Thursday, December 25, 2025

ნატის ჩექმები (ნაწილი 38)

 38.
იგივე განმეორდა, ლარა როცა გონზე მოვიდა, მის წინ ყავა და შოკოლადი იდო. მაკამ კი ამჯერად არ დაინდო და საყვედურებით აავსო, თუმცა მართალიც იყო.
- შენი ხმა, კრინტი არ გამაგონო! - მკაცრად შეუტია მაკამ. - ექიმს გაესინჯები და ყველა ვარიანტში ავად ხარ თუ კარგად, მაინც ბიულეტენი გაიფორმე!
- არც კი ვიცი, მართლაც რა დამემართა... - წაიკვნესა ლარამ.
- შენ არ იცი, მაგრამ მე ვიცი!
ლარამ გაკვირვებით აზიდა წარბები. რა იცოდა ასეთი მის შესახებ მაკამ?
- ორსულად ხარ, ჩემო კარგო. - ცალყბად გაუღიმა მაკამ.
- ორსულად?! - გაოგნდა ლარა.
- აბა, რას მივაწეროთ ამდენი გულისყრა? - ცინიკურად აღნიშნა მაკამ.
ლარამ ის იყო დააპირა თქმა, რომ რა ორსულობა, რის ორსულობაო, მაგრამ თავი შეიკავა.
- კარგი, მივალ ექიმთან. - ამოიხვნეშა ლარამ.
- ჩადი, ქვემოთ ექოზე, ჩვენს გოგოებთან.
ლარამ ძლივს აწია ტანი. მაკას რჩევას დაემორჩილა. დარწმუნებული იყო, არავითარი ორსულობა, არაფერ შუაში იყო, მაგრამ ხმა არ ამოუღია. ექოსკოპიამაც დაუდასტურა.
- ორსულად არ ხარ და აქ არც არაფერი ჩანს საგანგაშო.
- მგონი ვიყავი და მერე რაღაც ვერ გავქაჩე. - იცრუა ლარამ. ისევ ეს ტყუილი სჯობდა სიმართლეს, აბა რა უნდა მოეყოლა? ან ვისთვის?
ლარა მშობლებთან დაბრუნდა და ძმის მოსვლას დაელოდა. ბოლომდე არ სჯეროდა მისი და მაინც ეჭვი ეპარებოდა. სამზარეულოში ჯერ დაბალ ხმაზე დუდუნებდნენ, მერე კი ძმის აღელვებულმა ბუზღუნმა, ცოლის ყურამდეც მიაღწია და სერიოზულ ეჭვიანობაში გადაიზარდა.
- იქნებ, მამაჩვენს ჰყავს გაკეთებული ასე ბავშვი და რაღა მაინც და მაინც მე მომახტით?! - ბოლო ხმაზე იღრიალა ლარას ძმამ.
ახლა მამას მიადგნენ და ლამის ეხვეწებოდნენ, გინდა თუ არა, გაიხსენეო. ისიც იფიცებოდა, არაფერი მსგავსი მახსენდება და აქამდე ხომ მომაკითხავდნენ, ფულს მაინც მომთხოვდნენო.
- და იქნება და მაინც გვიმალავ? - ცინიკურად აღნიშნა დედამ. - ვინ იცის, ჩვენს უჩუმრად როგორ აფინანსებ და ბარემ გაგვაცანი.
- კი ბატონო, მოიყვანეთ ვინც გინდათ, ჩავატაროთ დნმ-ს ანალიზი და თუ ჩემი აღმოჩნდა, მაშინვე ვაღიარებ თუ შვილად და აწ უკვე იქნებ, შვილიშვილადაც მეკუთვნის. - უდარდელად უპასუხა მამამ.
რაღაც მომენტში დუმილიც ჩამოვარდა. სათქმელი აღარაფერი იყო. მამას ირონიული სახე ჰქონდა, დედას ეღიმებოდა, ძმა კი მაინც იბღვირებოდა, რძალი კი დროდადრო ეჭვიან მზერად შეავლებდა ქმარს. მერე დაძაბულობის მოსახსნელად ოჯახის წევრებმა ყავის სურვილი გამოთქვეს, თუმცა მის მოსამზადებლად მხოლოდ რძალი წამოდგა, ქმარმა კი შეუტია.
- მოსამსახურე კი არ ხარ! ვისაც უნდა, თავად მოიმზადოს!
- რა შუაშია, მოსამსახურე? - იწყინა დედამ და წამოდგა. - ან ყავის მომზადებას, რა დიდი ძალისხმევა და პროფესორობა სჭირდება?
დედა ყავის აპარატთან მივიდა, ჩართვიდან სულ რამდენიმე წამში, ცოტა უცნაური ხმები გაისმა, რასაც სულ მოკლე დროში რაღაც ტკაცანიც მოჰყვა, მერე დიდი ყავის შუშის ავზი გასკდა და მისი ნამსხვრევები სამზარეულოში მიმოიფანტა, რასაც ოდნავ სუსტი ბათქანის ხმა მოჰყვა და მცირე კვამლის შავმა ფერმა და მისმა მწარე სუნმა იქაურობა დაფარა.
- აგვაფეთქა მგონი! - სიცილით წამოიმართა მამა.
- გადავრჩით? - კითხვა დააწია ძმამ.
- უკვე მოძველებული იყო ისედაც. - გამოექომაგა რძალი, შემცბარ დედამთილს. - მერე რამდენჯერ დავაპირე ახლის ყიდვა, იმდენი გადამავიწყდა.
- ერთხელ ცხოვრებაში, ყავის მომზადება გადაწყვიტა და ლამის დაგვადუღა ერთმანეთს. - არ ცხრებოდა მამა და სიცილისგან იგუდებოდა.
- მაინც რა იყო ნეტა, მიზეზი. - იხტიბარს არ იტეხდა დედა და ყავის აპარატს, კარგი გამოცდილი ხელოსანივით აკვირდებოდა.
- ავზში წყალი არ ესხა და რომ გაცხელდა... - სიტყვის თქმა არ დააცადეს რძალს, ისეთი ხორხოცი ატყდა.
ამ ჟრიამულში დეტექტივიც ესტუმრათ. მასაც ჟივილი-ხივილთ მოახსენეს ყველაფერი. დეტექტივს გაეღიმა და ფანჯრები გამოაღო. ახლა ამაზე იცინეს, რომ მანამდე, არავის მოაფიქრდა.
- ყავის აპარატი ჩემზეა! - გამოაცხადა დედამ. - მე ვყიდულობ და რომელსაც ხელს დაადებ, იმას ვიყიდით! - მიმართა რძალს. - ისე თუ გინდა, ახალი კომბაინიც ვიყიდოთ, ან რა ვიცი, რაც გინდა.
- ჰო, სულ სამზარეულოს რამეები უყიდე, აბა შენ იცი! - წყენით მიმართა ძმამ. - ჩემი ცოლი, მოსამსახურე-მზარეული კი არ არი!
- ახალ ტანსაცმელსაც ვუყიდი და მანქანასაც გამოვუცვლი. - ნიშნის მოგებით დაურთო დედამ. - რომელსაც აირჩევს!
ძალს ძალიან გაუხარდა. ისედაც არაფერს აკლებდნენ, მაგრამ ახალი მაინც სულ სხვა იყო და ლარას გადახედა.
- ლარაც ჩვენთან ერთად წამოვა და ერთად ავარჩევთ! - მიუხვდა დედა. - თორემ დადის ასე მონაზონივით.
- არაფერი მინდა. - შუბლი შეკრა ლარამ.
- რა არ გინდა? - შეუტია დედამ. - მაშინ წადი მონასტერში და იქ იცხოვრე!
- წავალ! - უკან არ დაიხია ლარამ. - ამ ყველაფერს რომ გავარკვევ, წავალ!
დეტექტივი მოიღუშა. ლარა უკვე მართლა ძალიან მოსწონდა და მისი ეს გადაწყვეტილება კი საშინლად მოხვდა გულზე.
- ლარა! - მიმართა დეტექტივმა და ყველა გაიტრუნა. - შენ ნამდვილად დარწმუნებული ხარ, რომ ბიჭი გეყოლა?
- რაა?! - აღმოხდა ლარას და მის მსგავსად ყველამ გაიკვირვა.
- ბავშვი ხომ ნახე და ნამდვილად დარწმუნებული ხარ, რომ ბიჭი იყო? - კვლავ გაუმეორა კითხვა დეტექტივმა.
- მე მხოლოდ ორჯერ... - ხმა გაებზარა ლარას. - როგორც კი დაიბადა, მაშინ მოვკარი თვალი და მერე როცა... როცა... დასაფლავების წინ გავხსენით და...
- მერე არ შეგიხედავს ბიჭი იყო, თუ გოგო? - ისევ გაუმეორა კითხვა დეტექტივმა.
- მე... მე მხოლოდ მისი სახე ვნახე, ძალიან გავდა ჩემს ქმარს... რა ვიცი?.. ასე მეგონა, მაშინ... და... - ძლივს ამოილუღლუღა ლარამ.
- და თქვენ? - დეტექტივი ახლა ოჯახის წევრებს მიუბრუნდა. - არც თქვენ გინახავთ ბავშვი?
- ნუ... - ყველამ ერთმანეთს გადახედა.
- გამოდის, რომ ბავშვი არავის გვინახავს?! - სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა ლარას.
- იქ შესვლა ხომ არ შეიძლებოდა, იმ დროს ისე იყო გამკაცრებული პირობები. - დაურთო დედამ.
- ჰო, ჰო. - კვერი დაუკრა მამამ. - მართლა არავის გვიშვებდნენ.
- ისე, ჩვენს ნათესავს კი ჰყავდა ნანახი, მგონი. - ჩაფიქრებული ხმით განაგრძო დედამ და ერთხელ კიდევ ჩვენს სხვა ახლობელს, მსგავს სისტემაში მუშაობდნენ და რაღაც სულ სხვა მიზეზით შესძლეს შეღწევა.
- და... ვერ შევძლებთ მათთან გასაუბრებას? - იკითხა დეტექტივმა.
- ის ახლობელი, რახანია გარდაცვლილია და ის ნათესავი... - დედა ჩაფიქრდა და მერე ქმარს მიმართა. - შენ ხომ არ გაქვს მისი საკონტაქტო ნომერი?
ქმარმა მხრები აიჩეჩა, თუმცა მაშინვე დეტექტივს მიუბრუნდა:
- წესიერად მაინც, გაგვაგებინე ყმაწვილო, რა ხდება?
- რა ხდება, დაა... - დეტექტივმა საქაღალდე გახსნა.
ყველა მას მიაჩერდა.
- ლარა, შენი გარდაცვლილი ბიჭი. - დეტექტივმა ბეჭდიანი ფურცელი გაუწოდა. - გოგონა აღმოჩნდა.
ლარას ფურცლიანი ხელი ისე აუკანკალდა, რომ რაც იქ ეწერა, ვერაფერი გაარჩია. ძმამ კი ვეღარ მოთმინა, წამოხტომისთანავე ფურცელი ააცალა და კითხვას შეუდგა.
- ვიფიქრე, რომ რაღაც შეეშალათ ან აერიათ, მაგრამ იქ მეტი სხვა მასეთი ჩვილი, დიდი ხნის გარდაცვლილი, არავინ იყო. - განაგრძო დეტექტივმა და მერე ძალიან დაბალი ხმით დაურთო. - ფაქტიურად, აღარაფერი იყო, თუმცა ექსპერტიზამ მალევე დაადგინა სქესი.
- ესე იგი, გამოდის რომ ჩემი შვილი ცოცხალია? - ლარამ გაფართოებული თვალები შეანათა სტუმარს.
- ვერაფერს გეტყვი, ჯერ სანამ დნმ-ს ზუსტი პასუხი არ მოვა. - მიუგო დეტექტივმა. - იქნებ, მართლაც გოგონა შეგეძინა და...
- გოგონა?.. - წაიჩურჩულა ლარამ. - იქნებ, გოგონა?..
- მდააა. - ამოიხვნეშა მამამ. - და ეგ საბოლოო პასუხები, როდისღა იქნება?
- შეიძლება, ამ საღამოსვე იყოს. - მიუგო დეტექტივმა.
- და არ შეიძლება, რომ დააჩქარონ?! - სასოწარკვეთილი ხმით მიმართა ლარამ მამას და მერე დედასაც გადახედა.
მშობლებმა ტელეფონები მოიმარჯვეს, რამდენიმე ადგილას დარეკეს და მერე ლარას მოახსენეს, რომ მხოლოდ რამდენიმე საათში ეცოდინებოდა პასუხი.
- რა გაიტანს, ახლა ამ დროს. - ამოიკვნესა ლარამ.
- რა გაიტანს და საყიდლებზე გავიდეთ! - ბრძანა დედამ.
- ოჰ. - ლარამ უკმაყოფილოდ გააქნია თავი. - რა საყიდლები აგიტყდა ახლა?
- რა და ახალი ყავის აპარატი არ უნდა ვიყიდოთ? - დედამ რძალს გადახედა, ამყევიო.
- კი გვინდა, მართლა თორემ ჯეზვეში მომზადებისას ორივეჯერ გადმომივიდა. - მხარი აუბა რძალმა. - ორჯერ გამიხდა გაზი გასაწმენდი და მართლა მოსამსახურე კი არ ვარ, რატომ უნდა ვიწვალო?
- მერე, წადით და იყიდეთ. - უკმაყოფილოდ მიუგო ლარამ. - ჩემი თანხმობა გჭირდებათ?
- ლარა! - შეუტია მამამ. - ახლავე ადექი, წაყევი და წესიერად შეარჩიეთ, რომ კიდევ არ ავფეთქდეთ!
ყველას გაეცინა. ლარა სულაც არ იყო მაღაზიებში სირბილის ხასიათზე, მაგრამ მაინც წაჰყვა. სახლში გაჩერება უფრო მეტად აუწეწავდა სულს.
საღამო ხანს ქალები შინ, საყიდლებით დახუნძლულები დაბრუნდნენ. ემოციები ბევრი იყო, ლარა ცალყბად იღიმოდა, მაინც არაფერი ახარებდა. თვალებით დეტექტივს დაუწყო ძებნა.
- დაურეკეს და გავიდა. - მიუხვდა მამა.
- ჩვენს ამბავზე? - ლარას თვალები აენთო.
- არ ვიცი, თუმცა თქვა, მოგვიანებით მოვალ, თუ არ შეგაწუხებთო.
- არა, რა შეწუხება... რა შეწუხება... - ჩაილაპარაკა ლარამ და მოლოდინისგან გული ეწურებოდა.
უკვე საკმაოდ გვიანი იყო, ლარამ დეტექტივისგან შეტყობინება როცა მიიღო:
„ალბათ, გძინავს უკვე და ტკბილ სიზმრებს გისურვებ.“
ლარამ მაშინვე დაურეკა და ლამის მთელი ხმით ჩასძახა:
- არა! არ მძინავს, არა!
- ძალიან გვიანია, თორემ გამოვიდოდი. - მიუგო დეტექტივმა.
- არა! არა! არ არის გვიან! არა!
- რა გაყვირებს?! - ლარას თავს წაადგა მამა.
- დეტექტივია. - მიუგო ლარამ. - ცოტა ხნით გავალ გარეთ და მალე მოვალ!
- შემოვიდეს, შემოვიდეს!
მაშინვე მიუხვდა მამა, გვიანი იყო და ისედაც ზედმეტად მორიდებულ დეტექტივს არ უნდოდა ოჯახის შეწუხება.
შემოსვლისთანავე მამამ მაშინვე მიახალა:
- რას იპრანჭები, მოდი, შემოდი! როცა ასეთ სერიოზულ საქმეა, დროს და საათს არ აქვს მნიშვნელობა!
დეტექტივი მაინც მოწიწებით ჩაჯდა სავარძელში. მერე საქაღალდიდან ბეჭდიანი ფურცელი ამოიღო და ლარას გაუწოდა.
- ეს რა არის? - უკმაყოფილოდ იკითხა ლარამ. - ეს ხომ ვნახე უკვე.
დეტექტივმა არაფერი უპასუხა და კვლავ გაწვდილი ხელით ანიშნებდა, გამომართვიო. ლარამ უხალისოდ ჩამოართვა ფურცელი და ერთი თვალის შევლებაც კი საკმარისი გახდა, რომ ლარა გაფითრებული სახით დაეშვა დივანზე. მერე კი უკვე აღარაფერი ახსოვს, როგორ გაიღვიძა ოჯახის ყველა წევრმა და როგორი ხმაურითა და ათასგვარ კითხვებს აყრიდნენ ერთმანეთს.
- და ახლა, რა უნდა ვქნათ? - დედა პირველი მოეგო გონს და დეტექტივს მიმართა.
- ახლა, ლარამ თავისი დნმ უნდა გააგზავნოს საერთაშორისო ბაზაში და თუ ის ბავშვიც ეძებს ბიოლოგიურ მშობლებს, წესით უნდა გამოეხმაუროს.
- და თუ არ ეძებს? - ჩაეკითხა რძალი?
- ან იქნებ, არც კი იცის? - ახლა ძმა ჩაეკითხა.
- შეიძლება, ყველაფერი შეიძლება. - დეტექტივმა თავი დაუქნია. მერე ლარას გახედა, რომელიც ისევ ისე გაფითრებული და გაოგნებული იჯდა.
- ნუ, კარგი! - დაიწყო დედამ. - ეს გავარკვიეთ, რომ სხვისი ჩვილი დაგვიკრძალავს და თანაც, გოგონა, თუმცა ჩვენ რატომღაც ბიჭი ვიცოდით, მაგრამ ახლა ამას არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება მართლაც გოგონა გეყოლა, მაგრამ არც შენი დნმ რომ არ ემთხვევა იმ ბავშვისას, ამაშია საქმე!
- და ახლა რა გზას უნდა დავადგეთ? - იკითხა რძალმა.
- სად ვეძებოთ ბავშვი? - ჩაურთო ძმამ.
- ჯერ... - ამოიკვნესა ლარამ და ყველა გაიტრუნა. მას მიაპყრო მზერა.
- ჰო, თქვი ახლა! - მოთმინების ფიალა აევსო ძმას.
- არ შეიძლება ის ბავშვი, ისევ ისე რომ დავასაფლავოთ, სადაც აქამდე იყო. - ლარამ ამოიხვნეშა. - იქნებ, მასაც ეძებენ და...
- რა თქმა უნდა, უკანვე დავკრძალავთ, სადაც აქამდე იყო. - დაეთანხმა დედა.
 - ბაზაში კი მის დმნ-ს ისე დავტოვებთ, რომ მითითებულიც იქნება, თუ სად არის დასაფლავებული. - აღნიშნა მამამ.
კი კარგი აზრიაო, ყველას მოეწონა. ლარა კი კვლავაც გაუნძრევლად იჯდა. დედამ დეტექტივი ცალკე გაიხმო.
- ამ ეტაპზე, თქვენი სამუშაო დასრულებულია, თუმცა... - დედა შეყოვნდა.
დეტექტივს კი გული ჩასწყდა. ადრე უფრო დიდი და უტყუარი მიზეზი თუ ჰქონდა სტუმრობისთვის, ახლა კი, ყოველგვარი იმედი გადაეწურა. ვინ იცის, როდის და რამდენ ხანში ერთხელ მოუწევდა ლარასთან შეხვედრა. მისგან კი, როგორც მამაკაცის მიმართა, სრული გულგრილობა მოდიოდა, სამაგიეროდ, არც მისი ანაზღაურება ავიწყდებოდა და არც უვახშმოდ, თუ უსადილოდ გაშვება, მაგრამ ეს ყველაფერი, პირად ვნებებზე მაინც არ მოქმედებდა.
- მოკლედ, ჩემი და ჩვენი ყველას დიდი სურვილია. - განაგრძო დედამ. - უფრო სწორად, სურვილი კი არა, არამედ თხოვნაა, რომ ლარასთან კვლავ განაგრძო მეგობრობა, თუ რა თქმა უნდა, შენ თვითონ არ ხარ წინააღმდეგი...
- არა, როგორ გეკადრებათ?! - გამოცოცხლდა დეტექტივი და იმედის ნაპერწკალიც მაშინვე გაუჩნდა. - წინააღმდეგი, რატომ უნდა ვიყო? პირიქით, ასეთ კარგ ოჯახთან მეგობრობას, რა სჯობს.
- ჰოდა, ძალიანაც კარგი! - დედასაც თავის მხრივ უხაროდა. - მინდა ეს გოგო, ცოტა აზრზე მოვიდეს, როგორც მაშინ, სანამ ისევ ამ ამბების ქექვას დაიწყებდა. გაერთეთ, წადით სადმე, იხალისეთ. თავიდან კი გაჯიუტდება და არ დაგყვება, მაგრამ როგორმე უნდა აიძულო, დააძალო ის, რომ ცხოვრება გრძელდება.
დეტექტივი სიხარულით უქნევდა თავს.
- ხოლო, რაც შეეხება, ანაზღაურებას. - კვლავ განაგრძო დედამ. - მაგ მხრივ, არაფერი შეიცვლება, ზოგჯერ პრემიასაც დაგირიცხავ ხოლმე.
- არა, რა ანაზღაურება?. - წამოჭარხლდა დეტექტივი. - განა მეგობრობა, მართლა ფულზეა?
- არა! - თავი გააქნია დედამ. - მეგობრობა, ნამდვილად არ არის ფულზე! მაგრამ ის ხარჯები, რაც ჩემი შვილის გვერდით უნდა გასწიო და ახლა ნამდვილად არ გაქვს ამის საშუალება, მხოლოდ იმას დავაფინანსებ. ჩათვალე, რომ მანქანის საწვავის ფულია.
დეტექტივი კვლავ უხერხულად აიწურა.
- ლარას ყოველთვის უყვარდა ექსკურსიები და ლაშქრობები, თუმცა საუკუნეა არსად გასულა. - ჩაფიქრებული ხმით განაგრძო დედამ. არგუმენტს ეძებდა, რომ როგორმე არც დეტექტივს ეგრძნო თავი უხერხულად და არც მისი შვილი განადგურებულიყო ბოლომდე.
- მე შევეცდები, რომ ლარას... ლარას კვლავ დაუბრუნდეს ცხოვრების ხალისი. - ენის ბორძიკით დაიწყო დეტექტივმა.
- ისე, მართლა. - კვლავ დაიწყო დედამ. - ლარა იფიცება, ვიღაც ბიჭი ვნახეო, თუმცა თვალი რომ გავახილე, არსად იყოო და ასე ორჯერ დაემართა უკვე და იქნებ, მართლა ნახა?
- შეიძლება, სულაც ორი სხვადასხვა ბიჭი დაინახა და ერთმანეთს ისე მიამსგავსა, რომ ერთი ეგონა. - ჩაურთო დეტექტივმა.
- ჰოდა, ახლა ეს გამოიძიე! - ბრძანების კილოთი მიმართა დედამ. - აი, ხომ ხედავ? ახალი საქმეც გამოჩნდა!
დეტექტივს ცოტა გულზე მოეშვა და ძალიან უხაროდა, კვლავ ლარას სიახლოვეს მოუწევდა ყოფნა.
 
***
- რაო ელზა? ახალი რა გაჩარხე? -  ირონიულად ჩაეკითხა მაკა.
- ვნახე ის გოგო! - მაშინვე მიახალა ელზამ. - წინა კვირას! ორ თვეში უწევს მშობიარობა. - ელზა წამით ჩაფიქრდა. - არა, არა! უკვე სადღაც, ასე თვენახევარში მაქსიმუმ.
- შენ ძაან ნუ დაუდაქალდები ახლა, იმ ოჯახს. - შენიშნა მაკამ.
- არა, უბრალოდ ისე მოხდა, რომ შემთხვევით გავიცანი.
- შემთხვევით? - ეჭვიანად ჩაეკითხა მაკა.
- ნუ დაახლოებით. თითქმის. - დაბნეულად უპასუხა ელზამ და თვალი აარიდა.
- მერე?
- ლამის აქეთ მეხვეწა, თუ ჩამიწყობ საქმეს უფასო მშობიარობაზეო, მაღარიჩი ჩემზე იქნებაო.
- ნუ, ეგ კარგი. - თავი დაუქნია მაკამ. - მაგას კი მოვახერხებთ, მაგრამ შენ ეცადე ნაკლებად გამოჩნდე ხოლმე მის შორიახლოს.
- კარგი, მაკა ექიმო.
- და ტელეფონის ნომერი ხომ არ მიგიცია, შემთხვევით? - წარბშეკრული ჩაეკითხა მაკა.
- მინდოდა მიმეცა, მაკა ექიმო და სულ გადამავიწყდა. - შეწუხდა ელზა. - ამ საღამოსვე გავალ იმ საკონდიტროში და დავუტოვებ, თიკუნას კლასელის დედას ჩემს ნომერს. ან ჩემს თიკუნას დავაბარებ, რომ...
- ელზა მორჩი! - ძლივს გააჩერა, აქაქანებული ელზა მაკამ. - არც გაბედო! არავითარ შემთხვევაში არ მისცე შენი ნომერი.
- და აბა, როგორ? - გაიკვირვა ელზამ. - უცებ რომ მშობიარობა დაეწყოს?..
- მაგას ხვალ მოვაგვარებ და გეტყვი რომელი ნომერი უნდა მისცე.
- სხვისი ტელეფონი? - აშკარად იწყინა ელზამ.
- ჰო, სხვისი! - კვერი დაუკრა მაკამ. - აბა გინდა, მერე მთელი ცხოვრება, შენ გდიოს ბავშვი დამიბრუნეო?
- ნუ, ჰო...
- ყველაფერი ისე უნდა მოვაგვაროთ, რომ შენ პირადად, ნაკლებად გამოჩნდე, რადგან მაინც შენი მოყვანილი იქნება. - დაუყვავა მაკამ.
ელზას აშკარად უკმაყოფილება დაეტყო.
- და რა განერვიულებს? - ირონიით მიუგო მაკამ. - მე ხომ არ მითქვამს, რომ საჩუქრის გარეშე დარჩები. უბრალოდ, არ მინდა ზედმეტად ფიგურირებდე. მიმიხვდი?
- დიახ, მაკა ექიმო! - ამოისუნთქა ელზამ.
- მე ახლა ის უფრო მირჩევნია, რომ იმ ოჯახთან როგორმე მოვაწყოთ გარიგება, თანაც ისე, რომ იმ შენმა კლასელის დედამ ვერაფერი გაიგოს.
- თეკუნას კლასელის. - შეუსწორა ელზამ.
- ნუ, ჰო. - ჩაეღიმა მაკას.
- როგორმე გავიცნობ, დავუახლოვდები და...
- არა, არა! - გააჩერა მაკამ. - შენ, არა! ახლა არ გითხარი, რომ არ მინდა გამოჩნდე?!
მაკა ჩაფიქრდა. მერე ელზა დაითხოვა, თან კატეგორულად გააფრთხილა, რომ მასთან შეთანხმების გარეშე, ნაბიჯსაც აღარ გადადგამდა.
საღამო ხანს, უკვე სახლში წასასვლელად რომ მოემზადა, თავისი ერთგული, ყმა ექთანი იხმო, რაც ელზას არ გამოჰპარვია, სადღაც გულში ეწყინა კიდეც, მასაც რომ არ დაუძახეს.
მაკამ ყველაფერი სწორად გათვალა. ელზას ზედმეტად ჩარევა, მაგიტომაც არ გახადა საჭირო. მაინც შიშობდა, სადმე რამე ისეთი არ წამოეყრანტალებინა. ელზა, როგორც ამბის მომტანი, ჩვეულ წილში იქნებოდა, ხოლო საქმეს, ერთგული ყმა ექთანი წაუძღვებოდა და რა თქმა უნდა, მაკას თაოსნობით.
ექთანმა მოუხშირა საცხობში გამოჩენას და თანაც „უკვირდა“, რატომ აქამდე არ ვიცოდიო. მერე ის უშვილო ოჯახიც, სრულიად მარტივად გაიცნო.
დილის საუზმეს, უშვილო ცოლ-ქმარი, სწორედ იმ საცხობიდან იღებდა, სადაც მათი ბინის გამქირავებელი მუშაობდა და იქვე სკვერში, სუფთა ჰაერზე, ყავასთან ერთად, ცხელ დარიჩინიან ფუნთუშებს მიირთმევდნენ. ექთანიც რამდენჯერმე, სრულიად „შემთხვევით“, შორიახლო მიუცუცქდა. ერთი-ორჯერ გამოელაპარაკა კიდევაც და ისიც ჩააწვეთა, თუ სადაც მუშაობდა.
- მორიგეობის მერე, ამ სკვერში დასვენება სამოთხეა. - ექთანმა ღრმად ჩაისუნთქა ფიჭვნარის სურნელი. მერე ისიც მოაყოლა, დასვენებასაც თავისი დრო აქვს, ამდენი აჭყიპინებული ჩვილის შემხედვარეო.
ცოლ-ქმარი სევდიანად უქნევდა თავს.
- ზოგჯერ კი, ყველას ლამის ერთდროულად მოუნდება მშობიარობა და რომელ ერთს მივხედოთ, ხოლმე აღარ ვიცით. - სიცილით განაგრძობდა ექთანი. - ზოგი დედა ცდილობს, თავად მიხედოს მის ჩვილს. ზოგი კი... ეჰ... - ექთანმა ხელი ჩაიქნია და გაყუჩდა.
ცოლ-ქმარი თვალებდაჭყეტილი მიაჩერდა.
- ეჰ, ღმერთო, რატომ ხარ ასეთი უსამართლო და უმოწყალო?! - დანანებით გააქნია თავი ექთანმა. - ზოგი შვილს ნატრობს და ზოგიც კი... - ექთანმა ამოიხვნეშა. - განა მართლა, ყველა დედა - დედაა?
- ნუ, ჰოო... - ნაღვლიანად დაუქნია თავი ცოლმა
- ამას წინათ, ერთი ლაწირაკი გოგო, სამშობიაროდან იპარებოდა. - განაგრძო ექთანმა და უკვე ხვდებოდა, თუ როგორ ახლოს იდგა იმ მთავარ თემასთან.
- ალბათ... - ჩაურთო ცოლმა. - იქნებ, სამშობიაროს ხარჯების გადახდის საშუალება არ ჰქონდა?
- საქმეც მაგაშია! - კვერი დაუქნია ექთანმა. - მაგრამ ყველაზე მძიმე კი ის იყო, ბავშვი მიაგდო და თავად გარბოდა, რამდენს არ ეხვეწა ექიმი, ეს ერთი კვება მაინც აჭამე ბავშვსო, სკდებოდა ჩხავილით და არაფრით არ ქნა იმ ტუტუცმა გოგომ!
- ღმერთო ჩემო! - ცოლს თვალები აევსო.
ცოლისგან განსხვავებით, ქმარი ხმას არ იღებდა, მაგრამ მთელი სევდა, ისედაც სახეზე ეწერა.
- ასეა, ჩემო კარგებო! - განაგრძო ექთანმა. - ზოგს უნდა და ზოგს არც უნდა და ეს ღმერთიც კიდევ ვერ ხვდება, ვის რა გაუნაწილოს. - ექთანი გაყუჩდა, მერე ცას ახედა და ძალიან დაბალი ხმით ჩაილაპარაკა. - ან კი აღწევს ადამიანთა ლოცვა-ვედრება იქამდე?..
ცოლ-ქმარმა კვერი დაუკრა და სათითაოდ ამოიხვნეშეს. ასეთი საუბრებისას, არაერთხელ მოჰკრეს თვალი, იმ ორსულ გოგოს, რომელიც დილით საცხობის გავლით მიიჩქაროდა სამსახურში, რადგან მეპატრონეს ეცოდებოდა და ხშირად ახვედრებდა, რამეს გზაში წასაღებად.
ექთანსაც ეს უნდა და არც იმდენად დიდი ძალისხმევა დასჭირვებია იმას, რომ საკმაოდ ცინიკურად აღენიშნა, ასეთი გაღლეტილი და უპატრონო ოჯახი, კიდევ ბავშვის გაჩენაზე როგორ ფიქრობს, ასეთი სიღატაკისთვის, შვილი მაინც არ ენანებათო.
- ნუ, რა ქნან? - ამოიხვნეშა ჯერ ცოლმა და მერე ქმარმა. - შვილი, მაინც შვილია, როგორმე მოიკლებენ ყველაფერს და გაზრდიან.
- და რა უნდა მოიკლონ, რაც არა აქვთ? – „დანანებით“ გააქნია თავი ექთანმა.
ცოლ-ქმარი უხმოდ დაეთანხმა.
- და თქვენ, წარმოდგენაც კი არ გაქვთ, თუ რა ხდება სამშობიაროებში, დღეს! - როგორც იქნა, მოახერხა მთავარ თემაზე  გადასვლა. - ჩუმად ყიდიან ბავშვებს, ეს გაჭირვებულები.
- ესენი აპირებენ გაყიდვას? - გაოგნდა ცოლი.
ქმარმაც ინტერესით დაჭყიტა თვალები.
- არა, ესენი არც კი ვიცი ვინ არიან. - მხრები აიჩეჩა ექთანმა. - უბრალოდ, რამდენჯერმე შევნიშნე, თუ როგორ სამადლოდ აჭმევს საცხობის მეპატრონე.
- ჰო, ძალიან უჭირთ, კი... - ამოიხვნეშა ქმარმა.
- და მაგიტომაც, ასე უმოწყალოდ ყიდიან, საკუთარ ჩვილებს. - განაგრძო ექთანმა და კარგად ჩააკვირდა მოსაუბრეებს. - ხშირად ასეთი გაღლეტილი ოჯახისთვის, შვილის გაჩენა, მომავლის ინვესტიციაა. ახალგაზრდებია არიან, კიდევ ეყოლებათ და ამ პირველს და არასასურველს და გაჭირვებაში გაჩენილს, ყიდიან და რა თქმა უნდა ჩუმად. ხან ორივე ცოლ-ქმარი, ხან მარტო ცოლი ქმრის უჩუმრად და ან პირიქით.
- და უჩუმრად, როგორ? - ჩაეკითხა ქმარი.
- ნუ, ხან ცოლი დაარწმუნებს, რომ ახალშობილი გარდაიცვალა და ხან ქმარი.
- და ასე ხდება ხოლმე? - ცოლმა ეჭვის თვალით შეხედა.
- არც იმდენად ხშირად, მაგრამ ხდება და რადგან ქვეყნის საჭორაო არ უნდათ, რომ გახდეს, ხან მართლა უმალავენ ერთმანეთს და ხან კი...
ცოლ-ქმარმა ერთმანეთს გადახედეს. ექთანიც მაშინვე მიხვდა, თუ როგორ ახლოს იდგა მიზანთან.
LEX. 2024 წლის 25 ნოემბერი, ორშაბათი.

No comments:

Post a Comment