Sunday, March 23, 2025

უკვალოდ არ ჩაივლის 175

175.
დასასრული
პიპას ერთი სული ჰქონდა სანამ ჩუკის სანახავად მივიდოდა. მანქანიდანაც მკვირცხლად ჩამოხდა. ლიფტს აღარც დაელოდა, ისე აირბინა სამი სართული, მაგრამ პალატასთან მისვლისთანავე ლამის მუხლები მოეკვეთა, სუნთქვა შეეკრა, ნაბიჯის გადადგმა ვეღარ შესძლო. იდგა ასე გახევებული, თუმცა წუთიც კი არ იყო გასული, მაგრამ მაინც საუკუნედ მოეჩვენა. მერე გონება მოიკრიბა, სახეზე ღიმილი მოირგეო და ასე წელში გამართულმა გადააბიჯა ზღურბლს. მიუხედავად იმისა, რომ პირბადე ეკეთა, მაინც შესვლისთანავე რაღაც უცნაური სუნი იგრძნო და წამსვე გაუელვა, აბა საავადმყოფოში მეტი სხვა რა სუნი უნდა იდგესო, მაგრამ მაშინვე შეცვალა აზრი, ეს რაღაც სულ სხვა სუნი იყო, საკმაოდ ნაცნობი და რაღაც სხვა რაღაცის, რომელიც გაუგებარიც იყო, თუ საიდან მოდიოდა.
პიპამ მომაკვდავ მეგობარს შეავლო თვალი. ჩუკი თვლემდა, მისი შემოსვლა არც გაუგია.
- ახლახან გაუკეთეს ნემსი. - დედამ ჩურჩულით ანიშნა. - უკვე მესამედ და არ იცის რომ მორფია...
- არ უნდა რომ გაუკეთონ? - ჩურჩულითვე ჰკითხა პიპამ.
დედამ უხმოდ გააქნია თავი და მერე ისევ დაბალი ხმით წაიჩურჩულა:
- იმდენად საშინლად ძლიერი ტკივილები დაეწყო, ძილის საშუალებასაც აღარ აძლევს. იქნებ, ასე ცოტა მაინც წაიძინოს...  
„ალბათ ამიტომაც არის ასე ძილ-ბურანში“.
გაივლო პიპამ.
- მთელი დღეა არაფერი უჭამია. - ამოიხვნეშა დედამ.
- თავისთავად, მადაც არ ექნება. - დაურთო პიპამ.
- მხოლოდ, ორი ნაჭერი ნესვით გაისველა პირი... - დედას ცრემლები მოერია. - არ უნდა, რომ შემაწუხოს, წამოდგომაც საშინლად გაუჭირდა. გუშინ საპირფარეშოში ზურგზე მოვიკიდე, ისე შევიყვანე.
- ნესვი, თუ ესიამოვნა, ახლავე გავალ და მოვუტან. - პიპამ მეტი ვერაფერი მოიფიქრა, ან რით უნდა ენუგეშებინა, მომაკვდავი შვილის დედა.
- ხილის მეტი, რა გვაქვს, შვილო. - მიუგო დედამ. - არაფერს გვაკლებენ. ტორტებიც კი მოუტანეს მეგობრებმა, ნეტა ჭამდეს მაინც. სულ პალატებში ვარიგე, მადლია. აქ იმდენი პაციენტია და ძალიან ცოტას თუ ჰყავს ამდენი ახლობელი და მეგობარი. ასე ერთგული და კეთილი.
პიპა ხმას ვერ იღებდა. მხოლოდ უხმოდ უქნევდა თავს.
- შეყვარებულიც, როგორი ოქრო გოგოა. - დედამ ამოიხვნეშა. - ამაში მაინც გაუმართლა ჩემს ბიჭს, უსიყვარულოდ და უმეგობროდ არ მიდის ამ ქვეყნიდან.
- სიყვარული ძლიერია. - ჩურჩულით მიუგო პიპამ. - და ლამის ყველაფერს ერევა და ხშირად დაუმარცხებელიც, მაგრამ იქ სადაც ბოროტი ხელი ფიზიკურად ჩაერევა... - პიპა გაჩუმდა.
- მივხვდი, რასაც გულისხმობ. - დედამ ნაღვლიანად დაუქნია თავი. - ღმერთო... ოჰ, როგორ არ მინდოდა! როგორ არ მინდოდა ოპერაციის გაკეთება, მაგრამ თვითონ დაიჟინა. ბარემ მოვიშორებ და მერე ვიქორწინებო.
- თუ ასე ძლიერ აწუხებდა, თავისთავად სწორადაც იფიქრა, მაგრამ თითქოს არც არაფერი ეტყობოდა, ისე ჯანმრთელად გამოიყურებოდა.
- ცოტა მხარს იტკივებდა ხშირად. ხან მეტად, ხან უფრო ნაკლებად. ეგონა გამიცივდაო. ექიმებს როცა მიმართა, თითქოს არსად არაფერი ჰქონდა, ყველა პასუხი კარგი იყო და იქ ერთ-ერთ ექიმთან ახსენა თუ არა, რომ ადრე ონკო პაციენტი იყო და ოპერაციის შემდეგ განიკურნა, მაინც მაშინვე ონკოლოგიურში გააგზავნეს გადასამოწმებლადო და იქიდან დაიწყო ჩვენი უბედურება. აი მანდ დაგვღუპეს. - დედამ მძიმედ ამოიხვნეშა და განაგრძო. - ცხრა საათი ჯიჯგნა ჩემი შვილი... სიამაყით მომახსენა, რომ ასეთი ძლიერი ოპერაცია, ჯერ არც კი ჩაუტარებია. თურმე პირველად გააკეთა ასეთი რთული რამ და თანაც, იქ გულზეც შევნიშნე პრობლემაო და მერე გულის ოპერაციაც გავუკეთეო.
- რაა? - გაოგნდა პიპა. - ეგ როგორ შეიძლება? არც უნდა გაებედა! რადგან აუცილებლად უნდა მოეწვია კარდიო ქირურგი, იქვე! ან მისი თანდასწრებით, ან მისი მონაწილეობით უნდა ეხლო გულზე ხელი. ეგ უკვე კრიმინალია! - პიპამ ტუჩი მწარედ მოიკვნიტა. - მაგრამ მერე ოპერაციაში გადახდილი თანხის გაყოფა მოუწევდა და სწორედ ეგ უკვე აღარ აწყობდა, ჰმ.
- რა უნდოდა, გულთან მაინც, რა?..
- და ახლა? ახლა რა პასუხი გაგცათ იმ ქირურგმა? - პიპამ მუშტი შეკრა. - ასეთი შედეგით, კმაყოფილია? თუ ორგანიზმმა ვერ გადაიტანაო?
- რა პასუხი? ან ვინ გვაღირსა პასუხი საერთოდ. - დედამ ამოიკვნესა. - არც კი იკადრა მოსვლა, ეგ უკვე ჩემი პაციენტი აღარ არისო და რასთან დაკავშირებით უნდა მოვიდეო?
- რა ვქნა? რა გავაკეთო? – პიპას თვალები აევსო. - რომ ვიცოდე, ეშველება ამ ბიჭს ახლავე, ჩემივე ხელებით მივახრჩობდი იმ ქირურგს!
- ასეთი გარეწარი ხალხის გულისთვის არც კი ღირს ციხეში წასვლა. - დედამ ნაღვლიანად გადახედა პიპას. - ყველას თავისი მოეკითხება, ადრე თუ გვიან.
- მართლა მოვაძრობდი თავს, რომ ვიცოდე ეშველებოდა ჩუკის, ხელებს დავაჭრიდი ძირში, რომ აღარასდროს დაეღუპა კიდევ ვინმე!
- მეც მოგეშველებოდი  და ყველაფერს ჩემს თავზე ავიღებდი, მე წავიდოდი ციხეში, ნეტა მართლა ასე რომ ეშველებოდეს ჩემს ბიჭს.
- ნეტა მართლა... - ამოიხვნეშა პიპამ და მერე დედას ძალიან დაბალი ხმით სთხოვა, ცოტა მასაც დაესვენა და თვითონ იქვე საწოლთან უფრო ახლოს ფრთხილად ჩამოჯდა.
- არსად მეჩქარება. დილამდე დავრჩები.
- მერე სოფელში როდისღა ჩახვალთ, შვილო?
- გვიან ვაპირებთ. - მიუგო პიპამ. - მიმიც ცოტა აქაურ სახლს მიხედავს. დიმეოც უფრო მეტ დროს გაატარებს მონატრებულ ძანესთან.
- ფიფო, როგორ არის? მიმის ვეღარც ვკითხე...
- ისევ ისე. - ჩურჩულით მიუგო პიპამ. - არაფერი ახალი.
- ღმერთო ჩემო, რა დაემართა ამ ახალგაზრდა ბიჭებს, ასე ხელიდან როგორ უნდა გვეცლებოდნენ. - ამოიკვნესა თვალცრემლიანმა დედამ.
- ყველაზე კეთილები, სათნო და ყველაზე უბოროტო ხალხისთვის ტანჯვაა დედამიწაზე ყოფნა და რატომ?.. არავინ იცის... ამაზე პასუხი, არ არსებობს! - პიპამ მძიმედ ამოიხვნეშა. პალატას თვალი მოავლო. ის უცნაური სუნი უკვე აღარ სცემდა, სადღაც ჰაერს შერეოდა.
„ან სულაც მე შევეგუე. საავადმყოფოს სულთამხუთავ „სურნელს“ და უკვე ისე ძლიერ აღარ მიღიტინებს ჯერ ცხვირში და მერე ტვინში...
ჰმ. მშვენივრად გავრითმე, იქნება და ლექსის წერაც დავიწყო ამ სიბერეში.
გავაფრინე მგონი...“
პიპამ კვლავაც მძიმედ ამოიხვნეშა და თვალები მილულა. მოულოდნელად ისევ წამოვიდა ის უცნაური სუნი და უკვე იმდენად ძლიერ შეაწუხა, რომ პალატას ახლა უფრო დაკვირვებით მოავლო თვალი.
„რისგან შეიძლება მოდიოდეს?
არა, არა! წამლების სუნი სულ სხვაა. კლინიკაში სანამ ფეხს შემოდგამ, უკვე მანამდეც იგრძნობა, მაგრამ ის რაღაც სუნია თუ სურნელი, მხოლოდ აქ მცემს, თუმცა ჩუკის საწოლიდან კი არ მოდის, არამედ სადღაც ზემოდან... ზემოდან... ჰაერში ტრიალებს.“
ვერაფერი გაეგო. თითქოს იდგა ის რაღაც უცნაური სუნი და თითქოს არა. იმასაც კი ვერ მიხვდა, თუ ასე ძლიერ რატომ განიცდიდა ამას. მერე საკუთარ თავზე მოუვიდა ბრაზი, რა დროს ეგ არის, ან მეც რას ავიკვიატე ეს სუნიო. მერე ისევ იმ აზრით დაიმშვიდა თავი, რომ აბა საავადმყოფოში მართლა ია-ვარდის სურნელი ხომ არ იქნებოდაო. ფიქრებმა ყვავილების სურნელებისკენ გაიტაცა. ისიც გაიხსენა ბავშვობაში ერთმა ყვავილმა, თუ როგორ საშინლად აატკივა თავი, როცა აღმზრდელმა სასადილოს გალამაზება სცადა. ყოველ მაგიდაზე ლარნაკში რაღაც ყვითელ ბურთულებიანი თაიგული იდო. შორიდან ძალიან ლამაზად ჩანდა, მაგრამ სასადილოში შესვლისთანავე, მისმა სურნელმა ცხვირში არასასიამოვნოდ შეუღიტინა, ჯერ შუბლი აატკივა და მერე მთლიანად თავი და ჭამის მადაც დაკარგა.
„რა ერქვა იმ ყვავილს?...
ჰო, მიმოზა.
ისე, ალერგიული არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ახლაც მახსოვს ის ცუდი განცდები.
და იქნებ, ვიყავი კიდეც ალერგიული და არც კი ვიცოდი?
ჰმ, სად მყავდა პატრონი...“
პიპა ბავშვობის მოგონებებიდან ახლა ისევ ყვავილებს გადასწვდა.
„მიმოზა... მიმოზა... არასდროს მომწონდი მიმოზა... მიმოზა... მიმი... მიმი...
მიმის იასამნები უყვარს! ჰაჰ! აი ვარდი, რამდენადაც ლამაზია, იმდენად მეტად მდიდრული სურნელი აქვს, მაგრამ მიმის კი მაინც იასამნები უყვარს...
იასამანი, ვარდი, მიხაკი... მიხაკი... მიხაკი!
მიხაკი! ჰო! მიხაკი! ზუსტადაც, რომ მიხაკების სურნელი დგას აქ, ამ პალატაში, მაგრამ ვერსად მოვკარი თვალი.
ეს იმ მიხაკის სურნელია, რომლითაც სამგლოვიარო გვირგვინებს კრავენ... მგონი, რაღაცას ასხამენ კიდეც, რომ ადვილად და დროზე ადრე არ გაფუჭდეს, რადგან... რადგან... მიცვალებულისთვის არის...
ჰო, ჰო! ბაბუსთანაც სწორედ ეგ სუნი შევნიშნე, ჯერ კიდევ მაშინ, სანამ... არც ერთი ყვავილიც კი არ იყო მოტანილი, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და სწორედ მაშინ ამეკვიატა პირველად და ცხვირში საშინლად მიღიტინებდა ეს რაღაც ნაცნობი და ცოტაც უცნაური სუნი.
მერე დიდხანს... დიდხანს ვეღარ ვიშორებდი. რამდენი ბაბუ გამახსენდებოდა, იმდენი ის მისი გარდაცვალების წინა შეგრძნება მახსოვდა, რომელსაც სწორედ ეს სურნელი მაუწყებდა... რაღაც ბალზამის... მახსოვს, გვამის სურნელიც კი შევარქვი...
ღმერთო ჩემო! ახლაც იგივე... იგივე...
არ მოკვდე, რა ჩუკ! გთხოვ! არ მოკვდე! ჩუკ! ჩუკ!“
- მეძახდი?.. - წამოიჩურჩულა ჩუკიმ.
პიპა შეცბა. ნამდვილად დარწმუნებული იყო, რომ ხმა არ ამოუღია.
- დამესიზმრე... მეძახდი...
- მე დაგესიზმრე? - გაუღიმა პიპამ. - აბა მე რა დასასიზმრებელი ვარ?! - ახლა უფრო მეტად გაიკრიჭა პიპა.
ჩუკიმ არაფერი უპასუხა. წუთით სიჩუმე ჩამოვარდა. პიპაც ვერაფერს ეკითხებოდა. ჩუკი ჭერს მიშტერებოდა და მერე უცებ დაბალი ხმით, ლამის ჩურჩულით დაიწყო.
- სამი კაცი... სამი კაცი საუბრობდა...
პიპა დაიძაბა. რას ჰყვებოდა ჩუკი ვერ ხვდებოდა, მაგრამ არაფერი ჰკითხა.
- სამი კაცი ერთმანეთში საუბრობდა. - განაგრძო ჩუკიმ. - რაღაცას ბჭობდნენ...
- ვინ იყვნენ? - შეეკითხა პიპა. - იცნობდი?
- არც სიზმარში ვიცნობდი და არც ცხადში ვიცი ვინ არიან. - მიუგო ჩუკიმ. - სახეზეც არ მახსოვს, თუ როგორები იყვნენ... სამი კაცი ერთმანეთში ბჭობდა და იმ სიზმარში კი ვიცოდი, რომ ჩემზე.
- ესე იგი, ჭორიკნები დაგესიზმრა, არა? – პიპამ ხუმრობა სცადა.
- რაღაც არ ჰგავდნენ თანამედროვე ხალხს. - კვლავ განაგრძო ჩუკიმ.
- ესე იგი, ძველ დროში გადასულხარ. - ღიმილით დაურთო პიპამ. - რენესანსი იყო, თუ?
- არა, არა. - ცალყბად გაუღიმა ჩუკიმ. - უფრო იქით... უფრო შორეული... რაღაც ჯვალოს მოსასხამებიანი სამი კაცი, რაღაცას ბჭობდა...
„სამი კაცი... უსახო და ჯვალოს მოსასხამით... სამი კაცი... სამი... სამი... სამება...
სამება ნახე ჩუკ? და შენზე ბჭობნდნენ?...“
გაუელვა პიპას, მაგრამ ხმა ვერ ამოიღო. მშვენივრად მიხვდა ჩუკის ეს სიზმარი თუ ხილვა, რასაც მოასწავებდა.
- რომელი საათია? - იკითხა ჩუკიმ. - ან საერთოდ რა დროა?
- ჯერ გათენებამდე კიდევ დიდი დროა.
- და შენ აქ ამ დროს, რატომ ხარ?
- თუ გინდა, წავალ? - ღიმილით ჩაეკითხა პიპა.
- ჰმ, არა, არა! - ღიმილითვე მიუგო ჩუკიმ. - უბრალოდ, ხომ მშვიდობაა? ფიფო?..
- ისევ, ისეა. - ამოიხვნეშა პიპამ. - მგონი, შენს ჩამოსვლას უცდის, რომ თვალი გაახილოს და წამოდგეს.
- ჰმ... ჩემს ჩამოსვლას... – ჩუკიმ თვალები მილულა.
არც პიპა იღებდა ხმას. ჩუკი მძიმედ სუნთქავდა და ისიც კი ვერ გაეგო, ეძინა თუ ეღვიძა. მოულოდნელად ჩუკიმ თვალები გაახილა და მაშინვე შეყვარებული მოიკითხა. დედამ კი უპასუხა. ჯერ ძალიან ადრეა შვილოო.
- დილის ოთხი საათია. - დაურთო პიპამ.
- ასე ადრეა?.. - წაიჩურჩულა ჩუკიმ და კვლავ თვალები მილულა.
ისევ სიჩუმე, რომელსაც ჩუკის საკმაოდ მძიმე სუნთქვა არღვევდა და ისევ ის რაღაცნაირი სუნი, რომელიც ასე ძლიერად მოქმედებდა პიპაზე.
„ესეც ორშაბათიც გათენდაა...“
გაუელვა პიპას.
„ჩემი წასვლის დროა. არ მინდა ვინმე ნაცნობმა რომ შემნიშნოს. მერე პირბადეც აღარ მიშველის.“
პიპა ის იყო, წამოდგომა დააპირა, რომ მოულოდნელად ჩუკის ხმა გაისმა.
- დედა, ამაყენე!
დედა მაშინვე წამოხტა და მიეშველა. მხრებთან შეუცურა ხელი, ჩუკიმ თავი გადაკიდა და დედის მკლავზე დალია სული.
დილის ათი საათი სრულდებოდა. პიპამ იქაურობა დატოვა.
მიმი უკვე სახლში მოუთმენლად ელოდა. უთენია აპირებდნენ გამგზავრებას, მაგრამ რატომღაც სანამ კარგად არ გათენდა, მანამდე პიპა არც გამოჩნდა.
გარეთ საშინელი ხვატი იდგა. სიცხისგან ბუღი ასდიოდა ქალაქს. მიმიმ მაშინვე ცივი ყავა მიაგება. პიპამ უაზროდ მიიტანა ჭიქა პირთან და მაშინ მიხვდა, რომ ჯერ კიდევ პირბადე ეკეთა. ამ ინციდენტზე, მიმის ყურებამდე გაეღიმა, პიპა კი, როგორც ყოველთვის ამჯერადაც სერიოზულად შეხვდა ასეთ სასაცილო მომენტს და მიმის არც გაკვირვებია მისი ეს რეაქცია, თუმცა მალევე შენიშნა, პიპა სადღაც, ფანჯრის მიღმა ერთ წერტილს მიშტერებოდა და მთელი გონებით სულ სხვა ადგილას იყო.
წამში მიმის ათასი კითხვა გაუჩნდა, მაგრამ აბა, რა უნდა ეკითხა?
ისევ ცუდად არის, ჩუკი? და პასუხი იქნებოდა, ჰო, ცუდად არის, ან თუნდაც, ცოტა უკეთ არის? ანდა როგორ იქნებოდა უკვე უფრო უკეთ. ვერც იმას ჰკითხავდა, ნეტა რამდენი ხნის სიცოცხლე დარჩაო, აბა მაგას ზუსტად ვინ ეტყოდა.
- დიმეომ ორი დღე მაინც დამტოვეთ ძანესთანო და შენ რომ არც მომწერე და აღარც დარეკე, მეც აქეთ წამოვედი. ვიფიქრე...
- იფიქრე? კარგია, რომ იფიქრე. - პიპა წამოდგა და სააბაზანოსკენ გასწია.
მიმიმ მხრები აიჩეჩა და უკან მიჰყვა.
- თუ არ შეწუხდები, პირსახოცი მომიტანე, რაა... - დაბალი ხმით სთხოვა პიპამ.
- მანდ არ დევს? - გაიკვირვა მიმიმ და მაშინვე მოათვალიერა თაროები. - ალბათ მხატვარმა ყველა ზემოთ აიტანა ან გასარეცხია. თუმცა ზემოთაც უნდა იყოს და ადი მაშინ და იქ გადაივლე ბარემ, ფიფოს იმდენი რამ აქვს ახლები, ჩაუცმელები, შენ უფრო გერგება, ვიდრე მხატვარს.
- არ მინდა მხატვარი გავაღვიძო. მისთვის ჯერ ალბათ, არც გათენებულა. - თავი გააქნია პიპამ. - თანაც საძინებელი არეულიც ექნება და კვამლითაც გაბუღული.
- რას ჰქვია, გაბუღული? - შუბლი შეკრა მიმიმ. - კატეგორიულად მაქვს აკრძალული საძინებელში სიგარეტის მოწევა! მოვკლავ, ახლა მაგას! - მიმიმ ჩქარი ნაბიჯებით გასწია ზედა სართულისკენ, მაგრამ პიპას ხმამ შეაჩერა.
- ნუ მოკლავ! - პიპამ ამოიხვნეშა. - არ გვინდა, ამდენი სიკვდილი...
მიმიმ შეშფოთებული სახით გამოხედა პიპას, რომელსაც უკვე სახეზე ეწერა პასუხი. კიბის საფეხურზე დაეშვა და გულამოსკვნით ატირდა.
პიპა მდუმარედ აუყვა კიბეს. მხატვარს ისე არხეინად ეძინა, რომ პიპას შემოსვლა არც გაუგია. არც მაშინ გაუხელია თვალი, როცა სააბაზანოდან გამოსული პიპა მერე საძინებლის მოწესრიგებასაც შეეცადა.
მიმი ისევ კიბის საფეხურზე ჩამომჯდარი დახვდა, მაგრამ უკვე ხმამაღლა ვეღარ ტიროდა.
- დარჩი შენ აქ. - 
პიპა კიბეზე ნელი ნაბიჯებით დაეშვა. - აქ უფრო საჭირო ხარ. დიმეოს თუ უნდა წამოვიდეს. ანდა იყოს, დარჩეს ძანესთან ეს დღეები.
- კი მაგრამ სულ შენ როგორ მიწყვიტავ, ქალაქში დავრჩე, თუ სოფელში ჩავიდე? - გული მოუვიდა მიმის.
- სხვა ვარიანტი გაქვს რამე? - დინჯად მიუგო პიპამ.
მიმიმ უაზროდ აიჩეჩა მხრები.
- მაშინვე უკვე მივუსამძიმრე და არ არის მეტი საჭირო. - განაგრძო პიპამ. - ვერც პანაშვიდებზე ვერ გამოვჩნდები. არ მინდა იმდენ ხალხში ვიტრიალო. იცი შენ რატომაც. თანაც, გალეოსაც ხომ უნდა მიუსამძიმროს და გამოვუშვებდი ქირურგსაც აქეთ.
- როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მართალი ხარ. - ამოიხვნეშა მიმიმ. - უი, ისე ჩემებსაც მოუნდებათ პანაშვიდზე მისვლა. აბა მამიდაჩემი ქალაქში გასვენებას როგორ გამოტოვებს?..
- გალეოს გამოვაყოლებ, მაგაზე არ იდარდო. – პიპამ მანქანის გასაღები მოიმარჯვა.
- და ძანეს? - მიმიმ თვალები მოწკურა. - ძანეს როდისღა უნდა შეურიგდე?
- რას ჰქვია, შევურიგდე? - კოპები შეკრა პიპამ. - ნაჩხუბარი კი არ ვარ! უბრალოდ, არ მინდა გამოვჩნდე და მერე ისევ დავიკარგო და მერე უფრო მეტად გავუმძაფრო ბავშვს, ჩემს გამო მიყენებული ტკივილი.
- დიმეოს ერთი სული აქვს, სოფელში უნდა ჩამოვიყვანო ჩვენთანო. - მიმი წამით შეყოვნდა. - ძანე უკვე რა ხანია იმ ძველ სოფელს ვეღარ იტანს და ახლა ჩვენთან წამოვიყვანოთო და რა პასუხი გავცე უკვე აღარ ვიცი. - მიმიმ მხრები აიჩეჩა. - ხან რას ვიგონებ და ხან რას, მაგრამ როდემდე?
- როგორც კი ფიფო თვალს გაახელს, მაშინვე დავტოვებ იქაურობას.
- და რომ არ ადგეს ფიფო საერთოდ?
- მაგ შემთხვევაშიც გაგეცლებით, არ იდარდო.
- მე იმას ვდარდობ, რომ ძანე მეცოდება. - მიმიმ ნაღვლიანად გააქნია თავი. - დიმეო, როცა მივა, მაშინ თუ მოშორდება ფანჯარას, თორემ ისე საათობით ზის და დღემდე შენს მოსვლას უცდის.
პიპას სუნთქვა შეეკრა. ვერაფერი უპასუხა.
- წამოვიყვანოთ ამ ზაფხულს მაინც, შენებს მე გავაფრთხილებ, რომ არსად არაფერი წამოსცდეთ და გაიხარებენ ბიჭები ერთად. დიმეოსაც უკვე მობეზრდა სოფელში სულ უფროსებთან ერთად ყოფნა.
- განა მე არ მენატრება? - პიპას ხმა გაებზარა. - მაგრამ მამას რომ დამიძახებს, აი მაშინ, დიმეოს უკვე რა პასუხი უნდა გავცეთ? მე და შენ? როგორ ავუხსნათ, რომ... რომ...
- მომისმინე ახლა კარგად! - მიმის ხმა გაუმკაცრდა. - დიმეოს მე დაველაპარაკები, ავუხსნი, რომ ძანემ რაღაცით მიგამსგავსა მამამისს და მართლა მამა ეგონე, მხოლოდ...
- მხოლოდ? - ჩაეკითხა პიპა. - მხოლოდ, რა?
- მხოლოდ თქვენი შეხვედრის პირველი წუთები არ უნდა დაინახოს დიმეომ. არ უნდა შეგნიშნოს, თუ როგორ ჩაეხუტები და მოესიყვარულები და დანარჩენს კი ჩემს თავზე ავიღებ, მე დაველაპარაკები!
- მოვიფიქროთ კარგად, დავაწყოთ და როგორც უფრო აჯობებს ისე გადავწყვიტოთ.
- რა თქმა უნდა, ჩემი იდეა როგორც ყოველთვის, შენთვის არასდროს არის მოსაწონი და მისაღები. - იწყინა მიმიმ.
- შენ წარმოიდგინე, ამჯერად მშვენიერი იდეაა, მთავარია როგორ გაამართლებს და ჩვენც როგორ გამოგვივა ეს მორიგი თამაში.
- ჰმ, თამაში. - ირონიულად გააქნია თავი მიმიმ. - შენს გვერდით სულ რაღაცის მოფიქრება და თამაში მიწევს.
- მაშინ უთხარი დიმეოს სიმართლე და ეგ არის! - მკაცრად შეუტია პიპამ. - აღარ მოგვიწევს ამდენი თამაში და ამდენი ხალხისთვის თვალის ახვევა.
მიმი გაფითრდა, როცა წარმოიდგინა, თუ მართლაც, რა ამბავი მოყვებოდა, იმას რომ ის საიდუმლო, რომელსაც ამდენი წლებია ფიფოსთან ერთად ასე საგულდაგულოდ ინახავდნენ, რომ უცებ გაემჟღავნებინა. ყველა მხრიდან და ყველასგან სათითაოდ წამოვიდა უამრავი კითხვები, საყვედურები დედისგან, მამიდისგან, არც ფიფოს მშობლები იქნებოდნენ ნაკლებ გულნატკენნი, რომ გაიგებდნენ, რომ მათი პირველი შვილიშვილი, სულაც არ არის მათი...
- ღმერთო, ჩემო! -  მიმიმ ამოიკვნესა. - და შენ რას ფიქრობ, როგორ სჯობს? გავაგრძელოთ ასე ტყუილში ცხოვრება?
- ამჟამად ისეთი სიტუაციაა, რომ სჯობს ცოტა ხნით მაინც ენას კბილი დააჭირო, რადგან ამას ბევრი შენი ახლობლის გულის ტკენა მოჰყვება.
- კი ბატონო, ჩუმად ვარ! - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - ხმას არ ვიღებ უკვე ლამის ათი წელია.
- ისევ ფიფომ უნდა გადაწყვიტოს!
- რა უნდა გადაწყვიტოს ფიფომ? - მიმიმ გაკვირვებით გახედა.
- ადგება თუ არა, მაინც ორივე შემთხვევაში მაინც ფიფოს გადასაწყვეტია. - პიპამ წამით იყუჩა. - თუ არ ადგება და... მაშინ შეგვიძლია სიმართლე უკვე ჩვენ ვთქვათ, ესე იგი მაინც მასზე ვართ დამოკიდებული, ხოლო თუ ადგება, როგორც თავად მოისურვებს, ისე უნდა მოვიქცეთ ყველა, რადგან დაბადებამდე უკვე მიიღო შვილად და საკუთარი სისხლი და ხორცივით ზრდიდა. არ შემიძლია ამ ამაგის არც დავიწყება და არც მისი უარყოფა. ცალკე დიმეოც მეცოდება ძალიან, მისთვის რამხელა დარტყმა იქნება, ვიცი როგორ ძლიერ უყვარს ფიფო და ვერ აიტანს მისი საყვარელი ხალხისგან ასე ტყუილში რომ ვაცხოვრეთ.
- ჰო... - მიმიმ მძიმედ ამოიხვნეშა. - ადვილი გადასატანი ნამდვილად არ არის.
პიპამ უხმოდ დაუქნია თავი.
- ესე იგი, ჩემი იდეა ძანესთან შეხვედრაზე არ არის ხომ ცუდი?
- პრინციპში, მართლაც მშვენიერი იდეაა. - კვერი დაუკრა პიპამ. - მთავარია, სწორედ ისე გამოვიდეს, როგორც საჭიროა.
- ჰო... ჰო... აუცილებლად უნდა გამოვიდეს.
- ჩემი წასვლის დროა, სანამ მე ჩავალ და მერე გალეოს აქეთ გამოვუშვებ დაღამდება კიდეც. - მიუგო პიპამ და იქაურობა დატოვა.
მთელი გზა გონება ამღვრეულმა იმგზავრა. ბოღმა ახრჩობდა ისეთი ხალხის, ვინც დახმარების მაგივრად ასე სასიკვდილოდ გასწირა საღ-სალამათი ახალგაზრდა.
სოფელში უკვე ელოდნენ. გალეოს ერთი სული ჰქონდა, სანამ პიპა ჩამოვიდოდა, რომ მაშინვე წამოსულიყო თვითონ. სახლში ქაოსი იდგა, გაუჩერებელმა ყაყანმა უკვე თავიც აატკივა პიპას, მაგრამ მოთმინებით იტანდა. ყველას მოუნდა ქალაქში გამგზავრება.
- სირცხვილია!
- უხერხულია!
- აუცილებლად უნდა ჩავიდეთ!
- ვაიმე, რა დღეშია დედამისი!
- წარმოდგენაც კი არ მინდა, თუ იქ რა ხდება ახლა!
სახლის ყოველ კუთხეში, წამდაუწუმ გაისმოდა მათი ხმები. ოთახიდან ოთახში გარბოდნენ და ბარგის ჩალაგებას ბოლო არ უჩანდა. ბოლოს გალეოს უკვე მოთმინების ფიალა აევსო და ლამის უკვე ბოლო ხმაზე აღრიალდა:
- წავედით, უკვე! - მანქანაში ჩაჯდა მთელი ძალით მოიჯახუნა კარი.
ყველა გალეოს მანქანას მიაწყდა. ქირურგიც და მიმის და ფიფოს მშობლებიც. მერე აღმოჩნდა, რომ მანქანაში „თურმე“ წესიერად ვერც ეტეოდნენ. გამოსავალი, როგორც ყოველთვის, ისევ პიპამ იპოვა და მიმის მანქანა შესთავაზა ქირურგს. მიმის მანქანაო და მამიდა პირველი ჩამოხტა გალეოს მანქანიდან და სანამ მიმის დედა გადმოვიდოდა, მას უკვე წინა ადგილი ჰქონდა დაკავებული. როგორც იქნა, მოთავსდნენ ყველანი და ის იყო უნდა დაძრულიყვნენ, რომ ახლაღა გაახსენდათ ბავშვი, რომელსაც ამდენ ყაყანსა და ფუსფუსში გაღვიძებოდა კიდევაც და ხელი რომ არ შეეშალა, პიპას უკვე რა ხანია ხელში ეჭირა. ახლა ამაზე აყაყანდნენ, თუ ვინ დარჩებოდა ბავშვთან და ვინ წავიდოდა ქალაქში.
- წადით ყველანი! - ახლა უკვე პიპამ აუწია ხმას. - რამდენიმე დღით ბავშვს, აბა როგორ ვერ დავიტოვებ? ისედაც ლამის ჩემი გაზრდილია და ჩემს ხელშიც არის დაბადებული.
- მერე ფიფოსთან მოვლასთან ერთად, მარტომ როგორ უნდა გასწვდე ამდენს? - ახლა უკვე მართლა შეწუხდა ფიფოს დედა.
- მიხედავს, მიხედავს! - უკვე კოპები ჰქონდა შეკრული გალეოს და საჭეს ჩაჭიდებული მოთმინებით ელოდა, თუ როდისღა მიეცემოდა, მანქანის დაძრის საშულება.
როგორც იქნა, გაემგზავრნენ და პიპამაც შვებით ამოისუნთქა. ისედაც საშინლად იყო გადაღლილი. ჯერ იყო და მთელი ღამე ჩუკის საწოლთან გაათენა და მის გარდაცვალებასაც შეესწრო, მერე ამხელა გზაზე ჩამოვიდა და აქ კი ამდენმა ხმაურმა და რია-რიამ თავიც ბოლომდე აატკივა. ახლა ყველაზე მეტად სიჩუმე და სიმშვიდე სჭირდებოდა. პიპამ ბავშვი ხელში შეათამაშა და ეზოში ჩაიყვანა. ხან ცუგებს აჭამეს, მერე საქონელსაც შეავლეს თვალი, მერე ბაღსა და ბოსტანსაც გადახედეს. ირგვლივ სიმშვიდე სუფევდა. ყველა და ყველაფერი კოხტად და ლამაზად იყო მოვლილი. ვეტერინარი ბაბუ პაციენტთან ჰყავდათ წაყვანილი და სავარაუდოდ გვიან დაბრუნდებოდა. პიპასაც ეს აწყობდა, ახლა არც არავის მოსმენის თავი ჰქონდა და მით უმეტეს, ლაპარაკის. დაღამებულზე ბავშვიც დააძინა და ახლა უფრო დაკვირვებით შეუდგა ფიფოს კომპიუტერული მონაცემების შესწავლას. ახალს ვერაფერს ხედავდა. ყველაფერი ისევ ისე, ძველებურად იყო.
- ყველაფერი იმდენად კარგად და დამაკმაყოფილებლად მიდის, რომ თუ ამ მონაცემებს დავუჯერებთ, ფიფოს უბრალოდ ღრმად სძინავს და რატომ ვერ იღვიძებს? - თავისთვის ბუტბუტებდა პიპა. - წესით თვალი მაინც უნდა გაახილოს, თუ უცებ ვერ წამოდგება. - პიპამ ხელი ჩაიქნია. სავარძელში უფრო კომფორტულად მოკალათდა. მთელი დღე-ღამის გადაღლილმა ძილს მისცა თავი და გათენებამდე არც განძრეულა. გაღვიძებამდე, თითქოს რაღაც ხმებივით ესმოდა, ვიღაც თითქოს ღრმად და რაღაც ხმაურიანად სუნთქავდა. მერე უფრო გამოერკვა. დილის სიჩუმეს მიუგდო ყური, სახლში მათ მეტი არავინ იყო. თავად მოუწევდა ყავის მომზადება. მძინარე ბავშვისთვისაც უნდა დაეხედა. სავარაუდოდ, უკვე რომ გაეღვიძა, აუცილებლად გაიგებდა ტირილს. პიპა ზლაზვნით წამოდგ და ზღურბლზე ფეხის გადაბიჯებაც, კი ვერ მოასწრო, რომ ზურგიდან ხმა მოესმა:
- პიპა!
LEX. 2024 წლის 5 აგვისტო, ორშაბათი.  
ეძღვნება ჩუკის (14 სექტემბერი, ოთხშაბათი 1977 - 5 აგვისტო, ორშაბათი 2013)

No comments:

Post a Comment