Sunday, August 23, 2026

ნატის ჩექმები (ნაწილი 59)

59.
ლარა ძლივს გამოერკვა და ღიმილით, უმისამართოდ უქნევდა თავს მისკენ ოვაციებით მომზირალ ხალხს და უაზროდ პასუხობდა მილოცვებს. მერე თანდათან უფრო გამოფხიზლდა, მეტი ძალაც მოიკრიბა. უფრო მეტი შემართებით გამოვიდა სიტყვით და იქ შეკრებილ ხალხს საჯაროდ დაჰპირდა, რომ მათ ნდობას, აუცილებლად გაამართლებდა და იმედს არ გაუცრუებდა თანამშრომლებს.
- გპირდებით, რომ ამ კედლებში, აღარასდროს განმეორდებოდა ის საშინელება, რაც ადრე ხდებოდა! ყველა მშობელი, უკლებლივ გაიყვანს თავის შვილს. როგორც ცოცხალს და ასევე თუნდაც გარდაცვლილსაც! ასევე გადავწყვიტე, რომ ფინანსურად მე თვითონ ავიღებ სამშობიარო სახლზე შეფობას და უახლესი ტექნოლოგიით აღვჭურავ. საუკეთესო აპარატურებს შემოვიტან და ყოველ სპეციალური დანიშნულების კაბინეტსა, თუ სამშობიარო ბლოკს განვაახლებ! ასევე აუცილებლად ვიზრუნებ ხელფასებისა და პრემიების გაზრდაზეც, თუმცა ეს უკვე ჩვენი ყველას დამსახურებაც უნდა იყოს, რამდენადაც კარგად ვიმუშავებთ, იმდენად გაიზრდება ჩვენი ბიუჯეტიც! ამიტომაც აუცილებლად ყოველი თანამშრომელი, კვალიფიკაციის ამაღლებისა, თუ შემოწმებისა, თავიდან გაივლის ატესტაციას! არავის გათავისუფლებას სამსახურიდან არ ვაპირებ და ყველასგან მოვითხოვ თავისივე რანგის შესაფერის ცოდნასა და კეთილსინდისიერ მუშაობას!
ლარას ეს ბოლო სიტყვები, ცოტა არ იყოს ბევრს არც ესიამოვნა. ფაქტიურად ეს მაინც გამოიწვევდა კადრების შემცირებას, დარწმუნებულნი იყვნენ, მანდაც ჩაწყობები წავიდოდა და ბევრი უღირსი და უცოდინარი დაიკავებდა, მართლაც რომ ღირსეული თანამშრომლის ადგილს.
- დამშვიდდით! - უმალ მიუხვდა ლარა. - არავის გათავისუფლებას არ ვაპირებ, განსაკუთრებით უახლოეს მომავალში, ყველანი და მეც თქვენთან ერთად თავიდან გავივლით თეორიულსა თუ პრაქტიკულ გამოცდებს და თუ არ იცი და გინდა აქ მუშაობა, მაშინ კეთილი ინებე და ისწავლე! აი ეს იქნება ჩემი ძირითადი დევიზი და სწორედ ამ პრინციპის მიხედვით ვითანამშრომლებთ!
მართლაც საუკეთესო შეთავაზებები ჰქონდა ლარას და თანამშრომლებმაც თავის მხრივ ერთგულება აღუთქვეს, ბევრმა დაიჯერა ლარას სიტყვები, ბევრს მაინც ეჭვი ეპარებოდა, არ სჯეროდა, აბა ვნახოთო, ჩურჩულებდნენ, თავიდან დაპირება ყველამ მასე იცის, თანამდებობაზე რომ მოჯდებაო, ამასაც ქირქილებდნენ. მერე როგორც იქნა, დაამთავრა ეს ქაოსიც. ნელ-ნელა, კანტიკუნტად იწყეს გასვლა და დარბაზიც დაიცალა.
კუსუ და დათი უკვე გარეთ რა ხანია უცდიდნენ ლარას და ის კი, თითქოს მათ ჯიბრზე, სულაც არ ჩქარობდა გამოსვლას. გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა, როცა მთავარი ექიმის კაბინეტის კარს მიადგა და ისე ფრთხილად შეაღო, თითქოს იქ მართლაც ვიღაც უნდა დაჰხვედროდა. მაკას არ ყოფნა დიდად არც ეტყობოდა, რადგან არაფერი იყო შეცვლილი. ყველაფერი თავის ადგილას იდგა. იგივე მაგიდა, იგივე სკამები, დივანი და მაკას, აწ უკვე ყოფილი, რბილი სავარძელი. მაკას დიპლომები და სერთიფიკატები და მის მიერ არჩეული პლაკატებიც კი კედელზე უცვლელად იყო გაკრული. ამ კაბინეტმა უკვე იმდენჯერ გამოიცვალა დროებით პატრონი, რომ არც არავის მოსვლია აზრად ოთახში ოდნავ მაინც რამე შეეცვალა. ყველა აქ მომსვლელმა იცოდა, რომ დროებით იყო და დიდად არც შეუწუხებიათ თავი კაბინეტის განახლებით. ახლა კი დრო იყო, ამ ოთახსაც ღირსებოდა „დღის სინათლე“.
საოცარი შეგრძნება დაეუფლა ლარას, როცა ის სავარძელი დაიკავა და სწორედ იმ მაგიდას მიუჯდა, სადაც ოდესღაც მისი შვილის ბედი გადაწყვიტეს მტარვალებმა და არა მარტო, მისი შვილის. ვინ იცის, კიდევ რამდენი ჩვილის საბუთები იქნა ამ მაგიდაზე გაყალბებული და უკვალოდ გამქრალი.
ახლა ყველაფერს მიხედავს. ყველაფერს მოევლება. არქივებსაც პირწმინდად ამოაბრუნებს და იქნებ იმაზე მეტი დედა გაახაროს შვილის დაბრუნებით, ვიდრე საერთოდ წარმოუდგენია. პირველ რიგში, მაკას კვალის გაქრობა იყო საჭირო ამ კაბინეტიდან. ყველა მისი ნივთი უნდა მოეგროვებინა და მაკასთან სახლში გადაეგზავნა. ავეჯის შეცვლაც კი გადაწყვიტა და არც რემონტის გაკეთება იქნება აქ ურიგოო, ესეც კი გაიფიქრა, მაგრამ ახლა გარეთ ორი უერთგულესი და უსაყვარლესი მამაკაცი სულმოუთქმელად უცდიდა მის გამოჩენას.
მართლაც საოცარი დღე იყო, ვერც კი წარმოიდგენდა თუ ოდესმე ამ კაბინეტს დაიკავებდა და არც კი უოცნებია. ახლა კი დარწმუნებული იყო, რომ აუცილებლად მის დაწინაურებაში, მისი ოჯახის ხელიც ერია და თუმცა, არც იმდენად დაუმსახურებლად. ლარა თავდაუზოგავად შრომობდა და ლამის ყველას მაგივრად ერთდროულად უწევდა სხვადასხვა სამუშაოს შესრულება. არაფერს თაკილობდა, არაერთხელ სანიტრის მოვალეობაც შეუსრულებია. სანამ სანიტარს დაუძახეს და მოვიდა, თავად მიუხედავს პაციენტისთვის.
და მართლაც საოცარი დღე იყო...
დღეს პირველად მის ცხოვრებაში, მისი მისამართით ის სანუკვარი სიტყვა გაისმა, რომ ახალი თანამდებობის სიხარული და აჟიტირება სულ გადაფარა. წლების მანძილზე ფიქრობდა, რომ ვერასდროს ეღირსებოდა და უკვე დიდი ხანია აღარც ელოდა, რომ დედას დაუძახებდნენ. კუსუ რამდენადაც მოშინაურდა, თითქოს იმდენად ერიდებოდა, რომ ლარა დედად აღექვა და აღარც ლარა აძალებდა, კრინტიც კი არ დაუძრავს ამ თემაზე.
საათზე მეტი იყო გასული და ლარას კვლავ კუსუს ხმა ყურში ჩაესმოდა:
- დედა!.. დედა!.. დედა!..
და მეტი აღარაფერი გაუგონია, არაფერი უხაროდა ამის მეტად. ისე ადგამდა კათედრისკენ მიმავალ ნაბიჯებს, რომ მიწასაც კი ვერ გრძნობდა ფეხქვეშ. უდიდესი საჩუქარი მიიღო და მეტი რაღა უნდოდა?
რამდენიმე წუთით ისიც კი გაივლო გულში, რომ უარი ეთქვა ასეთ დიდ თანამდებობაზე, მაგრამ მალევე გადაიფიქრა, რადგან ჯერ ვინ იცის, მაკას მაგივრად მართლაც ვის დანიშნავდნენ და უფრო უარეს დღეში არ ჩაეგდო იქაურობა და თანაც, ახლა უფრო მეტად ექნებოდა ხელ-ფეხი გახსნილი და უფრო მეტად მიუწვდებოდა ხელი მაკას მიერ ჩადენილ სიბოროტეებზე. ჯერ კიდევ უამრავი ძველი თანამშრომელი აგრძელებდა მუშაობას აქ და ლარამაც მშვენივრად იცოდა, რომ არავინ ძრავდა კრინტს მაკასა და მისი ამალის მაქინაციებზე. ვინ იცის, კიდევ რამდენს ჰქონდა ხელი გასვრილი და შიშით ხმასაც ვეღარ იღებდნენ. რადგან მხოლოდ ის პერსონალი იყო დაპატიმრებული, ვინც ინტენსიურად მონაწილეობდა ჩვილების ტრეფიკინგში.
ხვალიდან ყველაფერს მიხედავდა და მრავალ ადამიანს გახდიდა დედობის ღირსად, ახლა კი, უკვე დრო იყო გარეთ გამოსულიყო, სადაც ორი სანუკვარი მამაკაცი მოთმინებით ელოდა და ლარამაც უკვე აღარ დააყოვნა.
დეტექტივის მანქანასთან მიახლოებისთანავე კუსუ უმალ გადმოხტა. წინა ადგილი ლარას დაუთმო და თავად უკანა სავარძელზე მოკალათდა. ლარას წინააღმდეგობა არც გაუწევია, ისე დაიკავა მძღოლის გვერდით ადგილი.
მანქანა დაიძრა ჯერ ლარას სახლს გასცდა, მერე დეტექტივის და სადღაც მიჰქროდა.
- სად მივდივართ? - გაკვირვებით იკითხა ლარამ.
- რესტორანში! - ომახიანად მიუგო კუსუმ.
- რესტორანში? - გაიკვირვა ლარამ. - და რომელი ვართ ყანწების მსმელი და კარგი მოქეიფე?
- მაინც და მაინც დალევა, ხომ არ არის? - მიუგო დეტექტივმა. - მე საჭესთან ვარ, არც შენ სვამ და არც კუსუ გიჟდება სასმელზე. უბრალოდ, აღვნიშნოთ შენი ახალი თანამდებობა სასიამოვნო გარემოში და რამე გემრიელობებიც მივაყოლოთ!
- მაშინ, მე გეპატიჟებით! - განაცხადა ლარამ, რაზეც სასტიკი უარი მიიღო.
- იდეა ვისიც არის, ის იხდის რესტორნის ფულს და მორჩა! - მტკიცედ მიუგო კუსუმ. - დღეს მე გეპატიჟებით და უარს არ მივიღებ!
- ნუ, სხვა რა გზაა?! - ღიმილით გადახედა ლარას დეტექტივმა, რომელმაც ასევე ბედნიერი ღიმილი შეაგება.
ცოტაც და შემოდგომა დადგებოდა და არდადეგების დამთავრებისთანავე, კუსუსაც მალე მოუწევდა უკვე გამგზავრება. ამიტომაც ლარას უარი აღარც უთქვამს რესტორანზე, ყველა მის სურვილს უკლებლივ შეუსრულებდა, ოღონდაც შვილის თვალებში სიხარული ენახა.
კუსუ აჟიტირებული იყო. ჩვენს ამბავზე ერთი დიდი წიგნი დაიწერებაო.
- და შეიძლება ერთი არც ეყოს. - ღიმილით დაურთო დეტექტივმა. - მრავალ ტომეული უფრო იქნება.
- მაშინ ფილმი უნდა გადაიღონ! - მიუგო კუსუმ. - მრავალ სერიანი, მძაფრსიუჟეტიანი, დეტექტიური დრამა!
- მშვენიერია! - ეცინებოდა ლარას. - მხოლოდ ნამდვილი სახელები აუცილებლად უნდა შეიცვალონ პერსონაჟებმა.
- პერსონაჟებს ვინ ეკითხება? - დათიმ ღიმილით გადახედა კუსუს. - მთავარია რეჟისორი როგორ გადაწყვეტს.
- რეჟისორი, თუ სცენარის ავტორი? - ჩაეკითხა კუსუ.
- ეგ უკვე შენ უნდა მოიფიქრო! - მიმართა კვლავ დათიმ. - რადგან შენი იდეაა, შენვე მოაბი თავი!
- მართლა? - კუსუს თვალები გაუბრწყინდა. - ისე, მართლა რა საინტერესო იქნებოდა ამ ფილმის გადაღება... - წაიჩურჩულა დაბალი ხმით.
- დაფინანსების პრობლემა, ნამდვილად არ გექნება. - ჩაურთო ლარამ. - შეგვიძლია საუკეთესო რეჟისორები და სცენარისტები მოვიწვიოთ, ჩვენც ჩავერთოთ ქასთინგშიც. მე წინააღმდეგი არ ვარ, რომ ჩემი ეს ტრაგიკული ისტორია და თანაც, ასე ბედნიერი დასასრულით, რომ გახმაურდეს. ასე უფრო მეტი ხალხი ნახავს, ასე უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდება იმედი, რომ შვილს იპოვნის და შეიძლება, ძალიან ბევრი სასიკეთო საქმეც კი მოიტანოს ასეთმა ფილმმა.
- ესე იგი, გადაწყვეტილება ერთხმად მიღებულია! - დაურთო დეტექტივმა. - ჩემის მხრივ რაც შემეძლება ყველაფერში დაგეხმარები. მხოლოდ მთავარია ჯერ ეს პროცესები მორჩეს და ყველას მიეჩინოს თავ-თავისი ადგილი.
ლარამ უხმოდ დაუქნია თავი.
- თუმცა, შეიძლება... - განაგრძო დეტექტივმა. - კიდევ დიდ ხანს არ მორჩეს. ვინ იცის...
- სამწუხაროა. - ამოიხვნეშა კუსუმ. - მე კი, უკვე სცენარის აწყობაზე ვფიქრობდი.
- სულაც არ გიშლის შენ ხელს ეს პროცესები, რადგან სანამ მაქამდე მიხვალ, წინ იმდენი სიუჟეტი უნდა განიხილო და კიდევ რამდენი რამ გექნება ფილმისთვის მოსაგვარებელი, რომ ამასობაში მგონი სასამართლო პროცესებიც კი დასრულება. - გაამხნევა დეტექტივმა.
- მაშინ მომავალ წელს, უკვე დიპლომს რომ ავიღებ, ჩამოვალ და დავიწყოთ!
- დავიწყოთ! - ღიმილით მიუგო ლარამ.
- და სანამ წავალ, მინდა ისინი ვნახო. - საკმაოდ სერიოზული ხმით განაცხადა კუსუმ.
წამით სიჩუმე ჩამოვარდა. ლარას მსგავსად, დეტექტივიც უმალ მიხვდა, თუ ვის გულისხმობდა კუსუ. ბიჭს აქამდე ჯერ კიდევ არ ენახა მისი ბიოლოგიური მამა და მამის დედა. არც იმდენად გასჩენია სურვილი და ახლა უცებ რატომღაც ძალიან დაინტერესდა.
- კარგი. - უსიამოვნოდ დაუქნია თავი ლარამ.
- მინდა ორივეს თვალებში ჩავხედო და ამიხსნან, თუ რატომ მომექცნენ ასე?! - მტკიცე ხმით განაგრძო კუსუმ. - რატომ გამყიდეს?! ნუთუ ასეთი რა თანხა გადაუხადეს ჩემში, რომ უღირდათ კიდეც ამის ჩადენა?!
- ეს ყველაფერი ჩემს საწინააღმდეგოდ იყო მომართული და მათი ამ საქციელით, მე უფრო ადვილად მომიშორეს თავიდან. - ამოიხვნეშა ლარამ. - ხან ფსიქიკურად შერყეულად გამომაცხადეს და ხან კი მძიმე სენით დაავადებულად.
- ჰო, ვიცი. - თავი დაუქნია კუსუმ. - ვნახე ეგ დიაგნოზები და ჩემს ძველ საბუთებშიც ასე ეწერა, რომ მომაკვდავი ვარ, დედის გენეტიკურად გადმოცემული დაავადებების გამო და გარდავიცვალე კიდევაც!
- ჰმ! - მწარედ ჩაეღიმა ლარას.
- ავადმყოფები თავად აღმოჩნდნენ! სულიერად დაავადებული, ბოროტი ხალხი! ჯერ კიდევ, რატომ ამძიმებენ დედამიწას?!
- ჰო, მაგრამ მაინც მამაშენია და ასეც ნუ იტყვი. - წუხდა ლარა. - აქამდეც უნდა გამეცნო შენი თავი, მაგრამ როგორც ვიცი, ჯერ შენს შესახებ არაფერი იციან.
- არც მინდა მასეთი მამა და არც ბებია, ვინც ასაწონი ხორცივით გამყიდეს!
- მესმის შენი. - ამოიხვნეშა ლარამ.
- ისე, მაგათ ჯიბრზე ცოცხალი და საღ-სალამათი რომ გამოვეცხადები, წარმომიდგენია რა სახეები ექნებათ!
- ჰმ, წარმოდგენაც კი არ მინდა. - ღიმილით გააქნია თავი ლარამ.
- რაც შეეხება მამას და მამობას. - საკმაოდ მტკიცე ხმით დაიწყო კუსუმ. - მამა არც არასდროს მყოლია და ასეა თუ ისეა, შეგუებულიც ვიყავი კიდევაც უმამობას და ახლა მით უმეტეს, სულაც არ განვიცდი მამის გარეშე ყოფას!
- ნება შენია. - ლარამ ამოიხვნეშა და დათის უჩუმრად გახედა.
- დათისთან კი უკვე მოვილაპარაკეთ. - კუსუმ დეტექტივს ღიმილით შეავლო თვალი.
დეტექტივმაც ღიმილი შეაგება.
- მამას მართლა ახლა ვერავის დავუძახებ. - განაგრძო კუსუმ. - თუმცა დათ! ხომ იცი, რომ ძალიან დიდ პატივს გცემ და უფროსი ძმასავით ხარ ჩემთვის.
- ჰოდა, ვიყოთ ძმები! - გაიკრიჭა დეტექტივი.
- ოჰო!  - გაეცინა ლარას. - თქვენ უკვე უჩემოდაც გადაგიწყვეტიათ.
- ნუ, ჩვენ მხოლოდ მამა-შვილობის საკითხი გავიარეთ და ორივეს მოგვეწონა ეს აზრი და ასეც შევთანხმდით, ხომ ასეა? - ჩაეკითხა კუსუ.
- რა თქმა უნდა! - კვერი დაუკრა დათიმ და ლარას გახედა. - ნუ შენ თუ წინააღმდეგი არ იქნები.
- მდაა... - ღიმილით გააქნია თავი ლარამ. - აბა მე რა შემიძლია?..
- დათ, მართლა ხომ არ ხარ წინააღმდეგი, რომ უმცროსი ძმასავით ვიყო შენთან? - კვლავ დააზუსტა კუსუმ.
- რა თქმა უნდა, არა! - კვლავ კვერი დაუკრა დეტექტივმა. - ჩვენ ძმები ვართ და თანამოაზრეები მიუხედავად ასაკისა.
- იყავით მერე. - გაეცინა ლარას. - როდის დაგიშალეთ?
დეტექტივმა ყურებამდე გაუღიმა. წუთით თითქოს უხერხული სიჩუმეც კი ჩამოწვა. არავინ იღებდა ხმას. უკვე ყველაფერი ისედაც ნათქვამი იყო, მაგრამ დეტექტივმა მაინც დაბალი და საკმაოდ სერიოზული ხმით დაიწყო:
- ჯერ არ მაქვს ამის საშუალება, რომ ერთად ვიცხოვროთ. ჩემთან ისედაც სივიწროვეა და არც არავის სახლში ვაპირებ ჩასიძებას. - დათიმ წამით იყუჩა. - სანამ კუსუ ჩამოვა, მანამდე როგორმე მოვაბამ თავს და აუცილებლად ისე გავაკეთებ, რომ ჩვენ სამივემ ცალკე ვიცხოვროთ.
- და რა საჭიროა, ამდენი თავის მობმა და წვალება და ტანჯვა?! - წყენით მიუგო ლარამ. - თუ კი მაქვს საშუალება, რომ ცალკე ვიცხოვროთ, რატომაც არა?
დეტექტივმა უხერხულად აიჩეჩა მხრები.
- მესმის, რომ შენ თვითონ გინდა ბინის შეძენა და არავის მოწყალება არ გჭირდება. - განაგრძო ლარამ. - რადგან გგონია, რომ... რომ... ნუ არ ვიცი, რა გგონია, მაგრამ დღეს შენ ვერ შესძლებ, ისეთი სახლის ყიდვას, სადაც კომფორტულად ვიქნებით, მარტო ღამის გასათევად ხომ არ გვინდა, არა? ამხელა ბიჭს აუცილებლად ცალკე ოთახი სჭირდება! მერე საძინებელი, მისაღები! მინდა აივანი საძინებელსაც ჰქონდეს და სამზარეულოსაც! სააბაზანო ოთახი არც იმდენად ვიწრო უნდა იყოს! ან საშხაპე ცალკე და ჯაკუზი ცალ-ცალკე ოთახებში და რაც მთავარია, სულაც არ მინდა გარეუბანი, რადგან ჩემს სამსახურთან ახლოს მინდა ვიყო და ამდენ ოთახებს, აუცილებლად უნდა დაემატოს კაბინეტი, გინდა შენი და ჩემი ცალ-ცალკე, ან თუნდაც ერთი, რადგან შენც ათასი სამუშაო გექნება და ვერც საძინებელში და ვერც მისაღებში ვერ გაშლი საბუთებს.
- ნუ ჰო... - მხრები აიჩეჩა დეტექტივმა. - უამრავი საკმაოდ კომფორტული პროექტის ბინა შენდება და დღეს არის უკვე შესაძლებელი, რომ კრედიტით...
- გაგყიდის ყოველ თვეში ეგ კრედიტები! - მტკიცედ მიუგო ლარამ. - საერთოდ ნულზე დაგსვამს და ლამის ამ კრედიტებით ბოლომდე ვერ ნაყიდ ბინას გაყიდი, რომ ბანკის სესხი დაფარო და რა ძალა გადგას-მეთქი, სწორედ ამას ვგულისხმობ და შენ კი, რაღაცნაირად გიტყდება და უკან იხევ!
- ნუუ... რა ვიცი... - დეტექტივი ცოტა არ იყოს დაბნეული შეჰყურებდა. ჯერ ლარას პასუხს ვერ ეღირსა, საიდან აღარ მოუარა და ახლა ლარა უკვე პირდაპირ ბინის შეძენაზე აცხადებდა პრეტენზიას.
- მოკლედ, ლარა ყიდულობს ბინას და დათი ავეჯს! - ჩაურთო კუსუმ.
- ავეჯიც აუცილებლად მე უნდა შევარჩიო, რომ ჩემს ინტერესებში და გემოვნებაში ჯდებოდეს. - სერიოზული სახით დაურთო ლარამ.
- და აბა, მე რა გავაკეთო? - იწყინა დეტექტივმა. გამოდიოდა, რომ სახლიც ლარას ნაყიდი იქნებოდა და ბინასაც ის მოაწყობ და ისევ ჩასიძება გამოუვიდოდა, რომელიც ძალიან, ძალიან არ უნდოდა.
- რატომ გწყინს, დათ? - მხრები აიჩეჩა ლარამ. - შენ ყიდულობ და მე შევარჩევ, ამაში პრობლემას რატომ ხედავ?
- კარგი. - გულზე მოეშვა დეტექტივს. - შენ რომელსაც ხელს დაადებ, სწორედ ის ვიყიდოთ.
- ესე იგი, სახლი უკვე გვაქვს, ბინაც მოვაწყვეთ! - შესძახა კუსუმ. - და ახლა  მაინტერესებს ახალი თუ არის რამე საინტერესო ჩვენთვის?
- ზეგისთვის კვლავ სასამართლოა ჩანიშნული და ორივე დედა-შვილი არიან დაბარებული. - დაბალი ხმით მიუგო დეტექტივმა. - მოწმის სახით უნდა გამოვიდნენ პროცესზე.
- მოწმის სახით? - საშინლად არ ესიამოვნა კუსუს. - დამნაშავეები მოწმის სახით, როგორ უნდა გამოვიდნენ?!
- ნუ, ჯერ ასეა. - მიუგო დათიმ. - მათთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ, თუმცა უკვე... ასე ვთქვათ, ბომბზე სხედან.
- საინტერესო იქნება მათი იქ გამოჩენა. - ჩაურთო ლარამ.
- მე რომ გამოვეცხადები, აი საინტერესო მაშინ იქნება! - ცინიკურად ჩაეღიმა კუსუს.
- ჰოო... წარმომიდგენია... - ცალყბად გაეღიმა დეტექტივს.
- ისე, რას ამბობენ? როდის უნდა დააპატიმრონ? - იკითხა კუსუმ.
- არა, რა დაპატიმრება?! - თავი გააქნია ლარამ. - მე არ ვაპირებ ჩივილის და მათი წყევლა-კრულვის მოსმენას, ისედაც რამდენი რამ გადავიტანე! იყონ თავისთვის! ახლოსაც არასდროს მივიკარებ! თავიანთ გზაზე წავიდნენ!
- სად თავიანთ გზაზე? - ჩაეკითხა დეტექტივი. - სისხლის სამართლის დანაშაულია ჩადენილი და შენ არავინ გკითხავს მათ განსჯას. ბრალს, როგორც კი წაუყენებენ, იმ წუთიდანვე აყვანილები იქნებიან! ტრეფიკინგი, მეტი კი არაფერია?!
- და რომ არ წაუყენონ ბრალი? - იკითხა კუსუმ.
- ფაქტიურად გამორიცხულია. - მიუგო დათიმ. - თუ იმავე დღესვე არა, უახლოეს მომავალში არც იმდენად ადვილად დაუძვრებიან კანონის წინაშე პასუხის გებას. მხოლოდ...
- მხოლოდ, რა? - ერთდროულად იკითხა ლარამ და კუსუმ.
- ის ფაქტორი თუ უშველით, დანაშაულის ხანდაზმულობა, თორემ მეტი ვერაფერი გადაარჩენთ.
- და იქნებ, არც იციან ასეთ კანონი რომ არის? - იკითხა კუსუმ.
- შეიძლება, მაგრამ თუ ადვოკატი აიყვანეს, მაშინ უმალ გაიგებენ.
- რაც უნდა, ის გაიგონ! - თავი გააქნია ლარამ. - ჩემთვის სულ ერთია! ჩემს შვილს, რომ ვერასდროს მიეკარებიან, ეს კი ნამდვილად ვიცი!
- არც ვაპირებ! - კვერი დაუკრა კუსუმ.
- ისე, ზეგ, მეც წამოვალ! - გამოუცხადა ლარამ. - მხოლოდ ისეთი ადგილი შემირჩიეთ, რომ ნაკლებად მოვხვდე თვალში. არც კი მინდა რომ დამინახონ.
- კარგი.  - თავი დაუქნია დეტექტივმა ზეგ ერთად წავიდეთ სამივე.
- და დღეს კი ვიქეიფოთ! - მყისვე ჩაურთო კუსუ და მერე ლარას მიუბრუნდა. - მერე კიდევ გავისეირნოთ და აბა, ვნახოთ ერთი როგორ იცი საჭის მართვა.
- მეე?
- ჰო, რა იყო? - მხარი აუბა კუსუს დათიმ. - შევეჯიბროთ სამივე, ვინ რამდენად სწორად იცავს მოძრაობის წესებს.
- რა თქმა უნდა, შენ ორივეს გვაჯობებ, რადგან უფრო მეტად ხარ გამოცდილი. - ცალყბად გაუღიმა ლარამ.
- მაშინ, თქვენ ორნი შეეჯიბრეთ ერთმანეთს და გამარჯვებულს.... - დეტექტივი გაჩუმდა, რადგან გამარჯვებულის პრიზად, უცებ არაფერი მოუვიდა თავში.
- გამარჯვებულს? - უმალ ჩაერთო კუსუ, - გამარჯვებულს სამ სურვილს შეუსრულებს, ის დანარჩენი ორი. ესე იგი, სულ ექვსი სურვილი გამოუვა!
- თანახმა ვარ და არ დავეძებ, რა სურვილი იქნება! - კვერი დაუკრა დეტექტივმა.
- რა თქმა უნდა, მე წავაგებ. - გაეცინა ლარას. - დიდი ხანია საჭე არ მიმართავს და ბარემ ამოღერღეთ სურვილები, სანამ კარგ ხასიათზე ვარ!
- შენ დიდი ხანია არ გიმართავს საჭე, კუსუს კი გამოცდილება აკლია, ასე რომ მაინც თანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდით ორივე.
ლარას არც ხელმეორედ გათხოვების სურვილი ჰკლავდა და არც მეგობარ მამაკაცზე ჰქონდა პრეტენზიები. უბრალოდ პატივს სცემდა დათის, როგორც ერთგულ და კარგ ადამიანს, მაგრამ როცა ხედავდა, რომ კუსუ როგორი აჟიტირებული იყო მათი დაწყვილებით, საშინლად აღარ უნდოდა ბიჭის გაწბილება. ახლა თავადაც ჩაფიქრდა. წინ მთელი ერთი წელი ჰქონდა, იქნებ მართლაც შეეყვარებინა დეტექტივი და მართლაც გულით მოესურვებინა მასთან დაქორწინება. ან თავიდან ერთ სახლში დაეწყოთ ცხოვრება, თუნდაც, კუსუს თვალის გასახარად და მერე მართლაც თუ ვერ შეეგუებოდნენ ერთამანეთს, დაშორებაც არ იქნებოდა პრობლემა.
„ბოლოს და ბოლოს, რომელი საუკუნეა?“
ფიქრობდა ლარა.
„რაც გამოვა, გამოვა და თუ არ გამოვა, ვერავინ მაიძულებს. კუსუსაც ავუხსნი ყველაფერს და დარწმუნებული ვარ, ისიც სწორად გამიგებს“
ამას ფიქრობდა ლარა და ღიმილით ადევნებდა თვალს მისთვის ორ საუკეთესო მამაკაცს. ბევრი იცინეს, იმხიარულეს. სასიამოვნოდ გაატარეს უკვე მიწურული ზაფხულის ჯერ კიდევ ცხელი საღამო.
მომდევნო დღეს, მორიგი სასამართლო პროცესის წინა დღე იდგა და მაკამ კუსუს შემოუთვალა, აუცილებლად მნახეო. ბიჭი უარზე დადგა, უკვე საკმაო ხანი იყო მაკასთან შეხვედრებსაც აღარ ითხოვდა და არც მაკას ჰქონდა სურვილი მისივე გაზრდილი ბიჭისთვის თვალი გაესწორებინა. ერთმანეთს მხოლოდ სასამართლო დარბაზში ხედავდნენ და მაშინაც ორივე თვალს არიდებდა.
თავიდან კუსუ უარზე დადგა, საერთოდაც არ უნდოდა მაკასთან პირისპირ შეხვედრა, მიუხედავად იმისა, რომ მაინც ებრალებოდა და საციხოდაც არ ემეტებოდა, მაგრამ მაინც გაურბოდა მასთან შეხვედრას.
- სჯობს, მოინახულო. - თბილი ხმით მიმართა ლარამ. - იქნებ, აქვს კიდევ რაღაც სათქმელი, ან იქნებ, არც არაფერი, მაგრამ უბრალოდ, შენი ნახვა უნდოდეს.
- მე არ მინდა! - მტკიცედ განაცხადა კუსუმ.
- მაშინ იფიქრებს, რომ ჩვენ არ გიშვებთ, არ გაძლევთ უფლებას და შენი სურვილის საწინააღმდეგოდ გექცევით და რატომ უნდა აფიქრებინო ჩვენზე, რომ ჩვენ ისეთი ცუდები ვართ, ბოღმას ვერ ვერევით?
- და ესე იგი, აპატიეთ? - ეჭვიანად ჩაეკითხა კუსუ.
- არ ვიცი, ეს პატიების რა ფორმაა, ან არის თუ არა საერთოდ პატიება, მაგრამ... - ლარამ ამოიხვნეშა. - მე რაღა უნდა დავუშავო იმაზე მეტი, რაც ახლა მაკას თავზე გადადის. ვინ იცის, როდის გამოვა იქიდან და აღარც სახლ-კარი და სამუშაო, მარტოობაში ამოხდება სული.
- და სახლ-კარი რატომ არ ექნება? - გაიკვირვა კუსუმ.
- როგორც კი ოფიციალურად გაასამართლებენ, პროცესის დასრულების მერე დაიწყება მისი ქონების კონფისკაცია. - ჩაურთო დეტექტივმა.
- და აბა ახლა?
- ახლა მხოლოდ ყადაღა აქვს დადებული და თუ ვთქვათ, ზუსტად დაუმტკიცდება, რომ ეს ქონება თანამდებობაზე დანიშვნამდე აქვს შეძენილი, მაშინ არ ჩამოერთმევა და თუ მერე აქვს, დიდი ალბათობით, არავინ შეარჩენენ.
- და აბა, მე რომ მჩუქნიდა ყველაფერს, მაშინ რას გამოიდო თავი? - წყენით იკითხა კუსუმ. - გამოდის რომ მაშინაც მატყუებდა! მთელი ცხოვრება ტყუილში!
- კონფისკაციაში, მხოლოდ ის ქონება მოხვდება, რაც პირადად მის სახელზეა. - მშვიდად მიუგო დათიმ.
- ესე იგი, ჩემზე რომ გადმოეფორმებინა, ვერაფერს ჩამოართმევდნენ, არა?
- კანონი ძლევა იმის სრულ უფლებას, მიუხედავად იმისა, რომ საბუთებში თუ უკვე შვილის სახელია, ქონება მაინც უნდა დააყადაღონ. სრულ გამოძიებამდე.
- ესე იგი, ვერ მოასწრო მაკამ. - კუსუმ ცოტა არ იყო მოწყენილი ხმით აღნიშნა. გულის კუნჭულში მაინც ბოლომდე ვერ სწირავდა ამ ქალს. თუმცა, არც მისი ქონება უნდოდა, არაფერს მიიღებდა მისგან და უკანვე მიუბრუნებდა, მაგრამ გამოდიოდა, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მაკა მართლაც ქუჩაში რჩებოდა.
დათიმ არაფერი უპასუხა, მხოლოდ ჩაფიქრებული მზერით აარიდა თვალი, რაც შეუმჩნეველი არც ლარას დარჩენია და არც კუსუს.
- კარგი, ბარემ ბოლომდე გვითხარი რა ხდება. - უკვე ლარაც წუხდა. - თორემ დავიტანჯე ამდენი რებუსებითა და გამოცანებით.
- მაკას უკვე დიდი ხანია ჰქონდა ყველაფერი კუსუს სახელზე. - მშვიდი ხმით მიუგო დეტექტივმა. - საკუთარ ანგარიშზე მხოლოდ, ნუ ასე ვთქვათ მცირედი იყო, იმ ანგარიშებთან შედარებით. ამიტომაც უცებ დიდი ფული რომ დასჭირდა, არც ჰქონდა და იმ მერაბას მოატანინა, გახსოვთ?
- ეგ კი მახსოვს,  და გამოდის, რომ მაკა ოფიციალურად არც იმდენად მდიდარი ყოფილა. - დაურთო ლარამ.
- მასეა. - მიუგო დეტექტივმა.  - მაგრამ ამ მომენტისათვის, სასამართლო პროცესის დასრულებამდე, ჯერ ისევ ყადაღის ქვეშაა ყველაფერი, თუმცა უკვე დადგინდა, რომ მაკას არც ამ თანამდებობის დანიშვნამდე უცხოვრია ხელმოკლედ, ისედაც შეძლებული ოჯახიდან იყო.
- ჰოო? - გაიკვირვა ლარამ.
- დიახ. - კვერი დაუკრა დეტექტივმა. - რეესტრის არქივებიდან ამოღებული ინფორმაციით, მაკამ რამდენჯერმეც კი შეიცვალა ბინა და უფრო უკეთეს სახლში გადადიოდა, მაგრამ არც იმდენად ცუდად უცხოვრია ბავშვობიდანაც და მერეც. თანაც, მისი ყველა დიპლომი და სერთიფიკატია, ნამდვილია, არაფერი აქვს ნაყიდი და გაყალბებული.
- ესე იგი, გამოდის რომ ამ ყველაფერს თვითონ მიაღწია?
- ოფიციალურად კი, თუმცა არც გამოვრიცხავ ჩაწყობა-ჩამოწყობას, მაგრამ თანამდებობა მართლაც ეკუთვნოდა.
- და როცა ქონების დაგროვება დაიყო, უკვე ყველაფერს კუსუს სახელზე წერდა, არა?
- თავიდანვე, როგორც კი მის ცხოვრებაში გამოჩნდა, იმ დღიდან. - მიუგო დეტექტივმა. - მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი დრო და თარიღი, როდის და როგორ დაიწყო მაკამ ჩვილების ტრეფიკინგში მონაწილეობის მიღება, ვერანაირად ვერ დგინდება.
- რა უნდა დადგინდეს, როცა თავად თვითონ ედგა სათავეში. - თავი გააქნია ლარამ.
- ნუ თავიდანვე ხომ ვერ ჩაუდგებოდა? - მიუგო დეტექტივმა. - ჯერ მონაწილეობას მიიღებდა, თუნდაც სულ ნაკლებად სარისკოს, ან სხვებთან შედარებით, ნაკლებად მნიშვნელოანს, შემდეგ უფრო გაარკვევდა სად იწყება, სად გადის და ბოლოს, სად და როგორ მთავრდება ეს ყველაფერი. მერე თანდათან თავად ამოიქაჩებოდა, ჭკვიანი ქალია და არ გაუჭირდებოდა საკუთარი ხაზის გაკვლევა.
- ჭკვიანი რომ ყოფილიყო, ახლა იქ არ იჯდებოდა! - თავი გააქნია ლარამ
- როცა სიხარბე გძლევს, იქ უკვე ჭკუ განზე დგება და იჩაგრება. - მიუგო დეტექტივმა. - ამიტომაც მისი ქონების მთლიანი ჩამორთმევა მაინც არ გამოვა, რადგან ვერ დგინდება თუ ზუსტად როდიდან დაიწყო „მოღვაწეობა“.
- და ვის რად უნდა ნეტა მისი ქონება?! - წამოიძახა კუსუმ, რომელიც აქამდე ჩუმად იყო და საუბარში ნაკლებად ერეოდა.
- ნუ გინდა, თუ არ გინდა, კანონით მაინც გეკუთვნის და შენი ნებაა, მერე როგორ მოექცევი. - მიუგო ლარამ.
- არ მჭირდება! - კვლავ შემართებით აღნიშნა კუსუმ. - რადგან ეს ქონება უბრალოდ ბინძური კი არ არის, არამედ, ეს არის იმ ტკივილის, იმ ძალადობისა და მოპარული ბავშვობის მატერიალური სიმბოლო, რომელიც ყელშიაქვს გაჩრილი და რატომღაც ვერიშორებ იმ სირცხვილს, თითქოს მე ჩამედინოს და თუნდაც, ამდენი წლები, რომ ასეთი ფულით ვცხოვრობდი! აი ზუსტად ეს მახრჩობს და მკლავს!
- ნუ იღებ შენს თავზე იმ დანაშაულს, რაც შენ პირადად არ ჩაგიდენია და არც არაფერი იცოდი. - დაუყვავა ლარამ.
- სანამ სასამართლო და პროცესები არ დასრულდება, მანამდე მაინც ვერაფერს მიიღებ. - მშვიდად მიუგო დეტექტივმა. 
- და არც მინდა! - ახლა უფრო მეტად მოუვიდა გული კუსუს.
- არავინ გაძლებს, ჩემო სიხარულო. - დაუყვავა ლარამ. - არც გვაქვს იმის გაჭირვება, რომ მართლაც ასეთი შეძენილი ქონებით იცხოვრო.
- ჩვენ მხოლოდ იმაზე ვსაუბრობთ, თუ რაც რეალურია. - ჩაურთო დეტექტივმა. - რადგან სიტყვა ჩამოვარდა, რომ მაკა თუ გამოვა ციხიდან, ღამის გასათევიც კი აღარ რჩება.
- ჰოდა, დარჩეს და ქონდეს, ისევ მაგას! - კოპები შეკრა კუსუმ. - მე არაფერი მინდა მისგან!
- საკმაოდ დიდი თანხაა...
- და მერე, რა?! - წყენით შეუტია დეტექტივს კუსუმ.
- მერე ის, რომ შეგიძლია ისეთ რამეში გამოიყენო... - დეტექტივი გაჩუმდა. - თუნდაც სამშობიარო სახლს დაეხმარო. იცი, რამდენი გაჭირვებული და მრავალშვილიანია...
- მშვენიერი აზრია და მეც მაქვს ერთი იდეა. - ჩაურთო ლარამ. - რადგან, სულაც არ მინდა ეს ფული, ისევ მაკას რომ დაუბრუნდეს და არც ჩვენს ოჯახს აქვს ამის გაჭირვება.
- და რა იდეაა? - დაინტერესდა კუსუ.
- გავაფართოვოთ სამშობიაროს ტერიტორია. - დაიწყო ლარამ. - იქვე, ეზოშივე ავაგოთ ბაგა-ბაღი, თანამშრომლებისთვის და ვისაც მშობიარობის პერიოდში არ ჰყავს ბავშვის დამტოვებელი.
- მშვენიერია! - მოუწონა დეტექტივმა და კუსუმაც თავი დაუქნია.
- გადასახადი მინიმალური იქნება, უფრო სწორად დღიური, ან საათობრივი. - განაგრძო ლარამ. - ეს აუცილებელია, რომ იქ ჩადებულ თანხას ბრუნვა ჰქონდეს და არა აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად შემოიტანს შემოსავალს. ასე უფრო მუდმივად იმუშავებს.
- კარგია, კარგია! - მოეწონა კუსუს.
- იქნება სამჯერადი კვება. კომფორტული სათამაშო და საძინებელი ოთახები, გარეთ ეზო, გასართობები და ნუ გგონია, რომ ეს ნაკლები ხარჯი იქნება.
- მინდა მაქსიმალურად კომფორტული იყოს და საკვებიც უმაღლესი ხარისხის! - ჩაურთო კუსუმ.
- ჰოდა მასეთ მაქსიმალურ დონეს, მაქსიმალურად ბევრი ფინანსებიც სჭირდება და ასე რომ ნუღარ დარდობ! - უფრო მეტად გაამხნევა დეტექტივმა. - ამიტომაც როცა დრო მოვა, მიიღე ის რაც კანონით შენს სახელზეა და გეკუთვნის და სასიკეთოდ გამოიყენე!
- უჰ! - შვებით ამოისუნთქა კუსუმ. - მართლაც ისე მიმძიმდა ეს ყველაფერი. გაგონებაც კი არ მინდოდა.
- ძალიანაც კარგი, რომ ასე მოხდა. - გაუღიმა ლარამ. - რადგან მაკას ქონება თუ ჩამოერთმეოდა, სახელმწიფო ბიუჯეტში გადავიდოდა და მერე ნელ-ნელა არც გამიკვირდება, თუ ისევ კორუფციის ხელი კარგად შეჭამდა,
- ახლა კი, ასეთ კეთილ საქმეს მოხმარდება და თქვენთან ერთად ეს მეც ძალიან მახარებს. - ჩაურთო დეტექტივმა.
კუსუმ უხმოდ დაუქნია თავი. აშკარად დიდი შვება იგრძნო.
- ჰკითხე მაკას, თუ რამე სჭირდება და შევუგზავნოთ. - მიმართა ლარამ.
კუსუმ გაკვირვებისგან წარბები აზიდა.
- ნუ გგონია, რომ ძალიან მიხარია ვინმეს უბედურება და ამით ბედნიერი ვარ. - ლარა წამით შეყოვნდა. - მე მხოლოდ შენმა დაბრუნებამ გამაბედნიერა და ახლავეც რომ გამოუშვან მაკა ციხიდან და კვლავ თავის სავარძელში მოკალათდეს, ხმასაც არ ამოვიღებდი!
- ვინ მიუშვებს იმ სამსახურში?! - კოპები შეკრა კუსუმ.
- ისე ვთქვი, დაშვების მიზნით. ჩემი სამაგიერო უკვე ისედაც გადაეხადა და სულაც არ მინდა, ბოროტ და ბოღმიან ხალხს დავემსგავსო.
- და სულაც არ მაქვს სურვილი მისი ნახვის!
- რადგან შემოგითვალა მნახეო, სჯობს მაინც ნახო.
- კარგი მაშინ, ვნახავ. - უკმაყოფილოდ აიჩეჩა მხრები კუსუმ.
- ასე სჯობს. - კვერი დაუკრა ლარამ.
- და იცის ხომ უკვე… უკვე, რომ… მე...
- რა თქმა უნდა ეცოდინება. - მიუგო ლარამ.
- მისმა ადვოკატმა თუ იცის, მაკასაც უეჭველი ეცოდინება. - ჩაურთო დეტექტივმა.
- კარგი, ვნახავ. - ამოიხვნეშა კუსუმ. - დათ, ხომ წამომყვები.
- რა თქმა უნდა! - მიუგო დეტექტივმა. - ისედაც მასე ვაპირებდი. მიგიყვან და გარეთ დაგელოდები.
კუსუ კვლავ დეტექტივის თანხლებით მივიდა, თუმცა მაკასთან შესახვედრად მარტო შევიდა. ახლა უფრო მეტად გაცრეცილი მოეჩვენა ეს ქალი, ვიდრე სასამართლო დარბაზში ხედავდა. ყოველთვის კოხტად და გამოპრანჭულს, მიუხედავად ყველაფრისა.
- ესე იგი, შენ თვითონ იპოვნე,.. ბიოლოგიური მშობლები... - დაბალი ხმით ჰკითხა მაკამ.
LEX. 2026 წლის 23 აგვისტო, კვირა. 

No comments:

Post a Comment