Sunday, March 2, 2025

უკვალოდ არ ჩაივლის 174

174.
საშინელი ხვატი იდგა ქალაქში. ზაფხულის პაპანაქება სიცხისაგან ლამის დამდნარ ასფალტს ისე არბილებდა, რომ ფეხსაცმლის კვალსაც კი ტოვებდა.
დედა და მამიდა, ჩალაგებული ბარგით, უკვე უთენია უცდიდნენ გალეოს მოსვლას.
- ეს რა კარგად მოიფიქრა მიმიმ. - მომღიმარი სახით დაიწყო დედამ, თუმცა მაშინვე ამოიხვნეშა და სევდიანი ხმით განაგრძო. - როგორი ყოჩაღი და კარგი გოგო მყავს, მაგას მოვუკვდი მე...
- სწორედაც, რომ შენი გასვენებაღა გვაკლია! - შეუტია მამიდამ. - ისედაც რა დღეშია ის გოგო! შენი შვილი მაინც შეიცოდე! ყველაფერთან ერთად, ახლა კიდევ შენ უნდა დაემატო სანერვიულოდ?!
- მართალი ხარ, მართალი. - თავი დაუქნია დედამ. - მაგრამ დედის გული ხომ იცი, მაინც რა არის?! ყველაფერზე ვნერვიულობ, ყველაფერს განვიცდი.
- მეც დედა ვარ! - კვლავ შეუტია მამიდამ. - მერე რა, რომ მე არ გამიჩენია! შვილივით მყავს გაზრდილი, ჩემი ნებიერა გოგო.
- მასე არც მე გამიჩენია, მაგრამ როცა უკვე გულზე მიიხუტებ და მასზე ზრუნვას ითავებ, შვილია, აბა რაა!
დეტექტივმა დიდ ხანსაც არ ალოდინა. ზუსტად დათქმულ დროზე მოვიდა და სოფლისკენ აიღეს გეზი.
- რა კარგია აქეთ ცხოვრება... - მანქანიდან გადმოსულმა დედამ ღრმად ჩაისუნთქა სუფთა ჰაერია.
- ჰო, ქალაქიდან გასვლის მერე ყველგან კარგი იქნება ზაფხული. - წაიბურტყუნა მამიდამ. - შენ შუა ზამთარში უნდა ჩამოხვიდე აქ და დიდი ხნით იცხოვრო. ნახავ მერე როგორი კარგიც იქნება, გარეთ ცხვირის გამოყოფასაც რომ ვერ შეძლებ!
მიმი ღიმილით ადევნებდა თვალს ახალჩამოსულებს და არც მათი ბუზღუნი გამორჩენია.
- ამჯერად ნეტა, რაზე ვერ შეთანხმდნენ? - ჩაილაპარაკა მიმიმ და მათ შესაგებებლად გაემართა.
- ფიფო, როგორ არის შვილო? - მაშინვე მიახალა დედამ. თუმცა, სანამ მიმი უპასუხებდა, მამიდამ დაასწრო.
- აი, მორბის უკვე ჩვენს შესაგებებლად!
დედას მოულოდნელობისგან ჩანთა ხელიდან გაუვარდა. მიმი ლამის სიცილისგან გაიგუდა.
- ასეთი უაზრო ხუმრობა, გამიგონია? - უსაყვედურა რძალმა მულს. - ლამის გული გამიჩერდა!
- აბა, ყოველ საღამოს ველაპარაკებით მიმის და ფიფოსაც გვაჩვენებს და არ იცი, როგორც არის? - დამცინავად მიუგო მამიდამ.
- და მერე? მაგიტომ არ უნდა მოვიკითხო? - საყვედურითვე მიმართა დედამ.
- კარგი, დაშოშმინდით, რააა? - თავი გააქნია მიმიმ. - მეიმედებით ორივე ერთად რომ ხართ, ერთმანეთს მიხედავთ, თქვენზე მაინც აღარ ვინერვიულო და უფრო მშვიდად მინდა ვიგრძნო თავი და თქვენ კი ასე ხოცავთ ერთმანეთს?
- და როდის ვჩხუბობთ? - გაკვირვებით აიჩეჩა მხრები დედამ.
- რა გვაქვს გასაყოფი? - მყისვე აჰყვა მამიდა.
მიმიმ ღიმილით გააქნია თავი და ოთახში შეუძღვა.
გალეომ მაშინვე ფიფოს ოთახს მიაშურა. ყველაფერი ისევ ისე, როგორც ყოველთვის სტაბილურად დახვდა, თუმცა მეტს მაინც არაფერს ელოდა.
- შენსკენ რა ხდება? - შეაგება კითხვა პიპამ.
- არაფერი ახალი და საინტერესო, მხოლოდ ჩუკი... - გალეოს ხმა გაებზარა. - უკვე აღარც ვიცი კიდევ რა შეიძლება გავუკეთოთ. ყველა ფეხზე დგას. - სიმწრისგან ლამის თითები დაიმტვრია გალეომ. - ძალიან მძიმედ არის.
პასუხად პიპამ ნაღვლიანად გადახედა. 
- გუშინ წავიყვანეთ საავადმყოფოში. - გალეომ მძიმედ ამოიხვნეშა. - თავიდან ვითომ ანალიზების ხელახლა გასინჯვაზე მიგვყავდა. ჩვენც ასე გვეგონა. რადგან დასხივება გაიკეთა და იმის მაგივრად რომ უკეთ ყოფილიყო, უფრო დამძიმდა და...
- ესე იგი, გამოდის რომ ქიმიამ და იმ დასხივებამ უფრო მეტად დაამძიმა? - ჩაეკითხა პიპა.
გალეომ უხმოდ დაუქნია თავი.
- პრინციპში მასეც არის. - განაგრძო პიპამ. - ეს ორივე ტიპის მძიმედ გადასატანი პროცედურა, იქ სადაც იმ მიკრობს კლავს, ორგანიზმსაც საშინლად ასუსტებს, მაგრამ ახალგაზრდაა და წესით უნდა მორეოდა, თანაც როგორი ტანადი და კუნთმაგარი, სულ სავარჯიშოდ დარბოდა, დარბაზშიც ცალკე ტრენაჟორებსაც არ აკლებდა.
- ახლა იცი, როგორი გალეულია...- დეტექტივს ცრემლი მოერია.
- ბოლოს რომ ვნახე საკმაოდ მისუსტებული იყო. - თავი გააქნია პიპამ. - ფერიც არ მომეწონა და მაშინვე გამკრა გულში ცუდად.
- იმის მერე კიდევ უფრო დასუსტდა.
- თანდათან როგორ დნება ეს ამხელა და ასეთი ახალგაზრდა ბიჭი. – პიპამ მძიმედ ამოიხვნეშა. - მართლაც როგორ არ არის დედამიწაზე სამართალი...
წამით დუმილი ჩამოვარდა.
- თუმცა სამართალს რა უნდა დედამიწაზე. - განაგძო პიპამ. - ნამდვილი სამართალი მხოლოდ ზეცაშია. იქ კი მოეკითხება ყველას, მაგრამ... - პიპამ ტუჩი მწარედ მოიკვნიტა. - მაგრამ აქ რა ვქნათ, რა?! როგორ ვუშველოთ?!
- სანამ საავადმყოფომდე მივედით, გზაში ისე ცუდად გახდა, რომ ლამის მანქანაში ჩამაკვდა. - დაბალ ხმაზე დაიწყო გალეომ. - ვამშვიდებდით, აი მივალთ მალე და ყველაფერი კარგად იქნებაო. ღიმილით კი გვიქნევდა თავს და შეიძლება ახლა უკვე თავადაც გრძნობს, რომ... რომ...
- შეიძლება... - პიპამ მძიმედ ამოიხვნეშა. - და ამჯერად რა დასკვნა გამოიტანეს ექიმებმა?
- იმ ნაოპერაციევ ადგილას, წყალი ჩაუდგა თურმე და ისეა, რომ სულ დაშლილია ფილტვი, ჟელესავით არისო.
- ვაიმე... ღმერთო, რატომ?.. - პიპას ხმა აუკანკალდა.
- ჩუკის უთხრეს რომ ამ ჩამდგარ წყალს ამოტუმბავენ და მოგეშვება, უკეთ იქნებიო... - ცრემლები ვეღარ შეიკავა გალეომ.
- მერე, დაიჯერა?
- არ ვიცი... ალბათ... - წაიჩურჩულა გალეომ
- ან იქნებ, უნდა რომ სჯეროდეს... - ჩამწყდარი ხმით დაურთო პიპამ.
გალეომ უხმოდ აიჩეჩა მხრები.
- ესე იგი, მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო... - ჩაფიქრებული ხმით დაიწყო პიპამ.
- ასე გამოვიდა. - კვერი დაუკრა გალეომ. - თუმცა, იმის თქმაც არ შეიძლება, რომ არ ემკურნალაო.
- უნდა ემკურნალა, რა თქმა უნდა! - მკაცრი ხმით მიუგო პიპამ. - მაგრამ საქმე იცი, რაშია? ერთი ის, რომ ამდენმა და ასეთმა ძლიერმა და რომ ჰკითხონ ექიმებს, მაქსიმალურმა მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და მეორე ის არის, რომ უფრო მეტად გაუარესა ჯანმრთელობის მდგომარეობა, საწოლს მიაჯაჭვა და უფრო მეტად დააჩქარა ახალგაზრდა კაცის აღსასრული! აი, ეს არის მთელი უბედურება!
პიპას ისეთი სიმკაცრე და სისასტიკე ჰქონდა სახეზე აღბეჭდილი, რომ გალეოს ცივად გასცრა ტანში. გაყინული მზერით ერთ წერტილს ისე მიშტერებოდა, თითქოს სწორედ ის წერილი იყო საშინელი ურჩხული, რომლის შუაზე გაგლეჯვასაც პიპა ლამობდა.
- უნდა ვნახო! – მტკიცე ხმით მიმართა პიპამ. - შენ აქ დარჩი! ერთი დღე მაჩუქე! ვნახავ და იმავე დღეს დავბრუნდები.
- კარგი. - ამოიხვნეშა გალეომ და მერე უცებ დამფრთხალი მზერა მიანათა. - და ფიფოს რომ უცებ რამე...
- მიმიმ იცის, თუ როგორც უნდა მოიქცეს ასეთ სიტუაციაში და არ დაიბნევა, გაფრთხილებული მყავს უკვე და ნავარჯიშევიც.
- ჰოო? - გაიკვირვა გალეომ.
- უცებ მეც რომ რამე მომივიდეს, ან შეიძლება სულაც მოშორებით ვიყო, მიმის უკვე ვასწავლე, თუ როგორც უნდა იმოქმედოს ასეთ დროს.
- ჰმ, მოკლედ, ყველაფერზე თადარიგი გაქვს დაჭერილი.
- აბა სხვა გზა გვაქვს?
- სხვა გზა, მართლაც რომ არ გვაქვს... არ გვაქვს... - ჩაილაპარაკა გალეომ.
დათანხმებით კი დაეთანხმა დეტექტივი და უარი ვეღარ უთხრა დარჩენაზე, მაგრამ სახეზე ეტყობოდა, რომ ძალიან არ უნდოდა და უკვე უარსაც ვეღარ ამბობდა.
- იქნებ ქირურგსაც დავურეკოთ და ჩამოვიდეს, შენს წასვლამდე. - ენის ბორძიკით დაიწყო გალეომ.
- უფრო ღამით მირჩევნია წასვლა, დავრჩები დილამდე და იმავე დღესვე წამოვალ. - ისე მიუგო პიპამ, ვითომ არც გაუგია ქირურგის ხსენება.
- ჰოდა, მაგიტომაც გითხარი! - გამოცოცხლდა გალეო. - სანამ შენ იქ ჩახვალ, მანამდე ქირურგიც ჩამოვიდოდა და...
- და, რა?! - ალმაცერად გახედა პიპამ. მშვენივრად მიუხვდა, თუ გალეო რატომაც ორჭოფობდა ასე.
- მაინც, რა ვიცი...
- მესმის, რომ გეშინია ფიფოსთან მარტო დარჩენა. - შეეშველა პიპა. - საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა.
- არა, არა! - იწყინა გალეომ. - განა, პასუხისმგებლობას ვარიდებ თავს! ფიფოს გულისთვის ცეცხლშიც კი შევალ, მაგრამ მართლა რამე მოუვიდეს უცებ, ჩემს თავს ვერ ვაპატიებ, რომ ვერაფერი გავაკეთე. ვერაფერში დავეხმარე.
- კარგი, არ გვინდა მაშინ ცეცხლში შესვლა და წყალზე გავლა. - ცალყბად ჩაეღიმა პიპას. - დაველოდოთ ქირურგის ჩამოსვლას და მერე წავალ მეც. მესმის შენი და არც იფიქრო, რომ გამტყუნებდე.
ქირურგმა ჩამოსვლაზე უარი უთხრა. ეს სამი დღე ზედიზედ, ისეთი გადაუდებელი ოპერაციები მაქვს ჩანიშნული, რომ ვერც გადავდებ და ვერც სხვა შემცვლისო.
- მდაა... - მოიღუშა პიპა. - ძალიან ცუდი...
- ვინმე, სხვას რომ ვთხოვოთ? - გალეო თავს უკვე უხერხულად გრძნობდა და გამოსავლის პოვნას შეეცადა. - ქირურგის რეკომენდაციით, ვინც უფრო სანდო და გამოცდილი ექიმი იქნება.
- არა, არა, იყოს. - თავი გააქნია პიპამ. - მოვიცდი. მთავარია, ჩუკის ცოცხალს მაინც ჩავუსწრო.
- იცი... - კვლავ ენის ბორძიკით დაიწყო გალეომ. - გავჩერდები და წადი შენ. როგორმე ავიყვან ხელში თავს და ფხიზლად ვიქნები. თან, მიმიც მომეშველება და...
- არა, ასე არ მინდა. - უარი უთხრა პიპამ. - მირჩევნია დავიცადო და მშვიდად წავიდე მერე. მესმის შენიც და მართალიც ხარ. ის რაც არ იცი და არ გეხერხება, იმას ახლოსაც არ უნდა გაეკარო.
- სადარაჯოზე გარეთაც კი დავდგები და დილამდეც ფეხს არ მოვიცლი, მაგრამ ფიფოს მდგომარეობაში მყოფ კაცს, მართლა ვერ ავიღებ ჩემს თავზე.
- ჰოდა, იქეთ კვირაში როცა ჩამოხვალ, გამოიყოლე ქირურგიც და ეგ იქნება.
კვირის დღეებმაც მალე ჩაიარეს და დეტექტივი კვლავ ეახლა ქირურგთან ერთად, თან ფიფოს მშობლებიც ჩამოიყვანა.
- მეც მინდა ჩუკის ნახვა. - სურვილი გამოთქვა მიმიმ.
- მიმი, ეს კაციც თუ მიდის ქალაქში, მერე ფიფო?.. - შეშფოთებით იკითხა მამიდამ.
- აბა, მე რისთვის ჩამოვედი. - ღიმილით დაურთო ქირურგმა. - დავრჩებით მე და გალეო ორ დღეს, თუ აგვიტანთ.
- რას ჰქვია თუ აგიტანთ?! - ცოტა არ იყოს წყენით დაიწყო დედამ, მაგრამ მამიდა მაშინვე ჩაეჩხირა:
- ესე იგი, ეს ორი დღე ჩვენც ვრჩებით აქ ხომ?
- არა, მამიდა. - ღიმილით მიუგო მიმიმ. - ორი დღე კი არა, ყველას შეგიძლიათ დარჩეთ შემოდგომამდე, მთელი ზაფხული გავატაროთ ერთად, ვისაც სურვილი გაქვთ და როგორც მახსოვს, ამაზე უკვე ისედაც ვიყავით შეთანხმებულნი.
- რა თქმა უნდა სურვილი, როგორ არ გვაქვს?! - გაიხარეს ფიფოს მშობლებმაც. - სხვა თუ ვერაფერში დაგეხმარები, ბავშვებს მაინც მივხედავთ!
- ბავშვებზე არ იდარდოთ. - მიუგო მიმიმ. - გავამზადებ და წავიყვან!
ბებიები მოიღუშნენ. ალბათ ჩათვალეს, რომ მიმი მათ ბავშვებს არ ანდობდა. მიმიმ კი მათი რეაქცია უყურადღებოდ დატოვა და თავისი საძინებლისკენ გაეშურა. პიპაც უმალვე უკან მიჰყვა, რაც საშინლად არ ესიამოვნა გალეოს და რადგან ისიც იქვე იდგა, თავადაც გადადგა ნაბიჯი მიმის ოთახისკენ და პიპას ზურგს უკან გაჩერდა.
- მიმი, სად ბავშვებს წამოიყვან? - მკაცრად შეუტია პიპამ. - ამ პაპანაქებაში პატარა მაინც, სად უნდა ატარო? საავადმყოფოში?
- ჰო... რა ვიცი... - ჩაფიქრდა მიმი.
- რამდენიმე საათი მაინც მინდა ჩუკისთან გავატარო, შენც ხომ გინდა მოინახულო, მოისიყვარულო და ამ დროს ბავშვი ვისთან იქნება? მანქანაში ხომ არ გვეყოლება? დიდად ვერც მხატვარი მიხედავს წლინახევრის და ახალ ფეხადგმულ პატარას.
- დავტოვებ მაშინ ბავშვებს და მიხედავენ, ამდენი ბებიები აქ არიან მაინც. - დაეთანხმა მიმი. - უბრალოდ, არ მინდოდა, მოხუცების გაწვალება. ვიფიქრე, მშვიდად დაესვენათ სუფთა ჰაერზე.
პიპამ არაფერი უპასუხა, მიმიმ კი განაგრძო:
- ამჯერადაც, მართალი ხარ. - ცალყბად გაეღიმა მიმის. - ასეთ სიცხეში, ჯერ ქალაქში და თანაც მანქანაში რა გააჩერებს პატარა ბავშვს მთელი დღე.
- სწორედ მაგას ვამბობ! - კვერი დაუკრა პიპამ და დაბალი ხმით დაურთო. - დიმეო წამოიყვანე. - და უკვე გასასვლელისკენ მობრუნებულმა კარგად შეამჩნია, თუ აშკარად როგორ მოეშვა გულზე გალეოს.
„სწორად მოვიქეცი, გალეოს გასაგონად, მიმის რომ შევუტიე.“
გაუელვა პიპას.
„ადრეც ბევრჯერ შევამჩნიე, თუ როგორ გვაკვირდებოდა მეც და მიმისაც, ცდილობდა ჩვენს ურთიერთობაში, რაღაც ინტრიგა ამოიეკითხა.
და მერე, რა?
მიმი ფიფოს ღალატში უნდოდა დაედანაშაულებინა?
ვერ მოგართვით, ბატონო დეტექტივო! არავის მივცემ უფლებას, მიმის ტალახი ესროლოს და არც ამის საბაბს შევქმნი!“
- მოკლედ, ასე! - პიპა ახლა გალეოს მიუბრუნდა. - დაცვის უფროსი და უმცროსიც შენ ხარ, ქირურგი კი კლინიკის დირექტორ ექიმ სანიტარი!
- იქნებ, ჩვენც დაგვავალოთ, რამე ბატონო პროფესორო? - ცოტა არ იყოს ირონიით ჩაურთო მამიდამ.
- თქვენ, ყველაზე ძვირფასს და ყველაზე საპასუხისმგებლო, პატარა ბავშვს გიტოვებთ და ამაზე მეტი, აბა რაღა უნდა დაგავალოთ? - ღიმილით მიუგო პიპამ და სანამ ყველა და ყველაფერი კარგად არ გადაამოწმა, მანამდე არც კი იფიქრა გამგზავრება. გალეოსაც არაერთხელ აუხსნა, თუ რომელ შემთხვევაში, როგორ უნდა მოქცეულიყო.
- ისე მიბარებ და მარიგებ, გეგონება ჩვილ ბავშვს ბებიებს კი არა მე მიტოვებდე. - ირონიით აღნიშნა დეტექტივმა.
- პრინციპში, ვისაც აქ ახლა ვტოვებ, თავისი არსით ყველა ჩვილია. - ღიმილითვე მიუგო პიპამ. - უსუსური და დაუცველი. მოხუცებულები, პატარა ბავშვი და ფიფო.
- ჰო, სამწუხაროდ, ასეა. - გალეომ ამოიხვნეშა. - შენ არ იდარდო, მშვიდად მიხედე შენს საქმეებს. მე კი მაქსიმალურს გავაკეთებ, რომ მათი უსაფრთხოება დავიცვა.
- მაქვს შენი იმედი. - თავი დაუქნია პიპამ. - სხვა შემთხვევაში არ დაგტოვებდი მარტოს.
- მარტო, რატომ ვარ? - მხრები აიჩეჩა გალეომ. - ქირურგიც ხომ აქ არის?!
- ფიფოს კი მიხედავს, ისე როგორც საჭიროა და ჩვეულებრივ, როგორც ექიმი, ყველას გამოგადგებათ, მაგრამ არც იმდენ ასაკშია უკვე, რომ ვინმეს ეჭიდაოს და ფიზიკურად გაუსწორდეს, მით უმეტეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, საკმაოდ კარგად ნაწრთობ აგენტს გამოუშვებენ ხოლმე, ეს შენ არც გესწავლება ისედაც იცი და ასე რომ, მაინც ყველა შენი მისახედია.
- არის უფროსო! - ღიმილით აუწია ხელი დეტექტივმა. 
გვიან ღამით დატოვეს სოფელი. დიმეოს ყურსასმენი მოერგო და მანქანის უკანა სავარძელზე თვლემდა.
ქალაქში ჩასვლისთანავე ლამის დაათენდათ თავზე.
- დეეე, როდის წავალთ ჩუკისთან?
- ასე უთენია თავზე ხომ ვერ დავადგებით. - მიუგო მიმიმ. - შენ უკანა სავარძელზე, მთელი გზა გეძინა. მართალია, საჭესთან არ ვიჯექი, მაგრამ მაინც ფხიზლად ვიყავი.
- ცოტას მეც დავისვენებ, თქვენის ნებართვით. - ჩაურთო პიპამ და ფიფოს საძინებლისკენ აიღო გეზი.
დიმეო წრიალებდა, ერთი სული ჰქონდა, როდის დაისვენებდნენ უფროსები და როდისღა ეღირსებოდათ სახლიდან გამოტევა. ბოლოს იმის სურვილიც კი გამოთქვა, ნეტა აქამდე ძანე მაინც მენახაო. მერე ცოტა აზრი შეეცვალა და პიპას ვედრებით მიმართა:  
- სანამ შენ ჩუკისთან იქნები, მანამდე ძანესთან წამიყვანე, რაა...
პიპა წამით თითქოს დაიბნა, თუმცა მიმი მაშინვე შეეშველა:
- ჯერ ჩვენ ვნახოთ ჩუკი. - მიმართა ბავშვს. - თან ექიმების მონახულებაც მინდა, დედამისსაც გავესაუბრები. იქნებ, რამე ახალი წამალია გამოსული და...
- დეეე, აუცილებლად ვუყიდოთ, რაა!!!! - ისეთი სახით შეევედრა დიმეო, რომ მიმის გულიანად გაეცინა.
- ყველაფერს ვუყიდოთ. - სევდიანი ღიმილით მიმართა ბავშვს. - რაც აუცილებლად საჭიროა და თუნდაც ნაკლებად საჭიროც იქნება და კიდევ, რასაც თავად მოისურვებს, არაფერზე დავწყვეტ გულს, ოღონდაც... - მიმიმ სევდიანად ამოიხვნეშა.
- ყველას ერთად მაინც არ შეგვიშვებენ. - ჩაურთო პიპამ. - ამიტომ ჯერ თქვენ წადით. მე აქ დაგელოდებით, ცოტა უფრო მეტ ხანსაც გამომივა დასვენება, თანაც სახლსაც თავიდან მოვათვალიერებ, კიდევ რამე არ იყოს სადმე დამონტაჟებული. როცა დაბრუნდებით, დაისვენეთ და მერე ერთად წავიდეთ. მე დამტოვეთ ჩუკისთან, თქვენ ძანე მოინახულეთ, მოგვიანებით მომაკითხეთ და ნელ-ნელა გავუყვეთ ჩვენი სოფლის გზას.
დიმეო უსიტყვოდ დაეთანხმა. აბა რას წარმოიდგენდა, თუ პიპა როგორ გაურბოდა, ძანესთან პირისპირ შეხვედრას. ახლოდან ვერც ენახვებოდა, მხოლოდ შორიდან უყურებდა მონატრებულ შვილს, როცა ამის საშუალება მიეცემოდა.
- და როდემდე უნდა იყო ასე? - უკვე მერამდენედ ეკითხებოდა მიმი. - როდესმე ხომ უნდა შეხვდე.
- მიმი ჯერ არ შემიძლია, რადგან ახლა რომ დავენახო და მერე ისევ გავქრე, ამდენს ვეღარ გადაიტანს ძანე. - პიპამ ღრმად ამოიხვნეშა. - ისედაც, როგორ გავამწარე ბავშვი. არასდროს დამავიწყდება, როგორ ხმაზე ღრიალებდა ბოლოს... ბოლოს...
- კარგი, ნუღარ გაიხსენებ, იმ საშინელ დღეს. - შეიბრალა მიმიმ. - მაგრამ იცოდე, ერთ დღესაც მოგიწევს, ყველაფერი დაწვრილებით მომიყვე.
- მეტი რაღა უნდა მოგიყვე? - მხრები აიჩეჩა პიპამ. - ყველაფერი ისედაც კარგად იცი.
- ბევრიც არაფერი ვიცი! - შუბლი შეკრა მიმიმ. - ზერელედ და ზედაპირულად მოყოლილს არ ჩაგითვლი. მინდა ყველაფერი ვიცოდე! და ბოლომდე!
პიპამ უხმოდ დაუქნია თავი. მიმიმ მართლა ლამის ყველაფერი იცოდა და მეტი რაღა უნდოდა? კიდევ რის გაგება სურდა? ანდა რაღაში სჭირდებოდა?
ჩუკის ბევრი მნახველი ჰყავდა. იმ დღეს კი განსაკუთრებით, თითქოს სპეციალურად უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი. მეგობრები და ახლობლები ერთი მეორეს ცვლიდნენ. მიმი და დიმეო სწორედ მაშინ მივიდნენ, როცა ჩუკისთან მოძღვარმა ღვთისმშობლის უძველესი ხატი მიაბრძანა მოსალოცად. დიმეო კარში შედგა, არ უნდოდა ხელი შეეშალა. მოძღვარმა კი ხელი გადაუსვა თავზე.
- შემოდი, შვილო, შემოდი. - ალერსიანი ხმით მიმართა ბავშვს. - მე მარტო მოძღვარი კი არა, მეგობარი მამაო ვარ. ძმაკაცი!
დიმეოს გაეღიმა და თამამად შედგა ფეხი პალატაში. ჩუკი რამდენადაც დაუძლურებული იყო, იმდენად უფრო ყოჩაღად ეჭირა თავი. საშინლად გაფითრებული, ზედმეტად გამხდარი და მაინც მხნედ აჩვენებდა თავს მნახველებს, თუმცა ამ სიმხნევის მიღმა, მის თვალებში მაინც ფარული სევდა იგრძნობოდა. პატარა მეგობრის დანახვამ გულით გაახარა და აღნიშნა კიდევაც, დიმეოსთან ერთად ხატი მომიბრძანდაო.
- ბავშვი, მიწიერი ანგელოზია და ხატის მობრძანებაც ტყუილად კი არ დაემთხვა. - აღნიშნა მოძღვარმა და ხატი იქვე სასთუმალთან, კომოდზე დაუსვენა, მაგრამ ხელი უშვა თუ არა ხატის ჩასასვენებელ, მოჩუქურთმებულ ხის ჩარჩოს, მოულოდნელად თავზე ჯვარი მოტყდა. ჩუკის არაფერი დაუნახავს, რადგან მოძღვარმა ისე ოსტატურად მოასწრო აღება და ხელში დამალა, მაგრამ უცებ დიმეოს გაფართოებულ თვალებს წააწყდა, რომლის მზერაში აშკარა შიში იგრძნობოდა. ბავშვის ეს მზერა, არც მიმის გამოჰპარვია, თუმცა არაფერი შეიმჩნია და მომაკვდავი მეგობრის გამხიარულებას შეუდგა. ბევრი რამ გაიხსენეს, ბევრიც იცინეს. დიმეო წინასწარ იყო უკვე გაფრთხილებული, რომ სახეზე არაფერი უნდა შეტყობოდა, პირიქით, რაც შეიძლება უფრო მეტად უნდა ყოფილიყო მხიარულად. გულდამძიმებულნი წამოვიდნენ იქიდან, გზაშიც ერთმანეთისთვის ხმა არც გაუციათ. სახლში შესვლისთანავე ბიჭი დაღვრემილი სახით ჩამოჯდა სკამზე. პიპამ ნაღვლიანად გახედა.
- მართლა ასე მძიმედ არის? - დაბალ ხმაზე მიმართა მიმის.
- უკვე ცხრა დღეა რაც იქ არის და მესამეჯერ გაუკეთეს მორფი. - წაიჩურჩულა მიმიმ. - ძილი საერთოდ არ ეკარებოდა, ისეთი საშინელი ტკივილი სტანჯავდა.
- და ასე წამლის ქვეშ, ალბათ ცოტა გამოიძინა კიდევაც. - პიპამ ნაღვლიანად გააქნია თავი.
- დეე, მართლა მინდოდა მეკითხა. - მიმიმ ბავშვს მიმართა. - პალატაში, ერთ მომენტში მომეჩვენა, რომ თითქოს რაღაცაზე შეცბი და რა იყო? რა მოხდა?
- ჯვარი მოტყდა და მაშინვე მეგონა რომ გულში რაღაცამ მიჩხვლიტა, დიდზე. - დიმეოს ხმა ოდნავ ჩაეხრინწა.
- რაა? - მიმიმ წარბები აზიდა. - რომელი ჯვარი?
- იმ მამაომ, ხატი რომ დააბრძანა, მაშინ მოტყდა ზევით ჯვარი და ხელში დამალა, ჩუკის არაფერი დაუნახავს, მე კი საშინლად მეტკინა გული. - დიმეომ ხმას აუწია. - მართლა მეტკინა იმ წუთას, ასე მეგონა დანა ჩამარტყეს და გამეჭრა!
- ღმერთო ჩემო! - მიმის ტირილი წასკდა.
დიმეოც აბღავლდა. პიპამ ბავშვი გულში ჩაიკრა. ბევრი რამ უნდოდა ეთქვა, მაგრამ კარგა ხანს ხმა ვერ ამოიღო.
- იტირე დიმე, იტირე. - გულში იკრავდა ბიჭს. - სანუგეშო სიტყვები, ყოველთვის არც კი ჭრის.
ბავშვი წამოხტა და ბღავილით გავარდა, თავის ოთახში ჩაიკეტა. მიმიმ კვალში გაყოლა დააპირა, მაგრამ პიპამ გააჩერა:
- აცალე, იყოს. ხმამაღლა ტირილი უნდა და თან მარტოს უფრო გამოუვა გულის მოოხება.
- არ მომწონს იმ ჯვრის ამბავი. - ჩაფიქრებული ხმით აღნიშნა მიმიმ.
- ვერაფერს გეტყვი. - მიუგო პიპამ. - მოძველებული იქნებოდა და არ იყო მყარად დამაგრებული, თანაც თუ მართლა ასეთი ძველებური ხატია, მისი აქეთ იქეთ ტარებაც ალბათ არც კი შეიძლება.
- ალბათ. - მიმიმ ამოიხვნეშა. - მხოლოდ ჩუკისთვის მოაბრძანეს.
- და როგორ თქვა დიმეომ? - ჩაეკითხა პიპა. - მამაომ ხელში დამალაო?
- ჰო. მასე თქვა. - კვერი დაუკრა მიმიმ.
- არც მე მომწონს ეგ ამბავი, თუმცა...
- რა თუმცა?
- ჩვენ ხომ უკვე ისედაც ვიცით, რომ... – პიპამ წამით იყუჩა. - მხოლოდ, რამდენი დარჩა ეგ ზუსტად არავინ იცის, მაგრამ ძალიან ახლოს არის... ძალიან...
დიმეო ოთახიდან არ გამოდიოდა. უკვე რამდენიმე საათი იყო გასული და პიპასაც ეჩქარებოდა ჩუკის ნახვა.
- ლამის დაღამდა უკვე. - წუხდა მიმი. - წინ კიდევ რამხელა გზა გვაქვს და დიმე, გამოდი რაა.
- არაფერი მინდა! - გამოსძახა ბიჭმა.
- ძანე გელოდება რა ხანია. - კვლავ სცადა მიმიმ.
დიმეომ არაფერი უპასუხა. თუმცა მალევე იკადრა ოთახიდან გამოსვლა.
- უი, რომელი საათი ყოფილა. - გაიკვირვა ბიჭმა. - არ მეგონა თუ ასე მალე დაღამდებოდა.
- გაგიკვირდება და ღამის თერთმეტი საათია უკვე. - ირონიით მიუგო პიპამ. - და მგონი მოგვიწევს ამაღამ აქ დარჩენა.
- მე ძანესთან ვრჩები! - გამოაცხადა ბიჭმა.
- მიმიყვანეთ ჩუკისთან, ამაღამ მე გავუთევ, თუ კი მაინც მთელი ღამე არ სძინავს. - მიმართა პიპამ. - დედამისმა დაისვენოს.
- მაშინ დილით მოგაკითხავთ და წავიდეთ სოფელში, თორემ ცოდოა ჩემი ცქნაფა გოგო, ამდენი ხანი დედიკოს გარეშე. - მიმიმ მანქანის გასაღები მოიმარჯვა. - დიმეო, წავედით!
ბიჭმა ღრმად ამოიხვნეშა და ზლაზვნით მიჰყვა უკან.
- ჯერ მე მიმიყვანეთ ძანესთან და მერე...
- დიმე! - საყვედურით გახედა დედამ. - მერე ისევ უკან მოვბრუნდე? 
დიმეომ გაკვირვებით გახედა. ისევ უკან რატომ მობრუნებულიყო დედა.
- ჰო, რას მიყურებ? - მიუგო მიმიმ. - მაშინ მეც დავრჩები ძანესთან, აბა ამხელა სახლში მარტოს რა გამაჩერებს? 
- მშვენიერი აზრია. - მოუწონა პიპამ. - მეც უფრო მშვიდად ვიქნები და თანაც, ცოტა მეტი გასეირნება გამოგივა ქალაქში. მივიყვანოთ ჯერ ბავშვი, ხომ იცი, როგორ ძალიან ელოდებიან და ამასაც როგორ ერთი სული აქვს.
- ამ პაპანაქებაში ქალაქში გასეირნებას არაფერი სჯობს. - ცინიკურად აღნიშნა მიმიმ.
- სხვათა შორის, თქვენს პირად ავტომობილში კონდიციონერიც გაქვთ, ქალბატონო მიმი. - ირონიით დაურთო პიპამ.
- ისევე როგორც ყოველთვის, ახლაც სრულ სიმართლეს ღაღადებთ, ბატონო პროფესორო! - ირონიითვე მიუგო მიმიმ.
დიმეომ ღიმილით გახედა ორივეს. უკვე არაერთხელ ჰქონდა მოსმენილი, თუ როგორ ხშირად მიმართავდა მიმი მწირს „ბატონო პროფესოროთი,“ ბიჭს სულ ეღიმებოდა ამაზე და დარწმუნებული იყო, დედა ასე იმიტომ იქცეოდა, რომ მწირი ყველაზე ჭკვიანი და საზრიანი იყო მათ შორის. ნებისმიერი სერიოზული გადაწყვეტილების დროს, რატომღაც ყველა მას გახედავდა, რადგან ბოლო სიტყვა, ყოველთვის მწირს ეკუთვნოდა და როგორც ის დაასკვნიდა, ზუსტად ისე იქცეოდა ყველა და თანაც, ყოველთვის ამართლებდა მისი სიტყვა. ალბათ ამიტომაც ეძახდა მიმი პროფესორს, ასე თვლიდა ბიჭი და ბედნიერი ღიმილით აღიქვამდა ამ ყველაფერს, რადგან მწირი, პირველ რიგში მისი უახლოესი მეგობარი იყო და თანაც, სწორედ დიმეოს შემწეობით გამოჩნდა მათ ოჯახში. სხვა შემთხვევაში აბა მეტს რას წარმოიდგენდა ბავშვი, რომ საქმე მართლაც ნამდვილ პროფესორთან ჰქონდა და სისხლითა და ხორცით იყო მასთან დაკავშირებული.
LEX. 2024 წლის 26 ივლისი, შაბათი. 

No comments:

Post a Comment