Sunday, May 24, 2026

ნატის ჩექმები (ნაწილი 51)

51.
დინა მაშინ გამოერკვა, როცა დაცარიელებულ სადარბაზოში ლიფტი ამუშავდა. ვერც კი შენიშნა, რომ ჯერ კიდევ კიბის საფეხურზე კედელს აკრული იდგა. მალულად შეავლო თვალი ლარას ბინას. კარი პოლიციას უკვე დაულუქავს და არც ეს შეუმჩნევია დინას. იქ გაჩერებას რაღა აზრი ჰქონდა, მაგრამ ახლა სად უნდა წასულიყო? ღირდა კი იმ ძველ ბინაში დაბრუნება? თუ ისევ სამსახურში სჯობდა მისულიყო, მაგრამ...
იქვე სკვერში ჩამოჯდა, საიდანაც სამშობიარო სახლის მთავარი შესასვლელი კარგად ჩანდა. არც პატრული და არც პოლიცია, ირგვლივ ვერაფერი მსგავსი შენიშნა.
„იქნებ, მარტო მაკას დაკავება უნდოდათ და ჩვენ...“
დინა ცდილობდა უფრო დადებით ემოციებზე გადართულიყო და რამე გამოსავალი მოეძებნა, მაგრამ ნერვიულობისგან არანაირი იდეა არ მოსდიოდა თავში. სახლში მისვლის მაინც მოერიდა და დიდად არც სამსახურისკენ უწევდა გული. ვინ იცის, რა სიტუაცია დახვდებოდა იქ, თუ მათი მთავარი ექიმი უკვე დაკავებული იყო, მაგრამ შორიდან კვლავ სიმშვიდე ჩანდა. არც შორიახლო არანაირი საეჭვო მანქანები წრიალებდნენ და არც საეჭვოდ მოარული ხალხი შეინიშნებოდა.
დინამ ცოტაც იცადა და მერე მაინც გაბედა სამშობიაროში შესვლა. თითქოს არც არავის შეუნიშნავს, ჩვეულებრივ ჩაიარა დერეფანი და ამ დროს, ზურგიდან ელზას ხმა მოესმა:
- წუხელ ხომ იყავი მორიგე და დღეს არ ისვენებ? თუ სხივს მაგივრად გამოხვედი? ვინმე არის ავად? ვინ გახდა ცუდად?
ზედიზედ მიაყარა ელზამ და სანამ კიდევ ახალ შეკითხვებს დააყრიდა დინა მისკენ მობრუნდა. სახეზე მკვდრის ფერი ედო და ძლივს სუნთქავდა. ელზამ მაშინვე საორდინატოროში შეიყვანა, წყალიც და ცალკე კაპლიც უმალ მიაწოდა. კიდევ უამრავ კითხვებს უსვამდა, მაგრამ დინამ როგორც იქნა, გონება მოიკრიბა და ელზა გააჩუმა.
- გთხოვ, ორი წამით გაჩერდე და მომისმინო. - ძლივს ამოიგმინა დინამ.
ელზა გაიტრუნა.
- მაკა დააპატიმრეს... - წაიჩურჩულა დინამ.
ელზამ შიშისგან მიმოიხედა, თითქოს მის დასაჭერად მოსულნი, იქვე იყვნენ ჩასაფრებულნი. აღარ იცოდა რა ექნა, ან რა ეთქვა და სასწრაფოდ მაკას მონა-ექთანიც იხმო.
- ნამდვილად საკუთარი თვალით რომ არ მენახა, შეიძლება არც დამეჯერებინა. - უხსნიდა დინა.
- მდააა... - ექთანმა მძიმედ ამოიხვნეშა და ელზას გახედა.  - ნეტავ, კიდევ ვინმემ იცის აქ?
- როგორც კი გავიგე, მაშინვე დაგიძახე. - დამნაშავესავით აწურა მხრები ელზამ.
- წარმოდგენაც კი არ მაქვს, თუ რა უნდა ვქნათ. - დინა ექთანს მიაჩერდა, რადგან ცანცარა ელზასგან განსხვავებით, ექთანი უფრო დაქოქილი ქალი იყო.
- სასწრაფოდ სხვადასხვა სამსახურებში უნდა დავიქსაქსოთ, რომ... - თავისი ჭკუით გონივრული იდეა გადმოანთხია ელზამ.
- თუ დავჭირდით მიწიდანაც ამოგვთხრიან! - მკვახე ხმით მიახალა ექთანმა.
- და აბა, რა ვქნათ?! - კოპები შეკრა ელზამ. - ვისხდეთ ასე გულხელდაკრეფილები და ველოდოთ, ჩვენამდე როდის მოვლენ?!
- თუ მაკა, ყველაფერს თავის თავზე აიღებს, მაშინ ვერც მოვლენ ჩვენამდე. - თითქოს დანანებითაც კი წარმოსთქვა ექთანმა.
„რას ბოდავს, ეს ქალი?“
გაივლო გულში დინამ.
- ჰო, ჰო! - კვერი დაუკრა ელზამ. აშკარად ჩანდა, ძალიან მოეწონა ექთნის წინადადება.
- აბა, მართლა. - განაგრძო ექთანმა. - ყველას ხომ არ ჩაგვყრის.
„მაკა, არც იმის ჩიტია, რომ მართლაც ყველაფერი საკუთარ თავზე აიღოს და სხვა ყველა სუფთად გამოაძვრინოს. შეიძლება სულ პირიქითაც გააკეთოს, ჩვენ შეგვაწმინდოს თავისი ბინძური ხელები.“
ფიქრობდა დინა და ბოღზმაზე უფრო მეტი ბოღმა ემატებოდა. გვიან მიხვდა, რომ მისმა კეთილის მსურველმა, სინამდვილეში თუ რა სიკეთეც უსურვა. თუმცა არც ნანობდა. მაინც უამრავი რამ ისწავლა მისგან. თვალებში გამოიხედა და თუ მაღალ წრეში ვერა, მანც ხალხში გამოვიდა და იმ ძველ ყოფასთან, შედარებაც კი არ შეიძლებოდა. იმდენად დაიხვეწა, რომ საკუთარმა დაიკომაც კი ვერ იცნო, თუმცა სხვა და-ძმებისგან განსხვავებით, არც იმდენად დიდი სხვაობა ჰქონდათ წლებში,  თითქმის ერთმანეთის მიყოლებით დაამთავრეს სკოლა.
„და რას ამბობს, ეს დამპალი ქალი?“
კვლავ გაუელვა დინას.
„აბა, ყველას ხომ არ ჩაგვყრისო? ესე იგი, ზოგ-ზოგიერთებს მაინც გაიყოლებსო? მე ხომ არ მანიშნებს რამეს? თუ თავად აქვს გამოძრომის იმედი? იქნებ ელზასაც და გამოდის, რომ ამათი ცოდვებიც მე უნდა შემეტენოს? ვაიმე რაღა ვქნა? ვის მივადგე, ვინ დამეხმარება?“
ამ ფიქრებში იყო დინა, რომ მოულოდნელად საორდინატოროში ლარამ შემოჰყო თავი. ეს მათთვის იყო მოულოდნელი, თორემ მშვენივრად დაინახა, ელზას დაძახილზე, თუ როგორ შეიძურწა მაკას მონა-ექთანი და თან აქეთ-იქეთ კარგად გამოცდილი აგენტივით მიმოიხედა.
- მშვიდობაა, გოგოებო? - მოჩვენებითი ინტერესით იკითხა ლარამ.
წუთით დუმილი ჩამოვარდა. ჯერ კიდევ მაინც ბოლომდე ვერ ენდობოდნენ ლარას, მაგრამ დამალვასაც აზრი აღარ ჰქონდა, დღეს თუ არა, ხვალ ხომ მაინც უკვე ყველას ეცოდინებოდა და ისევ თქმა სჯობდა, იქნებ ლარას მაინც რაღაცნაირად ეშველა მაკასთვის, თავისი კავშირების წყალობით, როგორმე დაეძვრინა ციხიდან. ასე ფიქრობდა სამივე და გაფითრებული სახეებით მიჩერებოდნენ ლარას.
- მაკა დაუკავებიათ. - საკმაოდ ტანჯული ხმით ამოთქვა ელზამ.
- რაა?! - ისე შეიცხადა ლარამ, თითქოს მართლაც არ იცოდა.
- საწყალი, გოგო. - წუხილით განაგრძო ექთანმა. - რა ეშველება ახლა კუსუს, ვინ მიხედავს და ვინ გადაუხდის სწავლის ფულს იმ ბავშვს, საწყალი ბიჭი, საცოდავი ბავშვი.
ყველა თავს უქნევდა და კუსუს ისეთი სახით ებრალებოდათ, თითქოს მართლა ბავშვზე წუხდნენ, სინამდვილეში კი სამივე, საკუთარ ბედს დასტიროდა.
- არა, არა! - თავი გააქნია ლარამ. - კუსუს პრობლემას არ შევუქმნი, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ბავშვმა უდედობა არ იგრძნოს, მაგაზე ნუ ინერვიულებს მაკა, მაგრამ ახლა რა უნდა ვქნათ ჩვენ? რით დავეხმაროთ მაკას?
სამივე მხრებს იჩეჩავდა, არც ერთს არ ჰქონდა წარმოდგენა, თუ რა უნდა ემოქმედათ. ბოლოს ისევ ლარას მიაჩერდნენ, იქნებ შენ მაინც გვითხრა რამეო.
- დაკითხვაზე რომ ყველას სათითაოდ დაგვიბარებენ, ეს ხომ უჩემოდაც იცით. - მიუგო ლარამ.
- კი მაგრამ, თუ მაკა დაიჭირეს, ჩვენ რატომ უნდა დაგვიბარონ? - მორიგი სიშტერე დააყრანტალა ელზამ.
- ყველასო, ხომ გაიგე ამ გოგომ, რა თქვა? - შეუღრინა ექთანმა. - კარის დარაჯიდან დაწყებული, მაკას მოადგილემდე.
- ჰო, დარაჯსაც მოუწევს ჩვენთან იქ მისვლა, აბა რაა, ისიც ხომ... - ელზა კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ექთანმა ისეთი სახით დაუბრიალა თვალები, რომ სიტყვა პირზე შეეყინა.
ლარამ კი ისე დაიჭირა თავის, თითქოს სულაც არ გაუგია ელზას ბოლო სიტყვები.
- კარგი, ახლა დავიშალოთ,  გოგოებო. - ლარა მათ დამშვიდებას შეეცადა. - უამრავი საქმეა და თუ დაგვიბარებენ დაკითხვაზე, აუცილებლად უნდა მივიდეთ. კუსუს კიდევ მე მივხედავ, ასე გადაეცით მაკას, თუ ჩემზე ადრე ნახავთ.
ლარა გასასვლელად მოემზადა და ამ დროს, ელზაც და ექთანიც ერთდროულად აღმოჩნდნენ კართან.
- დაიცათ! - ბრძანების კილოთი გამოხედა გოგოებს ექთანმა. - ასე ყველა ერთდროულად ნუ გავალთ!.
- ჯერ შენ გადი, ელზა! - უბრძანა ელზას.
- და რა მნიშვნელობა აქვს? - ექთნის ბრძანება იწყინა ელზამ.
- კარგი, მე გავალ! რა პრობლემაა?.. - დინაც წამოდგა და მათკენ წამოვიდა. - მხოლოდ სად წავიდე არც კი ვიცი. - სასოწარკვეთილი ხმით დასძინა ბოლოს.
- იყავი აქ და დღეს ნუ იმუშავებ. - შესთავაზა ელზამ.
- არა! - კვლავ ბრძანების კილოთი განაგრძო ექთანმა. - ნახე, რა სახე აქვს! ყველაფერი ზედ აწერია, სულაც არ გვაწყობს ახლა ჩვენ, ვინმეს ამ სახით აქ ყოფნა!
- და აბა, რა ვქნათ? - ელზას უკვე ნერვები ეშლებოდა ექთნის უფროსობაზე.
- ჯერ მე და ელზა გავალთ! - ექთანმა მკაცრი სახით გამოხედა და ის იყო გასვლა დააპირა, რომ ელზა უმალ კართან გაჩნდა.
- დაიცა! - კვლავ შეუღრინა ექთანმა. - ჯერ ან მე გავალ, ან შენ!
- და შენს ჭკუაზე, როდის მერე დავდივარ?! - გაწიწმატდა ელზა.
- რა დროს პაექრობაა?! - ლარასაც უკვე მობეზრდა მათი ეს უაზრო ქიშპობა.
- ჰო, მართლა, გოგოებო რა გჭირთ? - შეუბღვირა დინამ. - დერეფანში ვინ პირველი გავა, ამაზე მეტი სხვა პრობლემა არ გვაქვს დღეს?!
- მაშინ გავედი მე! - დაასწრო ელზამ, ექთანს. თუმცა, მაინც ადგილიდან არ დაძრულა. საშინლად გული მოსდიოდა. მაკადან დაწყებული, როგორ ყველა მას ბრძანებლობდა.
- იქნებ, დინას შენი ბინის გასაღები მისცე? - ექთანი ახლა ლარას მიუბრუნდა, რადგან კარში გასვლის მისმა თანმიმდევრობითმა „გეგმამ“ არ გაამართლა და მაინც ლიდერობას შეეცადა.
- და რა გასაღები? - მაშინვე შეუტია დინამ. - აკი გითხარით, რომ კარი პოლიციამ დალუქა!
- დედა, რაღა ვქნათ?! რა გვეშველება?! - შეიცხადა ელზამ და ისიც ლარას მიაჩერდა. - აბა, სად უნდა წახვიდე? იქნებ, ისევ შენს სახლში დაბრუნდე? გამოიძინო, დაისვენო.
- ჰო... რა ვიცი... - ამოიხვნეშა დინამ. - მაკას სახლიც ალბათ დალუქული იქნება და სულაც არ მინდა იქ გამოჩენა.
- ჰო, მაგრამ შენ ხომ მეზობლად ცხოვრობ და შენს სახლსაც ხომ არ დალუქავდნენ? - მიუგო ელზამ.
- ისიც მაკას ბინაა. - დინამ კვლავ ამოიხვნეშა.
ელზამ და ექთანმა თვალები დაჭყიტეს, მათთვის ნამდვილად ახალი ამბავი იყო, რომ დინა თურმე, მაკას ბინაში ცხოვრობდა. ელზას აშკარად არ ესიამოვნა, მაშინვე გაიფიქრა დინა იმდენად პრივილეგირებული ჰყოლია მაკას, რომ მის ბინაშიც აცხოვრებდაო. არც ექთანი დადგა მაინც და მაინც კარგ ხასიათზე, მასაც გაჰკრა შურის ნაპერწკალმა, რაც დინას შეუმჩნეველი არ დარჩენია და მაშინვე მიუგო:
- ქირას ვიხდიდი, განა მართლა უფასოდ ვიყავი, მხოლოდ ბინის მეპატრონე მაინც მაკაა.
- და ამიტომ არ გინდა იქ მისვლა? - როგორც იქნა ჩასწვდა ელზა.
- ჯერ შუადღეა და საღამომდე, როგორმე აქ უნდა მომიცადო. - ლარა დინას მიუბრუნდა. - სამუშაო საათებს დავამთავრებ და...
- წადით, თქვენ წადით და ჩვენ მივხედავთ აქაურობას. -  კვლავ ბრძანა ექთანმა.
როგორც იქნა მორიგდნენ. ლარა თავის მშობლების სახლში წაიყვანდა დინას, ერთი ან ორი დღით. მანამდე კი, შეტყობინების გაგზავნაც მოასწრო, რომ იმ დღეებში სანამ დინა მასთან სტუმრად იქნებოდა, დეტექტივი არ უნდა გამოჩენილიყო.
დინას თავი მუზეუმში ეგონა, ვერც კი წარმოედგინა, თუ მაკაზე უფრო უკეთეს ბინას ნახავდა. თუმცა, რა ბინა? საკმაოდ დიდი ორ სართულიანი სახლი, სხვენზე კი უზარმაზარი გალერეასავით ვერანდა იყო გაშლილი. დინა პირდაღებული ათვალიერებდა ყველაფერს და ახლა უფრო მეტად გაუფასურდა მის თვალში მაკას პრივილეგია. ლარას ერთი სკამიც უფრო ძვირფასი იყო, ვიდრე მაკას ორივე ბინა თავისი ავეჯითა და თუნდაც ანტიკვარებით. ლამაზი ოთახი გამოუყვეს და ისეთი საწოლი გაუშალეს, თავი პრინცესა ეგონა, თითქოს ყველა დარდი მოიშორაო, ისე მშვიდად გამოიძინა. დილით  გემრიელად ისაუზმა და კუსუს ვიდეო ზარითაც ესაუბრა. აშკარა ჩანდა ბავშვმა არაფერი იცოდა. მხოლოდ მოწყენილად აღნიშნა, რომ დედას რამდენიმე დღეა არ დალაპარაკებია, ხან კუსუს არ ეცალა და ხან მაკას.
- წამოხვალ დღეს სამსახურში? - ჰკითხა ლარამ.
- რა ვიცი... - მოწყენილად აიჩეჩა მხრები დინამ.
- თუ გინდა, იყავი. - მიუგო ლარამ. - აქ დარჩენის პრობლემა კი არ არის, უბრალოდ გულს მაინც გადააყოლებდი სამუშაოს. თანაც...
- რა, თანაც? - ვეღარ მოითმინა დინამ.
- თუ გინდა, შენს ბინაში შევიაროთ. - შესთავაზა ლარამ. - თან იქაურობასაც გადავხედავთ და შენს ნივთებსაც წამოიღებ.
- ჰო, მაგრამ მართლა შენთან ხომ არ გადმოვალ საცხოვრებლად? რაღაც ბინა მაინც უნდა ვნახო, ამდენი ბარგის იქეთ-აქეთ თრევა.
- შენ როგორც გინდა.
- და ისე... - დინა შეყოვნდა. - წამოვალ სამსახურში, ცოტა უფრო გადავაყოლებ საქმეს გულს, თანაც იქნებ იქ უფრო მეტი ინფორმაცია გავიგოთ.
ლარას გვერდით თავს ახლა უფრო მეტად დაცულად გრძნობდა, ამიტომ მის სიახლოვეს ყოფნა არჩია.
მეორე დღე იყო და სამშობიარო სახლში, რატომღაც მაკას დაპატიმრების ამბავზე, არავინ საუბრობდა.
- ნუთუ, მართლა არავინ იცის? - გაკვირვებული კითხულობდა დინა და ელზას გახედა, როგორც ყველაზე ცანცარას და ენაჭარტალას.
- მე, ხმა არ ამომიღია. - მხრები აიჩეჩა ელზამ. - არც იმდენად იდიოტი ვარ და სხვათა შორის, ყურებიც დაცქვეტაზე მქონდა, დარწმუნებული ვარ, არც ჩვენმა გოგოებმა იციან რამე.
- და იქნებ, მათაც დააჭირეს კბილი ენას? - ჩაურთო ექთანმა. - დავიჯერო, ალეკო ექიმმაც არაფერი იცის? - ექთანმა ლარას გახედა.
- წეღან ვკითხე, მაკა როდის მოვა-თქო და აბა, მე საიდან უნდა ვიცოდეო, ასე მითხრა. - მიუგო ლარამ. - რომ სცოდნოდა, მაშინვე იტყოდა.
- ესე იგი.... - ექთანი ჩაფიქრდა. - ასე გასაიდუმლოებული თუ არის, მაკას ამბავი... ეგ რამეს უნდა ნიშნავდეს?..
- ვერაფერს გეტყვი. - მხრები აიჩეჩა ლარამ.
- და შენებს, არ ჰკითხე? - კვლავ ჩაეკითხა ექთანი, თითქოს ლარა ვალდებული იყო მაკას ამბები ზედმიწევნით სცოდნოდა.
- ხომ მოვილაპარაკეთ, რომ არ გახმაურდესო?! - მოჩვენებითად იწყინა ლარამ.
- იქნებ, მაინც სთხოვო შენებს და რაღაც მაინც გავარკვიოთ. - ექთანმა ტონი შეარბილა, თუმცა ლიდერობის დათმობას არ აპირებდა.
- დაურეკე რაა... - მუდარით სთხოვა ელზამ.
ლარამ თავი დაუქნია და ვითომ მართლა დასარეკად გავიდა, თან საქმეც მოიმიზეზა, თუმცა ისედაც ჰქონდა. მშვენივრად იცოდა მაკას ამბავი, მაგრამ ახლა ისე უნდა მიეწოდებინა, ამ ისედაც დამფრთხალი ხალხისთვის, რომ უფრო მეტად არ შეეშინებინა და უფრო თავისუფლად ყოფილიყვნენ ლარასთან.
- სავარაუდოდ, ჯერ მხოლოდ, როგორც ეჭვმიტანილი ისეა დაკავებული. - როგორც იქნა ლარამ აღირსა პასუხი, საღამოს კვლავ შეკრებილ თანამშრომლებს. - კარგად დაჰკითხავენ და თუ ბრალს წაუყენებენ, მაშინ მისი საქმე სასამართლოს გადაეცემა, სადაც უნდა გადაწყდეს რომ მიესაჯოს თუ არა. შეიძლება სულაც სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლონ, შეიძლება სასამართლომდეც არ მივიდეს საქმე.
- მგონი, გირაოს გადახდაც ხომ შეიძლება, სანამ სასამართლო იქნება ხოლმე არა? - კვლავ აქტიურად ჩაერთო ექთანი.
- წესით კი. - კვერი დაუკრა ლარამ.
- აბა, მაშინ მართლა მოუწევს ბინების გაყიდვა. - ამოიხვნეშა დინამ
- და რაც შეეხება ჩემს ბინას, ახლა ლუქი მოეხსნა. - განაგრძო ლარამ. - მაკას ბინებიდან კი, მხოლოდ ის დაილუქა და თანაც დროებით, სადაც კონკრეტულად მაკა ცხოვრობდა.
- ესე იგი?.. - თვალები გაუბრწყინდა დინას.
- შეგიძლია დაბრუნდე შენს ბინაში. - განუმარტა ექთანმა. - ისე, კი არ ვიცოდი, რომ მაკას ბინას ქირაობდი.
დინას უნდოდა ეთქვა, რომ არც მე ვიცოდიო, მაგრამ რატომღაც ხმა არ ამოიღო და თავი ისე დაიჭირა, ვითომდა მშვენივრად იცოდა. ამით უფრო მეტი ხაზი გაუსვა, იმას თუ როგორ მართლა ენდობოდა მაკა.
ამჯერად დინას გაუმართლა. ისევ თავის ძველ ბინაში უპრობლემოდ განაგრძობდა ცხოვრებას, მანამდე სანამ მაკა გაყიდვას არ დააპირებდა. ქირის ფულსაც ისევ იმ დროს ჩარიცხავდა, როგორც ადრე იყვნენ შეთანხმებულნი, მხოლოდ ამჯერად კუსუს ანგარიშზე.
თავიდან, ლარა უარზე დადგა, არაფერი უნდოდა მაკასგან კუსუს რომ ჰქონოდა, მაგრამ ახლა ასე იყო საჭირო. დინას, სხვების მსგავსად კუსუს ირგვლივ ჯერ არაფერი უნდა სცოდნოდა.
ყველაფერი ჩვეულებრივ გაგრძელდა, მხოლოდ მაკას გარეშე და არავინ იღებდა ხმას, თუ მთავარი ექიმი, რატომ არ ჩანდა სამშობიაროში. თუ ვინმე დაინტერესდებოდა, ახლა ადგილზე არ არისო, ასე პასუხობდნენ და მეტი არაფერი. ამასთანავე არც დაკითხვაზე დაუბარებიათ ვინმე, დაკითხვა კი არა, უბრალო გამოკითხვაც კი არ ჩაუტარებიათ, არავინ შეუწუხებიათ მაკას ამბავზე, ან მის საქმიანობაზე და ეს სიჩუმეც საკმაოდ საეჭვოდ ჩანდა, თუმცა ხმას მაინც არავინ იღებდა. ერთმანეთისთვისაც კი ზედმეტ შეკითხვებსაც ერიდებოდნენ.
- ესე იგი, გამოდის, რომ ბევრად მეტი ხალხია ჩარეული, ვიდრე ჩვენ ვვარაუდობდით. - დაასკვნა ლარას მამამ.
- შენ წარმოიდგინე, რომ კარის დარაჯიც კი გადიოდა თურმე საქმეში. - დაურთო ლარამ.
- შენს გვედრით, აქვე შენთან ახლოს, ცოცხალი ადამიანებით ვაჭრობა-გარიგება მიდის და შენ კი, წარმოდგენაც კი არ გაქვს, თურმე რა ხდება. - დანანებით გააქნია თავი ლარას დედამ.
- მერე რამდენი ოჯახს ატირეს, ცოცხლად დასამარებული ბავშვი. - დაურთო დეტექტივმა, წამით ისიც კი დაავიწყდა, რომ ლარაც მათ რიცხვში იყო და უმალ გამოასწორა. - სამაგიეროდ შენ, ბევრისგან განსხვავებით უკეთესი სიტუაცია გაქვს და ახლა...
- ჰო... - მოწყენილად ამოიხვნეშა ლარამ.
- რა ყურები ჩამოყარე?! - შეუბღვირა ძმამ. - შენ მართლა გაგიმართლა, რომ ამდენი და ასეთი ხალხი გახვევია ირგვლივ! აბა, სხვებმა იკითხონ!
- ჰოდა, ახლა სხვებმაც უნდა იკითხონ. - ჩაურთო მამამ. - საჭიროა შეიქმნას რაღაც ბაზა, დაკარგული შვილებისა  თუ დედების, ან ვისაც ეჭვი ეპარება, რომ აყვანილია და ეძებს ბიოლოგიურ მშობლებს.
- და შენ, წარმოიდგინე. - დაურთო დედამ. - რამდენს არც ექნება წარმოდგენა, რომ აყვანილია და კიდევ რამდენს ეცოდინება, რომ დედამ გაყიდა, თუმცა სინამდვილეში კი მოპარულია.
- და ასეც ოფიციალურად ამ ბაზას არავინ ჩამომაყალიბებს, ისევ მე თუ მექნება, ცოტა ფარულად ჩემი ბაზა, თორემ აქ ისეთი ხალხია გარეული, რომ... - დეტექტივი წამით შეყოვნდა. - თანაც, უკვე ახლა კერძო დეტექტივის პოზიცია უკვე კანონით იკრძალება, ნუ ათასი გარკვეული მიზეზების გამო.
- ისე ეგ ჩვენც შეგვიძლია გავაკეთოთ, როგორც დაინტერესებულმა პირებმა. - რძალმა ლარას გახედა. - და ასე ადვილად, ვერც ვერავინ შეგვედავება.
- მერე?! - ჩაეკითხა ლარას ძმა მეუღლეს. - რას მიზიხარ აქ?! მთელი დღეები ლანგარს იქეთ-აქეთ დაარბენინებ, მე სამზარეულოში „კუხარკად“ კი არ მომიყვანიხარ?! სხვა საქმეს მიხედე, ცოტა განვითარდი სოციალურად. - დაასრულა სიცილით.
- კულინარია, ცალკე ხელოვნება და ძალიან ბევრსაც არაფერი გამოსდის. - დაიცვა ლარას მამამ.
- თან რძალიც შეაქო და თან ცოლიც კარგად წაკბინა. - ირონიულად ჩაურთო დედამ.
- მოკლედ, ახლა რას ვაკეთებ. - უკვე ლარასაც მობეზრდა, ოჯახის წევრების ასე ერთმანეთთან ქილიკი.
- ახლა გოგოები. - ლარას მამამ რძალს და შვილს გადახედა. - ჩაუჯდებით ჯერ ცოტა მსუბუქად სოციალურ ქსელებს და ნელა-ნელა საბაზისოდ შეაგროვებთ ინფორმაციებს. თავიდან მხოლოდ, როგორც პირადი ინტერესებიდან გამომდინარე.
- და ბიჭები? - ირონიულად გადახედა ძმამ.
- ბიჭები, რას ვიზამთ და... - მამა ჩაფიქრდა და მერე დეტექტივს გახედა. - დროა უკვე დაიკითხოს მაკას „ძმები და დები“.
დეტექტივმა უხმოდ დაუქნია თავი.
- ნელ-ნელა, სათითაოდ. - განაგრძო ლარას მამამ. - მსუბუქად უნდა გამოიკითხოს, რადგან ამხელა  სამშობიაროში, მარტო მთავარი ექიმი დააკავონ და თანაც, არც არავის არაფერი ჰკითხონ, ეს უფრო საეჭვოდ გამოდის.
- მართალია. - კვერი დაუკრა დეტექტივმა. - თავიდან კი ასე იყო საჭირო, რომ ცოტა მაინც დაშოშმინებულიყვნენ და ახლა უკვე დროა ნელ-ნელა შევაფუცხუნოთ.
- თან, პარალელურად გვჭირდება ბავშვის აყვანის მსურველი ხალხი. - განაგრძო მამამ. - საინტერესოა, მაკას გარეშე თუ გაბედავენ, ან თუ მოახერხებენ.
- და პირდაპირ რომ მაშინვე გაიფაქტონ. - გაეცინა დეტექტივს.
- მერე რა გარანტიაა, რომ მაკას გარეშე გაბედავენ? - ჩაურია ლარა. - თუმცა, დინამ ხომ გაბედა და...
- ჰოდა, ვსინჯოთ, მერე! - მიუგო მამამ. - განა, მართლა შვილს წავართმევთ ვინმეს. უნდა მოინახოს სანდო ხალხი, როგორც ოჯახი, ან მართლა ოჯახი, მხოლოდ ბიოლოგიურ მშობლებს არ ეცოდინებათ, რადგან მათი წუხილი უფრო ბუნებრივი გამოვიდეს.
- ჰომ, მაგრამ ეს ბიჭებმა და გოგოებმა საქმეები, რომ გადაინაწილეთ. - ღიმილით ჩაერია დედა. - მე, თამაშგარე მტოვებთ?
- შენ! - მამა წამით ჩაფიქრდა. - შენ, ყავა მოგვიმზადე.
დედა უსიტყვოდ გაეშურა სამზარეულოსკენ.
- არ აგვაფეთქოს.  - უმალ კუდში მიჰყვა რძალი, რასაც იქ მყოფთა გულიანი სიცილი მოჰყვა.
ამ ამბებიდან, არც თუ ისე დიდი დრო იყო გასული, რომ რამდენიმე თანამშრომელი დაკითხვაზე დაიბარეს. ელზა და ექთანი, შიშით აღარ იყვნენ, რატომღაც მათ არავინ კითხულობდა და არც არსად „ეპატიჟებოდნენ“. ელზას უხაროდა, დარწმუნებული იყო, მაკამ დაინდო და მათზე ხმა არ ამოუღია, ექთანი კი, პირიქით უფრო დაშინდა, მაკა რამე ცუდს არ გვიმზადებდეს და ყველაფერი ჩვენ არ შეგვაწმინდოსო.
- დინას ვერ ვხედავ, დღეს არ გამოჩენილა სამსახურში? - შეშინებული ხმით იკითხა ელზამ.
- არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა ექთანმა და ჩაფიქრდა. - ისე, არც გუშინ მომიკრავს თვალი.
ორივემ ერთმანეთს შიშით შეხედეს და მერე ირგვლივ მიმოიხედეს, თითქოს კედლებისაც ეშინოდათ, ხომ არ გვისმენენო.
მოულოდნელად დინას ხმა მოესმათ და ორივე მისკენ გაემართა.
- სად ხარ მთელი დღე არ ჩანდი. - მაშინვე მიახალა ელზამ.
- სად უნდა ვყოფილიყავი? - წარბები აზიდა დინამ.
- რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა ელზამ. - არ ჩანდი, დ...
- აჰ და, შენ უნდა გკითხო, მოვალ თუ წავალ? - უკმეხად მიუგო დინამ.
- მორჩით ახლა! - ექთანმა ორივე შეუტია. - თქვენი კინკლაობის დრო აქ არ არის!
- და აბა, სად არის? - ირონიულად ჩაეკითხა დინა. - გარეთ ხომ არ გავსულიყავით?
- ჰოდა, გავიდეთ გარეთ! - კვლავ ცდილობდა ეუფროსა ექთანს. - წესიერ ყავას მაინც დავლევთ!
მშვენიერი მიზეზი იყო, რომ სამშობიაროს კედლებს მოშორებოდნენ. გარეთ უფრო თავისუფლად ისაუბრებდნენ, რადგან ექთანი დარწმუნებული იყო, კედლებიც კი უსმენდნენ. ნაწილობრივ მართალიც იყო, ლამის ყოველი კაბინეტი ისმინებოდა და ამას საკმაოდ გაქუცული ექთანი ძალიან კარგად ხვდებოდა. მაკა უკვე ლამის თვეზე მეტი იყო დაკავებული და ყველაზე უახლოეს ხალხს, რატომღაც არ დაკითხვაზე იბარებდნენ და საერთოდაც არც არავინ ამახვილებდა მათზე ყურადღებას. ეს ეჭვი იმის მერე კიდევ უფრო მეტად გაუღრმავდა, როცა კართან მორიგედ, დარაჯის ნაცვლად, ერთ-ერთი სანიტარი დახვდათ.
- აქ რას დგახარ?! - შეუტია ექთანმა. - სხვა საქმე არ გაქვს?!
- ჩვენი კარის კაცი დაკითხვაზეა დაბარებული და მე მხვდა წილად ეს „ბედნიერება“. - ირონიულად მიუგო სანიტარმა.
- და მერე? სხვები სად არიან? - კვლავ ცდილობდა მაკას მონა-ექთანი უფროსი მბრძანებლის ამპლუაში ყოფნას. - რომელიმე მაინც გამოგეძახებინათ და იმას ემუშავა!
- ოთხივე დარაჯი დაკითხვაზეა და აბა, სხვა რა გითხრა. - მხრები აიჩეჩა სანიტარმა.
ახლა კი უკვე მართლაც სერიოზულად დაშინდა ექთანი. აქამდე მაინც თავი მედგრად ეჭირა, გარეგნულად მაინც არ იმჩნევდა შიშს, მაგრამ ეს უკვე პიკი იყო.
სამივემ ერთმანეთს გადახედეს. რა უნდა ეღონათ? ვისთვის უნდა ეკითხათ? ახლა ყველაზე უფრო მართებული იყო ლარასთვის ეთხოვათ დახმარება. იქნებ, მას მაინც სცოდნოდა რამე.
ყავა შხამად ერგებოდათ ისეთი საახებით სვამდენენ. ლარა კი რატომღაც, ტელეფონს არ პასუხობდა და არც სამსახურში გამოჩენილა.
- დავიჯერო, ისიც დაკითხვაზეა? - შიშნარევი ხმით იკითხა დინამ. - მე არაფერი ვიცი მასზე, ისიც კი არ ვიცი, თუ რამდენად არის ახლოს მაკასთან.
ელზამ ექთანს გახედა, მან კი მხრები აიჩეჩა.
- გამოდის რომ ლამარაზე წესიერად არავინ არაფერი იცის? - ჩაფიქრებული ხმით დასძინა ექთანმა.
- იქნებ, სპეციალურად იყო ჩვენთან მოგზავნილი? - იკითხა ელზამ.
- ოო,  კარგი რააა! - შეუტია ექთანმა. - ხომ ნახე, როგორი კარგი და გამოცდილი პედიატრია და გინდა თქვა, რომ სპეციალურად ისწავლა?
- არა, მაგრამ ხომ შეიძლება, თავისი საქმის სპეციალისტიც იყოს და მაინც მოგზავნილი ყოფილიყო ჩვენთან? - უკან არ იხევდა ელზა. თავადაც არ იყო დარწმუნებული თუ რამდენად მართებული იყო მისი ეჭვი, მაგრამ აქ უკვე საკუთარ სიტყვაზე მყარად დგომა იყო, ამ „მბრძანებელი“ ექთნის წინააღმდეგ. აბა, რას წარმოიდგენდა ელზა, რომ მისი ეჭვი სიმართლესთან ძალიან ახლოს იყო.
- არც იმდენად გაჭირვებულია, რომ თავი შეეწუხებინა ან შპიონობაზე და ან ასე ფულის კეთებაზე. - კვლავ უარყოფდა ელზას წინადადებას ექთანი.
- მასე, არც მაკა იყო გაჭირვებული, მაგრამ... - ისევ შეუტია ელზამ.
- ლამარას მარტო ერთი სკამი ღირს მაკას მთელი ქონება. - დაბალი ხმით დაურთო დინამ.
- მართლა ასეთი მდიდარია? - თვალები გადმოყარა ექთანმა.
დინამ უხმოდ დაუქნია თავი.
- ისე მართლა დღეს რატომ არ მოვიდა? - იკითხა ელზამ. - თუ დღეს, არ მუშაობს?
- თუ არ გამოჩნდა დღის ბოლომდე, სახლში მივაკითხავ. - მიუგო დინამ.
- მეც წამოვალ! - წამოიძახა ელზამ.
- ჰო, ჩვენც წამოვალთ! - ჩაეკვეტა ექთანიც. 
ორივეს საშინლად აინტერესებდა, ასეთი რა ქონების პატრონი უნდა ყოფილიყო ლარა და ახლა შანსი მიეცათ თავისი თვალით ეხილათ.
გადაწყვიტეს დღის ბოლოსკენ, სამუშაო საათების შემდეგ, პირდაპირ ლარასთან მისულიყვნენ და მისი საახლობლოს წყალობით მაინც გაერკვიათ რამე.
კარი რძალმა გაუღო და არც უკითხავთ, თუ ვინ იყვნენ და რისთვის იყვნენ მოსულნი, ისე შეიპატიჟა სახლში. 
ისედაც ელოდა ლარას თანამშრომლები, ადრე თუ გვიან მაინც მოაკითხავდნენ სახლში. 
ელზა პირდაღებული ათვალიერებდა იქურობას. ექთანი კი ცდილობდა, რაც შეიძლება, ნაკლები გაკვირვება გამოეხატა, ვითომდა ასეთი სახლი, მისთვის ჩვეული ამბავი იყო და ელზასგან განსხვავებით მალევე მოკრიბა გონება და კითხვაც დაუსვა, რაზედაც საკმაოდ მშვიდი პასუხი მიიღო.
- ლარა, წუხელ გაფრინდა.
- რაა?! - ერთხმად შეიცხადა სამივემ.
- სად? სად გაფრინდა? რატომ? - უმალ დააყარა კითხვები ექთანმა.
- შვილთან გაფრინდა. - კვლავ მშვიდად მიუგო რძალმა. - დროა უკვე კუსუმ თავისი ბიოლოგიური ოჯახი დაიბრუნოს. - რძალი წამით შეყოვნდა. - და თავისი ნამდვილი სახელი.
LEX. 2026 წლის 5 აპრილი, კვირა.

No comments:

Post a Comment