Tuesday, April 28, 2026

ნატის ჩექმები (ნაწილი 49)

 
49.
- და რა შედეგია მერე? - ბობოქრობდა ლარას ძმა. - მთელი ზაფხული ირბინა  და მხოლოდ მანქანა გაყიდა? და სულ ეს არის?! ცოტა ხანში, ეს ყველაფერი რომ ჩაჩუმდება, ნელ-ნელა ისევ ხელს მოითბობს და უკეთესს შეიძენს!
- ჯერ მანქანა და მერე ვნახოთ. - მიუგო დეტექტივმა.
- და რა ვნახოთ? - მხრები აიჩეჩა ძმამ. - დიდი ამბავი, თუ ორი-სამი ანტიკვარული ლარნაკიც თუ მიაყიდა და ეს არის სულ?
- ასე ნელ-ნელა უნდა გავწეწოთ. - დინჯად მიუგო მამამ. - წვეთ-წვეთ უნდა ვანთხევინო, სანამ ბოლომდე არ დაეშლება ის ბოროტების ბუდე, თორემ რა უნდა მის დაჭერას? უკვე სერიოზულად საციხოდ აქვს საქმე, მაგრამ დაე ეგონოს, რომ გამოძრომას ახერხებს. დიდ ხანს უნდა გაგრძელდეს მისი ტანჯვა, ამაშია საქმე!
- რა სადისტი ხარ, მამა. - გაეცინა ძმას
- სადისტი და მტარვალი. - კვერი დაუკრა მამამ.
- ისე მეც, რა მენაღვლება. - მხრები აიჩეჩა ძმამ. - არიგოს ეს ფულები იქეთ-აქეთ და იყოს.
- და აი, ბოლოს. - ჩაურთო მამამ. - მანქანა კი არა, ღამის გასათევიც რომ აღარ ექნება, აი სწორედ მაშინ აღმოჩნდება გისოსებს მიღმა! მანამდე კი, ასე უნდა ვატანჯვინო! ეგონოს რომ ფულით, ყველაფერს მოაგვარებს.
- ესე იგი, ბოლომდე უნდა დავახურდავოთ, არა?! ჰმ! - კვლავ ჩაეცინა ძმას.
- იქამდე უნდა მივიყვანოთ. - ჩაურთო დეტექტივმა. - რომ ციხე, სანატრელი გაუხდეს, ოღონდაც ეს ამბები დამთავრდესო.
- მდაა... - ცინიკურად გააქნია თავი ძმამ. - ისე, ცოტა კი მიკვირდა, ასე დიდი ხანს რომ გრძელდებოდა ეს ყველაფერი და თურმე მამაჩემი და შენ რა დღეში ყოფილხართ.
- რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა მამამ. - თუ უკეთესი წინადადება გაქვს, გვითხარი.
- არა, არა! - თავი გააქნია ძმამ. - მშვენიერია! მშვენიერი! და ბავშვს, როდის უნდა ვუთხრათ სიმართლე?
- ჯერ არც მე ვიცი. - ამოიხვნეშა მამამ.
- მთავარია, აქაურობას მოვაშორეთ და უფრო მეტად შეეჩვია ნათესავებს. - დაურთო დეტექტივმა.
- კი, კი! - კვერი დაუკრა მამამ. - არ იყო საჭირო, ბავშვისთვის ყელაფერი ამის ყურება.
- და მაკას რომ დააპატიმრებენ, მერე ვუთხრათ, ვითომ? - ჩაეკითხა ძმა.
- სანამ მაკა, გისოსებს მიღმა არ აღმოჩნდება, მანამდე ბავშვთან ამ თემაზე საუბარი აკრძალულია და მორჩა! - მკაცრი ხმით დაასრულა მამამ.
- კარგი და შემდეგი სვლა რა იქნება? - იკითხა ძმამ. - ეს გავიგეთ, რომ მაკას უჩივიან და ქონებასაც ახურდავებს, ჯერ არ იჭერენ, მაგრამ ჩვენ ახლა ის მოწმეებიც გვჭირდება, ვინც პირადად მას დაადებს ხელს და ზუსტ ინფორმაციას მოგვაწვდის.
- ეგ ინფორმატორები კი ისევ თავად მაკას თანამშრომლები არიან და არც ასე ადვილად დაადებენ ხელს, რადგან სწორედ ის ხელი აქვთ გასვრილი. - მიუგო დეტექტივმა.
- ხმები უნდა დავუყაროთ მაკას. - ჩაურთო მამამ და ყველამ მას შეხედა.
- რა ხმები? - მხრები აიჩეჩა ძმამ.
- ის რომ. - მიუგო მამამ. - მაკა აქეთ-იქეთ დარბის, სამშობიაროში ამაზე საერთოდ ხმას არავინ იღებს. სავარაუდოდ, არც კი ჩურჩულებენ.
- და მაკასაც რა თქმა უნდა, ასე აწყობს. - ჩაურთო ძმამ.  - ისე თავიდან, ჩვენც ხომ ასე გვინდოდა და ახლა?
- ახლა კი დროა, არქივში ოფიციალური ვიზიტით ჩხრეკა ჩატარდეს! - მიუგო მამამ.
- და თავისთავად, ყველა გაიგებს. - კვერი დაუკრა დეტექტივმა.
- აუ, რას დაფაცურდებიან. - გაეცინა ძმას. - ვირთხებივით დაიწყებენ დერეფანში სირბილს და ერთმანეთის ჩაშვებაზე რამდენი წავა ნეტა.
- არც იმდენად ბევრი. - მიუგო მამამ. - რადგან საკუთარი ტყავის გადასარჩენად, ბევრიც გაჩუმდება.
- სულ რამდენიმეც კი საკმარისი იქნება, რომ საქმე დაიძრას. - მიუგო დეტექტივმა. - ოფიციალურად და უკვე გახმაურებული სახე მიეცემა.
- და ბოლოს და ბოლოს, აღარ არის დრო, რომ საფუძვლიანი გამოძიება დაიწყოს?! - კვერი დაუკრა ძმამ.
- აბა, როგორ ხართ, ბიჭებო? - ლარა მხიარული სახით შეიჭრა სასტუმრო ოთახში. - ჭორაობთ, არა?!
- პროცენტულად დადგენილია, რომ მამაკაცები, ყველაზე დიდი ჭორიკნები ვართ! - სიცილით მიუგო მამამ და მერე დაბალი ხმით დასძინა. - სახეზე გაწერია ახალი ამბავი და მიდი ბარემ ამოღერღე!
- მაკამ თავისი ბინის ყიდვა შემომთავაზა. - მშვიდი ხმით მიუგო ლარამ და ყურებამდე გაიღიმა.
ლარას ამ ახალ ამბავს, კაცების ხორხოცი მოჰყვა. ძლივს მოითქვეს სული და ერთმანეთს ეუბნებოდნენ, ხომ გითხარი ასე იქნებოდაო და ასეც ვიცოდიო.
-  და მერე? შენ რა უთხარი? - ჩაეკითხა მამა, როდესაც სიცილისგან ძლივს ამოისუნთქა. - იმედია, მაშინვე არ დაეთანხმე.
- არც უარი მითქვამს. - მიუგო ლარამ. - მოვიფიქრებ-მეთქი და ისიც ვუთხარი, რომ ჩემი ბინის გაყიდვა ისედაც დიდი ხანია მინდოდა, ფაქტიურად იქ აღარც ვცხოვრობ და...
- და მაკამ, რაო? - ახლა ძმა ჩაეკითხა. - გადავცვალოთ და ფული დამიმატეო?
- გაცვლა არც შემოუთავაზებია. - მიუგო ლარამ. - მხოლოდ თავისი ბინის გაყიდვაზე დახმარება მთხოვა. ისე საკმაოდ ძვირს აფასებს და ალბათ, მართლაც ღირს.
- მერე ვიყიდოთ. - შესთავაზა ძმამ.
 - არც კი მინდა იმ სახლში ფეხის შედგმა! - თავი გააქნია ლარამ.
- ჰო, მაგრამ მაკამ ხომ არაფერი იცის შენზე და თუ ეხმარები, მაშინ ბოლომდე უნდა დაეხმარო. - მიუგო დეტექტივმა.
- მივცეთ მაკას ბინის ფული. - განაცხადა მამამ. - მხოლოდ, ჯერ არა. რაც შეიძლება იაფად უნდა გაყიდოს! ისე, რომ სული მისდიოდეს!
- ვალოდინოთ და ვაწუწუნოთ უფრო მეტად და არც არავის ჩვენს ახლობელს არ შევთავაზოთ, მაკამ სწორედ მაგიტომ გითხრა, თუ ჩვენ არა, ვინმე ჩვენს სანაცნობოში ხელიდან არ გაუშვებს ასეთ შანსს. - მიუგო ძმამ. - და ისე, მშვენიერი ბინაა, როგორც ვიცი და საკმაოდ პრესტიჟულ უბანში. ისედაც კარგ ფასში გაიყიდება.
- ან სულაც ისევ კუსუს ვაჩუქოთ! - ჩაურთო მამამ.
- არავითარ შემთხვევაში! - კატეგორიულად განაცხადა ლარამ. - ჩემი შვილი, იქ ფეხს აღარასდროს შედგამს!
- ჰო, ისე. - კვერი დაუკრა ძმამ. - არ გვაქვს ამის გაჭირვება, რომ ლარამ მაინცდამაინც ბავშვთან ერთად სწორედ იმ ბინაში იცხოვროს.
- ვიყიდოთ და გავყიდოთ! რა პრობლემაა?! - მხრები აიჩეჩა მამამ და მერე ნირწამხდარ დეტექტივს გახედა. - რა იყო? რა არ მოგწონს?
დეტექტივმა უხმოდ აიჩეჩა მხრები, თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, არადა აშკარად არ ესიამოვნა, როცა მოისმინა, ლარამ შვილთან ერთად უნდა იცხოვროსო. მასაც დიდი სურვილი ჰქონდა ლარას გვერდით ყოფნის და მხოლოდ ერთხელ გაბედა, როგორც იქნა და სულ სხვანაირად აგორდა ეს ამბავი. პირდაპირ მიანიშნეს, რა დროს ლარას ქორწინებაა, ჯერ ბავშვი დაიბრუნოსო.
- ჯერ ლარა უნდა გამოჩნდეს კუსუს ცხოვრებაში, როგორც დედა, როგორც ოჯახის წევრი და მერე, რაც გინდათ ის ქენით, ხომ ხვდები? - ღიმილით გადახედა მამამ დეტექტივს.
დეტექტივმა უხმოდ დაუქნია თავი და მერე, როგორც იქნა ამოღერღა:
- ჯერ ბიჭმა უნდა გადახარშოს, ის რომ მთელი მისი ცხოვრება ტყუილი ყოფილა და ახალ სინამდვილეს, ახალ ცხოვრებას უნდა შეეჩვიოს და შეიყვაროს.
- რაც მთავარია, ბავშვი ყველას მართლაც რომ შეგვეჩვია. - დაურთო ძმამ.
***
მაკა მთელი კვირა არ გამოჩენილა სამსახურში და სწორედ მისი არ ყოფნის დროს, სამშობიარო სახლში, მოულოდნელად ოფიციალური ჩხრეკის ორდერით შეცვივდნენ. ყველა დაწიოკდა, ვინ სად გარბოდა და გამორბოდა.  მთელი საარქივო მასალა ერთად ჩატვირთეს და გაიტანეს.
ლარა „გაკვირვებული“ კითხულობდა, რა ხდებაო. ნახევარ სამშობიაროს თანამშრომლებს ფერი არ ედოთ, ისეთ დღეში იყვნენ და მხოლოდ ლარა იყო, ყველაზე მშვიდად და „გაოცებული“ სახით ათას კითხვებს სვამდა. ელზაც და მაკას ყმა-ექთანი დიდი ხანია ამჩნევდნენ, მაკა როგორ ნელ-ნელა დამეგობრდა ლარასთან და ახლა ორივე თავად ცდილობდა, რომ მის სიახლოვეს ყოფილიყვნენ, თითქოს მისგან ელოდნენ ხსნას.
მოულოდნელად ლარას მობილური აწკრიალდა. მაკა ურეკავდა. ლარამ „დამფრთხალი“ სახით ჯერ ერთს გადახედა და მერე მეორეს.
- მიდი უპასუხე. – „ნება დართო“ ექთანმა. - ისედაც იცის უკვე, აქ რაც ხდება.
მაკა ლარას სასწრაფოდ შეხვედრას სთხოვდა და თუ გინდა, ჩემი გოგოებიც წამოიყვანეო.
ელზა მადას არასდროს უჩიოდა და არც მძიმე წონის იყო. თუ ვინმე რამეს მოიტანდა, ყველაზე დიდ ლუკმას პირველი სტაცებდა ხელს. ახლაც ასე იყო, კაფეში შეკვეთილი ნამცხვრებით, მხოლოდ ელზა ილუკმებოდა გემრიელად და ყველას ულუფაც სათითაოდ ზედ მიაყოლა. მაკას დანა პირს არ უხსნიდა, რა დროს ნამცხვარი და ტორტი იყო, ყავაც ძლივს მოსვა. ელზასგან განსხვავებით, არც ყმა-ექთანი იყო დიდად ჭამის მადაზე.
- ასე სასწრაფოდ, მხოლოდ ძალიან დაბალ ფასში თუ გაიყიდება ბინა. - მიუგო ლარამ.
- შეიძლება ხვალ უკვე გვიანიც იყოს, ამიტომ ასე ვჩქარობ. - წუხდა მაკა.
- სიამოვნებით გავყიდიდი ჩემს ბინას და თქვენსას ვიყიდი. - დააყრანტალა ელზამ.
- მეჩქარება-მეთქი, თორემ ჩემი და შენი ბინის ფასი საკმაოდ განსხვავდება. - უკმეხად მიუგო მაკამ.
- და მერე, სანამ შენი ბინა გაიყიდება ჯერ. - დამცინავად ჩაურთო ექთანმა. - თორემ მეც გავყიდიდი ბინასაც და სოფლის კარ-მიდამოსაც მივაყოლებდი. სიამოვნებით შევიძენდი მაკა ექიმის ბინას.
- დღესვე მინდა ბინის გაყიდვა, დღესვე! - სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა მაკას. - იქ გაჩერებაც კი აღარ შემიძლია და დიდი ფულიც სასწრაფოდ მჭირდება!
- მოკლედ. - დაიწყო ლარამ. - ჩემი ბინის გასაღებს მოგცემთ, რამდენი ხანიც გინდათ, იმდენი იცხოვრეთ, მანამდე კი ახლობლებში გავიკითხავ, აუცილებლად გამოჩნდება მაგ ბინის კარგ ფასად მყიდველი.
ლარას წინადადება ყველას მოეწონა და სულ გაიხარე, გაიხარე, უძახეს. მაკას მართლაც არავის დანახვა სურდა, არც მეზობლის და არც მეგობრის, ამიტომ მშვენივრად აწყობდა, სადმე გარეუბანში, ნაცნობი თვალისგან შორს ყოფნა.
სამშობიარო სახლი კვლავ მეთვალყურეობის ქვეშ რჩებოდა. მართალია, მთელი არქივი გატანილი იყო უკვე, მაგრამ მაკას ჯერ კიდევ ხელს არავინ ახლებდა. ძველებურად განაგრძო მუშაობა, თუმცა იმ ძველი მაკასი, უკვე აღარაფერი ეცხო. ყველა დანარჩენი თანამშრომელიც ადგილზე რჩებოდა. მარტო დინა წრიალებდა უცნაურად. უფრო მეტ ამბიციებში იყო და თითქოს აღარც სურდა, მაკას ფრთის ქვეშ მუშაობის გაგრძელება. მაკა ამჩნევდა, მაგრამ არ ამახვილებდა ყურადღებას. უახლოესი გუნდის წევრები კი უკვე კატეგორიულად ჰყავდა გაფრთხილებული, დინასთან ყურადღებით იყავითო.
მაკა მშვენივრად ხვდებოდა, ვიღაც სპეციალურად, მიზანმიმართულად მას უთხრიდა ძირს და არ იყო გამორიცხული, რომ ვინმე შინაური ყოფილიყო და ამ შინაურებში კი დინა უკვე დიდი ხანია პირველ ადგილს იკავებდა. მაკას სხვა გზა არ ჰქონდა, იძულებული იყო ლარასთვის გაენდო, დინას მიმართ უნდობლობა და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სწორედ ასეთი თანამშრომლების საქციელმა მიმიყვანა აქამდე, რომ ასეთ დღეში ვარო.
- კი მაგრა, როგორ? რანაირად? - გაოგნებული დარჩა ლარა, როდესაც მაკას ნაამბობი მოისმინა. - საკუთარი დის შვილი, ჩექმებში როგორ გაცვალა?
- წარმოდგენაც არ მაქვს! ან როგორ მოახერხა?! - სასოწარკვეთილი ხმით უხსნიდა მაკა.
- და სხვა თანამშრომლები არავინ იყვნენ ან პალატაში, ან ჩვილებში? ან?..
- ხომ გითხარი, არაფერი ვიცი. - მხრები აიჩეჩა მაკამ. - მაგის გამოძიების დრო ნამდვილად არ მქონდა, ისედაც ჩემი პრობლემები თავზე საყრელად მაქვს! სრულიად შემთხვევით გაჟონა, რაღაცას ყური მოვკარი და პირზე დავადექი.
- და მერე? - ჩაეკითხა ლარა. - აღიარა?
- აბა, რას იზამდა?! - თავი გააქნია მაკამ. - საციხოდ აქვს საქმე და იძულებული იყო ყველაფერი დაეფქვა.
- და ახლა, ჩვენ რა უნდა ვქნათ? ჩვენ გამოვუძახოთ პატრულს?
- არა, რა პატრულს?! - შეცბა მაკა. - მაინც ვერაფერს დავუმტკიცებთ და რა აზრი აქვს? კიდევ ერთით მეტი მტრის გადაკიდება, ნამდვილად არ მინდა.
- და მაინც? როგორ მოახერხა? - კვლავ ჩაეკითხა ლარა. - ან იმ ოჯახმა, ვინც აიყვანა ბავშვი...
- იმდენად უნდოდა იმ დასაწვავ ჩექმებში თავის მახინჯი ფეხის ჩაყოფა, რომ საკუთარ დას, შვილი გამოგლიჯა ხელიდან და ყველაზე საშინელი კი იცი რა არის?
- ამაზე მეტი საშინელი, რა უნდა იყოს? 
- არც კი იცის, თუ ვის მიყიდა ბავშვი! ჩექმებში გაცვალა! სკვერში იჯდა ქალბატონი, გაზაფხულის მზეს ეფიცხებოდა და ვიღაც, სრულიად უცხო ქალს, რომელმაც იქვე მოთამაშე ბავშვების შემხედვარე, სინანული გამოთქვა, თავის ბერწი საშვილოსნოს გამო და იდიოტ დინას, თავის ცარიელ თავში, გენიალური აზრი მოუვიდა!
- ღმერთო ჩემო! - შეიცხადა ლარამ. - და კი, მაგრამ სამშობიაროდან გაყვანა, როგორ მოახერხა? ნუთუ, არავინ შენიშნა? ან?..
- ან?.. - მწარედ ჩაეცინა მაკას, მშვენივრად ხვდებოდა, მის გამოზრდილს როგორ უნდა ემოქმედა. - ან ვინმეს მოთაფლავდა, რაღაც ორ კაპიკს გადაუგდებდა, ან სულაც ხელფასიდან მიცემდა, რადგან ალბათ, ისე უნდოდა ის ჩექმები რომ, ჰმ.
- მდაა... - ამოიხვნეშა ლარამ. - ამ საქმის ასე დატოვება, არანაირად არ შეიძლება.
- და რა გავაკეთო? მე რომ ხმა ამოვიღო, აქეთ დამადებს ხელს და ვინ იცის, რას არ მოჩმახავს.
- რას ჰქვია, ხელს დაგადებს?! - კოპები შეკრა ლარამ. - მართლა ჩალით კი არ არის ეს ქვეყანა დაფარული?! რა სისასტიკის ჩადენა შეუძლია, თურმე ადამიანს!
- და ყველაზე საინტერესო კი ის არის, ჩემო კარგო, რომ... - განაგრძო მაკამ. – სწორედ ეგ ჩექმები, ჯერ კიდევ როდის მომეწონა და მეც გულუბრყვილოდ ვაჩვენე დინას. ყველა გზა ვასწავლე, თუ როგორ უნდა შეეძინა ექსკლუზიური და უახლესი მოდელი და აი, ჩემს ზურგს უკან მშვენივრად მოახერხა.
- მდაა.... რა გითხრათ, არც კი ვიცი. - მხრები აიჩეჩა ლარამ.
***
მოგვიანებით, ლარასთან ოჯახურ ვახშამზე უკვე დინას ამბებსაც განიხილავდნენ.
- მშვენიერია, მშვენიერი. - კმაყოფილი სახით ჩაილაპარაკა მამამ.
- და რა არის, აქ მშვენიერი?! - შეუტია ლარამ. - საკუთარი დის შვილი, რომ ჩექმებში გაცვალა, ეს არის მშვენიერი?!
- მშვენიერი ის არის, ჩემო კარგო, რომ დინას. - დინჯად მიუგო მამამ. - უკვე ჩვილების ტრეფიკინგის უტყუარი ფაქტი უმტკიცდება! თუნდაც, იმ ერთის, მაგრამ უკვე სერიოზული ნამდვილი სამხილია! წმინდა წყლის კრიმინალი!
- ჰმ, ის რაც მაკას ჯერ კიდევ არ უმტკიცდება. - თავი გააქნია ლარას დედამ.
- და რანაირად უმტკიცდება? - მხრები აიჩეჩა ელენემ. - პირზეც რომ დაადგე, უარზე დადგება, რადგან არც ბავშვი ჩანს და არც გვარი იცის იმ ოჯახის, ძალიან ადვილად შეუძლია დაამტკიცოს, რომ არაფერი ჩაუდენია და სულაც მოუგონეს! ისედაც მისი და, ორსულობის შენარჩუნებაზე იწვა.
პასუხად მამას, ირონიულად ჩაეღიმა და მომღიმარე ძმას გახედა. დეტექტივსაც კი ღიმილი ეხატა სახეზე, რის გამოც ლარა უფრო გაწიწმატდა, რას მიმალავთო.
- შენ იქ აღარ ცხოვრობდი და ამიტომაც მიგანიშნეთ, მაკასთვის შენი ბინის შეთავაზება, თუნდაც დროებით, მაინც. - მიუგო დეტექტივმა.
- და?.. - ვერ მიუხვდა ლარა.
- მთელი შენი ბინა ისმინება და იხედება კიდევაც. - ღიმილით მიუგო მამამ.
- ასე რომ. - ახლა ძმამ მიუგო გაოცებულ ლარას. - ვნახოთ აბა, მაკა ვის მიმართავს დასახმარებლად და რას მოიმოქმედებს.
- და რაც შეეხება დინას ავაზაკურ ქმედებებს. - ჩაურთო მამამ. - ეს საუბარიც მშვენივრად არის დაფიქსირებული.
შესანიშნავად აწყობილი გეგმა იყო, ლარას ძალიან მოეწონა და თავიდან შეაქო ბიჭები, თუმცა მერე მაინც ეჭვი შეეპარა.
- კი მაგრამ ეს ხომ უკანონო გზით მოპოვებული სამხილებია და მაინც ვერ გამოდგება, ისე როგორც საჭიროა. - დანანებით გააქნია თავი ლარამ.
- კანონიერია, კანონიერი! - მიუგო დეტექტივმა. - და ამჟამად არა აქვს მნიშვნელობა, თუ სად გადის ბოლო ხაზი.
მაკას თვალთვალის ტრანსლაცია, მამას კაბინეტში მიმდინარეობდა და ერთმანეთს მორიგეობით ენაცვლებოდნენ.
დეტექტივი დილიდან ესტუმრათ და ახლა მან გადაიბარა მოთვალთვალის პოსტი.
- მაკას მთელი ღამე არ ეძინა. გამუდმებით გადი-გამოდიოდა ოთახში.  - მოახსენა ძმამ.
- ჰოო? - ღიმილით ჩაეღიმა დეტექტივს. - ნერვიულობს ქალბატონი მაკა და არც არსად დაურეკავს?
- და არც არსად დაურეკავს. - მიუგო ძმამ.
- დაიცა! - ხელით ანიშნა დეტექტივმა. - აი სწორედ ახლა, მაკა ვიღაცას ურეკავს!
ტელეფონში მაკამ მხოლოდ მისამართი უკარნახა და არც მოსაუბრისათვის მიუმართავს სახელით. ისიც დაუმატა, რომ მანქანა ბევრად მოშორებით უნდა გაეჩერებინა, ან სულაც ტაქსით მოსულიც, შორს ჩამოსულიყო.
- ჰმ. რა საინტერესოა... - ახლა მამა ჩაერთო. - ხედავთ? ვისთან გვაქვს საქმე?
- ნეტა, მართლა ვინ მოვა? - ინტერესით თქვა ძმამ.
- ახლავე გავიგებ, ვისთან დარეკა. - დეტექტივმა მობილური მოიმარჯვა. - მაკას ნომერი უკვე ისედაც დიდი ხანია ცალკეულადაც ისმინებოდა.
ძალიან მოკლე ხანში, დეტექტივს შეატყობინეს, რომ მაკას ნომრიდან, ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში არანაირი ზარი არც გაშვებულა და არც შემოსული ფიქსირდებოდა.
- არ არსებობს! - წამოიძახა ძმამ. - ნამდვილად დავინახე, რომ მობილურით საუბრობდა!
- ჰო, მეც ვნახე და გავიგონეთ კიდეც საუბარი. - კვერი დაუკრა დეტექტივმა.
- ქალაქის ნომერი იმ ბინაში არც ჰქონია ლარას და ესე იგი. - ჩაფიქრებული ხმით დაურთო მამამ. - ქალბატონ მაკას, სხვა მობილურიც აქვს და ეგ არც არის გასაკვირი. ისედაც ასე იქნებოდა, დიდი გაიძვერა და გაქნილი ქალია.   
- მის სახელზე, მხოლოდ ის ერთი ნომერი ფიქსირდება. - მიუგო დეტექტივმა. - თუმცა, რა პრობლემაა დღეს ნომრის აღება, მაგრამ არც მისი მობილურიდან გასულა ზარი.
- ჰოდა, მაგას ვამბობ, სწორედ! - განაგრძო მამამ. - მაკას სხვა ტელეფონიც აქვს.
დეტექტივმა მობილური მოიმარჯვა და კვლავ შეტყობინებას დაელოდა.
- საუზმე მზად არის! - შემოიხედა ელენემ. - და აქ არ მოგიტანთ! თქვენ თვითონ გამობრძანდით!
ამ დროს დეტექტივის მობილურიც აწკრიალდა და პასუხის შემდეგ, კმაყოფილი სახით გადმოხედა ყველას:
- რადგან, მაკას პირადი ნომრიდან და არც მისი მობილურიდან ზარი არ დაფიქსირებულა, მაშინ მოვითხოვე, რომ ლარას ბინიდან განხორციელებული ნებისმიერი ზარი, თუ სად და ვისთან გავიდოდა.
- და მერე? - ვეღარ ითმენდა ძმა.
- ნომერი ეკუთვნის, ერთ-ერთი სამშობიარო სახლის მთავარ ექიმს, ვინმე მერაბს და სხვათა შორის, არც იქ ფიქსირდება, ჩვილ ბავშვთა გარდაცვალების ნაკლები რაოდენობა.
- აჰამ. - კმაყოფილი სახით დაურთო მამამ. - ესე იგი, მანდაც ქექავდით?
- ისევე, როგორც სხვა ყველა სამშობიარო სახლში, ჯერ მხოლოდ ზედაპირულად გადავამოწმეთ. - მიუგო დეტექტივმა. - ეჭვი რომ არ აეღოთ, ვითომდა სოციალური გამოკითხვების საფუძველზე, ჯერ შობადობის პროცენტულობა აღირიცხა და პარალელურად, ჩვილ ბავშვთა გარდაცვალებასთან ერთად, მკვდრად მშობიარობაც მოინიშნა და სულ ეს იყო.
- ყოჩაღ, ყმაწვილო! - შეაქო მამამ. - მშვენიერი სვლა იყო.
- ნუ, ეგ ისედაც ცხადი იყო, რომ თავისნაირებთან ექნებოდა მაკას კავშირი. - ჩაურთო ძმამ.
- რა თქმა უნდა, მანდ ისეთი ციფრებია, მარტო მაკა მაინც ვერ გაქაჩავდა. - კვერი დაუკრა დეტექტივმა.
- და იმ დინამ კი შესძლო და მარტომ იმოქმედა,  ჰაჰ! - თავი გააქნია მამამ და ბოლოს დაბალი ხმით დასძინა. - ისე პრინციპში, ვერც დინა მოახერხებდა, სულ ასე მარტო, ყველას შეუმჩნევლად.
- და ამით, იმის თქმა გინდა რომ მაკა, რაღაცას ბოლომდე არ ყვება? - ჩაურთო ძმამ.
- რა თქმა უნდა ჩემთან დაწვრილებით რატომ მოყვებოდა. - კვერი დაუკრა ლარამ. - და ახლა რა გავაკეთოთ?
- ახლა იმ ბინაში თუ ელზას ან იმ ექთანს დაიბარებს და მათი საუბრებიდანაც შეიძლება რამის ამოღება. - მიუგო მამამ.
- თუმცა, შესაძლოა ეს მაინც ირიბი სამხილები იყოს. - ჩაურთო დეტექტივმა. - ჩვენ უფრო ზუსტი და უტყუარი გვჭირდება.
- დაიცათ! - ყველა გააჩუმა ძმამ. - მოეთრა ის ვიღაც მერაბა და ვნახოთ ახლა რაზე ისაუბრებენ!
მაკა გაცხარებით საუბრობდა და მერაბს კი ცივი ოფლი ასხამდა და დროდადრო დაცვარულ შუბლს ცხვირსახოცით ისრესდა.
- აუ, ახლა ამ კაცს საკუთარმა ცოდვებმაც შემოუტია. - ქირქილებდა ძმა. - ნახეთ რა დღეშია, იწურება ტიპი. - და რამდენი ექნება ვინ იცის.
მერაბი წავიდა, თუმცა არც თუ ისე დიდი დრო იყო გასული, რომ კვლავ დაბრუნდა და ამჯერად, ხელში დიპლომატი ეჭირა.
- ჰაჰ! - კმაყოფილი სახით ეღიმებოდა ძმას. - მაყუთი მოკუკა ბიჭმა?!
- ესე იგი, ეგ მერაბა, მაკას ბინას ყიდულობს და მყისვე ამხელა თანხითაც დაბრუნდა. - ჩაურთო მამამ.
- და ბინის ყიდვას მარტო ფული ხომ არ უნდა, მერე? - მხრები აიჩეჩა ლარამ. - ან გადაფორმება არ უნდა, ან ნოტარიუსთან...
- ეგ მოგვიანებითაც მოხერხდება, ახლა მთავარია, რომ მაკამ ფული იშოვა. - მიუგო დეტექტივმა.
- და გამოდის, რომ საკმაოდ დიდი ნდობა აქვთ ერთმანეთში. - ჩაურთო მამამ. - რადგან ნახეთ? მხოლოდ მისი ხელწერილით დაკმაყოფილდა და არც სხვა მოწმეები მოუწვევიათ.
- მაინც რა გარანტია აქვს? - მხრები აიჩეჩა ლარამ. - მაკას ეს ფულები თუ შემოეხარჯება, მერე უკან არ მოსთხოვოს ბინა.
- გარანტია ნამდვილად არ აქვს, მაგრამ უღირს რისკზე წასვლა. - მიუგო მამამ. - ხომ ხედავთ, რა სწრაფად მოუცუნცულა და თანაც რამდენი.
- ცხადია, მაკას ყურებით ჰყავს დაჭერილი. - ჩაეღიმა ძმას. - და ნეტა, შემდეგი სვლა რა იქნება?
მაკამ ახლა ელზა და ექთანიც ლარას ბინაში დაიბარა და მკაცრად გააფრთხილა, ლარას არაფერი უნდა გაეგო. მათი თანდასწრებით, ფულით სავსე დიპლომატი როცა გახსნა ელზას  ლამის, თვალები გადმოუცვივდა, ექთანმა კი პირიქით, უფრო მოწკურა და მერე ეჭვიანი მზერა შეავლო მაკას.
- ჩემი ბინა გავყიდე. ნუ დროებით, დავაგირავე. თუმცა, აღარც კი მინდა იქ ცხოვრება.
ისეთი მშვიდი სახით, ისე უხსნიდა მაკა, თითქოს უკვე ყველაფერი მოგვარებული ჰქონდა. მერე დიპლომატიდან თითო-თითო დასტა დაურიგა და შემდგომში, უფრო მეტსაც დაჰპირდა.
ელზას აშკარად კმაყოფილი სახე ჰქონდა, ხოლო ექთანი კი კვლავ ეჭვიანი მზერით აცეცებდა თვალებს.
- როგორმე ელზა უნდა ავალაპარაკო. - თქვა ლარამ. - თორემ ის ექთანი, ისეთი ჩანს კრინტს არ დაძრავს.
- ამ ეტაპზე, ელზა არაფერს იტყვის. - მიუგო დეტექტივმა. - რადგან ნახე, მაკამ როგორ კატეგორიულად გააფრთხილა, რომ პირადად შენ არ უნდა გაგეგო მათი შენს ბინაში ვიზიტი.
- ისევ დინა სწჯობს. - დინჯად მიუგო მამამ. - მაგათ შორის, ახლა ყველაზე ცუდი ურთიერთობა აქვს მაკასთან.
- რა თქმა უნდა! - დაეთანხმა დეტექტივი. - მაკა უკვე დინას იმდენად ვეღარ ენდობა და დინას კი, აშკარად მაკას კლანჭებიდან სურს გათავისუფლება.
- არც კი ვიცი, მაგ გოგოსთან საიდან უნდა დავიწყო ურთიერთობა. - კვლავ ამოიხვნეშა ლარამ. - თუ უნდა თავად მოგმართავს და თუ არ უნდა, წესიერად გამარჯობასაც ვერ ათქმევინებ.
- ერთი-ორჯერ ზედიზედ ყავაზე დაპატიჟე. - მიუგო ძმამ.
- ყავაზე კი არა, შიმშილით რომ კვდებოდეს, თუ მის გულს არ უნდა, პირსაც არ დააკარებს, რაღაცნაირი გოგოა.
- შენ სცადე და დიდად არც შეეხვეწო. - დაარიგა რძალმაც. - ბოლოს და ბოლოს, ის ჩექმებიც შეუქე და მოიწონე.
- არავითარ შემთხვევაში! - კატეგორიულად გამოაცხადა ოთახში შემოჭრილმა დედამ. - არც გაბედო იმ ჩექმების ხსენება! და არც ისე დაიჭირო თავი, რომ ვითომც არც გინახავს. ჩვეულებრივ გაუტარე.
- ყავაზე დაიპატიჟე თავი. - ახლა მამა ჩაერთო. - ცოტა მოწიწებით, დაბალი ხმით და ლამის ჩურჩულით უნდა სთხოვო, რომ ბარათზე საკმარისი თანხა არ აღმოგაჩნდა და...
- არა, არა! - თავი გააქნია დედამ. - ბარათი დაგებლოკა! ასე სჯობს! და მიზეზის ახსნაც არ არის საჭირო.
- და ქეშიც არ გყოფნის. - ჩაურთო რძალმა.
- არა, არა! - თავი გააქნია ძმამ. - ეს ძაან უტვინო სვლაა! საკმაოდ გაცვეთილი მეთოდია.
- ბუტიკიდან რომ დავურეკოთ და რამე ახალი მოდელი შევთავაზოთ? - ჩაერთო რძალი.
- არა! - მოუგო დედამ. - არც ეგ წავა ახლა!
- სჯობს, ისევ ბინის შესახებ ჰკითხო. - დეტექტივმა ლარას გადმოხედა. - მაკამ გაყიდა თუ არა ის ბინა, უბრალოდ გაინტერესებს. სულ ეს არის.
- ჰომ, მაგრამ. - მხრები აიჩეჩა ლარამ. - რაღა დინას უნდა ვკითხო, როცა ელზასთან შედარებით უფრო ახლოს ვჩანვარ და იმ ექთანთანაც და ეს უფრო საეჭვო არ იქნება?
- სულაც, არა და მშვენიერი აზრია. - მოუწონა ძმამ. - რადგან დინა, მაკას მეზობლად ქირაობს ბინას და თანაც, ისევ მაკას ბინას.
- ჰმ. ეგ არ ვიცოდი. - ცალყბად გაეღიმა ლარას.
- ჰოდა, ახლა ხომ იცი. - მიუგო მამამ. - და შენი სამსახურში წასვლის დროც დადგა და აბა, შენ იცი!
სამშობიარო სახლში მაინც გაჟონა, რომ მაკას ძალიან ცუდად ჰქონდა საქმე და მის ირგვლივ მითქმა-მოთქმა არ ჩერდებოდა, თუმცა მაკას ისე ეჭირა თავი, ვითომდა ყველაფერი უკვე მწყობრში იყო მოყვანილი და ყელა პრობლემა მოშორებული ჰქონდა.  
მოულოდნელად ლარას მშვენიერი შანსი მიეცა. დინა ყავის ჩამოსასხმელ აპარატთან იდგა და უკვე მერამდენედ ჩაყლაპული მონეტა უშლიდა ნერვებს.
- ვაიმე, კიდევ არ მუშაობს? - ასევე გამწარებული სახით იკითხა ლარამ. - ეს ყავა მაინც ვარგოდეს, მაგრამ ზოგჯერ უცებ გამოსაფხიზლებლად, წავა.
- ჰო, დავიტანჯე უკვე, ზედიზედ ჩაყლაპა. - წუხდა დინა.
- წამო გავიდეთ ყავაზე. - შესთავაზა ლარამ.
პასუხს არც დაელოდა, ისე შეაქცია ზურგი და გასასვლელისკენ წავიდა. დინაც უხმოდ მიჰყვა კუდში.
- როგორი ყავა გინდა? - შესაკვეთად დაასწრო ლარამ.
- რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა დინამ. - სულ ერთია...
- სულ ერთი, როგორ არის? - გაიკვირვა ლარამ. - ნახევარი ქალაქი რატომღაც უშაქროდ სვამს, მე კი არ მიყვარს მწარე ყავა, თუმცა არც დიდად ტკბილეულის მოყვარული ვარ.
- მაშინ შენ როგორსაც აირჩევ, ვნახოთ აბა როგორი ყავა მოგწონს. - გაუღიმა დინამ.
ყავის ჭიქებით ხელში, იქვე სკვერში ჩამოსხდნენ.  შემოდგომა იწურებოდა და ჯერ კიდევ თბილი ამინდები იდგა.
- ნეტა როგორი ბინა აქვს მაკას? - ისე, სასხვათაშორისოდ იკითხა ლარამ.
- ძალიან კარგი და მშვენიერი. - გაკვირვებით მიუგო დინამ და ინტერესით ჩააკვირდა.
- ნესტიანი ხომ არ არის?
- არა, არა! - თავი გააქნია დინამ. - ისეთი რემონტი აქვს, რომ რა ნესტი?..
- ზოგჯერ რემონტი, ზედაპირულად უამრავ რამეს ფარავს, მაგრამ მოგვიანებით, ნესტმა იცის უცებ თავის გამოჩენა..
- ჰო, შეიძლება. - თავი დაუქნია ლარამ. - თუმცა ნესტიანის ვერაფერი შევატყვე.
- და იცი, რატომ ვკითხულობ? - პირდაპირ მიახალა ლარამ, რადგან უკვე ეტყობოდა დინა ინტერესით კვდებოდა, თუმცა ზედმეტ კითხვასაც არ სვამდა. - ნეტა რამდენად ყიდის? იქნებ, მართლაც მე ვიყიდო.
- რაა?! - დინამ ამოიხავლა დინამ.
- აღარ ყიდის? - გაკვირვებით გამოხედა ლარამ. - აბა, რატომ შემომთავაზა?
- რა ვიცი... - ძლივს ამოიკვნესა დინამ.
ლარა კი ზედაც არ უყურებდა, ისე განაგრძობდა საუბარს და თითქოს ვერც ამჩნევდა დინას რეაქციებს.
- ისე, კი არ მიკითხავს, რომელ ბინას ყიდის. - განაგრძო ლარამ. - თავისას თუ შენსას?
- ჩემსას? - ახლა უფრო მეტად გაიკვირვა დინამ.
- ჰო! შენ ხომ მაკას ბინაში ცხოვრობ და მაგიტომ გეკითხები, რამდენ ოთახიანი შენი?
- მაკას ბინაში, თუ მაკას მეზობლად. - თითქოს ირონიაც კი შეეპარა დინას, თუმცა აშკარად ეტყობოდა ეს ინფორმაციები მისთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო.
- ჰო, შენ რომ ბინას ქირაობ, ისიც ხომ მაკას საკუთრებაა და ამიტომ გკითხე, რომელ ბინას ყიდის, რადგან ბარემ უფრო დიდ ფართობს შევარჩევდი და თანაც, სამსახურთანაც ახლოს არის. მალე იქნებ, დავოჯახდე კიდეც და პატარა ბინას, ისევ დიდი ბინა არ სჯობს?!
- ჰო... ალბათ... - დაბნეულად მიუგო დინამ და უკვე აღარც ესმოდა ლარას ქაქანი. საშინლად გაცოფებული, ამღვრეული თვალებით გაჰყურებდა სკვერს და სადღაც უფრო შორს ფრენდა მისი გონება.
LEX. 2026 წლის 21 თებერვალი, შაბათი.

No comments:

Post a Comment