Wednesday, October 12, 2022

ნატის ჩექმები (ნაწილი 6)

6.
დროთა განმავლობაში მაკა ექიმმა, მშვენიერი ცხოვრება აიწყო. ყველაფერი ჰქონდა. სახლი, მანქანა, თანამდებობა, მაგრამ მის სრულ ბედნიერებას ახლა უკვე, პირადულიც აკლდა. რამდენჯერმე, თითქოს სცადა ბედი კიდეც, მაგრამ პირადში, ვერაფრით მოიკიდა ფეხი და ბედის ასეთ უიღბლობას, საკუთარ ზედმეტად რბილ ხასიათს აბრალებდა. 
„კაცს, როდესაც ზედმეტად გადაჰყვები, სწორედ მისგან მიიღებ ნულოვან ყურადღებას და ნული კიდევ რა არის? რა თქმა უნდა, სიცარიელე!“ 
ფიქრობდა თავისთვის და ახლა უკვე, სულ სხვა მიზნით, სულ სხვაგვარი გათვლით ეძებდა შესაფერისს პარტნიორს. 
„ქმრად თუ არ ივარგებს, სამაგიეროდ კარგი საჯიშე კაცი ჩანს! მაღალი, წარმოსადეგი, საკმაო ინტელექტი და განათლებაც აქვს და ნიჭიერიც უნდა იყოს და აბა ერთი, ვნახოთ.“ 
მაკამ ერთ ახოვან, საკმაოდ სიმპათიურ მამაკაცს დაადგა თვალი, რომელიც სრულიად „შემთხვევით“ ნახა ცხოველების მაღაზიაში, სადაც ის კაცი შვილებთან ერთად, პატარა ლეკვებს არჩევდა. მაკაც მაშინვე იქვე გაჩნდა, ზოგი მოუწონა, ზოგიც დაუწუნა. 
- იცით? ასეთი ჯიშის ძაღლები, მერე ძალიან დიდები იზრდებიან და თუ დიდი ეზო არ გაქვთ, ცოდოა ოთახში, პარკეტზე გამოკეტილი საბრალო ცხოველი. - სინანულით აღნიშნა მაკამ და ნიშნის მოგებით გადახედა კაცს. 
კაცმაც მოუწონა მაკას შეგონება, რის შედეგადაც ბავშვებმაც უარი თქვეს უკვე შერჩეულ ძაღლზე და ახლა სხვა მხარეს გადაინაცვლეს. მაკამ კი თავისი უზადო შარმითა და მომხიბვლელობით, ყველა იქაური პერსონალი შემოიკრიბა და ბავშვებს, ყველაზე პატარა ჯიშის საუკეთესო ლეკვი შეარჩევინა. მამა საკმაოდ კმაყოფილი დარჩა, შვილები კი უზომოდ ბედნიერნი.
- ეჰ! ძაღლი კი კარგია, მაგრამ მარტოხელა ქალისთვის ძალიან რთულია. - მაკა გაინაზა და განაგრძო. - როცა მთელ დღეს, სამსახურში ატარებ და ხშირად, ღამითაც მორიგეობა გიწევს, ამ დროს კი სახლში, მარტოდ დარჩენილი, ოთახში გამოკეტილი დატუსაღებული ცხოველი, აბა როგორი სანახავი იქნება? მით უმეტეს, როცა მთელი ღამის ნათევი, ასე დაღლილ-დაქანცული, კარს რომ შევაღებ და მარტოობისგან თვალებამოღამებული საბრალო ცხოველი, ტანჯული სახით რომ დამხვდება, ხომ გამისკდება ეს გული? 
- მართალს ბრძანებთ, ქალბატონო. - მყისვე დაეთანხმა კაცი. - მართალს ბრძანებთ. 
პასუხად მაკამ, თბილად გაუღიმა, ალერსიანი თვალები მინაბა და მალევე დატოვა იქაურობა. 
მეორედ, ისევ „შემთხვევით“ შეხვდა იმ კაცს, რომელიც ამჯერად, მარტო იდგა ტრანსპორტის მოლოდინში და მოფარებულში შეყუჟული, წვიმისგან დაცვას ცდილობდა. 
ვინ იცის, მაკა უკვე მერამდენედ იყო ჩასაფრებული ამ კაცის სადარაჯოდ და ერთხელაც როგორც იქნა, ბედმაც გაუღიმა და სიურპრიზად კი, წვიმაც წამოვიდა. 
- დაგინახეთ თუ არა, მაშინვე გიცანით. - მანქანის ღია კარში, მაკა ბედნიერი სახით უღიმოდა გაოგნებულ კაცს. - დაბრძანდით. 
- არა, როგორ გეკადრებათ. - შეიშმუშნა კაცი. - ასე, როგორ შეგაწუხოთ? 
- დაბრძანდით. მიგიყვანთ. - რბილი, ხავერდოვანი ხმით მიმართა მაკამ. - რადგან გავაჩერე, ესე იგი, ჯერ არსად მეჩქარება. 
- არ მინდოდა ასე შეწუხებულიყავით. - უხერხულად მიუგო კაცმა. - თანაც, ასე უცხო ადამიანი და ასეთ ამინდში. 
- სწორედაც, რომ ასეთ ამინდში. - გაეღიმა მაკას. - და ფაქტიურად, უკვე ვიცნობთ ერთმანეთს! - თამამად განაგრძო მაკამ. - მე, მაკა მქვია და თქვენს სახელსაც თუ არ დამიმალავთ, მაშინ უფრო მეტად ვიქნებით ნაცნობები. 
- არა, რატომ დაგიმალავთ? - გაეცინა კაცს. - ოთარი მქვია. 
- საერთოდ, არ მჩვევია ასე. უცხო ხალხს, მანქანას არ ვუჩერებ. მით უმეტეს, სრულიად უცნობ მამაკაცს. - ღიმილით გადმოხედა მაკამ. 
- მესმის თქვენი. - კვერი დაუკრა ოთარმა. - თუმცა, მაინც გამიჩერეთ და აი, დასველებასაც გადამარჩინეთ და... 
- და რა?.. - თამამად ჩაეკითხა მაკა. - სამაგიეროს გადამიხდით? 
- ჰა! ჰა! - გულიანად გაეცინა ოთარს. - სამაგიერო! რა თქმა უნდა, მხოლოდ კარგი გაგებით. 
- თანახმა ვარ! - ესიამოვნა მაკას. 
- მხოლოდ ახლა, არა. - ოთარს, შეწუხებული იერი მიეცა. - ლამის, სამსახურში დავაგვიანე. თქვენ რომ არა... 
- მე რომ არა, ნამდვილად დააგვიანებდით და ცოტასაც გაილუმპებოდით! 
- რა თქმა, უნდა! - კვერი დაუკრა ოთარმა. - სრულიად უცხო კაცს, ასე ხელი გაუმართეთ და აბა, სამადლობელის მეტი, რა მეთქმის? 
- სადღაც, არც იმდენად უცხოს. - მაცდურად გაუღიმა მაკამ. - შვილებთან ერთად, ისეთი სიყვარულით არჩევდით ლეკვებს, რომ დაუჯერებელია ახლა ჩემს გვერდით, ბოროტი მანიაკი და სადისტი იჯდეს. 
- არა, რას ამბობთ?! - გაეცინა ოთარს. 
- იმას ვამბობ, რომ ვისაც შვილები უყვარს, სითბო და სიყვარული გააჩნია მათ მიმართ, აბა ის ადამიანი, როგორ შეიძლება იყოს ბოროტი, ტირანი? 
- მართალს ბრძანებთ, ქალბატონო მაკა. 
- ოჰ! ქალბატონობამდე, ჯერ კიდევ ბევრი მიკლია. - გაეღიმა მაკას. 
- მაშინ, მშვენიერო მანდილოსანო! 
მაკამ უხმოდ შეიფერა. საზე ღიმილი მოედო და დაუფარავად აჩვენა, რომ ეს შექება, ძალიან ესიამოვნა.
- აი, აქ! კუთხესთან გამიჩერეთ, თუ შეიძლება. - ოთარმა ხელით მიანიშნა. 
- აქ მუშაობთ? - მაკამ გაკვირვებულმა გახედა საცხოვრებელ კორპუსს. 
- არა! აი, იქ! მოპირდაპირე მხარეს. რედაქციაში. - კაცმა, ქუჩის მეორე მხარეზე მიანიშნა და მანქანიდან გადასვლა დააპირა. 
- მოიცადეთ! ბარემ, მოვაბრუნებ და უფრო ახლოს ჩამოგსვამთ. 
- ასე შეწუხებაც, არ მინდოდა. - იუხერხულა კაცმა. 
- თუ სიკეთეა, ბარემ ბოლომდე იყოს! - მაკამ გაბადრული სახით დაძრა მანქანა და პირდაპირ, რედაქციის ეზოში შეაჭრა. - სამწუხაროდ, ჩემი მანქანა, კიბეზე უკვე ვეღარ ავა. - დაუმატა სიცილით. 
- არა, რას ამბობთ?! - გაეღიმა ოთარს. - ისედაც, როგორ შეწუხდით ჩემი გულისთვის. 
- არც იმდენად, ბატონო ოთარ! არც იმდენად. - გაუღიმა მაკამ. - სულ რამდენიმე წვეთი ბენზინის დახარჯვა, სულაც არ არის შეწუხება. 
- უღრმესი მადლობა, კიდევ ერთხელ. - ოთარმა ოდნავ დაუკრა თავი და მანქანიდან გადავიდა. მერე ისე შევიდა შენობაში და ისე აუყვა კიბეს, რომ ერთხელაც არ მოუხედავს უკან. 
- ბრიყვი! - ცინიკურად წარმოსთქვა მაკამ. - ლამის ქვეშ გავეფინე და ეს კი მადლობა, მადლობაო. ჰაჰ! ამის მეტი, ვერაფერი გაიმეტა. - მაკამ სარკეში ჩაიხედა. - შე, კაი კაცო! ასეთი ქალი, ლამის დავდნი და შენ, არც ტელეფონი მკითხე, არც ვინ ვარ და რას ვსაქმიანობ და ვის რად უნდა, შენი ეს უღრმესი მადლობა?! ჰა! ჰა! დამაცადე ცოტაც და ვნახოთ აბა, რა გამოგვივა მე და შენ. - მაკამ კიდევ ერთხელ შეავლო სარკეს თვალი და კმაყოფილებით ჩაილაპარაკა. - დიახ, მე და შენ! 
მაკას „რჩეული“ ოთარი, გაზეთის რედაქტორი იყო და ერთ მშვენიერ დღესაც და იმ წვიმიანი დღიდან, არც თუ ისე, დიდი ხნის გასვლის შემდეგ, მაკას თვალში, ოთარის სტატია მოხვდა, სადაც სამი ტყუპის შეძენას ულოცავდნენ დედას. 
მაკა ფოტოსურათს კარგად დააკვირდა და ის ქალი შეიცნო, ვისაც სამი ჩვილის ნაცვლად, ორიც ძლივს გაატანეს სახლში. კიდევ მეორე ტყუპისცალის დათრევაც უნდოდათ, მაგრამ ეს უკვე, ვეღარ გამოუვიდათ.
სამშობიარო სახლში, დაუჯერებელი რამ მოხდა. სამი ტყუპიდან, ყველაზე ჯანმრთელი და შედარებით მეტი წონის ახალშობილი, მოულოდნელად გარდაიცვალა. თუმცა, მაკას წყალობით, დაბადებიდან იმავე ღამესვე გაუყენეს გზას „გარდაცვლილი“ ჩვილი და ახლა უკვე სულ სხვა ოჯახში, ახალი მშობლები იკრავდნენ გულში. 
ჯერი ახლა, მეორე ტყუპზეც მიდგა. მისთვისაც უკვე ჰქონდათ გამზადებული ახალი ოჯახი, მაგრამ არაფერი გამოვიდა, რადგან ვიღაც, ახალმა მიღებულმა, ზედმეტად ცანცარა და ენაჭარტალა პედიატრმა, ორივე ტყუპი ერთდროულად მიუცუნცულა დედას და თან, სიხარულით ახარა - ორივე თავს, მშვენივრად გრძნობსო.
- სამწუხაროდ, მესამე ტყუპი დამეღუპა. - ნაღვლიანად ამოიხვნეშა დედამ და ჩვილებს მიეალერსა. - თქვენ ორნიღა დამრჩით. 
- მესამე? - გაიკვირვა პედიატრმა. - შენი მშობიარობის ანკეტაში, მხოლოდ ორია მითითებული. 
- როგორ, თუ ორი?! - შეიცხადა გულდამძიმებულმა დედამ. - ნამდვილად სამი ტყუპი გავაჩინე! სახელებიც კი დავარქვი! სურათიც გადამიღეს, გაზეთისთვის. 
- ალბათ, ის ერთი რომ დაიღუპა... - ახლა უფრო გაკვირვებული სახით აიჩეჩა მხრები ექიმმა. – გავარკვევ მაგასაც! - მტკიცედ მიუგო პედიატრმა და მერე თავისთვის ჩაილაპარაკა. - კი, მაგრამ გარდაიცვალა, თუ არა, მაინც ხომ უნდა ყოფილიყო მითითებული?.. - და ასე ბურტყუნ-ბურტყუნით დატოვა პალატა. 
მოგვიანებით, მაკა ექიმს შეეჭრა კაბინეტში და მთელი ემოციებით მოუყვა ეს ამბავი. 
- და მერე? რა ვქნათ, ახლა? - უდარდელად მიუგო მაკამ. - ან მე, რა შუაში ვარ? ვინც შეავსო ის გრაფა და რადგან, ახალშობილიც გარდაიცვალა, იქნებ არც ჩათვალა საჭირო, რომ ის მესამეც მიეწერა.
- რა ვიცი, მაკა ექიმო? - მხრები აიჩეჩა ახალმა თანამშრომელმა.
- ან რადგან, ორი ჩვილი ცოცხლად დაფიქსირდა. - განაგრძო მაკამ. - იქნებ, არც კი იცოდა, სწორედ იმან, ვინც მაშინ იყო მორიგე და იმ გრაფას ავსებდა, რომ მესამეც იყო დაბადებული, მაგრამ უკვე გარდაცვლილი?! 
- კი, მაგრამ მაინც სამი, ხომ უნდა ყოფილიყო მითითებული? - არ ცხრებოდა პედიატრი. 
- წესით კი, მაგრამ ამას აქვს, ახლა რამე მნიშვნელობა? - იქეთ ჩაეკითხა მაკა. 
- რა ვიცი... იმ ქალისთვის, ხომ აქვს? 
- და მერე, იცოდეს და სადაც უნდა, იქ იძახოს! მე, რა შუაში ვარ? შეეშალათ ალბათ და ასე შეავსეს მისი ანკეტა! შენ კი, რა ამბავი ამიტეხე აქ? 
- ბოდიში, მაკა ექიმო. 
- ბოდიშს გირჩევნია, საქმეს მიხედო! ამდენი ცოცხალი ჩვილი სახეზეა და რამდენი პრეტენზიული დედაა. 
- უჰ, ნუ იტყვით, მაკა ექიმო. - კვერი დაუკრა პედიატრმა. - მშობიარობის მერე, უფრო მეტად არიან გაკაპრიზნებული, ვიდრე ორსულობაში იყვნენ. 
- ჰაჰ! ხომ წარმოგიდგენია, საწყალი მაგათი ქმრები, რა დღეში ეყოლებოდათ?
- აბა, აბა! - სიცილით დაეთანხმა პედიატრი და ისე დატოვა მაკას კაბინეტი, რომ აღარც კი ახსოვდა, თუ რისთვის შევიდა იქ.
მარტო დარჩენილამ მაკამ ერთგულ ექთანს უხმო. 
- ვინ მოათრია, ეს ახალი ექიმი? 
- ახალი პედიატრი? - იკითხა ექთანმა. 
- ჰო! ძაან აცანცარებულია და ზედმეტადაც ჰყოფს ცხვირს! 
- ალეკო ექიმის პროტეჟეა. - უკმაყოფილოდ მიუგო ექთანმა. - არ ვიცი, მისთვის ვინ არის. იქნებ, მისი ერთ-ერთი საყვარელია? - გაეცინა ექთანს. 
- არც გამიკვირდება. - მიუგო მაკამ. 
- ოჰ, ალეკო ექიმიც, როგორი სიმპათიურია და ისეთი გოგოები ახტებიან თავს და ეს უკანალ ჩამოვარდნილი ქალი, ნეტა როგორ მოეწონა? 
- ჰო, კარგი წადი. - მდარედ მიუგო მაკამ და თან გაიფიქრა:
„შენ ხომ მყავხარ, ალვის ტანიანი.“ 
ტყუპების დედის, სამშობიაროდან გაწერამდე და მის სრულ დამშვიდებამდე, მაკა იმ ცანცარა ახალ პედიატრს, ვითომდა მეგობრულად, ხშირად ყავაზეც ეპატიჟებოდა. ხანაც, იმ გულმოკლულ დედას, ათასნაირად უხსნიდა, მესამე ჩვილის გარდაცვალების მიზეზს და არწმუნებდა, რომ მისი დაღუპვა, გარდაუვალი იყოო.
მოგვიანებით კი, ის გაზეთიც ჩაუვარდა ხელში და ახლა უკვე მშვენიერი მიზეზი მიეცა, რომ ოთარი, სამსახურში მოენახულებინა. 
მართალია, კარზე ოქროსფერ ფირფიტაზე - რედაქტორი - ეწერა და აშკარად ჩანდა, რომ თანამშრომლებიც საკმაოდ პატივით ეპყრობოდნენ, მაგრამ მაკა ექიმმა, კარის გაღებისთანავე შენიშნა მთელი მისი სიდუხჭირე. 
- ეჰ, მალე გაზეთიც აღარავის ენდომება და ალბათ, წიგნსაც აღარავინ წაიკითხავს აწი. - სინანულით აღნიშნა სიმპათიურმა რედაქტორმა. 
- გააჩნია, ხალხში ვის გულისხმობთ? - გაუღიმა მაკამ. 
- მომავლ თაობას! ქალბატონო მაკა. მომავალ თაობას.
- გეთანხმებით! თუმცა, ეს მომავალი თაობაც, სწორედ იმ ოჯახიდან მოდის, სადაც წიგნებს, დიდად არც წყალობენ.
- უმეტესად ასეა, მაგრამ ზოგჯერ, ყველაზე განათლებული ოჯახიდან, ისეთი საშინელი ავაზაკი გამოსულა, რომ მშობლებმაც კი ჩაიქნიეს ხელი. 
- ეგ უკვე, აღზრდაზეც არის დამოკიდებული, ოთარ ბატონო. - რბილი ხმით მიმართა მაკამ. - როგორ, სად და რა გარემოცვაში აღიზრდება, იქ ოჯახი, სკოლა, ქუჩა და თვითონ ის პიროვნება, რამდენად სუსტია თუ ძლიერი, სწორედ ისეთად ჩამოყალიბდება. 
- საოცრად ბრძენი ყოფილხართ, ქალბატონო მაკა. - ოთარი აღფრთოვანებული შეჰყურებდა ამ დარბაისელ, სიმპათიურ, კარგად მოვლილ და გაპრანჭულ ქალს, რომლის სუნამოს სასიამოვნო სურნელი, უკვე მთელს კაბინეტში იფრქვეოდა და დადებით ემოციას ქმნიდა. 
- სიბრძნე, არაფერ შუაშია. - გაუღიმა მაკამ. - უბრალო და მარტივი დაკვირვების ანალიზია. 
- ნამდვილად, ნამდვილად. - ღიმილითვე დაუქნია თავი ოთარმა. - აი, თქვენთან კი, შერცხვენილი ვარ. თუმცა, თავის მართლებაც სულ ადვილად შემიძლია, რადგან არც კი ვიცოდი სად მუშაობთ, სად ცხოვრობთ, თქვენი ტელეფონის ნომერიც კი არ ვიცი. 
- სამაგიეროდ, მე ვიცოდი, სად უნდა მენახეთ და აი, დაუკითხავად მოგადექით კიდევაც. 
- და ძალიან კარგი. - მიუგო ოთარმა. - აქაურ პირობებში, მხოლოდ ჩაიზე შემიძლია დაგპატიჟოთ! თუმცა, კარგი ჩაი მაქვს, ლონდონიდან ჩამოტანილი. 
- არა, არა. - გაინაზა მაკა. - ასეც ნუ შეწუხდებით. განა მართლა რა იყო, ერთ წვიმიან დღეს, სულ რაღაც ორ ნაბიჯზე წამოყვანა. მართლა სამაგიეროს მისაღებად კი არ მოვსულვარ. უბრალოდ, ეს სტატია მომხვდა თვალში და... - მაკამ ხელჩანთიდან, ოთხად გაკეცილი გაზეთი ამოიღო. 
- აჰ, ეგ სტატია. - გაიბადრა რედაქტორი. - რა საოცარია, სამი შვილი ერთად, ერთდროულად! 
- დიახ! ნამდვილად საოცრებაა. - კვერი დაუკრა მაკამ. - თუმცა ზოგჯერ, იმ საოცრებასაც, ტრაგედიაც მოჰყვება ხოლმე თან. 
- ტრაგედია? 
- სამწუხაროდ, იმ სამი ტყუპიდან, ორიც ძლივს გადარჩა. - ნაღვლიანი სახით მიუგო მაკამ. 
- რა სამწუხაროა. 
- დიახ, რას ვიზამთ? ასეც ხდება ხოლმე. ზოგი, საერთოდ შვილის გარეშე ტოვებს სამშობიაროს. ამ ქალს კი, ასეა თუ ისეა, მაინც ბედმა გაუღიმა და სამიდან, ორი მაინც წაიყვანა სახლში. - მაკამ მრავლისმეტყველი თვალები მიანათა. 
ოთარს, წამით გაუშეშდა მზერა. ზუსტად მაინც ვერ მიმხვდარიყო, ეს ქალი, რატომ ესტუმრა, ან რა უნდოდა მისგან. 
- ეს გაზეთი, გუშინ გამოვიდა. - დაიწყო ოთარმა. - ალბათ, უკვე მესამე ჩვილი, ამ დროს გარდაცვლილი იყო. 
- დიახ. - კვერი დაუკრა მაკამ. - სწორედაც რომ ასე იყო. 
- და ალბათ, ჩვენი სტატიის მერე, უფრო მეტად დანაღვლიანდებოდა ტყუპების დედა, არა? 
- არა! რას ამბობთ? - შეიცხადა მაკამ. - პირიქით, ძალიან ბედნიერია და თქვენი ძალიან დიდი მადლობელია, რომ სამახსოვროდ, ფოტოსურათზე მაინც დარჩა. 
- მართლა? - გაუხარდა ოთარს. 
- დიახ! მართლა და აქ სწორედაც რომ მადლობის სათქმელად მოვედი. 
- მართლა? - კვლავ გაიმეორა ოთარმა და ახლა უფრო დაკვირვებით შეათვალიერა ქალი. 
„არ მგონია, რომ მხოლოდ მადლობის სათქმელად მობრძანებულიყავით, მშვენიერო ქალბატონო. თუმცა მაშინ, როგორ მითხარით? ქალბატონობამდე, ჯერ კიდევ, ბევრი მიკლიაო? 
ჰმ, ესე იგი, გასათხოვარი ბრძანდებით, არა? 
და აქ, ქმარს თუ ეძებთ, მერე ჩემგან რა გინდათ? ხომ იცით, რომ ცოლიანი ვარ.“ 
- მე იმ სამშობიარო სახლში ვმუშაობ. - წუთიერი დუმილი დაარღვია მაკამ. 
- მართლა? - უკვე მესამედ გაიმეორა ოთარმა, რასაც მაკას ღიმილი მოჰყვა. 
- დიახ, მართლა! - მტკიცე ხმით მიუგო მაკამ. - და ამიტომაც გეახელით! თქვენ ალბათ იფიქრეთ, რომ უბრალოდ თქვენი გაზეთი ჩამივარდა ხელში, არა? და ამ მომენტით ვისარგებლე, მაგრამ სულაც არა! - თავი გააქნია მაკამ. - რადგან იქ ვმუშაობ და თქვენი რედაქციაც, ასევე დაინტერესებულია, მართლაც რომ საოცარი და საინტერესო ამბებით, შემიძლია ხანდახან, რაღაც ინფორმაციები მოგაწოდოთ ხოლმე!
მაკა მშვენივრად ცრუობდა. არანაირი ინფორმაციის მიწოდებასაც არ აპირებდა, მაგრამ რადგან შეატყო, რომ ოთარს, ასე ადვილად ვერ მოხიბლავდა, ახლა მეგობრობისა და თანამშრომლობის გზას მიმართა. 
- მშვენიერია! - გაიბადრა ოთარი. 
- ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოხვიდეთ და აიღოთ ინტერვიუ. ჩვენთან ყოველ წუთს, სულ რაღაც ცვლილებაა. სულ რაღაც სიახლეა. თუ გსმენიათ, ახალ დანერგილ ტექნიკაზე? არის ასეთი აპარატურა -  ექოსკოპია, სადაც ნაყოფის, ზუსტი ასაკი და გრაფიკული გამოსახულებაც კი ჩანს უკვე! 
- რა საინტერესოა! - აღმოხდა ოთარს. 
- დიახ! ძალიან საინტერესოა და ამ ფირის ფოტოზე დაფიქსირების, ექსკლუზიურ უფლებასაც მოგცემთ, პირადად მე! - მაკამ ყელი მოიღერა და ვნებიანი თვალები ოთარს მიანათა. 
- ნამდვილად არ ვიტყოდი უარს. - ოთარმა თბილად გაუღიმა, მერე უჯრა გამოაღო და სავიზიტო ბარათი მაკას გაუწოდა. - უქმეების გარდა, შეგიძლიათ დილის ცხრიდან, საღამოს ცხრამდე შემეხმიანოთ. ეს სამსახურის ნომერია. - ცოტა არ იყოს, ხაზგასმით დაასრულა ოთარმა.
„და სახლის ნომერს, რატომ არ მაძლევ?“ 
გაუელვა მაკას. 
„ჰმ. სულზე უტკბესი, ცაკალელი ცოლუკა იეჭვიანებს და შენც გეშინია, არა?“ 
თავის მხრივ, მაკამაც გახსნა ჩანთა, თავისი ბევრად უფრო ლამაზად გაფორმებული სავიზიტო ბარათი ამოიღო და ოთარს გაუწოდა. 
- დარეკეთ ნებისმიერ დროს! გინდა სახლში და გინდა სამსახურში და თუ ვერ გიპასუხეთ, ესე იგი, ოპერაციაზე ვარ და შეგიძლიათ, ავტო მოპასუხესთან დატოვოთ შეტყობინება.
ამ სიტყვებით, მაკამ ხაზი გაუსვა თავის ფინანსურ სიძლიერეს და სულიერ სიმტკიცეს. მერე ამაყად წამოდგა. ოთარს ღიმილით გამოემშვიდობა და ისე დატოვა კაბინეტი, რომ უკან არც მოუხედავს. დერეფანშიც ასე თავ აწეულმა გაიარა და უკვე ეზოში გამოსულმა, მანქანის არეკლილი შუშიდან შეამჩნია, თუ როგორ ადევნებდა ოთარი თვალს, თავისი კაბინეტის ფანჯრიდან. მაკას გული სიხარულით აევსო და ისე ჩაჯდა მანქანაში, რომ ერთხელაც არ აუხედავს ზემოთ. 
ახლა უკვე სამსახურში მიეჩქარებოდა და საკმაოდ კმაყოფილი სახით მიაგელვებდა მანქანას. თავში ათასი გეგმა უტრიალებდა და დარწმუნებული იყო, რომ ნებისმიერ ვარიანტს, მის სასარგებლოდ შემოაბრუნებდა. 
„თუ ცოლად მომიყვანს, არ იქნება ურიგო.“
ფიქრობდა მაკა.
„ისე, ცოტა არ იყოს, ზედმეტად რბილი ხასიათის ჩანს. შეიძლება, მალეც კი მომბეზრდეს. ჰმ! სამაგიეროდ დარწმუნებული ვარ, ლამაზი შვილები გვეყოლება და თუ ვერ გადაწყვეტს, ცოლის მიტოვებას, შვილს მაინც გავაჩენ და ვიქნებით მე და ჩემი შვილი ბედნიერნი. არაფერი მოგვაკლდება, ჩემი სამსახურის წყალობით. მაგ ჯიბე გაფხეკილი კაცის, ისედაც არაფერი მინდა. მხოლოდ გარეგნობა და მისი დახვეწილი ინტელექტი მომწონს! 
ჰმ, ისე ვერც კი წარმომიდგენია, მაგ კაცმა რამე სერიოზული გადაწყვეტილება, დამოუკიდებლად მიიღოს. ცოტა ცეცხლი თუ არ შეუნთე, ისე არც გაინძრევა. ისევ ცოლი თუ მიატოვებს, თორემ... ან სულაც, სახლიდან გამოაგდებს! ჰა! ჰა! აი, მერე კი მართლაც მოძუძგურდება ჩემთან.“
მშვენიერი დღე ჰქონდა მაკას. დილით გაყიდული ტყუპისცალის თანხა ჩაიკუჭა ჯიბეში. მერე რედაქციაში, მის ახლად შერჩეულ მამაკაცს უნაბა თვალები და არც თუ ისე უშედეგოდ. კაცი, აშკარად მოიხიბლა, მაგრამ ასე ადვილად არც მოღალატე და არც ცოლის მიმტოვებელი ჩანდა, თუმცა ახლა მაკას ეს სულაც არ ანაღვლებდა, ნებისმიერ ვარიანტს, მაინც სათავისოდ შემოაბრუნებდა და ამაში, ძლიერ იყო დარწმუნებული. 
დღე იწურებოდა. მაკას მორიგეობაზე მიეჩქარებოდა და იმაზე ფიქრობდა, თუ რამდენი მშობიარე ეყოლებოდა ამაღამ და რამდენ გულუბრყვილო დედას ააცლიდა ჩვილს, თუმცა ასეთი მშვენიერი დღის ბოლო, მაკასთვის არც თუ ისე სასიამოვნოდ დასრულდა.
- რა ხდება? რა სახეები გაქვთ? - შესვლისთანავე იკითხა მაკამ. 
ექთანმა უკმაყოფილოდ დაბრიცა ტუჩი და მაკას კაბინეტში შეჰყვა. 
მაკა სავარძელში მოწყვეტით დაეშვა. ექთანმა კარი მიხურა თუ არა, მაშინვე საკმაოდ შეშფოთებული ხმით დაიწყო: 
- იცით, მაკა ექიმო დღეს რა მოხდა? 
- რაღაც რომ მოხდა, ვხედავ და რომ ვიცოდე, მაშინ არ მოგისმენდი. 
- ერთი ტუტრუცანა გოგო რომ არის, მეხუთე პალატაში, მეორე სართულზე, აი, ის კუთხესთან რომ პალატაა... 
- ვიცი, მეხუთე პალატა, თანაც მეორე სართულზე სადაც მდებარეობს! - მკვახედ მოუჭრა მაკამ. - და მერე? 
- გრძელი ენა რომ აქვს და გაცვეთილი ოთახის ჩუსტებიც ძლივს მოუტანა, ჯიბე გაფხეკილმა ქმარმა, იმ გოგომ თავისი ნებით, უკითხავად გამოაღო პალატის გვერდით კედელში სანიტრების საკუჭნაოში, კარადა-მაცივარი, თურმე ახალი და სუფთა საფენი მოუნდა გოგოს, ისე ხომ სულ ჩაკრიალებული ჰყავს მის პატრონს! 
- მერე? - უკვე სული დაელია მაკას. 
- რა მერე? შენახული ბავშვი გადმოუღია, ეს რა არისო? 
- რაა?! - მაკა ფეხზე წამოიჭრა. - თქვენ გინდათ, ციხეში გამიშვათ? - ოდნავ ხმამაღლა წარმოსთქვა მაკამ და მაშინვე ხმას დაუწია. - იცოდე, ყველანი სათითაოდ მომყვებით! 
- დამშვიდდი, მაკა ექიმო, ყველაფერი უკვე მოვაგვარე, მაგრამ მაინც გითხარით, რომ იცოდეთ. 
- ჰოო? - მაკას ცოტა გულზე მოეშვა. 
- კიდევ კარგი, დროულად დავადექი თავზე და ისეთები ჩავუტარეეე. ჰმ. - ექთანმა სიამაყით ასწია ცხვირი. 
- მაინც რა უთხარი ასეთი? - მდარედ გაეღიმა მაკას. - როგორ მოაკვარახჭინე? 
- ჯერ ეგ ერთი, ეს მკვდრადშობილი ბავშვია, დღეს პარასკევია და ორშაბათს უნდა გადავაგზავნოთ კვლევით ინსტიტუტში, მანამდე კი აქ ვინახავთ, აბა ცოცხლებს ხომ არ მივუწვენთ-მეთქი. 
- მერე დაგიჯერა? - ეჭვიანად გამოხედა მაკამ. 
- არ დამიჯერებს და ისე დავემუქრეე! 
- ჰმ. 
- ახლა ეს კარადა რომ უკითხავად გამოაღე, აქ იმდენი მედიკამენტები და იარაღები ინახება და ერთი ამპულაც, ლანცეტიც კი რომ დაიკარგოს, ქურდობას შენ დაგაბრალებენ-მეთქი და აი მაშინ, ძალიან დაფრთხა. აქეთ შემეხვეწა, არავის უთხრაო და თვითონაც იფიცებოდა, ხმას არ ამოვიღებო. 
- მერე რამდენად სანდოა, ეს ფიცი? 
- აწი, დაამტკიცოს რამდენიც უნდა, ყველა კვალი უკვე მოვსპე! - ნიშნის მოგებით მიახალა ექთანმა. 
- და იქ რატომ შეინახეთ? მაცივრები რა? ასე გადავსებულია? 
- ფერის გულისთვის. - მიუგო ექთანმა. - რომ არ აგვრეოდა, რადგან მაცივრებში სულ ორი შავტუხა ბიჭია და ორივეს ითხოვენ, ამას კი არავინ ითხოვს და თანაც, თეთრია. 
- ჰო! - კვერი დაუკრა მაკამ. - ორი შავი გოგო-ბიჭი და ორიც თეთრი, მაცივარში სულ უნდა გვყავდეს რეზერვში. აბა, სხვანაირად როგორ გინდა დააშოშმინო, ზოგიერთი ცოფიანი მშობელი?
- აბა რაა, მაკა ექიმო, აბა რაა. - კმაყოფილი იერით დაეთანხმა თავის გარეწარ ექიმს, ასევე გარეწარი, ნაძირალა ექთანი. 
მაკას კაბინეტიდან გამოსულს, სახეზე ბედნიერი ღიმილი არ შორდებოდა, რადგან დარწმუნებული იყო, ამ მცირეფი ინციდენტის უპრობლემოდ მოგვარებისთვის, მაკას თვალში, მისი პიროვნული სტატუსი, ერთიორად უფრო ამაღლდა. თავისი საქციელით, კიდევ უფრო მეტად დაუმტკიცდა უბადლო ერთგულება და უკიდეგანო გამჭრიახობა.
LEX. 2021 წლის 25 ივნისი, პარასკევი.

No comments:

Post a Comment