Saturday, April 18, 2026

ნატის ჩექმები (ნაწილი 48)

 
48.
დინამ ლარას და მაკას დახმარების გარეშეც მშვენივრად შესძლო სანუკვარი სურვილის ასრულება და ერთ მშვენიერ დღესაც, როცა უკვე შემოდგომა კარს იყო მომდგარი, უახლესი და ქალაქში ერთადერთი მოდელის საუკეთესო ჩექმებით გამოცხადდა სამსახურში.
მაკას ელდა ეცა. ისე ანერვიულდა, რომ სხვებმაც შენიშნეს. ისე აუკანკალდა ყბა, რომ ძლივს დაძრა სიტყვა. ბედად ლარაც იქვე აღმოჩნდა და კაბინეტში შეიყვანა ფერდაკარგული და ბოღმისგან ლამის განადგურებული მაკა. ლარას მიწოდებული ცივი წყალი ესიამოვნა და ცოტა გამოცოცხლდა კიდევაც.
- ალბათ... წნევა დამივარდა... და ჰემოგლობინიც დამეწია... - ძლივს ამოილუღლუღა მაკამ.
- ასეა, როცა შეუსვენებლივ მუშაობ. - უთანაგრძნო ლარამ. - მთელი ზაფხული არ დაგისვენიათ, ქალაქიდან რამდენიმე საათითაც კი არ გასულხართ და აი შედეგიც.
მაკა უხმოდ უქნევდა თავს. მართლაც საშინელი ზაფხული ჰქონდა და რა დროს შვებულება და არდადეგების მოწყობა იყო,  როცა ხან ვინ უჩიოდა და ხან ვინ. მთელი ზაფხული კარიდან კარამდე არბენინეს და ხან ვისი შეწუხება მოუხდა და ხან ვის ლამის მუხლებში ჩაუვარდა. თითქოს ერთმანეთის ჯიბრზე, ასე მიყოლებით შედიოდა საჩივარი მაკას სახელზე. ჯერ ერთი არ იყო განხილული და ბოლომდე მიყვანილი, რომ ახლა მეორე იწყებოდა. მაინც ახერხებდა რაღაც-რაღაცეების მიჩქმალვას, თუმცა უკვე აშკარად ჰქონდა სახელი გატეხილი და მის რეპუტაციასაც, სერიოზულად ჰქონდა წყალი შეყენებული.
მთელი ამ ჯოჯოხეთური სიტუაციიდან, მხოლოდ ლარას ოჯახთან დამეგობრება აღმოჩნდა საკმაოდ ხელსაყრელი. კუსუმ სამხატვრო აკადემია აირჩია და მთელი გამოცდების პერიოდში ლარა და ელენე ბიჭს გვერდში ედგა. მაკას კი სულ სასამართლოში დაარბენინებდნენ და აბა სად ეცალა შვილისთვის, როცა შესაძლებელი ჩანდა, რომ დღე-დღეზე ციხეში ამოჰყოფდა თავს. კუსუს გამოცდების ჩაბარებისთანავე, ლარამ მაკას დათანხმება მოახერხა და ძმისშვილებთან ერთად ბიჭი სამოგზაუროდ უცხოეთში გაუშვა.
- არაფერზე ინერვიულოთ, ჩემი უფროსი და იქ ყველას მიხედავს. - ანუგეშებდა მაკას ლარა.
- რა ვიცი... რაღაცნაირად უხერხულია... - წუხდა მაკა, თუმცა გულში ძალიან უხაროდა, ახლა კუსუ დევნის დრო არ იყო და ბავშვი ზაფხულს უცხოეთში გაატარებდა, თანაც მარტო და უპატრონოდ არ იქნებოდა.
- ჩემი ძმა და რძალიც მიჰყვებიან და ასე რომ ერთი წუთითაც არ დარჩებიან ბავშვები უყურადღებოდ.
მაკამ შვებით ამოისუნთქა. კუსუ კარგ ხალხში მოხვდა, თანაც მაკას ამბებს ასე ადვილად ვერც გაიგებდა. რაღაც-რაღაცეები კი მიჩქმალა და ბევრი ხალხიც მოთაფლა, თუმცა მის წინააღმდეგ საჩივრები მაინც არ წყდებოდა და ბოლო არ უჩანდა.
„რაღა ახლა აბობოქრდა ყველა.“
წუხდა მაკა.
„ზოგმა ოცი წლის და უფრო ადრეც იმშობიარა და ახლა გაახსენდა შვილი რომ არ დაუკრძალავს?..“
ჯოჯოხეთი ტრიალებდა მაკას თავს და ისეთი საქმეები ამოუქექეს და გაუხსენეს, რომ მაკას აღარც კი ახსოვდა და ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ მხოლოდ კონკრეტულად მაკას წინააღმდეგ შედიოდა საჩივარი და მის მეტი, არც არავინ იყო მოხსენიებული, გაკვრითაც კი არ იყო ნათქვამი, რომ მის გარდა, სხვებიც იყვნენ ჩარეული. თითქოს მხოლოდ მაკა იყო თავიც და ბოლოც, მომფიქრებელიც და შემსრულებელიც. რაღაც მომენტში მაკას ეს ძალიან აწყობდა, მაინც საშიში იყო, ვინმეს ზედმეტი არ წამოეროშა, თუმცა მაინც რაღაცნაირად საეჭვოდაც ეჩვენებოდა.
„არ მინდა ვიფიქრო, რომ ვიღაც პირადად მე მებრძვის, მაგრამ ვინ მითხრის ძირს? ვინ?!
ვინ ვერ გავაძღე ისე, რომ არ ეყო?! “
ფიქრობდა მაკა.
ერთი პერიოდი მერაბზეც კი იეჭვა, იქნებ მას დაუწყეს თხრა და ჩემზე გადმოიტანა ისარიო, მაგრამ ისიც გაარკვია, რომ მერაბს არათუ უჩიოდნენ, საერთოდ გაკვრითაც კი არც არავინ ემუქრებოდა და თავსაც მშვენივრად გრძნობდა.
ესე იგი, პირადად მაკა იყო ვიღაცის სამიზნე, რომ ასე აამხედრა ეს ხალხი.
საგონებელში ჩავარდნილი მაკა, ვერაფერს აკეთებდა გარდა იმისა, რომ რთული სიტუაციიდან, მაინც რაღაცნაირად გამოძრომას ახერხებდა. თუმცა, ეს თავის დაძვრენებიც უკვე საკმაოდ დიდი ციფრებს სცდებოდა. მაკას ახლად შეძენილი, უახლესი მოდელისა და საკმაოდ ძვირფასი მანქანის გაყიდვაც მოუწია და ახლა მხოლოდ ტაქსით თუ ისარგებლებდა. ამის მიზეზიც სრულიად მარტივად ახსნა. ვერ მოირგო ის მოდელი, მისთვის ტლანქი აღმოჩნდა და ახლა ვითომ სულ სხვა ტიპის მანქანის ჩამოსვლას უცდიდა. მშვენიერი ტყუილი იყო და დიდად არც არავის შეჰპარვია ეჭვი, თუმცა აქა-იქ მითქმა-მოთქმა მაინც არ წყდებოდა და ბევრიც ამჩნევდა, მაკას სასამართლოებში როგორ დაარბენინებდნენ.
მთელი ზაფხული ასეთ გაწამაწიაში გაატარა მაკამ. შემოდგომისკენ შედარებით თითქოს შემცირდა კიდეც მაკას ტანჯვა. არავინ უჩიოდა, ყველას სათანადო პასუხი გასცა, ბევრიც მოქრთამა და ბევრი რამეც მიჩქმალა. შედარებით უკეთ იგრძნო თავი, მაგრამ გაქნილმა მაკამ მშვენივრად იცოდა, ასე ადვილად ეს ამბები არ დამთავრდებოდა, მაკას წინააღმდეგ აგორებულ ტალღა მოგუდულად, მაგრამ მაინც მდუმარედ დუდუნებდა. მაკას საქმე, ჯერ კიდევ განხილვის პროცესში იყო და მისი პასუხისგებაში მიცემა, კვლავ აქტიური რჩებოდა. მაკა მხოლოდ იმას ამტკიცებდა, რომ „გარდაცვლილი“ ჩვილების დასაფლავების ნაცვლად, მათი უტილიზაცია თუ ედებოდა ბრალად და არა ბავშვების მოპარვა და გაყიდვა. ფაქტიურად ბევრს ვერაფერს უმტკიცებდნენ.
კუსუ მოგზაურობიდან ძალიან ბედნიერი და აღფრთოვანებული დაბრუნდა. საოცრად კარგი დრო გაატარა, უამრავი რამ დაათვალიერა. საოცრად კეთილ და გულისხმიერ ხალხში მოხვდა, ყველა თავს ევლებოდა და უამრავი საჩუქრებით აავსეს. მისი შემყურე მაკა, თავს უფრო ბედნიერად გრძნობდა და სულ იმას ფიქრობდა, კიდევ კარგი კუსუს აქ არ ყოფნის პერიოდში მოვაგვარე ბევრი რამო.
- დეე, იცი. - უყვებოდა კუსუ. -  უცხოეთში სწავლის გაგრძელება შემომთავაზეს! არც ბინის პრობლემა გექნებაო და არც მშიერს დაგტოვებთო.
- ხომ, მაგრამ ასე მართლა სხვის კისერზე აბა როგორ უნდა იყო? - გაიკვირვა მაკამ, თუმცა ახლა მართლაც ძალიან აწყობდა კუსუს უცხოეთში გაშვება. მაკას პრობლემებს ისე უნდა მორიდებოდა ბავშვი, რომ ვერაფერი გაეგო.
- რა ვიცი... - მოწყენილად აიჩეჩა მხრები კუსუმ. - თუ დედა თანახმა იქნება და გამოგიშვებს, ყურადღებას არ მოგაკლებთო...
- აჰა! - გაეღიმა მაკას. - ესე იგი, შენ გინდა წასვლა, არა?
- კიი დეე! იცი რა მაგარია, იქ!
- ვიცი, შვილო, ვიცი. - ამოიხვნეშა მაკამ. - მეც სიამოვნებით გავატარებდი იქ დროს, თუნდაც რამდენიმე დღით, მაგრამ ჩვენთან ზაფხული და შემოდგომა, ყველაზე მძიმე პერიოდია, რადგან ყველას შვებულება უნდა, ყველა გარბის-გამორბის და აქაურობას აბა ვინ უნდა მიხედოს, თუ არა, მე!
- ჰოო, დეე, მართალი ხარ... - კუსუმ ნაღვლიანი ხმით უპასუხა და თვალი აარიდა და თავის ოთახისკენ გაეშურა.
აშკარად ჩანდა,  ბიჭს უცხოეთში წასვლა სურდა, თან დედის ერიდებოდა, არც მისი მარტო დატოვება სურდა.
მაკა ჩაფიქრდა. მშვენიერი ხელსაყრელი მომენტი იყო კუსუს უცხოეთში გაშვება. მაკაზე აგორებული სკანდალებისგან შორსაც იქნებოდა და თანაც არც იქ იქნებოდა ბავშვი უპატრონოდ. ლარას ოჯახმა საკმაოდ დიდი დახმარება გაუწია, კუსუ სწორედ იმ პერიოდში დაპატიჟეს უცხოეთში სამოგზაუროდ, როცა მაკას ლამის დასაჭერად ჰქონდა საქმე. ბავშვს არაფერი გაუგია და მშვენიერ ხასიათზეც დაბრუნდა. ახლა მართლაც კარგი იქნებოდა, კუსუ დროებით მაინც მოშორებოდა ქვეყანას სანამ მაკაზე აგორებული ამბები, ბოლომდე თუ არა შედარებით უფრო ჩაჩუმდებოდა.
- რაო, კუსუმ? როგორ მომეწონა მოგზაურობაო? - მომღიმარი სახით მიეგება ლარა მაკას.
- ისეთი აღფრთოვანებული და ისეთი აჟიტირებულია, რომ არც კი ვიცი, მადლობა როგორ და რანაირად მოგიხადოთ შენ და მთელს შენ ოჯახს. - ღიმილითვე მიუგო მაკამ.
- არა, რის მადლობა. - უღიმოდა ლარა. - ჩემი უფროსი და იქ კარგად ცხოვრობს, მეუღლეც ძალიან კარგი შეხვდა და მშვენივრად ააწყვეს ცხოვრება. ჩვენი ბავშვები ლამის ყოველ წელს ერთად ატარებენ ზაფხულს. ჩემს დას უნდა რომ ბიძაშვილ-მამიდაშვილები ერთმანეთთან ახლოს იყვნენ და ერთმანეთის სიყვარული ჰქონდეთ.
- ჰო, ეგ ძალიან კარგია, მაგრამ ახლა ჩემი შვილიც დაგემატათ და ამდენი ხარჯი...
„შენი შვილი კი არა, ჩემი შვილი!“
მყისვე გაუელვა ლარას, თუმცა მაინც ყურებამდე გაღიმებულმა უპასუხა:
- სულაც, არა! აბა რა ზედმეტი ხარჯია, ერთი ბავშვით ნაკლები ან მეტი, თანაც მულს და რძალს ბუტიკების ქსელის საერთო ბიზნესი აქვთ. იმას იქ, ამას აქ და ასე რომ ელენეს საქმიან ვიზიტს, ბავშვებს გართობა-დასვენებაც მოჰყვა.
- მართლაც, ძალიან კარგი დრო უტარებიათ, კუსუ ისეთი მადლობელია თქვენი, ყველასი.
- ძალიან ნიჭიერი ბავშვია და ჩემმა დამ გამოთქვა სურვილი, თუ კუსუ გადაწყვეტს...
- მშვენიერი წინადადებაა, მაგრამ რა ვიცი... - ჩაფიქრებული ხმით მიუგო მაკამ.
- ჩემებთან იცხოვრებს, ყურადღებას არ მოაკლებენ, საკუთარი შვილივით იზრუნებენ და თანაც აქაურობასაც ცოტა მოშორდებოდა... - ლარა შეყოვნდა და მაკას მწველი მზერით გაუსწორა თვალი.
მაკამ თვალი აარიდა და უხმოდ დაუქნია თავი. მშვენივრად მიხვდა ლარა რასაც გულისხმობდა.
- მოიფიქრეთ და ჩვენ მზად ვართ მხარში ამოგიდგეთ და ყველანაირი დახმარება გაგიწიოთ. - განაგრძო ლარამ.
- ჰო, მაგრამ რით დავიმსახურე ამხელა პატივისცემა? - მაკას თან უკვირდა და თანაც, ძალიან უხაროდა, ასეთი შეთავაზება. - არც ახლობლები ვართ და არც უახლოესი ნათესავები და...
 - კუსუ კარგი შვილია და მაგიტომ! - მიუგო ლარამ. - და სულაც არ მინდა, ბოროტმა ენებმა გული ატკინოს ბიჭს, არც ერთი ბავშვი არ იმსახურებს ამას.
- ნამდვილად, ნამდვილად... - წაიჩურჩულა მაკამ.
- რაც მალე,  მით უკეთესი. - კვლავ განაგრძო ლარამ. - მაქსიმუმ ერთ თვეში იქ სწავლა დაიწყება და მანამდე საბუთების შეტანაც უნდა მოესწროს და რა ვიცი, იქაც ათასი ფორმალობაა.
პასუხად მაკამ უხმოდ დაუქნია თავი.
მშვენიერი ამინდი იდგა, მაგრამ მაკას გულს დარდი უჭამდა. მხოლოდ კუსუს ირგვლივ იყო ყველაფერი კარად და მშვიდად. მაკამ ზაფხულით ისარგებლა და ლამის ნახევარზე მეტი თავისი პირადი გუნდის წევრი შვებულებაში გაუშვა. კატეგორიულად აკრძალა ზაფხულის პერიოდში ჩვილებით ვაჭრობა.
- კომისია, კომისიაზე მოდის და ეს ამდენი გაუთავებელი შემოწმებები ლამის სულს მხდის, ამიტომ წადით, დაისვენეთ! ქალაქიდან გადით და მერე ვნახოთ, შემოდგომა როგორც მშვიდად ჩაივლის, ამის მიხედვით გავაგრძელებთ მუშაობას.
ამ სიტყვებით დაამშვიდა და ანუგეშა მაკამ გუნდის წევრები, ხოლო მის უახლოეს მონა-ყმა ექთანსა და ელზას სხვების უჩუმრად, პრემიებიც კი დაურიგა და ასე მოაშორა ზაფხულის სკანდალს. რაც შეეხებოდა დინას, თვითონ ითხოვა ზაფხულს ქალაქ გარეთ, იმ აგარაკზე გავატარებ, თან გოგოებსაც მივეხმარები და სუფთა ჰაერსაც გამოვიცვლიო. მაკა უყოყმანოდ დაეთანხმა, თუმცა იქაური პერსონალიც კატეგორიულად გააფრთხილა უჩემოდ ნაბიჯი არ გადადგათ და დინას მიმართაც ყურადღებით იყავითო.
ახლა კი თითქოს ყველაფერი გვარდებოდა. თავის რიტმს უბრუნდებოდა. შემოდგომაც კარს მოადგა დრო იყო გადაწყვეტილება მიეღო, უშვებდა თუ არა კუსუს საზღვარგარეთ სასწავლებლად და როცა ყველაფერმა თითქოს თავის ადგილი ნახა, სწორედ ამ დროს გამოეცხადა დინა, მაკას დიდი ხნის ნანატრი ჩექმებით. მაკას კინაღამ ინსულტმა დაარტყა, ბეწვზე გადარჩა.
და საქმე კონკრეტულად ჩექმებში კი არ იყო, არამედ...
„ვიღაც წუმპიდან ამოთრეული წანკლა, გუშინდელი მათხოვარი, ზუსტად იმას ითრევს, რასაც დიდი ხანია თვალიც დავადგი და ასე ვნატრობდი,  სწორედ იმას, რაც ქალაქში, ჯერ კიდევ დიდ ხანს სხვას ვერ ჩაიცვამდა და პირველი მე ვიქნებოდი და ახლა?..
მე თვითონ ვუთხარი,  მე თვითონ ვაჩვენე, მე თვითონ ვასწავლე და ჩემს ზურგს უკან, მე გადამახტა და თავის მოგრეხილი ფეხი ჩაყო ასეთ ძვირფას ჩექმაში...
ჰმ, აი, თურმე ამდენი ფული რატომ სჭირდებოდა. ამიტომაც მთელი ზაფხულიც ვირივით იმუშავა, მაგრამ...“
მაკა ჩაფიქრდა.
„ნუთუ ამდენი შეაგროვა დინამ, რომ ამ ჩექმის ყიდვა შესძლო?
და მაინც, ცოტა კი მეეჭვება და იქნებ, ისესხა? შეიძლება სულაც ლამარას შეუძვრა?!
ჰო, რა თქმა უნდა! ლამარას! იმასაც გაიგებდა მისი რძალი იმ ბუტიკს რომ განაგებდა და სწორედ ასე იჩალიჩა! აჰაჰ! შეხედეთ დინა?! როგორ გამოიწრთო ეს წუმპიდან ამოთრეული, მართლაც რომ დუდუხანა!
მე რომ არა, ჩალპებოდა იქ და დღესაც დაუბანელი თავით ივლიდა.
ეჰ, მაკა, მაკა! რა დროს ჩექმებია?! გამოფხიზლდი, რა გჭრის?!“
მაკა მაშინ გამოერკვა, როცა ლარამ მხიარულად შენიშნა, აი უკვე ფერზეც მოხვედითო და მანაც პასუხად ღიმილით დაუქნია თავი.
- მთელი ღამე არ მეძინა, მაგის ბრალიც არის. - მაკამ ამოიხვნეშა.
- ჰო, უძილობაც იცის, თუ იცის. - კვერი დაუკრა ლარამ.
- სულ კუსუს მომავალზე ვფიქრობ. - განაგრძო მაკამ. - და მგონი გავუშვებ უცხოეთში, რადგან ბიჭს ძალიან უნდა და თანაც, უპატრონოდაც არ იქნება, რაც ძალიან დიდ უხერხულობაში მაგდებს, მეც გავუგზავნი აქედან რამდენიც საჭირო იქნება, იმაზე მეტსაც.
- მაგაზე არ იდარდოთ, ჩემი დის ოჯახს კარგი შემოსავალი აქვს და რაც მთავარია ბავშვს თავზე ჭერი ექნება და ოჯახში იცხოვრებს.
- სწორედ მაგიტომ უფრო გადავწყვიტე.
- ესე იგი, დავურეკო ჩემს დას, არა? - მხიარული ხმით ჰკითხა ლარამ.
მაკამ ღიმილით დაუქნია თავი.
კუსუ რამდენიმე დღეში გაემგზავრა და მაკამაც ცოტა შვებით ამოისუნთქა. ახლა მთავარი იყო ჯერ ის გაერკვია, თუ ვინ უთხრიდა ძირს და საიდან უბერავდა მისი დამღუპველი სიო.
მაკა კუსუს წარმატებებზე ყველგან ქაქანებდა და ყველას მოსდო, რომ მანქანის გაყიდვის მიზეზი, ჩემი შესაფერი ავტო კი არა, არამედ კუსუს უცხოეთში სწავლის გაგრძელება იყოო.
- უბრალოდ, არავის ვუმხელდი. - ცალყბად ჩაეღიმა მაკას. - არ მინდოდა კუსუს ყურამდე მისულიყო მანქანის გარეშე რომ დავრჩი, თორემ არ წავიდოდა.
- კუსუ ძალიან საყვარელი და კარგი ბიჭია. - თავს უქნევდნენ თანამშრომლები.
- რამე პატარა ავტოს შევიძენ მერე. - განაგრძობდა მაკა. - ცოტა საწვავი რომ სჭირდებოდეს და ვივლი ასე. რაღაც რაღაცეებსაც გავყიდი სახლიდან, ზედმეტი აღარაფერი მინდა.
- ჰოო, უცხოეთში საკმაოდ ძვირია სწავლა. - კვერს უკრავდნენ მაკას.
მაკაც ყურებამდე უღიმოდა და ერთი სული ჰქონდა ლარასთვის ეკითხა, თუ რამდენად დაუმეგობრდა დინას. უფრო სწორად იმ ნატის ჩექმების შეძენის ამბავი უფრო აინტერესებდა. მშვენივრად ახსოვდა, როცა უთხრეს, რომ ვიღაც კლიენტს თანხის ნაწილი უკვე წინასწარ ჰქონია შემოტანილიო და აბა რა იცოდა მაშინ, რომ ეს ვიღაც კლიენტი, სწორედაც რომ მისი გამოზრდილი ლაფიდან ამოყვანილი მახინჯი იხვის ჭუკი იყო.
მაკას ელდა ეცა, მაგრამ რას იზამდა? მართლა ფანჯრიდან ხომ არ გადააგდებდა თავის ჩექმებიანად, არადა ძალიან დიდი სურვილიც კი ჰქონდა.
- მოკლედ, ჩვენი თანამშრომლებიც სარგებლობენ არა, შენთან მეგობრობით. - ფრთხილად შეაპარა მაკამ და თან ყურებამდე გაუღიმა.
- როგორ, სარგებლობენ? - მხრები აიჩეჩა ლარამ.
- შენი რძლის ბუტიკს ვგულისხმობ. - მშვიდად მიუგო მაკამ. - ვინ იცის, რამდენჯერ გთხოვეს ბონუსები ან რამის გადანახვა და შენც ალბათ, უარს ვერ ეუბნები, ისედაც ისეთი თბილი და კეთილი გოგო ხარ და სავარაუდოდ, ამით სარგებლობენ.
- არა, არა! - თავი გააქნია ლარამ. - ბუტიკი ჩემი რძლის საკუთრებაა და არანაირად არ ვერევი და თუ თქვენს პირად შეღავათებს გულისხმობთ, ეგ ჩემი კი არა, ელენეს დამსახურებაა.
- ჰომ, მაგრამ მაინც შენგან მოდის. - იხტიბარი არ გაიტეხა მაკამ.
- მეტ-ნაკლებად. - ცალყბად გაუღიმა ლარამ. - უფრო კუსუსგან მოდის, რადგან ბიჭები ძალიან დამეგობრდნენ და სულ ეს არის.
- აჰამ, ესე იგი ჩემი შვილის დამსახურებაა, არა? - გაეცინა მაკას.
„შენი კი არა, ჩემი!“
გაუელვა ლარას და უკვე მერამდენედ იყო ასე. მაკა თითქოს სპეციალურად, ლარასთან საუბარში, კუსუს სახელით კი არა, შვილით მოიხსენიებდა. ან იქნებ სულაც, ლარას ეჩვენებოდა ასე.
- რაც შეეხება ჩემით სარგებლობას. - ცოტა არ იყოს, უკმაყოფილოდ დაიწყო ლარამ. - თუ კი, ვინმეს დავეხმარები, ეგ ხომ არ ნიშნავს, რომ იმიტომ და ამიტომ გამომიყენეს?
- არა, არა! - თავი გააქნია მაკამ. - დახმარება, სიკეთეა და  სულ სხვა რამ არის და გამოყენება კი, ანგარებაა.
- დიახ, რა თქმა უნდა. - კვერი დაუკრა ლარამ.
- დღეს დილით დინას საუცხოო ნატის ჩექმები ეცვა და ვიფიქრე, რომ...
- შეიძლება, ჩვენთან შეიძინა. - მშვიდად მიუგო ლარამ და წამით ჩაფიქრდა, თითქოს მართლაც რაღაცას იხსენებდა.
მაკა გაკვირვებით ჩააშტერდა.
- ახლა გამახსენდა. - ვითომ მართლაც ჩაფიქრდა ლარა. სინამდვილეში მშვენივრადაც ახსოვდა, თუ როგორ და რატომაც უთხრა უარი დინას. - რაღაცის გადავადება კი მთხოვა, მაგრამ მასაც ვუპასუხე, რომ არ ვერევი.  შეიძლება ძალიან ეწყინა, მაგრამ მე რა შუაში ვარ? ის რაც პირადად ჩემი არ არის...
- რა თქმა უნდა! - თავი დაუკრა მაკამ. - ასე რამდენი თანამშრომელი და კლასელი მოვა, სათხოვნელად და მით უმეტეს, რომ მაინც სხვისია და იმას უნდა მოაკლდეს ეს თანხა, რომ ვიღაც სხვა და მისთვის სრულიად უცხომ ისარგებლოს.
- დიახ, სწორედაც რომ მასეა. - დაეთანხმა ლარა.  - და იქნებ, სადმე სხვაგან იყიდა, ან სულაც რაღაც პატენტია? - ეს ბოლო სიტყვები კი უფრო მაკას გასამხნევებლად დაამატა, რადგან აშკარად ჩანდა, მაკა გულზე სკდებოდა.
- ჰო, რა თქმა უნდა. - ჩაეცინა მაკას. - სადმე ბაზრობაზე შეიძენდა, ასე ერთი შეხედვით არაფერი ეტყობა და დანარჩენი ვისი რა საქმეა.
- არც არავის საქმეა. - კვერი დაუკრა ლარამ.
„ესე იგი, ლარასგან დახმარება არ მიუღია და რანაირად შეიძინა ნეტა? სად იშოვა? იქნებ, მართლაც სადმე ბაზრობაზე ნახა? ან თუნდაც შეაკერინა მსგავსი და არც ეგ დაუჯდებოდა იაფი. ისე ბინის ქირაც, ორი თვის ჰქონდა გადასახდელი და ისე დაფარა რომ არც მესამე თვე დაუგვიანია და ის ჩექმები ნეტა მართლა, საიდან და როგორ შეიძინა?“
ფიქრობდა მაკა და წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, ვისთვის უნდა ეკითხა.
- მაკა ექიმო! უკეთ ხართ?! -  ელზას ხმამ ისე ზარივით გაიჟღერა, რომ მაკა ადგილზე შეხტა.
- ახალი, ხომ არაფერია? - დაბალი ხმით ჰკითხა მაკამ.
- ერთი გოგოა...
- ხომ გითხარი, უკვე? - შეაწყვეტინა მაკამ. - არავითარი გოგო და ბიჭი! მორჩა!
- მორჩა?  - ელზას ლამის ფერი წაუვიდა.
- ნუ, დროებით ასეა საჭირო. - მაკამ ამოიხვნეშა. - თქვენ რომ ზოგნი ზღვაზე ირუჯებოდით და ზოგიც მთის ჩანჩქერზე,  მე მთელი ზაფხული სასამართლოებში სირბილში გავატარე.
- ვაიმე, რას ამბობთ, მაკა ექიმო! - შეჰკივლა ელზამ. - არც კი ვიცოდი...
- ჩუმად. რა გაყვირებს. - დაბალ ხმაზე შეუტია მაკამ. - განა ყველამ იცის და არც მინდა რომ გაიგონ.
- არა, რას ამბობთ! ჩემგან არ გავა!
„ჰო, აბა! ჯერ კარიდან გასული არ იქნები, რომ შენი ენა უკვე მთელ დერეფანს მოივლის.“
ცინიკურად გააქნია თავი მაკამ და ელზას კიდევ ერთხელ სიჩუმისკენ მოუწოდა.
- დროებით უნდა შეწყდეს ყველაფერი. - განაგრძო მაკამ. - ძალიან ცუდად გვაქვს საქმე, იმდენად ცუდად, რომ იმ ახალი ჯიპის გაყიდვაც კი მომიწია. მხოლოდ ორჯერ ვიჯექი...
- უი, მართლა? - კვლავ შეიცხადა ელზამ. - მეგონა, კუსუს სწავლის გასაგრძელებლად...
- შენც, გეგონა და ყველას ასეც უნდა ეგონოს. გენდობი და შენ სიმართლეს გეუბნები.
ელზამ კმაყოფილი სახით შეიფერა.
- კუსუ კი, ნიჭიერი ბიჭია, მოინდომა, იმეცადინა და მოეწყო კიდევაც. - განაგრძო მაკამ. - თუმცა, საკმაოდ დიდი დახმარება გაუწიეს. ლამარას ოჯახი მხარში ამოგვიდგა, ძალიან შემეშველა ფინანსურად.
- ეჰ, ზოგმა ფული არ იცის სად წაიღოს. - ელზამ შური ვერ დაფარა.
- მარტო ფულზეც არ არის საქმე. - განაგრძო მაკამ. - ბიჭი კარგ ოჯახში ცხოვრობს და ყურადღების ქვეშ არის, ესეც რამხელა რამაა.
- კი, მაგრამ მაინც ასე როგორ დაგიმეგობრდათ, რომ... - ახლა ეჭვმა შემოუტია ელზას.
- ვიცი და მივხვდი, თუ რასაც ეჭვობ. - ჩაეღიმა მაკას. - იმ ოჯახს, ყველა შვილი და შვილიშვილი სახეზე ჰყავს.
- მართლა? - ელზამ გაკვირვებით აზიდა წარბები და სახეზე ეწერა, აშკარად არ სჯეროდა მაკასი.
- რა იყო, ელზა? - კვლავ ჩაეცინა მაკას. - მშვენივრად კარგად გავარკვიე, რომ ლამარას და-ძმას ყველა შვილი ადგილზე ჰყავს და შენ რა განერვიულებს?
- და-ძმას კი, მაგრამ თვითონ?
- ვის? - ცალყბად გაეღიმა მაკას. - ჩვენს ლამრიკოს?
- ჰო! რატომაც, არა?!
- ის, რომ გათხოვილი იყო ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინ, ეგ უშენოდაც ვიცი.
- და, შვილი?
- ხომ ხედავ, რომ არ ჰყავს! - მიუგო მაკამ. - მაგიტომაც არის თანგადაყოლილი ძმის შვილებსა თუ დის შვილებს! ყველა კაპრიზს უსრულებს.
- ჰო, რა ვიცი... - მხრები აიჩეჩა ელზამ. - იქნებ, ჰყავდა და მალავს?
- რა არის აქ დასამალი? - გაიკვირვა მაკამ. - თვითონ აქვს ნათქვამი, რომ ბევრჯერ ვცადე, მაგრამ სულ უშედეგო ორსულობა მქონდაო და ახლა შენ რას ხლართავ არ მესმის.
- არაფერს, მაკა ექიმო. - ამოიხვნეშა ელზამ. - ხომ იცით? სიფრთხილეს, თავი არ სტკივა.
- სრულიად გეთანხმები! - კვერი დაუკრა მაკამ. - და კარგად დაიმახსოვრე, უჩემოდ არც არავის არაფერი ჰკითხო და არც არაფერი გააკეთო, ჩემი შეთანხმების გარეშე.
- მართლა ასე ცუდად არის საქმე? - შეშინებული ხმით იკითხა ელზამ.
- ცუდად კი არა, საშინლად! საშინლად არის საქმე ელზა და ჯერ წარმოდგენაც კი არ მაქვს თუ როგორ დამთავრდება.
- ღმერთო, შენ გვიშველე! - შეიცხადა ელზამ.
- ღმერთმა როგორ უნდა გიშველოს, თუ შენ ტვინი არ გაანძრიე!
- და რა გავაკეთო, მაკა ექიმო?! მითხარით და უკან არაფერზე დავიხევ!
- სანამ მე არ გეტყვით, მანამდე არაფერი და არავითარი და მორჩა ახლა ამაზე ლაპარაკი!
ელზამ უხმოდ დაუქნია თავი და კაბინეტი დატოვა. მაკამ შვებით ამოისუნთქა, ნამდვილად არ ჰქონდა ახლა ელზას ქაქანის თავი, თუმცა მის გასვლისთანავე ახლა მონა-ექთანმა შემოჰყო თავი და უკვე სახეზეც ეტყობოდა, რაღაც მართლა არ იყო საქმე კარგად.
- როგორ ხართ, მაკა ექიმო? - მოკრძალებით ჰკითხა ექთანმა.
- მიდი, ბარემ ამოღერღე. - მშრალად მიუგო მაკამ. - ისედაც ვიცი, რაც უნდა მითხრა.
- იცით? - გაიკვირვა ექთანმა. - ალბათ, ელზამ მოგახსენათ, მაგრამ მეგონა მან არ იცოდა.
- რა? რა არ იცოდა?
- ნუუუ.... - ექთანი შეყოვნდა.
- მითხარი! ნუ შემაღონე! - ვეღარ ითმენდა მაკა.
- ვიცი, როგორ ძალიან ენდობით დინას და მთლიანად თქვენი მფარველობის ქვეშ არის, მაგრამ მაინც ვალდებულად ვთლი თავს, რომ უნდა გითხრათ.
პასუხად მაკამ, გაკვირვებით აზიდა წარბები.
- შეიძლება უკვე იცით და მე სულაც არ მინდა ზედმეტ ჭორიკნობაში ჩამეთვალოს, მაგრამ სწორედ იმის მერე იყო, ეს ყველაფერი, რაც თქვენ დროებით აკრძალეთ და ლამის ნახევარი სამშობიარო, შვებულებაში გაგვიშვით.
- რა ამბავი? ნუ გადამდგი ჭკუიდან, დროზე მითხარი! - მაკას ხმაში ისტერიკამ გაჟონა.
- დინამ სწორედ ის გააკეთა და ზუსტად იმის მერე, თქვენ რომ აკრძალეთ. - როგორც იქნა ამოღერღა ექთანმა.
- რაა?! - შეიცხადა მაკამ.
- დიახ. - თავი დაუკრა ექთანმა. - ძალიან გამიკვირდა, რადგან ჩვენ ყველანი შევჩერდით და თანაც, რაღაცნაირად მაინც მეწყინა და დინას პრივილეგიად ჩავთვალე. მხოლოდ მას დართეს ნება და სხვას არავის.
- შენ იმაზე დაიბოღმე, რომ არაფერი შეგხვდა? - ცინიკურად ჩაეკითხა მაკამ.
მონა-ექთანი უკმაყოფილოდ აიწურა.
- და ესე იგი, შენ იმის თქმა გინდა, რომ დინამ ჩემს ზურგს უკან... - მაკა გაჩუმდა.
- თუ თქვენ მართლაც არაფერი იცით, მაშინ ასე გამოდის.
მაკამ სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა. ისედაც ცხადი ჩანდა, მართლაც არაფერი იცოდა.
- შენ, როგორ გაიგე? - ჩამწყდარი ხმით წაიჩურჩულა მაკამ.
- ჯერ მშობიარობა ეგონათ, მერე კი შენარჩუნებაზე სხვა განყოფილებაში გადაიყვანეს, იქ ჩემი მულის რძალი მუშაობს, თქვენ დაგვეხმარეთ მის სამსახურში აყვანაზე და...
- და მერე? - ვეღარ ითმენდა მაკა.
- თურმე მუცელი სულაც არ სტკიოდა, მაგრამ რაღაც შეშინდა, ყველაფერი წესრიგში ჰქონდა, დინამ რამდენჯერმე მოინახულა და მერე უცებ ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და მესამე დღესვე გაეწერა. სამშობიარო ხარჯებიც დინამ დაუფარა. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ ამ გოგოს და დინას, ერთი გვარი ჰქონდათ. ალბათ, მისი ნათესავია.
 - და მერე, რა? - მხრები აიჩეჩა მაკამ. - ალბათ, მართლაც მისი ნათესავია და ხარჯები დაუფარა, მით უმეტეს თუ ასე უჭირდა იმ გოგოს.
- ხომ მაგრამ, ბავშვი?
- ბავშვი?- ჩაეკითხა მაკა. - რა? გარდაიცვალა?
- მოწყვეტილი მუცელი იყო და ბავშვი არც არსებობდა.
- მართლა? - გაიკვირვა მაკამ.
მონა-ექთანმა მხრები აიჩეჩა.
- როგორც ვხედავ, შენ რაღაც არც მოგწონს და არც გჯერა, არა? - თვალები მოწკურა მაკამ.
ექთანმა უხმოდ დაუქნია თავი.
- მაშინ, ახლა წადი და ძალიან, ძალიან ფრთხილად, ყველაფერი გამირკვიე, ისე რომ არავინ ჩაჰყოს ცხვირი.
ექთანმა კმაყოფილი სახით დაუქნია თავი და კაბინეტი დატოვა.
მაკა საგონებელში ჩავარდნილიყო. რომელ ერთზე ეფიქრა აღარ იცოდა. ჯერ იმაზე, რომ მისი შავბნელი საქმეები, ლამის სააშკარაოზე გამოდიოდა და მიუხედავად ჩაწყობა-მიჩქმალვისა, მაინც დასაჭერად ჰქონდა საქმე. მერე კი ელზას სიტყვებმა ჩააფიქრა, იქნებ მართლაც ჰყავდა ლამარას შვილიო და მაინც, მერე რა? არ უნდა იმ გოგოს და არც ამბობს და არც ახსენებს და ამაში საგანგაშოც არაფერი იყო, მაგრამ ახლა მონა-ექთნის მოტანილმა ამბავმა, უკვე სერიოზულად ჩააფიქრა. დინას კრინტიც არ დაუძრავს, სიტყვაც არ დასცდენია, თუ მისი ნათესავი ჰყავდა მოყვანილი და ეს ნაადრევი, მუცლის მოწყვეტაც რაღაც საეჭვოდ ჩანდა. რადგან მის გაქნილ მონა-ექთანს ეჭვი შეეპარა, ესე იგი, იყო იქ მაინც რაღაც საეჭვო და ბოლოს დინას ეს საკმაოდ ძვირად ღირებული ჩექმაც საშინლად უშლიდა ნერვებს, ამიტომ მობილური მოიმარჯვა და ელენეს უკვე ძველი მეგობარივით შეეხმიანა, თან იმ ჩექმების ამბავიც იკითხა. აღმოჩნდა, რომ ის კლიენტი, ვისაც უკვე ნაწილი გადახდილი ჰქონდა, სწორედ მათი თანამშრომელი იყო და ჩექმის მთლიანი თანხის დასაფარად, ვიღაც ქალთან ერთად ეწვია, ამ ქალმა თანხა თავად გადაიხადა და ის ჩექმაც თავის ყუთიანად, რატომღაც მას ეჭირა ხელში.
მოგვიანებით კი აქოშინებულმა ექთანმა სულ ცხელ-ცხელი ამბებით დახუნძლა და მაკამ მაშინვე დინა იხმო.
დინამ მოკრძალებით შეაღო მაკას კაბინეტის კარი. მაკამ კი წესიერად შემოსვლა არ აცალა, მაშინვე მიახალა:
- რა ქენი, გოგო?! საკუთარი დის შვილი, ჩექმებში გაცვალე?!
LEX. 2026 წლის 18 იანვარი, კვირა.

No comments:

Post a Comment