Sunday, June 28, 2026

ნატის ჩექმები (ნაწილი 54)

 

54.
- ახლა ცოტა მაინც, ხომ დამშვიდდი? - მაკას სანახავად ციხიდან გამოსულ კუსუს დეტექტივი შეეგება.
- რა ვიცი... ალბათ... - მხრები აიჩეჩა ბიჭმა.
- ცოტა მოგეშვებოდა, კი თუმცა, ბოლომდე მაინც ვერა, მაგრამ მთავარია, მარტო არ ხარ.
- მე კიდევ, ყველაზე მეტად, მარტო ყოფნა მირჩევნია ახლა! - მტკიცედ მიუგო ბიჭმა. - და არ შეიძლება, ჩემს სახლში რომ დავრჩე?
- ჩვენი პირობა ხომ გახსოვს, რომ აუცილებლად უნდა გააგრძელო სწავლა.  - დეტექტივი წამით გაჩუმდა და უმალ განაგრძო. - როცა საქმე, შენს მომავალს ეხება, არავის და არაფრის გულისთვის არ უნდა გაუშვა ეს შანსი ხელიდან.
ბიჭმა უხმოდ აიჩეჩა მხრები.
- და აქ რომ დარჩე, შეიძლება სწავლა ვერც განაგრძო, რადგან არც კი ვიცი მაკას როდის გაათავისუფლებენ. შესაძლებელია, წლებიც დასჭირდეს, შესაძლებელია კი, სულაც რამდენიმე თვეში გამოუშვან და შენ არ გაქვს ამ ლოდინის უფლება. შენი მოვალეობაა სწავლას მიხედო და მაკასაც და ყველასაც გული გაუხარო შენი წარმატებებით! აბა, გადახედე შენს მეგობრებს, კლასელებს, მეზობლებს და რამდენს მიეცა ასეთი შანსი? არც იმდენად ბევრს, არა? ფაქტიურად ძალიან ცოტას, ჰომ?
დეტექტივი გაჩუმდა. არც ბიჭი იღებდა ხმას.
- აბა ერთი წარმოიდგინე. - ისევ დაიწყო დეტექტივმა. - შენ აქ რჩები. მარტოდ, სახლში და თუნდაც, რამდენიმე თვეში მაკა დაბრუდნება. შენ ამასობაში სწავლაზე თავი გექნება დანებებული და ალბათ ნებისმიერი სამუშაოს ძებნაში მოგიწევს სირბილი. მაკაც უმუშევარი იქნება და ამ ეტაპზე გამორიცხულიც კი არის, რომ თავისავე პროფესიით სადმე მიიღონ და რა უნდა ქნათ ორივემ? შენ პროფესიაც კი არ გექნება, უკეთესი სამსახური რომ ნახო. ამიტომ დაიჯერე და მიიღე რასაც გთავაზობენ, შენ ახლა იმ განათლების მიღება გჭირდება, რითაც უკეთესი სამუშაოს პერსპექტივა გეშლება წინ, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ, რომელსაც დიდად სწავლა-განათლება არ სჭირდება.
- ჰო. მასეა. - ბიჭმა მძიმედ ამოიხვნეშა.
- ეს ის ვარიანტი განვიხილეთ, თუ მაკას რამდენიმე თვეში გაათავისუფლებენ. - განაგრძო დეტექტივმა. - და ახლა სხვა ვარიანტიც უნდა მოვხაზოთ. თუ მაკას რამდენიმე წელი მიუსაჯეს, მაშინ? მაშინ ჩათვალე, რომ შენი მომავალი, საერთოდ, თუ არა დიდი ხნით არის წაშლილი. ნუთუ არ სჯობს, რომ შენ უკვე ნასწავლი დახვდე მაკას და კარგ სამსახურსაც თუ ნახავ, რაშიც აუცილებლად გაგიწევს დახმარებას ლარას ოჯახი და არ დარჩებით მშივრები და არც ასეთი კარგი ბინის გაყიდვა მოგიწევთ.
- ჰო, მაგრამ მაინც ლარასთან თუ კი უნდა ვიცხოვრო, მაკა რომ გამოვა, მერე?
- არც მაკასთან ცხოვრებას არავინ გიკრძალავს და თუნდაც სხვაგან იყო, მაინც დასჭირდება მას შენი დახმარება. იმედია ქალმა, ვინც გაგზარდა და ყველაფერი მოგცა, მშიერს არ დატოვებ და სწორედ ამისთვის გჭირდება, კარგი განათლება.
- ჰო, ეგ თავისთავად. რაც არ უნდა იყოს, ჩემთვის მაინც დედაა. - ნაღვლიანად მიუგო ბიჭმა.
- ჰოდა, რაც არ უნა იყოს, წავიდეთ ახლა, გველოდებიან და სანამ არდადეგები დამთავრდება და უკან გაემგზავრები, მანამდე იქნებ კიდევ შევძლოთ მაკას მონახულება.
ბიჭს ნაღვლიანად გაეღიმა.
მანქანა ლარას სახლთან გაჩერდა. კუსუ გადმოსვლას არც ჩქარობდა.
- რამე გინდა მკითხო? - მიუხვდა დეტექტივი.
- თუ... თუ შეიძლება... - ენის ბორძიკით დაიწყო ბიჭმა. - ჩემს სახლში რომ ვიცხოვრო, სანამ უკან გავფრინდები.
- სამწუხაროდ, ახლა ნამდვილად არ შეიძლება. - მიუგო დეტექტივმა. - ხომ ნახე, ბინა დალუქულია და სანამ ჯერ კიდევ გამოძება მიმდინარეობს და მერე სასამართლო, გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მანამდე ოფიციალური ნებართვის გარეშეც კი არ შეიძლება შესვლა და იქ ცხოვრება კი, მით უმეტეს.
- და ის მეორე ბინა? სადაც დინა ცხოვრობდა, თუ ახლაც ცხოვრობს? - მკვირცხლად ჩაეკითხა კუსუ. - ხომ შეიძლება, სანამ წავალ, მანამდე დინასთან რომ ვიცხოვრო? ან მარტოც შემიძლია!
- სამწუხაროდ, ახლა ის ბინაც დალუქულია. - დაბალი ხმით უპასუხა დეტექტივმა. - რადგან, დინაც დაკავებულია.
- დინაც?
- დინაც და ბევრი კიდევ სხვაც.
- და იცი, რა მაინტერესებს? - კოპები შეკრა ბიჭმა. - თუ ასე ყველანი დაჭერილები არიან იმ სამშობიაროში, მაშინ... მაშინ... - ბიჭი წამით შეყოვნდა. - მაშინ რატომ...
- გინდა თქვა, რომ ლარა იმიტომ არ დააკავეს, რადგან ასეთი გავლენიანი ოჯახიდან არის? ჰმ. - დეტექტივს გულიანად გაეცინა. - მართალია, გავლენას ხშირად, საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ლარა თავად არის მსხვერპლი და მხოლოდ ის ხალხია დაკავებული, ვისაც რაღაც წვლილი მიუძღვის, ან რაღაც იცის და ჯერ კიდევ ჩუმად არის.
- და დედაჩემი? მაკა რატომღა დაიჭირეს?
- ამ წუთას ხომ გითხარი, არა? ზოგი მართლა დამნაშავეა და ზოგმაც რაღაც იცის და მალავს.
- ესე იგი, მაკამ რაღაც იცის? და რატომ არ ამბობს?
- ვერაფერს გეტყვი ჯერ, მაგრამ ახლა დროა მანქანიდან გამდმოვიდეთ, არა? - ღიმილით მიუგო დეტექტივმა.
ბიჭი გაიტრუნა, აშკარად არავის ნახვა არ უნდოდა. თითქოს დროსაც წელავდა, რაც შეიძლებოდა, გვიან მისულიყო.
- კარგი, ვისხდეთ ასე. - ეღიმებოდა დეტექტივს. - არსად მეჩქარება, როცა გინდა მაშინ გადმოდი.
- თუ... თუ არავის ეწყინება... - ბიჭი სიტყვებს თავს ვერ უყრიდა.
- იმედია, ისეთი არაფერი გინდა, რომ ვინმეს მართლაც გული დასწყდეს, მაგრამ შენ თვითონ რა გინდა, ჯერ ეს მითხარი.
კუსუ თავჩაღუნული იჯდა და ხმას ვეღარ იღებდა.
- როგორც ვხვდები. - დაიწყო დეტექტივმა. - შენ ახლა, ლარასთან შეხვედრას გაურბიხარ და არც ამ სახლში შესვლა გინდა. დროს წელავ, რომ გგონია, უშენოდ დაიძინებ და უჩუმრად შეხვალ? ჰმ.
ბიჭმა მძიმედ ამოიხვნეშა.
- გინდა, ეს დღეები ჩემთან დარჩი? - შესთავაზა დეტექტივმა.
- შეიძლება? - კუსუს თვალები გაუბრწყინდა.
- ნუ მართალია, მე არ მაქვს ისეთი ლამაზი და კარგი ბინა, როგორსაც შენ მიჩვეული ხარ, მაგრამ ახლა შენს თავშესაფრად, ნამდვილად გამოდგება.
- და... არავის ეწყინება მერე?..
- არა, არა. - დაუყვავა დეტექტივმა. - ამ შემთხვევაში საწყენი ნამდვილად არაფერია. ყველამ იცის შენს გულში ახლა რაც ხდება და ყველანი სათითაოდ განიცდიან, ამიტომ შენს ყოველ გადაწყვეტილებას, პატივს სცემენ და მე თვითონ ვეტყვი. ახსნაც არ დამჭირდება, ისე გაგიგებენ.
- კარგი. დიდი მადლობა... - წაიჩურჩულა ბიჭმა.
- მაშინ, წავედით. - დეტექტივმა მანქანა დაქოქა და იქაურობა დატოვეს.
მთელი საშობაო არდადეგები, კუსუმ მშობლიურ ქალაქში გაატარა. ამ ხნის მანძილზე დეტექტივის ოჯახში მოისურვა დარჩენა და არც არავინ შეეწინააღმდეგა, ოდნავაც კი არ უგრძვნია საყვედური. ყველას მშვენივრად ესმოდა, თუ ბიჭი, როგორ და რამხელა დარდს უმკლავდებოდა.
გამგზავრებამდე მაკას ნახვა კიდევ ორჯერ შესძლო. ყოველ შეხვედრაზე მაკა კატეგორიულად მოითხოვდა, რომ ბინა არც გაეყიდა და არც გაექირავებინა, როცა ყადაღას ახსნიდნენ და არც არავის ეცხოვრა, მაკას გარეშე იქ და ეს რატომღაც კუსუსაც ეხებოდა.
- ყადაღას რომ ახსნიან ჩვენს ბინას, გასაღებს შენ გადმოგცემენ და სანამ მე არ გეტყვი, მანამდე გთხოვ, ნუ შეხვალ იქ. - არიგებდა კუსუს მაკა.
- და რატომ? რა ხდება? - უკვირდა კუსუს.
- როცა აქედან გამოვალ, მერე ყველაფერს მოგიყვები, მხოლოდ ახლა ასეა საჭირო და არც არავის უთხრა რამე, ასე სჯობს.
- კარგი, დეე, არავის არაფერს ვეტყვი.
- და შემპირდი, რომ სწავლას გააგრძელებ უცხოეთში, აუცილებლად! - მკაცრად შეუტია მაკამ. - გამოიყენე ეს შანსი, ხომ ხედავ, ეს ხალხი როგორ პატივს გცემს და მიიღე და დაუფასე!
- ჰომ მაგრამ, ნუთუ არ გაინტერესებს, თუ ეს უცხო ხალხი, ამდენს რატომ აკეთებს ჩემთვის?
- აქვთ საშუალება და აკეთებენ. - მხრები აიჩეჩა მაკამ. - და შენც, რა გენაღვლება?
- და რატომ? რაღა მაინც და მაინც ჩვენ გვეხმარებიან? - უკან არ იხევდა კუსუ. უნდოდა მაკასთვის, რაღაც დაეცდევინებინა. იქნებ, რაღაც მინიშნება მაინც ეთქვა მაკას.
- რაღაც ზედმეტად კითხულობ და შენ რაღაც იცი? - მაკა ეჭვიანად ჩაეკითხა.
კუსუმ თვალი აარიდა.
- კუსუ! რა იცი? - ჩააშტერდა მაკა. - ახლავე მითხარი, ის რაც იცი!
- და რა უნდა ვიცოდე?! - მხრები აიჩეჩა ბიჭმა და თვალიც გაუსწორა. - უბრალოდ, მაინტერესებს და საკმაოდ საეჭვოდ მომეჩვენა ეს ამდენი და ამხელა ქველმოქმედება, ტყუილად არ იქნებოდა და რა იცი ჩემს შესახებ?! რა ხდება ჩემს ირგვლივ?!
- შენს შესახებ? - გაიკვირვა მაკამ. - რა უნდა ხდებოდეს, ისეთი რომ... ან რა შუაში ეს? შენ იმან დაგაეჭვო, რომ ხალხს ასეთი და ამდენი სიკეთის გაღება შეუძლია?
- და რაღა მაინც და მაინც ჩემთვის? ვინ ვარ მე, მათთვის?
- და ვინ უნდა იყო, მართლაც მათთვის? - ირონიულად გაეღიმა მაკას. - უბრალოდ, რაღაცნაირად ლარა თავიდანვე თითქოს უცნაურად მომეჩვენა. უფრო სწორად, უფრო ცანცარა და თავქარიანი მდიდარი გოგო, რომელიც გარკვეული პროტექციით მოეწყო ასეთ ადგილას და თანაც, ქალაქის ცენტრში. მერე უფრო კარგად გავიცანი, დავაკვირდი და ვნახე, რომ მართლაც პროფესიონალი და გულისხმიერი თანამშრომელია. ამ დაკვირვების პერიოდში კი ცოტაც დავმეგობრდით კიდევაც, მერე აღმოჩნდა, რომ შენ იმ ოჯახის შვილებთან მეგობრობ და ასეთი დახმარება გაგიწიეს.
- ჰოო... - უკმაყოფილოდ გააქნია თავი კუსუმ. - მაინც მიკვირს და მე კი ვიფიქრე, რომ ალბათ, მამაჩემის მხრიდან იყო რაღაც...
- რა რაღაც?! - შეუტია მაკამ. - მამაშენი დიდი ხანია გარდაცვლილია და მისგან არც არასდროს არაფერი ვიცოდი! პირიქით, აქეთ გამცალა და გამატყავა. ბრიყვივით ვიყავი შეყვარებული და ყველაფრის უფლებას ვაძლევდი. უნამუსოდ მომექცა, ჩემი ბინაც კი ისე ჩამადებინა ბანკში, რომ ეჭვიც კი არ შემპარვია და ორსული ქალი ქუჩაში დამტოვა! თუ არ შეგიძლია ბავშვის რჩენა, მაშინ აბორტი გაიკეთეო! ასე მომაძახა და სამუდამოდ გაქრა! გაჭირვებით დავიწყე ცხოვრება და ტანჯვითა და ჯაფით მოვიპოვე, ის რაც ახლა მაბადია. არავინ მეხმარებოდა, ჩემით გავიკვალე გზა! და ამიტომაც, როცა ვინმე დახმარების ხელს გიწვდის, უარს ნუ იტყვი, მიიღე იმ ხალხისგან ეს სიკეთე და ზედმეტად ნუღარ ჩაეძიები, თუ რატომ და რისთვის. - მაკა წამით შეყოვნდა. - ისე, სხვა მხრიდან რომ შეხედო, მართლაც საკვირველია, სრულიად უცხო ადამიანს, ამდენ დახმარებას, რომ გიწევენ, მაგრამ დამიჯერე, ჯერ კიდევ დადის კეთილი ხალხი დედამიწაზე და წეღანაც, ხომ გითხარი, არა? სამსახურში მოსული ახალი თანამშრომელი თავიდან ბევრს არ მოეწონა, რადგან მათზე ყველაფრით მაღლა იდგა, არც განათლება აკლდა და არც შეხედულება და ქონება. მეც თითქოს მეგონა, რომ საშინლად ამპარტავანი იქნებოდა, მაგრამ სინამდვილეში, საკმაოდ რბილი და გულჩვილი ადამიანი აღმოჩნდა. იმედია, შენ მათ ოჯახში, ცუდად არ გრძნობ თავს. თუ? ზედმეტ ხომ არ გაწუხებს ვინმე?
- არა, არა! - თავი გააქნია კუსუმ. - მაგ მხრივ, ყველაფერი წესრიგშია, ძალიან კარგი ხალხია, მაგრამ მე მამაჩემზე მაინტერესებდა მაინც. შენი საუბრიდან იმას კი მივხვდი, რომ შესაძლოა, არც იყო შენი ქმარი, მაგრამ მაინც, ვინ არის? ხომ უნდა ვიცოდე, ვისი შვილი ვარ?
- ვისი შვილი ხარ და ჩემი. - ირონიულად მიუგო მაკამ.
- და მამაჩემი? - არ ეშვებოდა კუსუ.
- ხომ გითხარი, ის უნამუსო კაცი დიდი ხანია გარდაცვლილია და სიმართლე გითხრა, მისი ფოტოებიც დავწვი და გავანადგურე თავის დროზე. შენთან ურთიერთობასაც თავის სასარგებლოდ გამოიყენებდა და ახლა რა გგონია, ცოცხალიც რომ იყოს, ვითომ გული მოულბებოდა? თუ მომვლელი და პატრონი სჭირდება, მისი მხრიდან რომელიმე ნათესავს?!
კუსუმ უხმოდ აიჩეჩა მხრები.
- მითხარი, მართლა ვინმე ხომ არ მოგადგა მამაშენის მხრიდან? - შეშფოთებული სახით ჩაეკითხა მაკა.
- არა. - თავი გააქნია კუსუმ. - მაგრამ როცა მისი მოძებნა გადავწყვიტე, მაგ სახელითა და გვარით და იმ მონაცემებით, არსად არავინ ფიქსირდება, გამოგონილი პიროვნება უფრო უნდა იყოს. რატომღაც ასე მგონია.
- რაა?! - შეიცხადა მაკამ.
- ის ერთადერთი ფოტოც, რომელიც მაჩვენე, ვიღაც სულ სხვა კაცისაა და მშვენივრად მესმის, ქმრის გარეშე გამაჩინე და ამიტომაც ვიღაც სხვა კაცის სურათზე მიმტკიცებდი, მამაშენიაო.
პასუხად მაკამ, ღრმად ამოიხვნეშა. აშკარა იყო, ბიჭს მამაზე სიმართლე უნდოდა, მაგრამ აბა რა უნდა ეთქვა მაკას? მართლაც იმას ხომ ვერ ეტყოდა, რომ მოპარული ბავშვი იყო.
- დედა! - ფიქრებიდან კუსუს ხმამ გამოაფხიზლა. - ვინ არის მამაჩემი? რატომ მიმალავ? სიმართლე მინდა!
- არ ვიცი. - ნაღვლიანი ხმით მიუგო მაკამ.
- როგორ, არ იცი?
- უბრალოდ... - მაკა დროს წელავდა, რაღაც უნდა ეღონა, სასწრაფოდ რამე უნდა მოეფიქრებინა, თითქოს ისიც კი უნდოდა ეთქვა, რომ დონორი გამოიყენა.
- რა უბრალოდ? - შეუტია კუსუმ. - გინდა მითხრა, რომ შენი შვილი არ ვარ?!
- საიდან მოიტანე?! ვინ გითხრა?! - მაკას თვალები აენთო. 
- და ვინმეს, რამე უნდა ეთქვა? - გაკვირვებით მიუგო კუსუმ. თუმცა, იმასაც მშვენივრად მიხვდა, თუ როგორ დაფრთხა მაკა.
- რა ვიცი. - მაკამ თავი ხელში აიყვანა და საკმაოდ მშვიდად უპასუხა. - ახლა ასეთ მდგომარეობაში რომ ვარ, ეჭვიც არ მეპარება, რომ ათას ჭორებს ააგორებდნენ და ათას რამეს იტყვიან ჩემზე.
- ჭორები არ მაინტერესებს! - თავი გააქნია კუსუმ. - მხოლოდ მამაჩემზე გკითხე და შენ კიდევ ლამის გაგიჟდი. რა იყო? ნუთუ მართლა არ ვარ შენი შვილი და ამდენი წელი მატყუებდი?! ტყუილში მაცხოვრე, დედი?!
- ვინ გითხრა, ეგ სისულელე?! - ბოლო ხმაზე იღრიალა მაკამ და მუშტები მაგიდას ძლიერად დაჰკრა.
ყველაფერი ცხადი იყო. კუსუს ცალყბად ჩაეღიმა. მაკას რისხვა არად ჩააგდო, წამოდგა, ზურგი შეაქცია და იქაურობა დატოვა. სანამ დერეფანში გადიოდა, ჯერ კიდევ დიდ ხანს ესმოდა მაკას განრისხებული ღრიალი, ბოლო ხმაზე იმუქრებოდა, რომ ცილისწამებისთვის ყველას საკადრის პასუხს მოსთხოვდა, ყველას გასწვდებოდა.
ისევე, როგორც კუსუსთვის, ლარასთვისაც ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო, თუ როგორ და რანაირად მოახერხა მაკამ კუსუს აყვანა და მის კანონიერ შვილად გამოცხადება, ისე რომ ლარას ბავშვი დაღუპულადაც გამოუცხადეს და სხვისი შვილი დასააფლავებინეს.
საშინელი სახით გამოვიდა კუსუ ციხის შენობიდან და ისე ჩაუჯდა დეტექტივს მანქანაში, რომ სიტყვაც არ დაუძრავს. მთელი ეს პერიოდი, ლარას ოჯახთან საერთოდ გაწყვეტილი ჰქონდა ურთიერთობა, თუმცა ლამის დღეში რამდენჯერმე ესმოდა, ამან მოგიკითხა და იმან გიკითხაო.
საშობაო არდადეგებიც მიიწურა და უკვე გამგზავრების დროც დამდგარიყო. კუსუ დიდის ამბით ემზადებოდა. უკვე გადაწყვიტა, სწავლას უფრო სერიოზულად მოჰკიდებოდა და ყველასთვის დაემტკიცებინა, რომ არავის სარჩენი არაფერი სჭირდა. აი დაამთავრებს და აუცილებლად იშოვნის კარგ სამსახურს, ბინასაც იყიდის და მანქანასაც. ხოლო იმ ბინას მაკას დაუტოვებს, მისი არაფერი უნდოდა. არც მაკასი და არც ლარასი არაფერი უნდოდა ბიჭს. მთავარია, როგორმე ეს ჩანაფიქრი მიეყვანა ბოლომდე და მზად იყო ამისთვის წლები ეცადა.
აეროპორტშიც დეტექტივმა წაიყვანა, სადაც უკვე ლარას დის ოჯახი ელოდა. ლარა არსად ჩანდა. კუსუ თვალის ცეცებით ეძებდა, მაგრამ ვერსად დალანდა. ბარგიც ჩააბარეს, რეგისტრაციაც გაიარეს და ლარა მაინც არსად იყო.
კუსუ დეტექტივს გამოემშვიდობა და მერე ძალიან ჩუმად ლამის ჩურჩულით უთხრა:
- მაკას ბინის გასაღები შენ აიღე, როცა ყადაღა მოეხსენება და არავის მისცე, იქ შესვლის უფლება.
- კარგი, რა პრობლემაა?! - ღიმილით მიუგო დეტექტივმა. - შევინახავ შენს ჩამოსვლამდე და თუ ასე ძალიან არ გინდა, არც არავის შევუშვებ.
- მეე? - ცალყბად გაეღიმა ბიჭს. - მე კი არა, მაკას არ უნდა, მის გამოსვლამდე ვინმემ რომ საერთოდ ფეხი შედგას.
- კარგი, ბატონო! - კვლავ ღიმილით უპასუხა დეტექტივმა. - არავის მივცემ იქ შესვლის უფლებას. არც იქ და არც იმ მეორე ბინაში.
- არა, მეორე ბინაზე არაფერი ვიცი, თუ გინდა შედი და იცხოვრე, ან გააქირავე. მეორე ბინას ეს არ ეხება.
- გასაგებია, მეორე ბინას ეს აკრძალვა არ ეხება.  - თავი დაუკრა დეტექტივმა.
კუსუ ჩაფიქრებული იდგა, თითქოს კიდევ რაღაცის თქმა ცდილობდა და სიტყვებს თავს ვერ უყრიდა.
- ცოტაც და ეს თვითმფრინავი უშენოდ გაფრინდება. - დაიწყო დეტექტივმა. - მითხარი ბარემ, რის თქმაც გსურს. რა გაწუხებს? ჩვენ ხომ მეგობრები ვართ?! თუ არ ვართ?!
- კი, კი! ვართ! როგორ არ ვართ!
- მერე თქვი, ბარემ.
- მაკას რატომღაც ძალიან არ უნდა, რომ იმ ბინაში ვინმემ უცხომ შეიხედოს, იმდენად არ უნდა, რომ მეც კი ამიკრძალა, სანამ არ გამოვალ არ შეხვიდეო. - ბიჭმა თვალი გაუსწორა დეტექტივს და ისიც მშვენივრად მიხვდა, თუ რას გულისხმობდა კუსუ.
ჭკვიანი ბიჭი აღმოჩნდა კუსუ.
 
***
- მშვიდობით ჩაფრინდნენ! - ლარას მამამ ტელეფონი გამორთო და ოჯახის წევრებს აუწყა.
- მადლობა ღმერთს. - გულზე მოეშვა ლარას.  - ისე ვნერვიულობდი და თანაც სპეციალურად არ მივედი გასაცილებლად. არ მინდა ზედმეტად თვალში შევეჩხირო, ისედაც გამწარებულ ბავშვს.
- ჰოდა, ძალიან კარგი. - მოუწონა მამამ. - სწორად მოქცეულხარ.
- ისე, სხვათა შორის. - ჩაურთო დეტექტივმა. - აშკარად გეძებდა თვალებით.
- მართლა? - თვალები გაუბრწყინდა ლარას.
- მართლა. - ღიმილით დაუკრა თავი დეტექტივმა. - ლამის მის გარეშე გაფრინდნენ, ისე ითრევდა ფეხს.
ლარას ღიმილი მოერია და სიხარულის ცრემლებიც კი გადმოსცვივდა.
- მართლა ძალიან კარგი ქენი, რომ არ მიეჭერი გასაცილებლად. - ახლა ძმამ მოუწონა. - მიხვდეს, გაიგოს და იგრძნოს, რომ ზედმეტად არაფერს აიძულებ. ასე უფრო შეგიყვარებს.
- ნუ რადგან, ყველანი დამშვიდდით და კარგ ხასიათზეც ხართ, მგონი მეც უნდა მქონდეს რაღაც საინტერესო ამბები. - ჩაურთო დეტექტივმა.
- ჰოო? - მაშინვე დაინტერესდა ლარას მამა. - აბა, გვითხარი, ყმაწვილო.
- მაკა კატეგორიულ უარზე და არაფერს ამტკიცებს, არც არავის ადებს ხელს და ყველაფერი მომიგონესო.
- ეგ ხომ ისედაც ვიცით. - ჩაურთო ძმამ.
- დიახ, ეგ ისედაც იცოდით, მაგრამ ის თუ იცით, რომ მაკა ასევე კატეგორიული წინააღმდეგია, რომ სანამ გარეთ არ გამოვა, თუნდაც წლებიც გავიდეს, მის ბინაში, ფეხიც არავინ შედგას! ცხვირიც კი არ შეჰყოს!
- და მერე, რა? - მხრები აიჩეჩა ლარამ.
- მერე ის, რომ შეიძლება მაკას რაღაც კომპრომატი ჰქონდეს იქ გადამალული. - ნიშნის მოგებით მიუგო დეტექტივმა.
- არც არის გასაკვირი. - ჩაურთო მამამ. - მაგრამ ჩხრეკა ხომ ჩატარდა და...
- ჩვეულებრივი პროცედურით. - მიუგო დეტექტივმა. - და როგორც თქვენ დაგვარიგეთ, ჩხრეკის კვალი, არ უნდა დატყობოდა სახლს. არაფერი აგვირევია, ყველაფერს, იმავე ადგილას ვაბრუნებდით, საიდანაც ვიღებდით, მაგრამ გარწმუნებთ, უჯრებსა და სათავსოებში, ნამდვილად არაფერი იყო. კარადებიც კი გამოვწიეთ, მაგიდის ქვეშაც მოვათვალიერეთ.
- ესე იგი, გამოდის რომ ბინაში სადღაც, სამალავიც უნდა იყოს, არა? - დაურთო ძმამ.
- ასე ვფიქრობ. - კვერი დაუკრა დეტექტივმა. - და თუ იცით, პირველად ვის მოუვიდა ეს იდეა?
- კუსუ? - წარბები აზიდა ლარას მამამ.
- დიახ. - თავი დაუქნია დეტექტივმა. - გასაღებიც სპეციალურად მე გადმომაბარა და მაკას კატეგორიულ თხოვნასაც ისე გაუსვა ხაზი, რომ მაშინვე მეც ვიფიქრე, სახლში რაღაც არის დამალული და არც კუსუმ იცის რა.
- და ჩვენს გარდა, ვინმეს უთხარი უკვე? - ჩაეკითხა ლარას ძმა.
- ასე მიცნობთ? - ცოტა არ იყოს, იწყინა კიდეც დეტექტივმა.
- მოკლედ, ჩვენ სამნი, როგორმე მეზობლების შეუმჩნევლად უნდა შევიდეთ იმ ბინაში. - გამოაცხადა მამამ.
- და რატომ შეუმჩნევლად? - მხრები აიჩეჩა დეტექტივმა. - დაგვინახონ თუ უნდათ, ბოლოს და ბოლოს თანამშრომელი ვარ და თუ საჭიროა, საბუთსაც ვაჩვენებ, თქვენ კი ჩემთან ერთად იქნებით, როგორც ოპერატიული მუშაკები.
- მერე, რაღას ვუცდით? - წამოდგა ძმა.  - ჩემი მანქანით წავიდეთ.
- არა! - შეაჩერა მამამ. - დათის მანქანით სჯობს, რადგან სავარაუდოდ, ჭორიკანა მეზობლებს უკვე დაფიქსირებულიც ეყოლებათ, თუ ვინ არის, ვისთან და რატომ მოდის.
ყველას გულიანად გაეცინათ.
მაკას ბინაში ყოველი კუთხე-კუნჭული გულდასმით გადაქექეს, მაგრამ ვერაფერი აღმოაჩინეს. ბოლოს მისავათებულები, სამივე სასტუმრო ოთახში დივანსა თუ სავარძელში ჩაესვენა.
- მოდი, რა მაკას ყავა დავაგემოვნოთ. - სიცილით აღნიშნა ძმამ.
- დაიცა, რაა. - უსაყვედურა მამამ. - ვეღარ მოგითმენია? გავალთ გარეთ და მიირთვი რამდენიც გინდა.
- და ფიქრობ, რომ მაკას დათვლილიც ექნება თუ რამდენი კოვზი დატოვა? - ირონიულად მიუგო ძმამ.
- ჰმ, არც გამიკვირდება. - ცალყბად გაუღიმა მამამ.
დეტექტივი ჩაფიქრებული იჯდა და არ ერეოდა მამა-შვილის ქილიკში. მერე მამამ მასაც ირონიით შეუძახა:
- ჰა, რა იყო? რამ ჩაგაფიქრა?
დეტექტივმა უხმოდ გააქნია თავი.
- ნუთუ სამი ამხელა კაცის ტვინს, ერთი მაკას ტვინი წონის? - მამას კვლავ ირონიული ხმა ჰქონდა, თუმცა უკვე აღარც ეცინებოდა.
- მაშინ ვიმსჯელოთ, თუ სად შეეძლო რამე გადაენახა. - უპასუხა ძმამ. - დავუშვათ საკვებ სათავსოებში. თუნდაც, ყავის კონტეინერში.
- არა, არა! - თავი გააქნია მამამ. - ყავა, შაქარი და ბრინჯიც კი გამორიცხე!
- ვითო, რატომ?! - შეეპასუხა ძმა. - კუსუ დიდად ყავის მოყვარული არც არის, რომ ბავშვს შემთხვევით მაინც აღმოეჩინა.
- სამაგიეროდ გვერდით ისეთი მეზობელი ჰყავს. - ჩაურთო დეტექტივმა. - და ისე მშვენივრად იყო მაკას კმაყოფაზე, რომ გამორიცხული არც იქნებოდა, ხშირად შემოსულიყო შაქარზე, მარილზე და ასე შემდეგ.
- დიახ, ყმაწვილო! - კვერი დაუკრა მამამ. - თქვენ ჭეშმარიტებას ღაღადებთ! მაკა იქ არაფერს შეინახავდა, სადაც შემთხვევითაც კი დასაშვები იქნებოდა რომ კუსუს აღმოეჩინა.
- ფაქტიურად, ყველაფერი გამოვრიცხეთ. - ამოიხვნეშა ძმამ. - და ავტოფარეხი?
- არ ჰქონია. - თავი გააქნია დეტექტივმა. - აქ ეზოში აჩერებს ყველა.
- და თვითონ მანქანა? - კვლავ იკითხა ძმამ.
- მანქანაც ლამის დავშალეთ და თავიდან ავაწყვეთ.
- ჰმ.
- ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმ ადგილსა თუ ნივთებს. - დაიწყო მამამ. - სადაც კუსუს არასდროს არც თავში მოუვა და არც დასჭირდება.
- ჰო, მაგრამ, რა?! - შეუტია ძმამ. - მაკას საცვლები კუსუ არასდროს დასჭირდება, თუმცა იქაც კი ვეძებეთ. მაკას ოთახი ყელაზე მეტად გადავქექეთ. კუსუს ტანსაცმელშიც კი ვეძებეთ!
- მდაა... - ამოიხვნეშა მამამ. - არც კუსუს მოუვა თავში და არც ჩვენ არაფერი იდეა მოგვდის.
- და იქნებ, მართლაც არაფერი აქვს აქ შენახული და სპეციალურად მიანიშნა კუსუ, რომ ჩვენ ვეძებოთ, ვქექოთ და ვერაფერი ვნახოთ?! - დაურთო დეტექტივმა. - და ამით, მერე რა?..
- მართლაც, ამით მერე, რა... - კვერი დაუკრა მამამ.
- დავიღალე! აღარ შემიძლია მეტი! - კოპები შეკრა ძმამ.
- კარგი, წავიდეთ უკვე ნელა-ნელა. - დაეთანხმა მამა. - თუმცა სანამ წამოვდგებით, კიდევ ერთხელ გავაანალიზოთ. აი სწორედ ამ სახლში რომ ვცხოვრობდეთ რომელიმე, სად გადავმალავდით საჭირო ფლეშ ბარათს, ან თუნდაც საბუთებს?
- საბუთებს ან თუნდაც სხვა რამეებსაც, ხშირად ნახატის უკანა ჩარჩოში მალავენ. - მიუგო დეტექტივმა. - და იქაც ვნახეთ უკვე.
- მდაა... - ამოიხვნეშა მამამ. - ეგეც უკვე გაცვეთილი თემაა,  ისევე როგორც სქელტანიან ვითომ წიგნში სამალავის მოწყობა.
- და არც ეგ დაგვიტოვებია უყურადღებოდ. - დაურთო ძმამ. - ყვავილის ქოთნებიც კი ვნახე მე თვითონ!
- შენ ზედაპირულად მოჩიჩქნე და იქნებ, უფრო ღრმად მის ძირში აქვს რამე დამალული. - მიუგო მამამ.
- ახლა ეს ამხელა ტოტებიანი ხე მათხრევინე, კიდევ. - ირონიულად გააქნია თავი ძმამ.
- ისე... - ჩაფიქრებული ხმით ჩაურთო დეტექტივმა. - შესაძლებელია, სწორედაც რომ აი, ამ ფიკუსის ძირში, სადრენაჟე კუთხესთან იყოს ისე ჩამალული, რომ მართლაც აზრად არავის მოუვიდეს, ამხელა ხის ამოთხრა.
მამამ ძმას რაღაცნაირი თვალი შეავლო.
- რას მიყურებ? - ეჭვიანად ჰკითხა ძმამ. - ახლა არ მითხრა, ეგ ამოვთხაროთო.
- მშვენიერი იდეაა და თანაც, იცი რაშია საქმე. - დაიწყო მამამ. - ვისაც ყვავილები უყვარს და უვლის, ის ადამიანი ვინმეს მაინც უბარებს, რომ მიუხედონ, წყალი მაინც დაუსხან და მაკას მსგავსიც არაფერი უთქვამს, ხომ?
- და რა დროს ფიკუსია, როცა ასეთ დღეშია, ესეც ხომ უნდა გაითვალისწინო, მამაჩემო?
- კი ბატონო. - ამოიხვნეშა მამამ. - სრულიად გეთანხმები და ისიც თვალში საცემია, რომ იქვე მცენარის ტოტის ძირშია სპეციალური სარწყავი ბოთლია ჩამაგრებული, რომელიც სავარაუდოდ საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე აწვდის წყალს.
- ხომ მაგრამ, ხომ შეიძლებოდა ეთქვა კუსუსთვის, რომ მიაქციე ყურადღება, კონტეინერში წყალი ხომ არ გამოილია. - მიუგო ძმამ.
- სავარაუდოდ, მართლაც ახლა არ სცხელა მაკას თავისი შვილივით ნაზარდი ფიკუსისთვის. - დაურთო დეტექტივმა. 
- ვითომ? - ჩაეკითხა ძმა.
- რადგან მაკას მაინც იმედი აქვს, შედარებით ადვილად გამოძრომის. - დაურთო მამამ.
- იმიტომ რომ მშვენივრად იცის, მის წინააღმდეგ ჯერ კიდევ ირიბი სამხილებია. - დაუმატა დეტექტივმა.
მოულოდნელად ძმამ აღმოაჩინა, თუ როგორ ჩააშტერდა მამამისი ლამის უკვე ჭერამდე ასულ დიდ ფიკუსს.
- არც გაბედო! - სიცილით შეუძახა მამას.
- ამაღამ რა დამაძინებს, ამის დარდით. - სერიოზული ხმით მიუგო მამამ. - აბა, მიდით ბიჭებო, რამე დიდი ზეწარი ან გადასაფარებელი ნახეთ და აქ გავშალოთ.
- და გინდა რომ იატაკზე ეს ხე წამოაქციო? - შეუბღვირა ძმამ.
- ბარემ მაინც აქ ვართ. - დეტექტივი ზლაზვნით წამოდგა. მართალია, უკვე ძალიან გადაღლილი იყო და საშინლად ეზარებოდა კიდევაც და თანაც, აღარც რამის აღმოჩენის იმედი ჰქონდა, მაგრამ უარი ვეღარ შეჰკადრა, მომავალ სასიმამროს.
წამოდგომისთანავე რაღაცნაირად წაბორძიკდა, ინერციით წინ წავიდა და ლამის გაწვა წიგნების კარადის წინ მდგარ მაგიდაზე და მოჭიდების მიზნით, უნებურად იქვე მდგარ პატარა სტატუეტს სტაცა ხელი.
წამსვე სიცილი დააყარეს, თავადაც გულიანად გაეცინა, მერე ისიც აღნიშნა, რომ ასეთი მძიმე მეტალის ფიგურა, იმის მაგივრად, რომ ბევრად უფრო მძიმე უნდა ყოფილიყო და რატომღაც საკმაოდ მსუბუქად მოეჩვენა.
მამამ ეჭვიანი მზერა მიაპყრო მაგიდის კუთხეში, მძიმე მუხის დაფაზე, დედისა და ჩვილის მოოქროვილი ბიუსტს. ნამუშევარი იმდენად ოსტატურად იყო დამუშავებული, რომ საკმაოდ ძლიერად აჩნდა ლითონის დაჟანგული კვალი, წლების მიერ დატოვებული მუქი ლაქები ღარებში და კეთილშობილური ბრინჯაოსფერი ბზინვარებით ისე ჭრიდა თვალს, რომ მნახველს ეჭვიც კი არ შეეპარებოდა, მის წინ ნამდვილად ფერად ლითონში ჩამოსხმული ნამუშევარი იყო.
საძინებლიდან გამოტანილი, საკმაოდ დიდი ზომის გადასაფარებელი იატაკზე ფართოდ გაშალეს. ფიკუსი ფრთხილად წამოაყირავეს და ლამის ფესვებიანად ამოთხარეს.  დიდ ოთხკუთხა ქოთანს, სიღრმეში ერთ-ერთ კედელზე, მართლაც აღმოაჩნდა სამალავი. სადაც პოლიეთილენში კარგად დაცული, ძველი საბუთები ინახებოდა.
მამამ აკანკალებული ხელით ამოაძვრინა და სანამ გახსნიდა, ბიჭებს მიმართა:
- თუ ეს არაფერში გამოგვადგება, მაშინ ხომ იცით, ყველაფერი უნდ მოსუფთავდეს და თავის ადგილას, ისე დაბრუნდეს, რომ არაფერი შეეტყოს!
- ისედაც ფიკუსს დავაბრუნებთ თავის ადგილას. - მიუგო ძმამ. - აბა, მართლა მცენარე, რა შუაშია.
- მცენარე, ნამდვილად არ არის შუაში. - მამა დივანზე ჩამოჯდა და ჯერ კიდევ გაუხსნელი პაკეტი ეჭირა ხელში.
- და აღარ გახსნი, ბოლოს და ბოლოს?! - მოთმინების ფიალა აევსო ძმას.
მამას ხელი უკანკალებდა, ძლივს ხსნიდა და არც არავის ანდობდა, თავად სურდა პირველს ენახა, თუ რა იყო ასეთ მიუგნებელ ადგილას დამალული.
საბუთებში, სათითაო ფურცელზე, დეტალურად იყო დაფიქსირებული, თუ როდის და ვისი ხელშეწყობით, დახმარებითა თუ ნებართვით მოხდა კუსუს მაკას შვილად გამოცხადება, ჩვილის დაბადებიდან სამი თვის თავზე.
საინტერესო იყო ის ფაქტიც, რომ მთელი სამი თვე, დაბადებიდან რეანიმაციაში მყოფი მომაკვდავი ჩვილი, შვილდება თუ არა, მაშინვე უკვე ახალი სახელითა და გვარით, როგორც სრულიად ჯანმრთელი ბავშვი, ისე ფიქსირდება და ამაზე მეტად საგანგაშო ის იყო, რომ გაშვილების ნებართვის დოკუმენტს ხელს აწერდნენ, როგორც მშობლები, ასევე ლარას დედამთილიც. იქვე იყო მითითებული ჩვილის აყვანის საზღაურის, საკმაოდ დიდი თანხაც, აღნიშნული თავის გადამხდელითა და მიმღებით. ხოლო გაშვილების მიზეზად კი დასახელებული იყო ის, რომ ავადმყოფი ჩვილის უცხოეთში სამკურნალოდ, უსახსრობის გამო, ხელმოკლე ოჯახი, იძულებული ხდება ბავშვი გაასხვისოს.
- ნაძირლები! - იღმუვლა მამამ. გაფითრებული, ლამის სუნთქვა შეკრული დაჰყურებდა საბუთებს. ცივი ოფლი ასხამდა და ხმას ვეღარ იღებდა. აშკარად სუნთქვაც უჭირდა.
- მამა! - შეშფოთებული ხმით შეუძახა ლარას ძმამ. - მამა! ცუდად ხარ? სასწრაფოს გამოვიძახებ!
- ახლავე, რამე წამალს ვნახავ! - წამოიჭრა დეტექტივი.
- არ მინდა მაგ გველეშაპი ქალის წამალი! - ამოიხავლა მამამ.
- მამა, სასწრაფოს გამოვიძახებ!
- არა, არ მინდა! - თავი გააქნია მამამ. - გული კი არ მაქვს ცუდა, ბრაზი მახრჩობს, რომ ჩემი სისხლი და ხორცი, ასეთი ნაძირლების ხელში აღმოჩნდა და არაფერი ვიცოდი.
- რას წარმოვიდგენდით, თორემ შუაზე გავგლეჯდი იმ დედა-შვილს! - ლარას ქმრისა და დედამთილის მისამართით შეიკურთა ლარას ძმამ.
- ნამდვილად დაუჯერებელია. - თავი გააქნია დეტექტივმა. - ჩემი თვალით რომ არ წამეკითხა, თუმცა ისიც ნაკლებ სარწმუნოა, რომ ლარას თავისი ნებით მოეწერა ხელი ბავშვის გაშვილებაზე და მით უმეტეს, გაყიდვაზე.
- რა სისულელეა?! - წამოიძახა ძმამ. - მაგას მაინც ვერავინ დამარწმუნებს, რომ ლარა, ფულს დახარბდა!
- ფული, არა მაგრამ შეიძლება, მართლაც მისი ხელმოწერაა, და ისე მოატყუეს, რომ არც კი იცოდა, თუ რაზე აწერდა. - მიუგო დეტექტივმა.
- შეიძლება, ყველაფერი, შეიძლება. - ლარას მამამ თავი ხელებში ჩარგო. - გონზეც ვერ მოვდივარ, თუ ასე რატომ უნდა მოიქცე?.. ფულის გულისთვის, როგორ უნდა გაყიდო საკუთარი შვილი...
- და მაინც, ცოტა აბსურდი მეჩვენება. - დაიწყო ძმამ. - ჯერ დავუშვათ ის, რომ გაჭირვებული ოჯახია და ამიტომაც უარი არის ბავშვზე ნათქვამი, ნუ კარგი, ეგ გასაგებია, ეგ ვერსია ჩავყლაპეთ, მაგრამ აქ მითითებული ასე ვთქვათ, ავადმყოფი და ლამის უკვე ბოლო წუთებს ითვლის ბავშვიო, ასეთ ჩვილი რატომ უნდა იყიდო ან იშვილო? და თანაც, ამხელა თანხის სანაცვლოდ?
- ნახე, საბუთებში როგორ წერია. - მიანიშნა დეტექტივმა. - ბავშვზე რომ უარს ამბობს ოჯახი და გარკვეული კერძო კლინიკა უხდის მას ასევე გარკვეულ საფასურს, თანაც მომაკვდავ ჩვილში, აი სწორედ ეს უფრო მეტად ამძიმებს დანაშაულს.
- და რატომ? - მხრები აიჩეჩა ძმამ. - შეიძლება, ბავშვს გარკვეული ნაკლიც ჰქონდეს და ავადმყოფიც იყოს და მათი უფრო მესმის, ღვთის მადლია ასეთი უცხო ბავშვის გაზრდა, მაგრამ აქ მომაკვდავი ჩვილია აღნიშნული და საკმაოდ დიდი თანხის სანაცვლოდ.
- ჰმ. - მამამ ბოღმისგან მუშტები შეკრა. - მომაკვდავი ჩვილი, მხოლოდ დონორად თუ დასჭირდებოდათ.
- ღმერთო, ჩემო! - წამოენთო ლარას ძმამ. - სად ვცხოვრობთ?! სად?! შენს გვერდით, უფრო სწორად შენს ოჯახში! ჩვენს ოჯახში, ჩვენივე ბავშვს დონორად ჰყიდიან და ჩვენ კი წარმოდგენაც კი არ გვქონდა!
- და თუ დონორად გაგვიყიდეს ბავშვი, მაშინ?.. - ლარას ძმამ მხრები აიჩეჩა.
- მაშინ ან რაღაც ისე ვერ წავიდა. - ჩაურთო დეტექტივმა. - ან მშობლებს ატყუებდნენ, ვითომდა ავადმყოფ ჩვილში უხდიდნენ ფულს. ნახე როგორ არის კუსუს საბუთები შედგენილი, რომ ჯერ რომელიღაც კერძო კლინიკა იღებს ვალდებულებას უიმედოდ დაავადებული ჩვილის მკურნალობაზე, თუმცა როგორც კი ჩვილი შედის, უმალ ხდება მისი ვინაობის შეცვლა და უკვე საღ-სალამათი ბავშვი ოფიციალურად მაკას შვილია.
- ესე იგი, ლარას ყოფილ იდიოტ ქმარს და მის ჩათლახ დედამთილს მოატყუეს ჩვილის ჯანმრთელობაზე სიმართლე დაუმალეს, არა?! - იღრინებოდა ლარას ძმა.
- ჰოდა, მათაც იფიქრეს, რომ მაინც კვდებაო და ბარემ ფულიც გავაკეთოთო. - დაურთო ლარას მამამ.
- და ბავშვიც დონორად გაყიდეს. - თავი დაუქია დეტექტივმა.
- და ახლა რას ვაპირებთ?! - ძმამ სათითაოდ გადახედა.
- ახლა ჯერ ეს ხე რომ წამოვაქციეთ. - დაიწყო მამამ. - თავის ადგილზე დავაბრუნოთ. მცენარე არაფერ შუაშია, გახმობას მაინც გადავარჩინოთ და წავიდეთ სახლში, იქ მოვიფიქროთ შემდეგი ჩვენი შემდეგი ნაბიჯი რა იქნება და ჯერ ლარას, არაფერი უთხრათ.
სამივე წამოიმართა, მაგრამ ლარას მამას, ისევ რატომღაც თვალი იმ მაგიდაზე მდგარ ბრინჯაოს ფიგურისკენ გაექცა.
სტატუეტი საოცრად ლამაზი იყო, დედის სახეზე გამოხატული ნაზი, თითქმის წმინდანური ღიმილი და ჩვილის მიძინებული ფიგურა, რომელიც დედის მკერდზე იყო მიკრული, რაღაცნაირ უცნაურ სიმშვიდესა და იდუმალებას ასხივებდა.
LEX. 2026 წლის 28 ივნისი, კვირა.

No comments:

Post a Comment