Thursday, June 25, 2026

ნატის ჩექმები (ნაწილი 53)

53.
კუსუს თვალში ყველაფერი აირია, ვერაფერს ხედავდა, მხოლოდ ის შეამჩნია, თუ როგორ აიზილა ტორტის კრემში მისი ახალი ბოტასები. არადა, როგორ მოეწონა და ძლივს გაუმხილა ლარას, თუ როგორ ნელ-ნელა აგროვებდა იმ ბოტასების საყიდლად ფულს, რადგან არ უნდოდა დედიკო შეეწუხებინა, თავად გადაწყვიტა ყიდვა. მერე ლარამ სთხოვა, ჩემი დაკარგული შვილის სახელზე მე გიყიდიო, მაგრამ კუსუ სასტიკ უარზე დადგა. ბოლოს ისე მოილაპარაკეს, რომ ლარა შეიძენდა და კუსუ ნელ-ნელა გადაუხდიდა, მხოლოდ ამ პირობით დაითანხმა ბიჭი და კუსუც ბედნიერი იყო, ნანატრი ფეხსაცმელი ეცვა, თანაც ლარას შვილის დაბადების დღე ყოფილა თურმე და მის საპატივცემულოდ კუსუს ერგო ასეთი ბედნიერება. ამასთანავე, დედასაც ზედმეტად არ შეაწუხებდა, ისედაც მშვენივრად იცოდა, თუ რამდენად დიდი ხარჯი იყო უცხოეთში სწავლის გაგრძელება. ლარას ოჯახიც საკმაოდ დიდ დახმარებას უწევდა და ბიჭი ბედნიერი იყო, თუმცა ბოლო დროს, რატომღაც დედასთან გასაუბრება სულ უფრო და უფრო პრობლემატური ხდებოდა.
ლარამ მილოცვა დაამთავრა თუ არა, ბიჭს მაშინვე თვალთ დაუბნელდა და ვერც კი შენიშნა თუ იმხელა ტორტს როგორ უშვა ხელი. მხოლოდ ფერადი კრემისგან ამოსვრილ ბოტასებს დაჰყურებდა და აღარც ენაღვლებოდა, არაფერი უნდოდა, წამში ყველაფერი დაენგრა, მის ირგვლივ ყველაფერი უცებ ნაცრისფერი გახდა. მხოლოდ ტორტის ფერები რაღაცნაირად დატრიალდა და მერე ყველაფერი ირგვლივ ჩაბნელდა.
გონს როცა მოვიდა, თავის ოთახში საწოლზე იწვა, მის გვერდით ლარას დის ქმარი ცივი ტილოთი უზელდა შუბლს და ლოყებს. ბიჭს მაღალი სიცხისგან სახე ეწვოდა, ჯოჯოხეთი გამოიარა და ის ერთი წამი საკუნის ტანჯვად ექცა.
„სახლში მინდა...
დედასთან მინდა...“
მხოლოდ ამას ფიქრობდა და მეტი არაფერი უნდოდა ახლა, მხოლოდ არავინ დაენახა, ვინც იმ ოთახში იყო იმ დროს, როცა... როცა...
- დედა! - წამოიძახა უცებ და მერე გაბზარული ხმით დასძინა. - დედასთან მინდა... ჩემს სახლში...
- მესმის, რომ ძალიან რთულია იმის მიღება, რომ ერთ წამში გააცნობიერო ის უმძიმესი სიტუაცია. - დაბალი ხმით დაიწყო ლარას დის ქმარმა. - მაგიტომაც მე დავრჩი შენთან და სხვა არავინ შემოვუშვი, იმიტომ რომ მეც უცხო გამოვდივარ ამ ოჯახისთვის და მერე რა, რომ მათი სიძე ვარ, მაინც უცხო ვარ, რადგან მათი სისხლი და ხორცი არ ვარ, თუმცა საერთო შვილები კი გვყავს და მხოლოდ შვილებით ვართ ნათესაურ კავშირში. - კაცი წამით შეყოვნდა. - მაშინვე მივხვდი, რომ შენც სწორედ იმ ერთ წამში თავი უცხოდ იგრძენი, ამიტომაც ოთახიდან ყველა დავითხოვე და მარტო მე და შენ დავრჩით აქ. ვერავინ შემოჰყოფს ცხვირს, შენი ნებართვის გარეშე, არ ინერვიულო, დაისვენე, გამოიძინე და მერე...
- და მერე?.. რა მერე?.. - აკანკალებული ხმით წამოიკნავლა ბიჭმა.
- მერე ის რომ გინდა-არ გინდა, მაინც მოგიწევს გაცნობიერება იმისა, რომ მთელი ცხრამეტი წელი, სულ სხვა ცხოვრებით იცხოვრე...
- თვრამეტი! - კუშტად წამოიძახა ბიჭმა. - მე თვრამეტი წლის ვარ!
- თუ გინდა, ჩვიდმეტის იყავი. - მშვიდად მიუგო სიძემ. - არც იმდენად ცოტა წლებია, რომ ასე ადვილად შეეგუო....
- დედასთან მინდა! ჩემს სახლში და არც არაფრის შეგუებას არ ვაპირებ! - კუშტად მიახალა ბიჭმა.
- სხვათა შორის, ეგეც შენი არჩევანია. - კვლავ მშვიდად მიუგო სიძემ. - ვისთანაც გინდა, იმასთან დარჩები და სადაც გინდა, იქ იცხოვრებ და ვერც ვერავინ დაგაძალებს და ვერც ვერავინ გაიძულებს, იმაზე მეტს, რაც შენ არ გინდა.
ბიჭმა ვერაფერი უპასუხა. დიდი სიამოვნებით ახლავე წამოხტებოდა და დედასთან დაბრუნდებოდა, მაგრამ ისიც მშვენივრად იცოდა, რომ არც იმდენად იაფი ღირდა ბილეთი და არც ის უნდოდა, ვინმესთვის ეთხოვა, თუნდაც სესხად.
- გთხოვ... შენ მაინც დამარეკინე დედასთან... - შეევედრა ბიჭი.
- ვერ გეტყვი, ამ წუთას რამდენად შევძლებ, მაგრამ შევეცდები...
- რატომ? რა პრობლემაა?! - ბიჭმა წარბები შეკრა. - თუ უთხარით უკვე დედაჩემს, რომ შვილის მოპარვას აბრალებთ და ახლა ჩემი ხმის გაგონებაც აღარ უნდა?! ვინ მოგცათ უფლება, ჩემს პირად ცხოვრებაში ჩარეულიყავით და საიდან მიმტკიცებთ იმას, რომ მაკა თურმე, სხივს შვილს ზრდიდა და თანაც, მოპარულს!
- ასე დაწვრილებით დეტალები, ნამდვილად არ ვიცი, თუ როგორ მოხდა შენი გატაცება და როგორ აღმოჩნდი მაკასთან. მხოლოდ ის ვიცი, რომ ნამდვილად ლარას შვილი ხარ, რადგან დნმ-ს ანალიზმაც ასე აჩვენა და თანაც ორჯერ მოხდა მისი გადამოწმება.
- რაა?! - ახლა უფრო გაბრაზდა ბიჭი. - ვინ მოგცათ უფლება ჩემი შემოწმების?! რა უფლებით?! რა უფლებით?!
- მართალი ხარ. - კვლავ მშვიდად მიუგო სიძემ. - ნამდვილად კანონის დარღვევით მოხდა შენი დნმ-ს ანალიზის აღება და ყველანი და მათ შორის მეც, მზად ვართ პასუხიც ვაგოთ და საჭირო კომპენსაციაც გადავიხადოთ.
ბიჭმა უნდობლად გახედა.
- კარგი ახლა, დაისვენე, გამოიძინე და მერე უფრო დასვენებული გონებით შევძლებთ გავისაუბროთ. - სიძეს ისევ დინჯი და აუღელვებელი ხმა ჰქონდა. - შენ არავინ არაფერს გაიძულებს, მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე გითხრეს და ამის მერე, შენ როგორც გინდა, ვისთანაც გინდა და სადაც გინდა იქ იცხოვრებ, მხოლოდ ჩემი რჩევაა, რადგან ასეთი ნიჭიერი და საკმაოდ გონებაგახსნილი ბიჭი ხარ, სწავლას თავს ნუ დაანებებ. ემოციებისა და ამბიციების გამო, არ ღირს იმაზე ზურგის შექცევა, რაზეც ახლა თუ არა, წლების მერე, აუცილებლად გული დაგწყდება.
- ესე იგი, გამოდის რომ ისევ აქ დავრჩე, სწავლა განვაგრძო და ისე ვიცხოვრო, თითქოს არც არაფერი მომხდარა? - საშინლად უკმაყოფილო ხმით უთხრა ბიჭმა.
- დიახაც, აქ უნდა დარჩე და სწავლაც განაგრძო, თუნდაც იმიტომ რომ საკმაოდ დიდი პოტენციალი გაქვს, რომ მომავალი ცხოვრება შენ თვითონ, სხვებისგან დამოუკიდებლად აიწყო და სწორედ ამისთვის არის საჭირო და აუცილებელი სწავლის გაგრძელება და ბოლომდე მიყვანა, ის რაც თავიდან ჩაიფიქრე.
ბიჭმა ვერაფერი უპასუხა. მხოლოდ მძიმედ ამოიხვნეშა. სიძემ კი განაგრძო:
- ახლა რაც შეეხება, ყველაზე მთავარს და არა მარტო შენთვის, არამედ ჩვენთვისაც ყველაზე მძიმე და მტკივნეულ საკითხს. - სიძემ წამით იყუჩა. - ჩვენ მაკას არაფერს ვაბრალებთ, რადგან დიდი ალბათობაა, რომ არც კი იცოდა, მოპარული თუ იყავი. ლარა კი, წლების წინ მოატყუეს და რადგან დაღუპული ეგონე, რა თქმა უნდა, შენი ძებნა არც უცდია. შენ ახლა ლარას პოზიციაც უნდა გაითვალისწინო და არ შეიძლება მისი შეძულება, რადგან ის, უგვანო ქმრის ხელში, ერთი ახალგაზრდობიდანვე გატანჯული ქალია და ახლა მეორე მხარესაც გავიხედოთ. - სიძემ კვლავ წამით შეისვენა. - სავარაუდოდ, არც მაკას ექნებოდა დალხენილი ოჯახი, რადგან მეუღლის გარეშე მოუხდა შვილის გაზრდა, მარტოხელა დედობა არჩია, ალბათ უვარგის ქმარს. იცი, ზოგჯერ უშვილო ცოლ-ქმარი იმიტომ შორდება, რომ ერთს უნდა შვილის აყვანა, მეორეს კი არ უნდა, მაკამ კი შენ აგირჩია და ამისთვის, ჩვენ ნამდვილად არც განვიკითხავთ, რადგან ასე კარგად გაგზარდა, ცივ ნიავს არ გაკარებდა და ასეთი კარგი ბიჭი დადექი. ხოლო რაც შეეხება მოპარულ ბავშვებს, როგორც ვიცი, ლარამ ამის შესახებ უკვე გესაუბრა. ისე აყალბებდნენ საბუთებს, რომ ეჭვს ვერავინ შეიტანდა, თანაც ვიღაც ქალს დაანახვებდნენ და ისიც ვითომ ჩვილის დედა იყო და უარს თავად ამბობდა შვილზე. ათასი ვარიანტი იყო და უამრავი, მილიონობით მაქინაციები ხდებიდა. - კაცი გაჩუმდა.
წუთით დუმილიც კი ჩამოვარდა, რადგან ვერც კუსუ იღებდა ხმას.
- და... და... დიდი ხანია იცით, რომ... - კუსუს ხმა გაუწყდა.
- სანამ აქ ჩამოხვიდოდი, სწორედ იმ პერიოდში შევიტყეთ სიმართლე.
- და დედამ... მაკამ...
- მაკამ ჯერ არაფერი იცის, ამას შენ და ლარა თავად გადაწყვეტთ, თუ როდის და როგორ უნდა უთხრათ.
ბიჭმა თავი ჩაღუნა.
- და ასე ნუ დარდობ. - ღიმილით განაგრძო სიძემ. - ზოგს ერთი დედა არ ჰყავს და შენ კი ორი გყავს, ორივეს ძალიან უყვარხარ და შენი გულისთვის სიცოცხლესაც არ დაიშურებენ, მაგრამ ნუ მოვკლავთ ახლა დედიკოებს, დაისვენე და ხვალ გავაგრძელოთ. დაიმახსოვრე, მთავარი ახლა შენ ხარ, შენ უნდა გადაწყვიტო ყველაფერი, თუმცა რჩევაც უნდა გაითვალისწინო.
კუსუ საშინელ დღეში იყო. როგორ უნდოდა იქიდან გაქცეულიყო და დედასთან ჩასულიყო, თავის სახლში. ახლა მშობლიური კედლები უფრო ანუგეშებდნენ, ვიდრე აქ ეს უცხო ხალხი, რომლებმაც თავიანთ თავს უახლოესი ნათესავები უწოდეს.
კუსუს მსგავსად, მის მეზობელ ოთახში, ლარაც არანაკლებად იტანჯებოდა. თავი ბალიშში ჰქონდა ჩარგული, რომ მისი ღმუილის ხმა გარეთ არ გამოსულიყო.
- რატომ ვუთხარი, რატომ? - მოთქვამდა ლარა. - ბავშვს გული გავუხეთქე, სიცოცხლე მოვუწამლე.
- ალბათ, ჯერ კიდევ საკმარისად არ შეგეჩვია და მაგიტომაც ჰქონდა ასეთი რეაქცია. - ამშვიდებდა უფროსი და.
- არა, არა! მშვენივრად შემეჩვია და ძალიან მოსწონდა ჩემთან ურთიერთობა, მე კიდევ მეტი მოვინდომე და რა მეგონა, რა? მაშინვე კისერზე ჩამომეკიდებოდა და დედას დამიძახებდა?! - ზლუქუნებდა ლარა. - ბავშვის ფსიქიკაზეც ხომ უნდა მეფიქრა.
- ნებისმიერ დროს, მაინც იგივე რეაქცია ექნებოდა, ეგ ხომ ისედაც იცი და ისიც მშვენივრად იცი, რომ ასე ერთი თქმითაც არ მიგიღებდა.
- ჩემნაირი ხასიათი აქვს და თუ თავიდან არ მიმიღო, არც მერე მიმიღებს. - ამოიხვნეშა ლარამ. - ჯერ დამყოლია, არაფერზე შეგეწინააღმდეგება და მერე თუ გაჯიუტდა, ბოლომდე იმ აზრის დარჩება.
- რა აზრის? - შეუტია დამ. - გგონია, არასდროს მიგიღებს? დააცადე, ჯერ კარგად გადახარშოს, თანაც მაკა ძალიან უყვარს და ვერც წარმოუდგენია, თუ როგორმა მტარვალმა და ბოროტმა ადამიანმა გაზარდა.
- მე არაფერი მითქვამს მაკაზე.
- არც არის ახლა საჭირო. - მიუგო დამ. - ჯერ ის ერთი ინფორმაცია, ისე უნდა გადახარშოს, რომ ასეთი მწვავე რეაქციები მოიშოროს, რადგან იმ დამპალმა მაკამ, სიყვარულში და სითბოში გაზარდა.
- ჩუუ, არ გაიგოს, მაკაზე რამე ცუდი ახლა, თორემ უფრო შეგვიძულებს.
- გოგოებო! - ოთახში დის ქმარმა შემოჰყო თავი. - ყავა მზად არის და გამოდით! მოიწმინდეთ წვინტლები და გეყოფათ ახლა! იმის მაგივრად, რომ დღესასწაული იყოს, ბოლოს და ბოლოს სიმართლე გაირკვა, თქვენ აქ პანაშვიდებს აწყობთ. - დაასრულა მხიარული ხმით.
- რა დღესასწაული? - კვლავ აღმუვლდა ლარა. - ბავშვს გული გავუხეთქე..
- ჰოდა, მაშინ ახლავე შედი მასთან და მოუყევი ყველაფერი! - შეუტია სიძემ.
- ზუსტადაც რომ ყველაფერი მოვუყევი წინასწარ, მაგრამ ამ ბოლო სათქმელმა, ბავშვი გაანადგურა. - ამოიგმინა ლარამ. - თან, ასეთი სახით, აბა როგორ დავენახვო ბიჭს, ისედაც ალბათ ახლა როგორ ვერ მიტანს და როგორ...
- სწორედაც, ასეთი სახით უნდა შეხვიდე! - კვლავ შეუძახა სიძემ. - უნდა გნახოს, რომ შენც როგორ განიცდი! როგორ დარდობ! და თანაც, მაკაზე არაფერი ცუდი წამოგცდეს, ოდნავ გადაკრული სიტყვაც კი! პირიქით, რაც შეძლება მეტად შეაქე, ისე როგორც შეძლებ. თუმცა... არც ზედმეტი შექება უნდა გამოგივიდეს.
- ჰო! ჰო! - ახლა უფროსმა დამ შეაგულიანა. - ასე სჯობს.
ლარა დაემორჩილა. ზლაზვნით წამოდგა. ძლივს აწია ტანი და ლამის ბარბაცით შევიდა კუსუს ოთახში. საწოლზე უხმოდ ჩამოუჯდა და თითქოს პირი ამოუკერესო, სიტყვაც კი ვერ დაძრა.
კუსუ კედლისკენ იყო გადაბრუნებული და მაშინვე მიხვდა, თუ ვინც იქნებოდა ოთახში შემოსული.
- წადი! - ამოიღმუვლა კუსუმ. - გთხოვ, წადი!
- არსადაც არ წავალ, სანამ არ მომისმენ. - მტკიცე, მაგრამ შერბილებული ხმით მიუგო ლარამ.
კუსუს საშინლად ეუცხოვა ეს ხმა. საწოლზე წამოჯდა. ახლა მზად იყო, თუკი რამე ბოღმა დაუგროვდა, ამ ბოლო რამდენიმე საათში, ერთბაშად მიეხალა და იქიდან გაქცეულიყო.
- არაფერს გთხოვ... – ლარამ კუსუს გახედა.
ბიჭს გული შეეკუმშა. ასეთი ლამაზი, ნაზი და სიმპათიური ქალი, როგორსაც თავად გულში უწოდებდა, ახლა საშინლად განადგურებული, წაშლილი სახით იჯდა მის წინ. ტირილისგან დაოსებულ, დაბერილ ქუთუთოებში ჩაკარგული თვალებს ძლივს ახელდა.
- მინდა ბედნიერი იყო... - განგრძო ლარამ გაბზარული ხმით. - უბრალოდ, ტყუილში ასე ყოფნა ძალიან გამიჭირდა. მხოლოდ მინდოდა, რომ სიმართლე გცოდნოდა და დანარჩენი, შენ როგორც გინდა, ისე იქნება. არასდროს დაგაძალებ და გაიძულებ, რომ დედა დამიძახო. უკვე დიდი ხანია ხელი მქონდა ჩაქნეული, რომ ამ სიტყვას ვინმე მიწოდებდა და არც ახლა მიფიქრია ამაზე. - ლარამ ამოიხვნეშა. - გიყურებდი და მიხაროდა, ასეთი კარგი ბიჭისთვის, მეც რაღაც წვლილი მიმიძღოდა, მხოლოდ გაგაჩინე და მეტი ვერაფერი მოგეცი, ვერ დაგიცავი ყაჩაღებისგან, ვინც შენი თავი მომპარა და წამართვა. თუმცა, იმით მაინც ვიმშვიდებ თავს, რომ ლაღი და ბედნიერი გაიზარდე, სითბო და სიყვარული არ გაკლდა. არაფრის შეცვლას გთხოვ და არც გადაწყვეტილების მიღებას გაიძულებ. იყოს და დარჩეს ისევ, როგორც აქამდე იყო. - ლარამ კვლავ ამოიხვნეშა. - მაკამ არაფერი იცის. ანდა რა უნდა მეთქვა? არც ვეტყოდი, მანამდე სანამ შენ არ გაიგებდი ყველაფერს, რადგან აქ მთავარი შენ იყავი და ხარ კიდევაც.
ლარა წამით შეყოვნდა. კიდევ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ საშინელი ტირილი აუვარდა.
- მაპატიე, გთხოვ... - ბოლო ხმაზე ზლუქუნებდა ლარა. - ყველაზე ნაკლებად, შენი გულის ტკენა მინდოდა... მაგრამ სხვისგან არ უნდა გაგეგო...
ლარა იმხელა ხმით მოთქვამდა, რომ სიძემ კარი შემოუღო.
- მორჩით, ახლა რაა?! - უფრო ლარას გასაგონად შეუტია. - ყავა გაგიცივდა და კუსუ შენ ცხელი შოკოლადი ხომ არ გინდა? ცოტა გულს მოგილბობს, დამშვიდდები და გადაწყვეტილებასაც მიიღებ და ჩემს მეგობრულ რჩევასაც გაითვალისწინებ.
- წამოდი! ვისაუზმოთ! - ახლა ლარას და შემოიჭრა. - ჯერ საკმაოდ ადრეა, მაგრამ რაღაც ძალიან მომშივდა.
- შენ რაღაც ამ ბოლო დროს სულ გშია. - ირონიულად მიმართა ქმარმა.
- ნუ, მშივდება და რა ვქნა? - მხრები აიჩეჩა ლარას დამ.
- მეგონა მაკედ იყავი. - კვლავ ირონია გაურია ქმარმა.
- მაკედ რაა?! ძროხას ვგავარ?! - სიცილით შეუტია ცოლმა და ყველას გაეცინა.
ლარა წამოიწია. კუსუც წამოდგა და უხმოდ მიჰყვა სასადილო ოთახში. ერთ ხანს უაზროდ დაჰყურებდა მის წინ მდგარ სავსე ფინჯანს. ცხელი შოკოლადის გემრიელი სურნელი ცხვირში უღიტინებდა, მაგრამ ბიჭს არაფერი ახალისებდა.
- ერთადერთი თხოვნა მაქვს. - მოულოდნელად დაიწყო კუსუმ და ყველა მას მიაჩერდა. - ძალიან, ძალიან გთხოვთ. - კუსუმ ვედრების თვალი მოავლო ყველას. - თუ შეიძლება, სახლში დამაბრუნეთ... გთხოვთ... როგორმე, სახლში დამაბრუნეთ...
სიჩუმე ჩამოვარდა და რატომღაც კუსუს გარდა, ყველა ლარას მიაჩერდა.
- ვერავის ვაიძულებ არჩევანის გაკეთებას. - მიუგო ლარამ. - მით უმეტეს... მით უმეტეს... - ლარას ცრემლები წამოსცვივდა.
- ყმაწვილო! - ისევ სიძემ ითავა და ბიჭს კაცურად მიმართა. - არავინ გიჭერს და არაფერს გაიძულებთ, მაგრამ რადგან სწავლა დაიწყე და შენი გულისთვის, მაკამ ამდენი ხარჯი გაწია, ახლა ვალდებულიც კი ხარ რომ დასახული გეგმა ბოლომდე მიიყვანო!
- თანაც, სემესტრის დახურვამდე რაღა დარჩა? - ახლა ლარას და ჩაერთო. - ბარემ გამოცდებიც მოილიე და საშობაო არდადეგებზე გაემგზავრე.
- მერე თუ მოგინდება, ისევ აქ ჩამოდი, ჩვენთან. - ახლა ისევ სიძემ განაგრძო. - ან შეგიძლია საბუთები გადაიტანო და შენს მშობლიურ ქალაქში განაგრძო სწავლა და თუ ისევ აქ დაბრუნდები, სიამოვნებით კვლავ მიგიღებთ და რომ იცოდე, ახლა უფრო მეტად გვეყვარები, იმიტომ რომ გინდა არ გინდა, ახლა უკვე შენც იცი, რომ ჩვენი ოჯახის ნაწილი ხარ.
ბიჭმა ვერაფერი უპასუხა.
- ჰო, დარჩი მართლაც სემესტრის დახურვამდე. - ჩაერთო ლარა. - მანამდე კი მე ჩავალ და მოვინახულებ იქაურობას.
- რას მოინახულებ?! - შეუტია სიძემ ლარას. - შენც დარჩი, მართლაც რაღა დარჩა და მერე ერთად გაფრინდით! აბა მართლა სტუმარ ბავშვს, ამხელა გზაზე მარტო ხომ არ გავუშვებთ?!
მშვენიერი „ბრძანება“ იყო. ლარამ უხმოდ დაუქნია თავი. კუსუ ყოყმანობდა, თუმცა აბა, რა უნდა ეთქვა? ასე შორს პირველად იყო დედისგან და ამ უცხო ქვეყანაში, მხოლოდ ეს ოჯახი იყო მისთვის ნაცნობი და ახლობელი. სხვაგან სად უნდა გადასულიყო, როცა არც ბინის ქირის ფული ჰქონდა და სახლში გასამგზავრებელ ბილეთსაც კი ვერ შეიძენდა. ისევ უნდა მოეთმინა, როგორმე. მართლაც ამხელა თანხა იყო მის სწავლაში ჩადებული და დედას იმედს ვერ გაუცრუებდა. სემესტრი მაინც დაეხურა.
ასე ფიქრობდა კუსუ და ის კი არ იცოდა, რომ მაკას მის გამგზავრებასა თუ სწავლის ფულის გადახდაში, არაფერი მონაწილეობა არ მიუღია. მაკას საბანკო ანგარიშები, გაურკვეველი ვადით იყო გაყინული და თავად კი ჯერ ისევ წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა.
კუსუ ახლა უფრო მეტი მონდომებით შეუდგა სწავლას. უნდოდა მაკასთვის დაემტკიცებინა, რომ ამხელა ხარჯი ტყუილად არ დაკარგულა. გამოცდებშიც უმაღლესი ქულები აიღო და სემესტრიც წარმატებით დახურა. ახლა უკვე გამგზავრების დრო დამდგარიყო. საშობაო არდადეგებიც უკვე რამდენიმე დღეა დაიწყო და მის გამგზავრებაზე არავინ იღებდა ხმას.
კუსუ ჩვეულებრივად იქცეოდა და ბოლოს ვეღარ მოითმინა. დიდი მოწიწებით გაუმხილა სიძეს, თუ როგორ ძლიერ უნდოდა სახლში დაბრუნება.
- ახლავე აგიღებ ბილეთს. - გაუღიმა სიძემ. - მხოლოდ თუ დამპირდები, რომ აუცილებლად დაბრუნდები უკან! - სიძე წამით შეყოვნდა. - რა თქმა უნდა, სწავლის გასაგრძელებლად.
ბიჭმა ამოიხვნეშა და უხმოდ დაუქნია თავი.
- არაფერს გაიძულებთ. - განაგრძო სიძემ. - მაგრამ ახლა შენთვის ეს დიდი შანსია, რომ უკეთესად გაიკვალო გზა, შენივე შრომითა და სწავლით. რის საშუალებაც და ამასთანავე შანსიც, იქ არ გექნება, სწორედ ახლა აქ გაქვს და გამოიყენე, ნუ იბუტები და იბღვირები. - დაასრულა სიცილით.
ბიჭმა ცალყბად გაუღიმა. ეს კაცი მართალი იყო, მაგრამ ნუთუ მაკას, თუ ამდენი საშუალება არ ჰქონდა, მაშინ ამხელა გზაზე და თანაც, ამ უცხო ხალხში და როგორც ჩანდა უკვე, სხვის ხარჯზე, რას გამოუშვა ბავშვი?
ათასგვარად ატრიალებდა თავში და ვერაფერს ხვდებოდა, უამრავი ეჭვიანი კითხვა დაებადა, მაგრამ პასუხამდე, ვერანაირად ვერ მიდიოდა. სხვა გზა აღარ ჰქონდა დარჩენილი, ერთადერთი გამოსავალი, მაინც ლარას დის ქმრის წინადადებაზე დათანხმება იყო. დაუბრუნდებოდა მშობლიურ კერას და ყველაფერს გაარკვევდა, თუ რამ აიძულა მაკას ასე მოქცეულიყო. იქნებ, მართლაც იცოდა მაკამ სიმართლე და ასე ამ გზით იშორებდა, თავისავე გაზრდილ ბიჭს?
- აუცილებლად დავბრუნდები! - მოულოდნელად წამოისროლა კუსუმ, როცა მორიგმა საუზმემაც, ასევე უხმოდ ჩაიარა, როგორც წინა დღეებში.
- ძალიან კარგი! - წინა საღამოს საუბრიდან გამომდინარე, სიძემ წამსვე აუღო ალღო.
- გპირდებით, რომ სწავლას გავაგრძელებ, რადგან არ მინდა ასეთი უსინდისო და უნამუსო გამოვიდე, ამდენი ამაგი ჩაგიყაროთ წყალში. - ზედიზედ, გაზეპირებულივით მიაყარა კუსუმ და მაშინვე გაჩუმდა.
- მაშინ დღესვე ვიზრუნებ ბილეთებზე. - მიუგო სიძემ. - ლარა შენც გაემზადე. ამ ბიჭზე პასუხისმგებლობა თავად მაქვს აღებული და მარტო ნამდვილად ვერ გავუშვებ! - მკაცრი ტონით დაასრულა სიძემ.
ლარას დას გულში ჩაეღიმა. მშვენივრად იცოდა მეუღლის ასეთი სიმკაცრე რასაც ნიშნავდა, თუმცა თავადაც ისეთი სახე მიიღო, რომ თითქოს ოჯახის უფროსის წინააღმდეგ წასვლა, არავის უნდა გაებედა, სტუმარსაც კი.
- ისე, მეც წამოვალ. - ჩაურთო დამ. - ჩემებსაც მოვინახულებ, ბავშვებიც მონატრებული ეყოლებათ და მერე ერთად წამოვალთ.
- ძალიან კარგი. - გაუხარდა ლარას, რადგან ატყობდა, თუ როგორ გაურბოდა მასთან მარტო დარჩენას კუსუ და ახლა ბავშვებთან ერთად უფრო მხიარულად იმგზავრებდა.
- ესე იგი, მარტო მტოვებთ? - ირონიულად აღნიშნა სიძემ.
- და შენც წამოდი, მერე! - მიუგო ლარას დამ. - რამდენიმე დღე დაუთმე შენს თავს და დაისვენე სამსახურიდან, ბოლოს და ბოლოს შენ ხარ იმ კორპორაციის პრეზიდენტი და სრული უფლება გაქვს, თუნდაც უხელფასო მივლინება გაიფორმო.
ბავშვებიც აჭყივლდნენ და სიხარულით შეუძახეს, რომ მამაც მათთან ერთად წამოსულიყო და როგორც იქნა „დაითანხმეს“.
გვიან ღამით ჩამოფრინდნენ. კუსუ ისე დაღალა ცალკე მგზავრობამ და ცალკე იმაზე ფიქრმა და დარდმა, რომ დედა აღარც ურეკავდა და აღარც კითხულობდა მის ამბავს, რომ წესიერად ვერც მიხვდა, თუ როგორ აღმოჩნდა, ლარას მშობლიურ სახლში, არადა დარწმუნებული იყო, რომ დანარჩენებისგან განსხვავებით, თავად მაკასთან უნდა მისულიყო. წინააღმდეგობა არც გაუწევია, როცა ამდენი საათის ფრენის შემდეგ დასვენება სთხოვეს, ძლივს მილასლასდა საწოლამდე და შუადღემდე ისე ღრმად ეძინა, რომ არც განძრეულა.
სადილობისას მთელი ოჯახი შეიკრიბა და კუსუსთვის კარგად ნაცნობი დეტექტივიც უმალ იქ გაჩნდა. ბიჭს ერთი სული ჰქონდა, ამ ოჯახისგან ახლა მაინც დაეღწია თავი და სახლში მისულიყო, მაგრამ რატომღაც ამაზე ხმას არავინ იღებდა.
- სახლში მინდა! - ბოლოს ვეღარ მოითმინა კუსუმ და ხმამაღლა განაცხადა. - ასე მგონია, დაპატიმრებული გყავართ და ჩემს გაშვებას არ აპირებთ!
- დაპატიმრებული? შენ, ნამდვილად არა! - ღიმილით მიუგო ლარას მამამ.
- მე, არა? აბა, ვინ? - გაკვირვებით გახედა კუსუმ.
ლარას მამა უხერხულად აიწურა, ლარას დედამ კი მწყრალად გახედა მეუღლეს.
- ვისადილოთ და მე წაგიყვანთ. - მიმართა კუსუს დეტექტივმა.
ბიჭმა უხმოდ დაუქნია თავი, თუმცა არც ესიამოვნა, წაგიყვანთო, მრავლობითში რომ უთხრეს. ესე იგი, გამოდის რომ მარტო კუსუ კი არა სავარაუდოდ, ლარაც მათთან ერთად წამოვიდოდა და რატომ? რა საჭირო იყო? ნუთუ, სულ ტყუილად უმტკიცებდნენ, რომ შენ უნდა გააკეთო არჩევანიო? სადაც გინდა იქ, იცხოვრებო? და ახლა რა გამოდის? ასე მართლა ბადრაგის თანხლებით უნდა ატარონ იქეთ-აქეთ?
სადილზე საკმაოდ დიდი მხიარულება და ჟრიამული იყო. ყველა რაღაცას ყვებოდა და ზოგჯერ ერთმანეთს არც აცლიდნენ სიტყვის დასრულებას. მხოლოდ კუსუ იჯდა ჩუმად და პირს არაფერს აკარებდა. ბოლოს ლარას დედა ადგა, კუსუ მხრებზე თბილად მოხვია ხელები და ძალიან დაბალი და რბილი ხმით უთხრა:
- არაფერი გიჭამია.
ლარას დედამ რამდენიმე კერძი შესთავაზა, კუსუ მაინც ჯიუტად უარზე იდგა და თავს აქნევდა, არაფერი მინდაო.
- ცოტა მაინც შეჭამე, ასეთი მშიერი სახით ხომ არ გინდა დაენახვო მაკას?
კუსუს სუნთქვა შეეკრა. საშინლად ენატრებოდა მაკა და თანაც ბოლო დროის ამბებმა ხომ უფრო მეტად მოცელა და დაადარდიანა ბიჭი.
- დაანებე, ბავშვს თავი! - ახლა ლარას მამა ჩაერთო. - ხომ ხედავ, ვერ ჭამს და ნუ აძალებ.
- წვენი მაინც დალიოს?! - შეეპასუხა ლარას დედა.
- წვენი დალიოს! - კვერი დაუკრა ლარას მამამ.
- ესე იგი, კუსუმ სრული ნებართვა მოიპოვა, რომ წვენი დალიოს! - სიცილით აღნიშნა ლარას ძმამ და სხვებიც აჰყვნენ.
კუსუსაც ცალყბად გაეღიმა და ცოტა თითქოს გულზეც მოეშვა. მერე მოეჩვენა თითქოს უფროსები, სულ რაღაცას ჩურჩულებდნენ. მერე დეტექტივმა ითავა, მე ვეტყვიო და წამოდგა.
„კიდევ რაღაცაზე უნდათ, გული გამიხეთქონ?..“
გაივლო ბიჭმა გულში და ნაღვლიანი თვალი შეავლო მისკენ მომავალ დეტექტივს.
- იცი, ძალიან მძიმე ამბები დატრიალდა ქალაქში. - დაიწყო დეტექტივმა. - ძალიან ბევრ ინსტანციებს შეუტიეს, ყველაფერს დეტალებში ამოწმებენ, უამრავი დარღვევები და უკანონო ქმედებები აღმოაჩინეს, განსაკუთრებით კი ერთი-ერთი ყველაზე დიდი კანონ დარღვევა სამედიცინო დაწესებულებებში აღინიშნა და უამრავი ხალხი დააკავეს...
- ჰო, მერე?! - არ აცალა კუსუმ სიტყვის დამთავრება, ისე გაუსწორა თვალი დეტექტივს.
- გამოძიება მიმდინარეობს, ჯერ კიდევ არკვევენ ვინ მართალი და ვინ მტყუანი... - დეტექტივი გაჩუმდა.
- და ამით, რის თქმას ცდილობ? - შეუტია კუსუმ.
- ეს იმ სამშობიარო სახლსაც და მაკასაც პირდაპირ შეეხო...
კუსუმ გაოგნებული სახით შეხედა.
- ამიტომაც ვერ ახერხებდა მაკა შენთან გასაუბრებას. - განაგრძო დეტექტივმა. - ბინასაც ყადაღა აქვს დადებული და... და...
- და ახლა, აქ ამიტომ ვარ? - შეაშველა კუსუმ.
- დიახ და მინდა გითხრა, რომ მე, პირადად გპირდები, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ უსამართლოდ არავინ დაისაჯოს!
- და თუკი, სამშობიარო სახლებში ვიღაც რაღაცას აშავებდა, დედა რა შუაშია?
- რადგან ხელმძღვანელია, მას მეტი მოეთხოვება და მოეკითხება. - მიუგო დეტექტივმა. - გამოიძიებენ ყველაფერს. არ ინერვიულო ზედმეტად, ჩვენ ყველანი შენს გვერდით ვართ, არ დაგტოვებთ მარტო. მაკას სწორედ ჩვენი იმედი აქვს და ამიტომაც შენი თავი ასე გვანდო.
- ჩემი თავი განდოთ? ჰმ. - ირონიულად ჩაეღიმა ბიჭს. - და შენ არ იცი, რომ თურმე... თურმე... - ბიჭს ხმა გაებზარა.
- დიახ, მე ყველაფერი ვიცი, რადგან სწორედაც რომ მე ვიძიებდი და მე ვიკვლევდი შენს საქმეს. - კვლავ მშვიდად მიუგო დეტექტივმა. - უფრო სწორად, ლარას შვილის გაქრობის საქმეს და გამოძიებამ შენამდე მიგვიყვანა. - დეტექტივმა ამოიხვნეშა. - თუმცა, ჯერ არაფერი ვიცით, საიდან და როგორ მოხვდი მაკასთან, რადგან კვალი არ არსებობს, ყველა კვალი წაშლილია, მხოლოდ თანამედროვე ტესტით გახდა ცნობილი შენი წარმომავლობა.
- ჰომ, მაგრამ როგორ? რანაირად?
- შეიძლება არც დაიჯერო, მაგრამ სრულიად შემთხვევით. - მიუგო დეტექტივმა. - შემთხვევით დაგეჯახა ლარა კიბეზე და მაშინვე იგრძნო ალბათ დედის გულმა, ამიტომაც თავიდან ყოველ შენს დანახვაზე რატომღაც მარლაც გული მისდიოდა. მერე მეც მივყევი და მივყევი. მართალია შენი ტესტის ჩატარება ნამდვილად უკანონო ქმედება იყო, მაგრამ ოფიციალურად რომ მოგვეთხოვა და სიმართლე არ ყოფილიყო, მაშინ უფრო მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდებოდით ყველა.
- და ახლა? ახლა რას მიპირებთ?!
- ახლა, რა? - ჩაეღიმა დეტექტივს. - ამდენი ნათესავი თავს გევლება და დანარჩენი შენზეა, შენ როგორც გადაწყვეტ ისე იქნება, თუმცა მანამდე გირჩევ, რომ ამათთან დარჩე, სანამ მაკას ამბები გაირკვევა, მაკაც ბევრად უფრო მშვიდად არის, რომ უპატრონოდ არ ხარ დატოვებული.
- ჰომ, მაგრამ თუკი, მე მისი შვილი არ ვარ... მაკას მშვიდად ყოფნა, რას ნიშნავს?..
- მაკამ ჯერ არაფერი იცის შენზე, ისედაც უამრავი პრობლემაა მის თავს და...
- და?..
- ნუ, ოდესმე გაიგებს, ალბათ. ჯერ გამოძიება მიმდინარეობს და მაკას ირგვლივ უამრავი სხვა პრობლემაც ბევრია და ახლა უფრო მეტად ხომ არ დავუმატებთ.
- და რომ ვნახო, შეიძლება?
- მოვახერხებ. - გაუღიმა დეტექტივმა. - შენთვის მოვახერხებ.
- და იქ... - ბიჭს ხმა გაებზარა. - იქ, როგორ არის?.. იქნებ, რამე უნდა და...
- მაგაზე ნუ დარდობ. - დაუყვავა გულგატეხილ ბიჭს დეტექტივმა. - გარკვეული შეზღუდვები აქვს, რა თქმა უნდა, ამიტომაც ხშირად ვერ გირეკავდა.
- და როდის ვნახავ?
- დღესვე შევეცდები დაველაპარაკო პროკურორსაც და მის ადვოკატსაც, როგორც კი ნახვის ნებართვას მოგვცემენ, მე თვითონ წაგიყვან.
- და რომ არ დაგვრთონ ნახვის უფლება? - ბიჭს სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა.
- ასეც ხდება, ზოგს რთავენ უფლებას, ზოგს არა, თუმცა შენს შემთხვევაში, უცხოეთიდან ჩამოსული, არასრულწლოვანი შვილის მონახულება, სავარაუდოდ უფრო მეტად არის დასაშვებია.
- ჰომ, მაგრამ თუკი, ნამდვილი შვილი არ გამოვდივარ მაშინ, როგორ?
- ოფიციალური საბუთებით მაინც მაკას შვილი ხარ, ასე რომ მაგ მხრივ პრობლემა არ იქნება.
- ჰოოო... - ამოიხვნეშა ბიჭმა.
- ისეე... - დეტექტივი მისკენ გადმოიხარა და საკმაოდ დაბალი ხმით უთხრა. - მართალია, მაკას ბინას ყადაღა აქვს დადებული და გამოძიების დამთავრებამდე დალუქული უნდა დარჩეს, მაგრამ შეგვიძლია მაინც შევიდეთ და თუ რამე გინდა შენი პირადი ნივთებიდან... მე, არავის ვეტყვი. - დაასრულა ღიმილით.
- რა ვიცი, აბა... - დაბნეულად აიჩეჩა მხრები ბიჭმა. - საკუთარ სახლში, ქურდივით უნდა შევიპარო?..
- ჯერ არ შეიძლება და მერე ნამდვილად არ იქნება პრობლემა. უბრალოდ, თუ რამე ახლა გჭირდება და გინდა, შევძლებ ნებართვის გარეშეც შესვლას.
- ჰო, სხვა რა გზაა...
- ახლა გავარკვევ, მაკას ნახვას როდის შევძლებთ და მერე გავიაროთ შენს სახლში.
- კარგი. - თავი დაუქნია ბიჭმა. - ახლავე ჩავიცვამ.
- საით მიბრძანდებით? - ჩაერთო ლარას მამა.
- მაკას ნახვა გვინდა და იქნებ, როგორმე მოვახერხოთ, დღეს თუ არა, ამ დღეებში მაინც. - მიუგო დეტექტივმა.
- რას ჰქვია მოახერხოთ?! - თითქოს იწყინა მამამ. - ახლავე დავრეკავ და დღესვე შეგიშვებენ!
- ჰო, დარეკე! დარეკე! - ბრძანების კილოთი მიმართა დედამ. - რად უნდა ამას ბევრი ლაპარაკი?!
კუსუს ყველაფერი ესმოდა და აშკარად გულზე მოეშვა. ცოტათი დამშვიდდა კიდეც და იმდენად აღარ განიცდიდა თავს დამტყდარ ამდენ ამბებს.
მაკასთან შესვლის ნებართვა იმავე დღეს მოიპოვეს. თუმცა, მოსაცდელშიც მაინც საკმაო ხანს მოუწიათ ლოდინი.
ბიჭმა რამდენჯერმე სასოწარკვეთილი სახით გახედა დეტექტივს.
- ასეა, სულ. - დეტექტივი ახსნას შეეცადა. - ყველას ასე ალოდინებენ ხოლმე. ჩვეული პროცედურაა.
პასუხად კუსუმ ღრმად ამოიხვნეშა.
- და ისე, ხომ არ გადაიფიქრე? - ღიმილით მიმართა დეტექტივმა.
ბიჭმა უარის ნიშნად უხმოდ გააქნია თავი.
დუმილი ჩამოვარდა და თითქოს, ბოლო არ უჩანდა.
- მაკამ ჯერ შენზე არაფერი იცის.
- მე უნდა ვუთხრა? - წარბები აზიდა ბიჭმა და საშინლად სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა.
- შენი ნებაა, თუმცა...
- თუმცა?
- თუ გინდა, ჯერ ნურაფერს ეტყვი, მოგვიანებით ისედაც გაიგებს.
- არ ვიცი, როგორ მოვიქცე. - ამოიხვნეშა ბიჭმა.
- ამ შემთხვევაში ვერაფერს გირჩევ, თუმცა შენს ადგილას, ახლა და მისთვის ასეთი მძიმე სიტუაციაში მყოფს უფრო მეტად დავამძიმებდი, მაგრამ მაინც შენი ნებაა.
- სჯობს, სხვა დროს ვუთხრა, არა? - ნაღვლიანი სახით ჰკითხა ბიჭმა.
- მეც ასე ვფიქრობ. - კვერი დაუკრა დეტექტივმა.
გამოძიებისთვისაც ასე იყო საჭირო, რადგან მაკას ნდობა ბოლომდე უნდა ყოფილიყო მოპოვებული, ახლა რომ კუსუს ამბავი გაეგო, უფრო დაფრთხებოდა და ბევრ რამესაც დამალავდა. ამიტომაც დეტექტივმა თავად მიიყვანა ბიჭი იქამდე, რომ კუსუმ თვითონ გამოთქვა სურვილი, ჯერ არაფერს ვეტყვიო.
მაკას კუსუ რამდენადაც ენატრებოდა, იმდენად იქ და იმ სიტუაციაში, ისეთი სახით არ უნდოდა დანახვებოდა, ამიტომ ცოტა მეტი დროც მოითხოვა და შვილთან შესახვედრად თავი მაქსიმალურად მოიწესრიგა.
კუსუ უფრო მეტად სასოწარკვეთილი ჩანდა ვიდრე მაკა. ამაყად გამოვიდა და მის წინ დაჯდა, აქეთ შეუძახა, თავი ხელში უნდა აეყვანა და მეორეჯერ ასეთი სახით, არ შემოსულიყო.
- ესე იგი, კიდევ დიდ ხანს უნდა იყო აქ? - წუხდა კუსუ.
- ნუუ, გამოძიება ჯერ არ დამთავრებულა. - ღიმილით მიუგო მაკამ.
- ამდენს რას იძიებენ?.. - ამოიხვნეშა ბიჭმა.
- არ ვიცი, მაგრამ ახლა კარგად მომისმინე. - მაკამ რაც შეიძლებოდა ხმას დაუწია. - ის ბინა, ჩვენი ბინა, როგორმე არ გაყიდო, რამეს ვიზამთ და ქუჩაში მაინც არ დავრჩებით, მაგრამ დაიმახსოვრე, არავითარ შემთხვევაში, ის ბინა არ უნდა გაიყიდოს და არც გაქირავდეს და არც დროებით, ვინმემ იცხოვროს. გასაგებია? ძალიან გთხოვ, მხოლოდ ამ საკითხს მიმიხედე.
კუსუმ უხმოდ დაუქნია თავი.
- ისე, დინას ბინაც ჩვენია და თუ ძალიან გაგიჭირდეს, შეგიძლია ის გაყიდო. - განაგრძო მაკამ ისეც ხმას დაუწია. - მაგრამ ჩვენს ბინაში, არავითარ შემთხვევაში, არავის შეადგმევინო ფეხი.
- დეე, დალუქულია ისედაც. - მხრები აიჩეჩა კუსუმ.
- ძალიანაც კარგი. - გაუღიმა მაკამ. - ესე იგი, ვერავინ შეყოფს ცხვირს და იმედია, ამ ბოლო პერიოდშიც არავინ შესულა.
- მე ვიყავი.
- კი მაგრამ, როგორ შეხვედი? - გაოცდა მაკა.
- დეტექტივმა, ჩუმად შემიშვა. - ჩურჩულით უთხრა კუსუმ. - ჩემი პირადი ნივთები, რაც მინდოდა ავიღე.
- და თვითონაც შემოვიდა? - მაკას აშკარად არ ესიამოვნა.
- ჰო, აბა რაა. - თავი დაუქნია კუსუმ. - მხოლოდ კართან დარაჯობდა, ვინმეს რომ არ დავენახეთ, ისე გავსულიყავით.
- ჰო, კარგი და სახლი ძალიან არეულ-დარეული დაგხვდა?
- სულაც, არა. - მხრები აიჩეჩა კუსუმ. - ისევ ისე იყო, როგორც ყოველთვის. არაფერი იყო არეული და გადმობრუნებული.
- მართლა? - მაკამ წარბები აზიდა.
საინტერესო იყო, ნუთუ მართლა ჩხრეკა არ იყო ჩატარებული?
მაკა ჩაფიქრდა. საერთოდ არ მოეწონა ეს ამბავი. რაღაც უფრო მეტს ხომ არ უმზადებდნენ ან მართლაც, ბოლომდე ხომ არ იყო გაშიფრული?
ათას რამეს ფიქრობდა მაკა და ახლა მისთვის ყველაზე მთავარი იყო, რომ მის ბინაში აღარავის შეეყო ცხვირი და კუსუც ასე კატეგორიულად დაარიგა.
LEX. 2026 წლის 23 ივნისი, სამშაბათი.

No comments:

Post a Comment