Wednesday, March 18, 2026

ნატის ჩექმები (ნაწილი 44)

 
44.
- ბავშვი უნდა ავიყვანო! - მოულოდნელად მიახალა ლარამ თავს წამომდგარ და ათასი ჭკუა-დარიგებებით დახუნძლულ მაკას.
- აჰ! ჰაჰ! - გაკვირვებული და ცოტა არ იყოს დაბნეული ხმით აღმოხდა მაკას.
- რატომ გიკვირთ? - შეტევაზე გადავიდა ლარა.
- არა, ნუ... - მაკა მართლაც დაიბნა. - არც იმხელა ასაკში ხარ, ჯერ კიდევ...
- სწორედაც რომ არც იმხელა ასაკში ვარ! - უკან არ იხევდა ლარა. - ახლავე უნდა ვიზრუნო, თორემ მერე პენსიაზე გასვლისას, ჩემი შვილი, ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში ივლის და ეს იქნება კარგი?
- არა, არა! მაგაში სრულიად გეთანხმები. ეგ ნამდვილად არ იქნება კარგი.
- ჰოდა, აბა რა გიკვირთ? - მხრები აიჩეჩა ლარამ.
- იქნებ მაინც, კიდევ გეცადა? კარგი და ბევრად გამოცდილი ექიმი მოვიძიოთ და ვინ იცის? იქნებ, ჯერ კიდევ გაქვს შანსი, საკუთარი შვილი იყოლიო.
- და თქვენ გგონიათ, ან ამის საშუალება არ მქონდა და რამე დამაკლეს? - ცინიკურად გააქნია თავი ლარამ. - მაგრამ არაფერი გამოდის!
- ჰოო... - თავი დაუქნია მაკამ.
- მგონია, რომ ორსულად ვარ და მერე აღმოჩნდება, რომ თურმე, ცრუ ორსულობა ყოფილა. მერე ისევ თავიდან იწყება ყველაფერი! მკურნალობა, ნემსები! საათობრივად უამრავი წამლის მიღება და ზოგჯერ, ამ თეთრი ხალათის დანახვა ისე მეზიზღება, ლამის ზედ შემოვიხიო!
- ყველაფერი მესმის შენი. - მხარი აუბა მაკამ. თუმცა, ზუსტად ვერ ხვდებოდა, რაღა მაინც და მაინც მას ხვდა წილად ლარას წუწუნის მოსმენა.
„იქნებ, რამეს მაინც ეჭვობს ეს გოგო და ჩემი გამოჭერა უნდა?“
ფიქრობდა მაკა და მომღიმარი სახით უკრავდა თავს ლარას ყოველ სიტყვას.
- როგორ ფიქრობთ? - ეკითხებოდა ლარა. - ჩვილის აყვანა უფრო სჯობს, თუ უკვე ცოტა წამოზრდილის? თუნდაც, წლის ან ორი-სამი წლის ბავშვის?
- ორივეს თავისებური ხიბლი აქვს. - პასუხობდა მაკა. გულში კი იმას ფიქრობდა, ალბათ უნდა, რომ პირადად მე ვურჩიო ჩვილი და მერე ამით ისევ მე გამომიჭიროსო. - შენ როგორც გინდა და როგორც თავად მიგაჩნია, ისე უნდა გადაწყვიტო.
- რა თქმა უნდა! თავისთავად! - კვერი დაუკრა ლარამ. - მე უნდა მივიღო გადაწყვეტილება.
- და ის? - გამომცდელად ჩაეკითხა მაკა. - თუ არის თანახმა...
- ის? - ჩაეღიმა ლარას. - ჩემი ეგრეთ წოდებული ქმარი?
- ისე მეგონა, არ იყავი გათხოვილი.
- ყველაფერი რთულად არის. - ამოიხვნეშა ლარამ. - ოფიციალურ ქორწინებაში კი ვიყავი ერთ დროს,  მაგრამ არც მაშინ მეღირსა შვილის ჩახუტების ბედნიერება. ახლა კი, ქმარიც შეიძლება უწოდო, მხოლოდ არაოფიციალური.  დიდად არც ვჩქარობ ხელის მოწერას. მას უფრო ეჩქარება და ჯვრისწერა ჩემზე უფრო მეტად სურს.
- ჰმ. უყურე შენ. - გაუღიმა მაკამ.
- და რაც შეეხება, ბავშვის აყვანას, თავიდან მისი იდეა იყო, ახლა კი, მეც ამიყოლია. დედამისი კი გვიბიძგებს დროზე ქენითო, იქნებადა რა მადლი მოისხათ და მერე თქვენიც გეყოლოთ და სახლი შვილების ჟრიამულით აივსებაო.
- რა მშვენიერ ხალხთან გიწევს თურმე ცხოვრება და მართლა რაღას ფიქრობ?
- ფიქრი ერთია და ხმამაღლა ამოთქმა მეორე და აი, ვთქვი კიდევაც და ნეტა მართლა ჩვილის აყვანა სჯობს, თუ უფრო დიდის?
- არ ვიცი, რა უნდა გირჩიო. - მიამიტი სახით მიუგო მაკამ. - თუმცა... - მაკა შეყოვნდა.
- თუმცა? - ვეღარ მოითმინა ლარამ.
- ალბათ, ისევ უფრო წამოზრდილი სჯობს, რადგან რაღაცით ხომ უნდა გგავდეს.
- ჰოო? - ძლიერ გაიკვირვა ლარამ. დარწმუნებული იყო, მაკა ჩვილის აყვანას ურჩევდა, ახლა კი მიამიტი სახით, აშკარად გაურბოდა ამ ვარიანტს.
- აი, შენ თეთრი გოგო ხარ და შენივე ტიპის ბავშვი უნდა აიყვანო, რადგან ზოგჯერ მურთხივით შავტუხა მშობლებს, რატომღაც თეთრი ფითქინა ბავშვი ურჩევნიათ და მერე ხშირად გულიც მოსდით, როცა ზედმეტად ცნობისმოყვარენი ჩაეკითხებიან, ბავშვი ვის ჰგავსო და მერე, იმ ბავშვსაც ეჭვი უჩნდება და...
- არა, არა! - თავი გააქნია ლარამ. - თუ ვიშვილე, არასდროს დავუმალავ, რომ მისი ბიოლოგიური დედა არ ვარ, თუმცა იმასაც ავუხსნი, რომ მხოლოდ დედაშვილური სითბოსა და სიყვარულის გამო ვიშვილე.
- და მერე? - ცინიკურად გაეღიმა მაკას. - ადგება ეს შენი ნაფერები და ნალოლიავები შვილი და დაიწყებს ბიოლოგიური მშობლების ძებნას და ვინ იცის, ამ შენს ამაგს სულ წყალში ჩაგიყრის.
- სწორედ ეგ აღვნიშნე ამ წუთას, რომ კარგად უნდა ავუხსნა, თუ რატომ და რისთვის ვიშვილე და თუ გამიგებს, კარგი იქნება, უფრო მეტს გავაკეთებ მისთვის, თუ არ გამიგებს და ბიოლოგიურ ოჯახს აირჩევს, მაშინ მეც გავუგებ, რომ იქ უფრო ურჩევნია, მაგრამ იმასაც ვეტყვი, რომ ბოროტად ნუ ისარგებლებს ჩემი ნდობით და როგორ კაცადაც გავზარდე, ასევე ბოლომდე ვაჟკაცურად უნდა დარჩეს!
- ბიჭი გინდა? - ღიმილით ჩაეკითხა მაკა.
- გოგოც მინდა და რა ვიცი, ჯერ ერთი ვერ ამიყვანია. - ღიმილითვე მიუგო ლარამ.
მაკა მომღიმარი სახით განაგრძობდა საუბარს, თუმცა გულში სულ დაძაბული იყო და იმას ფიქრობდა აი ახლა მეტყვის, ჩვილი ბავშვი აქედან ამაყვანინეო, მაგრამ ცდებოდა. არც ლარა აღმოჩნდა იმდენად მიამიტი, რომ მაკასთვის სწორედ ჩვილი ბავშვი ეთხოვა, პირიქით სულ ბავშვთა სახლებსა და თავშესაფრების ირგვლივ ტრიალებდა და ჩვილის აყვანის იდეა, ისევ მაკასგან სურდა მოესმინა.
- თან იმასაც, ვფიქრობ. - განაგრძობდა ლარა. - იქ რომ მივალ და ეს ამდენი ობოლი ბავშვი რომ შემომხედავს, მერე რა გაუძლებს ამდენ თვალის მზერას.
- აბა, ყველას ხომ არ წამოიყვან. - გაეცინა მაკას.
- ნეტა მართლა შეიძლებოდეს ხანდახან იქაც... - ლარა ჩაფიქრდა და მაშინვე წამოიძახა. - ზოგჯერ წავიმუშავებ, ისე უხელფასოდ, თუნდაც კვირაში ერთხელ და დავაკვირდები, რომელი ბავშვიც ჩემს გულთან მოვა...
- ყოჩაღ, შენ! - შეაქო მაკამ. - მშვენიერი იდეაა, მაგრამ იმაზეც იფიქრე, რომ ერთი ჯგუფის სისხლი მაინც გქონდეთ, ან შენი მეუღლის მაინც.
- ამას აქვს მნიშვნელობა? - გაიკვირვა ლარამ.
- ბავშვის აყვანის დროს არა, მაგრამ სამომავლოდ, ათასი რამ შეიძლება მოხდეს და  დონორის პოვნა, რომ არ გაგიჭირდეს, ასე სჯობს. ჩემი პირადი აზრია და მგონი, არ უნდა იყოს ურიგო?
- სრულიად გეთანხმებით! - კვერი დაუკრა ლარამ. - ოჯახში ერთი ჯგუფის სისხლი უნდა ჰქონდეთ, ეს სასურველია, თუმცა ზოგჯერ მხოლოდ ერთი მშობელი ზრდის და საერთოდ ვერ თავსდება სისხლის ჯგუფთან და რეზუსთან.
- ჩემს შემთხვევაშიც მასეა! - მოულოდნელად წამოსცდა მაკას და მაშინვე ენაზე იკბინა, თუმცა ლარას არაფერი შეუმჩნევია.
- მარტო მე და ჩემს ძმას გვაქვს ერთნაირად ჯგუფი და რეზუსი დანარჩენებს ყველას ხან ასე და ხან ისე. - ეღიმებოდა ლარას. - ალბათ, მაგიტომაც ჩვენ უფრო ვგავართ ერთმანეთს, ჩემი უფროსი და სულ სხვა ტიპია.
- ხშირად მასეც არის ხოლმე. - მიუგო მაკამ. - ჩემს ბიჭს მეოთხე უარყოფითი აქვს და პირწავარდნილი ცხონებული მამამისია. მე კი, პირველი დადებითი, მაგრამ მაინც ვგავართ ერთმანეთს.
- და პირველი დადებითი თუ გაქვთ, მაშინ ბავშვი მეოთხე უარყოფით, როგორ გამოდის?
- ეს ჩემო კარგო, უკიდურესად იშვიათი შემთხვევაა. - მყისვე მიუგო მაკამ, თან აშკარად, ფერმა გადაჰკრა და ლარამაც მშვენივრად შეაჩნია.
- არსებობს უკიდურესად იშვიათი გენეტიკური ფენომენი. - წარბშეუხრელად  განაგრძო მაკამ. - რომელსაც...
- „ბომბეის ფენოტიპი“! - მაშინვე შეაწყვეტინა ლარამ. - კი ვიცი, ძალიან უკიდურესად იშვიათი შემთხვევაა. მილიონში რამდენიმე შეიძლება იყოს.
- ჰო, ჰო! - კვერი დაუკრა მაკამ და აშკარად გულზე მოეშვა. - მიფიქსირდება პირველი ჯგუფი, თუმცა გენეტიკურად მეორე ჯგუფის გენები მაქვს. - არ დაიბნა მაკა.
ლარაც მიამიტი სახით კვერს უკრავდა, თუმცა მშვენივრად შეამჩნია, რამდენჯერმე როგორ შეცბა მაკა და მაშინვე, როგორც კი გამოსავალი ნახა, აშკარად როგორ მოეშვა გულზე.
მაკამ მართლაც შვებით ამოისუნთქა. კიდევ კარგი ლამარა, რომ ექიმია და მართლაც იცის მსგავსი იშვიათი შემთხვევების შესახებო, ამას ფიქრობდა.
თავის მხრივ ლარაც ჩაფიქრდა.
„კიდევ კარგი, რომ მაკას ჩემი სისხლის ჯგუფი არ ვუთხარი, რომელიც რატომღაც მისი შვილის სისხლის ჯგუფს და რეზუს ემთხვევა და სწორედაც, რომ ის ბიჭი, რაღაცნაირად ჩემი ძმის ყმაწვილობას მაგონებს.
თუმცა მაკა თუ დაინტერესდება, ამას ისედაც გაიგებს. უბრალოდ, დროის ამბავია და რომელი დრო? დრო, რომელიც აღარ მაქვს? დამღალეს ამდენი ლოდინით. რა გახდა ერთი ტესტის პასუხის მოსვლა?!“
- რა იყო? - ჩაეკითხა მაკა. - ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ვიღაც უნდა გაგლიჯო შუაზე. - სიცილით დაასრულა მაკამ.
- ნუუ. დაახლოებით. - სიცილითვე მიუგო ლარამ. - ძალიან ბევრ დროს ვკარგავ და მართლაც, რას ველოდები? ავდგები და დავიწყებ უკვე! ჯერ ბავშვთა სახლებს შემოვივლი, ამასობაში იქნებ მართლაც დატოვოს ვინმემ ჩვილი?!
- და ამასობაში უკვე რომ შეეჩვიო ბავშვთა სახლიდან რომელიმეს და მერე?
- იმასაც წამოვიყვან და ამასაც! რა? არ მაქვს ამდენი საშუალება, თუ რა?! - მკვირცხლად მიუგო ლარამ.
- მშვენიერია, ორი ბავშვი გეყოლებათ. - კვერი დაუკრა მაკამ. - მაგრამ შენ თუ იმის იმედი გაქვს, რომ აქ ჩვენთან ვინმე ბავშვს დატოვებს, ხომ იცი, ეგ საკმაოდ სარისკო და ზოგჯერ საციხო საქმეა. სანამ ბავშვს ოფიციალურად არ დაუდასტურდება, რომ დედას არ უნდა და არც სხვა ნათესავს სურს მიხედოს და მზად არის ასაყვანად...
„რა გლეხურად მიხსნის. ისეთ სიტყვებს იყენებს, ვითომ არასდროს გაუგია მსგავსი რამ. გაუგია, კი არადა, თავადაც დარწმუნებული ვარ, არაერთხელ მიუღია მონაწილეობა, ჩვილის პირდაპირ სამშობიაროდან აყვანაში.“
ფიქრობდა ლარა და თვალს არ აცილებდა მაკას.
- სამშობიაროდანაც ხშირად შვილდება ჩვილები, განა მართლა მასეა საქმე. - მაკაც მშვენივრად მიხვდა, როცა მიამიტი ქალის სახე მოირგო, ასე უფრო ზედმეტად შესამჩნევი ხდებოდა, სინამდვილის დაფარვა. - მე პირადად, მასეთ საქმეებში არ ვერევი და აქაც ვკრძალავ მსგავს რამეებს. ამ შენობიდან გავიდნენ, ოფიციალური საბუთით და მერე, რაც უნდა ის უქნიათ!
- სრულიად გეთანხმებით, საშარო საქმეა.
- რა თქმა უნდა!  - უმალ კვერი დაუკრა მაკამ.
- მაშინ, თუ მოჰკრავთ ყურს, მითხარით და მე თვითონ მოვაგვარებ, ისე რომ, აქაურობის ხსენებაც არ იქნება.
- და ეგ, როგორ? - წარბები აზიდა მაკამ. - ბავშვი აქ დაიბადება და სხვაგან დაბადება უნდა დაუფიქსირო? ეგ ხომ გაყალბებაა?
- არა, არა! - თავი გააქნია ლარამ. - ყალბი საბუთების გაკეთება, რაში მჭირდება.
- რა თქმა უნდა! - წარბი შეკრა მაკამ. უკვე საშინლად მობეზრდა ამ გოგოსთან საუბარი. აშკარა იყო, რომ რაღაცას ქექავდა, მაგრამ მაკას ასე ადვილად, აბა ვინ გააცურებდა.
- მთავარია ვიცოდე, რომ ჩვილის დატოვება უნდათ და მერე, მე ვიცი!
- და რა იცი, შენ? - დაინტერესდა მაკა.
- აქედან გავწეროთ, როგორც დედა-შვილი და იმავე დღესვე იმ ქალს შეუძლია ბავშვი დატოვოს თავშესაფარში, შვილზე უარს განაცხადებს ოფიციალურად, ბავშვი კი ამ დროს იმის მაგივრად, რომ თავშესაფარში გადააგზავნონ, ჩემთან წავიყვან და ჯერ უსაბუთოთ, მერე კი ოფიციალურად ვიშვილებ. ამას ჩემი ოჯახის კავშირების წყალობით სულ ადვილად მოვაგვარებ. მთავარია, მართლა დატოვოს ბიოლოგიურმა დედამ.
- მშვენიერია. - მოუწონა მაკამ. - მაგრამ მართლა დატოვოს, ეგ რას ნიშნავს?
- ნუუ... - ლარა წამში ათასმა აზრმა გაუელვა, მაგრამ აბა იმას ხომ ეტყოდა, ბავშვი დედისთვის მოტყუებით არ იყოს წართმეულიო, მაგრამ თავი შეიკავა. - უკან რომ არ მოითხოვოს, ეგ ვიგულისხმე.
- ესე იგი, მოსაფიქრებელი დროის მანძილზე, რომ არ გადაიფიქროს? ამას გულისხმობ, არა? მაგრამ იცი, რაშია საქმე. - ჩაფიქრებული ხმით მიუგო მაკამ. - ამასობაში შენ მიეჩვევი იმ ბავშვს და მერე დედა კი, უკან ითხოვს, რადგან ჯერ კიდევ აქვს ამის უფლება და აი, ამიტომ არის საჭირო, რომ ჯერ ჩვილი, თავშესაფარში უნდა იყოს, სანამ მისი შვილად აყვანა, ან თუნდაც დედისთვის დაბრუნება, ოფიციალური საბუთით არ დადასტურდება! შენ რომ არ შეეჩვიო, მაგიტომ.
- მდაა... - ამოიხვნეშა ლარამ. - ამაზე არც კი მიფიქრია.
- ასეა, ჩემო კარგო. - ირონიულად მიუგო მაკამ. - ყველაფერი უნდა გათვალო, ცოცხალ ადამიანთან გაქვს საქმე, ლეკვი ხომ არ აგყავს.
- სრულიად გეთანხმებით. - ლარამ ამოიხვნეშა და ის იყო, კაბინეტიდან უნდა გასულიყო, რომ მაკამ დააწია, ელზა თუ აქ არის შემოვიდესო.
ელზა დიდი ხანია მაკას უკვე აღარ მოსწონდა, მაგრამ არც გუნდიდან და არც სამსახურიდან აგდებდა.
„სჯობს, აქ ეგდოს და თვალსაწიერში მყავდეს და მივაშავებ რასაც დაიმსახურებს, თორემ რაღაც მართლა ორი კაპიკის გულისთვის, ციხეში არ გვიკრას ყველას თავი.“
ფიქრობდა მაკა და მართალიც იყო. ელზას უკვე სახეზეც ეწერა მაკასადმი სიყვარულს და აღფრთოვანებას, ისე იმდენად ვეღარ გამოხატავდა, როგორც უწინ. უნიჭო მსახიობივით ტყუილი ემოცია აღარ გამოდიოდა და კეთილგანწყობილი ქალის როლს ვერ ირგებდა. ზოგჯერ კი, აშკარად უტვინოდ იქცეოდა.
მაკას უკვე ექთანიც გაფრთხილებული ჰყავდა, ელზა რაღაც ვეღარ ვცნობ და ყურადღება მიაქციეო.
- შეიძლება, მაკა ექიმო? - ელზამ მოწიწებით შეაღო კარი.
- მოდი, მოდი. - თბილი ხმით მიმართა მაკამ. - შენთან მაქვს პირადად საქმე.
- გისმენთ, მაკა ექიმო. - ელზამ სერიოზული სახით მიუგო.
- დაჯექი, რას დგახარ? - მაკას ახლა უფრო დაურბილდა ხმა, რაც აშკარად ელზას ესიამოვნა. წამით მაკამ ისიც კი გაიფიქრა, ყავას შევთავაზებო, მაგრამ ასე ძაან დატკბობაც არ მიიჩნია საჭიროდ.
- გისმენთ, მაკა ექიმო. - ვეღარ ითმენდა ელზა.
- მოკლედ... - მაკამ ამოიხვნეშა. - საიდან დავიწყო არც კი ვიცი...
ელზას აშკარად ფერმა გადაჰკრა. წამით ისიც კი გაივლო, სამსახურიდან ხომ არ მიშვებსო, მაგრამ შეცდა.
- პირადად შენი იმედი მაქვს და ახლავე აგიხსნი, თუ რატომ. - განაგრძო მაკამ და ახლა უფრო მეტად დაჭყიტა თვალები ელზამ. - ვხედავ, რომ ლამარასთან კარგად დამეგობრდი...
- არც იმდენად, მაკა ექიმო. - არ აცალა ელზამ. - უბრალოდ, მართლა არ არის ცუდი გოგო, თუმცა ვაღიარებ, თავიდან ძალიან არ მომწონდა, ახლა კი, მეცოდება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მდიდარი გოგოა და არაფერზე აქვს საზრუნავი, მაინც რაღაც უბედურია...
„ღმერთო ჩემო, ეს ქალი როდესმე გაჩუმდება?“
ძლივს იკავებდა მაკა თავს.
- და რამე დააშავა? - ახლა შეკითხვაზე გადავიდა ელზა.
- თუ დამაცდი, გეტყვი. - ირონიულად მიუგო მაკამ და ელზასაც გაეღიმა. - მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, ლამარას სურს ბავშვის აყვანა და არ ვიცი ზუსტად, იქნებ მართლაც მოგზავნილია და ასე გვამოწმებს, იქნებ სულაც, სულ ტყუილად ვნერვიულობ, მაგრამ ხომ იცი, ჩვენს საქმეს, მოდუნება და უყურადღებობა არ უხდება. ამიტომ, თუ შენ რამე გკითხოს, ან თუნდაც სულ უმნიშვნელო რჩევა, ბავშვის აყვანის თაობაზე, არც გაბედო და არაფერი ურჩიო, რომ აქ ჩვენთან, ან სხვა სამშობიაროდან შეიძლება ჩვილის აყვანა.
- ხომ მაგრამ ახლა დავიჯერო, ეგ არ ეცოდინება? - ეჭვიანად მოწკურა თვალები ელზამ.
- ყველამ, ყველაფერი ძალიან კარგად იცის, მაგრამ ჩვენ მაინც ნუ გამოვიდებთ თავს! ამის თქმა მინდოდა. - მიუგო მაკამ. - საიდანაც უნდა იქიდან აიყვანოს, მხოლოდ ჩვენი ჩარევის გარეშე და თუ ვინმე, მართლა დატოვებს ბავშვს, შენგან არ უნდა გაიგოს, სხვა ვინმემ უთხრას. 
- აჰა, გასაგებია. - როგორც იქნა ჩასწვდა ელზა.
- ჰოდა, შენი იმედი მაქვს. - მაკამ სანდომიანი სახით თვალებში ჩახედა, რაც ელზას ძალიან ესიამოვნა. - ნურც შენ ჩაერევი და ნურც ვინმე ჩვენიანს გარევ. არც არაფერი ურჩიო და თუ გკითხავს, თუ რამდენად ხშირად ტოვებდნენ აქ ბავშვებს, სიმართლე უთხარი.
- რა? - გაოგნდა ელზა.
- ჰო, რა იყო? - ირონიულად ჩაეღიმა მაკა. - რამდენიც მართლა დატოვეს, სწორედ იმათზე უთხარი, აბა ახლა... - ღიმილით გააქნია თავი მაკამ. - ნუუ, ცოტა უფრო ნაკლები უთხარი.
- ჰო, კი, ახლა მივხვდი.
„როგორც იქნა. გაეხსნა გონება“.
გაივლო მაკამ და ელზა კაბინეტიდან დაითხოვა. გასვლისას, კიდევ ერთხელ გააფრთხილა, შენი იმედი მაქვსო და ელზამაც შექებად ჩათვალა და აშკარად შეიფერა.
- არის ერთი კარგი ვარიანტი. - ელზა კარშივე მოტრიალდა.
- და ამ წუთას, რა გითხარი? - მაკას ხმაში საყვედურმა გაჟონა.
- არა, მაკა ექიმო! - სიხარული ჩაუდგა თვალებში ელზას. - ჩვენთვის!
- კარი მიხურე. - უკმაყოფილოდ მიუგო მაკამ. - შემოდი, დაჯექი.
ელზა უსიამოვნო სახით ჩაეგდო სავარძელში. ეგონა, მაკას გაახარებდა, ახალი სარფიანი საქმე, თანაც უფრო მეტს მოსთხოვდა, ისედაც უკვე დიდი ხანია ფიქრობდა წილის მომატებაზე და აი, ახლა თავისი გაჩარხული საქმით, დარწმუნებული იყო, რომ მეტს იმსახურებდა. თუნდაც იმიტომ, რომ იმ ბეჭდის ამბავი ჯერ კიდევ მწარედ წიწკნიდა გულს.
- აბა ამ წუთას, რა გითხარი? - საყვედურით დაიწყო მაკამ. - არანაირი საქმე! არც სარფიანი და არც ჰმ, უსარფო! - ცინიკურად გააქნია თავი მაკამ. - იყოს, მიაშავეთ ყველას თავისი ჩვილი და წაათრიონ აქედან!
მაკას რაღაცნაირად, გულის კუნჭულში, მაინც არ მოსწონდა ლამარა და რა თქმა უნდა, ვერც ენდობოდა, მაგრამ ახლა აღმოაჩინა, რომ აშკარად ხელს უშლიდა ეს გოგო და ვერც ვერაფერს იღონებდა. სულაც არ აწყობდა მისი ან შანტაჟით და ან სხვა რამ კონფლიქტით სამსახურიდან დათხოვნა. ერთადერთი ვარიანტი იყო, თუ თავად, საკუთარი სურვილით დატოვებდა სამსახურს. საკმაოდ ჭკვიან და გამჭრიახ მაკას მშვენივრად ესმოდა, რომ სულ პატარა გუბურაში ოდნავადაც არ შეიძლებოდა წყლის ამღვრევა.
- და იცი, რატომ? - უხსნიდა ელზას.
-იმიტომ რომ ამღვრეული წყალი მავნებელია! - მყისვე მიახალა ელზამ.
- ყოჩაღ! - შეაქო მაკამ და ელზამაც აშკარად შეიფერა.
- მერე თუ ის მღვრიე სუფთას შეერევა...
- ყოჩაღ, ელზა! ყოჩაღ! - კვლავ შეაქო მაკამ და ელზას ეგო, ერთი ათად გაეზარდა.
- უბრალოდ, არ იყო ცუდი ვარიანტი, და... - ელზამ კვლავ სცადა. - თან საკეისროზეა წინასწარ ჩაწერილი.
- ჰო, მაგრამ სასურველია, იმ დღეს მაინც დაემთხვეს, როცა ლამარას მორიგეობა არ იქნება.
- და კიდევ, გვიშლის ეგ გოგო ხელს? - გაიკვირვა ელზამ.
- არაფერსაც არ გვიშლის. - არ დაიბნა მაკა. - მაგრამ მინდოდა, უფრო მეტად ჩვენები რომ ყოფილიყვნენ. ხომ გაგაფრთხილე? აღარავის შემომატება, აღარ გვაწყობს, ისედაც უკვე როგორ კონტროლდება ყველაფერი და საკმაოდ საშიშიც ხდება. ერთი სიტყვაც და ყველანი დავიღუპებით.
- ჰო... ჰო...
- სულაც არ არის ცუდი გოგო და არც ჭორიკანა, მაგრამ სრულიად შემთხვევით მიამიტურად და უადგილოდ, რამე თუ წამოროშა...
- მართალი ხართ, მაკა ექიმო.
- და თანაც, ხომ გითხარი, ისედაც ბევრნი ვართ და მართლა ორ კაპიკის გულისთვის, ხომ არ გავყოფთ შარში თავს?
ელზამ უხმოდ დაუქნია თავი.
- კარგი ახლა მიხედე საქმეს და თუ რამეა, მაინც მითხარი და მერე ერთად გადავწყვიტოთ, თუ რამდენად გვიღირს, მთავარია უსაფრთხო იყოს.
- დიახ, მაკა ექიმო. - ელზას კვლავ გულს მოეფინა, ერთად გადავწყვიტოთო, მაკამ რომ უთხრა. ესე იგი, მაკა კვლავ ენდობა და თანაც, მოსალოდნელი საფრთხისგან იცავდა.
„იმ ტუტუც ექთანსაც მაგიტომ შეარჩინა იმ ბეჭდის ამბავი. ზედმეტად არ გააღიზიანა.
აბა მართლა, რა საჭიროა, ამდენი გაბაზრება. რაც ნაკლები ვიქნებით, მით უფრო მეტი შეგვხვდება. ჰმ. კუბოზე მოიხმაროს იმ ბეჭდის ფული!“
მთელი კვირა გავიდა და ელზას ლამის ენის წვერზე უტრიალებდა პასუხი. რამდენიც ლარა რამეს იტყოდა, ელზა ყურებდაცქვეტილი ელოდა შეკითხვას, რომ უკვე წინასწარ გამზადებული პასუხი მიეხალა, თუმცა დრო გადიოდა და ლარას, არაფერი მსგავსი არ უკითხავს ელზასთვის, რამაც მაკა ახლა უფრო სერიოზულად ჩააფიქრა.
„რატომ მარტო მე მკითხა ამ თემაზე? მეგონა, აუცილებლად ელზასაც ჰკითხავ და არც სხვა ჩვენს გოგოებს დატოვებდა გამოუკითხავს. ახლა კი, ვითომ მარტო მე მამოწმებს? არც იმდენად სულელია, რომ ვერ მიმხვდარიყო, შემოწმება ჩემით არ უნდა დაეწყო? ან იქნებ, სწორედაც რომ ასე უნდა დაეწყო?..
არა, არა! რაღაცაშია საქმე!.. ან...
ან იქნებ, მართლა უნდა ამ გოგოს ბავშვის აყვანა?“
მაკას ფიქრისგან თავი უსკდებოდა და იმდენად განიცადა, რომ ერთ დღესაც ვეღარ მოითმინა და თავად დაუსვა შეკითხვა ლარას.
- აბა, როგორ ხარ? რა ხდება შენს ირგვლივ კარგი და სასიკეთო?
- კარგი და სასიკეთო? - ცალყბად გაეღიმა ლარას. - რა ვიცი...
- ჩემო კარგო. - დაურბილდა ხმა მაკას. - მთავარია, ცუდი არაფერი იყოს, თორემ დანარჩენი ყველაფერი კარგია და სასიკეთო.
- ალბათ. - ამოიხვნეშა ლარამ.
- კიდევ ფიქრობ ბავშვის აყვანაზე? - შეაპარა მაკამ.
- ვფიქრობ და რა ვიცი... - მხრები აიჩეჩა ელზამ. - ყველა თავის აზრს მახვევს.
- შენ აგყავს ბავშვი და სხვის აზრები, შეიძლება რაღაც ასპექტში გაითვალისწინო კიდევაც, მაგრამ მთავარი, აქ შენ ხარ! შენ უნდა იყო დედა და არა ის, სხვები!
- ჰმ. - კვერი დაუკრა ლარამ. - მართალი ხართ.
- გამარჯობააა! - მხიარული ხმით მოადგა მაკას ბიჭი.
ლარა წამით დაიბნა, თუმცა ვინ აცალა. ბიჭმა კვლავ მხიარული სახით განაგრძო საუბარი იმის შესახებ, რომ ლარას მის დანახვაზე გული აღარ წასვლია, მერე თუ როგორ აღმოჩნდა, ლარას ნიშნობის სუფრაზე.
- ესე იგი, ორჯერ რომ გული წამივიდა, ორჯერვე ლამის შენ ჩაგაკვდი ხელში, არა? - ეცინებოდა ლარასაც.
- და ნიშნობაზე როგორ მოხვდი? - ღიმილით ჩაეკითხა ბიჭს მაკა, თან საშინლად გული მოუვიდა, რატომ აქამდე არაფერი იცოდა. თვალებში კარგად ჩახედა და ცდილობდა, უფრო მეტი რამ ამოეკითხა.
- ფარიკაობაზე ერთად დადიან. - მიუგო ლარამ. - ჩემს ძმისშვილთან ერთად.
- ფარიკაობაზე? - გაოცებით გახედა მაკამ კუსუს.
- თუ ჩოგბურთზე? - ახლა ლარა ჩაეკითხა გაკვირვებულ ბიჭს.
- კალათბურთზე დავდივართ ერთად. - მიუგო ქალებს კუსუმ.
- აა, მეც არ გამიკვირდა. - გაეცინა მაკას.
- ხელის თხოვნის ცერემონიალი უფრო იყო, ვიდრე ოფიციალური ნიშნობა. - ახლა ლარამ განაგრძო. - უბრალოდ, დრო იხელთა ბიჭმა და ჩვენი ურთიერთობა გააოფიციალურა.
- და შენ წინააღმდეგი ხარ? - ირონიით ჰკითხა მაკამ.
- არა, მაგრამ ისე შევეჩვიე მარტოობას. პრინციპში, სულაც არ არის ცუდი ბიჭი. ვნახოთ.
- მარტოობასაც არაუშავს რა, მაგრამ შვილებს მაინც არაფერი სჯობს. - მაკამ თბილად გაუღიმა ბიჭს, მერე მკლავი გაუყარა და კაბინეტისკენ გასწია. ამით ლარასაც ანიშნა, რომ საუბარი დამთავრებულიაო.
- აუ, დეე! ვერაფერი შევარჩიე გამოსაშვებისთვის. - ნაღვლიანად აწუწუნდა კუსუ.
- ფული არ გეყო? - გაიკვირვა მაკამ.
- რაც მომწონს ის არ მიხდება, ვერ მოვირგე და ისე დავიღალე ამდენი რჩევით, რომ მარტო ჯინსები და პერანგი ვიყიდე.
- და ჯინსებით გინდა გამოსაშვებზე იყო? - იწყინა მაკამ. - და აჭორაო შენი კლასელების მშობლები, რომ მაკა ისეთი გაჭირვებულია, თავის ერთადერთ პირმშოს, ერთი კარგი პიჯაკი ვეღარ უყიდაო?!
- რა აუცილებელია, მაინც და მაინც პიჯაკი? - არ ეპუებოდა ბიჭი.
ლარა ადგილიდან არ დაძრულა და მათი საუბარი ესმოდა. მერე ვეღარ მოითმინა და ჩაერია.
- მაკა ექიმო! - შეაჩერა ლამა. - მე დაგეხმარებით, ამ ახალგაზრდისთვის საუცხოო სამოსის შერჩევაში.
მაკამ უკმაყოფილოდ აზიდა წარბები.
- ქალაქში ყველაზე დიდ და საუკეთესო ბუტიკს ჩემი რძალი განაგებს და იმას ნამდვილად არ გაუჭირდება. თუმცა, პირადად მე საკმაოდ შორს ვარ მაგისგან. - სიცილით დაასრულა ლარამ.
- ნუუ, ასე შეწუხებაც... - მაკას დიდად არ მოსწონდა ლარას ჩარევა, თუმცა მაშინვე ახალმა აზრმა გაუელვა და უარი აღარ უთხრა.
- რა შეწუხებაა?! - მხრები აიჩეჩა ლარამ. - ხვალ და ზეგ არ ვმუშაობ და მე თვითონ მივყვები, მერე იქ თავად შეურჩევენ.
- აბა? - მაკა ბიჭს მიუბრუნდა. - მოითმენ ხვალამდე? და იცი, რა ვქნათ? - მაკამ ახლა ლარას გადახედა. - დღესვე წადით, რადგან შენც დაისვენებ ცოტას გაერთობი. საქმეც აქ დიდი არაფერია და თავისუფალი ხარ! წადი, გაერთე! ცოტა გული გადააყოლე და მომდევნო ორი დღეც მიაყოლე. მერე კი, ახალი შემართებით დაგვიბრუნდი!
ლარა უხერხულად აუწურა, თან ძალიან გაუხარდა. კუსუც ბედნიერად უღიმოდა და უკვე უარიც აღარ უთქვამს, ისე გაფრინდა სამსახურიდან.
თავიდან მაკას, ნამდვილად რაღაცნაირად არ ესიამოვნა ჯერ ის, რომ ახლა გაიგო თურმე, ლარას ოჯახთან მისი შვილი, როგორ ახლოს ყოფილა და ახლა კიდევ... და კიდევ რა?..
„თუმცა, რატომაც არა! ასეთ კარგ წრეში თუ იტრიალებს ბავშვი, რატომაც არა, მაგრამ მაინც რაღაცნაირად ეს ლამარა, ვერ მოდის ჩემს გულში და რა ვნქა? მართლა ამის გულისთვის, ბიჭს ხომ არ დავუკარგავ მომავალს?“
- სასწრაფოდ ელზა მომიძებნე! - დაბალ ხმაზე ჩაულაპარაკა ექთანს, რომელიც უკვე რამდენიმე წუთია აკვირდებოდა, თუ როგორ გაუშვა მაკამ ლამარასთან ერთად კუსუ და ინტერესით კვდებოდა.
- მშვიდობაა, მაკა ექიმო? - ჩაეკითხა ექთანი.
- ელზა შემოვიდეს ჩემთან და შენ კი... - მაკა ჩაფიქრდა. - პალატები შემოიარე, საეჭვო თუ არაფერია, ამ დღეებში გავიხარებთ.
ექთანს გულზე მოეშვა.
- ელზა! - არ აცალა შემოსვლა მაკამ. -  საკეისროზე, რა ხდება? როდის ელოდება?
- წესით ამ კვირაში კი უნდა იყოს... მაგრამ...
- არავითარი, მაგრამ! - მიუგო მაკამ. - მოამზადეთ! ერთ საათში ვიწყებთ!
- ერთ საათში?! - გაიკვირვა ელზამ.
- აბა, რას ველოდოთ? - მხრები აიჩეჩა მაკამ. - მანამდე ყავას დავლევ და ცოტა იქნებ, წახემსებაც მოვასწრო და არც ლამრიკო შეგვიშლის ხელს. ზუსტად სამი დღე გვაქვს და ახლავე თუ ვერ გამოვიყენებთ, ვინ იცის, კიდევ რამდენ ხანს მოგვიწევს ბონუსების ლოდინი.
- გასაგებია, მაკა ექიმო! - მყისვე გამოცოცხლდა ელზა და კაბინეტი დატოვა.
LEX. 2025 წლის 20 აგვისტო, ოთხშაბათი.

No comments:

Post a Comment