირდები, მანამდე ყველას ჰკიდიხარ! უცებ რომ მოვკვდე, მერე ხომ... 
ფიქრი იმდენად ხმამაღლა გამოუვიდა, რომ სადღაც კედლის მიღმა, პასუხიც კი მიიღო: 
- ზოგჯერ შეიძლება, სიკვდილსაც კი ეძინოს, შენთვის ვერ მოიცალოს და ისე ღრმად იყოს ჩაძინებული, რომ დიდხანს, ძალიან დიდხანს ვერ გაეღვიძოს. 
მოაჯირზე, მთელი ტანით გადაყუდებული მიმი შემობრუნდა, მის ზურგს უკან არავინ იდგა, თუმცა დარწმუნებული იყო, რომ ეს ის იყო! ის ვიღაც!
 - მაინც რომ გავაღვიძო? - მიმის ხმაში სიმტკიცე შეემატა. ცოტა თითქოს გამხიარულდა კიდეც. 
- არა! ნურც შეეცდებით მის გაღვიძებას, მაინც არაფერი გამოგივა! არაფერი გამოგივა, რადგან ჯერ შენი დრო არ არის! 
LEX. 2016 წლის 8 ივლისი, პარასკევი.
 (ფოტოს ავტორი ზურა ბალანჩივაძე)
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1765187267056896

No comments:

Post a Comment