Wednesday, May 13, 2026

ნატის ჩექმები (ნაწილი 50)

50.
დინა ცოფებს ყრიდა. აბა რას წარმოიდგენდა, რომ ასე ბრიყვულად მოტყუებით, საკუთარ ბინას მიაქირავებდა ადამიანი, რომელზედაც ერთ დროს, მზე და მთვარე ამოსდიოდა. ასე იყო თავიდან და ძალიან დიდ ხანსაც, მერე კი, რაღაც-რაღაცეები შეიცვალა, უფრო კარგად დააკვირდა და უკვე მშვენივრად ამჩნევდა, რომ არც იმდენად ძლევამოსილი ყოფილა მისი მფარველი. თავადაც მშვენივრად შეეძლო, ბევრ რამეს მიეღწია და დამოუკიდებელი გამხდარიყო. ამისთვის საჭირო იყო, რომ პირველ რიგში, თავისი მფარველის კლანჭებიდან დაეღწია, საბოლოოდ გათავისუფლებულიყო და ყველასგან და ყველა პრობლემისგან, დამოუკიდებელი გამხდარიყო. და რადგან ისედაც უკვე მაკასგან თავის დაძვრენა სურდა, მართლაც ისეთი მიზეზი მიეცა, რომ სინდისიც ქენჯნასაც აღარ განიცდიდა. თუმცა, სად ჰქონდა სინდისი?
მაკას ბეჯითი მოწაფე იყო და სწორედ მისგან აიღო, ის სინდისი უქონლობა. ყველა გზები ისწავლა, ყოველი ხრიკი და გასაძრომ-გამოსაძრომი იცოდა უკვე და ახლა რაღაში სჭირდებოდა მაკას უფროსობა? თავადაც მშვენივრად გაართმევდა თავს.
სამედიცინო ინსტიტუტშიც მაკას წყალობითა და პროტექციით ჩაირიცხა, თუმცა თავადაც მოინდომა და მართლაც ტვინი დაასხა, ისე მეცადინეობდა. სანიტრადაც იყო ნამუშევარი და ექთნის საკმაო სტაჟიც ჰქონდა. უკვე ყველა საფეხური გავლილი იყო და ახლა ექიმის წოდებისკენ ილტვოდა. მაკასნაირად უნდოდა ცხოვრების აწყობა. რაზეც ადრე ვერც კი იოცნებებდა, ახლა უკვე გეგმად დაისახა, რომ მაკას სავარძელი, უკვე დრო იყო, თავად მოერგო.
ჩექმებში გაცვლილი ადამიანის ცხოვრება კი, სულაც არ ადარდებდა. პირიქით, ამართლებდა კიდევაც თავის საქციელს. სიღარიბესა და სიღატაკეს გამოგლიჯა ბავშვი და ბედნიერი ცხოვრების შანსი მისცა.
საკუთარი დის შვილის მოპარვა ძალიან მარტივად მოახერხა. თავადაც, არ მოელოდა, ისე კარგად აეწყო ყველაფერი. ნაადრევად სამშობიაროდ მოსული დინას და, 
ბავშვის შესანარჩუნებლად, მალევე სხვა განყოფილებაში გადაიყვანეს. ჯერ კიდევ მშობიარობამდე ლამის თვეზე მეტი ჰქონდა დარჩენილი. დინას ის განყოფილება არ ეხებოდა, მაგრამ იქაც შეძვრა, ცალკე პალატა შეარჩევინა და კვებასაც არ აკლებდა. ყველაფერ ამას კი, რაღაც მოულოდნელი აქციით ხსნიდა და ყველაფერი, უფასო ექნებოდა. ასე იცოდა პაციენტმა და მისმა მეუღლემ. ხოლო კოლეგებისთვის თვალის ასახვევად, როგორც მზრუნველი უახლოესი ნათესავი, თავს დასტრიალებდა, არავის აკარებდა, ყველაფერს თავად უკეთებდა და ყველა ხარჯს საკუთარ თავზე იღებდა.
აბა რას იფიქრებდა პაციენტი, თუ საკუთარი დაიკო, სინამდვილეში, რა მზაკვრობას უმზადებდა და უზომო მადლიერი იყო, ვიღაც უცხო ექიმის, რომელმაც თურმე, „როგორღაც მოახერხა“, მისი აქციის ფარგლებში ჩასმა. დინა ცდილობდა, პირბადის გარეშე არ გამოჩენილიყო, თუმცა მასში, ისედაც ვეღარ შეიცნობოდა, ის ძველი დუდუხანა და მაინც რას წარმოიდგენდა საცოდავი პაციენტი, თუ საკუთარი სისხლი და ხორცი, შენარჩუნების მაგივრად კი პირიქით, მშობიარობის დამაჩქარებელს გაუკეთებდა.
დინამ მეორე ღამესვე პალატაშივე, თავად ამშობიარა და ამის მიზეზად, გადატვირთული სამშობიარო ბლოკი დაასახელა და თანაც, ვითომდა ყველა მორიგე გინეკოლოგი დაკავებული იყო. წინასწარ ყველაფერი ისე მოაწყო, რომ მხოლოდ ერთი სანიტარი ედგა გვერდით. რა თქმა უნდა, შვილზე არც შეახედა, ისე გააყვანინა და უდღეური ჩვილის გამოსაკაჟებლად სასწრაფოდ რეანიმაციაში გაამწესებინა. ჩვილის მამას კი გამოუცხადა, დედა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ნაადრევად დაბადებული ბავშვიც ძალიან სუსტია, ამიტომ ყველაფერს უნდა ველოდოთო.
ამ დროს ახალშობილისა და დედის „მძიმე მდგომარეობა“ კი, თავად დინას შექმნილი იყო. როცა მშობიარე გამოფხიზლდა, ჩვილის გარდაცვალებაც უმალ ამცნეს. საშინლად დამწუხრებულმა, მეორე დღესვე დატოვა სამშობიარო და აქაც დინას „ერთგული“ ხელი ერია. ოჯახურ გარემოში, უფრო უკეთ იგრძნობს თავსო, ქმარიც ადვილად დაარწმუნა და არც მისი კოლეგების დარწმუნება გაუჭირდა. დინამ საკუთარი და, ერთ შორეულ ნათესავად გაასაღა და ისიც ჩაურთო, იმდენად გაჭირვებულები არიან, ყველა ხარჯებს მე ვუფარავო.
- რა ვქნა, მეცოდება ყველა ღატაკი და გაჭირვებული. - მოჩვენებითად ამოიხვნეშა დინამ. - თანაც, სოფლიდან ჩამოვიდნენ აქ სამშობიაროდ და თავის ქმრიან-ბავშვებიანად ჩემთან ათევენ ღამეს, მე კი, რამდენს გავწვდე?
- ჰოდა, დროულად გავწერთ, შენ არ ინერვიულო. - დაამშვიდეს უკვე დინასგან წინასწარ დასაჩუქრებულმა კოლეგებმა.
ხოლო რაც შეეხებოდა, რეანიმაციაში გამწესებულ ჩვილს, იმავე ღამესვე დაღუპულად გამოცხადდა და დინას პროტექციის ქვეშ მყოფი, რატომღაც არც არავის გადაუმოწმებია. საბუთებში კი, ნაადრევად დაბადებული ჩვილი, ბავშვის მაგივრად, მოწყვეტილ ნაყოფად გაატარებინა და იმავე ღამესვე გააქრო სამშობიაროდან.
წამლით გაბრუებული, სპეციალურად დაძინებული ჩვილი, სამრეცხაოს ჭუჭყიანი თეთრეულის ტომარაში ჩასვა და ისე გაიყვანა უკანა გასასვლელიდან. მართლაც, არავის შეუმჩნევია, ისე მოიტოვა უკან სამშობიაროს ეზო და მიწისქვეშა გადასასვლელში ჩასულმა, სადაც უკვე წინასწარ ელოდნენ, ჩექმებში გადაცვალა შარფში გახვეული ჩვილი. 
ყველაფერი ძალიან მარტივად მოახერხა და მშვენივრადაც შერჩა. წელში გასწორდა მაკას გაუტოლდა და ახლა ზემოდან სურდა დახედვა, მაგრამ ლარასგან ისეთი რამ შეიტყო, რომ საშინლად მოუწამლა გონება. ახალი სადარდებელი გაუჩნდა, როგორმე სხვა ბინა უნდა აერჩია. თანაც, იმაზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო, რომელსაც მაკასგან ასე დავალებულად ქირაობდა.
„ჰმ, რა დონის აფერისტი ყოფილა.“
ბოღმაზე უფრო მეტი ბოღმა აწვებოდა დინას.
„საკუთარი ბინა მომაქირავა და აქეთ გამხადა დავალებული, ვითომ თავად ჩემი გულისთვის ჰქონდა დაგირავებული.
მატყუარა დედაკაცი!
დამაცადე შენ! უკეთეს ბინას ვიშოვი! და ჩემი საკუთარი იქნება და ქირის გადახდაც აღარ მომიწევს!“
ამისთვის კი უკვე ბევრი ფული იყო საჭირო და დინაც უკვე ყველაფრისთვის მზად იყო. გულში უხაროდა მაკას დამარცხება და დარწმუნებული იყო, ვიღაც სპეციალურად მას უთხრიდა ძირს და იმას კი ვეღარ ხვდებოდა მისი დაბნელებული გონება, რომ მაკას უკან მისი თანამზრახველებიც და მისი საქმის გამგრძელებლებიც ზედ მიჰყვებოდნენ.

***
- ისე, რომ იცოდეთ. - დინჯად დაიწყო ლარას მამამ. - ახლა ყველაზე უფრო მარტივად დინას ალაპარაკება უფრო მიმაჩნია.
- სავსებით გეთანხმებით. - კვერი დაუკრა დეტექტივმა. - მხოლოდ, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ პირადად მას, არაფერი ემუქრება და მისგან, მხოლოდ რამდენიმე ინფორმაცია იქნება საჭირო.
- რა თქმა უნდა!
- ახლა მთავარია, ზუსტად მივუდგეთ და სამეგობროდ გვენდოს. ნუ, რა თქმა უნდა ლარას დაუმეგობრდეს.
- მართალი ხარ, მართალი. - ლარას მამა ჩაფიქრდა. - დინას ახლა სავარაუდოდ, ბინის პრობლემა გამოუჩნდა.
- დარწმუნებული ვარ, როცა გაიგო, რომ მაკას ბინაში ცხოვრობდა, აუცილებლად სხვაგან გადასვლა მოუნდებოდა.
- დიახ, მასეც არის. - ღიმილით მიუგო დეტექტივმა. - უკვე ლარასთვისაც უკითხავს.
- მართლა? - გაეცინა მამას. - მშვენიერია, მშვენიერი.
- ლარას ბინა, რომ მაკასთვის არ შეგვეთავაზებინა...
- ჰომ, მაგრამ ჩვენ ეგ ვარიანტიც სპეციალურად მაკასთვის შევიმუშავეთ.
- და გაამართლა კიდეც. - კვერი დაუკრა დეტექტივმა.
- ისე, რა პრობლემაა? - ახლა ძმა ჩაერია. - რამდენიმე თვით კარგი ბინა ვიქირაოთ და დინას შედარებით ნაკლებ ფასში მივაქირაოთ, რომ გადახდა შესძლოს.
- მშვენიერი აზრია! - მოუწონა მამამ.
- ან იქნებ. - განაგრძო ძმამ. - ვითომდა, პატრონები უცხოეთში არიან და სახლში ვინმემ უნდათ რომ იცხოვროს, როგორც მეთვალყურემ.
- ესეც კარგი ვარიანტია. - მიუგო დეტექტივმა. - მაგრამ მეზობლები? დინამ რომ ახლა კიდევ რამეს ყური მოჰკრას, ლარასადმი ნდობას დაკარგავს.
- მართალი, ხარ მართალი. - თავი დაუქნია მამამ. - ისევ სჯობს, ქირა ვახდევინოთ.
 
***
რამდენიმე დღეც არ იყო გასული, რომ ახლა, ოფიციალური ჩხრეკის ორდერით მაკას კაბინეტში შევიდნენ.
დინა ადგილს ვერ პოულობდა და ისიც, ზოგ-ზოგიერთების მსგავსად ლარას აეტუზა. თითქოს, მართლაც ლარასგან ელოდნენ ხსნას.
- არც კი ვიცი, გოგოებო, რა ვთქვა? - შეწუხებული ხმით „ანუგეშებდა“ ლარა.
- არარის კარგი ამბავი, მაგრამ მაკა ისეთი გონების ქალია, დარწმუნებული ვარ, თავის კაბინეტში არაფერ საშიშ საბუთს არ შეინახავდა. - დააყრანტალა ელზამ, რასაც მონა-ექთნის თვალების ბრიალი მოჰყვა.
- რა უნდა შეენახა, რომ. - ცინიკურად აღნიშნა ექთანმა, რომ ელზას სიშტერე გადაეფარა. - რაც არ ჩაუდენია ადამიანს, რა უნდა უპოვონ?!
- მართალი ხარ. - კვერი დაუკრა ლარამ. - მაგრამ მაინც, ძალიან არასასიამოვნოა.
- აბა, რა. - თავი დაუქნია ექთანმა. - ათას ჭორებს ააგორებენ ახლა, საწყალ მაკაზე.
- იჭორაონ, მერე! - მედგრად მიმართა ლარამ. - ჩვენ ხომ ვიცით სიმართლე და დანარჩენი, მათ სინდისზე იყოს.
ამ საუბრისას, ელზამ კიდევ რამდენჯერმე დააღო პირი, მაგრამ ექთანი სულ თვალებს უქაჩავდა და ბოლოს რაღაც უაზრო მიზეზით, სასწრაფოდ იქაურობას მოაშორა.
ლარასაც ეს აწყობდა, დინასთან მარტო დარჩენა და დინამაც თავის მხრივ, დრო იხელთა, ლარას რამე სუფთა ბინა ხომ არ იციო.
- მაკა თუკი, ბინებს ყიდის, სჯობს აქედანვე თადარიგი დავიჭირო.
- გავიკითხავ, აუცილებლად გამოჩნდება, ბინების მეტი რა არის, მთავარია ფასი.
- ჰო, რა თქმა უნდა. - ამოიხვნეშა დინამ. - ამდენიც არ მაქვს, მაგრამ არც სარდაფი და ნესტიანი ბინა მინდა.
- მაინც და მაინც ცენტრში თუ გინდა, მაშინ ფასები არც უნდა გაგიკვირდეს.
- ნუ, არც იმდენად გარეუბანიც თუ არ იქნება. - ამოიხვნეშა დინამ.
- ჩემს ბინას შემოგთავაზებდი, დროებით მაინც, მაგრამ მართლაც რომ გარეუბანია და თანაც, უკვე მაკას შევთავაზე.
- შენი ბინა, მაკამ იქირავა? - გაკვირვებით გადმოყარა თვალები დინამ.
არც კი შეუმჩნევია, რომ მაკა სახლში აღარ ათევდა ღამეს. არც მაშინ  დაინტერესებულა, რამდეჯერმე მაკა ცოტა არ იყოს, უფრო დიდი ჩანთით რომ გადიოდა სახლიდან. მხოლოდ ის იცოდა, რომ სამშობიარო სახლში არქივების გადამოწმებები ხდებოდა და ვერც კი წარმოედგინა, რომ თავადაც იქნებოდა ამ შარში გახვეული. დარწმუნებული იყო, რომ ეს ყველაფერი, კონკრეტულად მაკას ეხებოდა და საქმეების ჩასაფარცხად ბევრი ფული იქნებოდა საჭირო, ამიტომაც სავარაუდოდ რაღაც ნივთებიც გასაყიდად გაჰქონდა სახლიდან, თანაც ბავშვის უცხოეთში სწავლის თანხაც არ იქნებოდა ნაკლები.
- არა, არ მივაქირავე. - არც შეიმჩნია დინას გაკვირვება, ისე მიუგო ლარამ. - უბრალოდ, ვათხოვე, სანამ თავის ბინას...
- ათხოვე?! - გაოცებასთან ერთად, აშკარად გულზე მოხვდა დინას.
საშინლად გაღიზიანდა. მაკას ადამიანი ვერაფერს დაასწრებსო, გაივლო გულში და ახლა უფრო მეტად მოუნდა ლარასთან დაახლოება.
მშვენივრად უწყოდა, ლარას როგორი კარგი საახლობლო ჰყავდა და როგორ ხალხში უწევდა ტრიალი და თუ წინ წასვლა იყო, ბარემ ელიტალურ წრეშიც უნდა შეეყო ცხვირი.
- ნუუ, ისეთ მძიმე დღეში იყო, ფინანსურად, რომ უარიც ვეღარ ვუთხარი. - მშვიდი სახით მიუგო ლარამ. - უფრო სწორად, თავად შევთავაზე. შენ კი გირჩევნია, ცოტა მართლაც გარეუბანი შეარჩიო და როგორმე შეიძინო. სამაგიეროდ, ქირის გადახდა აღარ მოგიწევს, ქალაქის ცენტრში იყო და ამის გულისთვის, ამხელა გასავალი გქონდეს, რამდენად გიღირს?
- მართალი ხარ. - დინამ ძლივს დაფარა ბოღმა და ლარას გაუღიმა.
„ნეტავ, ისევ ეს მაკას ხრიკები ხომ არ არის?“.
ფიქრობდა დინა.
„გარეუბანში უნდა რომ მომისროლოს და ვინ იცის, იქნებ სამსახურიდანაც კი გამიშვას. თუმცა, ახლა მგონი ჩემთვის სულაც არ სცხელა, თუკი მართლაც ისეთ დღეშია, რომ ბინას ყიდის...
მაგრამ მაკა ისეთი გაქნილია, არამგონია, ამხელა ბინა და თანაც, ორი ჰქონია თურმე, ასე დაახურდაოს. უთუოდ უცხოეთში აპირებს გაძურწვას, შვილთან ერთად იცხოვრებს და ამ თავის ცოდვებს ჩვენ შეგვატოვებს.
არა, არა! რამე ბინა უნდა ვნახო, სასწრაფოდ! ნებისმიერი! რადგან ჯერ იმ ბინიდან უნდა წამოვიდე! მაკა არც გამაფრთხილებს, ისე უჩუმრად გაყიდის ბინას და უპრობლემოდ მომიშორებს თავიდან.
და მართლაც, ერთ დღესაც უცებ ქუჩაშიც რომ აღმოვჩნდე, ჩემი ბრალი უფრო იქნება, რადგან თადარიგი დროულად არ დავიჭირე. ჯერ ბინის პრობლემა მოვაგვარო და მერე, ახალ სამსახურზეც უმალ უნდა ვიზრუნო. აუცილებლად ვიშოვი! უკეთეს სამსახურს ვიშოვი და ისე არ დავრჩები, ქალბატონო მაკა!“
დინამ ამოიხვნეშა და მალულად ლარას შეავლო თვალი. ლარა კი, ზედაც არ უყურებდა, ისე იყო პარკში მოთამაშე ბავშვების ცქერით გართული.
- რა საყვარლები არიან, არა? - ისეთი ღიმილით მიმართა ლარამ, თითქოს ვერც კი ამჩნევდა, მისი მოსაუბრე, ასე დაღვრემილი სახით რომ იჯდა.
დინამ უხმოდ აიჩეჩა მხრები. რაში აინტერესებდა, ვიღაცის წვინტლიანი ბავშვები, როცა ფეხქვეშ საძირკველი ეცლებოდა.
- რა იყო? რა ცხვირ-პირი ჩამოგტირის? - ვითომ ახლაღა შენიშნა ლარამ.
- აბა, საზეიმოდ სულაც არ მაქვს საქმე. - დინამ კვლავ ამოიხვნეშა.
- ნუთუ, იმავე ფასში, რასაც ახლა იხდი, ერთ ოთხას მაინც ვერ იშოვი, თუნდაც დროებით?
- როგორ ვერ ვიშოვნი, მაგრამ მაკა რომ უცებ სამსახურიდან გაათავისუფლონ, შესაძლებელია, მეც ზედ მიმაყოლონ!
- და შენ რა შუაში ხარ? - მოჩვენებითად გაიკვირვა ლარამ. - მაკა რა მიზეზითაც არ უნდა გაათავისუფლონ, ის მისი პირადი პრობლემა იქნება და არა სხვისი და მართლაც, შენ რა შუაში ხარ?
- რადგან მისი მოყვანილი ვარ, მეც მიმაყოლებენ. - ნაღვლიანად მიუგო დინამ. - ყოველ ახალ უფროსს,  თავის ახალი გუნდი მოჰყავს.
- ეგ, თავისთავად, ახლოს იყოლიებს მისთვის უფრო ბევრად სანდოს, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას,  რომ ჩვენ ყველას გარეთ გაგვყრიან.
დინამ უხმოდ ამოიხვნეშა.
- საერთოდაც არ ვიცნობდი მაკას, ისე დავიწყე მუშაობა. - ლარა წამით შეყოვნდა. - არც მიკარებდა ახლოს, თუმცადა ამ ბოლო დროს, თითქოს უფრო დავმეგობრდით.
- მაკას თუ არ იცნობდი, სამაგიეროდ საკმაოდ დიდი პროტექცია გქონდა! - ღვარძლიანად მიახალა დინამ და მყისვე წამოდგა. - მუშაობის გაგრძელების დროა, ძალიან დიდ ხანს შემოვრჩით ყავას!
- სად გარბიხარ? ჩვენი სამუშაო საათები უკვე დასრულდა.
დინამ უხმოდ აიჩეჩა მხრები. მართლაც, სად მიეჩქარებოდა? ცოტა ხანში, ალბათ არც ბინა ექნებოდა და აღარც სამსახური.
მთელი ღამე ფიქრსა და დარდში გაათენა დინამ. არსაიდან ხსნა არ ჰქონდა. გამოსავალი სხვაგან გადასვლა იყო, ცალკე ბინის შეცვლა და ცალკე სამსახურის. იმედი ჰქონდა ამხელა სტაჟითა და დიპლომებით ძალიან ადვილად იშოვნიდა სამუშაოს და მერე უპრობლემოდ ნახავდა ბინას, მაგრამ მწარედ მოტყუვდა. შესაფერისი ვაკანსია ვერსად ნახა. ექიმად კი არა, სანიტრის ადგილიც კი ისეთ სამშობიარო სახლებში იყო, სადაც შემთხვევით თუ მოხვდებოდა მშობიარე, რადგან ვისაც პატრონი ჰყავდა, მანდ არც მიიყვანდა. ფულის შოვნაში კარგად გაწაფულ დინას, არაფერში აწყობდა, უბადრუკი სამუშაოს შოვნა. ხალხში უნდოდა გამოჩენა და სადაც არ მივიდა, ყველგან სიამაყით უსვამდა ხაზს, თუ როგორ პრესტიჟულ ადგილას იყო ნამუშევარი. მშვენიერი რეზიუმეც ჰქონდა და ყველგან გაკვირვებით კითხულობდნენ, თუ რა გახდა ასეთი კარგი თანამშრომლის სამსახურიდან გაშვებაო. დინა კი მარტივად პასუხობდა, შემცირებები დაიწყო და თანაც, მინდა სახლთან ახლოს მქონდეს სამსახურიო.
თავიდან სიამაყით, ცხვირაწეული მომზირალი დინა,  ახლა შედარებით უფრო მოიქუფრა. ისევ ძველ სამსახურში არჩია დარჩენა, სხვა გზასა და ხსნას ვერ ხედავდა. ბინების შოვნაზეც კი ფაქტიურად იგივე ვარიანტი ჰქონდა. კარგი ბინა, გინდაც გარეუბანში ყოფილიყო, აღარც ის იყო ნაკლებ ფასში, თუმცა ცენტრის ფასებთან შედარებაც არ შეიძლებოდა.
- დინა ისეთი ენაგადმოგდებული დარბის, მაგრამ ვერაფერს გახდა.! - როგორც კი ყური მოჰკრა უმალ მიუცუნცულა ენა ელზამ მონა-ექთანს.
- უკეთეს სამსახურს ეძებს ქალი? - ცინიკურად გაუსვა ხაზი ექთანმა.
- ისე, მაკას ხელი ხომ არ ურევია, რომ სხვა სამსახური ვერ ნახა და მაინც და მაინც აქ უნდა დარჩეს?
- ჰმ, მაკას ხელი რომ ერიოს, მაშინ უეჭველად იშოვნიდა.  - ირონიულად მიუგო ექთანმა.
- ჰო.. ჰო... - კვერი დაუკრა ელზამ და სწორედ ამ დროს მათკენ წამოსული დინა როცა შენიშნეს, მაშინვე ორივემ სხვადასხვა მხარეს გაუხვია.
- ელზა! - დაუძახა დინამ და ისიც იძულებული იყო, რომ შეჩერებულიყო.
- უჰ, ვერ დაგინახე. - თავი მოიკატუნა ელზამ.
- მაკას ნახვა მინდა და ზუსტ მისამართს ვეღარ ვიხსენებ, ერთხელ კი ვარ ლამარასთან ნამყოფი. - სპეციალურად ხაზი გაუსვა დინამ, რომ ვითომ, მართლაც იყო ნამყოფი და თანაც მაკას ამბების საქმის კურსშიც იყო.
ელზამ წარბები აზიდა. წამში ათასმა კითხვამ გაუელვა, თუმცა დინამ უმალ დააკმაყოფილა მისი ცნობისმოყვარეობა.
- ტელეფონით არ მინდა... - განაგრძო დინამ. - და არც მისამართის დასახელებაა სავარაუდოდ საჭირო.
- ჰო, რა თქმა უნდა. - კვერი დაუკრა ელზამ უმალ ჩაურაკრაკა მისამართი.
როგორც კი დინა თვალს მიეფარა, იქვე ჩასაფრებული მონა-ექთანი მყისვე მიეჭრა.
- არავის უთხრათო,  მაკამ ხომ გაგვაფრთხილა?!
- და იცოდა ისედაც. - მხრები აიჩეჩა ელზამ. - ლამრიკოსთანაც კი ყოფილა სტუმრად, ოღონდ სადარბაზო აღარ ახსოვდა.
ექთანი მოღუშული უსმენდა, მაინც რაღაც არ მოსწონდა და სანამ გაიფიქრებდა, ტელეფინზე თავად მაკას, ვერ დაურეკაო, ელზამ დაასწრო.
- ტელეფონით მისამართის გაგებას, სპეციალურად მოერიდა.
- ჰო, კარგი! საქმეს მიხედე! - ისე უბრძანა ექთანმა, თითქოს ელზა ექიმი კი არა, სანიტარი ყოფილიყო და თავად მისი უფროსი.
მაკას ელდა ეცა, როცა კარის გაღებისთანავე ზღურბლზე ავად მომზირალი დინა დახვდა. ძლივს შეიკავა თავი, უკანვე რომ არ გაებრძანებინა, ეს დაუპატიჟებელი სტუმარი. მშრალი ღიმილით შეუძღვა და სკამიც კი არ შეუთავაზებია, ისე ჩაესვენა სავარძელში. კონიაკი დიდი ყლუპით გადაჰკრა და კიდევ დაისხა. არც ამჯერად შეუთავაზებია სტუმრისთვის.
დინა წინ ჩამოუჯდა და მთელი მოწიწებით მიმართა:
- მაკა ექიმო, რა ხდება ჩვენს თავს? - საბრალო ხმით იკითხა.
- ჰმ, თქვენს თავს... აჰ! ყველა საკუთარ თავს ტირის. - ამოიხვნეშა მაკამ.
- განა თქვენი ამაგი დამავიწყდა და თქვენი დარდი, ჩემი დარდიც არის.
- რა თქმა უნდა. - ცინიკურად მიუგო მაკამ. - მე რომ გამკოჭონ, თქვენ ყველანი, სათითაოდ უკან მომყვებით!
- და ჩვენ?.. - მოჩვენებით გაიკვირვა დინამ.
- რა ჩვენ?! და რა თქვენ?! - შეუბღვირა მაკამ. - განა თქვენც არ იკუჭავდით ჯიბეში?! თუ მარტო მე ვიყავი დალხენილი?! თქვენც, კარგად ძღებოდით!
- ჩვენ, ყველანი, თქვენი წყალობით ვიდექით ფეხზე. აკი გითხარით, არ დამვიწყებია თქვენი ამაგი, მაგრამ ახლა, რა ვქნათ? როგორ მოვიქცეთ?
- და მე, რა შუაში ვარ? - მხრები აიჩეჩა მაკამ. - რაც გინდათ, ის ქენით!
დინამ ვერაფერი უპასუხა.
- დიდი გოგო ხარ უკვე და ჩემი მფარველობა, აღარაფერში გჭირდება! - კვლავ ცივად მიახალა მაკამ.
- ბინიდან გადასვლა მინდა. - დაბალი ხმით დაიწყო დინამ. - თქვენი ბინიდან.
- ჰმ. - თავი გააქნია მაკამ. მშვენივრად მიუხვდა დინას მინიშნებას. - ჩაგაწვეთეს, არა? კიდევ რა გითხრეს ჩემზე? ჰა! მიდი, ბარემ ამოღერღე!
- არავინ იღებს ხმას, თუმცა აქა-იქ მაინც გაისმის ჩურჩული და ვიფიქრე, რომ...
- აჰ! ჩურჩულებენ, არა?.. - მაკას ხმაში კვლავ ირონიამ გაჟონა. - და შენ, რა იფიქრე?
- მხოლოდ ის, რომ ბინასთან ერთად, ახალი სამსახურიც უნდა ვეძებო. - ცივად მიუგო დინამ და წამოდგა. ცხადი იყო, იქ გაჩერებას აზრი აღარ ჰქონდა, მაკას ნერვები ძაფებზე ეკიდა და ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, რომ ყველა ჯავრს დინაზე იყრიდა.
- და როდის დაგიშალე? - გაიკვირვა მაკამ და ჭიქა ბოლომდე გამოცალა.
- არც იმდენად ადვილია დღეს სამსახურის შოვნა. - მშრალად მიუგო დინამ. - მაგრამ რამეს ვნახავ, ისე არ დავრჩები.
- ვერაფერსაც ვერ ნახავ! - მკვახედ მიუგო მაკამ და კვლავ შეავსო ჭიქა. - სანიტრის ადგილიც კი შეიძლება ვერ ნახო! ასე ეს ცხოვრება მოწყობილი და მაგიტომ!
- სრულიად გეთანხმებით. - თავი დაუქნია დინამ.
- თუ... ჩემი რეკომენდაცია გჭირდება... - მაკამ კვლავ მოსვა. - უპრობლემოდ მოგიწერ ხელს და ისეთ დახასიათებას გაგიშანშალებ, უარს არავინ გეტყვის. მშვენიერი თანამშრომელი ხარ, დაუზარელი, გამოცდილი და თანაც უკვე, ექიმის დიპლომით. ყველა რანგი ათვისებული გაქვს.
- გმადლობთ, მაკა ექიმო. - დინას თვალები გაუბრწყინდა.
- ჰოდა, გამოიყენე! - ირონიულად განაგრძო მაკამ. - სანამ ჯერ კიდევ ჩემს სიტყვას ფასი აქვს!
- თქვენს სიტყვას, ყოველთვის ექნება ფასი. - გულის მოსალბობად შეაქო დინამ.
- არ გვინდა, რაა... - ჩაეცინა მაკას. - ეს უაზრო ქარაგმები და ლაქუც-მაქუცი, ჩემთან არ ჭრის გოგონი, არა!
მაკას სიტყვებმა დინას შვება მოჰგვარა. ისედაც უკვე დარწმუნდა, რომ პროტექციის გარეშე, ვერსად შეყოფდა ცხვირს. ყველგან გავლენიანი პირის რეკომენდაცია იყო საჭირო და სანამ ჯერ კიდევ, მართლაც მაკას სიტყვას ფასი ჰქონდა, სასწრაფოდ უნდა გამოეყენებინა.
ის ღამე თეთრად გაათენა და უთენია სამსახურში გავარდა. ყველა საჭირო საბუთი შეაგროვა, სამუშაო სტაჟის ყველა ამონაწერი ამოიღო და ახლა მხოლოდ ბეჭდით დადასტურებული მაკას სარეკომენდაციო წერილი და მისი ხელმოწერა იყო საჭირო. მანამდე კი სჯობდა სამუშაოსთვის მიეხედა. მოგვიანებით, ღამის მორიგეობაც გადაიბარა. დილით სახლში შეირბინა. გამოძინება არც უცდია, ბარგსაც მოუყარა თავი. ერთ დროს შეყვარებული ამ თავის ბუდეზე, ახლა მის კედლებსაც უკვე ვეღარ იტანდა. დღე-დღეზე ახალ ბინასაც ნახავდა და რაღა უშლიდა ხელს? სრული დამოუკიდებელი ცხოვრება ეწყებოდა.
ჯერ კიდევ დილა იყო, მაგრამ ხალხი უკვე სამსახურებში წასული ჩანდა, რადგან ქალაქში შედარებით ნაკლები საცობი იყო. ადვილად მიაღწია ლარას სახლამდე. ლიფტის ხურდა არც გახსენებია, რომ წინასწარ დაეხურდავებინა. სირბილით აირბინა კიბე, გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა და ერთი სული ჰქონდა, სანამ დანიშნულ კარამდე მიაღწევდა.
ბოლო კიბე ჰქონდა დარჩენილი ასასვლელად, რომ კიბის ბაქანზე უკვე კართან რამდენიმე ფორმიანი შენიშნა. დინამ ძალიან ნელი სვლით იწყო ასვლა. ამ დროს ღია კარიდან ორი ფორმიანი გამოვიდა, შუაში კი ხელბორკილებ შებმული მაკა გამოყვანეს. დინა კედელს აეკრა. გაფითრებული შეჰყურებდა მაკას. ის კი, ვითომც არც კი იცნობდა და ვერც კი ამჩნევდა მას.
LEX. 2026 წლის 14 მარტი, შაბათი.

No comments:

Post a Comment