37.
ლარას ბღავილსა
და მოთქმა-გოდებას, ბოლო არ უჩანდა. კიდევ კარგი, დეტექტივმა დროულად მოუსწრო. მის
დანახვაზე, ცოტა მოეშვა და იმედიანი თვალებით მიაჩერდა სტუმარს.
- როგორც იქნა,
მოვიდა შეტყობინება ექსგუმაციის ნებართვის შესახებ. - დაბალი ხმით დაიწყო დეტექტივმა.
- ისე, თქვენი
კავშირების წყალობით, მისი დაჩქარებაც შესაძლებელი იქნებოდა და თავიდან, გამიკვირდა
კიდევაც, რატომ არავის მიმართეთ. თუმცა მერე... - დეტექტივი გაჩუმდა.
- ჰო, მართლა!
- ლარამ საყვედურით გახედა მშობლებს. - რა გაგვიჭირდა ასეთი, რომ დახმარება ვერავის
ვთხოვეთ?! აქამდე ხომ უკვე, პასუხიც მეცოდინებოდა, მართლა არის თუ არა იქ, ჩემი შვილი!
- და მაინც,
თუმცა? - მამამ ლარას წუწუნს ყურადღება არ მიაქცია და სტუმარს შეწყვეტილი საუბარი შეახსენა.
- სიტყვა არ დაგისრულებიათ ყმაწვილო.
- მართალი
იყავით, რომ ზედმეტად არავინ ჩარიეთ. - განაგრძო დეტექტივმა. - იმდენი კითხვები დამისვეს,
ხან ვითომ ჩუმად, ხანაც სერიოზული სახით, ხანაც კი, ისე სასხვათაშორისოდ კითხულობდნენ,
თუმცა ისედაც ეტყობოდათ, რომ საკმაოდ ძლიერ იყვნენ დაინტერესებულნი.
- და მერე?
- ახლა ლარა ჩაეკითხა. - შენ რას პასუხობდი?
- ყველაზე
კარგი არგუმენტი ის იყო, რომ უმცროსი შვილის ახირებაზე, ასეთი შეძლებული ოჯახი, უკან
არაფერზე იხევდა. - ღიმილით მიუგო დეტექტივმა. - და მერე იმასაც ხაზი გავუსვი, რომ
საკმაოდ კარგი გასამრჯელოც იყო და მეც რა მენაღვლება-თქო.
- ჰმ. მშვენიერია!
- მოუწონა მამამ და ყველამ თავი დაუქნია.
- და მეტი
სხვა შეკითხვა, აღარ ყოფილა? - ახლა დედა დაინტერესდა.
- როგორ არ
იყო. - თავი დაუქნია სტუმარმა. - ამის მერე იმასაც კი კითხულობდნენ, თუ ნეტა რაში დასჭირდათო
და ამაზეც გავეცი პასუხი, რომ რა ჩემი საქმე იყო, ჩემთვის მთავარი ანაზღაურება იყო
და თანაც, ასეთი სარფიანი. მით უმეტეს, თუ ხელფასიდან ხელფასამდე მიწევს ცხოვრება.
- იმედია,
დაიჯერეს. - მიუგო ძმამ. - თუმცა, დაუჯერებელი არაფერი ჩანს.
აქამდე მედგრად
მოსაუბრე დეტექტივს, ახლა ცოტა არ იყოს, უხერხულობის გრძნობაც შეეპარა. ძალიან ბევრს
წვალობდა, რას აღარ აკეთებდა იმისთვის, რომ მოდური და მორგებული ტანისამოსი სცმოდა.
არანაირ სამუშაოს არ თაკილობდა. იყო პერიოდი, უთენია სახლიდან გარბოდა, ოჯახში იცოდნენ,
რომ ვარჯიშზე დადიოდა. სინამდვილეში კი, ნაგვის მანქანაზეც უწევდა მუშაობდა. მერე კი
კოხტად გამოწკეპილი სამსახურში მიიჩქაროდა. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას კი რატომღაც,
ფეხსაცმელს ანიჭებდა. ცდილობდა, მოდას არ ჩამორჩენოდა და ბოლო ხურდასაც კი ახალი ფეხსაცმლის
შესაძენად გადადებდა. ზოგჯერ ლამის ნახევრად მშიერი დადიოდა და არც კი იმჩნევდა, სამაგიეროდ
უფრო კარგად ეცვა, ვიდრე ბევრ მის თანამშრომელს. რაც შეეხებოდა მის მოძველებულ მანქანას,
დეტექტივი სულ იმას გაიძახოდა, რომ ბარემ, ნორმალურს ვიყიდი და ჯერ ისევ ეს იყოსო.
ამით მკაფიოდ უსვამდა იმას ხაზს, რომ ვითომ აგროვებდა თანხას, საკმაოდ ძვირფასი მანქანის
შესაძენად. სინამდვილეში კი კუჭი უხმებოდა და იხტიბარს არ იტეხდა. არავის აჩვენებდა
თავის გაჭირვებას.
- ისე, შეგიძლია,
ცოტა ხანში ახალი მანქანითაც გამოჩნდე. - განაგრძო ლარას ძმამ. - ხომ უნდა აჩვენო,
რომ ანაზღაურების გულისთვის ირჯებოდი ასე, თუმცა სულ ახალი და ბოლო მოდელის მანქანას
მაინც არ გირჩევ, ეგ უფრო საეჭვოდ გამოჩნდება. არც იმდენად დიდი გასამრჯელოა, საექსგუმაციოდ
საბუთების შეგროვება, მაგრამ მაინც გირჩევ, რომ გამოცვალო. ასე სჯობს.
დეტექტივმა
თავი დაუქნია, თუმცა რის გამოცვლა და რა გამოცვლაზე იყო საუბარი.? სახლში კანალიზაციამ
ამოხეთქდა და ტუალეტთან ერთად, მთელი სამზარეულოც სარემონტო გაუხდა. რასაც ლარას მშობლები
უხდიდა, უკვე როგორც ოფიციალურად დაქირავებულ დეტექტივს, სულ ოჯახს მოახმარა და რემონტიც
ჯერ კიდევ ბოლომდე არ იყო დასრულებული. ახლა კიდევ, მანქანაო. რა დროს მანქანა იყო?
- ტყუილად
რატომ უნდა დაიხარჯო? - ჩაერია დედა. - წაიყვანე ჩემი მანქანა, არც იმდენად მოძველებულია.
ახალი ვიყიდე უკვე, დღე-დღეზე ველოდები.
დეტექტივი
აიწურა. რა თქმა, უნდა ლარას დედას საუკეთესო მანქანა ჰყავდა და რატომაც ცვლიდა ახალზე
და ბევრად უკეთესზე, ესეც გასაგები იყო, მაგრამ ასე პირდაპირ ჩუქებაც, უხერხულობაში
აგდებდა სტუმარს.
- კი არ გჩუქნი.
- მაშინვე მიუხვდა დედა. - სანამ სხვას იყიდი, ატარე და თუ მოგეწონება, დაიტოვე. თანხა
კი, როცა გექნება, მაშინ იყოს, შეგიძლია ნაწილ-ნაწილ გაისტუმრო.
მშვენიერი
იდეა იყო. დეტექტივს ცოტა გულზე მოეშვა კიდეც, თუმცა თავს მაინც, ისევ ისე, უხერხულად
გრძნობდა. განა რამდენი ხანი უნდა ეხადა ლარას ოჯახს მისთვის ხელფასი და როდისღა გაისტუმრებდა
ასეთი ძვირადღირებული მანქანის ვალს? გამოდის, რომ ისევ ჯიბე გაფხეკილი უნდა ევლო,
თუმცა საუცხოო მანქანით. მტერს თვალს დაუყენებდა, რამდენი თანამშრომელი გაიხეოდა შურით
და ბოღმით გასკდებოდა. განსაკუთრებით ისინი, ვინც ყოველთვის ზემოდან დაჰყურებდა და
მისი გაქუცული მანქანა, გამუდმებით საქილიკო თემად ჰქონდათ ქცეული.
- და არ იფიქრო,
რომ ეს მანქანა, შენს გასამრჯელოზე იმოქმედებს! - კვლავ განაგრძო დედამ. - მანქანა,
ახლა სულ სხვა თემაა. ჩვენც ასე გვჭირდება, რომ იყოს. ანაზღაურება კი სულ სხვაა, ასე
რომ ყმაწვილო, შეირგე ეს შანსი!
ცხადი იყო,
დედა მშვენივრად ხვდებოდა, ამ ახალგაზრდა კაცის უხერხულობის მიზეზს, ისიც კარგად უწყოდა,
თუ როგორი თვალებით შესცქეროდა მის უმცროს ქალიშვილს და ყველაფერზე მზად იყო მისთვის.
ძალიან კარგი ბიჭი ჩანდა და მისი ერთადერთი ნაკლი, სიდუხჭირე იყო და მერე რა? ლარას
ოჯახს ჰქონდა ამის საშუალება.
ყველა დაეთანხმა,
მართლაც მშვენიერი იდეა იყო. დეტექტივი უხერხულობისგან ხმას ვეღარ იღებდა და უხმოდ
უკრავდა თავს.
- სანამ ამ
საქმეს არ მოვრჩებით, მანამდე არ მჭირდება მანქანის ფული! შენი გასამრჯელო კი, ჩვეულებრივად
ჩაგერიცხება, ასე რომ მოვრჩეთ ახლა ამ ზედმეტ რევერანსებს და საქმეს მივხედოთ! - ბრძანა
ბოლოს დედამ.
დეტექტივს
გულზე მოეშვა, თუმცა უხერხულობის გრძნობა ჯერ კიდევ შერჩენოდა, მაგრამ ვერავინ ამჩნევდა,
ან არც კი იმჩნევდნენ.
შინ ახალი
მანქანით მისრიალდა. თავიდან მშობლებს ძალიან მოეწონათ, თუმცა მალევე შენიშნეს, რომ
საკმაოდ ძვირადღირებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვერც უსაყვედურეს, რადგან შვილი ისე
იყო აღფრთოვანებული, სიხარულისგან ფეხზე ძლივს იდგა. მშობლებმა ისიც კი შესთავაზეს,
მანქანის კრედიტზე დაგეხმარებითო.
- ბოლოს და
ბოლოს, სესხს ავიღებთ. - დაურთო დედამ.
- შენ მაგაზე
არ ინერვიულო, შვილო. - კვერი დაუკრა მამამ. - ჩვენც შეგეხიდებით.
დეტექტივი
თავს იკავებდა, მაგრამ ბოლოს მაინც გაუმხილა, თუ როგორ გახდა ასეთი ძვირფასი მანქანის
მფლობელი. მშობლებმა ახლა ამაზე ცალკე შეიცხადეს, საშინლად არ მოეწონათ მანქანის ჩუქება.
დეტექტივი კი კვლავ ახსნას შეეცადა, რომ ეს არც ქრთამი იყო და არც ასე ხელაღებით სამათხოვროდ
გადმოგდებული საჩუქარი.
- უბრალოდ,
საქმეს როცა მოვრჩებით და ყველაფერს ავხდით ფარდა, ამის მერე შემიძლია ნელ-ნელა გადავიხადო,
ასე შევთანხმდით და სხვათა შორის, თავადვე შემომთავაზეს! - ძლივს დაშოშმინა მშობლები
და შვებითაც ამოისუნთქა.
- მაკა ექიმო! - კაბინეტში აქოშინებული ექიმი შევარდა.
- რა გრიგალივით შემოიჭერ, ელზა?! - ირონიულად აღნიშნა მაკამ და მისკენ არც მოუხედავს, კვლავ ფანჯრის იქეთ ჰქონდა მზერა მიპყრობილი.
- ბიჭი უნდათ! - შემართებით მიახალა ელზამ.
- ოჰ! მე მილიონი მინდა! - ჩაეცინა მაკას. - არა, არა! მილიარდი იყოს ბარემ, თუ ნატვრაა, გულუხვად მაინც ვინატრებ!
- ამინ, მაკა ექიმო, ამინ! ღმერთმა მოგცეთ და აგისრულდეთ თქვენი ყველა ნატვრა! - აქაქანდა ელზა.
- შენი მხურვალე ლოცვის წყალობით, აუცილებლად ამისრულდება ნატვრა, მაგრამ ახლა რა ხდება, ერთი დალაგებულად ამიხსენი.
მაკას ხმაში, კვლავ ირონიამ გაჟონა, თუმცა ელზას სულაც არ სწყენია, ისე იყო ახალ ამბებში გადართული, რომ სულმოუთქმელად ჩამოურაკრაკა მაკს.
- მდიდრები არიან, მაკა ექიმო, ძალიან მდიდრები!
- მდიდრები იქნებიან აბა, ჯიბე გაფხეკილებისთვის კი დგას რიგი წლების მანძილზე და ამასობაში, ბავშვი უკვე თავშესაფარში იზრდება და მალე ბიოლოგიური ოჯახის ძებნასაც დაიწყებს! ჰაჰ, რა მწარე ირონიაა!
- დიახ, მაკა ექიმო! - მაშინვე დაუკრა კვერი ელზამ.
- და მერე?
- მდიდრები არიან და აქ ქირით ცხოვრობენ, დროებით...
- კი, მაგრამ. - გააწყვეტინა მაკამ. - თუ ასეთი მდიდრები არიან, რომ ჩვილის ურიგოდ და უპრობლემოდ აყვანა სურთ, ქირით რაღატომ ცხოვრობენ?
- აქაურები არ არიან. - ელზა წამით შეყოვნდა. - მეზობელი ქვეყნიდან არიან და მაინც და მაინც, აქედან უნდათ ბავშვი.
- ესე იგი, საზღვრებს გარეთაც გაიყვანენ, მშვენიერია. - ჩაფიქრებული ხმით მიუგო მაკამ.
ელზამ უხმოდ დაუქნია თავი.
- და მერე? ჩვენ რა შეგვიძლია? ამ ეტაპზე გვყავს ვინმე შესაფერისი? - მაკამ მობილური მოიმარჯვა. - დავრეკო აბა, ერთი...
- არა, მაკა ექიმო! - შეაჩერა ელზამ. - უკვე ამორჩეული ჰყავთ...
- და აბა, ჩემთან რაღა უნდათ?! - კოპები შეკრა მაკამ.
- მოკლედ.. - ენის ბორძიკით დაიწყო ელზამ.
- დაჯექი, დაჯექი! - მკაცრად მიუგო მაკამ. - დაწვრილებით მომიყევი ერთი რა ხდება.
- ნუ... დაწვრილებით... საიდან დავიწყო... არც კი ვიცი... - ცოტა არ იყოს დაბნეულად მიუგო ელზამ და ჩაფიქრდა.
- თავიდან დაიწყე, ჩემო ელზა, თავიდან. - მაკამ ოდნავ შეარბილა ტონი და ელზაც მაშინვე გამოფხზილდა.
- ჩემი თეკუნას კლასელია ნინი. დაქალები არიან. ისე კარგად მეგობრობენ, რომ ღამითაც ერთად უნდათ დარჩენა. ნინის მამა მათემატიკას ასწავლის ამათ სკოლაში, დედამისი კი ნამცხვრებს აცხობს, ისეთი კარგი საკონდიტრო აქვს გახსნილი და ისეთ გემრიელ რამეებს აცხობენ, რომ სულ რიგი უდგათ და კარგი გაყიდვაც აქვთ. თვითონ სამ ოთახიან ბინაში ცხოვრობენ და დედამთილის ორ ოთახიან ბინას აქირავებენ ხოლმე ხანდახან, როცა ცოტა მეტი ფული დასჭირდებათ მაშინ, ისე სულაც არ უჭირთ ფინანსურად. ის დედამთილი კი, დიდი ხანია, რაც გარდაცვლილია...
„ღმერთო ჩემო! მგონი, მართლა სულ თავიდან იწყებს.“
მაკა მოიღუშა. ელზას არც შეუმჩნევია, ისე განაგრძო.
- ჰოდა, იქვე გვერდით ეზოში, სადაც ეს ბინა აქვთ გაქირავებული, ცხოვრობს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, უაღრესად გაჭირვებული. არც ერთს არ ჰყავს მშობლები, რომ რამეში მაინც შეეხიდონ. ორივე უპატრონობაშია გაზრდილი, ბავშვთა სახლში გაიცნეს ერთმანეთი და მასე მერე, ასე მოდიან...
მაკა ძლივს იკავებდა უკვე თავს, რომ ელზა გარეთ არ გაებრძანებინა. ისე დაღალა მისმა ზედმეტმა ქაქანმა.
- ეს გოგო შვილს ელოდება და თან მაინც მუშაობს ბოლო დრომდე, ლამის სამსახურში გააჩინოს ბავშვი. - განაგრძობდა ელზა. - თან, იცით სად მუშაობს?
- ნამდვილად არ ვიცი. - შეწუხებული სახით გააქნია თავი მაკამ.
- სადღაც, სახლიდან ათი გაჩერების იქეთ, უბრალო რაღაც უბნის მაღაზიაში, მოლარედ.
- უჰ. - თავი გააქნია მაკამ. - მეგონა იტყოდი, მეტალურგად მუშაობსო.
ელზამ ისტერიულად გადაიკისკისა.
მაკამ ცალყბად შეიფერა.
- როგორი გემრიელი ხუმრობა იცით, მაკა ექიმო. - ძლივს ამოისუნთქა ელზამ.
- და მერე? - შეწუხებული ხმით ჩაეკითხა მაკა.
- მერე ის, რომ ეს ორსული გოგო, სულ იმას წუწუნებს, ჯერ კი არც გვინდოდა ბავშვიო, ცოტა წელში გამართვა მაინც მოგვესწროო...
- დატოვება უნდა? - მაკამ წარბები აზიდა.
- არა, მაგრამ...
- რა, მაგრამ? - ვეღარ ითმენდა მაკა.
- იმ უშვილო ოჯახმა კი შესთავაზა, მოგვაშვილეო და კარგი თანხაც დაუსახელებია, თუმცა კატეგორიული უარი მიიღო, რადგან ღმერთმა ასე ინებაო, გავაჩენ და გავზრდით როგორმეო.
- ჰო, დიახაც! სწორედაც, რომ ეს „როგორმე გაზრდილი ბავშვებია“, მერე დატილიანებული და წვინტლიანები დაურბიან ეზოში და ელემენტალური წამლის ფული არა აქვთ მშობლებს!
- სწორს ბრძანებთ, მაკა ექიმო! - მაშინვე კვერი დაუკრა ელზამ.
- და ჩვენ, რანაირად უნდა დავეხმაროთ? - მხრები აიჩეჩა მაკამ. - როგორმე ჩვენს სამშობიაროში თუ იმშობიარებს, თორემ ისე, რანაირად?
- ჩვენთან, არა მაგრამ კონსულტაციაში სადაც დადის იქიდან შეიძლება გამოვიდეს რამე.
- ელზა! - შუბლი შეკრა მაკამ. - შეიძლება გამოვიდეს რამე - არ გვინდა! ზუსტად უნდა ვიცოდეთ!
- ნუ... ჰო... - ელზამ ყურები ჩამოყარა.
მაკა მართალი იყო, ელზას კი ამ სიტუაციის ხელიდან გაშვება არ უნდოდა, მაგრამ რაღაც ისეთი უნდა ეღონა, რომ როგორმე მათ სასარგებლოდ შემოებრუნებინა საქმე, თუმცა მის გაყინულ ცივ გონებაში ვერანაირი სარფიანი იდეა ვერ მოდიოდა და ისევ მაკას იმედი ჰქონდა, აუცილებლად მოიფიქრებდა რამეს.
- და შენ ეს ამბები, ასე დაწვრილებით საიდან იცი? - მაკას დიდად იმედი უკვე აღარ ჰქონდა, მაგრამ მაინც ჰკითხა.
- ნინის დედას ეცოდება, ეგ გაჭირვებულები და ხანდახან როცა მორჩება ხაჭაპურის ნაჭრები ან ფუნთუშა აწვდის ხოლმე.
- აჰამ და შენც მაშინვე ამოქაჩე არა, სასარგებლო ინფორმაცია? - ირონიულად ჩაურთო მაკამ.
ელზამაც ღიმილით შეიფერა.
წუთით დუმილი ჩამოვარდა. ელზა დაჭყეტილი თვალებით მისჩერებოდა „მარჩენალს“ და იმედს არ ჰკარგავდა. მაკა ისეთი კვაჭი ქალი იყო, გამოსავალს მაინც იპოვნიდა.
- ამ შემთხვევაში, ერთადერთი ის შეგვიძლია, რომ.. - ჩაფიქრებული ხმით დაიწყო მაკამ. - ვითომდა აქციის ფარგლებში, სამშობიარო ხარჯების შეღავათის გაკეთება, რომ როგორმე აქ, ჩვენთან ვამშობიაროთ.
- კარგი იქნებოდა მასე! - თავი დაუქნია ელზამ და გულზეც მოეშვა, რადგან აშკარად მოეწონა მაკას იდეა.
- ნუ ბოლოს და ბოლოს, მართლა გავუკეთებ შეღავათს და მე მაინც არ ავიღებ ჩემს კუთვნილ ხელფასს!
- მშვენიერია, მაკა ექიმო! - ტაში შემოჰკრა ელზამ.
- რა არის მშვენიერი? - ცინიკურად აღნიშნა მაკამ. - მე რომ ჩემს ხელფასს არ ავიღებ?
- არა, მაკა ექიმო! - შეიცხადა ელზამ. - ეგ არც მიფიქრია, უბრალოდ....
- ჰო, კარგი. კარგი! - გაეცინა მაკას.
ელზა გაყუჩდა, თავს საშინლად უხერხულად გრძნობდა, ასე სულელურად როგორ მომივიდაო, მაგრამ მაკამ მაინც ხუმრობაში გაუტარა ეს მორიგი სიშტერე და მაშინვე დაუყვავა:
- ახლა შენ რომ იცი, ისე უნდა იმოქმედო. - თბილი და სანდომიანი ხმით დაიწყო მაკამ.
- დიახ, მაკა ექიმო! - ელზამ მაშინვე თავი დაუქნია.
- შეგიძლია იმ შენს დაქალს, ამ აქციის შესახებ, ისე სასხვათაშორისოდ ჩააწვეთო...
- ჩემი შვილის დაქალის დედას. - დაუკონკრეტა ელზამ.
- ჰო, ნუ ვინც არის.
- მერე გამოვა ნეტა? - ვეღარ ითმენდა ელზა.
- და მერე ვნახოთ! - თავი დაუქნია მაკამ. - სავარაუდოდ უნდა გამოვიდეს, თუ ასეთი გაჭირვებული ოჯახია, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად წამოეგება!
- და ნამდვილად არ გაუშვებს ამ შანსს! - დაასკვნა ელზამ.
- თვეში ერთხელ, მხოლოდ ერთ ხელმოკლე ოჯახზე ვრცელდება ეს აქცია. - განაგრო მაკამ ელზას დარიგება. - და იმასაც ხაზი გაუსვი, რომ ზოგი, ლამის წინასწარ არის რიგში, იქნებ, როგორმე მას მოუწიოს-თქო.
- მშვენიერი აზრია! - მოუწონა ელზამ.
- არა, არა\! - თავო გააქნია მაკამ.
ელზა კვლავ თვალდაჭყეტილი მიაჩერდა. ასეთი მართლაც მშვენიერი აზრი იყო და მაკას რატომღაც უკვე აღარ მოსწონდა.
- თვეში ერთხელ, ცოტა არარეალურად ჟღერს. - ჩაფიქრებული ხმით აღნიშნა მაკამ.
- მაშინ, კვარტალში, ერთხელ! - ომახიანად ჩაურთო ლარამ.
- ჰო, ჰო! - კვერი დაუკრა მაკამ. - ეგრე სჯობს
ელზამ ამაყად შეიფერა იდეა.
- შეეცადე, ისე დააინტერესო, რომ ზედმეტი ხვეწნა-მუდარაც არ გამოგივიდეს და თუ ჭკუაში დაუჯდა, აი მაშინ ეტყვი, რომ თქვენი შვილების მეგობრობის ხათრით, როგორმე ჩაუწყობდი და თუნდაც სხვის მაგივრად, მას შევახვედრებდით ახლა ამ აქციას.
- გენიოსი ხართ! მაკა ექიმო! გენიოსი! - აღფრთოვანებას ვერ ფარავდა ელზა და სულ ფრთებ შესხმულმა დატოვა იქაურობა.
- როგორც იქნა. - ამოსუნთქა მაკამ. ფანჯარასთან მივიდა და ეზოს გადახედა.
ბოლოს დროს არაერთხელ დაიჭირა საკუთარი თავი, რომ თითქოს, რაღაც მელანქოლიამაც შეიპყრო, რაღაც აფორიაქებდა. ზოგჯერ, ამ სარფიანი საქმეების მოკვარახჭინებაც უკვე ლამის ყელში ჰქონდა ამოსული. მერე თითქოს რაღაც ანაღვლებდა კიდევაც, მაგრამ რა? რა უნდა ჰქონოდა მაკას საწუწუნო, ან ასე სადარდებელი?
კარგი სამსახური, სახლ-კარი, თუ ფინანსები?
აგერ როგორ ულამაზესი და უჭკვიანესი ბიჭი ეზრდება. ნიჭიერი, ზრდილობიანი, სპორტის მოყვარული, დედას როგორ პატივს სცემს და როგორ უყვარს. მართალია ამ ბოლო დროს, ცოტა სიზარმაცეც შეეპარა და თითქოს სწავლის გაგრძელებაზე აღარც კი ფიქრობს ბიჭი, მაგრამ ესეც დროებითია. გაუვლის.
იქნებ, შეყვარებულია?
- სიყვარულს ვაჩვენებ მაგას! - მაკამ ღიმილით გააქნია თავი. - ჩემს ნაფერებ ბიჭს ვინმე მათხოვარი არ აეკიდოს, თორემ დედაბუდიანად გავაქრობ!
ამ ხმამაღალ ფიქრებში მაკა მობილურს დასწვდა და კუსუს შეეხმიანა. ბიჭმა ჩვეული თბილი ხმით უპასუხა. მაკაც მოლბა, უკვე აღარც ბრაზობდა თავისავე ნაფიქრალზე და იმ არარსებულ კუსუს შეყვარებულზე.
ექსგუმაციის დღეც დანიშნული იყო. ლარაც ემზადებოდა სასაფლაოზე ასასვლელად, მაგრამ ოჯახის წევრებისგან კატეგორიული უარი მიიღო.
- არავითარ შემთხვევაში! - შუბლი შეკრა მამამ. - წავალთ ჩვენ, მარტო კაცები! ქალები დარჩებით სახლში!
- რა არის ეს? - არ ეპუებოდა ლარა. - რა პატრიარქატია?!
- მამაშენი მართალია! - მხარი აუბა დედამ. - დღეს მეც ვრჩები სახლში, თქვენთან ერთად!
ლარამ გაბუტული სახით ახლა დეტექტივს გახედა:
- დათ! შენ მაინც...
- მორჩი რა ახლა! - არ აცალა სიტყვის თქმა ლარას ძმამ და ისეთი სახით შეუტია, რომ არათუ ლარამ, დეტექტივმაც კი ვერ ამოიღო ხმა. - მივდივართ მხოლოდ კაცები და ქალები რჩებით სახლში!
ლარა საშინლად მოიღუშა.
რძალმა ნუგეში სცადა:
- გაფიქრებაც კი მზარავს, რომ წარმოვიდგინე იქ რა სიტუაცია იქნება და შენი თვალით რომ შეხედავ ამ ყველაფერს, მერე გონზე როგორ უნდა იყო?
- ლარა! - ისე შეუტია დედამ, რომ ლარა ადგილზე შეხტა. - საფლავი უნდა გათხარონ ამოიყვანონ და გადაიყვანონ ექსერტიზაზე და ამ ყველაფერს, შენი თვალით უნდა უყურო! ეს გინდა?!
ლარა ნირწამხდარი იჯდა. ოჯახის წევრები მართლები იყვნენ. სულაც არ იყო საჭირო, კვლავაც ამდენი სიმძიმე გადაეტანა მის სულს, ისედაც რამდენ რამეს გაუძლო, მაგრამ გული არ ეთმობოდა. ერთი პერიოდი ისიც კი იფიქრა, ჩუმად გავიპარები, ფანჯრიდან გადავძვრებიო, მაგრამ მისდა სასიკეთოდ, თუ საუბედუროდ, სხეული ისე ჰქონდა დამძიმებული, რომ ტანიც კი ვერ წამოსწია სკამიდან. იჯდა და ელოდა ასე გახევებული.
ლოდინს კი ბოლო არ უჩანდა და როგორც იქნა, უკვე საღამო ხანს კაცებიც დაბრუნდნენ. პირველად მამამ შემოაღო კარი, მას უკან დეტექტივი და ძმა მოჰყვა. ლარა კითხვის თვალით მიაჩერდა სამივეს. არც ერთმა ხმა არ გასცა. მხოლოდ ძმა ადუდღუნდა ძალიან მშიაო და ცოლმაც მაშინვე ვახშამი შეაგება.
ჩვეულებრივ ვახშმობდნენ. თითქოს განგებ, სულ სხვა თემებზე საუბრობდნენ. ლარა პირს ვერაფერს აკარებდა და რატომღაც მართლა, არც არავინ აქცევდა ყურადღებას. ბოლოს უკვე მოთმინების ფიალა აევსო და თავისი ცარიელი თეფში გვერდით მოისროლა. მსხვრევის ხმაზე ყველა გაყუჩდა და მას მიაჩერდა.
- რა იყო?! - დედამ შუბლშეკრულმა შეუტია.
- აჰ! სერვიზის თეფში დაგენანა? - ცინიკურად აღნიშნა ლარამ.
დედამ მაშინვე თავისი, ულუფიანი თეფში ლარას მსგავსად შეანარცხა კედელს. ლარა შეცბა.
- კარგია ეს?! - არც ცხრებოდა დედა. - მოგწონს ასეთი ქცევა?!
- მართლაც, მთელი სერვიზი ნუ დაგვალეწეთ თავზე! - ახლა მამამ შეუტია. - თქვენ თუ არ გშიათ, ჩვენ მაინც დაგვაცადეთ! და სტუმარს ეცით პატივი! შეგვარგეთ ლუკმა!
მამამ კვლავ ჭამა განაგრძო. მას არც ძმა ჩამორჩა, მხოლოდ დეტექტივი ჯერ კიდევ ატრიალებდა ჩანგალს ხელში.
- ლარა, მომისმინე. - მშვიდი ხმით დაიწყო დეტექტივმა. - მოსაყოლი ჯერ არაფერი, რადგან ექსპერტიზის პასუხს უნდა დაველოდოთ.
ლარამ უხმოდ დაუქნია თავი და ცალყბად გაუღიმა. ამ ღიმილმა კი საერთო დაძაბულობა მოხსნას. რძალი ღიღინით წამოფრინდა და ახალი თეფშები ჩამოურიგა მულს და დედამთილს. ქმარმა მაშინვე შეაქო და ჰაეროვანი კოცნაც გაუგზავნა.
- ისევ შენ, ჩემო სიცოცხლევ! თორემ სხვებმა, დაგვალეწეს თავზე ყველაფერი და ლამის მშივრებიც დაგვტოვეს.
ასეთმა თბილმა მიმართვამ საერთო მხიარულება გამოიწვია. ახლა უკვე ყველა ღიმილით შეჰყურებდა ერთმანეთს და ვახშამიც, როგორც იქნა, მშვიდად დასრულდა.
არც შემდეგ დღეებს მოუტანია ლარასთვის დიდი სიხარული. ყოველ დღე ერთმანეთის მსგავსი იყო და ლოდინს ბოლო არ უჩანდა. დროდადრო იმ ბიჭზე ფიქრობდა, კიბის საფეხურიდან გადაფრენილი ლარა რომ აიტაცა ხელში.
„ამიტაცა? თუ უბრალოდ, ხელი შემაშველა?
ნეტა მართლა, ვინ იყო?
ჰმ, იმ წუთას, როგორი დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემს ძმას ვეჭირე ხელში.“
ათასგვარი ფიქრები მოაწვებოდა ლარას და მალევე უკანვე აგდებდა. მერე რამდენჯერმე შენიშნა კიდეც მსგავსი ბიჭი ხან ეზოში, ხანაც ქვემოთ ფოიეში, თუმცა მიახლოებისთანავე უკვე ჩანდა, რომ ეს ის არ იყო და ვინ ის? მისი ძმის ყმაწვილობის ასლი? ჰმ სასაცილოდაც კი ჟღერდა...
„და იქნებ, ჩემს ძმას ჰყავს კიდევ სხვაგან შვილი? და გვიმალავს? ან იქნებ თავადაც არ იცის?“
ლარას ბევრიც აღარ უფიქრია, მაშინვე ძმას შეეხმიანა და სასწრაფოდ მისვლა სთხოვა. ძმამ სიცილით აღნიშნა, რა სამშობიაროში მიბარებო.
ძმის შესახვედრად, სამშობიარო სახლის გვერდითა მდებარე კაფეში, ლარა ისე თავქუდმოგლეჯილი გამოვარდა სამსახურიდან, რომ არც არავისთვის არაფერი უთქვამს.
წესიერად ყავაც არ შეარგო ძმას, იმდენი შეკითხვები მიაყარა. ის კი იფიცებოდა. მხოლოდ ეს სამი შვილი მყავსო.
- იქნებ, გააჩინა ვინმემ და დაგიმალა? - არ ცხრებოდა ლარა.
- ეგ უკვე გამორიცხულია! - კატეგორიულად უარყოფდა ძმა. - რადგან, როგორც შენ ამბობ მინიმუმ მოზარდი მაინც უნდა იყოს და ამდენი წელი, თუ მიმალავს ვინმე, ფულის გამო მაინც შემეხმიანებოდა, ან ოჯახის დანგრევასაც შეეცდებოდა.
- და იქნებ, არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ასე მოქცეულიყო? - უკან არ იხევდა ლარა.
- არ ჩათვალა და ნუ ჩათვალა! - უკვე გული მოსდიოდა ძმას.
ლარამ უხმოდ აიჩეჩა მხრები.
- და ჩემი შესვენებაც, რა ხანია უკვე დასრულდა. - ძმა წასასვლელად მოემზადა.
ლარამაც ზლაზვნით დატოვა კაფე.
სამსახურში მიბრუნებულს უამრავი საყვედური დახვდა. თუნდაც, ის რომ ასე უკითხავად და გაუფრთხილებლად გავიდა.
- მაკა გიჟს გავს! - უკმაყოფილოდ მოახსენა ექთანმა.
- სხვას ამ დროს უკვე სამსახურიდან დაითხოვდა და შენ რაღაც ზედმეტად გეფოფინება და გელოლიავება. - ახლა მეორემ წაკბინა.
- მე? - გაუკვირდა ლარას.
- ჰო, შენ! - ჩაურთო ექთანმა.
- ჩვენ კი გვესმის, შენი გავლენიანი ოჯახის წყალობით, ასე ადვილად სამსახურს არ დაგაკარგინებს, რადგან მაკასაც თავისი გათვლები აქვს, მაგრამ შენ რაღატომ იქცევი ასე, რომ სხვების სალაპარაკო გახდეს.
- და რა შუაში აქ გავლენა და ოჯახი? - იწყინა ლარამ. - ნუთუ ასეთ ცუდი თანამშრომელი ვარ? უვიცი და უყურადღებო ექიმი? თუ გგონიათ, რომ ფულით მაქვს დამთავრებული და ნაცნობობით დიპლომი აღებული?!
- არა, ეგ არც გვიფიქრია. - უკან დაიხია ექთანმა.
- აბა? - კოპებშეკრული ჩაეკითხა ლარა.
- ასეთი ქცევისთვის, სხვას გააგდებდა აქამდე და შენ, რატომღაც სულ გინდობს და ხელს გაფარებს.
- და რა მჭირს, ვინმეს ხელის დასაფარებელი? - ახლა უკვე მართლაც გაბრაზდა ლარა. - თუ ის, რომ მხოლოდ ერთადერთხელ გავხდი ცუდად და ლამის კიბიდან დავგორდი?
ექთნებმა დამნაშავესავით აიჩეჩეს მხრები. ლარა მართალი იყო. სხვა დროს ყოველთვის ფხიზლად და ყურადღებით ექცეოდა პაციენტს და ერთხელ ცუდად ყოფნა, მართლაც რა იყო ასეთი?
- ნუ დღეს, მართალია ძალიან ცუდად მოვიქეცი და არ მეპატიება, მაგრამ გოგოებო, ისეთი რამ გავიგე...
- რა გაიგე? - ერთხმად ჩაეკითხა ორი ხმა.
- პრინციპში კი არ გავიგე და სიმართლე სულაც არ ყოფია. - ენის ბორძიკით დაიწყო ლარამ. რაღაც უნდა ეღონა, ისეთ რამ უნდა ეთქვა, რომ ეს ორი ქალი მაინც დაეშოშმინებინა, ასე თავს რომ დააცხრნენ.
- და რა არ ყოფილა, სიმართლე? - ვეღარ ითმენდნენ ექთნები.
- ჩემს უფროს, დაოჯახებულ ძმაზე, ვიღაც ოჯახის დანგრევას ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა! - როგორც იქნა, მოახერხა ლარამ ტყუილის გამოცხობა და უამრავი კითხვებიც დააყარეს, როგორ? რანაირად? რატომ?
- შვილები ჰყავს შენს ძმას?
- ჰყავს და თანაც, სამი. - მიუგო ლარამ. - ეს ვიღაც ქალი კი ემუქრებოდა, შენგან მყავს შვილიო და თუ არ აღიარებ და წილს არ მისცემო, ოჯახსაც დაგინგრევო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, რადგან როცა დნმ-ს ანალიზზე მიდგა საქმე, ეს ქალი საერთოდ დაიკარგა.
- უი, ზოგი რა ტუტუცია...
და კიდევ უამრავი მსგავსი რამ მოისმინა ლარამ, ვიღაც არარსებული ქალის გალანძღვით, თუმცა უკვე ყურადღებასაც აღარ აქცევდა მათ. მერე ღიმილით აიჩეჩა მხრები და მაკას კაბინეტისკენ გასწია. როგორ და რანაირად უნდა ემართლებინა თავი არც კი იცოდა, მაგრამ ბოდიშს მაინც მოუხდიდა, ასეთი უპასუხისმგებლო საქციელისთვის.
მართლა უკვირდა. რატომღაც მაკა თურმე, თავს ევლებოდა რისთვის? არაფერი მსგავსი არ შეუმჩნევია. თითქოს ვითომ ცდილობდა ლარასთან დაახლოებას, თანაც მაინც რაღაც გარკვეულ დისტანციასაც იცავდა. ლარას კი, სულაც არ ანაღვლებდა მაკას განზრახვები, ისედაც გრძნობდა, მაკა რაღაც-რაღაცეებს მართლა ჩალიჩობდა, მაგრამ ზუსტად რას? ამაზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა.
- მაკა ექიმო, დიდ ბოდიშს გიხდით, ასე უეცრად რომ გავუჩინარდი. - დიდი მოწიწებითა და რიდით შეაღო ლარამ მაკას კაბინეტის კარი. მერე შენიშნა, რომ სავარძელში, მაკას პირდაპირ ვიღაც იჯდა და უკან გასვლა დააპირა, მაგრამ მაკამ შეაჩერა.
- შემოდი, შემოდი. - უკმაყოფილოდ მიმართა მაკამ. - გეთქვა და ისე წასულიყავი, ასე უცებ გაპარვა რა იყო?
- სასწრაფოდ ქვემოთ გელოდებიო დამირეკა ჩემმა ძმამ... და... ჩემი ძმა...
ლარას სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული, რომ სავარძელში მჯდარი ახალგაზრდა ყმაწვილი წამოდგა და მისკენ მობრუნდა. ლარა გაფითრდა, ბიჭი საოცრად ჰგავდა მის უფროს ძმას, სწორედაც რომ ზუსტად ამ ასაკში. ბიჭმა კაბინეტიდან გასვლა დააპირა, რომ ამ დროს ლარას მუხლები მოკვეთა და ისევ ეს ბიჭი, რომ არ მიშველებოდა, იქვე იატაკზე მოადენდა ზღართანს.
LEX. 2024 წლის 30 ოქტომბერი, ოთხშაბათი.
%20(1).jpg)
No comments:
Post a Comment