15.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1749517295290560
მკვლელობის ფაქტი დადასტურდა. ფიფოს საკმაოდ სერიოზულად შეუტია უფროსობამ. მდუმარედ უსმენდა საყვედურებს, ხმაც არ ჰქონდა ამოსაღები. ყველაფერი მისი დაუდევრობის ბრალი იყო. თავის დროზე საქმეს, რომ წესიერად მოჰკიდებოდა, დღეს სხვა ბევრი დანაშაულიც შეიძლებოდა გახსნილი ჰქონოდა და ასე აწურული იდიოტივით არ იდგებოდა უფროსის კაბინეტში, ამდენი ლანძღვის მოსმენად.
მისდა სამწუხაროდ, მოკლულებს შორის, ვერანაირი კავშირი ვერ აღმოაჩინა, მხოლოდ თარიღი, ნიღბის მორგება და ის, რომ არც ერთი მსხვერპლი არ იყო საშუალო ასაკზე ნაკლები. ეს კი ბევრს არაფერს აძლევდა, გარდა იმისა, რომ ერთი ხელი ერია და ესეც ვარაუდი იყო, ბოლომდე მაინც არ იყო დარწმუნებული.
მკვლელს რატომღაც, მხოლოდ ფული მიჰქონდა, სამკაულებსა და ძვირფას ნივთებს ხელსაც არ ახლებდა. სამზარეულოში მომხდარი, ქალის მკვლელობისას, მხოლოდ დანაშაულის ადგილი თუ იყო უწესრიგოდ, სხვა ოთახები ხელუხლებელი ჩანდა. ფულის დაკარგვის ამბავიც კი ერთ-ერთი დანაშაულის დროს გაირკვა. მსხვერპლის ნათესავები ირწმუნებოდნენ, რომ სახლში დიდი ფული იყოო, თან ფარულად ერთმანეთზეც კი ეჭვობდნენ და ესეც კიდევ დასადგენი იყო, თუმცა ვინც გარეთ იყო მოკლული, არც მათ ჯიბეში არ აღმოჩნდა ხურდა ფულიც კი.
„ან იქნებ არც ჰქონიათ?“
ბევრჯერ ასე გაიფიქრა ფიფომ.
საათი, საბუთები, ტელეფონი ადგილზე იყო.
ყოველი მსხვერპლის ცხოვრების ამსახველი მომენტები ისევ და ისევ, თავიდან გადასახედი და ქრონოლოგიურად დასაწყობი იყო.
სავარაუდოდ, პირველი მსხვერპლი - გალოთებული, მარტოხელა კაცი, თავიდან თვითმკვლელობით, ბოლოს კი მკვლელობის ფაქტით დადასტურებული.
„ნეტა რა საერთო უნდა ჰქონოდა ამ კაცს სხვა მსხვერპლთან?“
თავის დროზე რაიონშია ნამუშევარი, რკინიგზის უფროსად. მოგვიანებით ქალაქში უცდია ბედი, სხვადასხვა სამუშაოებზე. ასაკის მატებასთან ერთად, ლოთობითა და თავისი ლურჯი სახით ბევრ ვერაფერ სარფიან სამსახურს იშოვნიდა.
ამ მკვლელობიდან ზუსტად მეოთხე თვის ბოლო იყო, საკუთარ სახლში, სამზარეულოში აღმოჩენილი მოხუცი ქალის გვამი, რომელსაც შიშისგან გული გაუსკდა. თავიდან მკვლელობად არც აღიარეს, რადგან გულის შეტევით გარდაცვლილი ეგონათ. თუმცა მოგვიანებით, ნათესავები ირწმუნებოდნენ, რომ სახლიდან ფული გაქრაო და თუ მართლა მასე იყო, მაშინ ბინაში შეპარული ქურდის დანახვაზე თუ გაუსკდებოდა შიშისგან გული მოხუცებულს, თუმცა კიდევ საკითხავი იყო, მოასწრო თუ არა ქურდმა ფულის წაღება, მით უმეტეს, თუ სახლი, სულაც არ იყო არეული, სამზარეულოში ძირს გადმოყრილ ქვაბის, ტაფის და მიმობნეული ფქვილის გარდა ყველაფერი ხელუხლებელი იყო.
იქნებ მართლაც, რომელიმე ნათესავმა ისარგებლა და თავად მოიპარა, ან მის გამო გაუსკდა გული ქალს? მაგიდიდან ჩამოყრილი ფქვილი, სახეზე მართლაც ნიღაბივით კი ჰქონდა დაყრილი და იქნებ, ესეც დამთხვევა იყო და არც არაფერი ჰქონდა მკვლელობის სერიებთან საერთო?
ფიფომ ყურადღება მიაქცია ერთ მომენტს. ქალი წლების მანძილზე სამშობიარო სახლის სანიტრად მუშაობდა.
იმ ლოთ კაცს კი ერთ ხანს, სწორედ იმ ბავშვთა საავადმყოფოს დარაჯადაც კი უმუშავია, ზუსტად იმავე წლებში, როდესაც ეს ქალიც იქ მუშაობდა.
ეს ორივე სამუშაო ობიექტი, მართალია სხვადასხვა შენობა იყო, მაგრამ ერთი და იმავე მისამართზე ირიცხებოდა.
„ვითომ ეს რამე კავშირშია?
და რა მოხდა ასეთი ოცდაათი წლის წინ?“
ფიქრებში ჩაფლული ფიფო, მეგობრის შემოსვლამ გამოაფხიზლა, ჩვილის საქმის გახსნა ახარა.
- აბა მოსალოცად გქონია საქმე. - ღიმილით მიუგო ფიფომ.
- ქვემოთ გელოდებით, გვშია ბიჭებს!
წესად ექცათ, ყოველი გახსნილი საქმე აუცილებლად რესტორნით უნდა დამთავრებულიყო.
ფიფოს რესტორნისთვის სულაც არ სცხელოდა, ისეთ დღეში იყო. მეგობარი კი მაინც ექაჩებოდა, ჩვილის საქმის ამბებს იქ მოგიყვებითო.
ფიფომ მიმის დაურეკა, პირობის თანახმად ისიც და მხატვარიც იყო დაპატიჟებული.
სანამ ფიფო ტელეფონზე მიმისთან საუბარით იყო გართული, მეგობარი მის მაგიდას მიუჯდა და მონიტორს სერიოზული სახით მიაშტერდა.
ფიფომ სიტყვის თქმაც ვერ მოასწრო, რომ უკვე კარებში იყო გასული და დერეფნიდან დაუძახა, ახლავე ამოვალო. ფიფოს ყურადღება არ მიუქცევია, ისევ ტელეფონზე აგრძელებდა საუბარს.
- აბა ეს ნახე ერთი! - შემოსვლისთანავე ფიფოს მეგობარმა, გასაღების საკიდზე ჩამაგრებული მეხსიერების ბარათი პროცესორს შეუერთა.
ერთ-ერთ ფოტოზე პირაღმა ამობრუნებულ ქალის გვამს სამედიცინო ნიღაბი ჰქონდა აფარებული. ეს ქალიც იმავე წლებში, მუშაობდა იმ ადგილას, სადაც ის ლოთი და მოხუცი ქალი, მკვლელობის თარიღი კი აქაც, თვის ბოლო შაბათი იყო.
- და ნიღაბიიი... –
ფიფოს განცვიფრებისგან აღმოხდა.
- ნიღაბი? - მხრები აიჩეჩა ფიფოს თანამშრომელმა. - თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იმ წელს, საშინელი ზამთარი იყო და ეპიდემიების ბუმი იდგა, სავარაუდოდ ალბათ, გრიპი ჰქონდა.
- რა გრიპი! ეს ნიღაბია! მკვლელის ხელწერაა!
მართლაც რა დროს ქეიფი და დროსტარება იყო, ძლივს ოდნავ, რაღაც ძვრა მიეცა საქმეს.
ჯერ საავადმყოფოების ძველი არქივები იყო ამოსაქექი და ვინ იცის, რამდენ დროს წაიღებდა. ცალკე ნიღბების ამბებიც თავიდან უნდა გაერკვია, მის არსს უნდა ჩასწვდომოდა. კარგი იქნებოდა, კვლავაც თუ შეიკრიბებოდნენ სახელოსნოში, რადგან კიდევ უამრავი კითხვა რჩებოდა უპასუხოდ.
LEX. 2016 წლის 28 მაისი, შაბათი.https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1749517295290560
No comments:
Post a Comment