Saturday, January 3, 2026

ნატის ჩექმები (ნაწილი 40)

 

40.
არც დეტექტივი იყო უქმად. თუ ერთნი კალათბურთზე დადიოდნენ, სამაგიეროდ თავად კიდევ სამჯერ მოუწია, იმ ტაქსისტს გაჰყოლოდა და სამივეჯერ ქალაქიდან გასულმა, გეზი რომელიღაც სოფლისკენ აიღო. ჯერ კიდევ ვერ ადგენდა, ზუსტად სად მთავრდებოდა ამ უცნაური ტაქსის რეისი, თუმცა აშკარად ჩანდა, რომ ერთ და იმავე მარშრუტს გადიოდა და ეს იყო, სწორედ საინტერესო.
- და სავარაუდოდ, ერთი და იმავე ადგილას მიდის... - ჩაფიქრებული ხმით წარმოთქვა ლარამ. - და იქნებ, იქ ცხოვრობს მძღოლი?
- პრინციპში რატომაც, არა. - მიუგო დეტექტივმა. - და სახლში მიდის, აქედან კი მუდმივი მგზავრი მიჰყავს.
- და გამოდის, რომ ვიღაც ჩვენი თანამშრომელი ან ცოლიაან დედაათუ მამიდა, მძღოლი გამოუვლის და მიემგზავრებიან სახლში.
- არარის გამორიცხული.
- ხომ მაგრამ. - არ ცხრებოდა ლარა. - ეს ტაქსი, ისეთ დროს მოდის, როცა შეუძლია სხვა მგზავრები ატაროს და შემოსავალი გაზარდოს, ეს კი იცდის და ზოგჯერ ნახევარ საათსაც და დღისით ტაქსი არავის სჭირდება? რატომ ჰკარგავს დროს?
- ესე იგი, დღეს აცდენს, ასე ვთქვათ? - ჩაფიქრებული ხმით მიუგო დეტექტივმა.
ლარამ უხმოდ დაუქნია თავი.
- ასეთ ქცევას, მხოლოდ ერთადერთი ახსნა თუ ექნება.
- მაინც, რა? - ვეღარ ითმენდა ლარა.
- ალბათ, ღამის საათებში მუშაობს, თუნდაც აეროპორტის გზაზე, ტურისტები გადაჰყავს და დღისით შედარებით თავისუფალია, დასვენებას ირჩევს დღის მანძილზე. - დეტექტივი გაჩუმდა და მერე დაბალი ხმით დასძინა. - სხვათა შორის, ღამის რეისები ბევრად უფრო ძვირია და მით უმეტესთუ მართლა ტურისტებზე მუშაობს.
- ესე იგი, კარგი შემოსავალია და დღისით მაინც და მაინც არ იკლავს თავს მგზავრების აყვანაზე.
- ან ერთი, მუდმივი მგზავრი ჰყავს და თავადაც ალბათ იმ სოფელში, ან მის მახლობლად ცხოვრობს.
- და მე კი, ტყუილად რამდენი გაწვალე. - დანანებით გააქნია თავი ლარამ.
- სამაგიეროდ, სწორედ ის გავარკვიეთ, რაც ასე გაწვალებდა და ახლა ამ ეტაპზე იმედია, უფრო მშვიდად იქნები. - ღიმილით მიუგო დეტექტივმა.
- ჰო, მაგრამ და შენც როგორ დაგტანჯე, მართლა ვწუხვარ და მაინც. - კვლავ უკან არ იხევდა ლარა. - ამდენი საწვავის ხარჯი, ამხელა გზაზე, ყოველდღე წადი-წამოდი...
- არა, რატომ ყოველდღე?
- უი, ჰო! - ღიმილით გააქნია თავი ლარამ. - გამოვშტერდი მგონი ბოლომდე. ყოველდღე ნამდვილად არა. ხან ლამის მგონი თვეში ერთხელ ან ზოგჯერ უფრო დიდი შუალედით.
- აი, ხომ ხედავ, არა? - ღიმილით მიუგო დეტექტივმა. - სულ ადვილი ახსნა ჰქონია, როცა უნდათ ამ ორს, მგზავრსა თუ მძღოლს სოფელში წასვლა, სწორედ მაგ შემთხვევაში აკითხავს ტაქსი და ერთად მიემგზავრებიან.
- უჰ! მარლაც როგორ გაგაწვალე, ამდენი სისულეებით. - ლარამ ამოიხვნეშა.
- ის ბიჭი, ხომ არ დაგინახავს კიდევ? - დეტექტივმა თემის შეცვლა სცადა.
- არა. - ლარამ ამოიხვნეშა. - თვალიც კი არ მომიკრავს მსგავსი ბიჭისთვის.
- და თუ დაინახავ, ხომ იცი? არც გონება უნდა დაკარგო და არც გული არ უნდა წაგივიდეს, მუხლიც კი არ უნდა მოგეკვეთოს.
ლარამ ყურებამდე გაუღიმა.
- თორემ აბა ისე, ხომ ხედავ? ყველას ჰგონია რომ მოგეჩვენა ან მოგელანდა.
- ჰმ.
დეტექტივი ლარას არ უმხელდა, თორემ თავად მშვენივრად იცოდა, რომ უკვე ლარას ძმა და რძალი, მაკას შვილის სიახლოვეს ტრიალებდნენ და ხელსაყრელ მომენტს ელოდნენ, რომ როგორმე ამ ბიჭის დნმ ხელთ ეგდოთ. რა თქმა უნდა, ეს უკანონო გზა იყო, მაგრამ ჯერ მართლა უნდა გაერკვიათ, თუ რამე ნათესაური აკავშირებდათ ამ ბავშვთან და მერე?
„მერე თავად მოიფიქრონ რამე. კავშირების მეტი რა აქვს ოჯახს და როგორმე თუ გააოფიციალურეს ეს საქმე, მეც აქვე ვარ, გვერდში ამოვუდგები.“
საბუთების მიხედვით, მაკას ეს ბავშვი აყვანილი სულაც არ ჰყავდა, თუმცა რატომღაც სულ სხვა ქალაქში უმშობიარია და არც ეს წარმოადგენდა გამოძიებისთვის რამე ხელჩასაჭიდ ძაფს. ვერც იმას ადასტურებდნენ, რომ მაკას შვილის საბუთები გაყალბებული იყო თუ არა. ისე, არც მაკას ოფიციალურ ქმარზე იყო ცნობილი რამე და არც ეს არაფერს ნიშნავდა. ქალს უნდოდა და გააჩინა ბავშვი, ვისი რა საქმე იყო და მერე რა თუ ბიჭი, დედის გვარს ატარებდა.
მოულოდნელად ტელეფონის ზარმა დეტექტივს ფიქრი გააწყვეტინა და სასწრაფოდ მოუწია ლარას დატოვება.
ძმა და რძალი სახლში დახვდნენ და მაშინვე მიაგებეს, ლარას ხომ არაფერი უეჭვიაო.
- ჯერ ჯერობით, წარმოდგენაც კი არ აქვს. - მშვიდად მიუგო დეტექტივმა.
- მე მაინც... - რძალმა მხრები აიჩეჩა. - მის ზურგს უკან, რომ ვმოქმედებთ...
- შენ გინდა, ლარამ მართლა სკანდალი ატეხოს და მერე ტყუილი რომ გამოდგეს? - ჩაეკითხა ქმარი. - ხომ წარმოგიდგენია? ისედაც რა დღეში აქვს ფსიქიკა და სულ გარეკავს!
- ის ბავშვიც ცოდო იქნება. - დაურთო დეტექტივმა. - სულ ტყუილად უნდა გადავრიოთ, თუ რა თქმა უნდა, მართლა არაფერი ექნება თქვენთან საერთო.
- აი, ხედავ? – ქმარმა ცოლს გადახედა. - ამიტომაც ჯერ გავარკვიოთ ზუსტად და მერე რა თქმა უნდა, ლარასაც ვეტყვით და ყველაც გაიგებს!
- ნეტა მართალი რომ აღმოჩნდეს... - რძალს თვალები გაუფართოვდა. - გაგიჟდება ლარა სიხარუ...
- ისედაც გაგიჟებულია. - სიცილით შეაწყვეტინა ქმარმა. - ახლა უკვე ისიც ელანდება, რომ ყველა ტაქსის მძღოლი, ერთმანეთს ჰგავს.
- ნუუ, მაგაში ნაწილობრივ მაინც მართალი აღმოჩნდა. - ჩაურთო დეტექტივმა. ერთმანეთს კი არ გვანან, არამედ ერთი და იგივე მძღოლია. - და დაწვრილებით მოუყვა, ლარას ეჭვებზე წამოგებულმა, თუ როგორ სდია,  ვიღაცის ტაქსის მძღოლს სადღაც სოფლამდე.
- ისე, ცოტა თითქოს საეჭვოდ ჩანს მაინც, არა? - ჩაეკითხა რძალი.
- ოჰ, ამ ქალების ინტუიციას, ზღვარი არ აქვს. - ირონიით მიუგო ქმარმა. - იქნებ, რაღაც მეურნეობა აქვთ აგარაკზე და ყოველდღე თუ არა, რაღაც პერიოდში ერთხელ ადიან და რა არის ამაში, მართლა საგანგაშო და საეჭვო?
- არც არაფერი. - თავი დაუქნია დეტექტივმა.
- აი, ხედავთ? - ძმამ ორივე მოსაუბრეს სათითაოდ შეავლო თვალი. - ლარამ სულ უბრალო, პრიმიტიულ რაღაცაზე გაჭედა და ხომ წარმოიდგინეთ ახლა, ეს ჩვენი ეჭვებიც რომ გავანდოთ, სანამ მართლა რამეს გაარკვევდა სულ აურ-დაურევდა ყველაფერს და კატეგორიულად გამორიცხულია, რომ ემოციები მოეთოკა.
რძალმა მძიმედ ამოიხვნეშა. მული, უმცროსი დასავით უყვარდა პატივს სცემდა, ისიც ბოლომდე ენდობოდა რძალს და ახლა თითქოს მის ზურგს უკან მოქმედება, რაღაც ღალატისმაგვარი გამოდიო და სწორედ ამაზე წუხდა.
- ახლა რაზე დაგიბარეთ. - ძმამ ჯიბიდან ძალიან პატარა კვადრატად გაკეცილი, ოდნავ დაკუჭული ქაღალდის ცხვირსახოცი ამოიღო და დეტექტივს გაუწოდა.
დეტექტივი, ცოტა არის იყოს შეცბა, თუმცა მაინც გამოართვა და მაშინვე მიუხვდა, თუ რაც შეიძლებოდა ყოფილიყო.
- მიხვდი, არა? - ცალყბად ჩაეკითხა ძმა.
- დაახლოებით... - დეტექტივმა ოდნავ გახსნა და სისხლის კვალზე უკვე დარწმუნდა, რაც იყო. - და როგორ მოახერხეთ? - გაკვირვებული გახედა ცოლ-ქმარს.
- აბა მე, რა უნდა მომეხერხებინა? - მხრები აიჩეჩა ძმამ. - არ იცი, ეს ქალები რა მოქოქილებიც არიან? - ირონიით გადახედა ცოლს.
- ჩვენდა ბედად ბიჭი თამაშის დროს, ზედმეტად გვერდულად გადახტა და სულ ოდნავ ჩამოარტყა ცხვირი მოაჯირს, სისხლი წასკდა და მეც დრო ვიხელთე. დარწმუნებული ვარ არავის შეუმჩნევია.
- ჰმ. - გაკვირვებული უსმენდა დეტექტივი.
- ისე მართლა, ძაან მაგრად კი თამაშობს. - განაგრძო რძალმა. - ლამის მთელი გუნდი მის მხრებზეა.
- მეც მაგრად ვთამაშობდი, სკოლაში. - ჩაურთო ძმამ და ცოლის მწველ მზერას რომ შეავლო თვალი, მაშინვე იყვირა. - არ არის ჩემი შვილი! არა-მეთქი!
ყველა გაიტრუნა. რძალმა უკმაყოფილო მზერა შეავლო.
- და გინდაც, იყოს. მერე რა? - უკმეხად მიახალა ქმარმა.
- არც არაფერი, ბავშვი რა შუაშია? - უსიამოვნოდ აიჩეჩა მხრები რძალმა.
- გავარკვევთ, ყველაფერს გავარკვევთ. - ჩაერია დეტექტივი, რადგან უკვე ატყობდა, ცოლ-ქმარი ლამის ჩხუბის ზღვარზე იდგა და რის გულისთვის? მხოლოდ იმისთვის, რომ ჯერ არაფერი იცოდნენ?
- ჰოდა, გავარკვიოთ! - კვერი დაუკრა ძმამ.
- ისე, შენი დნმ-ც დაგვჭირდება. - მიმართა დეტექტივმა, რადგან ლარასთან ოფიციალურ მინდობილობა უკვე დამთავრდა და ახლა რა მიზეზით უნდა გავაფორმებინო ისევ თავიდან? არ მინდა, რომ რამე იეჭვოს.
- მგონი, სჯობს მე თავად წამოვიდე. - მიუგო ძმამ. - და მშვენიერი მიზეზიც იქნება, რომ ეჭვი მაქვს შვილზე.
- კი, ასე სჯობს. - კვერი დაუკრა დეტექტივმა. - რადგან ნებისმიერი ნათესაური კავშირი გამოჩნდება, მართალია დიდ დროს მოითხოვს, მაგრამ ახლა სხვა გზა არ გვაქვს.
- ჰო. ჰო... - ჩაფიქრებული ხმით მიუგო ძმამ. - მგონი მამას ჰყავს, სანდო პირი, დააჩქარებინებს კიდევაც და ლარას დნმ-თანაც გადაამოწმებინებს.
- მშვენიერია.
- და იმედია, ჩემი ცოლი! - ქმარმა ცოლს, ნიშნის მოგებით გადახედა. - ეჭვებისგან საბოლოოდ დაისვენებს!
 
***
სამსახურში მისვლისთანავე ლარას, გზად ფერწასული ელზა ექიმი შეეფეთა. ერთი ცივად მიესალმა და აქოშინებულმა სხარტად აირბინა კიბე. ლარამ უკან მოიხედა, ვინმე ხომ არ მოსდევსო, თუმცა არც ელზას და არც სხვა ვინმეს მდევარი ჩანდა ჰორიზონტზე.
მერე მოგვიანებით უკვე შორიდანვე შენიშნა, თუ როგორი დაფეთებული სახით ესაუბრებოდა ელზა მაკას. მაკას კი, როგორც ყოველთვის, თავი მშვიდად და დინჯად ეჭირა.
„ნეტა, რაზე საუბრობენ?“
გაუელვა ლარას.
„ელზას რამე ხომ არ შეეშალა და მაკა ამშვიდებს, ვითომ?“
ლარა კვლავ ჩაფიქრდა.
„ეს დღეები სამშობიაროში, სრული სიმშვიდე სუფევდა, არც არავინ დაშავებულა და არც არავინ გარდაცვლილა და აბა რა აურია ნეტა ელზამ?
ისე, ცუდი რამ, არც წინა კვირაში მომხდარა და მართლა რა ხდება ნეტავ?“
აბა რას წარმოიდგენდა ლარა, რომ ელზას, მართლაც ჰქონდა სადარდებელი. ის გოგონა, საცხობის მეპატრონის ნაცნობი, რომელსაც საკმაოდ ოსტატურად ააცალეს ჩვილი, ახლა თურმე შვილის საფლავის ნახვას და მის გადასვენებას მოითხოვდა. ელზას ლამის გული უსკდებოდა ნერვიულობისგან და აღარ იცოდა, სად გამძვრალიყო. მაკა ექიმი კი, ჩვეულებისამებრ ოლიმპიური სიმშვიდით ხვდებოდა მსგავს პრობლემებს და საკმაოდ დინჯი სახით მოუწოდებდა თანაგუნდელებს, რომ არაფერი შეემჩნიათ და მშვიდად, სრულიად აუღელვებლად მოეგვარებინათ ყველაფერი.
ცოტა ხანში, ლარამ იმასაც კი მოჰკრა თვალი, თუ როგორ შეუერთდა მათ მაკას ყმა ექთანი და სამივენი კარგა ხნით შეიკეტნენ მაკას კაბინეტში. ლარას ფიქრებისგან თავი უსკდებოდა, რატომღაც ძალიან დაინტერესდა და საშინლად უნდოდა გაეგო, თუ რა ხდებოდა იქ, იმ კარს მიღმა, მაგრამ აბა ვინ ეტყოდა?
მერე კი ეს უაზრო ფიქრები მალევე მოიშორა თავიდან, მართლა რა ჩემი საქმაო, გაივლო გულში და თავის სამუშაოს დაუბრუნდა. თუმცა დროდადრო, რატომღაც თვალი მაინც მაკას კაბინეტისკენ ეჭირა.
პირველი ელზა გამოვიდა მაკას კაბინეტიდან, რაც შორიახლო ჩასაფრებულ ლარას, შეუმჩნეველი არ დარჩენია და შეეცადა, როგორმე რამე სიტყვაზე მაინც წამოეგო, ან რა უნდა ეთქვა მართლა ელზას მისთვის ასეთი? ან ეტყოდა კი რამეს?
- ვაიმე ელზა! - შეშფოთებული ხმით მიმართა ლარამ. - ცუდად ხომ არ ხარ? რა ფერი გადევს!
- მეე.. ცუდად?.. - დაბნეულად მიუგო ელზამ და ორივე ხელი სახეზე მოისვა.
სინამდვილეში ელზა მშვენიერ ფერზე იყო და აჭარხლებული უფრო ჰქონდა სახე, ვიდრე ფერწასული.
- მოდი ჩამოჯექი, დაისვენე ცოტა. - მზრუნველი სახით მიაწოდა ლარამ წყალი.
ელზამ აკანკალებული ხელით გამოართვა და სულმოუთქმელად გამოცალა სავსე ჭიქა.
- უჰ! - ამოისუნთქა ელზამ. - თურმე როგორ მწყუროდა. - ძალდატანებით გაუღიმა ლარას, ვითომ აჩვენა, თუ როგორ მოეშვა გულზე.
- ჰოდა, დაჯექი დაისვენე, ხუთი წუთით მაინც.
- ეჰ, აბა დასვენებას ვინ მაცდის აქ. - ელზამ ამოიხვნეშა.
- ხუთი წუთი მოიცდიან. - ღიმილით მიუგო ლარამ. - აბა, მე ამდენი გადაღლილობისგან ორჯერ ისე წამივიდა გული, ვერც ვერაფერს ვგრძნობდი მანამდე.
- ჰო, მახსოვს, მაკა ისე იყო შეშინებული. - მიუგო ელზამ.
- ორჯერვე მაკამ მომასულიერა, ექოზეც გამიშვა და შენ წარმოიდგინე, არც არაფერი მჭირდა, ანალიზებიც ავიღე, მშვენივრად ჯანმრთელი ვარ, მაგრამ მაინც უცებ მოვწყდი და გავითიშე და რის გამო? უბრალოდ, გადავიღალე, ვერც ერთი მორიგეობის მერე წესიერად ვერ გამოვიძინე და ვინ მიშლიდა? არც არავინ!
- ჰო, მართალი ხარ. - კვერი დაუკრა ელზამ. - დასვენებაც საჭიროა ზოგჯერ.
- აი, ხედავ? - ღიმილით მიუგო ლარამ. - აშკარად ფერზე მოხვედი!
- მართლა? - გაიბადრა ელზა და შვებით ისე ამოისუნთქა, თითქოს მართლაც დარდი მოეხსნაო.
სინამდვილეში კი ახლაც მშვენიერ ფერზე იყო და ლარა იმასაც მიუხვდა, რომ ელზა ამ ეტაპზე, არაფრის მთქმელი ჩანდა. საჭირო იყო მასთან, კიდევ უფრო მეტად დაახლოება, ან რაში სჭირდებოდა ეს, თავადაც არ იცოდა.
სწორედ ამ დროს კი მაკას კაბინეტში, საკმაოდ დაძაბულობა სუფევდა, თუმცა მაკა მაინც გაიძახოდა, არაფერია საგანგაშოო.
- და ერთი თვის მერე გაახსენდა შვილის დასაფლავება? - უკმაყოფილოდ გააქნია თავი მაკამ.
ექთანმა უპასუხოდ აიჩეჩა მხრები და თვალიც აარიდა.
- შენ რაღაც იცი და არ მეუბნები? - მაშინვე მიუხვდა მაკა.
ექთანმა უსიამოვნოდ აიჩეჩა მხრები და თვალიც აარიდა.
- სჯობს, მე ვიცოდე ყველაფერი და მე გავიგო პირველმა, ვიდრე სხვამ და სხვებმა! - შეტევაზე გადავიდა მაკა. - ამ ამბავს თუ გაგრძელება აქვს, აქვე უნდა გაირკვეს!
- იმ ქალს, შეხვედრია ეს გოგო თურმე ავტობუსში. - ენის ბორძიკით დაიწყო ექთანმა. - და მაშინვე სიხარულით მიახალა, ჩვენ ბავშვი ავიყვანეთ, ბიჭიო და ამ გოგოს ლამის გული წასვლია, როცა დაბადების თარიღიც უთქვამს.
- კი მაგრამ, ბავშვს დაბადების თარიღი არ შეუცვალეს?! - მაკამ შუბლი შეკრა.
- ბინა კი გამოვაცვლევინე და სხვა ვაქირავებინე, სულ სხვა უბანში, ბავშვიც პირდაპირ ახლა ბინაში მივუყვანეთ და რას წარმოვიდგენდი თუ დროულად არ დატოვებდნენ ქვეყანას და მერე მაინც იმ გოგოს არ გადაეყრებოდა. - ექთანმა უკმაყოფილოდ გააქნია თავი.
- და რას ელოდებოდნენ მართლა? - მაკა ბრაზისგან სკდებოდა. - ვერ წაეთრნენ საიდანაც ჩამოეთრიეს?!
ექთანმა უხმოდ გააქნია თავი.
- ანდა, რა აყრანტალებდა ამხელა ქალს?! - ცოფებს ყრიდა მაკა. - იდიოტი!
- რა ვიცი... ამ ქალს, ისიც კი უთქვამს თურმე, როგორი ძვირი დამიჯდა ბავშვის აყვანაო.
- აბა, რა უნდოდა?! - წამოენთო მაკა. - გვეჩუქებინა ბავშვი?!
ექთანმა ამოიხვნეშა.
მართალია, იმ უშვილო ცოლ-ქმარმა, ბავშვის აყვანაში, საკმაოდ მსუყე თანხა გადაიხადა, მაგრამ გარკვეული „დაბრკოლების“ გამო, რაღაც მაინც არ გამოდიოდა იქამდე, სანამ იმ ქალმა თითიდან მსხვილი ოქროს ბრილიანტის თვლიანი ბეჭედი არ წაიძრო თითიდან, ექთანს მუჭში ჩაუდო, ხელი მოუჭირა და დიდი ვედრებით სთხოვა, სწორედ ეს ბავშვი გვინდაო.
ესეც კი წინასწარ კარგად გათვლილი ჰქონდა ექთანს და დარწმუნებული იყო, რომ ცოლ-ქმარი სწორედ ამ ბავშვს მოითხოვდა, რადგან სანამ ყველა საბუთი მოვიდოდა წესრიგში, მანამდე უკვე მიუყვანეს ჩვილი, შეაჩვიეს და ამის მერე კი, აღმოჩნდა, რომ თურმე, რაღაც „პრობლემაა“.
-  ბიოლოგიური დედა უარზე დადგა! - ნაღვლიანად ამოიხვნეშა ექთანმა. - ბავშვი უნდა წავიყვანო.
- რას ამბობთ?! - შეიცხადა ქალმა და ვედრებით მეუღლეს გადახედა.
ამ საქმეების და ამდენი საბუთების მოგვარებში, ოჯახი ისე გაყვლიფეს, რომ თავის ქვეყანაში დასაბრუნებელი ბილეთის შეძენაც ძლივს მოახერხეს.
- რამეს მოვიფიქრებთ! - დაამშვიდა ატირებული მეუღლე. - ალბათ, თანხის დამატებას ითხოვს, ხომ? - მიმართა ექთანს.
- ალბათ... - ექთანმაც მიამიტი სახით დაუქნია თავი. - ხშირად გაუკეთებიათ ასე, ჯერ პურის ფული არ აქვთ და მერე თუ იშოვეს აღარ ყოფნით.
უკვე შეჩვეული ჩვილის დათმობა აღარ სურდა ცოლ-ქმარს და ექთანის მოხიბვლას ახლა ამ ძვირფასი ბეჭდის წყალობით ცდილობდნენ. ისიც გარკვეული „ყოყმანის“ შემდეგ მაინც დაითანხმეს.
- დავალომბარდებ ამ ბეჭედს და მივაშავებ, იმ გოგოს ფულს! - ამოიხვნეშა ექთანმა და უკვე საღამო ხანსვე ახარა, რომ ბიოლოგიურმა დედამ ხელი ისეთ იფიციალურ საბუთზე მოგვიწერა, რომ ბავშვს აღარასდროს მოითხოვსო.
რაც შეეხებოდა ამ დიდი ბრილიანტის თვლიანი ბეჭდის ინციდენტს, მაკას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. ეს ექთნის პირადი ეშმაკობა იყო და გაუმართლა კიდევაც. ახლა კი, ექთანი შიშით აღარ იყო, ვაითუ, მაკას ყურამდე მიაღწევდა.
მაკა კი საშინელ ხასიათზე იყო. მართალია, იმ გოგომ მასთან იმშობიარა, მაგრამ ჩვილი, კიდევ უფრო მეტი კვალის დასაფარად, საბუთების მიხედვით, სხვა სამშობიაროდან გაწერეს, რაშიც მერაბმაც თავისი წილი უპრობლემოდ, მხოლოდ ბეჭდიანი ფურცლის გამოწერაში მიიღო, მაგრამ დაბადების თარიღი, რატომ არ იყო შეცვლილი, სწორედ ამაზე ცოფთებოდა მაკა და მერაბს, სულ იდიოტს და დებილს უწოდებდა გულში.
„ყველას ასე დეტალებში, ყველაფერი როგორ უნდა მივუთითო? ასეთი კრეტინები, რამ დაბადა? მარტო ფულის აღებაში არიან მარჯვე და ტვინის განძრევა არავის უნდა! თუმცა, სად აქვთ ტვინი?!“
გიჟს გავდა მაკა და ალბათ, დიდი სიამოვნებით მიახრჩობდა მერაბს, იქვე რომ ჰყოლოდა.
„ეს ჩემი ექთანიც, რაღაც უშნოდ აცეცებდა თვალებს. ალბათ, ცალკე კიდევ მოტეხა მაყუთი და საერთო წილიდანაც კარგად შეხვდა. ამიტომაც თვალს ვერ მისწორებდა, რაღაც ორი კაპიკით მეტი აიღო და აღარ იცის სად უკანალში შეძვრეს.“
თუმცა, რა იცოდა მაკამ, არც იმდენად ორი კაპიკი იყო, დიდი მსხვილი ოქროს, დიდ თვლიანი ბრილიანტის ბეჭედი.
მაკა ჩაფიქრებული, მაგრამ რომ არავის შეემჩნია, მაინც მშვიდი, ოდნავ მომღიმარი სახითაც კი მიაბიჯებდა დერეფანში, რომ ამ დროს, ელზას კისკისი შემოესმა. სახტად დარჩა, როცა ლარა და ელზას საკმაოდ მხიარულ და თბილს საუბარს მოჰკრა თვალი.
„წეღან ლამი მოკვდა ჩემს კაბინეტში, ისე ნერვიულობდა და ახლა რა გიჟური ხარხარი აუტყდა? ზედმეტად არაფერი წამოაყრანტალოს, თორემ ფანჯრიდან ვისვრი!“
გაუელვა მაკას და მერე გულში ჩაეცინა.
„მერაბს მივახრჩობ, ელზას ფანჯრიდან ვისვრი, ჰმ! რა აზრები აღარ მომდის უკვე თავში. ასეთ კარგ დღეში კი ჩამაგდო, ამ ორმა იდიოტმა.“
 
***
დრო გადიოდა. არაფერი იცვლებოდა. ლარამ კიდევ რამდენჯერმე თვალი მოკრა იმ ტაქსისტს და იმდენჯერვე, რაღაცნაირად გული შეეკუმშა. ორჯერ მოახერხა, სწორედ იმ უკანა გასასვლელთანაც დაუდარაჯდა, მაგრამ ვერაფერი შენიშნა. ვიღაც მართლა ჩაჯდა უკანა სავარძელში, მაგრამ ვინ იყო, შორიდან ნამდვილად ვერ შეიცნო. ორივე ჯერზე მგზავრს, რაღაც მოზრდილი ჩანთა ჩაუდგეს ფეხებთან და სულ ეს იყო. ისიც კი ვერ დააფიქსირა, მგზავრი ერთი და იგივე იყო, თუ სხვადასხვა.
და ყველაფერი ეს, ისევ მეგობარ დეტექტივს გაუმხილა.
- რა ჩანთა? - გაიკვირვა დეტექტივმა. - ანდა რა უნდა მოიპარონ აქ ისეთი, სამშობიაროდან, რომ ასე ჩანთაში ჩასადები იყოს. დიდი-დიდი სამედიცინო იარაღებს თუ წაიღებენ და არამგონია, ამხელა ჩანთა სჭირდებოდეს.
- თან ორჯერ უკვე შევნიშნე, რომ როგორი მოწიწებით და ფრთხილად ჩაუდეს, თითქოს შიგნით რამე არ გატყდესო.
- რამე აპარატურაა, ვითომ? - ჩაფიქრებული ხმით იკითხა დეტექტივმა. - და ასე ალბათ, ნაწილ-ნაწილ გააქვთ.
- შეიძლება მასეც იყოს. - თავი დაუქნია ლარამ.
- და შენ მაინც ნუ ჩაერევი და ნურც ნურავის ეტყვი. - დაარიგა დეტექტივმა. - არც ისე მარტივია, საკმაოდ ძვირად ღირებული აპარატურების ასე ჩუმად გატანა და თანაც, დარწმუნებული ვარ, ზედა მფარველის გარეშე, სანიტარია თუ ექთანიც კი ვერ გაბედავდა ამას. ამიტომ გთხოვ, ნუ ჩაერევი.
- ჰო, არა. არც ვაპირებ. - ლარამ ამოიხვნეშა. - მართლა რა ჩემი საქმეა და მაკა ისეთი ტიპია, ასე ადვილად ვერაფერს გამოაპარებ. შეიძლება იცის კიდევაც ან თავადაც წილშია.
- ახლა ამოისუნთქე? - მიმართა დეტექტივმა.
- ამასაც, როგორ სულ ადვილად მოუძებნე ახსნა. - ლარამ ყურებამდე გაუღიმა.
- აი, ხომ ხედავ? - შეიფერა დეტექტივმა. - საგანგაშოც არაფერი ყოფილა.
- ჰო. - ამოიხვნეშა ლარამ. - ასეთი დაწესებულებებიდან სამედიცინო ინვენტარს თუ გაიტანენ მალულად ჩანთით.
- რა თქმა უნდა! - კვერი დაუკრა დეტექტივმა. - აბა ბავშვებს ხომ არ გაიტანდნენ ასე... - დეტექტივს სიტყვა შუაზე გაუწყდა, რადგან ლარამაც იგივე გაიფიქრა.
დუმილი ჩამოვარდა.
- არ მინდა რომ დავიჯერო, რაც ახლა გავიფიქრე. - დაბალი ხმით დასძინა დეტექტივმა.
- არც მე, მაგრამ მაინც გამკრა გულში.
- ნუთუ ჩანთა იმ ზომის იყო, რომ...
- დანამდვილებით ვერაფერს გეტყვი. - ჩაფიქრებული ხმით მიუგო ლარამ. - ჩვეულებრივ ხელჩანთაზე უფრო დიდი, თუმცა დიდ სამგზავრო ჩანთაზე უფრო მომცრო.
- ვერაფერი გავიგე ზუსტად რა ზომის შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ იმ ჩანთაში, როგორიც შენ დაინახე ჩვილი ჩაეტეოდა?
- არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა ლარამ. - ზუსტად არც მახსოვს, მხოლოდ იმას მივაქციე, რომ ძალიან სათუთად და ფრთხილად დებდა. მაშინვე გამკრა გულში, რა აქვ ასეთი გასატეხი....
- და ჩანთით ბავშვი სად უნდა წაეყვანათ? - გაიკვირვა დეტექტივმა. - იქნებ უკვე გარდაცვლილი იყო და ასე უნდათ რომ დაკრძალონ, ჩანთით გადააქვთ და მერე სადღაც სოფელში მარხავენ.
- ესე იგი, მე უნდა გავიგო, დაახლოებით იმ დღეებში როცა ის ტაქსი გამოჩნდა, ჩვილი ხომ არ გარდაცვლილა?
- და ძალიან ფრთხილად რომ უნდა იყო, ესეც ხომ იცი? – ალერსიანად მიმართა დეტექტივმა.
პასუხად ლარამ თბილად გაუღიმა.
LEX. 2025 წლის 20 მარტი, ხუთშაბათი.

No comments:

Post a Comment