- დედა, რა
ხდება? - გაკვირვებით ჰკითხა ლარამ მოალერსე დედას.
ისე იზრდებოდა,
არც დედის ალერსი იცოდა და არც მამის. თუმცა მკაცრად სულაც არ ეპყრობოდნენ შვილებს, მაგრამ ალერსისა და ზედმეტი ფერების გარეშე
გადიოდა მათი ცხოვრება. შვილებს ყველაფერი ჰქონდათ, არაფერი აკლდათ, მშობლის სითბოს
გარდა.~ ლარას გაოცებას
ახლა საზღვარი არ ჰქონდა. სიხარულის მაგივრად, უფრო შიში იგრძნო და მაშინვე გაუელვა,
რამე ცუდი ხომ არ მოხდაო.
- დედა! მშვიდობა
გვაქვს?! - აღელვებით იკითხა ლარამ.
- რა თქმა
უნდა! - ღიმილით მიუგო დედამ.
- რა ვიცი.
- ამოიხვნეშა ლარამ. - ვიფიქრე, რამე უბედურება ხომ არ არის ჩვენს თავსო.
- და რატომ
იფიქრე, ასე? - იწყინა დედამ. - ან საიდან მოიტანე, რომ რაღაც საშინელი რამ დაგვემართა?
- ამ ბოლო
დროს, შენ და მამა, რაღაც სხვანაირები გახდით. - მიუგო ლარამ. - ჩემი დაც ხომ იშვიათად
რეკავდა და ახლა, ორჯერ ზედიზედ მომიკითხა.
- და მერე,
რა? - მხრები აიჩეჩა დედამ. - უმცროსი დის მოკითხვაში, რამე პრობლემას ხედავ?
- არასდროს
დაურეკავს ჩემთვის. - თავი გააქნია ლარამ. - არც კი ვიცი, ჩემი ნომერი აქვს თუ არა
და ახლა ჩემს მოსაკითხად შენ გირეკავს და თანაც, ორჯერ!
- კარგი, რა
ჩაიხვიე. - ჩვეული ხმით მიუგო დედამ. - უბრალოდ, გაუხარდა აქ რომ გნახა.
- მეც მიხარია,
რომ ასე ვახსოვარ, ჩემს უფროს დას. - ცინიკური ხმით აღნიშნა ლარამ.
„რაღაცნაირი თვალები აქვს დედას.“
ფიქრობდა ლარა.
„ან ჩემს დას, როდის მერე შევუყვარდი ასე ძალიან, რომ
ასე ხშირად ეკითხება დედას ჩემს ამბავს. თუ მართლა აინტერესებს, როგორ ვარ, ჩემთან
დაერეკა და პირადად მოვეკითხე....
არა, არა! ნამდვილად რაღაც ხდება ამ სახლში. კიდევ კარგი,
ცუდი არაფერიაო, დედამ და იქნებ, მატყუებს?
თუმცა, ცუდი რამ რომ ყოფილიყო, აქამდე უკვე გავიგებდი
კიდევაც.
იქნებ, ჩემი და აპირებს ჩამოსვლას? წლებია უკვე აქეთ
აღარ გამოუხედავს და მერე, რა? როდის ვიყავი მისი აქ ყოფნის წინააღმდეგი? ან ჩემგან
უნდა ნებართვის აღება და მე რა შუაში ვარ? ქმარს ხომ არ დაშორდა და ბავშვებიანად აქეთ
ჩამოდის? და მერე მაინც, რა? ჩამოვიდეს, მე ხომ არ ვუშლი? საცხოვრებლის პრობლემა, ნამდვილად
არ ექნება, აქაც აქვს თავისთვის ცალკე, არც თუ ისე პატარა სახლი.“
- აღარ დგები?
- შეახსენა დედამ. - უკვე ორჯერ გკითხე, ისეთი გათიშული ხარ.
- რომ ავდგე,
რა?
- არაფერი.
- მხრები აიჩეჩა დედამ. - თუ გინდა, იწექი, მაგრამ...
- რა მაგრამ?
- ვეღარ მოითმინა ლარამ.
- რადგან ასე
მოხდა ჩვენი უნებური შეკრება, ბარემ ერთად გვევახშმა.
- ვივახშმოთ.
- მხრები აიჩეჩა ლარამ და მაშინვე გულში გაივლო. ნეტა მართლა რა ხდებაო.
მოულოდნელად
დედა კარადასთან მივიდა. ლარას ტანსაცმლის დიდი ნაწილი, ჯერ ისევ იმ ძველ კარადაში
ჰქონდა ჩატოვებული. ზოგი ერთხელაც კი არ სცმია და ზოგი კი ძვირფასი ბრენდის სამოსი,
მართლაც რომ ახალივით გამოიყურებოდა და ყველა დროის მოდას უძლებდა.
ლარა გაკვირვებული
შეჰყურებდა. ჯერ ის რომ დედის ალერსსა და უფროსი დის სითბოს ეღირსა და ახლა დედა შესაფერისს
ტანისამოსს ურჩევდა, ოჯახურ ვახშამზე თავის გამოსაჩენად. ლარა იმდენად გაოგნებული იყო,
რომ უნებურად დაემორჩილა დედის თხოვნას, მის მიერ შერჩეული სამოსიც მოირგო და ისე დატოვა
ოთახი.
დიდ და გემოვნებით
მოწყობილ სასტუმრო ოთახის ცენტრში ოვალური მაგიდა, საზეიმო სუფრით იყო გაწყობილი.
- ვინმეს დაბადების
დღე გამომრჩა? - ლარამ რძალს გადაუჩურჩულა. მის გვერდით სკამი გამოსწია და სანამ ადგილს
დაიკავებდა ძმა უცებ იქვე გაჩნდა და ძალიან დაბალი ხმით, თითქმის ჩურჩულით უთხრა:
- გეხვეწები,
გთხოვ. ახლა რაც არ უნდა იყოს, მაქსიმალურად მოთოკე ემოციები. შენი იმედი მაქვს.
- რა ჩემი
იმედი? - ჩურჩულითვე უპასუხა ლარამ.
ძმა კი ამ
დროს უკვე ცოლს მეორე მხირდან მიუსკუპდა და უკვე მასთან გადაჩურჩულება გამორიცხულიც
იყო. ახლა რძალმაც მოუჭირა ხელი. თითქოს ამით გაამხნევა.
რა ხდებოდა?
რაში იყო საქმე?
„ცუდი რამ რომ მომხდარიყო, სახეზე აღბეჭდილ წუხილს, ასე
ოსტატურად, ნამდვილად ვერ დაფარავდნენ, თვალები მაინც გააყიდიდნენ დარდს, ამათ ყველას
კი რატომღაც თვალები უბრწყინავთ და ისევ რატომღაც, მე შემომციცინებენ. ან მეჩვენება?
დარდისა და წუხილის, არაფერი ეტყობათ, თუმცა, ნამდვილად
რაღაც შეთქმულება მიწყობენ, მაგრამ რას?“
სუფრასთან
ოჯახის წევრებს მოეყარათ თავი. მშობლები, შვილები, შვილიშვილები და დეტექტივიც. ლარას
რაღაცნაირად ეხამუშა კიდეც მისი დანახვა. ახსოვდა, თითქოს დეტექტივი უკვე დაემშვიდობა
და უკანვე მობრუნდა?
საწინააღმდეგო
ნამდვილად არაფერი ჰქონდა, მაგრამ მაინც...
მოულოდნელად
ოთახში უმცროსი ბიჭი, სტუმართან ერთად შემოვიდა.
ლარას ფერმა
გადაჰკრა და მაშინვე ვიღაცის ძლიერმა ხელმა მოუჭირა მკლავზე. ახლაღა აღმოაჩინა, რომ
მის გვერდით მამა იჯდა.
წუთით სიტუაცია
ძალიან დაიძაბა. ეს წუთიც კი ლამის საუკუნოდ იქცა. სტუმარი ბიჭი გაკვირვებული შესცქეროდა
მასპინძლებს. მოეჩვენა, თითქოს სწორედაც რომ მის დანახვაზე გაილურსა ყველა. მერე უცებ
ნაცნობ სახეს მოჰკრა თვალი და ღიმილით უნდოდა მიემართა ლარასთვის, მაგრამ ვინ აცალა.
მოულოდნელად
დეტექტივი ჭიქით ხელში ფეხზე წამოიჭრა და დიდი მოწიწებით ითხოვა სიტყვა. რძალმაც ისარგებლა
ამ მომენტით და ჯერ კიდევ ფეხზე მდგარი ბიჭები სუფრასთან დასვა.
დეტექტივი
რაღაცას ბრუტუნებდა. ლარას არაფერი ესმოდა. მთელი მისი ყურადღება სწორედ იმ სტუმარი
ბიჭისკენ იყო მიმართული, რომელიც ახლა ზედაც არ უყურებდა ლარას და ისიც, სხვების მსგავსად
დეტექტივს მისჩერებოდა, რომელმაც სწორედ ამ თავისი მოულოდნელი ფეხზე წამოჭრით, სწორედ
ის დაძაბული სიტუაცია განხმუხტა და ლარას, ხელი სთხოვა.
უამრავი ემოცია
წამოვიდა. ოჯახის წევრები აღფრთოვანებული ხმით ულოცავდნენ და ჭიქებს უჭახუნებდნენ.
ლარას კი არაფერი გაუგია, მხოლოდ მაშინ გამოერკვა, როცა უკვე მილოცვების დამთავრებას
აღარ დაადგა საშველი.
გაოგნებული
სახით მოავლო სუფრას თვალი.
- რა იყო,
გოგო! - შეუძახა ძმამ. - თუ არ გინდა, კი არავინ გაძალებს?!
ლარამ ცალყბად
გაუღიმა. მხრებიც აიჩეჩა. ნამდვილად ვერაფერს გაეგო, თუმცა სულაც არ აინტერესებდა.
ერთი სული ჰქონდა, როგორმე იმ ბიჭისთვის, რამე მაინც ეკითხა. თუნდაც ის რომ...
„და რა, რომ? რა უნდა ვკითხო?“
ფიქრობდა ლარა.
„იმას ხომ არ ვკითხავ, აქ რატომ მოხვედიო. ეს ხომ ისედაც
ვიცი, რომ ჩვენმა პაწუკა ბიჭმა მოიყვანა და ეს უკვე უფროსი ბიჭი, ნუთუ, ასეთ პატარა
ბიჭთან მეგობრობს? ანდა, ეგ რა ჩემი საქმეა. ახლა მე ის მაინტერესებს, თუ რა უნდოდა
ამ ბიჭს, ჩვენს სამშობიაროში? და თანაც, ორჯერ?
ან იქნებ, ეს სულ სხვა ბიჭია?
ის, ორჯერ ვნახე და ორჯერვე გონება დავკარგე და იქნებ,
იქაც ორი სხვადასხვა ბიჭი იყო და მე კი...“
ლარა ათას
ფიქრებში იყო გახვეული. მის ირგვლივ რაც ხდებოდა არც აინტერესებდა და ვერც ვერაფერზე
რეაგირებდა.
სტუმარი ბიჭი
სახლში გააცილეს. ლარამ ვერც კი მოასწრო გამოლაპარაკება. სუფრა დიდი ხანია აიშალა.
ახლა ყავა და სიგარეტი სამზარეულოში გაგრძელდა.
- ისე, მშვენივრად
მოიფიქრე. - მიმართა ძმამ დეტექტივს.
„რა მოიფიქრა ნეტა, ასეთი?“
გაუელვა ლარა,
თუმცა არაფერი უკითხავს.
- ზუსტად და
სწრაფად განმუხტე სიტუაცია! - განაგრძობდა ძმა, დეტექტივის შექებას.
დეტექტივი
კი ღიმილით იფერებდა.
ლარა კი კვლავ
ფიქრობდა. ან რა მოიფიქრა ასეთიო და ან რა სიტუაცია განმუხტაო.
- ყოჩაღ, შენ!
მართლა როგორ ზუსტად შეაფასე სიტუაცია და სწორედ ის დაძაბული მომენტი გაფანტე. - ახლა
მამამ შეაქო და ლარამ გაკვირვებული მზერა მიაპყრო.
- პრინციპში,
დიდი ხანია, ნაფიქრი მქონდა. - დეტექტივის ხმაში, უკმაყოფილებამ გაჟონა. აღმოჩნდა რომ
მისი სერიოზული წინადადება ლარას ოჯახმა, მხოლოდ და მხოლოდ მძიმე სიტუაციიდან გამოსვლად
შეაფასა.
- და რა ხდება,
აღარ მეტყვით? - ლარას უკვე მოთმინების ფიალა აევსო. ვერაფერს მიმხვდარიყო. რას ნიშნავდა
ეს უაზრო ქებანი და საუბრები, ან დეტექტივს ასე რაღაც რატომ სწყინდა.
- არა, არაფერი!
- მყისვე მიუგო დეტექტივმა. დაღლილობა მოიმიზეზა. ცოტა არ იყოს ცივად და მშრალად დაემშვიდობა
ყველას. ან ლარას მოეჩვენა ასე.
„არა, ნამდვილად
რაღაც ხდება.“
ამ ფიქრებში
იყო, როცა რძალი მხიარული სახით შემოიჭრა და აღფრთოვანებით მიახალა ლარას:
- აბა, რა
გადაწყვიტე? დაიტანჯა ის კაცი.
- რა უნდა
გადამეწყვიტა? ან ვინ კაცი იტანჯება? - გაკვირვებით მიუგო ლარამ.
- აუუუ! -
ლარას ძმამ თავზე ხელები მსუბუქად შემოიკრა და სიცილისგან ჩაბჟირდა. - ეს საერთოდ აზრზე
ვერ მოსულა!..
- მაგიტომაც
გავარდა ასე გამწარებული ის ბიჭი. - სიცილით ჩაურთო მამამ.
- არ გრცხვენიათ!
- შეუფუცხუნა დედამ. - ამხელა კაცები დამდგარხართ და იკრიჭებით! ვის დასცინით? რა აქვს
იმ ბიჭს, თქვენი დასაცინი?
- დედა რაზე
ამბობ? - ლარა კვლავ გაოცებული შეჰყურებდა ოჯახის წევრებს.
- რაზე კი
არადა, ვისზე! - მიუგო დედამ. - ლამის ორი წელია უკვე დაგსდევს და შენს ყველა კაპრიზსა
თუ ხუშტურს უსიტყვოდ გისრულებს. პატარა ბიჭივით ყველგან დარბის და ცდილობს ყველა საქმე
მოაგვაროს და შენ კი, პასუხიც არ აღირსე, ვითომ ვერც მიხვდი და ეს ამხელა კაცები კი
აქ აყუდებულად და იჯღანებიან!
ლარამ ახლა
მამას და ძმას გახედა. ან იმათ რა აცინებდათ, ან დედა ასე რატომ ბრაზობდა.
- ვაიმე, რა
უხერხულია. - ახლა რძალი შეწუხდა. - იმიტომაც ასეთი ნაწყენი წავიდა.
- ჰმ. - ირონიულად
მიმართა ძმამ. - ტიპმა თავის თავმოყვარეობას და თავის გაუბედაობას გადააბიჯა, გადალახა
უხერხულობაც, ამდენ ხალხში ხელი გთხოვა და შენ კი, ვითომ წარმოდგენაც არ გაქვს, თუ
რაც ხდება.
- რა ხელი
მთხოვა? - ლარამ კოპები შეკრა.
- მარჯვენა!
- ეცინებოდა ძმას. - იქნებ, მარცხენა!
ლარა, როგორც
იქნა მიხვდა, თუ რაც მოხდა სუფრასთან და ახლა ისიც გასაგები გახდა, თუ ასე რატომ ხორხოცობდნენ
ძმა და მამა. ყოველთვის უხერხულად და მოწიწებით მოსაუბრე, ზედმეტად მორიდებულმა დეტექტივმა,
როგორც იქნა, გაბედა და ლარას ხელი სთხოვა, თანაც ამდენ ხალხში. ლარას კი ისე ეჭირა
თავი, ვითომც ვერ მიხვდა და კაცებს კი სალაყბო მიეცა. აი, ამიტომაც ჰქონდა დედა ასეთი
უკმაყოფილო სახე.
- სიმართლე
გითხრათ, ნამდვილად არაფერი გამიგია, ისეთი გათიშული ვიჯექი. - თავი გააქნია ლარამ.
- ალბათ, გამოძინება
არ გეყო. - ძმას კვლავ ირონიული ხმა ჰქონდა. - ის კაცი კი, ისე გააქციე, მგონი აღარც
მოვა აქ.
- სულაც არ
მიფიქრია მისი წყენინება! - ლარამ ოჯახის წევრებს თვალი მოავლო. - ეს თქვენ დასცინით
ყველას და აბუჩად იგდებთ!
- უი, გათხოვება
გინდოდა და ხელი შეგიშალეთ? - ძმა ახლა უფრო მეტად ჩაბჟირდა.
- რა გათხოვება!
- გაბრაზდა ლარა. - სულაც არ მინდა!
- კარგი, რაა!
- შეუტია რძალმა ქმარს.
ძმა მაშინვე
მორჩა ხორხოცს. აღარც მამას ეღიმებოდა. წუთით რაღაცნაირად ისევ დაიძაბა სიტუაცია.
- მეტი აღარ
შემიძლია! - წამოიძახა დედამ. - მანქანის გასაღებს ხელი დაავლო. - წამოდი! - უბრძანა
ლარას. მერე გაკვირვებულ რძალს გახედა. - შენც წამოდი.
დედას უსიტყვოთ
დაემორჩილნენ და კვალში მიყვნენ.
- სად ცხოვრობს
ის შენი დეტექტივი? - დედამ საჭე მოიმარჯვა.
***
დეტექტივი
შინ, საკმაოდ გაღიზიანებული და გაბრაზებული დაბრუნდა. მშობლებს გამოუცხადა, დაღლილი
ვარ, არ შემაწუხოთო და მაშინვე ოთახში შეიკეტა. გაუხდელად მიეგდო საწოლზე და თავზე
ბალიში დაიმხო. არაფრის გაგონება და არავის მოსმენა სურდა. საკუთარ თავს, სულ უტვინოს
და იდიოტს ეძახდა.
„მეც ვნახე
რა, დრო! ლარა გათიშული იჯდა. რაც ის ბიჭი დაინახა, საერთოდ მოსწყდა რეალობას და დანარჩენებს
კი სასაცილოდაც არ ეყოთ.“
დეტექტივმა
ღრმად ამოიხვნეშა.
„არადა,
მართლა როგორ კარგად გავფანტე ის დაძაბული სიტუაცია, თანაც როგორ კარგად მოვიფიქრე.
მშვენიერი ხელსაყრელი მომენტი იყო და როგორც იქნა, გავბედე თქმა, მაგრამ რად გინდა?
ბავშვების
გარდა, არავინ მიიღო სერიოზულად. ლარას კი არც არაფერი გაუგია, თურმე.
ჰმ! ახია
ჩემზე. რას ვეტენები და რას ვეკვეტები.
ნეტა მარტო
ლარასთვის მეთქვა და პასუხს რასაც მეტყოდა, იმას მივიღებდი. ახლა კი დაცინვის საგანიც
გავხდი. მეკი მთელი გული და სული ჩავაქსოვე. ძლივს გავბედე ამდენ ხალხში მეთქვა, პირველად
ვარ ცხოვრებაში ასე ყურებამდე...“
ფიქრი კარზე
ბრახუნმა შეაწყვეტინა.
დეტექტივმა
ოდნავ შეაღო კარი და იქვე გაჩერდა.
- ლამის ჩამოვიღე
კარი. ასე გეძინა? - უსაყვედურა დედამ.
- ხომ გითხარი,
დაღლილი ვარ.
- სტუმრები
გყავს! - მიახალა დედამ და ზურგი შეაქცია.
დეტექტივმა
ღრმად ამოიხვნეშა და უხასიათოდ მიჰყვა კვალში. ოთახში შესვლისთანავე, ელდა ეცა და ამ
მოულოდნელობისგან უხერხულად აწურული, აჩაჩულ-დაჩაჩული პერანგის გასწორებას დაბნეულად
მოჰყვა.
- დროა უკვე
ყმაწვილო, სიმართლე ვთქვათ! - ცოტა არ იყოს, მკაცრი ტონით მიმართა ლარას დედამ.
დეტექტივმა
უხმოდ დაუქნია თავი და სკამზე მოწყვეტით დაეშვა.
წამით დუმილი
ჩამოვარდა.
- დავიღალე
უკვე ამდენი რებუსებითა და გამოცანებით! - შუბლი შეკრა ლარამ. - რისთვის გამომაქცუნეთ,
თუ სიმართლის თქმას არ აპირებთ?!
- ლარა. -
დაიწყო დეტექტივმა და ლარას დედას რაღაცნაირი გამჭოლი მზერა მიაპყრო. - შენი დნმ-ს
პასუხი მოვიდა, რომ ის გარდაცვლილი ჩვილი, რომელიც თქვენ თავის დროზე დაკრძალეთ, საერთოდ
არ აღმოჩნდა შენი, არც შვილი და არც არანაირი ნათესაური კავშირი გაქვთ...
- და ეგ ხომ
უკვე ვიცი! - არ აცალა სიტყვის დასრულება ლარამ. - და გინდათ დამარწმუნოთ, რომ ამას
მიმალავდით? და რას ნიშნავდა საერთოდ, ჩემს სახლში დადგმული სპექტაკლი? რის მიღწევას
ცდილობდით? ყველას გეკითხებით, ჩემებს კი განსაკუთრებით. - ლარამ დედა და რძალს თვალი
შეავლო.
- ჩვენ ვნახეთ
ის ბიჭი, ვინც შენ ასე მიამსგავსე შენს ძმას. - ჩაერთო რძალი. - და იმდენი გავაკეთეთ,
რომ დავიმეგობრეთ და სახლშიც დავპატიჟეთ. პირველ რიგში, ეს ჩემს ინტერესებშიც შედიოდა,
რადგან ბავშვი, მართლაც საოცრად ჰგავს, როგორც ჩემს ქმარს, ასევე ჩემს შუათანა შვილს.
- და მერე,
რა იყო აქ დასამალი? - იწყინა ლარამ. - და შევამოწმოთ მერე, ტესტი! იქნებ, მართლა ჩემი
შვილია?! ან ძმის შვილი? - ლარამ გამჭოლი მზერა მიაპყრო რძალს.
- ჯერ არ შეიძლება!
- უმალ მიახლა რძალმა. - რადგან ამ ბიჭს, ჰყავს მოსიყვარულე ოჯახი და გახსოვს, ჩემს
დაქალს რა დაემართა? შენ არ მეხმარებოდი? თუ დაგავიწყდა როგორც დამთავრდა?!
- და როგორ
დამთავრდა? - ჩაფიქრდა ლარა.
- ვერც ვერაფერს
მიაღწია, იმიტომ რომ ბავშვი კარგ და მდიდარ ოჯახში იზრდება და ბიოლოგიური დედა კი ქაჯივით
მიუვარდა, აბა ჰკითხე ერთი იმ ბავშვს, სად უფრო ურჩევნია ცხოვრება? მით უმეტეს თუ მამის
ბიოლოგიური შვილია.
- ხომ მაგრამ,
ფინანსური პრობლემა არც მე მაქვს? - კვლავ შუბლი შეკრა ლარამ.
- მაგრამ იმ
ბავშვის ფსიქიკაზეც ხომ უნდა დაფიქრდე? - ჩაურთო დედამ. - და თანაც, ჯერ არც კი ვიცით,
რამდენად გვენათესავება.
- და ასე ძნელია
მერე მაგის გარკვევა? - იწყინა ლარამ.
- ძნელი არა,
მაგრამ რთული კი ნამდვილად არის. - ახლა დეტექტივმა უპასუხა. - რადგან ამის მოთხოვნა,
ოფიციალურად უნდა მოხდეს და რა გარანტიაა, რომ დადებითი პასუხი მოვა? ან რა საფუძველზე
უნდა გააგზავნო დნმ-ს შემოწმების მიმართვა? იმას ხომ არ იტყვი, ჩემს ძმას მივამსგავსეო?
- ამიტომაც
შენი დნმ-ს ტესტი გაგზავნილია ბაზაში და როგორც კი გამოხმაურება იქნება, მაშინვე გავიგებთ.
- ისევ ჩაერთო დედა.
- და რადგან
ის ბავშვი ასე გაინტერესებდა, ჩვენც დავიმეგობრეთ. - დაურთო რძალმა.
- და მერე?
- კვლავ შეუტია ლარამ. - ამდენი საათი ამით დასჭირდა ამის თქმას? თუ კიდევ არის რამე?
წამით ყველა
გაიტრუნა. თითქოს თვალიც მოარიდეს ლარას.
- საქმე იმაშია,
რომ. - დაიწყო დეტექტივმა, რადგან ჩანდა, ისევ მას უნდა ემარჯვა, მაგრამ ამ დროს ლარას
დედის სასოწარკვეთილ თვალებს წააწყდა. ყველაფერი გასაგები იყო, ჯერ ადრე იყო იმის თქმა,
რასაც ახლა დეტექტივი აპირებდა.
- ჰო! რაშია
საქმე? - ვეღარ ითმენდა ლარა. - კიდევ რაღაცას მალავთ, არა?
- შენც, სწორედ
ის ბიჭი ნახე, ორჯერ, შენს სამშობიაროში. - ახლა დედამ განაგრძო.
- ესე იგი,
არ მომჩვენებია. - ჩაფიქრებული ხმით მიუგო ლარამ.
- შენი თანამშრომლის
შვილია. - დაურთო რძალმა.
- ვისი?! რომლის?!
- ლარა კვლავ შეტევაზე გადავიდა.
წამით დუმილი
ჩამოვარდა. ყველას სიტყვა ყელში ეჩხირებოდა. ლარა კი კვლავ კოპებშეკრული შესცქეროდა
ყველას.
- ნუ დატანჯეთ,
ეს გოგო! - შეიბრალა დეტექტივის დედამ. - უთხარით ბოლოს და ბოლოს სიმართლე.
- მაკას...
- წაიბურტყუნა დეტექტივმა. - მაკას შვილია. - და დედამისს გამჭოლი მზერა მიაპყრო, რომ
მეტად აღარ ჩარეულიყო.
- და საიდან,
მაკას?! - ლარას ლამის გული გაუჩერდა.
- რა იყო,
ლარა?! - შეუფუცხუნა დედამ. - ის ბავშვი, შენ რომელიც ნახე, იმ ვიღაც მაკას შვილია
და სულაც არ ნიშნავს, რომ შენთან რამე აკავშირებდეს.
- საერთოდ,
ჯერ ის უნდა გაირკვეს, ის ბავშვი აყვანილია, თუ მართლა იმ ქალის ბიოლოგიური შვილია.
- ჩაერთო რძალი.
- და მხოლოდ
კანონიერი გზით უნდა მოხდეს ამის გარკვევა. - ახლა დეტექტივმა განაგრძო. - და ნებისმიერი
პასუხის შემთხვევაში, იმ ბავშვის ფსიქიკა ზარალდება. ესეც ხომ იცი.
- და ახლა
რა უნდა ვქნა? - ლარას სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა. - ნამდვილად არ მინდა ბავშვი დავაზიანო,
გინდაც ჩემი იყოს და გინდაც სხვისი და როგორ მოვიქცე, ღმერთო... - ლარას ტირილი წასკდა.
- რამეს მოვიფიქრებთ.
- მხრებზე ხელი მოხვია დეტექტივის დედამ. - ჩვენც ყველანი შენს მხარეს ვართ, არ არსებობს
გამოუვალი მდგომარეობა.
- ჯერ ის ბავშვი
კარგად უნდა გაიცნო. - ახლა დეტექტივის მამაც ჩაერთო. - დაიახლოვო და მერე თანდათანობით
უნდა შეაპარო, თუმცა მაინც დიდი და მძიმე დარტყმა იქნება მისთვის.
- ჩვენ უკვე
ვაკეთებ მაგას. - მშვიდად მიუგო ლარას დედამ.
- და ამიტომაც
მოიყვანეთ სახლში? - ქსუტუნით იკითხა ლარამ.
- აბა, რა
უნდა გვექნა? - მხრები აიჩეჩა რძალმა. - ასე სჯობდა.
დეტექტივმა
უხმოდ დაუქნია თავი.
- და როგორც
ვხედავ, თქვენ ყველანი, საქმის კურსში ყოფილხართ და ჩემს ზურგს უკან მოქმედებდით?
- იწყინა ლარამ.
- უცებ, სპონტანურად
ვიმოქმედეთ! - ახლა ლარას დედამ მიუგო. - ჯერ ხომ უნდა გავარკვიოთ, მართლა ჩვენია თუ
არა ის ბიჭი და თუ არც იქნება, იმეგობრებენ ბავშვები, რა პრობლემაა?!
- და თუ იქნება?
- ჩაეკითხა ლარა. - ეგ როგორ უნდა გავიგოთ? მართლა მაკას ხომ არ ვკითხავ?
- არც გაბედო!
- მკაცრი ტონით მიმართა დეტექტივმა. - საერთოდ არაფერი ჰკითხო მაკას ბავშვზე, არც მის
ქმარზე, თუ ჰყავდა საერთოდ. პირადზე არაფერი ჰკითხო და არც არავის სხვა თანამშრომელს,
მაკაზე არაფერი გამოჰკითხო!
- და ვინმეს,
მაინც თუ არ ჰკითხა, აბა ისე რანაირად უნდა გაიგოს? - ჩაერთო დეტექტივის დედა. - თან
ტესტიც ოფიციალური თუ უნდა იყოს, მაშინ რა ქნას ამ გოგომ?
- სულ ოდნავადაც,
რომ გაჟონოს და მაკამ იყნოსოს, რომ შენ მისი პირადი ამბებით და განსაკუთრებით შვილით
ინტერესდები, მაშინვე დაფრთხება და საერთოდ არ გადამალოს ბავშვი. თუნდაც, უცხოეთში
გაუშვებს სასწავლებლად და ეძებე მერე.
- და იქნებ,
არარის ჩემი შვილი? - წუხდა ლარა. - რანაირად უნდა მივუდგე, რომ გავიგო?
- ჯერ არ ვიცი,
მაგრამ მოვიფიქრებთ. - დედამ დეტექტივს, რაღაცნაირი მკაცრი მზერა მიაპყრო და ლარა მაშინვე
მიხვდა.
- კიდევ რაღაცას
მიმალავთ, არა?! - შეუტია ლარამ.
- ნუ დატანჯეთ
მართლა ეს გოგო! - დეტექტივის დედას კვლავ შეეცოდა.
- ვიფიქრე,
რომ არაკანონიერი გზით მაინც გაგვერკვია. - ლარას დედამ მაშინვე მიუგო, რომ დეტექტივს
არაფერი წამოსცდენოდა. - მაგრამ ძალიან საფრთხილო და სახიფათოა.
- მე ყველაფერზე
თანახმა ვარ, ჩემგან რაც იქნება საჭირო! - მკვირცხლად მიუგო ლარამ.
- ჰოდა გავარკვიოთ
ჯერ ასე, უკანონო გზით, შინაურულად. - კვლავ განაგრძო ლარას დედამ. - შენ კი ნერვებს
იშლი და ისტერიკებში ხარ და სწორედ ეს არ გვაწყობს ახლა.
- მაკას სულ
სხვა მხრიდან უნდა მივაწვეთ, რომ ვათქმევინოთ სიმართლე. - მიუგო დეტექტივმა და მაშინვე
ენაზე იკბინა. მიხვდა, ზედმეტი წამოროშა.
- ესე იგი,
სიმართლეა?! - ლარას ხმა გაებზარა.
- სიმართლე
ის იქნება, თუ ის ბავშვი მართლა აყვანილი ჰყავს. - უმალ ჩაურთო დედამ და დეტექტივს
გამჭოლი მზერა სტყორცნა. - ჯერ ეგ არის დასადგენი და მერე კი ტესტის შემოწმების უფლების
მოპოვება და ბოლოს პასუხი.
- ახლა კი
არაფერი ვიცით და ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. - მიმართა დეტექტივმა ლარას. - არც
ერთ ვარიანტში არ უნდა შეგეტყოს, რომ რამეს ეჭვობ. დანარჩენს მე მივხედავ.
- კარგი.
- თავი დაუქნია ლარამ. - ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდაც შვილი ვიპოვო.
- და ყველანაირი
პასუხისთვისაც მზად უნდა იყო. - ჩაურთო დედამ. - ესეც ხომ იცი?
ლარამ უხმოდ
დაუქნია თავი.
- აი, ასე.
- შეაქო დედამ. - ახლა აშკარად ჩანს, რომ ცოტა მაინც მოგეშვა გულზე და არც იმდენად
დაძაბული ხარ. დაიმახსოვრე! შენი აუცილებელი მოვალეობაა ახლა, რომ არაფერი შეგეტყოს
და კრინტი არავისთან დასძრა. ერთი სიტყვაც არაფერი იკითხო მაკაზე!
- და ჩუმად
რომ შევამოწმოთ ტესტი? - იკითხა ლარამ. - მარტო ჩვენ რომ ვიცოდეთ.
- გინდა ეს
კაცი, მერე ციხეში გაუშვა? - დეტექტივის მისამართით შეუტია დედამ.
- მაგიტომაც
ვთქვი, რომ ჩუმად-მეთქი. - დედის შენიშვნა იწყინა ლარამ.
- დადებითი
პასუხის შემთხვევაშიც ნებისმიერი ძლიერი ფსიქიკის ადამიანიც კი შეიძლება არაადეკვატური
გახდეს. - მკაცრად მიუგო დედამ.
- ესე იგი,
ჩემი იმედი არ გაქვთ? - ახლა მართლა გული მოუვიდა ლარას.
- ჩემი თავის
იმედიც არ მაქვს! - კვლავ შეუტია დედამ. - და ამ ხალხსაც მოსვენება უნდათ, შემოვეჭერით
ასეთ დროს და ჩვენს პირად პრობლემებს ვახვევთ თავს! - დედა წამოდგა.
- სულაც არარის
გვიანი. - ახლა დეტექტივის დედამ გამოიდო თავი. თუმცა, სტუმრებმა შემოსვლისთანავე კატეგორიულად
აუკრძალეს სუფრის გაწყობა.
- მე მაინც
მინდა ტესტის გაკეთება! - მკაცრი ხმით აღნიშნა ლარამ.
- მეც მაინტერესებს.
- მიუგო დედამ. - მაგრამ აქაც სწორედ ყველაფერი შენზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ
მოიქცევი, რამდენად აიყვან ხელში თავს, რომ შენი იმედი მქონდეს.
- ჰო, რა თქმა
უნდა, ჩემი იმედი არავის გაქვთ. - უკმაყოფილოდ წაიბურტყუნა ლარამ.
- ჰოდა, ახლა
დაგვიმტკიცე! - კვლავ შეუტია დედამ. - დანარჩენს ეს ბიჭი მიხედავს! ყველამ თავის საქმე
აკეთს!
როგორც იქნა
დაიშალნენ და ასე მოულოდნელად თავს დასხმული სტუმრებიც სახლში წავიდნენ.
დეტექტივის
მშობლები გაკვირვებული სახით, ათას კითხვებს აყრიდნენ შვილს და ისიც შეძლებისდაგვარად
პასუხობდა.
- ესე იგი,
ასეთი ამბებიააა. - ჩაილაპარაკა დეტექტივის მამამ. - თუმცა, შენ მაინც რაღაც ვერ ხარ
ხასიათზე.
- დავიღალე.
- მხრები აიჩეჩა დეტექტივმა და საძინებლისკენ გასწია, რომ ზედმეტი კითხვებისგან თავი
აერიდებინა.
მაინც გულმოსული
დარჩა. როგორც ჩანდა, ლარას ოჯახის წევრებმა მისი წინადადება, ისევე როგორც კაცებმა,
ქალებმაც ირონიაში და დაძაბული სიტუაციის მოსახსნელად ჩათვალეს. ალბათ მართლა არ იყო
ახლა ამის დრო, ფიქრობდა დეტექტივი. თუმცა, იმ მომენტში დარწმუნებული იყო, რომ სწორად
იქცეოდა.
***
თავიდან ლარას
ეგონა, რომ შედარებით ადვილად გაუმკლავდებოდა ამდენ უახლეს ინფორმაციასა და მოწოლილ
დარდს. ბიულეტენზე გასვლაც კი შესთავაზეს ოჯახის წევრებმა, მაგრამ სახლში გაჩერებას,
ისევ სამსახურში სიარული არჩია. თუმცა, რაც დრო გადიოთ, სულ უფრო და უფრო უჭირდა და
თანდათან საშინლად ჯოჯოხეთად ექცა იქ ყოფნა.
ერთ დღესაც
ასე შუბლშეკრული უაზროდ გასცქეროდა სამშობიაროს ეზოში სხვადასხვა ემოციებით მოფუსფუსე
ხალხს, როცა მაკა თავს წაადგა. ისედაც თავიდანვე ამჩნევდა ლარას უცნაურობებს, თუმცა
მერე თითქოს შეეგუა კიდეც და სულაც არ აღელვებდა. თუმცა ეს უცნაურობების შეგრძნებები
კი იმ თავქარიანი ელზასგან მოდიოდა, რომელიც უკვე საშინლად აღიზიანებდა მაკას და ვერც
გუნდიდან გააგდებდა. სულ სხვა რამ უნდა ეღონა, რომ როგორმე ელზა კი არ ჩამოეშორებინა,
არამედ როგორმე დაეშოშმინებინა, რომ მერე მარლაც სასტიკ მტრად არ ქცეულიყო მისთვის.
- ძალიან მიკვირს
შენი და მაინც ბოლომდე ვერ ვიგებ. - თბილი ხმით მიმართა მაკამ.
მოულოდნელობისგან
ლარა შეცბუნდა და გაოცებული სახით მიაჩერდა მაკას.
- მშვენივრად
მესმის რომ ფუფუნებაში გაზრდილი გოგო, უკვე იმდენად დაიღალე ცხოვრებით და ისიც ვიცი
ეს რა დაღლაა. - განაგრძო მაკამ. - თითქოს მიზანიც არ გაქვს, თითქოს შენთვის ყველაფერი
სულერთი გახდა, რადგან ასეა თუ ისეა, თითქმის ყოველთვის ნებისმიერ კაპრიზს გისრულებდნენ
და შენმა ცხოვრებამაც თითქოს ინტერესი და სიცოცხლის სურვილიც დაკარგა.
ლარამ სასოწარკვეთილი თვალები მიაპყრო. ნაწილობრივ
მაკა მართალიც იყო. სწორედაც რომ მასეთი პერიოდი არაერთხელ ჰქონდა, მაგრამ მერე რაღაც
გამოანათებდა და კვლავ სიცოცხლის სურვილი უბრუნდებოდა. ახლა კი სულ სხვა ფაზაში იყო.
სიცოცხლის სურვილიც ჰქონდა და უფრო მეტიც, დარდს კი ის უფრო უღვივებდა, რომ რატომღაც
იმ ტესტის პასუხები იგვიანებდა, სადაც ბოლოს და ბოლოს გაირკვეოდა, თუ რამდენად ენათესავებოდნენ
მაკას შვილს.სინამდვილეში
კი პასუხი, ლარას გარდა, ყველამ იცოდა, მაგრამ ყველა ერთხმად შეთანხმდნენ, ჯერ ლარას
არაფერი უნდა გაეგო, სანამ მართლა კანონიერად არ ექნებოდათ ამის გაგების საშუალება.
სულ სხვა მხრიდან იყო საჭირო ამ ამბავზე მიდგომა.
LEX. 2025 წლის 31 ივლისი, ხუთშაბათი.

No comments:
Post a Comment