Wednesday, July 8, 2026

ნატის ჩექმები (ნაწილი 55)


55.

მთელი ღამე არ ეძინა ლარას მამას. ბოლოს ვეღარ მოითმინა წამოდგა და თავის კაბინეტში, საწერ მაგიდაზე ის ახლად აღმოჩენილი საბუთები გაშალა.
გათენებისას უკვე მეუღლემ შემოუხედა.
- რას გიგავს თვალები? - მიმართა მკაცრი ხმით. - ასეთი სახით გინდა სამსახურში გამოჩენა?!
- უთენია ავდექი. - მერე კედლის საათს გახედა. - უი, ყავის დროც მოსულა. გინდა, ყავა?
- უთენია კი არა, მთელი ღამე აქ იყავი! - კვლავ შეუტია ცოლმა.
ქმარმა არაფერი უპასუხა. ცოლი დააკვირდა. სახეზე საშინელი ტანჯვის კვალი ეტყობოდა, თუმცა თვალებიდან თითქოს ფარავდა, მაგრამ აშკარად რისხვას აფრქვევდა.
- მშვიდობაა, ჩვენს თავს?
- კი, მაგ მხრივ კი. - დაბალ ხმაზე მიუგო ქმარმა. - ყველანი ცოცხლები და ჯანმრთელად არიან.
- და, აბა?! - არ მოეშვა ცოლი.
- რა, აბა?
- ისევ, მაკა, არა? - ცინიკურად გააქნია თავი დედამ. - ვერაფერი უპოვეთ.
- პირიქით. - ნიშნის მოგებით მიუგო ქმარმა. - პირიქით, ვიპოვეთ და ვაი, რაც ვიპოვნეთ!
- და მერე, მთელი საღამო, ასე ჩუმად იყავი?! - საშინლად გული მოუვიდა ცოლს.
- ჩუმად კი არა, ახლაც ძლივს ვიკავებ თავს. - კაცმა ამოიხვნეშა.
- და ამდენ ქაქანს, გეთქვა ბარემ!
- წავალ ყავას მოვამზადებ. - ქმარი წამოდგა, მაგრამ ცოლმა შეაჩრა:
- მე მოგიტან.
- იმედია, არ აგვაფეთქებ, ამ დილა უთენია. - ირონიულად დააწია ქმარმა.
პასუხად ცოლმა ცალყბად გაუღიმა.
არც ლარას დედა აღმოჩნდა, უკეთეს დღეში, როდესაც ერთ-ერთი საბუთის ნაწილი, ბოლომდე ჩაიკითხა.
-  და ახლა, რა უნდა ვქნათ?
- კი ვიცი, რაც უნდა ვქნათ, მაგრამ მინდა ყველაფერი იდეალურად გავაკეთო, ყველა ბოლომდე ვამხილო და ცალკე, გულიც კარგად მოვიფხანო. - მამამ მუშტები შეკრა.
- როგორც ვხვდები, ლარამ ჯერ არაფერი იცის, არა? - ჩაეკითხა ცოლი.
ქმარმა უარის ნიშნად თავი გააქნია.
- მალე გაიგებს. - ირონიულად აღნიშნა დედამ. - გათენდება თუ არა, უმალ შეიტყობს. ელენეს პირზე რა დაუმაგრებს, მაშინვე ეტყვის ლარას.
- და ელენემ, რა იცის? - მხრები აიჩეჩა მამამ.
- საყვარელი და სულზე უტკბესი მეუღლე, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოუყვებოდა. - ეცინებოდა დედას. - საწოლში მიელაქუცებოდა და ყველაფერს დასცინცლავდა.
- ჰმ. - ღიმილით გააქნია თავი მამამ.
- ეს კარგი, და ახლა საიდან უნდა დავიწყოთ ქმედება? ეს კლინიკაა, თუ რაღაც...
- ეგ, არარსებული დაწესებულებაა და მხოლოდ ფურცელზეა. - მიუგო ქმარმა. - დათიმ უკვე გაარკვია. არც არასდროს არსებობდა.
- ბეჭდებიც და ხელმოწერებიც როგორ ნამდვილივით არის. - კვლავ ჩაათვალიერა დედამ. - და ხელმოწერებიც ისე არის, რომ წესიერად არც კი იკითხება გვარი და იქ სადაც დაბეჭდილად არის გვარები ჩაწერილი, სწორედ იქ არის ბეჭედი დასმული, რომ ვერც ის ამოიკითხო.
- ხედავ? რასთან გვაქვს საქმე? რა დონის ორგანიზებულ დანაშაულთან გვიწევს შეჭიდება.
- არა! ნუუ, ვინმეს რომ მოეყოლა არც დავიჯერებდი!.. - კვლავ გაოგნებული ჩაჰკირკიტებდა ლარას დედა.
- ისე, რომ იცოდე, გვარების ამოკითხვა მაინც შევძელით და დათიმ ესეც გაარკვია, რომ როგორც ეს კლინიკა, ასევე ეგ პიროვნებებიც არარსებულნი არიან.
- და ეს არის სულ? და მაკამდე როგორღა მივიდა?
- ჰოო, აი ეს უკვე მეორე ეტაპია და სულ სხვა სიტუაციაა.
- რა სიტუაცია? - ვეღარ ითმენდა დედა.
- აი, ნახე ახლა რა ხდება. - ლარას მამამ ახლა სხვა ფაილებიც უჩვენა. - ეს დოკუმენტები, რამდენიმე წყებად არის, სადაც ერთში მომაკვდავი ჩვილია აღნიშნული, რასაც მოსდევს ამ რაღაც გაურკვეველი და არარსებული კლინიკის შუამდგომლობა, ბავშვის გაშვილების თაობაზე. ამის მერე, მოდის ხელმოწერები და თანხის ოდენობა და ამით, ეს ერთი ეტაპი მთავრდება! ჩვილი გადაჰყავთ იმ კლინიკაში.
- ჰმ, არარსებულში! - თავი გააქნია დედამ. - და ფიზიკურად, არსადაც არ გადაჰყავთ, ადგილზე რჩება!
- რა თქმა უნდა! - კვერი დაუკრა ქმარმა. - ეს ერთი გადაწყვეტილება მიიღეს, შეასრულეს და დაიხურა და მორჩა! ახლა ეს მეორე წყება ნახე, სადაც მაკას აჰყავს, უკვე მიტოვებული ჩვილი, არა იმ კლინიკიდან, სადაც ვითომდა ბავშვი გამწესდა, არამედ უკვე სულ სხვა ქალაქიდან და სულ სხვა სიტუაციიდან.
- ჰმ, ჩვილი სადღაც პარკში, მერხზეა ნაპოვნი. მიმდინარეობს ვითომდა გამოძიება, მაგრამ ბიოლოგიურ მშობლებსაც, რა თქმა უნდა, ვერ პოულობენ და ისევ, თავად მპოვნელი იღებს მასზე ვალდებულებას! ღმერთო ჩემო! - შეიცხადა დედამ. - დასაჭერი კი არა, გასაგლეჯია ეს მაკა! და ლარას ყოფილ ქმარ-დედამთილსაც ზედ მივაყოლებ!
- ახლა ჩვენ ძალიან დიპლომატიურად უნდა ვიმოქმედოთ, თორემ მათ გაგლეჯას, რა უნდა?!
- და რას ვაპირებთ?! - მიუგო დედამ. - მეც მინდა, მონაწილეობა მივიღო!
- ჯერ პოლიციაში ვწერთ საჩივარს და იმ დედა-შვილზე შეგვაქვს სარჩელი, ბავშვის გაყიდვაზე და მანამდე კი დღესვე მივა დათი მათ ოჯახში და სერიოზულ ბრალდებას წაუყენებს, რომ ვითომდა უკვე საჩივარია შემოსულიო.
- წარმომიდგენია, რა სახეები ექნებათ! ჰაჰ! და ისე ჯერ საჩივარი დაგვეწერა და მერე მისულიყო დათი იმათთან, ასე არ სჯობდა?
- სულაც არა! - თავი გააქნია მამამ. - საჩივარი რის საფუძველზე შეგვაქვს, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. დათი როცა გამოკითხვას დაუწყებს და ისეთ რამეებსაც ჩაეკითხება, რომ იძულებულნი იქნებიან რაღაც მაინც წამოროშონ. თუნდაც, თავის მართლების მიზნით და ჩვენ კი, იმ საჩივარს ამასაც ჩავუმატებთ!
- ჰმ. მშვენიერია. კარგია, კარგი. - მოუწონა დედამ. - მაგრამ მაიცნ რომ არაფერი წამოსცდეთ?
- ჩვენ ხელთ, ისედაც საკმარისი დამამტკიცებელი საბუთები გვაქს და თანაც, დათი საკმაოდ გამჭრიახი და კარგი ბიჭია.
- კი, კი. - კვერი დაუკრა დედამ. - კარგი ბიჭია ნამდვილად.
- ხოლო, რაც შეეხება ამ დოკუმენტებს, ჯერ ვერავის ვანდობ! და არც მინდა გამოვაჩინო, რადგან საკმაოდ ბევრი ისეთი პიროვნება იქნება გარეული და შესაძლებელია, საერთოდ გააქრონ და დაგვიკარგონ ყველა საბუთი.
- არც გამიკვირდება - ამოიხვნეშა დედამ.
- აქ მარტო კუსუზე არ იქნება საქმე. - ამოიხვნეშა მამამ. - საკმაოდ გაწაფული სქემაა და ისე კოხტად არის ყოველი საბუთი შედგენილი, რომ...
- ღმერთო ჩემო! ვინ იცის რამდენი ოჯახი გაამწარეს და ნეტა მართლა ის გოგონა, ჩვენთან რომ დავკრძალეთ, ვისი შვილია? მისი დნმ კი გავგზავნეთ ბაზაში, მაგრამ ჯერ არავინ გამოგვეხმაურა.
- მოვა ოდესმე, მაგის დროც. 
- ესე იგი, შენ ფიქრობ რომ ჯერ დათი უნდა მივიდეს იმ მტარვალ დედა-შვილთან და მერე შევიტანოთ საჩივარი?
- როცა დათი დაადგება პირზე და ამ საბუთებს უჩვენებს, რაღაც მაინც წამოსცდებათ! ბოლოს და ბოლოს, თავის მართლებას მაინც დაიწყებენ, თუ რატომ მოიქცნენ ასე და ეს ყველაფერი, უკვე ვიდეო ჩანაწერით იქნება დაფიქსირებული.
- მშვენიერია! - მოუწონა დედამ.
- და რაც შეეხება ამ საბუთებს. - განაგრძო მამამ. - მხოლოდ და მხოლოდ ქსეროასლებს გამოვაჩენ, ორიგინალს საგულდაგულოდ გადავმალავ იქამდე, სანამ ბოლომდე არ დავრწმუნდები, რომ მართლაც საიმედო ხელში უნდა აღმოჩნდეს.
- ესე იგი, ჯერ ვაფრთხილებთ და ვემუქრებით, რომ ვუჩივლებთ, არა?
- არა, არა! - თავი გააქნია მამამ. - ჩვენ უკვე წინასწარ ვემუქრებით, რომ ვითომდა უკვე საჩივარია შეტანილი და ამის მერე შეგვაქვს სარჩელი, ხომ გითხარი, უკვე?
- საინტერესოა, ნეტა მართლა რით იმართლებენ თავს! ალბათ, ლარას უფრო გადააბრალებენ.
- დედა! - კაბინეტში ლარა შემოიჭრა. - რა ხდება?!
- მოგახსენა უკვე ელენემ? - ირონიულად მიუგო მამამ. - გათენებამდე მაინც, როგორ მოახერხა მოთმენა.
- არაფერზე მომიწერია ხელი! არაფერ შუაში ვარ! - ლარას ხმაში ისტერიკამ გაჟონა.
- დამშვიდდი გოგონი, დამშვიდდი. - საკმაოდ დინჯად მიუგო მამამ. - ან მართლა შენი ხელმოწერაა, მხოლოდ რაზე, ან როდის მოგაწერინეს დარწმუნებული ვარ, წარმოდგენაც კი არ გექნებოდა, ანდა გაყალბებული ხელმოწერაა.
- და რა გავაკეთო, ახლა? როგორ დავამტკიცო?
- ჯერ ექსპერტიზის უტყუარი დასკვნა გვჭირდება, რომ გავარკვიოთ ყალბია, თუ ნამდვილი. - მიუგო დედამ.
- ისე თუ ყალბია. - ჩაურთო მამამ. - ეგ უფრო გვაწყობს.
- და რომ არ იყო ყალბი, მერე? - წუხდა ლარა. - მართლაც ჩემი რომ აღმოჩნდეს?
- გამოსავალს მაინც ვნახავთ. - დაამშვიდა მამამ. - შენ არ იდარდო.
- ბოლოს და ბოლოს, ისეთი აბსურდული დიაგნოზები ჩაგიწერეს, სწორედ ამასაც ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენებთ. - ახლა დედამ განაგრძო.
- ხომ მაგრამ, სინამდვილეში ხომ მასე არ იყო?! - კვლავ წუხდა ლარა.
- მერე რა? - მხრები აიჩეჩა დედამ. - ის თუ ირწმუნეს, რომ ვითომ ამდენი საშინელი რაღაც გჭირდა და ასე სერიოზულად ყოფილხარ ავად და ამის შედეგაც ბავშვიც მომაკვდავი იყო, მაშინ იმაში ვეღარ დავარწმუნებთ, რომ შენ მართლა ძალიან ცუდად იყავი და მოტყუებით მოგაწერინეს ხელი?!
- ნამდვილად მასე იქნებოდა. - ამოიხვნეშა ლარამ. - მართლა არაფერი მახსოვს, ვაწერდი თუ არა რამეზე ხელს, არც ეგ მახსოვს.
- ჰოდა, ეშველება მაგასაც! - დაურთო მამამ. - მაგასაც და ყველაფერსაც!
ყველაფერი ლარას სასარგებლოდ აეწყო. დეტექტივმა კარგად იმუშავა და სერიოზულად შეუტიეს ლარას ყოფილი ქმრის ოჯახს და ისინიც, იძულებულნი გახდნენ ყველაფერი ეღიარებინათ. მომაკვდავ ჩვილში ამხელა თანხას იხდიდა კლინიკა და ვითომდა უარი, რატომღა უნდა გვეთქვაო. ბავშვი მაინც კვდებოდა და ისედაც, ამდენი ხარჯი გვქონდაო.
თავიდან ჩვილის შეცვლაზე, კატეგორიულ უარზეც დადგნენ, ჩვენ არაფერი ვიცოდით, სხვისი ჩვილი თუ დავასაფლავეთო, მაგრამ მერე საკმაოდ ძლიერად შეუტია გამომძიებელმაც და აღიარეს, რომ ასე მხოლოდ ლარას დასამშვიდებლად მოიქცნენ, მაგრამ თუ ვინ იყო ის ბავშვი და ვისი შვილი იყო, ამაზე მართლაც არ ჰქონდათ წარმოდგენა.
კუსუმ ამ აბების შესახებ, არაფერი იცოდა. დეტექტივსაც რამდენჯერმე ჩამოუგდო სიტყვა და მიანიშნა კიდევაც, გასაღები ხომ გადმოგეცი და თუ გამოგადგაო.
- გამოძიება თავისი გზით მიმდინარეობს და ყველაფერს დაადგენს. - უხსნიდა დეტექტივი. - როცა ჩამოხვალ, მაშინ უფრო უკეთესად და უფრო მეტსაც მოგიყვები. ასე შორიდან ლაპარაკს, პირადად საუბარი სჯობს.
კუსუც დაეთანხმა. მშვენივრად მიხვდა, დეტექტივს არ სურდა ჯერ რამე გაემხილა, სავარაუდოდ მის ყოველ საუბარს, შესაძლოა ისმენდნენ კიდეც.
მალე ზაფხულის არდადეგებიც დადგებოდა და კუსუც ჩამოსვლას აპირებდა. მაკა კვლავ წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. არც იმდენად ადვილი აღმოჩნდა მისი გატეხვა. იმდენად კი არა, კრინტსაც არ ძრავდა და დუმილის უფლებას იყენებდა. ძალიან კარგად იცოდა, ერთი პირი რომ დაეღო, ქვეყანას ჩაითრევდა. ამიტომაც, მაინც ადვილად გამოძრომის იმედი ჰქონდა.
- ბოლოს და ბოლოს, მაკას რა უმტკიცდება? - იკითხა ლარას ძმამ.
- ყველაფერს თავს არიდებს. - მიუგო დეტექტივმა. - უჩემოდ ხდებოდა, ჩემს გარეშეო.
- და მისი მზაკვარი თანამშრომლები?
- რატომღაც დიდად, არც ისინი ადებენ მაკას ხელს.
- და მაკას იმედი აქვთ? ჰმ, ის თუ ადვილად გამოძვრება, ამათაც ჰგონიათ, ეშველებათ? - ირონიულად გააქნია თავი ლარას ძმამ.
- შენ მასე ნუ უყურებ. - მიუგო მამამ. - შესაძლოა მაკამ მათ სასარგებლოდაც კი თქვას რამე, რადგან რა გარანტია აქვს, რომ ცოტა მაინც თუ არ უშველის, თავად უარეს დღეში აღმოჩნდება.
- მდაა...
- საკმაოდ დიდი და სერიოზული დახურული წრე იკვრება. - დაურთო მამამ. - რკინა-ბეტონით ამოშენებულ კედლების ოდნავ გამონგრევას კი სერიოზული მძიმე ტექნიკა სჭირდება.
- და ნუთუ, ჩვენი გავლენა, არაფერში გვადგება?
- აი ზუსტადაც, რომ ეს გავლენები ეჯახება ერთმანეთს და მაგიტომაც ასე ადვილად ვერ ხერხდება მაკას გატეხვა.
- სამწუხაროდ, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ხელმოწერა, ნამდვილად ლარას ეკუთვნის. - ოთახში დამწუხრებული სახით შემოვიდა დეტექტივი და ისე ჩაესვენა სავარძელში, რომ არც კი დაელოდა შეთავაზებას.
- აუ, რა უნდა ვქნათ, ახლა?! - კოპები შეკრა ძმამ.
- დამშვიდდით, ბიჭებო, დამშვიდდით. - მამამ წამით იყუჩა. - ჩვენ ხომ ხელთ გვაქვს ლარას ვითომდა დიაგნოზები და ისევ მაგათი დაწერილი! ჰოდა, ახლა ჩვენც მივაწვებით იმას, რომ თუკი ბავშვის დედა, მართლაც ავად იყო იმ დროს, მაშინ ნამდვილად წარმოდგენაც კი არ ექნებოდა, თუ რაზე აწერინებდნენ ხელს!
- ნუ არც იმდენად გასამართლებელია, თუმცა შეიძლება მაინც წავიდეს. - ამოიხვნეშა დეტექტივმა. - მაშინ უფრო გამოდგება, თუ...
- თუ?.. - აღარ დააცადა მამამ.
- ლარას ყოფილმა ქმარ-დედამთილმა უნდა აღიაროს, რომ ლარამ მართლაც არაფერი იცოდა. - დეტექტივი გაჩუმდა და მალევე განაგრძო. - ჯერ მხოლოდ იმას აღიარებენ, რომ ოჯახური თათბირის შემდეგ ასე გადაწყვიტეს, რადგან თურმე უამრავი ხარჯი ჰქონდათ ისედაც, ამ ბავშვის გამო.
- ჰაჰ! - შეიკურთხა მამამ. - ამ ბავშვის გამო, არა?! და ვინ იყო ეს ბავშვი, მერე?! მაგათი სისხლი და ხორცი არ იყო?! მაგათი ჯიში და ჯილაგი....
- და რომელ ხარჯებზე საუბრობენ, ნეტა? - ჩაურთო ძმამ. - მაგათი ხურდაც კი არ არვის უნახავს!
დეტექტივმა უხმოდ დაუქნია თავი.
- რა ვქნა?! - მუშტები შეკრა ძმამ. - წიხლქვეშ გავიგდო და ისე ვათქმევინო? ხომ იცი, არ გამიჭირდება!
- არავითარ შემთხვევაში! - შეუტია მამამ.
- მაგასაც თავის სასარგებლოდ გამოიყენებენ. - დაურთო დეტექტივმა. - ამიტომაც თქვენ არც მიგაკარეთ. ჩათვალონ, რომ არაფერი იცით ჯერ. მე მხოლოდ აღმოჩენილი საბუთების მიხედვით, არარსებული კლინიკის გამოძიება დავიწყე და ასე გავედი მათ კვალზე, ახლაც ამ გზით მივდივარ. დღეს უკვე ოფიციალურად უნდა დავკითხო ორივე დედა-შვილი.
- აუ, როგორ მაინტერესებს, ერთი ცალი თვალით მაინც შემახედა, რა სახეები ექნებათ. - ინატრა ძმამ.
- აუცილებლად იქნება ვიდეო ჩანაწერი. - მიუგო დეტექტივმა. - ეს გამოძიებისთვის ისედაც მჭირდება და თქვენც შეგახედებთ! ცალი თვალით. - დასძინა ღიმილით.
- ძალიან კარგი... ძალიან კარგი... - ჩაილაპარაკა მამამ.
- და დააკავეთ, უკვე? - ჩაურთო ძმამ.
- ჯერ მხოლოდ მოწმის სტატუსით არიან და მათი დაკავება, ამ ეტაპზე მხოლოდ ლარას მეშვეობით არის შესაძლებელი. ლარამ უნდა უჩივლოს და ასევე კომპენსაციაც მოითხოვოს.
- ლარა კომპენსაციას არ მოითხოვს. - მიუგო ძმამ. - შეიძლება, არც კი  უჩივლოს.
- ამ შემთხვევაში ასეა საჭირო. - ჩაურთო მამამ. - უნდა უჩივლოს კიდევაც და კომპენსაციაც უნდა მოითხოვოს! მიუხედავად იმისა, გვჭირდება თუ არა მაგათი ბინძური ფული. მთავარია, ოფიციალურად დაეკისროს გადახდა და ისიც კარგად ვიცით, რომ არც არაფრის გადამხდელები ეგენი არ არიან, მაგრამ ეს სწორედაც რომ კომპენსაციის დაკისრების საბუთი ასხამს ჩვენს წისქვილზე წყალს!
- ჰოო? - წარბები აზიდა ძმამ.
- რა თქმა უნდა! - კვერი დაუკრა დეტექტივმა. - კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ, სრული სიმართლე შეგვიძლია მოვითხოვოთ!
- დიახ! - დაეთანხმა მამა. - სწორედაც, რომ ეს იქნება ჩვენი კომპენსაცია!
- ესე იგი, ბოლომდე ვუჭერთ ყელში! - დაასკვნა ძმამ.
- რა თქმა უნდა! - თავი დაუკრა დეტექტივმა.
- ჰმ. - ირონიულად ჩაეღიმა ძმას. - ფულის გულისთვის საკუთარი შვილიშვილი გაყიდეს და ახლა მართლაც ფულის გადახდის მაგივრად უეჭველი, ისევ სიმართლის აღიარებას არჩევენ.
- თანაც შეგვიძლია, სარჩელის გამოტანაც შევპირდეთ. - ჩაურთო მამამ. - რადგან ლარა, დარწმუნებული ვარ, არ უჩივლებს. ასეთი ტიპია და მაგიტომ, თორემ განა იმიტომ, რომ ძალიან ეცოდება.
- ჰოდა, თავიდან ლარა უნდა ვაიძულოთ, გააკეთოს ისე, როგორც საქმეს წაადგება! - მიუგო ძმამ.
- და რა უნდა, მაიძულოთ?! - გაკვირვებული სახით იკითხა, ოთახში შემოსწრებულმა ლარამ.
- ჩვენ, რა უნდა გაიძულოთ? - მხრები აიჩეჩა მამამ. - შენ თვითონ უნდა აიძულო შენს თავს, რომ რაც შეიძლება დიპლომატიურად მოიქცე!
- და რას ვაკეთებ არასწორად? - გაიკვირვა ლარამ. - გამოძიებაში არც ვერევი და არც ზედმეტს არაფერს ვყრანტალებ! ზედმეტს კი არა, საერთოდაც არ ამომიღია ხმა! სამსახურიდანაც კი წამოვედი, ისე რომ იცოდეთ!
- მართლა? - ყველამ გაიკვირვა.
- დიახ! მართლა! - ნიშნის მოგებით მიუგო ლარამ და მის უკან მდგომ რძალს გახედა. - ახლა ელენესთან ვმუშაობ. ოფის-მენეჯერი ვარ!
ყველამ რძალს გახედა.
- ლარამ ძალიან მთხოვა და... - ელენემ დამნაშავესავით აიჩეჩა აიჩეჩა.
- ღმერთო ჩემო! - შეიცხადა დედამ. - მერე, შენი პროფესია? რისთვის იწვალე ამდენი?
- ნუ, თუ არ უნდა ექიმობა, რას აძალებთ. - ირონიულად ჩაურთო ძმამ.
- და აბა, იქ უნდა დავრჩენილიყავი? - შუბლი შეკრა ლარამ.
- რატომაც, არა! - მიუგო დედამ. - თუკი გაქვს იმის საშუალება, რომ იქ იმუშაო, რაც გაინტერესებს და რაც მოგწონს, მაშინ რატომაც, არა?!
- არც ეგ არის პრობლემა. - ჩაერთო მამა. - დღესვე დავრეკავ და შეგიძლია დაუბრუნდე შენს სამსახურს. ნუ, თუ გინდა, რა თქმა უნდა.
უნდოდა, როგორ არ უნდოდა, მაგრამ იმდენი რამ შეიცვალა იქ, ზოგი დააკავეს, ზოგიც თავისით წავიდა, მთავარი ექიმის სავარძელი კი დროებით ხან ვის ეკავა და ხან ვის. ლარაც ადგა და წამოვიდა და თავადაც არ იცოდა, თუ რატომ.
- კარგი, ბატონო! - მიუგო ლარამ. - ოჯახის გავლენითა და ნაცნობობით დამაბრუნეთ ძველ სამსახურში, მაგრამ რის იძულებას მოითხოვთ ჩემგან, ჯერ ახლა იმაში გამარკვიეთ.
ლარას ყველაფერი აუხსნეს და დაარიგეს, თუ როგორც უნდა მოქცეულიყო, რადგან მისი მწვავე რეაგირება აუცილებელი იყო, თუ შვილის დაბრუნება მართლაც  უკვე ოფიციალურად სურდა.
- ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ კუსუმ რომ არ მოინდომოს ჩემთან ერთად ცხოვრება? - მაინც წუხდა ლარა.
- და მერე, რა? - მხრები აიჩეჩა ძმამ. - დიდი ბიჭია უკვე და სრული უფლება აქვს დამოუკიდებლად იცხოვროს და შენც  სრული უფლება გაქვს, რომ ოფიციალურ შვილად აღიარო, ამას უკვე ვეღარავინ წაგართმევს, ხოლო რაც შეეხება უკვე ზრდა სრულ ბიჭს, თავად უნდა გადაწყვიტოს.
- აქ ჯერ მთავარია, ჩვენს სიმართლეს კანონიერი მხარე მიეცეს და არც ბავშვი არ უნდა შევაწუხოთ ზედმეტად. - ჩაურთო დეტექტივმა. - მივცეთ ბიჭს თავისუფლება, არ შევზღუდოთ.
- და სხვათა შორის. - ახლა მამა ჩაერთო. - არც ზედმეტი დახმარება არის საჭირო.
- ხომ მაგრამ, იქნებ რა უჭირს ბავშვს და რა უნდა? - ლარას სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა.
- ჰოდა, თუ გინდა, შვილი დაიბრუნო, ზედმეტად ფინანსურად არ გაათამამო. - მიუგო მამამ. - არც არის ახლა საჭირო! შენი დანახვა, იმიტომ კი არ უნდა უხაროდეს, რომ ფულს ჩაუკუჭავ ჯიბეში! და არც იმ მიზეზით უნდა მოგიკითხოს, რომ შენგან გამორჩენა ჰქონდეს.
- კუსუ, სულაც არ არის მასეთი ბიჭი! - იწყინა ლარამ.
- მით უმეტეს, თუ არ არის. - თავი დაუკრა მამამ. - მე შენს პოზიციას ვაანალიზებ. ისედაც ამდენ რამეს ვუკეთებ, უცხოეთში სწავლის დაფინანსება, თავზე ჭერი აქვს, არ შია, არ სწყურია და არანაირი გადასახადები არ აწუხებს. ახლა თავადაც უნდა გადმოდგას ჩვენკენ ნაბიჯი. ნახოს და იგრძნოს, რომ ჩვენ ფულით არ ვაპირებთ მისი სიყვარულის მოპოვებას!
- ჰოდა, არაფერი დავაძალოთ! - ჩაერთო დედა. - უნდა ცალკე ცხოვრება - იცხოვროს! მხოლოდ თვითონ და თავისი სახსრებით!
- მერე ეს ულტიმატუმს არ ჰგავს? - ისევ წუხდა ლარა.
- კი, რაღაც ასპექტში, მართლაც რომ ულტიმატუმია. - კვერი დაუკრა დედამ. - მაგრამ, ახლა ასეა საჭირო და ამდენი ხალხი რომ გიხსნით, დაგვიჯერე ცოტა ჩვენც.
- და მამამისის გაცნობა, რომ მოუნდეს და მერე მათთან... - ლარას ხმა გაუწყდა.
- და მათთან ცხოვრება რომ აირჩიოს? - ჩაეკითხა მამა. - პირველ რიგში ბიჭმა სიმართლე უნდა გაიგოს, შეადაროს, აწონ-დაწონოს და მერე მაინც თავად უნდა გადაწყვიტოს და როგორ ფიქრობ, აირჩევს ისეთ ხალხთან ცხოვრებას, ვინც ასაწონი ხორცივით გაყიდა?
- და ახლა ამ ეტაპზე კუსუს რას ვეუბნებით? - იკითხა ლარამ.
- არც არაფერს. - მიუგო დედამ. - იცის ვინც ხარ და რატომაც ირჯები ასე მისი სწავლის გასაგრძელებლად, ფეხზე დასაყენებლად, დანარჩენი თავად უნდა გადაწყვიტოს.  რაც მთავარია, შენ არ უნდა გადაუწყვიტო.
- სანამ მამამისს გაიცნობს, მანამდე ჩვენთვის სასურველია, რომ უკვე უნდა იცოდეს ყველაფერი მასზე. - ახლა მამამ განაგრძო. - ეს გარკვეული და ცოტა არ იყოს, ეშმაკური ხერხია ჩვენს სასარგებლოდ, თუმცა ეს ის ხერხია, სადაც ბავშვმა ჭეშმარიტებას უნდა ჩახედოს თვალებში.
- ვფიქრობ, რომ ჩემგან რომ გაიგოს, ეს უფრო მართებული იქნება, ვიდრე თქვენგან. - ჩაურთო დეტექტივმა. - ისედაც, უამრავ კითხვებს მისვამს და ისიც იცის, რომ ასე შორიდან მხოლოდ მოკლე პასუხებს იღებს, დანარჩენს რომ ჩამოვა, პირადად მოვუყვები, ისედაც ასე შევთანხმდით.
- მშვენიერია! - მოუწონა მამამ. - ძალიან კარგია.
- და სასამართლო პროცესებზე დასწრებასაც მთხოვს. - განაგრძო დეტექტივმა. - თუმცა, ჯერ არაფერს შევპირებივარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ თავისი თვალით უნდა ნახოს და თავისი ყურით მოისმინოს ყველაფერი.
- მართალია, მართალი. - კვერი დაუკრა მამამ. - ამიტომაც ვითხოვდი, პირადად ჩვენგან, მაკაზე არანაირი ცუდად, გადაბრუნებული სიტყვაც კი არ უნდა გვეთქვა მისთვის.
- ჰოდა, ახლა თავად გაიგებს და შეადარებს ვინ მართალი და ვინ მტყუანი. - ჩაურთო ძმამ.
- და როდის ჩამოდის? - იკითხა დედამ.
- მალე. - დაბალი ხმით მიუგო ლარამ. - როგორც კი არდადეგები დაიწყება...
- და სად უნდა იცხოვროს? - კვლავ იკითხა დედამ.
- იცხოვროს ისევ ჩემთან! რა პრობლემაა?! - ცოტა არ იყოს წყენით მიუგო დეტექტივმა.
- არანაირი პრობლემა არ არის! - ახლა დედამაც იწყინა დეტექტივის მკვახე პასუხი. - უბრალოდ, ვიკითხე თუ სად იცხოვრებს, მოვუმზადოთ ოთახი, თუ არა.
- არანაირი ზედმეტად ოთახების მომზადება და ზედმეტი უაზრო ყურადღება! - ჩაერთო მამა. - თუკი, ჩვენი ოჯახის წევრია, ისე უნდა მოვექცეთ, როგორც სხვა, ნებისმიერ წევრს.
- რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა დედამ. - სითბოს გამომჟღავნება მინდოდა. თქვენ რომ გკითხოთ, ცივი და გულგრილი ხარო და...
- ბავშვი, ისედაც ამხელა ადაპტაციას გადის და ამდენი ზედმეტი შემაწუხებელი ყურადღებით, უფრო მეტად უხერხულად იგრძნობს თავს. - უპასუხა მამამ. - და უხერხულობა კი, რას ნიშნავს? ისევ უცხოდ რომ უნდა იგრძნოს თავი!
- მამა მართალია. - ამოიხვნეშა ლარამ. - ისედაც, როგორი მორიდებული ბიჭია და ახლა მართლა ზედმეტად ნუღარ შევაწუხებთ.
- ჰოდა, იცხოვროს ჩემთან, მართლა რა პრობლემაა?! - კვლავ ჩაურთო დეტექტივმა. - საგამოძიებო საქმეებშიც ცოტ-ცოტას ჩავახედებ, შეიძლება პროცესებსაც დავასწრო, თუ დახურული არ იქნება. სულ მის გვერდით ვიქნები, ნამდვილად არ მოვაწყენ.
- მართალია! - ახლა ძმა ჩაერთო. - ჯერ ისედაც უჭირს ბავშვს, იმის გაცნობიერება, რომ მთელი ცხოვრება ტყუილში უცხოვრია და ამას მერე მოჰყვა მისი გამზრდელი დედის დაპატიმრება, რომელიც მართლაც ძალიან უყვარს.
ლარამ უხმოდ დაუქნია თავი და ნაღვლიანად ამოიხვნეშა.
- იცის, რომ ის დოკუმენტები ვიპოვნეთ? - უფრო დეტექტივის გასაგონად იკითხა დედამ.
- არა, არა! - მიუგო დეტექტივმა. - ჩვენ ხომ ასე შევთანხმდით. ჯერ არაფერს ვეტყოდით და მით უმეტეს, ტელეფონით და ონლაინით, სადაც ვინ იცის, რამდენს გვისმენენ.
- ჰო, ჰო. მასეა. - კვერი დაუკრა მამამ. - და რა ცხვირ-პირი ჩამოგტირის, ლარა?! მიეცი შვილს თავისუფლება და შეეცადე, ხასიათი გამოისწორო! მასეთი ჩამოღვენთილი  სახით მაინც ნუ დაენახვები!
- სულ არ დავენახები, თუ ასე ძალიან არ უნდა. - წაიკნავლა ლარამ.
- და ჩვეულებრივად რომ მოიქცე, არ გინდა? - ახლა ძმამ შეუტია.
- და რას ვაკეთებ ისეთს? - კოპები შეკრა ლარამ.
- გამუდმებით ხვნეში და კვნესი! - ახლა დედა ჩაერთო. - დავამთავროთ ეს პანაშვიდები, მორჩა! ბავშვი ცოცხალი და საღ-სალამათი ვიპოვნეთ და ახლაც ოხრავ? პირიქით, იმაზე მეტი სიხარული და ხალისი და მხიარული განწყობა უნდა აჩუქო, ვიდრო აქამდე ჰქონდა!
 
***
კუსუ მართლაც საზაფხულო არდადეგებზე დაუბრუნდა სამშობლოს. თავიდან, თითქოს ფეხსაც ითრევდა, არ უნდოდა ჩამოსვლა, თუმცა აქაური ამბები ძალიან აინტერესებდა. ამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მხოლოდ სამჯერ ესაუბრა მაკას და ისიც საკმაოდ მშრალად და ცივად და ყოველი საუბარი სწორედ იმ დროს იძაბებოდა, როცა კუსუ კატეგორიულად მოითხოვდა მამის ვინაობის გამხელას. ამაზე მაკა საშინლად ბრაზდებოდა, ათას მიზეზს იგონებდა, კუსუ კი, უკან არ იხევდა და ბოლოს დაემუქრა კიდევაც, რომ აუცილებლად გაიკეთებდა დნმ-ის ტესტს და ისე მოძებნიდა მამას.
მაკა საშინელ დღეში იყო. ჯერ ის რომ დაკავებული იყო და არც იმდენად კარგი პირი უჩანდა მის ამბებს და ახლა კუსუ სიჯიუტეც, ცალკე ცეცხლზე ნავთს უსხამდა.
- მაინც, რა აიკვიატა ეს მამამისის ნახვა. - ცოფებს ყრიდა მაკა.
- მერე, გაუშვი ნახოს! - ჩახრინწული ხმით ჩაიქირქილა მასთან ერთად ციხის კამერაში მჯდომმა შუახნის ქალმა.
- გამორიცხულია! - წამოიყვირა მაკამ.
- ვაახ, რატომ ვითომ? - ჩაეკითხა ქალი.
- იმიტომ რომ შეუძლებელია!
- ჰა, ჰა! - გაიკრიჭა ქალი. – „ლევად“ გააჩინე და ეგ გიტყდება თუ „ვაფშემც“ არ გახსოვს ვისგან აიყოლე?!
- შემეშვი, რაა! - შეუღრინა მაკამ. - შენღა მაკლდი!
-  მე კი, შეგეშვები, მაგრამ მაინც კარგა ხანს მოგიწევს აქ ყუყრყუტი. - კვლავ ჩაიხითხითა ქალმა. - გგონია, არ ვიცით აქ რაზე ზიხარ? ჰა?! ჯერ კარი წესიერად გაღებული არ არის და უკვე ზღურბლიდანაც ვიცით, ვინ - ვინ არის, მააშ!
- გეცოდინება, აბა რაა! – ტიპიური „ნასედკა“ ხარ! - მკვახედ მიახალა მაკამ.
- ოჰ! შენ ხომ მყავხარ ანგელოზი?! - შეეპასუხა ქალი. - შენგან განსხვავებით, სხვისი შვილები არც მომიპარავს და არც გამიყიდნია!
- ენა გააჩუმე! - ბოლო ხმაზე აღრიალდა მაკა. - ახლავე გაჩუმდი!
- იღრიალე რამდენიც გინდა, შენ წანკლა, ნაბოზვარო!
- ხმა ჩაიწყვიტე! გაჩუმდი! - კვლავ ღრიალებდა მაკა.
- ცოცხალ ადამიანებს ასაწონი ხორცივით რომ ჰყიდდი, მაგიტომაც აგეწვა უკანალი და ჯერ სად ხარ! საკუთარი შვილიც კი აგიმხედრდა, ვერა ხედავ, შე გოიმო! რა გაღრიალებს?! ის თუ მაინც იცი, აქ როგორღა და ვისი „ბლატებით“ შემოუშვეს?
- რა ვისი „ბლატებით“?! - შეიცხადა მაკამ. - მშვენივრად იციან ერთი პირი რომ დავაღო, კიდევ ბევრს გავიყოლებ და ამიტომაც ბევრ დათმობაზე მიდიან. - მაკა გაჩუმდა. მიხვდა რომ ზედმეტად წამოროშა. რა საჭირო იყო ახლა ამ ვიღაც უგვანო ქალთან იმის დატრაბახება, რომ ბევრი რამ იცის და საჭირო წონა აქვს.
- აჰამ და ესე იგი, შენც მაგარი „ბლატნოი ტიპშა“ ხარ? ჰაჰა!
მაკამ არ მიაქცია ყურადღება. თავი ისე დაიჭირა, ვითომდა არც აინტერესებდა რას ეტყოდნენ, ან რას იტყოდნენ მასზე. კიდევ რამე არ წამოეროშა, თავი ხელში აიყვანა და ცალყბად გაუღიმა მოსაუბრეს.
მთელი ღამე არ ეძინა მაკას და რა დააძინებდა, როცა მართლაც ჩააფიქრა ამ ქალის სიტყვებმა. კუსუს აქ შემოშვება, რა თქმა უნდა, დიდი პროტექციით იქნებოდა შესაძლებელი და ამაში, სავარაუდოდ ლარას ოჯახი გაუწევდა დახმარებას. იცოდა, ბიჭს ვიღაც ოჯახის ადვოკატი ახლდა თან და ნეტა მართლა ვინ უნდა ყოფილიყო?
არც იმდენად რთული აღმოჩნდა ამის გაგება და მაკამაც თავისნაირ გაქნილ და გაიძვერა ადვოკატს სთხოვა იმ დეტექტივთან შეხვედრა, ვინც თავის დროზე კუსუს უშუამდგომლა და ციხეში მოანახულებინა.
- ესე იგი, თქვენ ლამარას ოჯახის ადვოკატი ხართ? - რბილი ხმით ჰკითხა მაკამ და ნაზად გაუღიმა.
- ადვოკატი არა, მაგრამ ოჯახის იურისტი კი ნამდვილად ვარ. - ასევე ღიმილი შეაგება დათიმ.
- ნუ დაახლოებით, სადღაც მაინც, ერთი და იგივეა. - კვლავ ღიმილით მიუგო მაკამ.
- დაახლოებით კი. - კვერი დაუკრა დეტექტივმა. - და გისმენთ. ჩემთან შეხვედრას ტყუილად არ ისურვებით, რადგან ვიცი, რომ საკმაოდ ძლიერი და გამოცდილი ადვოკატი უკვე გყავთ და ჩემგან რის გაგება გსურთ.
- ვიცი, რომ ჩემს შვილს, აქ შემოსვლაში დაეხმარეთ და მადლობა მინდოდა მომეხადა. - მიამიტური სახით დაიწყო მაკამ. - ისედაც ეს ბავშვი როგორ მოვწყვიტე ოჯახს და სრულიად უცხო ხალხს გადავაბარე. 
- მე არაფერ შუაში ვარ. - მშვიდად მიუგო ადვოკატმა. - ეს იმ ოჯახის დამსახურებაა, ვისთანაც ჩაბარებული გყავთ. მე მხოლოდ თან ვახლდი და გისმენთ, აშკარაა რომ მართლაც რაღაც გაქვთ სათქმელი.
- იცით, მე მარტოხელა დედა ვარ. - ნაზი, სევდიანი ხმით დაიწყო მაკამ და მომნუსხველი თვალები შეანათა დეტექტივს. - შვილი, უმამოდ გავზარდე და ახლა დაჟინებით მოითხოვს, მამის გაცნობას, რაღაც სერიოზულად აიკვიატა და...
- და მერე? უთხარით სიმართლე! რა პრობლემაა?! - აიჩეჩა მხრები დეტექტივმა. - თუ იმის თქმა გიჭირთ, რომ კუსუ, აყვანილი ბავშვია?
LEX. 2026 წლის 7 ივლისი, სამშაბათი.

No comments:

Post a Comment