- და ის ბარათი, შენ ჩაგაბარა? - მიმიმ გაკვირვებისგან, წარბები აზიდა, როცა ჩუკიმ, დიმეოს ნაჩუქარი საბანკო ბარათი გაუწოდა.
ბარათზე ორი, საკმაოდ ძვირიანი ავტომობილის, ფიფოსი და მიმის გაყიდული მანქანების თანხა იყო ჩარიცხული, რომელიც დიმეომ დედას, ფაქტიურად არგუმენტისა და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაათმობინა.
მიმის მსგავსად ამ ამბავმა, სტუმრებიც ძლიერ გააკვირვა. თუმცა, ერთხმად აღნიშნეს, რომ ახალგაზრდა ადვოკატი, მათ შორის, ყველაზე უმცროსი იყო და სავარაუდოდ, ნაკლებმა ასაკობრივმა სხვაობამ, უფრო დააახლოვა ერთმანეთს.
- ნუ, ჩვენს ფონზე, ყველაზე მეტად ჩუკის ენდობა და აბა, რაა. - ეღიმებოდა დეტექტივს.
ჩუკისაც ცალყბად გაეღიმა.
- მშვენიერია. - თავი დაუქნია ქირურგმა. - აბა ის არის კარგი, რომ ბავშვი ვერავის ენდობა და მერე ვინ იცის, რას არ მოიწევს.
ჩუკიმ ქირურგიც მდარე ღიმილით დაასაჩუქრა.
მერე მხატვარმაც ჩაურთო სიტყვა, მიმიმაც დაუმატა. ბოლოს ყველამ, ერთხმად მოუწონა დიმეოს გადაწყვეტილება. თუმცა ჩუკი, საუბარში არ ერთვებოდა, აშკარად უხასიათოთ იჯდა და თითქოს, ხმის ამოღებასაც აღარ აპირებდა.
- ეს ბავშვი მაინც ვერ გავიცანი. - ღიმილით დასძინა მიმიმ. - ასე მგონია სხვამ გააჩინა, ჩემი არაფერი სცხია.
- მიმი, სუ ტყუილად გაქვს იმედი, რომ დიმეოს, ოდესმე გამოიცნობ. - სიცილით ჩაურთო მხატვარმა. - მაგას ისეთი სისხლი აქვს...
აქ მიმი აშკარად შეცბა. მხატვარს ფარული წყენით გახედა, მერე გაფითრებული მზერა ქირურგსაც შეავლო, მან კი თვალი აარიდა. მხოლოდ დეტექტივი არ ჩარეულა ამ უჩუმარ ინციდენტში, რომელიც მარტო ადვოკატმა შეამჩნია და ახლა უფრო მეტად დაასკვნა, რომ რაღაც ისეთი საიდუმლო იყო ოჯახში, რომლის თქმასაც ოჯახის წევრები და მეგობრებიც კი გაურბოდნენ და ამ საიდუმლოში აშკარად არ იყო გარეული დეტექტივი.
- თუ დიმეოს არ უნდა, საერთოდაც არ გეჩვენება. - განაგრძობდა მხატვარი და თითქოს, ვერც ამჩნევდა მიმის რეაქციას. - და როცა დიმეო გეჩვენება და გგონია, რომ თავისი ნამდვილი სახე დაგანახა, ეს იმიტომ რომ იმ დროს, თავად სჭირდებოდა ასე და არა იმიტომ, რომ შენ შეამჩნიე ან დაინახე!
- შენ ახლა ბავშვისგან მონსტრს ნუ გვიხატავ. - სიცილით შენიშნა დეტექტივმა.
...და აქ, ისევ შეცბა მიმი. ისევ შეავლო თვალი მხატვარსა თუ ქირურგს და მხოლოდ, ისევ ადვოკატმა შენიშნა ეს.
- ნუ, რადგან ასე გენდობა და მხოლოდ შენ გაგენდო. - მიმიმ დიმეოს ირგვლივ თემის დახურვა სცადა. - მაშინ შენ გქონდეს და შენ შეუნახე სინდისი და ნამუსი, ჩემს გამოუცნობ ბიჭს! - ძალდატანებითი ღიმილით დაასრულა მიმიმ და ჩუკის გახედა.
- დიმეოს არაფერი სჭირს, სინდის ნამუსის შესანახი. - მდარე ხმით მიუგო ჩუკიმ. - უნიკალური ბავშვია. საოცარი...
- რა ვქნა? - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - ასეთი გავაჩინე და ალბათ, ვერც ვერასდროს გამოვიცნობ! - მიმიმ ბარათი ჩუკისკენ მისწია. - რადგან შენ ჩაგაბარა, მაშინ ჩაიბარე!
- არ ჩამაბარა. - დაბალი ხმით მიუგო ჩუკიმ.
- აბა? - გაიკვირვა მიმი.
- ვინმემ ხომ არ წაართვა და... - ჩაურთო დეტექტვიმა.
ყველა ჩუკის მიაჩერდა.
- მაჩუქა. - ისე მიუგო ჩუკიმ, რომ თავი არ აუწევია.
კვლავ აყაყანდნენ. დიმეოს საქციელით გაკვირვებულნი, ისევ მრავალი ვერსია დაასახელეს. მერე თანდათან, ყველა გაჩუმდა და ჩუკის მიაპყრეს მზერა.
ადვოკატი კი თვალებდახრილი დასცქეროდა მაგიდას და ხმას არ იღებდა. აშკარად ჩანდა, რაღაცაში იყო საქმე.
- არის ისეთი რამ, რაც ჩვენ არ ვიცით? - ჩაეკითხა ქირურგი. - ჩვენ, მეგობრებმა.
- ავთვისებიანი მითხრეს. - ამოილუღლუღა ჩუკიმ.
ყველა გაიტრუნა. სასოწარკვეთილი სახით მიაჩერდნენ ადვოკატს.
- და იქნებ... - დაიწყო დეტექტივმა, მაგრამ მაშინვე გაჩუმდა.
- ხომ შეიძლება, რომ არასწორი დიაგნოზი იყოს? - შეეშველა მიმი.
- მხოლოდ ოთხი წლის სიცოცხლე მქონია თურმე დარჩენილი, თუ ოპერაციაზე უარს ვიტყვი და არ გავიკეთებ. აი, ასე. - დაასრულა ჩუკიმ.
- უჰ! - ამოისუნთქა მიმიმ. - მერე? ოპერაციის გეშინია? აქ არ ვართ?!
- ოთხი წელი მერე იცი რამდენია? უუჰჰ! - მხატვარმა დაძაბულობის განეიტრალება სცადა, თუმცა არავის გაეღიმა.
- პრინციპში, ოპერაციასაც გააჩნია, მაგრამ რადგან იმედი მოგცეს, მე როგორც ქირურგი, ვფიქრობ, რომ არც იმდენად ცუდად ყოფილა საქმე! - შემართებით შესძახა ქირურგმა.
- ალბათ. - დაბალი ხმით მიუგო ჩუკიმ.
- ალბათ, კი არა, მასეც იქნება! - გაამხნევა დეტექტივმა. - ჩვენ აქ არ ვართ? რაც იქნება და შემეძლება, ხომ იცი? გვერდიდან ვერ მომიშორებ, იცოდე!
- ბევრი მეგობარი მიდგას გვერდში. - განაგრძო ჩუკიმ. - არა, თქვენ არ იფიქროთ, რომ მათ თქვენზე მეტად ან ნაკლებად ვენდობი. უბრალოდ, ჩვენ ბავშობიდან ერთად მოვდივართ და ცხადია, მათ თქვენზე უფრო ადრეც გაიგეს და მიუხედავად ამ ყველაფრისა, დიმეოს საქციელმა ყველა და ყველაფერი გადაფარა და დღემდე არც კი ვიცი, თუ საიდან და როგორ შეიტყო.
- ნუ, დიმეოსგან არც არაფერი უნდა გაგიკვირდეს, ჩემო კარგო! - ჩაურთო მხატვარმა.
- ეგ მართალია, დიმეოსგან, უკვე აღარაფერი გვიკვირს, მაგრამ შენ რატომ იყავი ასე ჩუმად? - წყენით ჩაეკითხა გალეო. - განა ჩვენ, შენი მეგობრები არ ვართ?
- ჯერ არც მინდოდა პანიკის ატეხა. - მიუგო ჩუკიმ. - ზუსტად არც გადამიწყვეტია და სახლშიც არ იციან ჯერ. რაც, შეეხება იმ ძველ მეგობრებს, ყოველ მეორე ექიმთან ვიზიტის დროს, ისინიც უმალ იქ ერჭობიან და ცხადია, ისინი უფრო ადრე იგებენ ყველაფერს.
- ნამდვილ მეგობრებს, მართლაც რომ არაფერი სჯობს. - მიმიმ სევდიანი თვალები მიანათა.
- ჰოდა, არაფერია აქ საწყენი. - ჩაურთო მხატვარმა. - პირველად ძველ მეგობრებს უნდა გაენდო! ეს წესია ასეთი. ამას ვამბობ, მე! როგორც წესების, ყველაზე უბადლო დამცველი!
ყველას გაეღიმა მხატვრის ხუმრობაზე.
- აბა მართლა, ყველგან და ყველასთან ხომ არ გამოაცხადებ, ჯერ სანამ შენ თვითონ არ გაერკვევი ბოლომდე. - დაუმატა დეტექტვიმა. - და არც მე მწყინს, სხვათა შორის.
- აბა, მე მეწყინა? - გაეცინა ქირურგს.
- და მაინც, საკვირველია. - ჩაფიქრებული ხმით აღნიშნა მიმიმ. - დიმეოს, საიდან უნდა გაეგო?
- წარმოდგენაც კი არ მაქვს. - მხრები აიჩეჩა ჩუკიმ.
ადვოკატი მშვენივრად ხვდებოდა, თუ საიდან უნდა გაეგო ბავშვს ეს ყველაფერი და დარწმუნებული იყო, რომ ეს სწორედ იმ პერიოდში მოხდა, როცა დიმეოს ტესტის ჩასაბარებლად ახლდა. აი, იქ შეიძლებოდა მოეკრა ყური ბავშვს, მაგრამ აბა მიმის, იმას ხომ არ ეტყოდა, რომ შენს ზურგს უკან და ყველას უჩუმრად, დიმეოს ტესტის ჩასატარებლად დავყვებოდი და ასე ვმალავდითო.
- და დიაგნოზი, უტყუარია? - ჩაეკითხა მხატვარი.
- იქნებ, უცხოეთშიც გადაგვეგზავნა შენი ანალიზის პასუხები? - შესთავაზა მიმიმ.
- უკვე რამდენჯერმე გავესინჯე და საბოლოოდ, მაინც ეს პასუხი მივიღე, ოპერაციის გარეშე, დიდი ვარაუდით, ოთხი წელიც არ მრჩება.
- სიმართლე გითხრა, ეგ ზუსტად არავინ იცის, როგორ და რა იქნება, მაგრამ რადგან იმედი მოგცეს, არა მგონია რომ ტყუილად დაგაიმედონ. - კვლავ შეაგულიანა ქირუგმა.
- წინასწარ აბა, მაინც ვინ რას გეტყვის! - ჩაურთო მხატვარმაც.
- და ისე? შენ როგორ შენიშნე? - ჩაეკითხა ქურურგი. - თითქოს, არც არაფერი გეტყობა გარეგნულად.
- ხომ მაგრამ, ამ ბოლო დროს, რაღაც უფრო ზედმეტად ჩაფიქრებული და მოწყენილი, ნამდვილად ჩანდი. - ჩაურთო გალეომ.
- ადრეც იგივე დიაგნოზი მქონდა. - მიუგო ჩუკიმ. - შვიდი წლის წინ, მაშინ უფრო რთული სიტუაცია იყო. ჩემებს უთხრეს, ოპერაციაც თუ გადაიტანა, ესეც სავალალოა, მაგრამ მაინც გამოვძვერი და ახლა...
- ჰოდა, რა ყურები ჩამოყარეთ? - შეაგულიანა დეტექტივმა. - ახლა თუ ბევრად უკეთესად ხარ და უფრო ადვილად მოიშორებ ყველაფერ ცუდს!
- მეც წამოგყვები ქირურგთან! - შესთავაზა მიმიმ. - რაც იქნება საჭირო, ჩემს თავზე ვიღებ და არ გაბედო შეკამათება! - ღიმილით დაუქნია თითი მიმიმ.
- მიმი, შენ მიხედე, შენს თავს. - ჩაურთო ქირურგმა. - ყველგან მე მივყვები, მე უფრო ვიცი, სად და როგორ.
- ჰო, მაგრამ იქნებ უცებ, რამე რომ დასჭირდეს? - უკან არ იხევდა მიმი.
- უკვე იზრუნა დიმეომ. - ღიმილით მიუგო ჩუკიმ მოსაუბრეებს.
- ვაიმე, გავგიჟდები, ახლა! - მიმიმ ემოციებს ვერ ფარავდა. - ეს ჩემი შვილი, ყოველდღე ახალ-ახალი სიურპრიზებით მაგიჟებს!
მეგობრები აღფრთოვანებული და გაოგნებული ჩანდნენ, ასე პატარა ბიჭმა, როგორ შესძლო ამის მოფიქრებაო.
- და ფაქტიურად, მარტომ შესძლო ეს ამხელა მაყუთი ისე დაეთრია, რომ ზედმეტი შეკითხვებიც ვერც ვერავინ დავუსვით. - ეცინებოდა დეტექტივს.
- ასეთი უნიკალური ნათლული მყავს და რა ქნას, არ არის მისი ბრალი. - სიცილს ვეღარც მხატვარი იკავებდა.
- მეც, მეც. - ეცინებოდა ქირურგსაც. - ჩემი ნათლულიც არის.
- არა მაინც, როგორ მოიფიქრა? - კვლავ გაკვირვებული ხმით ურთავდა გალეო.
- ამ ბავშვს, დიდი ადამიანის გონება აქვს და უდიდესი გულიც. - დაურთო ჩუკიმ.
- მეც მინდა, წილში შემოვიდე! თუნდაც, სულ მცირედი თანხით. - კვლავ მიმართა გალეომ. - მეგობრულად და არავითარი სესხით!
- მაქვს ახლა საკმარისზე მეტი თანხა. - მიუგო ჩუკიმ. - მეგობრებმაც სასწრაფოდ შემიგროვეს და მეც დამიმტკიცეს სესხი. ასე რომ ამ ეტაპზე, არც დიმეოს თანხა მჭირდება.
- და მერე, რაა?! - იწყინა მიმიმ. - ჩემს პირმშოს, ყველა კაპრიზს რომ ვუსრულებ, ეგ არ იცით? უნდა ბავშვს დახმარება და მორჩა!
ადვოკატი მაინც უარზე იდგა, საშინლად ერიდებოდა ფულის გამორთმევა. თუმცა, აბა მიმისთან, რას გახდებოდა.
- ახლა ეს ბარათი, რომ არ აიღო, ამით დიმეოს ატკენ გულს. - უხსნიდა მიმი.
- ჯერ ერთი, რომ გაიშიფრები, დიმეოს საიდუმლო გაეცი. - ჩაურთო გალეომ. - ხომ გთხოვა, რომ ნურავის ეტყვიო და ცალკე კი პარალელურად, ჩვენც გავიშიფრებით, თუ როგორ ვბჭობდით, რაში სჭირდებოდა პატარა ბავშვს, ამხელა ფული, ასე რომ არავინ ვიღებთ ხმას ჯერ, სანამ ბავშვი, თავად არ მოუყვება დედას, ესაა ახლა მთავარი!
- და მოვრჩეთ ამაზე საუბარს! - გამოაცხადა მიმიმ. - ეცით ჩემს შვილს პატივი, შეუნახეთ ეს საიდუმლო და ჩუკ, შენ გამოიყენე მაქსიმალურად, არაფერი მოიკლო, რაც საჭირო იქნება და თუნდაც, არც იმდენად აუცილებელი.
- აღარ ვიცი, რა ვთქვა. - ადვოკატი კვლავ უხერხულობას გრძნობდა. - როგორც კი ყველაფერი კარგად ჩაივლის, აუცილებლად დაგიბრუნებთ, მხოლოდ შედარებით გვიან და ნელ-ნელა.
- არაფერსაც არ დააბრუნებ! - იწყინა მიმიმ. - ჩემი შვილის სურვილს პატივს ვცემ და მართლაც, ახლა არც არაფერში გვჭირდებოდა ეს ორი მანქანა. სულ ტყუილად იდგა. მერე უფრო იაფად გაიყიდებოდა და ბარემ, ვისარგებლოთ!
- ისედაც უამრავი ხარჯი გაქვს და კიდევ მე გაკლდი? - ჩუკიმ ამოიხვნეშა.
- უბრალოდ, შენ ძალიან მჭირდები. - მტკიცე ხმით მიუგო მიმიმ. - ცოცხალი მჭირდები! ჩემს შვილსაც ხედავ, არა? როგორ სჭირდები და როგორ ფიქრობ? როცა ვიცი, რომ შემიძლია დახმარება და არაფერს ვაკეთებ, რა გულმა უნდა გამიძლოს? მით უმეტეს, თუ ეს დიმეოს ინიციატივა და თხოვნა იყო.
- აბა, როგორ შეიძლება, რომ დიმეოსნაირ ბიჭს, რამეზე უარი უთხრა? - სიცილით ჩაერია მხატვარი. – არ გამოვა ეგ საქმე, არა!
ადვოკატი მაინც უხერხულობის გრძნობას შეეპყრო, მეგობრები კი აგულიანებდნენ, მაგრამ მაინც აწურული იჯდა, ამდენი პატივისცემა რისთვის დავიმსახურეო. მიმი დიმეოს საქციელით, რამდენადაც გახარებული, იმდენად გაოცებული ჩანდა.
- რა არ ვიფიქრე, რას არ გადავწვდი. - გაოგნებული სახით ამბობდა მიმი. - ისე ვნერვიულობდი და აი თურმე, რაში ყოფილა საქმე.
- და სანამ დიმეო, თვითონ არ გეტყვის, მიმი მანამდე კრინტიც არ უნდა დაძრა, იცოდე. - გააფრთხილა დეტექტივმა.
- ჰო, თორემ მერე სამუდამოდ დაკარგავ მის ნდობას. - დაურთო ქირურგმაც.
- შეეშვით ჩემს ნათლულს! - გამოაცხადა მხატვარმა. - თქვენზე კარგად აზროვნებს და იცის რაც უნდა ქნას. სანამ თქვენ აზრზე მოხვალთ, მას უკვე ყოველი ნაბიჯი აქვს გათვლილი.
- მიმი, აღიარე! - დაუმატა დეტექტივმა. - გენიოსი გყავს!
მიმიმ ღიმილით გააქნია თავი.
- მაგრამ ისიც არ ვარგა, რომ სულ აღარაფერი ჰკითხო. - ჩაერია ჩუკი. - ხანდახან, ვითომდა შეპარვით უნდა გამოხატო ინტერესი, თუ რაში აპირებს დახარჯვას, ან იქნებ ეცოტავა, ან იქნებ მორჩა კიდევაც და ზედმეტი იყო.
- ჰო, მართალი ხარ. - დაეთანხმა მიმი.
- ასე სულ გაჩუმებაც არ იქნება. - კვერი დაუკრა დეტექტვიმაც. - ბოლოს და ბოლოს, ამხელა თანხა, ხუმრობა ხომ არ არის.
- ხანდახან შეაპარე ხოლმე კითხვები. - დაუმატა ქირურგმა. - თუმცა...
- რა თუმცა? - იკითხა მიმიმ.
- მიმი, მიგიხვდება მაინც, მიგიხვდებააა! - ჩაიქირქილა მხატვარმა. - ფარსი ნოტების გამოცნობა, არ გაუჭირდება.
- ესე იგი, ვკითხო, თუ არ ვკითხო? - ღიმილით აიჩეჩა მიმიმ მხრები.
- უბრალოდ, უთხარი რომ ერთი სული გაქვს, როდისღა გაუმხელ საიდუმლოს. - ჩაურთო ჩუკიმ.
- ჰო, ეს ყველაზე ნაღდია. - დაეთანხმა დეტექტივი.
დიდხანს ისაუბრეს და ითათბირეს. ისედაც არავინ უშლიდათ ხელს და დიმეოც ძანესთან ათევდა ღამეს. ამიტომ უფრო თავისუფლად ბჭობდნენ და მერე, გვიანაც დაიშალნენ.
მიმი კვლავ ემოციებში იყო. სულ ის აზრი უტრიალებდა თავში, ამ პატარა ბავშვმა, ეს ამდენი მაინც როგორ მოიფიქრაო.
მომდევნეო დღეებშიც, მიმის ისე ეჭირა თავი, თითქოს არაფერი იცოდა. ისიც კი უთხრა, გამიხარდება თუ ოდესმე, შენს საიდუმლოს გამიმხელო.
- რა საიდუმლოს? - გაიკვირვა ბიჭმა.
- საიდუმლო არ არის აბა, დეე? - ჩაეღიმა მიმის. - ამხელა თანხა მთხოვე და სხვა დროს აგიხსნიო და აი მეც, ერთი სული მაქვს, როდისღა გამიმხელს ჩემი ბიჭი.
დიმეო უხერხულად აიწურა.
- ჯერ ვერ გეტყვი, მაგრამ აუცილებლად. - წაიბურდღუნა ბავშვმა.
- კარგი. - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - იმედია რამე ხათაბალაში არ ხარ დეე, გახვეული და ცუდში არაფერში გჭირდება.
- არა, დეე! ცუდი არა! - მკვირცხლად მიუგო ბიჭმა.
- გენდობი, დეე. - მიმი ბავშვს მიეალერსა. - მართლა მინდა რომ ჩემიც გჯეროდეს, ყოველთვის შენს გვერდით მიგულე. გქონდეს ჩემი დახმარების იმედი.
პასუხად დიმეომ გაუღიმა.
- და მეც ინტერესით ვკვდები, როდის გამანდობ შენს საიდუმლოს. - განაგრძო მიმიმ. - ხომ ვიმსახურებ?
- აუცილებლად, დეე. - მიუგო ბიჭმა. - მხოლოდ, ჯერ არა.
მიმის ჩაეღიმა.
„კიდევ კარგი, დიმეო თავად მარიდებდა თვალს, თორემ ამ ბავშვი თვალებში ჩახედვა, მაშინვე გამყიდდა რომ უკვე ყველაფერი ვიცოდი.“
გაიფიქრა მიმიმ და ბავშვი გულში ჩაიკრა.
- ჩემი იმედი ხარ, დეე.
დიმეომ შეიფერა და დედის მკლავებიდან, როგორც კი თავი გაითავისუფლა, მაშინვე საძინებლისკენ აიწურა, რომ მიმის, კიდევ სხვა შეკითხვა არ დაესვა.
ბავშვს ახლა, სხვა რამ ადარდებდა და საგონებელში იყო ჩავარდნილი. თითქოს, ჩუკიმაც აუხსნა, ტესტს არასწორად გაიგებდიო, მაგრამ კვლავ თავიდან გადაამოწმა, ბევრიც ქექა ინტერნეტი და მაინც ზუსტად ის დასკვნა გამოვიდა, რომ ის მოხუცი ბებო, მას დედის მხრიდან კი არა, არამედ მამის მხრიდან ენათესავებოდა. მერე ისიც იფიქრა, რომ აქ კარგად ვერ ჩაატარეს ანალიზიო და იქნებ, მეც უცხოეთში გავაგზავნოო და რა თქმა უნდა, ისევ ჩუკი უნდა დახმარებოდა, აბა დედას ხომ ვერ ეტყოდა.
„ნეტა დედას თუ ჩამოუვიდა ტესტის პასუხები?“
ფიქრობდა ბიჭი.
„რაღაც ძაან იგვიანებს. ჩემი უფრო მალე იყო და აი, შედეგიც, სულ ამირიეს გონება.“
ბიჭმა ამოიხვნეშა და გვერდი იცვალა.
„ეს მწირი მაინც, სად დაიკარგა? ჩუკიმ კი დამამშვიდა, რამე რომ დამართოდა, მაგას უფრო მალე გავიგებდითო. ესე იგი, ცოცხალია და არც საავადმყოფოში არ წევს, მაგრამ ეგ ისეთი მოხეტიალე იყო, სადმე ხევში ხომ არ გადაიჩეხა და...“
დიმეოს ცრემლი მოადგა.
„ნეტა მალე გავიგო, რომ კარგად იყოს და თუ არ უნდა და ნუღარ იმეგობრებს ჩემთან.“
ბავშვი წამოდგა, კომოდში მიმალული მწირის ნაჩუქარი ჯვარი გულზე დაიკიდა და ისევ საწოლში შეწვა. ჯვარს დიდ ხანს ეფერა და გულში ლოცულობდა. პირველ რიგში მამიკო დედიკო და ჩემი მწირიც, ღმერთო კარგად მიმყოფეო. მერე ყველა ნათესავი და ახლობელიც მიაყოლა ჩამონათვალს, ჩუკიზე კი კიდევ ცალკე ილოცა, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიაროსო. ამ ლოცვასა და ფიქრში, ისე ჩაეძინა, რომ არც გაუგია დედიკოს შემოსვლა.
ვერც მიმიმ მოისვენა იმ ღამით. თავიდან ადვილად ჩაეძინა, თუმცა მალევე გამოეღვიძა. დიმეოს გმირობაზე ფიქრმა, ძილის საშუალება არ მისცა.
„დიახაც, რომ გმირია ჩემი ბიჭი!“
ფიქრობდა მიმი.
„ეს შეიძლება დიდსაც ვერ მოეფიქრებინა, ასე ოსტატურად მოაკვარახჭინა საქმე. ჩემთვის რომ ეთხოვა ან მე რომ მცოდნოდა, განა მაშინვე არ დავეხმარებოდი, მაგრამ ბავშვმა ისე ითავა, რომ რომელი უფროსი მოქმედება შეედრება მის ქცევას.“
მიმი სიხარულისგან გული აუფრიალდა, მაგრამ მერე ისევ დანაღვლიანდა.
„ფიფო ხედავ? რა მაგარი ბიჭი გეზრდება, ერთი სული მაქვს როდის მოგიყვები ამ ყველაფერს და ასე რაა, გთხოვ. ადე“
მიმის ცრემლები მოაწვა, საწოლში ვეღარ მოისვენა. ახლა საშინლად მოუნდა თავისი სანუკვარი შვილის ჩახუტება. დიმეოს საწოლ ოთახში ფეხაკრეფით შევიდა. ბავშვს ტკბილად ეძინა. არც გაუგია, დედამ როგორ ფრთხილად აკოცა.
„ჩუკის როგორ არ დავეხმარებოდი, ძალიან მიყვარს, მაგრამ თვითონ ბავშვმა რომ ითავა, ამაშია საქმე.
ღმერთო, ჩემო. ეს რა საოცარი გულის ბიჭი გავაჩინე.“
მიმის სიამოვნების ღიმილი მოჰგვროდა სახეზე და ბედნიერი ფრთხილად ეფერებოდა ბავშვს. ბიჭი შეიშმუშნა. მიმიმ ხელი უშვა და გაიტრუნა. დიმეომ პირ აღმა იცვალა გვერდი, საბანიც ოდნავ გადასძვრა და ხელში ჩაბღუჯული ჯვარიც გამოუჩნდა. მიმი შეცბა. მოიღუშა. წამით ბედნიერი, ახლა საშინელ ხასიათზე დადგა. ახლა დიდი სიამოვნებით, ხელიდან გამოგლიჯავდა ბიჭს ამ ჯვარს და ფანჯრიდან მოისროდა, მაგრამ აბა მართლა ბავშვს ხომ არ გააღვიძებდა და ანდა რაღაც ნივთი, რა შუაში იყო?
მიმი გულმოსული დაბრუნდა თავის საძინებელში. შეწვა თუ არა, ორსულობამაც თავი შეახსენა, მიმი მუცელს მიეალერსა.
„იქნებ, შენს დაბადებამდე მაინც დასრულდეს ეს ამდენი კოშმარი.
ფიფო წამოდგეს და რეაბილიტაციამაც კარგად ჩაიაროს. ჩუკის ოპერაცია კარგად ჩაუტარდეს და კარგი შედეგი ჰქონდეს, შენ კი პატარავ, ჯანმრთელი დაიბადე და შენი მოსვლით გაგვახარე ყველანი. ნეტა იცოდე, როგორ მაგარი ძამიკო გელოდება, ნამდვილი გმირი ბიჭი.“
ამდენ ფიქრებში ჩაეძინა კიდეც, მაგრამ გვიან ღამით რაღაცამ გამოაღვიძა. ეს არც რამე ხმაური იყო და არც არავის გაუღვიძებია, მაგრამ რაღაც თითქოს შეხტა კიდევაც ძილში, ან სიზმარში...
საშინელი წყურვილის გრძობა დაეუფლა. კომოდს გახედა, მისთვის ბოთლით განკუთვნილი წყალი არ იდგა. ალბათ, წუხელ დამავიწყდაო გაიფიქრა და ახლა უფრო მეტად მოაწვა წყურვილის გრძნობა.
ქვემოთ ჩავიდა. დაცვის ბიჭი სავარძელში თვლემდა და ექთანიც ფიფოს ოთახში თვალებ მინაბული იჯდა და მიმიმაც ისე ჩაუარა, რომ არც ერთს მისი გამოჩენა არც გაუგია.
„მთელი სახლი რომ გაიტანონ, ესენი ვერც გაიგებენ ალბათ.“
გაუელვა მიმის და სამზარეულოსკენ წავიდა.
„უცხო თვალის დასაშინებლად კი წამოსკუპებულან აქ, მაგრამ რეალურად რომ მართლა კიდევ ვინმე დაგვესხას თავს, ამათი იმედი უნდა მქონდეს? ჰმ.“
მიმიმ მხრები აიჩეჩა. ონკანი მოუშვა, ცივ-ცივი წყალი ერთიანად მოიყუდა და გამოცალა.
- უჰ!
სიამოვნებით ამოისუნთქა და ის იყო საძინებლისკენ დააპირა ასვლა რომ მოეჩვენა, თითქოს ფიფოს კაბინეტიდან, მკრთალი შუქი გამოდიოდა. სავარაუდოდ, ბრა თუ იქნებოდა ანთებული დაბალ შუქზე, მაგრამ ვის და რატომ?
- რა თქმა უნდა, დიმეო. - წაიჩურჩულა მიმიმ.
„აბა მის მეტი, ვინ დაძვრება ფიფოს კაბინეტში, მაგრამ რა არის ამ შუა ღამისას? მე კი მგონია, რომ ბავშვს სძინავს და ის კი, იქექება აქ და თანაც, უკითხავად. რამდენჯერ ვთხოვე, რომ მამიკოს ნივთებს ხელი არ ახლოო, მაგრამ ვინ გიჯერებს?
ოჰ, დიმეო, დიმეო.“
მიმიმ კაბინეტის კარი შეაღო და ელდა ეცა. ვიღაც კაცი მისკენ ზურგით იჯდა და დიმეო ბედნიერი სახით ეხვეოდა.
მიმის შესვლაზე დიმეო არც შემცბარა და გახარებულმა მიახარა:
- დედა, მწირი ჩამოვიდა! ხომ გინდოდა მისი გაცნობა!
LEX. 2022 წლის 11 ოქტომბერი, სამშაბათი.

No comments:
Post a Comment