Tuesday, December 17, 2024

უკვალოდ არ ჩაივლის 173

 
173.
გაზაფხულზე კვირტების აფეთქებისთანავე, მიმი ბავშვებიანად, ისევ სოფლად გადაბარგდა. ფიფოს მდგომარება კვლავაც არ იცვლებოდა. ისევ და ისევ, სტაბილურად მძიმე იყო. მიმიმ ოჯახის წევრებს ნელ-ნელა შეაპარა, რომ მალე ფიფოს ჩამოყვანას აპირებდა, რადგან „იქაური ექიმები, უკვე ვეღარაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ფიფო ფეხზე დამდგარიყო, ან თუნდაც, თვალი მაინც გაეხილა“.
- არადა, ისეთი კარგი სიტუაციაა იქ. - დანანებით ამბობდა მიმი და თან, მათ რეაქციებს აკვირდებოდა. - წარმოიდგინეთ აბა, ლამის მოწყვეტილი ხარ ცივილიზაციას, შუაგულ ბუნებაში, აქეთ მწვანედ ახასხასებული მინდვრებს გარს შემორტყმული ტყიანი ლურჯი მთებით, იქეთ რაღაც საოცარი, ულამაზესი ჰორიზონტი და უცებ კოტეჯში, კლინიკა გაქვს მოწყობილი და მერე როგორი სუფთა ჰაერია...
- სუფთა ჰაერი, ტყე და ბუნება, არც აქ არ გვაკლია! - თითქოს საყვედურით მიმართა მამიდამ.
- კი მაგრამ იქ კლინიკაც ყოფილა, თურმე. - ჩაურთო დედამ.
- მერე რა?! - არ შეეპუა მამიდა. - შუა ქალაქში, სახლში ჰქონდა მიმის მოწყობილი პალატა და ჩვენ ამდენი ხალხი, ფიფოსთვის ერთ ოთახს ვეღარ მოვაწყობთ რომელიმე აგარაკზე?
- რატომაც, არა! - კვერი დაუკრა დედამ. - თუმცა, აგარაკებიც რა ხანია, ყველა გავყიდეთ.
- კაი, ახლა რაა... - თავი გააქნია მამიდამ. - პალატის მოწყობა შესძლო მარტო გოგომ და ჩვენ ერთ აგარაკს ვეღარ ვიყიდით?
- გავყიდოთ ჩვენი სახლი!  - ფიფოს დედამ მეუღლეს გადახედა. – პატარა, ერთ ოთახიანიც კი გვეყოფა მე და შენ!
ფიფოს მშობლები მიმის მამიდის შემხედვარე აქამდე ჯერ ხმასაც ვერ იღებდნენ და ახლა უცებ მიეცათ საშუალება.
- მართალი ხარ. - კვერი დაუკრა ფიფოს მამამ. - აბა, რად გვინდა იმხელა ორ სართულიანი სახლი, თანაც ეზოც რამხელაა და წესიერადაც ვეღარც ვუვლით. ჩვენ კი გარეუბანში, ბევრად იაფად შევიძენთ და რაღაც გარკვეული თანხა მაინც მოხმარდება ფიფოს მკურნალობას.
- ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ბავშვების მამა, ფეხზე დავაყენოთ! - ჩაურთო მამიდამ.
დედაც რა თქმა უნდა, კვერს უკრავდა. ლამის ყველა ერთდროულად აყაყანდა. ათას გეგმებს აწყობდნენ. ერთნი რას ჰყიდნენ და მეორენი, რას ყიდულობდნენ.
- არავინ არაფერს არც გაყიდის და არც იყიდის! - მიმის მკაცრ ხმაზე ყველა გაჩუმდა.
წუთით დუმილიც კი ჩამოვარდა და ყველა მიმის მიაჩერდა.
- ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია და მოწყობილია კიდევაც! - განაგრძო მიმიმ. - უბრალოდ, თქვენი შემზადება მინდოდა.
ყველამ ერთმანეთს გაკვირვებული სახით გადახედეს და მერე ისევ მიმის მიანათეს მზერა.
- იყიდე უკვე აგარაკი? - მამიდის გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა. თუმცა, ყველას იგივე კითხვა აწუხებდა.
- დიახ! - თავი დაუქნია  მიმიმ. - ყველაფერი მოწყობილია! სოფელში გვაქვს უკვე, კარგი ეზოიანი სახლი! ლამაზად და კომფორტულად მოვაწყვე.
- და იმ სოფელში? ის სტუმარი რომ გვყავდა? - ჩაეკითხა დედა.
- არა, არა! - თავი გააქნია მიმიმ. - იქ იმდენი ხალხი ცხოვრობს და სულ ხმაური და ფუსფუსია. ფიფოს კი სიმშვიდე სჭირდება.
- ხომ მაგრამ მომვლელი პერსონალი? - კვლავ იკითხა დედამ.
- ყველაფერი გათვალისწინებულია და თანაც, ჯერ ფინანსებიც საკმარისად არის. ის იმხელა სახლი, ტყუილად კი არ გავაქირავე. - ხაზი გაუსვა მიმიმ, ვითომდა მართლაც გაქირავებულ სახლს. - და თუ დამჭირდება, კარგ ფასშიც გავყიდი!
- ჩვენც გავყიდით ამ სახლს, ბოლოს და ბოლოს! - ახლა მამიდამაც გამოიდო თავი.
- ჯერ არაფერი მინდა და როცა გამიჭირდება, ნამდვილად არ მომერიდება და აუცილებლად გავყიდით რომელიმეს! - მიუგო მიმიმ. - თუმცა თავიდან, ჯერ იმ ჩვენს სახლს გავყიდი და მერე ვნახოთ.
- ისე იმ სოფელშიც როგორი კარგი ჰაერია. - ჩაურთო დედამ. - ფიფომ იქ აუზიც მოაწყო.
მიმის დედა ხაზს უსვამდა იმასაც, რომ ფიფოსაც ჰქონდა ფინანსური წვლილი შეტანილი იმ სოფლის კეთილმოწყობისათვის და რატომ იყო მიმი წინააღმდეგი იქ წასვლაზე, ესეც ცოტა არ იყოს, უკვირდა. მშვენივრად იცოდა, ახალი სახლის აშენება და მოწყობა, თანაც ცალკე სანდო ხალხის, ირგვლივ შემოკრება, არც თუ ისე ადვილი საქმე იყო. ფიფოს კიდევ ცალკეულად, რამდენი მოვლა და მკურნალობა სჭირდებოდა და სადღაც მართლაც ტყეში მარტო, როგორ იქნებოდნენ?
- იმ სოფელში იმიტომ აღარ მინდოდა, რომ უფროსების გარდა, იქ უამრავი ბავშვია, სულ ღრიანცელია!
- მართალი ხარ. - კვერი დაუკრა ფიფოს მამამ. - იქ მართლაც სულ რია-რიაა და ბოლოს აღარც დიმეოს მოსწონდა მგონი იქაურობა.
- რატომ? - შუბლი შეკრა მამიდა. - აწყენინა ვინმემ?!
- დიმეო, სულაც არ არის კონფლიქტური ბავშვი. - ახლა დედამ ჩაურთო.
საუბარმა და მსუბუქმა კამათმა, თემა შეცვალა და ცალკე დიმეოს ქებას მოჰყვნენ ბებიები და ცალკე იქაურ სოფლის ბავშვებზე ამბოდნენ საყვედურებს. მიმი მოთმინებით ელოდა, თუ როდისღა დაშოშმინდებოდნენ, მაგრამ როგორც ჩანდა, მათ ყაყანს ბოლო არ უჩანდა.
- ჩვენი ბიჭი, ყველაზე საუკეთესოა! - ხმამაღალი ხმით დაურთო ფიფოს მამამ. - მაგრამ ახლა მიმიმ სულ სხვა საქმეზე შეგვკრიბა აქ და იქნებ, მოვუსმინოთ ბოლომდე.
მიმიმ მადლიერი თვალით გადახედა მამამთილს.
- თქვენი დახმარება მჭირდება! - მიმართა მიმიმ მოსაუბრეებს. - მხოლოდ, არა ფინანსური.
ყველამ უხმოდ დაუქნია თავი.
- არსად არავისთან სიტყვასაც აღარ დაძრავთ ფიფოს ჯანმრთელობის შესახებ და მორჩა!
- კი მაგრამ... - მხრები აიჩეჩა მამიდამ.
- და რა არ უნდა ვთქვათ? - გაკვირვებით აიჩეჩა დედამ მხრები.
- ვინც არ უნდა იკითხოს ფიფოზე, ან თუნდაც თავად თქვას, რომ ყველაფერი იცის. თქვენ მაინც ისევ იმას იტყვით, რასაც აქამდე პასუხობდით. - მიმი წამით შეყოვნდა და სათითაოდ შეავლო თვალი ყველას. - ფიფოს მდგომარეობა არ იცვლება, ისევ ისე არის. ექიმებიც უკვე ვეღარაფერს გვპასუხობენ და არც მიმი ამბობს რამეს! გასაგებია! - მიმიმ ხმას აუწია.
ყველამ უხმოდ დაუქნია თავი.
- კრინტიც არ დაძრათ ფიფოს აქ ჩამოყვანაზე და საერთოდ, როგორც გითხარით, ისე მოიქცევით, რადგან... - მიმი შეყოვნდა. - ჯერ კიდევ აქ ყოფნისას, სახლშიც ორჯერ დაგვეხსნენ თავს! შემთხვევით გადავრჩით, მეც და ბავშვიც!
ყველამ შეიცხადა. ფიფოს მამამ დასტურის ნიშნად თავი დაუკრა, ფიფოს დედამ კი ეჭვიანი მზერა შეავლო მეუღლეს.
- შენ იცოდი, არა? - ჩაეკითხა ქმარს.
კაცმა მზერა აარიდა და არაფერი უპასუხა.
- და რატომ დამიმალე?! - კვლავ შეუტია მეუღლემ.
- პანიკის ატეხვა არ გვინდოდა. - თავი იმართლა ფიფოს მამამ.
- ესე იგი, მე ვარ პანიკიორშა? - ფიფოს დედას საშინლად მოუვიდა გული.
- რა დროს საქმეების გარჩევაა! - მკაცრად მიუგო მამამ. - ყველანი ისე მოვიქცევით, როგორც მიმიმ გვთხოვა და დაგვარიგა და მორჩა! რად აუნდა ამას ამდენი ყაყანი?!
- როგორც იქნა. - მიმის გულზე მოეშვა. - მოკლედ ასე! ფიფოს სანახავად ჯერ მშობლები წამოვლენ, რადგან ყველას ერთად მგზავრობა, უფრო თვალში საცემი არ უნდა გახდეს.
- კი მაგრამ, ჯერ ჩვენ რომ წავსულიყავით, ის უფრო არ სჯობდა? - წყენას ვერ ფარავდა მამიდა. - ვინ იცის, კიდევ რამდენი რამ არის საჭირო მოსაწყობად  და...
- შვილია, მათი. - იდაყვი წაჰკრა რძალმა. - ჯერ ისინი წავლენ და მერე ჩვენ.
- როგორმე შეეგუეთ იმას, რომ პირველობა და ლიდერობა ასეთ საქმეებში არ ივარგებს. - უფრო მამიდის გასაგონად თქვა მიმიმ. - ყველანი ერთად მაინც ვერ წავალთ! ერთი ავტობუსი ხალხის ერთდროულად გამგზავრება, უფრო თვალში საცემია. ექსკურსია კი არ არის! და უკვე, ხომ აგიხსენით ყველაფერი, თუ რატომ უნდა მოვიქცეთ ასე და რაღას მალაპარაკებთ ამდენს?!
ის იყო, მამიდას კიდევ რაღაც უნდა ეთქვა, რომ მიმიმ მაშინვე გააჩერა:
- თუ კიდევ რამე იქნება საჭირო. - მკაცრი ხმით განაგრძო მიმიმ. - ან სახლის გაყიდვა. -  მიმიმ ფიფოს მშობლებს გადახედა. - ან აგარაკის ყიდვა! - მიმიმ ახლა დედას შეავლო მზერა. - აუცილებლად შეგატყობინებთ! არ მომერიდება!
გაზაფხულიც მალე მიილია. ამ პერიოდის მანძილზე კი, მთელი კვირით, მონაცვლეობით სტუმრობდნენ ხან ფიფოს მშობლები სოფელს და ხან მიმის. პიპა კი როგორც მთავარი ექიმ-მომვლელი ყოველთვის პირბადით და მართლაც მედ.პერსონალივით შემოსილი ხვდებოდა სტუმრებს და ხალათის გარეშე, არც მათ უშვებდა ფიფოსთან. ასე შეფუთული პიპას ცნობა შეუძლებელი იყო. თუმცა, მამიდა მაინც უტრიალებდა ხშირად ცდილობდა გამოლაპარაკებას, მიმი კი ამაოდ უხსნიდა, უცხოელია და თქვენს საუბარს მაინც ვერ გაიგებსო.
- ესე იგი, ნამდვილად სანდოა არა, ეს ექიმი? - ეჭვიანად ჩაეკითხა მამიდა.
- სანდო რომ არ იყოს, აქამდე დაგვხოცავდა. - ღიმილით მიუგო მიმიმ.
- რას ამბობ, მიმი! - შეიცხადა დედამ. - მეორეჯერ მასე აღარ იხუმრო, შვილო.
- ისე, ჩვენთან ერთად რატომ არ ჯდება სასადილოდ? - კვლავ კითხულობდა მამიდა.
- რა ვიცი, აბა? - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - რაღაც უცნაური კაცია.  თავისი კვების რაციონი აქვს, ჩვენებურ კერძებსაც ცუდად იტანს და არც მე ვაძალებ ზედმეტად. თუ რამე უნდა მეტყვის, არ მოერიდება. მთავარია, ზედმეტად არ შევაწუხოთ, რომ არ გაგვექცეს აქედან.
- უი, რას ამბობ?! - კვლავ შეიცხადა დედამ. - ოღონდაც არ მიგვატოვოს და საერთოდაც არ გავეკარები ახლოს!
- და ისე, ზუსტად, მაინც რის ექიმია? - კვლავ არ ეშვებოდა მამიდა.
- ზუსტად ვიცი, რომ პროფესორია და არაერთ კონფერენციაზეა აღიარებული. - მიუგო მიმიმ. - ძლივს დავითანხმე აქ წამოსვლაზე.
- და მაინც, ასეთი დონის ექიმი, ამ ტყეში, როგორ წამოგყვა? - ეშმაკურად ჩაეღიმა მამიდას.
- ფიფოს მდგომარეობით დაინტერესდა, თანაც ახალ დისერტაციაზე მუშაობს და მისთვის ეს ჩვეულებრივი კერძო პრაქტიკაა. არც არავინ უშლის ხელს და ნერვებს, მშვიდად მუშაობს, შემოსავალიც აქვს და არაფერში ეხარჯება ეს ფული. იქ თავისთან კი ხელფასიც ერიცხება ამ პრაქტიკის გამო და მის ოჯახს ხმარდება. - მიმიმ სულმოუთქმელად ჩამოურაკრაკა რაც იმ წუთას ენაზე მოადგა და მშვენიერი არგუმენტიც გამოდგა.
- ცოლ-შვილი ჰყავს? - იკითხა დედამ.
- მხოლოდ ის ვიცი, რომ იქ ოჯახი ჰყავდა და ვინ არის მისი ცოლი და რამდენი შვილი ჰყავს ეს მართლა არ ვიცი. - ღიმილით მიუგო მიმიმ. - და ვერც ავიყოლიე ასეთ საუბარში.
- მიუშვი მამიდაშენი და აქეთ შეეხვეწება კიდევ მკითხე რაც გინდაო. - სიცილით დაურთო დედამ.
- არ მაკარებს, ხმა არ გასცეო, და... - უკმაყოფილოდ აიჩეჩა მხრები მამიდამ.
მიმიმ ღიმილით გააქნია თავი. ერთი სული ჰქონდა უკვე გალეო როდისღა ჩამოვიდოდა მათ წასაყვანად და სამაგიეროს ფიფოს მშობლებს ჩამოიყვანდა. მამიდა მაინც გამუდმებით აპროტესტებდა, რომ რატომ არ შეიძლება ყველანი ერთად ვიყოთ, ასეთ დასალიერ ადგილას მაინც, ვინღა გვითვალთვალებსო, მაგრამ მიუხედავად დაუსრულებელი წუწუნისა, აღარც არავინ აქცევდა უკვე ყურადღებას.
- საღამომდე აქ ვიქნები და მაინც მოგიწევთ ყველას ერთად ყოფნა. - ღიმილით პასუხობდა გალეო მამიდას.
მამიდა უკმაყოფილებას ვერ ფარავდა. არც მიმის დედა იყო ნაკლებ დღეში, თუმცა მულისგან განსხვავებით, მას უფრო სევდიანი სახე ჰქონდა. აშკარა იყო, იქაურობა არ ეთმობოდა. აბა მართლა, სახლშიც არავინ ელოდათ. მიმის საშინლად შეებრალა ეს ორი მოხუცებული ქალი და ღამით დარჩენა შესთავაზე.
- გალე! - ვედრების თვალი შეავლო მიმიმ. - დარჩით რა ამაღამ ბარემ აქ. დედას ცოტა წნევა აწუხებდა და არ მინდა ასე გვიან ღამით იმგზავროს.
- თუ მასეა დავრჩები, რა პრობლემაა?.. - მხრები აიჩეჩა გალეომ და გულში საშინლად გაუხარდა კიდევაც. ახლა უფრო მეტი დრო ექნებოდა და პიპასთან ერთად ჩაუჯდებოდა ფიფოს გადანახულ საბუთებს.
ისედაც საკმაოდ ბევრი რამ გაარკვიეს. ფიფო თავის ფარულ ჩანაწერებში კონკრეტულ პიროვნებებს ასახელებდა და მათ მზაკვრულ ქმედებებზე ამახვილებდა ყურადღებას. თუმცა, ეს ზღვაში წვეთი იყო. მათ წინააღმდეგ საბრძოლველად, ფაქტიურად არაფერი იყო, რადგან ოფიციალური საბუთები და კომპრომატები არსად ჩანდა.
- ჩვენ მხოლოდ იმას მივაღწიეთ, რომ გავერკვიეთ ფიფოს ჩანაწერებში, ზუსტად ვინ ფიგურირებდა და დაახლოებით მაინც, რა ქმედებებს ჩადიოდა. - გალეომ ყავის ფინჯანი ლამბაქზე დააბრუნა. - მაგრამ კონკრეტული დასაბუთება გვინდა, თორემ სასამართლოზე ის კი არ გამოდგება, ამან თქვა და იმან თქვაო.
- სრულიად გეთანხმები! - კვერი დაუკრა პიპამ. - მე გითხარი-შენ მითხარი, ასე მართლა არაფერი გამოვა!
გალეომ უხმოდ დაუქნია თავი.
- საკმაოდ კუს ნაბიჯებით მივიწევთ წინ. - განაგრძო პიპამ. - თუმცა, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ესეც კი არ გვქონდა.
- ჰოდა, რა გავაკეთოთ? - შუბლი შეკრა გალეომ. - ფაქტიურად მარტო მე და შენ ვართ! ნუუ, ქირურგიც თავის მხრივ, არაფერს დაიშურებს. წვრილმან საქმეებში მხატვარიც კი გამოგვადგება. მართალია, ზარმაცია და ზოგჯერ ძალიან მიშლიდა ნერვებს მისი სიზანტე, მაგრამ საოცრად სანდოა და თუ ითავა, ბოლომდე გააკეთებს საქმეს.
- საკმაოდ მიამიტი სახე აქვს. - ცალყბად ჩაეღიმა პიპას. - სინამდვილეში კი მეტი შეუძლია, თუ ცოტა უფრო მაგრად შევუფუცხუნებთ.
- ეჰ, ჩუკი... - გალეომ ამოიხვნეშა. - როგორ ვერ დგას ჩვენს გვერდით...
- რა დროს გვეცლება ხელიდან... - პიპამ სინანულით გააქნია თავი. - ნუთუ, აღარაფრის გაკეთება აღარ შეიძლება?
პასუხად გალეომ თავი გააქნია და დაბალ ხმაზე ჩაიბურტყუნა:
- მართლაც რომ ხელიდან გვეცლება...
„ხელიდან გვეცლება?.. ფიფო?..“
გაიფიქრა კარს უკან მდგომმა მამიდამ. მიუხედავად იმისა, რომ პიპა და გალეო, საკმაოდ დაბალ ხმაზე საუბრობდნენ, მამიდის მახვილ სმენას, რაღაც სიტყვები მაინც მოხვდა ყურს.
„ღმერთო ჩემო... ფიფო... ფიფო...“
გული უწუხდა მამიდას.
„ალბათ მიმიმ არ იცის, ან ესენი არ ეუბნებიან...
ჰმ, აბა უცხოელიაო და ჩვენი არ ესმისო? მიმიმ ახლოსაც არ გაგვაკარა ამ კაცს და გალეოსთან კი მშვენივრად ქაქანებს.“
დაკვირვებულ და გამჭრიახ მამიდას, ადრეც არაერთხელ მოეჩვენა, რომ თითქოს გალეო და ეს ვიღაც ექიმი-პროფესორი, როგორც თავად უწოდებდა, ადვილად საუბრობდნენ და მშვენივრად ესმოდათ ერთმანეთის. მიუხედავად იმისა, რომ გალეომ არც ერთი უცხო ენა არ იცოდა. ესეც კი გამოქექა მამიდამ.
გვიანი ღამე იყო, მამიდა საწოლში წრიალებდა, ვერ ისვენებდა და გათენებას უცდიდა. სწორედ მაშინ უნდა დადგომოდა თავზე, იმ ვიღაც თვითმარქვია ექიმს და ბოლომდე გაერკვია ერთი რას მკურნალობდა ასეთს, ან ვინ იყო ბოლოს და ბოლოს ექიმის პირბადეს ამოფარებული.
„დიახაც! სწორედაც რომ ყველაზე ტკბილი ძილი, ღამის მაგივრად, გამთენიისას იცის და აბა თუ ბიჭია, გაუძლოს ჩემს შემოტევას!“
და როგორც იქნა, ეღირსა ის ნანატრი დრო. ფეხაკრეფით შეიპარა ფიფოს ოთახში და იქვე, სავარძელში მთვლემარე, ყოველგვარი პირბადისა და სამედიცინო შეფუთვის გარეშე, მისთვის უკვე კარგად ნაცნობ სახეს შეავლო თვალი.
მამიდას შეცხადება ხმამაღლა რომ არ მოსვლოდა, მაშინვე პირზე აიფარა ხელი. თუმცა, ხმა სულაც არ ამოუღია, მაგრამ პიპამ მაშინვე იგრძნო ვიღაცის შემოსვლა და მამიდის ემოციისთანავე თვალი გაახილა. მამიდა ახლა უფრო შეცბა. პიპამ კი თბილად გაუღიმა და საჩვენებელი თითი, ტუჩთან მიიდო. ამით ანიშნა, რომ ხმა არ უნდა ამოეღო.
და ვის უნდა გაეგო მისი ხმა? ფიფოს, რომელსაც რეალურად არაფერი ესმოდა. ესე იგი, ენაზე კბილის დაჭერას სთხოვდნენ. მამიდას ეს უფრო მოეწონა და ცოტათი თითქოს გულზეც მოეშვა კიდევაც, რომ რაღაც საიდუმლოს მაინც ახადა ფარდა, მაგრამ ახლა იმწამსვე მეორე კითხვაც გაჩნდა. რატომ ინიღბებოდა ასე ეს კაცი? რაში იყო საქმე?
- ყველაფერს თავისი დროს აქვს. - ლამის ჩურჩულით დაიწყო პიპამ.
ამით მიანიშნა, რომ მამიდას არავისთვის არ უნდა ეთქვა, თუ ვინ ამოიცნო პირბადის ქვეშ და თანხმობის ნიშნად, უხმოდ დაუქნია თავი.
- და მქონდეს თქვენი იმედი? - საკმაოდ მკაცრი და სერიოზული სახით გაუსწორა თვალი პიპამ მამიდას.
- რა თქმა უნდა! - მაშინვე მიახალა მამიდამ და აშკარად ესიამოვნა, რომ ისიც ერთ-ერთ მესაიდუმლედ ჩათვალეს.
- ჰოდა, ძალიან კარგი. - გაიბადრა პიპა. - ახლა შეგიძლიათ მშვიდად დაისვენოთ. დარწმუნებული ვარ, ჩემს თვლემას დარაჯობდით და მთელი ღამე არ გეძინათ.
მამიდამ ღიმილით გააქნია თავი და მერე კვლავ სახეში ჩააშტერდა ისე მიუგო:
- მე კი, ექიმ-პროფესორს გეძახდი შვილო, და ვინ იცის, ალბათ გწყინდა კიდევაც, რადგან ზოგჯერ საკმაოდ დამცინავადაც გამომდის ხოლმე.
- საწყენი ნამდვილად არაფერია და ვერც კი წარმოიდგენთ, თუ როგორ ზუსტად მესმის თქვენი. - დინჯად მიმართა პიპამ. - ჩემი ცოდნითა და გამოცდილებით ბევრ დიპლომიან ექიმს მართლაც უკვე ვჯობნი. - პიპა წამით შეყოვნდა. - პროფესორი კი ნამდვილად ვარ. საუკუნეა ლექციებსაც აღარ ვკითხულობ. ერთ დროს ალბათ, გულიც კი მწყდებოდა, თუმცა ახლა როგორც ვხედავ, სულ ტყუილად დროის ფლანგვაა. დაესწრება თუ არა სტუდენტი და შეუვა თუ არა თავში, გადაიხდის თანხას და მაინც გადავა მომდევნო კურსზე.
- სამწუხაროდ დღეს ასე გაუფასურდა სწავლა. - დაურთო მამიდამ და მერე ფიფოს ნაღვლიანად შეავლო თვალი. - არის რამე სასიკეთო?
- ბევრად იმაზე უკეთ არის, ვიდრე იყო, მაგრამ მეტს ვერაფერს ვიტყვი.
- რა ეშველება ბავშვებს და როგორი სტრესია მათთვის, მამის ასე ყურება, საწყალი ფიფო და საცოდავი მისი ოჯახი... - ლამის თავზე დაატირა მამიდამ.
- ასე მაინც ნუ დასტირით ცოცხალ ადამიანს. - მკაცრი ტონით მიმართა პიპამ. - ამის მაგივრად სჯობს ილოცოთ და ასევე იმედი მაქვს, რომ ენას კბილს დააჭერთ მაშინაც, როცა ამის ნაკლები აუცილებლობა იქნება.
მამიდამ ხმა ვერ ამოიღო, ისე დაუქნია თავი. მერე ძილი ნებისა უსურვა და საძინებლისკენ კი გასწია, მაგრამ აბა რა დაასვენებდა? ისედაც სადაცაა თენდებოდა უკვე. ფრთხილი ნაბიჯებით გასწია საწოლამდე, მაგრამ ამ დროს დედას შეეღვიძა და გაკვირვებული ხმით უთხრა:
- დამასწარი გოგო უკვე ადგომა?
მამიდამ ცალყბად გაუღიმა და წინ გადადგმული ნაბიჯი ისევ უკან გადმოდგა და კარისკენ გაემართა.
- ავდგები ახლავე. - დედა ზანტად გაიზმორა. - ცომს მოვზელ, სანამ გაიღვიძებენ უკვე ამოსულიც დახვდებათ.
- ადრეა, ჯერ ადრე. - თავი გააქნია მამიდამ და ოთახი დატოვა. თავში კვლავ ათასი ფიქრი უტრიალებდა. ნეტა მიმიმ თუ იცისო?
მამიდა სამზარეულოში ფუსფუსს მოჰყვა, მაგრამ გული მაინც ვერ დაიმშვიდა. ძალიან უნდოდა მიმიც გამოეკითხა და ცალკე ეს დეტექტივიც, ამიტომ გალეოს შემოსვლისთანავე ცხელი ყავაც დაუდგა წინ. გალეომ საათს დახედა. რაც მალე გაემგზავრებოდნენ, მით უფრო დროულად მივიდოდა სამსახურში.
- ცოტა უხერხულად კი ვარ, მაგრამ სამსახურში დილით მისვლა უნდა მივასწრო.
- რამდენ ხანში გავდივართ? - იკითხა მამიდამ.
- რაც შეიძლება მალე. - მორიდებით მიუგო გალეომ.
- ჩემი რძალი კი, ხაჭაპურის გამოცხობას აპირებდა და... - გალეოს ზურგს უკან ჩაილაპარაკა მამიდამ. აშკარა იყო, იქაურობა არ ეთმობოდა.
- ახალ გამომცხვარ ხაჭაპურს რა სჯობს, თანაც ასეთი გემრიელი, ნატურალური ყველით.  - შემოსვლისთანავე პიპამ გალეოს გვერდით დაიკავა ადგილი და მამიდას ფინჯანი გაუწოდა. - თუ არ შეწუხდებით...
- რა შეწუხებაა?! - სიხარულით ჩამოართვა ფინჯანი და ქაფქაფა ყავა წინ დაუდგა, ამ ვიღაც, თურმე მართლა პროფესორს, როგორც თავად გაიფიქრა.
გალეო ხმას ვერ იღებდა. წესით პიპა ასე შეუნიღბავად არ უნდა გამოჩენილიყო არც სამზარეულოში და არც არსად, როცა მიმის და ფიფოს მშობლები სახეზე იყვნენ, მაგრამ ახლა რა ხდებოდა? ისევ ეს რაღაც ამ კაცის გაუთავებელი საიდუმლოებები?
- მოკლედ ასე! - დინჯად დაიწყო პიპამ. - შენ თუ გინდა ხაჭაპურის გამოცხობას დაელოდე და ისე წადი სამსახურში.
- არა, რა ხაჭაპური? - კოპები შეკრა გალეომ და პიპას კითხვის თვალით გადახედა.
- მაშინ მე ველოდები ცხელ ხაჭაპურს ლანჩზე. - კვლავ დინჯად განაგრძო პიპამ, თუმცა ღიმილის ძლივს იკავებდა.
გალეომ წარბები აზიდა და ახლა უფრო მეტად ჩააკვირდა პიპას სახეში. აშკარა იყო, მისგან ახსნას მოითხოვდა.
- ახლავე მოვალ და დავიწყებთ! - მამიდა სამზარეულოდან სიხარულით გაფრინდა რძლის გასაღვიძებლად. მშვენივრად მიუხვდა პიპას ჩანაფიქრს.
- ესე იგი, შემიძლია მარტო წავიდე? - ჩაეკითხა გალეო პიპას და თან თვალს არ აშორებდა.
პიპამ უხმოდ დაუქნია თავი.
- კი მაგრამ როგორ გაგშიფრა? - არ მოეშვა გალეო.
- საკმაოდ მარტივად და პრიმიტიულად. - მშვიდად მიუგო პიპამ. - პატარა ბავშვივით გამომიჭირა. 
გალეომ ღიმილით აიჩეჩა მხრები.
- ისე. - განაგრძო პიპამ. - შეგიძლია მიებარო და... - პიპამ სიცილი ვეღარ შეიკავა და გალეოც აიყოლია.
გალეო გაამგზავრეს. პიპა კი ისევ შეფუთული დადიოდა და არც ერთის მშობლებს კვლავ არ ენახებოდა. ისედაც ზედმეტად ამაყ და თავმომწონე მამიდას, ახლა უფრო  ამაყად ეჭირა თავი. ყველას მოუწოდებდა და ზოგჯერ ბრძანების კილოთიც, კი მიმართავდა, რომ ზედმეტადაც არავის შეეწუხებინათ ფიფოს მომვლელი პროფესორი. ყველაფრის საქმის კურსში იყო. მკაცრად აკონტროლებდა, რომ მშიერი არ დარჩენილიყო და საკმაოდ დიდ ულუფასაც გადაუნახავდა პიპას. მიმიმ არაფერი იცოდა და გაოცებული რჩებოდა მამიდის ასეთი ქცევით. თავიდან ისიც კი არ მოეწონა, გალეო მარტო რატომ გაემგზავრა.
- უბრალოდ, მეშინია და არ მინდა სიფრთხილე დავკარგო. - წუხდა მიმი. - განა დედასთან ერთად ყოფნა მწყინს.
 - მიმი, დამშვიდდი რაა. - დინჯად მიუგო პიპამ. - ხანდახან, ასეც უნდა მოხდეს, ასე უფრო სჯობს, ვიდრე ის მკაცრი რეჟიმით მონახულება, რადგან ზედმეტად აღარ ჩაყოფენ ცხვირს და არც უამრავი კითხვები გაჩნდება.
- ჰო, რა ვიცი... - ამოიხვნეშა მიმიმ. - როგორც შენ იტყვი... ისევ...
- სანამ ფიფო ადგება, მანამდე ასე ჩემს ჭკუაზე უნდა გატაროთ. - ეცინებოდა პიპას.
გაზაფხულის მიწურვისთანავე, ჩუკის მდგომარეობა უფრო და უფრო დამძიმდა. ძირითადად სახლში იწვა. ზოგჯერ, წამოდგომაც კი უჭირდა, მაგრამ თავი მაინც მხნედ ეჭირა და გამუდმებით კითხულობდა ფიფოს ამბავს. მეგობრები და ახლობლები ყურადღებას არ აკლებდნენ და ჩუკიც უფრო იმედიანად იყო. აი, მალე მეც წამოვდგები და ფიფოს მოსანახულებლად ჩამოვალ სოფელშიო. მერე იმასაც ამბობდა, რომ ვინ იცის, იქნებ სულაც, მეც და ფიფოც, ერთდროულად დავდგეთ ფეხზეო. ყველა ღიმილით უკრავდა თავს, თუმცა მშვენივრად ხვდებოდნენ, რომ ჩუკი უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და მისი გამოჯანმრთელება უფრო ილუზიას ჰგავდა, ვიდრე სინამდვილეს.
LEX. 2024 წლის 20 ივლისი, ორშაბათი.

No comments:

Post a Comment