Wednesday, August 5, 2026

ნატის ჩექმები (ნაწილი 57)

57.
ლარას მამა მაშინვე მიუხვდა, თუ რაც გაიფიქრა კუსუმ, როცა ბიჭს, მაკას საწერ მაგიდაზე მდგარ მინიატურულ სტატუეტზე გაუშეშდა მზერა. კაცი ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა მაგიდას და პატარა ფიგურას კარგად დააკვირდა. საკმაოდ ნატიფად შესრულებულ ნამუშევარზე, რომელზედაც დედა-შვილობა იყო გამოსახული, დედისა და შვილის ნაზ, უანგარო სითბოსა და სიყვარულს ასხივებდა. ოდნავ თითებით ფრთხილად შეეხო, მერე აიღო და ხელში მსუბუქად შეათამაშა. ერთი შეხედვით, სტატუეტი მართლაც ჰგავდა სპილენძში ჩამოსხმულს ფიგურას და რატომღაც ასე მსუბუქი აღმოჩნდა.
ეს იყო ანტიკვარული ხელოვნების ნიმუში, რომელიც მაკა ექიმის მაგიდაზე, მისსავე პროფესიულ ავტორიტეტს ესადაგებოდა და მხოლოდ მნახველის მზერას ატყუებდა, რადგან ამ გარეგნული სიდიადის მიღმა, მყიფე თაბაშირი იმალებოდა, რომელიც ხელის შეხებისას სიმძიმის ილუზიას უკვე ვეღარ უძლებდა.
ბიჭი გაფითრდა, ისეთი შეშინებული მზერა მიაპყრო თავის ახლად გამოცხადებულ ბაბუას, რომ თითქოს ევედრებოდა, არ გაგივარდეს და არ გატყდესო.
- ესე იგი, მაკა ნებას არ გრთავდა, რომ ამ ნივთს შეხებოდი, არა?
კუსუმ უხმოდ, ონდავ დაუქნია თავი, მერე წამით, სადღაც ფანჯრის მიღმა გაუშტერდა მზერა და ძალიან  დაბალი ხმით, თითქმის ჩურჩულითაც დაიწყო:
- დედა... - და თითქოს ეუხერხულა კიდეც ამ სიტყვის თქმა და დაბნეული თვალები ბაბუამისს შეანათა.
კაცი მაშინვე მიუხვდა და ოდნავ ღიმილით დაუკრა თავი და თითქოს ამით ანიშნა კიდეც, არაფერია, განაგრძეო.
- ხშირად გვიან, დაღლილი ბრუნდებოდა... - ცოტა არ იყოს, ენის ბორძიკით განაგრძო ბიჭმა. - მინდოდა სახლი სუფთად დამეხვედრებინა, არც მიმიქცევია ყურადღება ფიგურას ისე შევუცვალე ადგილი. მთავარია, რომ მტვერი ჩამოვწმინდე, სუფთა იყო და მნიშვნელობა არ მიმინიჭებია, თუ რომელ მხარეს იდგა. - კუსუ წამით შეყოვნდა. - მაკა, საშინლად გაბრაზდა, ლამის ბოლო ხმაზე გაჰკიოდა, რომ ასეთ ძვირფას ნივთს შევეხე და კიდევ კარგი, არ გავტეხე.
- და შენ რა იფიქრე, იმ დროს?
- ალბათ... ალბათ მისთვის ძალიან ძვირფასი ადამიანის ნაჩუქარი უნდა ყოფილიყო.
- შეიძლება. - კვერი დაუკრა ბაბუამ.
- მე... მე... - კვლავ ენის ბორძიკით დაიწყო ბიჭმა. - მამაჩემზე ვიფიქრე... მაშინ...
- ჰმ.
- ისე... ანტიკვარები კი ძალიანაც მოსწონდა. - განაგრძო კუსუმ. - მხოლოდ, დიდ ხანს უტრიალებდა, სანამ შეიძენდა და არც ზედმეტად კოლექციით იყო გატაცებული. უბრალოს არაფერს ყიდულობდა და ძვირფასი კი ძალიან, ძალიან უნდა მოსწონებოდა.
- ჰმ.
- ეს კი, ნამდვილად არ იყო ანტიკვარი, როგორც ერთი შეხედვიდან ჩანდა და ამიტომაც გამიკვირდა მაკას ასეთი რეაქცია.
- მდაა... საინტერესოა...
- სტატუეტი თითქოს, სპილენძს კი ჰგავდა, მაგრამ საკმაოდ მჩატე აღმოჩნდა, აშკარად თაბაშირის ასლი უფრო იყო, ვიდრე რაღაც ორიგინალი და განსხვავებული და ყოველთვის მიკვირდა კიდევაც, რად უნდოდა მაკას ასეთი იაფფასიანი იმიტაცია? თუმცა, არასდროს მიკითხავს.
- ესე იგი, მაკას ყოველთვის ორიგინალური და განსხვავებული ურჩევნოდა, არა?
ბიჭმა უხმოდ დაუკრა თავი.
„ჰო,  რა თქმა  უნდა.“
გაიფიქრა კაცმა.
„ჩემი შვილიშვილიც ყველასგან განსხვავებული და ზუსტადაც, რომ ორიგინალური იქნებოდა, აბა როგორ? ამიტომაც მოგვტაცეს და გაგვიყიდეს ეს ჯანმრთელი და ლამაზი ბავშვი.“
- მგონი... - განაგრძო ბიჭმა. - ეს ყველაზე იაფფასიანი ნივთია ამ სახლში და ალბათ მართლაც, ძალიან ძვირფასი ადამიანის ნაჩუქარი უნდა ყოფილიყო, რადგან მაკა ასე გულმოდგინედ უფრთხილდებოდა.
- დიახ, ყმაწვილო! თქვენ სრულ სიმართლეს ღაღადებთ! - ომახიანად შესძახა ბაბუამ. - ნივთი, საკმაოდ მჩატეა და მართლაც თაბაშირის იაფფასიან იმიტაციას უფრო უნდა იყოს, ვიდრე რაღაც ძვირად ღირებული რამ. - კაცმა ფიგურა ადგილზე დააბრუნა.
- ვიფიქრე... ვიფიქრე, თუ... მამაჩემის ნაჩუქარი იყო... მაშინ, ასე ვიფიქრე... - წაიჩურჩულა ბიჭმა.
- რადგან ასე იფიქრე და მამასაც არ იცნობდი და არც კი გახსოვდა, ალბათ დიდი ხანია აქვს ეს ნივთი, ხომ?
- ალბათ. - კუსუმ მხრები აიჩეჩა. - არც კი მახსოვს როდის გაჩნდა აქ, ან იყო თუ არა ადრეც. მხოლოდ მაშინ მივაქციე ყურადღება, როცა მაკა გაცოფდა, ხელი რატომ ახლეო. 
- და შენ ძალიან გაგიკვირდა არა, მისი ასეთი რეაქცია?
- რა თქმა უნდა! - კვერი დაუკრა ბიჭმა. - ბურთიც არაერთხელ მითამაშია სახლში და სულ ოდნავ, ზედმეტი გაბრაზების გარეშე მსაყვედურობდა, არაფერი დაანგრიოო.
- ჰმ.
- კი ვცდილობდი, მაგრამ ერთხელ, ერთი დიდი ლარნაკი, მაინც ემსხვერპლა ოთახში ჩემს ერთ-ერთ ბურთაობას.
- და მაკას რეაქცია?
- დიდად არაფერი. - მხრები აიჩეჩა კუსუმ. - სამწუხაროაო, აშკარად ეწყინა, მაგრამ არც იმდენად გაგიჟებულა, როგორც იმ დროს როცა იმ სტატუეტს, უნებურად ადგილი შევუცვალე.
- საინტერესოაა...
- საკმაოდ მშვიდი ხმითაც კი მითხრა, ეს ყელაფერი აქ რასაც ხედავ და რასაც ვერც კი ამჩნევ შენიაო და საკუთარ ნივთებს შენ თუ არ გაუფრთხილდი, ისევ შენ არ გექნებაო და სულ ეს იყო.
- და იქნებ, ისიც რაღაც უბრალო იმიტაცია იყო და არა რაღაც ძვირფასი ანტიკვარი?
- შეიძლება. - მხრები აიჩეჩა ბიჭმა. - თუმცა, როცა იყიდა, როგორც მახსოვს, საკმაოდ დიდი ფული კი გადაიხადა.
- ჰოო? - წარბები აზიდა კაცმა, რადგან შეამჩნია, რომ კუსუ რაღაცის გახსენებას ცდილობდა.
- ერთად წავედით მის მოსატანად. ვიღაც ქალმა, ოჯახიდან გაყიდა და სავარაუდოდ მართლაც ძველი ნივთი იყო. მაკას ძალიან მოეწონა და ძლივს შეუთანხმდა ფასზე. ალბათ, ძალიან ძვირი დაუფასა.
- მართლა? - კვლავ გაიკვირვა კაცმა. - რა საინტერესოა და შეგიძლია, დეტალებში გაიხსენო? თუმცა, არც კი ვიცი, თუ საერთოდ რამეში დაგვჭირდება.
- მე ეზოში დავრჩი, ძალიან ლამაზი ბაღი მახსოვს, სულ უცხო ყვავილებით იყო გაშენებული. უნებურად, სავარაუდოდ ბაღის დათვალიერებას როცა მივყევი, იმ ფანჯარასთან აღმოვჩნდი საიდანაც მაკას და იმ ქალის საუბარი ცოტაში მესმოდა კიდეც.
- ჰოო?
- ის ქალი თავს აქნევდა და არაფრით უკლებდა ფასს.  ნუ, მერე უკვე შეთანხმდნენ. გზაში რომ მოგვქონდა, უკანა სავარძელზე ჩემთან ერთად იდო. მაკა კი წამდაუწუმ უკან იხედებოდა, არ გატყდეს, ყურადღება მიაქციეო და თან ძალიან, ძალიან უხაროდა, ისეთი ბედნიერი იყო.
- ჰმ. რა საინტერესოა. - ღიმილით გააქნია თავი კაცმა. - ასეთი ბედნიერი დარჩა იმ ნივთის შეძენით, და მერე შენ რომ გატეხე, საერთოდ არ ჰქონდა რეაქცია, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ძვირი დაუჯდა და დიდი თანხაც გადაიხადა.
- ისე მართლაც საკვირველია. - კვერი დაუკრა ბიჭმა. - შეიძლება იმ მომენტში, როცა ის ლარნაკი გავტეხე, მაკას უფრო სხვა საზრუნავი და სადარდებელი ჰქონდა და რა დროს ალბათ, რაღაც ნივთი იყო, ხომ შეიძლება?
- რატომაც არა. - მხრები აიჩეჩა კაცმა. - და მაინც საინტერესოა, ან იქნებ, ისიც აჩუქეს და სულაც არ უყიდია?
- ნამდვილად ვნახე, მაკა ფულს როგორ უთვლიდა იმ ქალს!
- უთვლიდა, თუ ითვლიდა? - ირონიულად ჩაეკითხა კაცი.
- თუკი, ყიდულობდა... - ბიჭმა მხრები აიჩეჩა. - თუმცა, მხოლოდ ის ვნახე, თუ როგორ ითვლიდა  მაკა ფულს... საკმაოდ დიდი დასტა ეჭირა ხელში და დათვლისას, დიდ ტკიცინა კუპიურებს სათითაოდ ერთმანეთზე აწყობდა. ამიტომაც ვამბობ, რომ საკმაოდ ძვირი დაუჯდა მისი შეძენა.
- შეიძლება, მართლაც იყიდა, რატომაც არა? - ღიმილით მიუგო კაცმა. გულში კი გაიფიქრა, უთუოდ რაღაც გარიგება უნდა ყოფილიყო და სავსებით შესაძლებელი იყო, რომ მაკას აქეთ უხდიდდნენ ფულს და ის ლარნაკიც იმ ფულის დანამატი „პრემია“ იქნებოდა.
ბიჭმა უხმოდ დაუქნია თავი.
- მეც რაღაც უცნაურად ჩაგეკითხე. - თითქოს, მართლაც არც აინტერესებდა ისეთი ხმით მიუგო კაცმა. - და გახსოვს ის მისამართი? ვისგანაც იყიდეთ? თუმცა, არც კი ვიცი, ეს რაში გვჭირდება და გამოგვადგება.
- მგონი, მეშვიდე კლასში ვიყავი. - კვლავ მხრები აიჩეჩა ბიჭმა. - ქალაქისგან მოშორებით, სააგარაკო სახლი უფრო იყო, თუმცა უფრო დიდი ვიდრე აგარაკის. ძალიან ლამაზი, დიდი და ყველას სჯობდა იმ დასახლებაში. თუმცა, საკმაოდ კარგი სახლები კი იდგა იმ მხარეს. სავარაუდოდ მდიდარი უბანი იქნებოდა, მაგრამ ნამდვილად არ მახსოვს, ქალიდან რომელ მხარეს გავედით.
- ჰომ, აბა საიდან გემახსოვრება, თუ მხოლოდ ერთხელ იყავი და მერე აღარც გინახავს ის ხალხი.
- მინახავს! - წამოიძახა ბიჭმა. - მე ვიცანი! დარწმუნებული ვიყავი, რომ ის ქალი იყო. იმ ქალმა ვერც კი მიცნო.
- იქნებ, გიცნო კიდევაც და არ შეიმჩნია? - ღიმილით ჩაეკითხა ბაბუ. ახლა უფრი მეტად დარწმუნდა, რომ ბიჭი, რომელიღაც გარიგების მომსწრე იყო და ის ლარნაკიც, უბრალოდ მხოლოდ თვალის ასახვევად იყო ნაყიდი ან თუნდაც, ფულზე დამატებით ნაჩუქარი.
- რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა ბიჭმა. - გამარჯობაც ვუთხარი, ახლოსაც მივედი და ისე გაკვირვებული ამათვალიერ-ჩამათვალიერა და ძლივს, ოდნავ თავის დაკვრით მიპასუხა.
- ჰოო, სავარაუდოდ, ალბათ მართლაც ვერ გიცნო.
- იმის მერე, კიდევ ორჯერ ვნახე დედას სამსახურთან, მხოლოდ გამარჯობაც კი არ მითქვამს მისთვის, თუმცა მაინც  გვერდით ჩავუარე, მაგრამ ზედაც არ შემომხედა. მაშინაც მივხვდი, რომ ვერც მაშინ მიცნო.
- იქნებ, მაკას თანამშრომელი იყო?
- არა, არა! - თავი გააქნია კუსუმ. - აშკარად უცხო იყო,  რადგან ყველას ვიცნობდი! სახეზე მაინც ყველა ვიცოდი! თანაც, მთავარ შესასვლელთან კი არ იდგა, სადაც მნახველები და პაციენტები შედიოდნენ, არამედ უკანა გასასვლელის იმ მხარეს, საიდანაც მხოლოდ თანამშრომლებისთვის იყო შესასვლელი. ის ქალიც იქ შევამჩნიე და ისიც კარგად შევნიშნე, თუ როგორ ემოციური, თუ ნერვიული სახით გადი-გამოდიოდა. დარაჯიც რაღაცას ეუბნებოდა. მგონი, დაიცადეთო... მაშინვე მივხვდი, რომ შიგნით არ უშვებდნენ, რადგან არ იყო თანამშრომელი.
- როგორი დაკვირვება გცოდნია. - ღიმილით შეაქო ბაბუ.
- მერე ვუთხარი კიდეც დედას, მაგრამ არაო... ნამდვილად შეგეშლებოდაო და მე კი, რატომღაც მაინც დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს, ის ქალი იყო, იქ აგარაკზე, თუ ვიღაცის კერძო სახლში რომ ვნახე.
- ისე, მართლაც საინტერესოა, ასე როგორ დაგამახსოვრდა?
- რა ვიცი... - მხრები აიჩეჩა ბიჭმა. - ეს ქალი, დიდი და ლამაზი სახლიდან მახსოვდა და უკვე მოგვიანებით როცა ვნახე, ძალიან უბრალოდ... - ბიჭი ცოტა შეყოვნდა. - ისეთი მდიდრული სახლის მაცხოვრებელს ნამდვილად აღარ ჰგავდა და მაშინვე ვიფიქრე, საწყალი, როგორ გაღარიბებულა... ჯერ ალბათ, ანტიკვარები გაყიდა და მერე,  ალბათ ის, ლამაზ ბაღიანი სახლიც... უცხო ყვავილებით...
- იქნებ, სულაც იმ სახლის მფლობელი კი არა, მოსამსახურე იყო?
- რატომაც, არა, შეიძლება. - ცალყბად გაეღიმა კუსუ. - ან საიდან გამახსენდა ნეტა ახლა? თანაც, ასე დეტალებში?
- სიტყვას, სიტყვა მოჰყვა და იცის ხოლმე ასე. - დაამშვიდა კაცმა. - საიდან სად წაგიყვანს, ფიქრები და მოგონებები, მართლაც არავინ იცის.
- ჰოო... მასეა...
- აი ხედავ? მაკა იმხელა ლარნაკის გატეხვამ არ დაამწუხრა ისე, ვიდრე ამ პატარა თაბაშირის იმიტაციამ და იქნებ, მართლაც მისთვის ძვირფასი ადამიანის ნაჩუქარია?
- ჰო! საჩუქარი, რომელსაც სამალავიც აქვს! - თითქოს ნიშნის მოგებითაც მიახალა ბიჭმა.
კაცმა წარბები აზიდა. კუსუ მაგიდას მიუახლოვდა, ფიგურა ხელში აიღო და ძალიან ფრთხილად მოხსნა სადგამი. ფიგურის შიგნით ღრუში, აშკარად რაღაც იდო. ბიჭმა უხმოდ გაუწოდა. თითქოს ნება დართო, შენ ამოიღეო. კაცმა ჩამოართვა, და ღრუდან ჩამალული მეხსიერების ბარათი ამოაძვრინა.
- ძველი ლეპტოპი დატოვებული უნდა მქონდეს ჩემს ოთახში. - მაშინვე დაფაცურდა კუსუ, თუმცა კაცმა შეაჩერა:
- არა. არ გინდა. - დინჯი ხმით უთხრა ბიჭს. - იქნებ, აქ ისეთი სამხილები შეიძლება იყოს, რომელიც აუცილებლად დეტექტივის თანდასწრებითა და მისი უშუალო მონაწილეობით უნდა გაიხსნას, თორემ მერე აღარ გამოდგება.
- რატომ? - გაოცდა ბიჭი.
- იმიტომ რომ ნებისმიერი, თუნდაც უტყუარი სამხილი, რომელიც უკანონო გზით არის მოპოვებული, ძალას კარგავს და სასამართლო მას ოფიციალურად ბლოკავს, არც კი განიხილავს.
- და უკანონოდ, რატომ? ეს ხომ ჯერ კიდევ ჩემი სახლია?
- პრინციპში, შენც მართალი ხარ. - გაუღიმა კაცმა. თუმცა, სასწრაფოდ ისევ რაღაც უნდა მოეფიქრებინა, რომ ბავშვს არ ენახა, თუ რა შეიძლებოდა იქ ყოფილიყო.
- ჰოდა, უნდა გავხსნათ!
- არავითარ შემთხვევაში! - მკაცრად შეუტია ბაბუმ. - ჯერ ერთი ის, რომ არანაირად არ მინდა, ასეთი ან მსგავსი ინფორმაცია, შენგან იყოს მიწოდებულია და რომ იცოდე, არც მაკას გაუხარდება, როცა გაიგებს და რადგან დამალა, ესე იგი, ასე იყო საჭირო!
- და თუ არაფერში გამოიყენებს, აბა რა საჭირო იყო მაშინ ამის ასე დამალვა?
- ჩვენ ხომ არც კი ვიცი, თუ მანდ რა ინფორმაცია დევს და თუკი ეს მართლაც სამხილია, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოდგება თუ მაკა, პირადად გადასცემს გამოძიებას, ან...
- ან?.. - ვეღარ მოითმინა ბიჭმა.
- ან ოფიციალური ჩხრეკის შედეგად, მოწმეების თანდასწრებით ამოღებული ნივთმტკიცება უნდა იყოს.
- სამწუხაროა, რომ აღარ გამოგვადგება. - იწყინა ბიჭმა. - იქნებ, მართლაც რა არის იქ...
- ნუ დარდობ. - დაუყვავა კაცმა. - ჩვენ ხომ მართლაც არ ვიცით, მანდ რა ინახება. იქნებ, სულაც შენი ბავშვობის ფოტოებია.
- მანდ რომ არ დაემალა, ფოტოების მეტი რა მაქვს... - კუსუს ცალყბად გაეღიმა. - და ახლა, რა ვქნათ? დავაბრუნოთ უკან, თუ იქნებ ჩვენ მაინც გვენახა?
- ახლა ნამდვილად უკან დავაბრუნოთ და ჩვენი აღმოჩენის ამბავი, დეტექტივს უნდა ვაცნობოთ.
- კარგი. - აშკარად არ ესიამოვნა კუსუს და უხალისოდ დააბრუნა ნივთი თავის სამალავში. ისიც კი გაივლო გულში, ნეტავ რა მათქმევინა და მე თვითონ მენახაო.
- ჩვენი დეტექტივი კი ისე მოიქცევა, რომ არ გაამხელს თუ ვინ და რა ვითარებაში მიანიშნა სამალავის არსებობა და ვითომდა, ჩხრეკის დროს თავად ამოიღო.
- კარგი. - კვლავ დაეთანხმა ბიჭი.
- მხოლოდ ჩხრეკის ჩატარება მაინც მოუწევს და მარტოც არ უნდა იყოს, აუცილებლად თან უნდა ახლდეს თანამშრომლები და ასევე მინიმუმ ორი მეზობელი მაინც უნდა ესწრებოდეს, როგორც მოწმეები.
- აუჰ. - შეწუხდა ბიჭი. - სულაც არ მინდა, რომელიმე მეზობელი შეესწროს ჩემი ბინის ჩხრეკას.
- მართალი ხარ, არც მე ვისურვებდი, თუმცა არის კიდევ ერთი გამოსავალი.
- რა?
- თვითონ მაკამ უნდა აღიაროს, თუ სად ინახავს კომპრომატებს და ამის მერე ჩვეულებრივ, ზედმეტი მოწმეების გარეშეც შეიძლება ამ სამხილის ამოღება.
- ეგ ძალიან კარგია! - გაუხარდა ბიჭს. - და იქნებ, დროზე ადრეც შეიძლება გაათავისუფლონ!
- შეიძლება, რატომაც არა! - უფრო ბიჭის გასახარად დაეთანხმა კაცი. - მაგრამ მაკა ცოცხალი თავით არ იზამს მაგას, რადგან დღემდე კატეგორიულ უარზეა, არავის ასახელებს.
- მე ვთხოვ! - მტკიცედ განაცხადა ბიჭმა. - შევალ ციხეში და მე ვთხოვ! ვაიძულებ რომ აღიაროს, სად აქვს მთავარი სამალავი!
- მშვენიერი აზრია, თუმცა... - კაცი ჩაფიქრდა. - იქ ისეთი სიტუაციაა, რომ ასი თვალი გიყურებს და ასი ყური გისმენს და თუნდაც, ამის გამო, მაკა ზედმეტადაც ფრთხილობს და ეჭვი მეპარება, რომ საერთოდ ხმა ამოიღოს ამის შესახებ.
- ცუდია... - დაღონდა ბიჭი.
- იქნებ, ისევ ჩვენ, რამე მოვიფიქროთ?
- რა უნდა მოვიფიქრო? არც კი ვიცი? - მხრები აიჩეჩა ბიჭმა. - იქნებ, დათიმ უფრო ნახოს გამოსავალი?
- არა! - თავი გააქნია კაცმა. - ჩვენ ვიპოვნეთ და ჩვენვე უნდა ვნახოთ გამოსავალი! - და მერე უფრო დაბალი  ხმით დასძინა. - დაიმახსოვრე ბავშვო, ყოველთვის პირველ რიგში,  ჯერ შენი თავის იმედი უნდა გქონდეს და მერე, სხვისი. ჯერ შენი პირადი რესურსები უნდა ამოწურო, გამოსავლის პოვნაში და მერე დაიხმარო სხვები!
ბიჭმა უხმოდ დაუქნია თავი.
- ამიტომ. - განაგრძო კაცმა. - რადგან მართლაც, ჩვენი ნაპოვნია, გამოსავალიც ჩვენვე უნდა მივაგნოთ.
- მაშინ, ვიტყვი, რომ ჩემს ნივთებს, როცა ვალაგებდი, ჩემთვის უცხო ბარათი ვნახე და როცა დავაპირე მისი გახსნა, აღმოჩნდა რომ საკმაოდ კარგად დაშიფრული პაროლი იყო საჭირო, ამიტომაც დეტექტივს მივმართე და...
- ჰა! ჰა! - კაცს გულიანად გაეცინა. - ყოჩაღ! ძალიან გამჭრიახი ბიჭი ხარ! საკმაოდ სწრაფად და სხარტად აზროვნებ! ჰმ, გეტყობა ჩვენი სისხლი!
პასუხად ბიჭმა ღიმილით გააქნია თავი. გული სიამაყით აევსო და მშვენივრად შეიფერა შექება.
- აი ხედავ? შენი ამ შესანიშნავი იდეით. - ღიმილით განაგრძო კაცმა. - თავიდან ავიცილეთ ზედმეტი ჩხრეკა და ჭორიკანა მეზობლების ცხვირის ჩაყოფა და ასევე მაკაზე ზეწოლაც აღარ დაგვჭირდება და მართლაც გამოსადეგი ინფორმაციაა, კანონიერადაც ჩაითვლება მისი გამოჩენა.
- და... დათის არ ეწყინება, როცა მაინც გაიგებს, თუ საიდან... საიდან...
- არ ეწყინება, რადგან ჩვენ, მხოლოდ მას ვეტყვით სიმართლეს. - დაუყვავა კაცმა. - აუცილებლად საიდუმლოდ უნდა შეინახოს, არც გაამხილოს და მხოლოდ ჩვენ გვეცოდებინება. სულაც არ არის ზედმეტი ხალხის ჩარევა საჭირო.
ბიჭმა თავი დაუქნია, აშკარად გულზე მოეშვა. დეტექტივთან ძალიან დამეგობრდა და არ უნდოდა მათ შორის, თუნდაც სულ უმნიშვნელო ტყუილი ყოფილიყო. მისთვის ახლა ერთადერთი საუკეთესო მეგობარი დათი იყო და მერე რა რომ მასზე ბევრად უფროსი იყო.
- არ მოგშივდა? - მოულოდნელად ჰკითხა კაცმა.
ბიჭმა ღიმილით დაუქნია თავი.
- მაშინ წავიდეთ, გემრიელი სადილი გველოდება.
კუსუ უხერხულად აიწურა. ცხადი იყო, გემრიელი სადილი ლარას სახლში ელოდებოდა და თანაც, არა მარტო სადილზე იყო აქ საუბარი. ყოველი ოჯახის წევრი მის გამოჩენას ელოდა.
- წამოდი, წამოდი! - შეაგულიანა ბაბუამ. - ისიც შენი სახლია და ესეც! მხოლოდ აქ ახლა, არაფერია საჭმელი და შიმშილობას ნამდვილად არ ვაპირებ, თან გზაში დათის დავურეკოთ, ჩვენს ოჯახურ სადილზე დავპატიჟოთ და უჩუმრად გადავცეთ კიდეც ეს ჩვენი დღევანდელი მონაპოვარი. 
კაცმა მეხსიერების ბარათი, სამალავიდან ისევ ამოაძვრინა და სანამ კუსუ იტყოდა, რომ ჯერ მე მექნებაო, უკვე ჯიბეში უკრა თავი.
- ისე, მეც მინდოდა მენახა, თუ რა არის მანდ. - ცოტა არ იყოს უკმაყოფილო სახით უთხრა ბიჭმა.
- შენ წარმოიდგინე, რომ მეც ძალიან მაინტერესებს, მაგრამ წეღან ხომ აგიხსენი? თუ მართლაც სერიოზული სამხილია, უბრალოდ ძალა დაეკარგება და ძალიან საწყენი იქნება, თუ ვეღარ გამოდგება, ამიტომაც სჯობს, ჯერ ოფიციალურმა პირებმა ნახონ და იქნებ, მართლაც ისეთი რამ არის, რაც საქმეს წაადგება.
ბიჭმა უხმოდ დაუქნია თავი
- ჩვენ კი ცოტათი უნდა მოვითმინოთ. - განაგრძო კაცმა. - და ჩვენი პირადი ინტერესები გვერდით გადავდოთ და ამით, რომ იცოდე, უფრო მეტს მოვიგებთ!
ამ მიზეზით ლარას მამამ ბიჭს თავიდან ააცილა იმ ზედმეტი არასასურველი ინფორმაციის მიღება, რაც შეიძლებოდა იმ ფაილებში ყოფილიყო ჩამალული.
- ჯერ გაერკვეს ბატონი დეტექტივი და მერე ჩვენც აუცილებლად გვეცოდინება. - განაგრძო კაცმა. - და ისე, როგორც გავიგე, შენ სასამართლოზე დასწრებაც გსურს, არა?
- კი მინდა! ძალიან მაინტერესებს.
- და დარწმუნებული ხარ? - კაცმა თვალებში ჩახედა ბიჭს. - იქ შეძლება, ისეთი რამ მოისმინო, რომ...
- მინდა ყველაფერი ვიცოდე! - მტკიცედ მიუგო ბიჭმა. - ყველა სიმართლე!
- ეგ კარგია, რომ ყველაფერში გინდა გაერკვე და ბოლოს და ბოლოს, როდემდე უნდა იცხოვრო ტყუილში, მაგრამ მაკა სასტიკი წინააღმდეგია, რომ შენ სასამართლო პროცესებს დაესწრო.
- და რატომ? - მხრები აიჩეჩა ბიჭმა. - ჩვენ ხომ არაფერს ვერჩით მაკას?.. მე... მე პირადად... თქვენც ხომ აპატიეთ?.. და...
კუსუს ბურთი ყელში მოებჯინა. საუბრის გაგრძელება ვეღარ შესძლო. ძალიან კარგადაც ესმოდა, თუ რას ნიშნავდა ბავშვის მოპარვა და გაყიდვა, თუმცა ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებდა იმას, თუ მაკა რამდენად და რა დოზით იყო დამნაშავე მის ბიოლოგიური ოჯახიდან მოწყვეტაზე. დარწმუნებული იყო, რომ მაკამ არც კი იცოდა სინამდვილე და მხოლოდ მიტოვებული ბავშვი იშვილა.
- არც კი ვიცი, რა გითხრა? - მხრები აიჩეჩა კაცმა. - რატომ უნდა ვერჩოდეთ იმ ადამიანს, ვინც ასე სითბოსა და სიყვარულში გაგზარდა? ჩვენ მხოლოდ იმის გაგება გვინდა, თუ სინამდვილეში, ვინ და რატომ ჩაიდინა ეს სისასტიკე. მხოლოდ სამართლიანობის აღდგენა გვინდა და იმ ხალხის დასჯას მოვითხოვთ ვინც ასე უმოწყალოდ მოექცა ბიოლოგიურ მშობლებს.
ბიჭმა თავი დაუქნია და სახეზე შეეტყო, რომ აშკარად გულზე მოეშვა. ჯერ კიდევ სჯეროდა იმისა, რომ მაკა დამნაშავე არ იყო, არაფერ მსგავს მაქინაციებში არ იყო გარეული და მხოლოდ ოდნავ კანონის ავლით იშვილა ბავშვი და მხოლოდ იმისთვის იყო დაკავებული, რომ არ ასახელებდა იმ ჯალათებს.
- ისე, შეიძლება ზოგიერთი პროცესი, დახურულადაც კი წარიმართოს. იქ ნამდვილად ვერავინ დაგასწრებს.
- და რატომ არის მაკა წინააღმდეგი, რომ მეც დავესწრო პროცესს? სასამართლოზე ხომ უფრო კარგად გაირკვევა სიმართლე? - წარბები აზიდა ბიჭმა. - და ნამდვილი დამნაშავეები სამართლიანად დაისჯებიან!
- ვერ გეტყვი ზუსტად, თუ რა აქვს მაკას ჩაფიქრებული, მაგრამ სასურველია, რომ თავად აგიხსნას. - მიუგო კაცმა. - მე კი, შევეცდები, რომ თუ ჯერ კიდევ შესაძლებელია მისი ნახვა, მოგიხერხო მაკასთან შეხვედრა და თქვენვე მოილაპარაკეთ. ალბათ, ასე სჯობს, არა?
კუსუ უყოყმანოდ დაეთანხმა, თუმცა მერე ჩაფიქრებული ხმით მიუგო:
- და რატომ არ უნდა იყოს კვლავ შესაძლებელი მაკას ნახვა?
- უკვე სასამართლოს წინ, ხშირად ერიდებიან ხოლმე მნახველების შეშვებას. - აუხსნა კაცმა. - ნუუ, ეს არ ეხება ოფიციალურ და უშუალოდ სასამართლოზე მონაწილე პირებს, თუმცა მონაწილე პირებიდანაც, გარკვეული შეზღუდვებიც არის.
- და რატომ?
- ჰმ. ძალიან ბევრ შეკითხვებს იძლევი და მე ნამდვილად მესმის შენი. - ღიმილით უპასუხა კაცმა. - საკმაოდ რთული და მძიმე პროცესის მოლოდინში, არ არის რეკომენდირებული არც მნახველების შეშვება და არც რამის შეგზავნა, ასევე გარკვეული შეზღუდვაც იქნება დაწესებული თავად სასამართლოს მომსახურე პირებზეც.
- ჰოო... ეს ძალიან ცუდია. - ამოიხვნეშა ბიჭმა.
- ცუდი? - მხრები აიჩეჩა კაცმა. -  არც იმდენად ცუდია, რადგან ამით დაკავებულ პიროვნებას იცავენ, რადგან შეიძლება დაემუქრონ და შეცვალოს ჩვენება, შეიძლება სულაც საწამლავი შეუგზავნონ და ამით...
- ვაიმე, მართლა რა საშინელება იქნება!
- ჰოდა, ამიტომაც ასე დაცული უნდა იყოს. დამიჯერე, ასე სჯობს.
- კარგი. - თავი დაუქნია ბიჭმა. - თუ მართლაც არ  შემიშვებენ მაკას სანახავად, არაუშავს.
- მე შევეცდები, თუ მართლაც იქნება შესაძლებელი, მაგრამ ახლა მართლა წავიდეთ, თორემ სასტიკად მშია უკვე.
კაცი კარში გავიდა და ბიჭიც უხმოდ მიჰყვა თან. ერთი სული ჰქონდა მაკას როდის შეხვდებოდა, მაგრამ ახლა მასაც და მის წინ მიმავალ კაცსაც შიმშილისგან ლამის კუჭი უხმებოდათ და მხოლოდ იმას ფიქრობდნენ, რომ დროულად გაეღწიათ იქიდან.
როგორც კი დეტექტივს ფლეშ ბარათი გადასცეს, სანამ კუსუ ხმას ამოიღებდა, რომ მეც მაინტერესებსო, ლარას მამამ დაასწრო:
- ვიცი, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მისი ნახვა, გარეშე პირებისთვის არ შეიძლება, ამიტომ მოვითმენთ და როცა იქნება ამის საშუალება, ჩვენ ორნი მაინც ჩაგვაჭყიტე. ბოლოს და ბოლოს, ვიმსახურებთ!
- რა თქმა უნდა! რა თქმა უნდა! - კვერი დაუკრა დეტექტივმა. თუმცა, თავიდანვე უნდოდა მათთვისაც ეჩვენებინა, მაგრამ მშვენივრად მიუხვდა ამ კაცის ჩანაფიქრს, რომ სულაც არ უნდოდა ბიჭსაც შეეხედა, თუ ასეთი რა იმალებოდა, მის მიერ მონაპოვარ ბარათზე.
- ნეტა მართლა, რა არის? - ჩაფიქრებული ხმით ამოთქვა კუსუმ.
- ისე, ძალიან სასაცილო კი იქნება, სულ უბრალო რამ რომ იყოს. - ღიმილით აღნიშნა ლარას მამამ. - შეიძლება სულაც სულ პრიმიტიული, ბინის ყიდვა-გაყიდვის საბუთებიც კი იყოს, ან თუნდაც მართლაც კუსუს ბავშვობის ფოტოები.
- ვნახოთ, ვნახოთ. - ეცინებოდა დეტექტივსაც და ერთ სული ჰქონდა, რომ იქაურობას დროულად გასცლოდა და ენახა, მართლაც თუ რა იყო ასეთი ბარათზე.
- ისე, თუკი, იქნებ მართლაც სერიოზული კომპრომატებია, ხომ შეიძლება რომ უცებ ან დაკარგო, ან სპეციალურად აგაცალონ, ისე რომ ვერც გაიგო, ან დააზიანონ და ხომ არ სჯობს, რომ  უსაფრთხოების მიზნით ჯერ მისი ასლები გადაგეღო? - ჩაურთო კუსუმ.
- ნამდვილად სჯობს! - შეაქო ბაბუამ. - როგორ სხარტად და ჭკვიანურად აზროვნებს ეს ბიჭი, მოკლედ საოცარია პირდაპირ. ამასაც ხომ მოფიქრება და გააზრება უნდა! ყოჩაღ, ყმაწვილო!
კუსუ უხერხულად აიწურა, თუმცა ძალიან ესიამოვნა შექება. დეტექტივმაც მოუწონა, მშვენიერი იდეააო, მაგრამ წამით ლარას მამის რაღაცნაირად მოელვარე თვალებს წააწყდა და მაშინვე მიხვდა, რომ ბარათის ასლი უკვე გადაღებული იყო და  საიმედო ადგილასაც ინახებოდა.
 
***
მაკა ჯერ საკმაოდ გაოგნებული დარჩა, როცა მეხსიერების ბარათის აღმოჩენის ამბავი გაიგო, ხოლო როცა გაიაზრა რომ მისი გამოყენება სურდათ, ლამის ჭკუიდან შეიშალა და კატეგორიულ უარზე დადგა. ჯერ კიდევ აზრზე ვერ მოდიოდა, თუ როგორ და რანაირად უნდა უპოვნეს.
- ჩვეულებრივი პროცედურა იყო. - უხსნიდა ადვოკატი. - რადგან ფაქტიურად თქვენს წინააღმდეგ სამხილები, თითქმის არც არსებობდა, გამოძიებაც ბევრ სხვა მონაწილესაც ვარაუდობდა, ამიტომაც რამდენჯერმე იქნა, თქვენი ბინა გაჩხრეკილი.
- ჰმ. - ცალყბად ჩაეცინა მაკას. - წარმომიდგენია, რა დღეში ჩააგდებდნენ ჩემს სახლს.
- თქვენ წარმოიდგინეთ, რომ სულაც არა.
პასუხად მაკამ გაკვირვებისგან წარბები აზიდა.
- ის თქვენი ნაცნობი დეტექტივი ჩაერია და მისი თაოსნობით, ბინის საგულდაგულო დათვალიერება სუფთად და ზედმეტი არევ-დარევის გარეშე ხდებოდა.
- ჩემი ნაცნობი? -  კვლავ გაიკვირვა მაკამ.
- არ ვიცი, საიდან და რა კავშირი და რა ინტერესები გაქვთ ერთმანეთში, მაგრამ თქვენი შვილი მას ძალიან ენდობა და აქ შემოშვებისას სულ თან ახლავს.
- აჰა.
- ეს ალბათ იმ ოჯახისგან მოდის, სადაც ბავშვი ამჟამად ცხოვრობს.
- ჰო... ჰო.. ალბათ...
- ჰოდა, ერთ-ერთი ასეთი ჩხრეკისას კი, ის ფლეშ ბარათიც ამოიღეს.
მაკამ მძიმედ ამოიხვნეშა და მაშინვე გულში გაივლო, კიდევ კარგი კუსუმ არ ნახაო.
- სასწრაფოდ მინდა იმ დეტექტივთან შეხვედრა!
- ნუუ... მაგრამ... - ადვოკატი შეყოვნდა. - შეიძლება უარი მივიღოთ, რადგან ის პიროვნება გამოძიებაში მონაწილეობას იღებდა და ასეა თუ ისეა, მაინც საწინააღმდეგო ინტერესების მხარეს წარმოადგენს. 
- როგორ არ გესმით! - შეუტია მაკამ. - არ შეიძლება იმ ბარათის ასე საქვეყნოდ გამოყენება!
- ჰო... მაგრამ...
- ბავშვს რაღაცას დამართებენ! - მაკას ხმაში ისტერიკამ გაჟონა. - არ მაპატიებენ და ჩემი შვილზე იყრიან ჯავრს!
- და რა გავაკეთო? - მხრები აიჩეჩა ადვოკატმა. - სამხილების გაქრობის უფლება ნამდვილად არ მაქვს, თუმცა...
- თუმცა? - ვეღარ ითმენდა მაკა.
- რაღაც გარკვეული ინფორმაციის დაფარვა, ან საჯაროდ არ გახმაურება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი ეს ინფორმაცია ვინმეს სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის და მით უმეტეს, ბავშვს.
- ჰოდა, მიხედე! - ბრძანების კილოთი მიმართა მაკამ. - რამე ქენი, ისეთი რომ ჩემს შვილს, არაფერი დაუშავდეს. ტყუილად გიხდიან ამდენ ფულს?! - ხმას აუწია მაკამ.
ადვოკატი უსიამოვნოდ აიწურა. მაკა მართალი იყო, საკმაოდ ძვირად ღირებული და კარგად გაქექილი ვექილი კი დაუქირავეს და ძალიან დიდ თანხასაც უხდიდნენ იმისთვის, რომ მაკას არაფერი დაეფქვა და ზედმეტი არ წამოეროშა. სამაგიეროდ კი, კუსუს უსაფრთხოებას შეჰპირდნენ და ახლა კი, მართლაც რა გამოდიოდა? იმას არავინ დაუწყებდა დევნას, რომ ეს პირადად მაკამ ამხილა და არა მართლაც, ამოღებული სამხილებიდან იყო გაშიფრული. ამ შემთხვევაში, მაინც მაკა გამოდიოდა დამნაშავე, რატომ ინახავდა კომპრომატებს? სწორედაც რომ ამ კომპრომატების გადამალვით ეჭირა მაკას კოზირი და ციხეში დედოფალივით იჯდა. არაფერი აკლდა და მშვენივრად კომფორტულად ატარებდა დროს და საკანში კი არა, თითქოს სანატორიუმის ოთახში ცხოვრობდა.
ადვოკატი დახმარებას შეჰპირდა და გასვლისთანავე დეტექტივთან შეხვედრა დანიშნა.
- ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, კატეგორიულად მოვითხოვ, რომ მეც უნდა დავესწრო იმ ადვოკატთან შეხვედრას! - ისეთი მკაცრი ტონით განაცხადა ლარას მამამ, რომ დეტექტივმა უარი ვეღარ უთხრა და ადვოკატი სახლში დაიბარეს, თუმცა თავიდან ძალიან იყო წინააღმდეგი, რომ დეტექტივის გარდა, კიდევ ვინმე დასწრებოდა მათ საუბარს.
ყველაფერი ლარას მამის კაბინეტში წყდებოდა. ადვოკატმა მაკას დანაბარები გადასცა და უფრო დაწვრილებით აუხსნა, თუ რატომ არ სურდა მაკას ხმის ამოღება და კონკრეტულად ვის უფრო უქმნიდა საფრთხეს.
- სწორედაც, რომ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, აცხადებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი უარს, იმ კომპრომატების გამოქვეყნებაზე. - ახსნას ცდილობდა ადვოკატი. - ყველაფრის საჯაროდ გამოტანა, არანაირად არ შეიძლება.
- თუ მართლა ყველაფრის არა, მაშინ რაღაც გარკვეული გვარების დასახელება ხომ მაინც არის შესაძლებელი? -  შეეკითხა დეტექტივი.
- იმ გარკვეულ გვარების მიღმაც კი, უფრო სერიოზული ხალხია ჩართული ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ და ბავშვის უსაფრთხოების მიზნით, ეს ქალი ხმას არ იღებს და რა განაჩენსაც გამოუტანენ, თავის გასამართლებლად, ვერც ვერაფერს დაამატებს.
- რაც შეეხება გამართლებას. - მიუგო დეტექტივმა. - იმ ქალის ქმედებებს, გამართლება მართლაც რომ ნამდვილად არ აქვს! აქ ხალხი, მსგავსი ჩადენილი დანაშაულის ჩამდენი პირების დასჯას მოითხოვს და სამართლიანადაც!
- ჰომ, მაგრამ ბავშვი? - ჩაეკითხა ადვოკატი. - ნუთუ ის უდანაშაულო ბიჭი, იმიტომ არ იმსახურებს დაცვას და უსაფრთხო ცხოვრებას, რადგანაც დამნაშავის შვილია?
- მერწმუნეთ, ბავშვი აქ სრულიად უსაფრთხოდ გრძნობს თავს. - მიუგო დეტექტივმა.
- დიახ, ეს ახლა, ამ წუთას, მაგრამ მერე? - უსიამოვნოდ ჩაეკითხა ადვოკატი. - დღეს ქალბატონი მაკაც, სრულიად მშვიდად გრძნობს თავს, რადგან იცის, რომ მისი შვილი, საიმედო ოჯახშია, მაგრამ ხვალ? მაკას ყველა კომპრომატი რომ გამომზეურდება, მაშინ რა იქნება? რამდენად შესძლებთ იმ ბავშვის დაცვას?
- მაკამ უარი უნდა თქვას ბიჭზე! - მკაცრი ხმით ჩაურთო ლარას მამამ. - ოფიციალურად უნდა განაცხადოს, რომ კუსუ, არ არის მისი შვილი!
 - ბატონო?! - წარბები აზიდა ადვოკატმა.
- დიახ, დიახ! - განაგრძო ლარას მამამ. - კუსუ, ისევე როგორც, სხვა ათასობით ბავშვი, მოპარული და გაყიდული ბავშვია და მას, მისი ბიოლოგიური ოჯახი, წლების მანძილზე ეძებდა.
- ნუ... ნუ...  კი მაგრამ, როგორ?.. - ენა დაება ადვოკატს.
- როგორ და რანაირად, ან რა ვითარებაში მოხდა ასე, ეს თავად მაკამ უნდა აღიაროს! - კვლავ მკაცრი ტონით მიუგო ლარას მამამ. - მაგრამ პირველ რიგში, ჯერ უარი უნდა განაცხადოს მის დედობაზე და აუცილებლად, თავისი ნებით!
- თუმცა, თავადაც რომ არ განაცხადოს. - ჩაურთო დეტექტივმა. - კუსუს ბიოლოგიური ოჯახი, ისედაც მოთხოვს შვილის დაბრუნებას. რა თქმა უნდა, ოფიციალური სახით.
- ჰომ, მაგრამ ქალბატონი მაკა თუ უარს იტყვის დედობაზე, მაშინ სად უნდა წავიდეს ბიჭი? ქუჩაში ხომ არ დარჩება? და თუკი ბავშვი, მართლაც მოპარული და როგორც თქვენ აღნიშნეთ, გაყიდულია, მაშინ სად არის მისი ბიოლოგიური ოჯახი?
- აქ! - მტკიცე ხმით მიუგო ლარას მამამ. - ეს არის მისი ბიოლოგიური ოჯახი! და კატეგორიულად მოვითხოვ სრულ სიმართლეს! როგორ და რა ვითარებაში გახდა მაკა, ჩემი შვილიშვილის დედა!
ადვოკატი გაოგნებული იყო. ხან დაცვარულ შუბლს იწმენდდა და ხან იმავე ცხვირსახოცით, ზედმეტი ხვნეშისგან დაორთქლილ სათვალეს წმენდდა. უამრავი ჩახლართული საქმე მოუკვარახჭინებია, მაგრამ ასეთი რთული და ასეთი მძიმე არასდროს ჰქონია. საშინელ დღეში იყო ჩავარდნილი, სიმწრის ოფლი ასხამდა. თავიდან მშვენივრად იცოდა, თუ რა საქმეს ჰკიდებდა ხელს, საკმაოდ მაღალანაზღაურებადი ადვოკატი. იმასაც კარგად უწყოდა, თუ რა ხალხს ჰქონდა ხელი გასვრილი და ცდილობდა როგორმე შეემსუბუქებინა სწორედ იმ ხალხის სასჯელი, ვინც უკვე აყვანილი ჰყავდათ. ამ ახალმა ამბავმა კი მაკას საქმე, თავდაყირა დააყენა. იმას ნამდვილად არ ჰქონდა მნიშვნელობა, მის მთავარ კლიენტს, შვილი აყვანილი ჰყავდა თუ არა, აქ მთავარი იყო, სწორედ იმ მიზეზმა იჩინა თავი, რის გულისთვისაც მაკას სასჯელის დიდი ხნის ვადით მოუწევდა მოხდა. ისევ ბავშვის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მაკას უნდა ეღიარებინა სიმართლე და ამის მერე, უკვე თავისუფლად შეძლებდა მისი, თანამზრახველების დასახელებას. როგორ და რა სქემით მუშაობდნენ, სად და რა პირობებში ხდებოდა ჩვილებით ვაჭრობა და კიდევ უამრავი რამ გამომზეურდებოდა, რასაც მაკა არც ადასტურებდა და არც არავის ზედმეტად ასახელებდა. კვლავ იმას გაიძახოდა, ბიოლოგიური მშობლები თავად ჰყიდდნენ, ან სულაც ისე ტოვებდნენ შვილებსო. მაკა მხოლოდ იმაში იდანაშაულებდა თავს, რომ თავის დროზე, სათანადო ყურადღება ვერ მიაქცია, თავისივე სამშობიარო სახლში, თუ ასე, მის უჩუმრად, მის ზურგსუკან ხდებოდა გარიგება და ჩვილებით ვაჭრობა. თუმცა, მის მიერ გადანახული სერიოზული კომპრომატები, სულ საწინააღმდეგოს ამტკიცებდა. მაკას ყველაფერი დეტალურად და თარიღებით ჰქონდა აღნიშნული, თუ ვის და როდის, სად და რომელ ოჯახში იყო ხდებოდა, ამა თუ იმ ჩვილის გაშვილება და რამდენი თანხა იყო გადახდილი.
LEX. 2026 წლის 4 აგვისტო, სამშაბათი.

No comments:

Post a Comment