- დედას როდის უნდა უთხრა? - ჩუკიმ მობილური ჯიბეში ჩაიდო და დიმეოს გახედა.
- რა ვიცი, აბა? - მხრები აიჩეჩა ბიჭმა.
- რატომ, ასე მოწყენილად? თუ გგონია არ გაუხარდება, რომ უახლოესი ნათესავი აღმოუჩინე?
- ყველაფერი ისე აირ-დაირია, რომ უკვე აღარ ვიცი, როგორ ვუთხრა.
- რა ყველაფერი აირია? - ჩაეკითხა ჩუკი.
დიმეომ არაფერი უპასუხა.
- ჰო, მართლა. - დაიწყო ჩუკიმ. - გუშინწინ შენს სკოლასთან მომიხდა გავლა. დაგინახე, მაგრამ სხვის მანქანაში ვიჯექი, ძალიან გვეჩქარებოდა და თანაც, საქმეც ისეთი იყო, ვერ გავაჩერებინებდი, ხომ გესმის?
- კი, როგორ არა.
- ისე იცი, როგორ მეამაყები? - განაგრძო ჩუკიმ. - ძალიან მაგარი ბიჭი ხარ.
დიმეომ შეიფერა.
- განა ყველა მიხვდებოდა ამას. - კვლავ განაგრძო ჩუკიმ.
- რას? - დიმეომ წარბები აზიდა.
- რას და ის, რომ მართლაც საამაყო ბიჭი ხარ! - ჩუკიმ დიმეოს, თავზე ხელი გადაუსვა. - როგორც კი უპოვარს დაინახავ, მაშინვე გინდა რომ დაეხმარო! თუნდაც იმ წამს, რითიც შეგიძლია! გულით გინდა, რომ ისედაც გაჭირვებული და გაპარტახებული ცხოვრება, რაღაცით მაინც შეუმსუბუქო, თუნდაც სრულიად უცხოსა და უცნობს. - ჩუკი წამით შეყოვნდა და ბოლო სიტყვებს, მრავალმნიშვნელოვნად გაუსვა ხაზი. - ან თუნდაც, ოდნავ ნაცნობს.
დიმეო შეცბა და აშკარად აარიდა თვალი მოსაუბრეს.
- ჰო, რა ვი... - ძლივს ამოილუღლუღა ბიჭმა და მოწყენილმა ჩამოყარა ყურები.
ერთხანს დუმილიც კი ჩამოვარდა. მერე კი დიმეომ ვეღარ მოითმინა და თავად დაიწყო:
- ძალიან მეცოდება ის ადამიანები, ვისაც მართლა არავინ ჰყავს... - ბიჭი გაჩუმდა და თვალი მოსაუბრეს შეავლო.
ჩუკიც მიხვდა, ბავშვს რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ უფრო მეტი ბიძგი იყო საჭირო მის ასალაპარაკებლად.
- მეც ძალიან მებრალებიან. - მიუგო ჩუკიმ. - ტაძართან და უბნის ახლო-მახლო უკვე დიდი ხანია ყველა მცნობს. ისე მესალმებიან და მომიკითხავენ ხოლმე, თითქოს მართლა ჩემიანები იყვნენ.
დიმეომ ინტერესით აზიდა წარბები. აშკარა ჩანდა, რომ ჩუკის სწორი გზით მიჰყავდა საუბარი.
- ვცდილობ ჯიბეში ხშირად ვიქონიო ხურდა, ძალიან მინდა ყველას ცოტ-ცოტა მაინც შევახვედრო.
- ჰო, მეც. - თავი დაუქნია დიმეომ. - მეც ბევრს ვიცნობ.
- იქნებ, საერთო ნაცნობებიც გვყავს და არც კი ვიცით! - სიცილით მიუგო ჩუკიმ.
- იქნებ. - დიმეომ კვლავ ამოიხვნეშა.
- შენ რაღაც, ზომაზე მეტად მოწყენილი მეჩვენები. - შეაპარა ჩუკიმ. - მოხდა რამე? ხომ იცი, რომ შეგიძლია უპრობლემოდ მენდო.
დიმეომ სევდიანად შეავლო თვალი მოსაუბრეს. თითქოს, მის ნდობაში, ჯერ კიდევ ეპარებოდა ეჭვი.
- ერთი მათხოვარი კაცი ძალიან მებრალებოდა. ყველაზე მეტად, მაგრამ ამ ბოლო დროს, ვერსად მოვკარი თვალი. - როგორც იქნა ამოღერღა ბიჭმა.
- გინდა, ერთად მოვძებნოთ? - შესთავაზა ჩუკიმ.
- როგორ არ მინდა! - თვალები გაუბრწყინდა ბიჭს, მაგრამ მაშინვე მოიღუშა.
- რა იყო? - ჩაეკითხა ჩუკი.
- ის... ის რაღაცნაირია. - ბიჭს კვლავ ნაღვლიანი ხმა ჰქონდა.
- როგორ, რაღაცნაირი?
- ხალხს გაურბის. - მიუგო დიმეომ. - ისე ჩაიმალება ხოლმე თავის ძონძებში, რომ არც კი უნდა რომ შეამჩნიონ. ბავშვებსაც კი არ ეჩვენება.
- ალბათ, ბევრმა მიაყენა ტკივილი. - მიუგო ჩუკიმ. - ბევრჯერ გახდა ღალატის მსხვერპლი და ნდობა აქვს დაკარგული.
- ჰო, ალბათ. - თავი დაუქნია ბიჭმა. - ნამდვილად მასეა.
- შეიძლება სულაც, წლებია ასე ცხოვრობს უკვე და გადაეჩვია კიდევაც ხალხთან ურთიერთობას.
- კი, მასეა!
- მაგრამ ამ დედამიწის ზურგზე, არსებობს ერთი ყველაზე მაგარი ბიჭი და მხოლოდ მას ენდობა. - ღიმილით დაურთო ჩუკიმ.
პასუხად დიმეოსაც გაეღიმა.
- რომ ვიცოდე მაინც როგორ გამოიყურება, მეც დაგეხმარებოდი მოძებნაში. - განაგრძო ჩუკიმ.
დიმეომ მხრები აიჩეჩა. მართლა არც აპირებდა თქმას, თუ როგორ გამოიყურებოდა მწირი. აკი შეპირდა, რომ არასდროს არავის მოვუყვები შენზეო, მაგრამ ფიფოსთანაც დასცდა რაღაც რაღაცეები, თუმცა მაშინ სიტუაციამ ასე მოითხოვდა ახლა კი ჩუკისთან მაქსიმალურად თავს იკავებდა, რომ ზედმეტი არაფერი ეთქვა.
- ჩვეულებრივად გამოიყურება. - მიუგო ბიჭმა. - ისევე, როგორც ყველა.
- შეგიძლია აღწერო, სახეზე როგორია?
- წესიერად არც მინახავს. - დიმეომ თვალი აარიდა და ჩუკიმ მაშინვე შენიშნა, თუმცა არაფერი შეიმჩნია.
- ალბათ, როგორც ყველა უსახლკარო, ისიც წვერ გაბურძგნული დადის.
დიმეომ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
- ჰოო. - ჩუკი ჩაფიქრდა. - მართლა რთულია თმა და წვერ მოშვებული კაცის აღწერა.
- ჰო.
- იქნებ, რამე დამახასიათებელი ნიშნები იცი?
- რა ნიშნები? - გაიკვირვა ბიჭმა.
- ათასი რამ შეიძლება იყოს. - მიუგო ჩუკიმ. - შეიძლება ზომაზე მეტად დიდი ცხვირი აქვს, ან სულაც ადრე გატეხილი და მერე ცუდად შეხორცებული, ან ნაიარევი მაინც ეტყობა, მიუხედავად სახეზე წვერისა. თუ გახსოვს, ყველა თითი აქვს? იქნებ, რომელიმე აკლია და ამით, უფრო ადვილად მოვძებნოთ.
- კი. - დიმეომ მაშინვე დაუქნია თავი, თუმცა უმალ მიხვდა, ასე მალე დათანხმებით ადვილად გაიშიფრებოდა, რომ მას, ვისაც ასე გამწარებული ეძებდა, ძალიან, ძალიან კარგად იცნობდა. - მგონი, კი. - ჩაფიქრებული სახით განაგრძო ბიჭმა. - რაღაც არ შემინიშნავს, რომ რომელიმე თითი აკლდეს.
- ორივე თვალი აქვს? იქნებ ერთი ზარმაცი თვალი აქვს და მეტად სხვანაირად გაურბის.
მოულოდნელად დიმეომ ჩუკის შეავლო თვალი. მასაც ჰქონდა რაღაც თვალის პრობლემა, თუმცა ზუსტად ვერც ხვდებოდა და თითქმის არც ემჩნეოდა.
ჩუკის ჩაეღიმა.
- მე არ მაქვს ზარმაცი თვალი. - განაგრძო ჩუკიმ. - და არც ზედმეტად გამირბის.
დიმეომ არაფერი უპასუხა. ცოტა წამოწითლდა კიდევაც, რომ მის უფროს მეგობარს, ასე გაუმახვილა ნაკლზე ყურადღება.
- უბრალოდ, არ მაქვს. - განაგრძო ჩუკიმ.
- რაა? - გაიკვირვა ბიჭმა.
- ერთი თვალი არ მაქვს. - მშვიდი ხმით მიუგო ჩუკიმ. - ეს... ასე ვთქვათ, პროთეზია.
- მაპატიე. - დიმეო ჩუკის მაგრად ჩაეკრა.
- საპატიებელი არაფერი გაქვს. - ჩუკიმ ღიმილით გადაუსვა ბავშვს თავზე ხელი. - შენ არაფერ შუაში ხარ. - ჩუკიმ ამოიხვნეშა. - საკმაოდ დაკვირვებული და ჭკვიანი ბავშვი ხარ, ძალიან იშვიათად მამჩნევენ და უკვე აღარც მწყინს.
კვლავ წუთიერი დუმილი ჩამოვარდა.
- უბრალოდ, მაშინ ასე მოხდა. - ჩუკიმ ამოიხვნეშა.
- როდის?
- შენზე სულ ცოტათი დიდი ვიყავი, როცა აკრძალული თამაშები ვითამაშეთ და აი, სწორედ მაშინ დავსაჩუქრდი ასე.
- რა თამაშები? - იკითხა ბიჭმა.
- ის, რასაც უფროსები გიკრძალავენ და შენი ვიწრო ჭკუით, მაინც ბედავ და თამაშობ.
- მომიყვები?
- დიდი მოსაყოლი არაფერია. - ჩაეღიმა ჩუკის. - თუმცა სჯობს იცოდე, რა ხდება, როცა ცდილობ, რომ უფროსების დარიგება ყურს მიღმა გაუშვა.
დიმეომ არაფერი უპასუხა. ჩუკიმ კი განაგრძო:
- ერთხელ ერთმა მეგობარმა, მშობლების უკითხავად, ჩუმად გამოიტანა კისტის თოფი. ვითომ უვნებელი, რადგან ნამდვილი ტყვიები არ ჰქონდა და ჩვენც გავთამამადით. მშობლებს რომ არ დავენახეთ, ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენი უბნისგან უფრო მოშორებით, ყველას თვალს მოვრიდებოდით და თავისუფლად, იქეთ-აქეთ გვესროლა. - ჩუკი გაჩუმდა და მალევე განაგრძო. - ერთმა მეგობარმა გამოიტანა, მეორე მეგობარმა კი შემთხვევით, ჩემკენ გაისროლა. აი, სულ ეს იყო.
- ძალიან გეტკინა? - დიმეოს თვალები აუცრემლდა.
- გახსენებაც კი არ მინდა იმის, რაც მაშინ გადავიტანე. - ჩუკიმ თავი გააქნია. - თუმცა დედას ვამშვიდებდი, რომ უკვე აღარ მტკივა, გამიარაო.
- არ გინდოდა,დედას რომ ენერვიულა.
- ჰმ. - ჩუკის ნაღვლიანი ღიმილი აუთამაშდა.
- მერე?
- მერე, ბევრიც ვიბრძოლეთ, რამდენიმე ოპერაციაც გავიკეთე, მაგრამ თვალი მაინც ვერ შენარჩუნდა.
- ძალიან ცუდია. - უთანაგრძნო დიმეომ. - და ის ბიჭი? ვინც გესროლა.
- არც ერთი მეგობარი გვერდიდან არ მომშორებია და ის კი, ვისგანაც ტყვია მომხვდა, ჩემი უახლოესი მეგობარი იყო, ყველაზე ახლოს და კარგად მასთან ვიყავი.
დიმეომ სინანულით გააქნია თავი.
- საწოლთან დაჩოქილი მითევდა ღამეებს. - განაგრძო ჩუკიმ. - პოლიციაც ბევრჯერ იყო დაკითხვაზე. აინტერესებდათ, ზუსტად ვისი ხელისგან მომხვდა ტყვია, მაგრამ აბა, ხომ არ ვიტყოდი?
- არც მე ვიტყოდი მეგობარზე! - შემართებულად მიუგო დიმეომ. - მით უმეტეს, თუ შემთხვევით მოუვიდა. თუმცა, არც მაშინ ვიტყოდი ძალითაც რომ ესროლა.
- ჰოო? - ჩუკიმ წარბები აზიდა. - შენ რა მაგარი ვაჟკაცი ბიჭი ყოფილხარ. იმაზე მაგარი, ვიდრე წარმომედგინა.
- პოლიციაში არ ჩავუშვებდი, ენა ტანია კი არ ვარ! - კუშტად შეკრა შუბლი ბიჭმა. - მაგრამ მერე, მე თვითონ გავუსწორდებოდი!
- ჰმ. - თავი გააქნია ჩუკიმ. - საკმაოდ მიზან დასახული ბიჭი ხარ.
- ჩემი უახლოესი ძმაკაცი თუ იქნებოდა და მართლაც, შემთხვევით მოუვიდა, მაგას არაფერს დავუშავებდი, მაგრამ თუ მართლა სპეციალურად მესროდა, მერე მოგვიანებით, მაინც გავუსწორდებოდი, არ შევარჩენდი!
- ესე იგი, შურს იძიებდი, მაინც, რაც არ უნდა დრო გასულიყო? - ღიმილით ჩაეკითხა ჩუკი.
- აბა, რა! - შემართებით მიუგო ბიჭმა.
- მიზანი, კარგია, მაგრამ გააჩნია... - ჩუკიმ უხმოდ გააქნია თავი.
ერთხანს, დუმილიც კი ჩამოვარდა. თითქოს, სათქმელიც არაფერი ჰქონდა, მერე ისევ ჩუკიმ დაარღვია დუმილი და ძალიან დაბალი ხმით დაიწყო:
- შურისძიებაც, ერთ-ერთი ცხოვრების მიზანია, მხოლოდ ყველაზე უღირსი მიზანი.
დიმეო უხერხულად აიწურა.
- აბა? შევარჩინო? - გაბუტული ხმით მიუგო ჩუკის.
- არა! უნდა შეარცხვინო. - ჩუკიმ ბიჭს თვალებში ჩახედა. - ისეთი რამ უნდა მოიფიქრო, რომ ისე კი არ შერცხვეს სხვანაირად და სხვა რამის, არამედ სწორედ იმ საქციელის შერცხვეს, რაც შენს მიმართ ჩაიდინა. თავი იგრძნოს დამნაშავედ და აღიაროს! - ჩუკი წამით შეყოვნდა. - რა თქმა უნდა შენთან, ან შენს მეგობრებთან ერთად და ყოველგვარი პოლიციის ჩარევის გარეშე.
- მიხარია, შენნაირი უფროსი მეგობარი რომ მყავს. - დიმეო კვლავ ჩუკის მოეხვია.
- მეც მიხარიხარ, პატარავ და მინდა ყოველთვის, ჩემი იმედი გქონდეს.
- და ის შენი მეგობარი?
- ვინ და რომელი ერთი? - ჩაეკითხა ჩუკი, თუმცა უკვე ისედაც ხვდებოდა თუ ვისაც გულისხმობდა ბავშვი.
- აი ვინც... ვის გამოც...
- ვინც თვალი დამიზიანა, იმ ბიჭს თუ გულისხმობ, უკვე დიდი ხანია ცოცხალი აღარ არის.
- უი, რატომ?
- სკოლა რომ დავამთავრეთ, იმ ბიჭის მშობლებმა, ერთადერთი შვილის უკეთესი მომავლისთვის, უცხოეთში ცხოვრება გადაწყვიტეს სამუდამოდ და ამიტომაც აქაური სახლიც გაყიდეს. თვითონ იმ ბიჭს, საშინლად არ უნდოდა წასვლა, ისე არ უნდოდა, რომ სულ ტირილ-ტირილით გამოგვემშვიდობა. მშობლებსაც ვეღარ გაუწია წინააღმდეგობა, რადგან იმ პერიოდში, ლამის მთელი მათი სანათესაო ერთდროულად აიბარგა, აღარავინ რჩებოდათ აქ. - ჩუკიმ ამოიხვნეშა. - საშინლად იტანჯებოდა იქ. სულ იმას ამბობდა თურმე, რომ ფულს დავაგროვებ, გამოვიპარები და ჩავალ და ისევ იმ ქუჩაზე ვიყიდი ბინასო. ასე გადიოდა წლები და ერთ დღესაც, ისევ აქედან წასულებმა, ჩხუბის დროს მოკლეს. ერთდროულად, რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს და სულ ყველა სასიკვდილო.
დიმეო მოიღუშა. გული შეეკუმშა.
- აი, როგორ დაგზაფრე ჩემი ისტორიებით და მოდი ახლა შენზე ვიფიქროთ, მინდა გვერდით დაგიდგე, მაგრამ არც კი ვიცი, როგორ და სად მოგიძებნო ის უპოვარი კაცი და იცი, ახლა რა მოვიფიქრე?
- რა?
- ყველას, რომელ მათხოვარ კაცს დავინახავ, ჩუმად გადავუღებ ფოტოებს და გაჩვენებ. იქნებ ასე ამოიცნო.
- ჰო, კარგი აზრია. - ცოტა მშრალად მიუგო დიმეომ.
- და რაღაც მაინც არ მოგწონს, არა? - ჩაეკითხა ჩუკი.
- სულ სკოლასთან იჯდა, ხოლმე მაგიტომაც ასე შევეჩვიე. - დაიწყო დიმეომ, თუმცა ცდილობდა, თავი არ აეწია და ისე მოეყოლა, რადგან ბევრი ტყუილების შერევაც უწევდა. - უფრო თვითონ მცნობს და სახეზე, წესიერად არც კი ვიცი, როგორია.
- ნუ, შენ უფრო ადვილი საცნობი ხარ, ვიდრე თვითონ. - ჩაეღიმა ჩუკის.
- და გუშინწინ შენ რომ დამინახე, მაშინ იმიტომ გავიქეცი, რომ ის მეგონა, სიხარულით მივეჭერი და მაშინვე მივხვდი რომ ის არ იყო. ხმაც სულ სხვა ჰქონდა და არც არანაირი რეაქცია ჩემს დანახვაზე.
- აბა, რა გითხრა? როგორ დაგეხმარო არც კი ვიცი. - მხრები აიჩეჩა ჩუკიმ. - ფოტოებს კი მაინც გადავუღებ, ვისაც თვალს მოვკრავ და ვნახოთ, იქნება და ამოიცნო შენი მეგობარი.
- იქნებ, უკვე ცოცხალიც არ არის... - დიმეოს ხმა აუკანკალდა.
- მგონი, მაგის გარკვევაც არ უნდა იყოს რთული.
- როგორ? რანაირად? - გამოცოცხლდა ბიჭი.
- გალეოს ვთხოვ. - ჩუკი ბიჭს სახეში ჩააშტერდა და მაშინვე მიხვდა, რომ დიმეოს გალეოს ჩარევა არ ესიამოვნა. - ვეტყვი, რომ მე მჭირდება. შენ არც გახსენებ.
ბავშვს იმდენად მოეშვა გულზე, რომ ვეღარც დაფარა. სიხარულით ჩაეკრო, კიდევ ერთხელ ჩუკის.
- იქნებ, ქუჩაში ცუდად გახდა და ახლა სადმე საავადმყოფოშიც კი წევს. - განაგრძო ჩუკიმ. - მაგასაც გაგირკვევ, შენ მაგაზე ნუ იდარდებ.
დიმეომ შვებით ამოისუნთქა. ჩაფიქრებული უმზერდა ჰორიზონტს, სახეზე ღიმილი არ შორდებოდა. ჩუკისაც უხაროდა, ამ პატარა და გულჩათხრობილ ბიჭს, რომ ცოტაოდენი სიხარული მაინც აჩუქა.
- და მაინც, არ მესმის. - დაარღვია დუმილი ჩუკიმ. - დედას რატომ არ ეუბნები იმ ტესტის შესახებ?
- ცოტა რაღაც ვერ გავიგე. - მხრები აიჩეჩა დიმეომ. - ტესტს კარგად ჩავაკვირდი, მერე ინტერნეტსაც ჩავუჯექი და უფრო მეტად გავშიფრე და ის ბებო, ნამდვილად ჩემი დიდი ბებოა, მე შვილთაშვილი გამოვდივარ, მხოლოდ მამის ხაზით.
- ალბათ, ასეც არის. - კვერი დაუკრა ჩუკიმ. - მიმი თუ შვილიშვილი გამოდის, შენ შვილთაშვილი და სავარაუდოდ, მიმის დედა კი არა, მამის მხრიდან გამოდის რომ ნათესავები უპოვე.
- ესე იგი, დედაჩემის მამა იმ ბებოს შვილი გამოდის?
- ნუ, ჰო.
- სულაც არა! - წამოიძახა დიმეომ. - ის ქალი დედის კი არა მამის მხრიდან მენათესავება, ასე უჩვენა ტესტმა და რა გამოდის ახლა?
- შენც ხომ იცი, რომ ეგ გამორიცხულია და ტესტმა მხოლოდ ის აჩვენა რომ მამის მხრიდან ესე იგი, მიმის მამაა აქ ჯერ შენი წინაპარი და მერე ის მოხუცი ბებო. იმ მამის დედა.
- და მე, არასწორად გავიგე? - წარბები აზიდა ბიჭმა.
- ასე გამოდის. - ჩაეღიმა ჩუკის. - სხვა შემთხვევაში მაშინ ფიფო გამოდის აყვანილი და აბა ჰკითხე ბებიაშენს კარგად.
- ეგ უკვე იმდენჯერ გავქექე. - გაიკრიჭა დიმეო. - სანამ ბებომ თავისი ორსულობის და მამიკოს დაბადების საბუთები და ჩვილის ხელზე მოხვეული სამაჯურები არ მაჩვენა, არ მოვეშვი.
- ნამდვილი დეტექტივი ხარ! ზუსტად ფიფოს შვილი! - გაეცინა ჩუკის.
- უჰ, რა კარგია შენთან საუბარი, გულზეც მომეშვა და ბევრ რამეზეც ამეხილა თვალი. - დიმეომ შვებით ამოისუნთქა.
- ზედმეტადაც ნუ იდარდებ. ნუ აწუხებ ამ პატარა გულს.
დიმეო ბედნიერი იყო, მართლაც რომ შვებით ამოისუნთქა. ბოლოს და ბოლოს, იმას მაინც გაიგებდა, თავისი მონატრებული უფროსი მეგობარი, კარგად იყო თუ ცუდად.
მოგვიანებით, მიმისთან შეიკრიბნენ, თუმცა მანამდე ჩუკიმ დეტექტივს შეუარა.
- დიმეო, მართლაც ერთ კონკრეტულ მათხოვარზე დარდობს. - უხსნიდა ჩუკი. - თუმცა, მაინც ამაში საგანგაშო არაფერია.
- ვითომ? - ეჭვიანად ჩაეკითხა დეტექტივი.
- სულ სკოლის წინ იჯდა, ბავშვი თავის ლანჩსაც უყოფდა და ეს სწორედ ის კაცი უნდა იყოს, შარშან რომ იხსნა დიმეო ჩხუბისგან.
- ალბათ და ამის მერე, დამეგობრდნენ კიდევაც, მაგრამ ხომ შეიძლება არა, ეს დამეგობრებაც ფარსი იყოს?
- შეიძლება. - კვერი დაუკრა ჩუკიმ. - მაგრამ ამდენი ხანი, ბავშვს იჩვევს? ძალიან დიდ დროს ხომ არ ანდომებს დიმეოს ნდობის მოპოვებას?
- ჰო, რა ვიცი. - თავი გააქნია გალეომ. - არა, მაინც რაღაც არ მომწონს.
- ნუ დეტექტივის გონებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მაინც ეჭვი გეპარება, სანამ ბოლომდე არ გაარკვევ საქმეს. - ღიმილით აღნიშნა ჩუკიმ.
- დიახაც! ყველაფერი ბოლომდე მინდა ვიცოდე.
- ჰოდა, გაარკვიე მაშინ ამ ბოლო პერიოდში საავადმყოფოში ხომ არავინ მოხვდა, ან სულაც იქნებ, მართლაც გარდაიცვალა.
- არის უფროსო! - სიცილით უპასუხა გალეომ. - ბოლო, მინიმუმ სამი თვის მანძილზე თუ კი ვინმე ბომჟს, რამე შეემთხვა, ყველაფერს გაგირკვევთ!
- მხოლოდ, ჩვენში უნდა დარჩეს.
- და წავედით ახლა, მიმი უკვე რა ხანია გველოდება.
ჩვეულებრივ, მიმისთან შეიკრიბნენ და უკვე მერამდენედ აღნიშნა დეტექტივმა, რომ მართალია ბიჟუს დაპატიმრებით, საკმაოდ დიდი ბუნაგი მოიშალა, მაგრამ ქირურგისგან მოტანილი ამბებით ირკვეოდა რომ ბიჟუს კლანი, მხოლოდ ერთი ფრთა იყო, იმ უდიდესი კრიმინალური დაჯგუფების, რომელთაც ფესვები, საკმაოდ ღრმად ჰქონდა გადგმული და ერთ-ერთი მთავარი ხაზი, ხელისუფლებასთან ახლო-მახლოსაც კი გადიოდა.
- ჩვენ მათ ვერაფერს დავაკლებთ. - ამოიხვნეშა მიმიმ და ქირურგს მიუბრუნდა. - გთხოვ, შეეშვი რა მაგ საქმეს, ხომ ხედავ, როგორი სარისკოა.
- ბევრჯერაც გამიელვა გულში, მაგრამ საშინლად მეცოდებიან ჩვილები და მათი არასრულწლოვანი პატარა დედიკოები.
- ღმერთო ჩემო! - შეიცხადა მიმიმ. - ოდესმე თუ მოისპობა ეს კოშმარი.
- ვისაც როგორ შეგვიძლია, ისე ვიბრძვით. - მიუგო ქირურგმა. - ვცდილობ, ვინც თვალში მომხვდება, ყოველი მშობიარე ჩავინიშნო და ამასთანავე, მისი ახლად შობილი გაყიდული ჩვილიც.
- და ვინც თვალში ვერ გხვდება? - ჩაურთო ჩუკიმ.
- ვითვლი შობადობას. - განაგრძო ქირურგმა. - ჩვილების გასინჯვა ძირითადად მე მიწევს, თუმცა სხვა ექიმიც ბევრია იქ, მაგრამ მეც აუცილებელი ვარ, რომ გასაყიდი ჩვილი, მაქსიმალურად ყველანაირად იყოს შემოწმებული. მერე ჩემთვის ჩუმად ვიწერ თუ რამე ნიშანი ან ნაკლი აქვს ბავშვს, ან ჯანმრთელობის თუნდაც სულ ოდნავ რამე პრობლემა. წონას, ზომას, ზუსტ დაბადების თარიღს, წუთებშიც კი.
- მერე რომ შეგნიშნონ ასე ყველაფერს იწერ... - შეშფოთებული ხმით იკითხა მიმიმ.
- მიმი, დამშვიდდი. - ღიმილით მიუგო დეტექტივმა. - მესიჯად მიგზავნის სხვა, კორპორატიულ ნომერზე, თანაც დაშიფრული ტექსტებით. ასე რომ, ასე ადვილად ეჭვს ვერავინ აიღებს.
- კარგია, მაგრამ მაინც მეშინია. - ამოიხვნეშა მიმიმ.
- რა თქმა უნდა, საშიშია და სახიფათო, მაგრამ მე ვეღარ გავჩერდები. - მიუგო ქირურგმა. - ამდენი უსამართლობის ატანას მირჩევნია ბოლომდე მივყვე და მერე, რაც იქნება, იქნება.
- და ის მოხუცი ბებია? - გაახსენდა ჩუკის. - ანდრას რომ ეცნო, მაგაზე მგონი ადრე რაღაცას ყვებოდი კიდევაც.
- ოოო. ეგ არის მთავარი. - თავი გააქნია ქირურგმა. - მაგრამ ჯერ არ გვინდა მაგაზე.
- ისე, კი ძაან მაინტერესებს. - ცალყბად ჩაეღიმა მიმის.
- მეც მაინტერესებს, რა ხდება? - თავი შემოჰყო მხატვარმა. მერე მაგიდას მიუჯდა, ნამცხვრის დიდი ნაჭერი გადაიღო და ჭამას შეუდგა.
მიმი ჩაის დასასხმელად წამოიწია, მაგრამ მხატვარმა შეაჩერა.
- მე თვითონ. გეყოფა შენ ამდენი შეწუხება, ისედაც ძლივს დაგორავ.
- კარგი, რაა. - გაეცინა მიმის. - ისე მართლა დავგორავ.
- სულაც არ ხარ ზედმეტად წონაში მომატები. - დაამშვიდა ქირურგმა. - მშვენიერ ფორმაში ხარ.
- მართლა? - გაუხარდა მიმის.
- შენ სხვები უნდა ნახო. - სიცილით მიუგო ქირურგმა. - თავის ჩვეულ წონაზე ორჯერ და ზოგჯერ ლამის, სამჯერ მეტს რომ იმატებენ.
- ეს ორსულობის თემაც გავიარეთ, მაგრამ მაინც რა ხდება იმ კლინიკაში? - ჩაერთო მხატვარი. - მართლა ასე პანტა-პუნტით ჰყიდიან ჩვილებს?
- ადრე უფრო მეტად და არც არავის და არაფერს ერიდებოდა, ახლა კი საკმაოდ კარგად გათვლილი და დაწყობილი სქემაა. - მიუგო ქირურგმა.
- და ალბათ, დიდი „შიშკებიც“ არიან ჩარეული. - კვლავ ჩაურთო მხატვარმა.
- რა თქმა უნდა. - უპასუხა ადვოკატმა. - აბა, მაგათ გარეშე, თითის განძრევასაც ვინ გაბედავს.
- და მერე? რა ხდება მაინც? - იკითხა მიმიმ.
- ყველაფერს დაწვრილებით პირველი შენ მოგიყვებით. - მიუგო გალეომ. - მაგრამ ქირურგმა წეღან მართალი თქვა, ჯერ არ გვინდა მაგ თემას შევეხოთ.
- მაშინ შევცვალოთ თემა! - გამოაცხადა მიმიმ. - მხოლოდ კიდევ თითო ნაჭერი ნამცხვარი ყველამ გადაიღეთ.
- მე არ მინდა. - ჩუკიმ თეფში ოდნავ გვერდით გაწია. - მარხვაა მაინც და თან, ამდენი ტკბილი...
- რა ამდენი? - ჩაეძია მიმი. - ერთი ნაჭერიც კი არ გაგისინჯავს და თანაც, სამარხვოა.
- ჰმ. - ჩაეცინა ჩუკის. - მარხვა იმისთვის არის, რომ ზედმეტად არ დანაყრდე, არ გამოძღე და პირიც, ნაკლებად ჩაიტკბარუნო, თორემ კერძისა თუ ნამცხვრის ინგრედიენტებში კი არ არის საქმე.
- პრინციპში მართალი ხარ. - თავი დაუქნია მიმიმ და ყველა დაეთანხმა.
- და, დიმეომ რაო? - იკითხა დეტექტივმა. - ჯერ არაფერი უთქვამს, თუ რისთვის დასჭირდა ბავშვს, ამხელა თანხა?
- ჯერ ვერ გეტყვიო. - მიუგო მიმიმ. - ან იქნებ, თქვენთან რომელიმესთან ამოღერღა?
- ჩემთან, რომ არ იტყოდა, ეგ ფაქტია! - ჩაეღიმა გალეოს.
- რატომ, ვითომ? - ღიმილით უპასუხა მხატვარმა. - დაიჭერ თუ დააპატიმრებ?
ყველას გაეცინა.
- მეც ვერაფერს ვეკითხები. - განაგრძო მიმიმ. - თქვენც ხომ მითხარით, რომ ზედმეტად არ ჩაეძიოო.
- მართლა, რაც უფრო მეტად ჩაეკითხები და ჩაეძიები, მით უფრო მეტად ჩაიკეტება და არაფერს გეტყვის. - კვერი დაუკრა ქირურგმა.
ყველამ ერთხმად აღიარა, სწორად იქცევიო. მერე კიდევ ათასი ვარიანტი ატრიალეს. ადვოკატი კი მთელი ამ ხნის მანძილზე, საუბარში არ ერთვებოდა და მდუმარედ ადევნებდა თვალს მეგობრებს. ბოლოს უკვე ვეღარ მოითმინა, ჯიბიდან დიმეოს მოცემული ბარათი ამოიღო, მაგიდაზე დადო და უხმოდ მისწია მიმისკენ.
LEX. 2022 წლის 30 სექტემბერი, პარასკევი.

No comments:
Post a Comment